Friday, September 18, 2009

თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში, ანუ კეთილი იყოს ჩემი პოსტი შენ ბლოგზე

ვიფიქრე რით დავიწყო_მეთქი და შესავლითო.
ჩემი და შესავლების პროტესტი რომ ვიცი არაფერი გამომივიდოდა.
სათქმელი ბატონო ჩემო, პირდაპირ სათქმელი.

ძვირფასო ნასტასია
წერილების წერა მიყვარს, ჰოდა შენი შორს ყოფნაც მაძლევს ამის საშუალებას.

როცა მეკითხებიან სად ცხოვრობო, ვპასუხობ სახლში_მეთქი.
მაგრამ სახლი სად არისო? მიწაზე_მეთქი.
ჰოდა ჰო, მიწაზეა ჩემი სახლი. მაგრამ ხისსუნი არ აქვს.
არც კვადრატის ფორმა და არც ლურჯი  დარაბები
სამაგიეროდ ვარსკვლავებიანი ჭერი, გამხმარფოთლებიანი კედლები და წითელფარდებიანი ფანჯრები აქვს.

მარცხენა ფეხი სკამზე მიდევს, ამ ფეხზე ნიკაპი, ვუსმენ ფრენკ სინატრას და გწერ წერილს ჩვენი საერთო ქვეყნიდან.

მოსაყოლი არცთუმაინცდამაინც ბევრი მაქვს, უფრო კითხვები.
ჩემი და კითხვების ამბავიც გაგებული გექნება, სულ რომ არიან და მუდმივად რომ ვეძებ პასუხებს.
აქ შენთან ყოფნაც ამიტომ მიყვარს. შენს უნებლიედ ვპოულობ პასუხებს.
ჩემი იდეალურად ყოფნაც ეს არის:
"მდგომარეობა როცა შეკითხვებს არ სვამ და მხოლოდ პასუხები გესმის"

შენ ისიც არ იცი, რომ შენი სახელი ჩემი საყვარელი სახელების სიაში რიგით პირველია და რომ ზუსტად ვიცი აუცილებლად უნდა მყავდეს გოგონა ამ სახელით. ბერძნული წარმოშობისაა და სიცოცხლის დაბრუნებას ნიშნავს.

მე ძალიან მიყვარს ყვავილები.
ჰოდა სულ ვაკვირდები ყვავილების გამყიდველებს და მინდა შენც გკითხო როგორი თვალები აქვთ იმ ქალაქებში სადაც ნამყოფი ხარ ამ ადამიანებს?
ფერს და მოხაზულობას  არ ვკითხულობ.

როგორ ფიქრობ "აბსოლუტური" რამე არსებობს და საერთოდ თუ არის საჭიროება ამ სიტყვის არსებობისა?

როგორ გგონია გულახდილობა და სიგიჟე უბრალო პოზად ხომ არ გადაიქცა?

რატომ არის მთა უფრო მაღალი?

თავისუფლება რა არის?

ხარანაულისა არ იყოს იქნებ სწორედ:

"თავისუფლებას მხოლოდ ის ფლობს,
ვისაც იგი საერთოდ არ აინტერესებს,
ვინც უხმოა და უჩინარი, გა-ჩე-რე-ბუ-ლი..."

ანუ ყველაზე დიდი ამბოხი სწორედ დუმილში იმალება?

იცი რა მიყვარს შენში? შენი ფერები ძალიან ჭრელია.
ჩემი კი ყველა ერთი ტონალობისა თითქმის. შემოდგომას ჰგავს.
კიდევ ის მომწონს რომ პოსტიდან პოსტამდე იზრდები. ანუ შენ უკვე დიდი გოგო ხარ. მე კი ბავშვობიდან ვოცნებობ დიდი გოგო ვიყო.
დიდ გოგოობაზე გამახსენდა.
ჩემი წარმოდგენილი საკუთარი თავი როცა დიდი ვიქნებოდი კარეს ვარცხნილობით და ისამნისფერი სარაფნით იყო.

ერთ დღეს შევიჭერი კარე და ერთ-ერთ მაღაზიაში ბავშვობის ოცნების კაბაც ვიპოვნე. ფული მაკლდებოდა. სახლში დავბრუნდი ავიღე და ის კაბა არ დამხვდა. მაშინ ვიფიქრე ალბათ ჯერ არ გავზრდილვარ მეთქი.
ჰოდა დარჩა ის ოცნება ისევ ფანტაზიად.
კიდევ როცა სიტყვა აჭყლოპინებულს მიწერ სულ მინდა წარმოვიდგინო როგორია აჭყლოპინებული ნასტასია და საერთოდ რას ნიშნავს აჭყლოპინებული.

გამიხარდა სადღაც მთებში მე რომ გაგახსენდი და ის ფოტოც მე მაჩუქე.
სიმართლე გითხრა უფრო ის, რომ გახსოვდი.

ვასრულებ წერილის წერას.

ხისსუნიანისახლი