Saturday, May 2, 2009

მშრომელების დღე და ერთი პატარა გერმანული ქალაქის დღესასწაულთაგანი



როგორც გუშინ ამიხსნეს, 1 მაისი მუშაობის დღე თუ დღესასწაული თუ  რაღაც ეგეთია, ამ დღეს არავინ არ მუშაობს, ყველა მაღაზია დაკეტილია და ყველას უხარია, სამსახური და დასვენების დღეები ორივე რომ აქვს, ისო.. ( დიადი საბჭოთა კავშირის დღესასწაულებზე ცოტა ნათელი წარმოდგენა რომ მქონოდა, ისედაც უნდა მცოდნოდა მაგდენი და 20 წლის ასაკამდე უნდა გამეგო მსგავსი ამბები, მაგრამ არა უშავს, საბჭოთა მემკვიდრეობისგან რაც უფრო თავისუფალია ტვინი, მით უკეთესი.)

უცნაური ის არის, რომ ამ დღეს მხოლოდ ის დღესასწაულობს, ვინც დანარჩენ დღეებში მუშაობს. ალბათ იმიტომ არ უყვართ საქართველოში ამ დღის აღნიშვნა, იქ ხომ ყველა მეორე უმუშევარია.
აქ კი, სადაც ყველა მეორე 15წლიდან მუშაობს, დღეს კი ყველა ისვენებს, ვიფიქრე, ვნახავ, რას დღესასწაულობენ მაღაზიებდაკეტილ ქალაქში-თქო და აღმოჩნდა რომ მაღაზიებ- და ბიოროებყელში ამოსული ერი 1 მაისს ერთად იკრიბება ქალაქის რამდენიმე ადგილას, და ხის ბოძებითა და ტოტების ლენტებიანი გვირგვინებით რაღაცეებს აშენებენ, მერე ანგრევენ, ხეებს ხერხავენ და მოკლედ, იმ დროს იხსენებენ, მაღაზიებსა და ბიოროებში ჯდომის მაგივრად ტყე-ღრეში რომ მუშაობდნენ...იქიდან დღემდე კაცმა რომ თქვას ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ტყავის შარვლები და კორსეტიანი კაბები აცვიათ და ისევ აცარიელებენ ლუდის კათხებს და იმავე სიმღერებს მღერიან...