Tuesday, March 17, 2009

flohmarkt, ანუ მშრალი ხიდი ევროპულად

სულ, როცა ვიცი რომ შაბათი მოდის და არსად  სხვა ქალაქში ან ქვეყანაში არ მივდივარ, გამომყავს ჩემი ველოსიპედი  და მივდივარ ყველა იმ ადგილას, სადაც ადამიანები თავიანთ ძველ საგნებს ყიდიან და ამ საგნებს ამბებს არ აყოლებენ.

შენ შეგიძლია ნებისმიერი საგნის ახალი ამბის შემქმნელი გახდე.
შეგიძლია არც.

მე  ყოველ შაბათს, როცა არსად სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში არ მივდივარ, ვიგონებ ამბავს იმის შესახებ, როგორ გავს ევროპული ფლომარკტი მშრალ ხიდს ვარანცოვზე და როგორ ყველგან ერთნაირად ვაჭრობენ ადამიანები საკუთრებებით.

და კიდევ ვიგონებ ამბავს ჩემი საკუთრებების შესახებ, რომელსაც ყოველ კვირას ძილის წინ ჩემ თავს ვუყვები ხოლმე. ამბავი მარტივია, მაგრამ არამარტივად დასაჯერებელი.
ამბავი ყვება ჩემ უამრავ საკუთრებაზე, რომლებიც მე ძალიან მიყვარდნენ და რომლებიც, არასოდეს გამომიტანია შაბათ დილას გასაყიდად. მიზეზი მარტივია.
მე უბრალოდ არ მჯეროდა, რომ ისინი ჩემი იყო, ან თუნდაც ჩემი ყოფილიყო, ვინმეს რამეში ჭირდებოდა.

ყოველ კვირა საღამოს, ძილის წინ მე ვაჯერებ ჩემ თავს, რომ შემი საკუთრებები რეალურია, არსებობს, მეც მჭირდება და სხვებსაც.


შაბათობით კი სხვების საკუთრებების თვალიერებით და იშვიათად ყიდვით ვირთობ თავს.

p.s.

თბილისში მშრალ ხიდთან ვცხოვრობ და სულ ვამბობ ხოლმე, რომ იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერს იყიდი, თუნდაც ოჯახიდან გამოყვანილ კარგად შენახულ ცოლს.