Friday, July 24, 2009

სახლი და კიდე რაღაც-რაღაცეები

რამდენიმე დღის წინ ჩემი რაღაც სისულელეზე უკმაყოფილო ბავშვი 2 წამში გავაჩუმე...
ვუთხარი რომ არ შეიძლება ყველაფერი გქონდეს,რაც გინდა...
ვუთხარი რომ მთელი ბავშვობა მინდოდა ჩემი ოთახი მქონოდა და დღემდე არ მაქვს...(უფრო სწორად კი მაქვს,მაგრამ არა ჩემ სახლში...)
და კიდე ვუთხარი რომ როცა ყველაფერი გაქვს ცხოვრება ცხოვრება აღარ არი,დღეების და ასრულებული სურვილების თვლაა

არადა,ბავშვობაში არა მარტო საკუთარი ოთახი მინდოდა,არამედ ყველა სურვილის ასრულებაც და მჯეროდა რომ როცa დიდი ვიქნებოდი,ყველაფერი ასრულდებოდა...

მერე ოთახის მაგივრად სახლი მომინდა და კიდე უფრო მერე მივხვდი რო ჩემი სახლი ჩემი თავი იყო...
დალაგება ჭირდებოდა,მოგონებებს მტვერი ედებოდა,ადამიანები ყვითლდებოდნენ,ემოციები მსტუმრობდნენ და კარი ხშირად ღია მრჩებოდა...
ღია კარის თვისებაა შემთხვევითი გამვლელების ინტერესის გამოწვევა და შიგნით შეტყუება და კარის შიგნით მყოფი არსებების გარეთ გამოტყუება...
სხვადასხვა დროს მე და შემთხევითი გამვლელები მშვიდად თანავცხოვრობდით,ვეღარ თანავცხოვრობდით და მე გავრბოდი,ან ისინი ხედავდნენ სხვა ღია კარებებს და მარტო,მარტო,მარტო...

ჩემ სახლს ყველაზე მეტად გადაღებვა უხდება...
ბოლო პერიოდია საშინლად ვარ ახალი ფერის ძებნის იდეით შეპყრობილი...ზუსტად ასე ვიყავი ზუსტად ერთი წლის წინ...
მაშინ იმდენად ავაჭრელე რო ახლაც კი მიჭირს გადმოჭრელება...
სამაგიეროდ გადავწყვიტე რომ სახლი ის არის,რის გარეშეც ადამიანებს ცხოვრება არ შეუძლიათ...
ღმერთი ხო ყველაზე ჭკვიანია და ადამის და ევას სასჯელი ის კი არ იყო რომ შრომით უნდა მოეპოვებინათ პური და წვალებით გაეჩინათ შვილები,ის რომ სახლიდან გამოაძევა...

ბლოგიც სახლია,სადაც არასოდეს იცი,ვინ გესტუმრება,რას მოიყოლებს და როგორ ეგემრიელება შენი პოსტი...

სახლი თავშესაფარია,სადაც შეიძლება შეიკეტო და შენ იყო...
არ შეგრცხვეს გასაკეთებელი ფრჩხილების და წარბების,პიჯამოთი ან შიშველმა იარო,ნებისმიერი სიტყვა და განწყობა სინდისი გარეშე იხმარო და იცოდე რომ კარის იქით სხვა სახლებია...

მე მიყვარს იოკოს და ჯონ ლენონის სახლი,სადაც დღეობით იკეტებოდნენ და შიშვლები დარბოდენ...
მე მიყვარს ბებიაჩემის სახლი,სადაც ბაბუას სიკვდილის მერე რამდენიმე წელი მარტო ცხოვრობდა და ამბობდა,რომ სახლის დატოვება ბაბუას დატოვება იქნებოდა,ეწყინებოდა და არ შეეზლო...
ხერგიანის ჭალაში მესაზვრეების ხის სახლი მიყვარს,სადაც ცვიმისგან უნუგეშოდ გალუმული გავშრი და ხის სუნი ამივიდა...
მთიან აჭარაში სამსახლიან სოფელში მაინცდამაინც ის სახლი მიყვარს,რომელშიც ერთი დღის განმავლობაში 50 ჯერ გადავძვერ-გამოვძვერი ფანჯრიდან,5 დღის სველი ტანსაცმელი გავიშრე და ,,სეტკიან'' საწოლზე საშინლად ტკბილად მეძინა...და ძილაmდე ილლ-ს ათასსი სiსულელე გემრიელად ვექაქანე, ან მექაქანა...
არხოტში,ახიელას დანგრეული სახლები მიყვარს და თან მტკივა...
,,ჩვენ სატკროკელები ვართ''-ში სახურავიდან წყალი რომ ჩამოდის ის სახლი მიყვარს...
ის სახლი მიყვარს,რომელზეც მარკესმა თქვა,ადამიანებზე მეტი მოჩვენებები ცხოვრობდნენო...
ჩემი სახლიც მიყვარს,რომელიც ზომაზე უფრო პატარა და რომელიც კატასტროფულად მენატრება...
კიდე,ჩემი ბავშვობაში აშენებული ყველა ქოხი მიყვარს,ინდიელებზე რეკომენდირებულზე მეტი წაკითხული წიგნების შთაგონებით აშენებული...
და კიდე ჩემი მეგობარი მიყვარს,რომელსაც აწ უკვე თავისმა ქმარმა უთხრა,-,,ჩემი ,,შინ'' ხარო''...


ბავშვების გასაჩუმებლად ზოგჯერ სისულეების თქმა გვიწევს...
მე მჯერა რომ ადამიანს შეუძლია ის ყველაფერი ქონდეს,რაც მართლა უნდა...
მჯერა რომ ვიპოვი ახალ ფერს ჩემი სახლის გადასაღებად...
მჯერა რომ მექნება აივნიანი და აივანზე ყვავილებიანი სახლი...
მჯერა რომ ღია კარებში აუცილებლად შემოვა ის,ვისაც გავუღიმებ...
მჯერა რომ სახლიდან აუცილებლად ხშირად უნდა წახვიდე...
მჯერა რომ სახლიდან შეიძლება შორსაც წახვიდე...
მჯერა რომ სახლი არ არის ერთადერთი ბედნიერება...
და მჯერა რომ ბედნიერება ხშირად მოთხოვნადი,აუცილებელი პროდუქტია...