Friday, December 25, 2009

ელფრუდი (ნაწიილი I)

 მოგესალმებით, მე zurriuss ვარ და ეს ჩემი პირველი guest პოსტია ამ ბლოგზე. წინასწარ დიდი მადლობა ნასტასიას :)
ჯერ კიდევ 3 წლის იყო ელფრუდი, როდესაც პირველად დასცინეს უცნაური ფორმის ყურების გამო. მაშინ იგი მშობლებმა მოყინული ტბის სანახავად წაიყვანეს. უბრალოდ, ჩასხდნენ მარხილში და სახლთან ახლოს მდებარე ნაძვის უდაბური ტყის შუაგულში სასწაულებრივად გაჩენილი პატარა, მრგვალი ტბისაკენ გასწიეს.
სხვათა შორის, ეს ტბა 3 წლის წინ გაჩნდა. ერთხელ ერთმა მთვრალმა მეტყევემ მოშარდვა გადაწყვიტა და ამ პროცესის თვალდახუჭული გაკეთება დააპირა. უცებ რომ წყლის ჩხრიალის ხმა მოესმა, თვალი გაახილა და დაინახა რომ მის წინაშე ნაძვის ხე კი არა, მრგვალი ტბა იყო.
პატარა ელფრუდმა ბევრი ირბინა, ისრიალა და იფორთხიალა მოყინულ ტბაზე. როცა დედამ გაოფლილ ბავშვს ქუდი მოხადა, გარშემომყოფთ სიცილი წასკდათ. მშობლები გაწითლდნენ და მაშინვე ააფარეს ელფრუდს ყურებზე ხელი. ბიჭმა კი, ყველას და გასაოცრად, ცრემლები მოიწმინდა, სახე სიხარულით აანთო, დიდივით თვალი ჩაუკრა და წასაყვანად მოექაჩა მშობლებს.
ამ ამბის შემდეგ ელფრუდზე საუბრისას მხოლოდ "ყურები" ეკერათ პირზე. ბიჭს კი ეს არანაირად არ წყინდა. არც ბოღმა ედო გულში. რა ექნა? ასეთი რამ  მის ბუნებას არ ახასიათებდა. არა, ერთხელ კი ძალიან ეწყინა. მაგრამ მხოლოდ ერთხელ. სასწავლებელში 10 წლის ელფრუდს თანაკლასელი შეუყვარდა. დაგნი მაშინ 12–ის იყო და ძალიან სწყინდა, რომ, 6 წლის ბავშვის გარეგნობის გამო, ყველა სათუთად ექცეოდა. ისე კი წუნია იყო და მისი მოსაწონი არა და არ გამოჩნდა მთელს საქარყინულეთში. ერთხელაც ელფრუდი მივიდა, სახლიდან წამოღებული ყინულის ტორტის ნაჭერი (თავისი წილი) მიუტანა და უთხრა, რომ ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა, როგორც დეიდა აფროდიტეს. დაგნი ყველაფერს მოელოდა, მაგრამ "დეიდას" არა! უცებ მიხვდა, რომ ბავშვური "რა ცაკალელია" ერჩივნა, ვიდრე "დეიდა აფროდიტე" და ელფრუდს უპასუხა: "შენი ცალი ყური, ქუდიდან რომ გიჩანს, უცნაურად გაბრტყელებულია და ასევე უცნაურად მიმზერს..."
იმ დღეს ელფრუდმა ძალიან ინერვიულა. ამან კი თავისი ქნა და რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ ბიჭი თურმე აღარ იზრდება. დაღონდნენ ოჯახში. ბევრ ექიმს შემოატარეს, მაგრამ ყველა მხრებს იჩეჩდა, არც მიზეზი ვიცით და არც წამალიო. ელფრუდს ეს არ ადარდებდა. გადაწყვიტა, რომ ბედია ასეთი და მორჩა.
ზამთრეულის ტყესთან მდებარე პატარა სოფელში სულ თოვლი იდო. ზამთარ–ზაფხულ არემარე ქათქათებდა. მართალია, ზაფხულობით არ თოვდა, მაგრამ წელიწადის სხვა დროს იმდენს მოაფიფქავდა, რომ გადნობას ვერ ასწრებდა. ზამთრეულის ტყეში ყველაზე მაღალი ნაძვებია მსოფლიოში. მათი სიმაღლე 50 მეტრზე მეტია. ასე რომ არ იყოს, თოვლის უზარმაზარი საფარიდან ისინი სულაც არ გამოჩნდებოდნენ. ტყე ერთადერთი ადგილია, სადაც ნიადაგი ჩანს, დანარჩენ ტერიტორიაზე უზარმაზარი თოვლის საფარია. სახლებიც მაღალია და მათს პირველ სართულებზე, ოდესღაც ქუჩაზე გამავალი კარი რომ ჰქონდათ, ახლა საკუჭნაოები და სათავსოებია. ერთხელაც, თოვლი რომ გადნეს, გამოჩნდება, რომ სახლები ორსართულიანი კი არა, ექვს და შვიდსართულიანებია და ყველა სართულზე კარი აქვთ. ეს იმიტომ, რომ თოვლის სიმაღლე ყოველ წელს ნელ–ნელა მატულობს.
ამასობაში გავიდა 8 წელიც. ერთხელაც ელფრუდი ტყიდან სახლში ბრუნდებოდა და გზაზე უშველებლად გრძელღეროიან სოკოებს (იცით რატომაც) მოათრევდა. უცებ იგრძნო, რომ რატომღაც ვეღარ მიდის. ტყიდან ახალი გამოსული იყო, ამიტომ იფიქრა, სოკოს ღეროები ხეებს გამოედო და ისინი არ უშვებდნენ. მოჰქაჩა ღონივრად და ზურგსუკან რაღაცამ ზღართანი მოადინა. ელფრუდი შეხტა, შემდეგ ცახცახით მიიხედა უკან. ყურები ქუდიდან ტოტებივით გამოშვეროდა. როცა თავი 90 გრადუსით შეაბრუნა, თოვლზე ფეხი გამოჩნდა. 91 გრადუსი – ფეხი მოძრაობს, 92 – ფეხი ნაცრისფერია, 93, 94, 95... 180 გრადუსი – ძირს ჩრდილოური ირემი გდია, რომელსაც თან ადგომა ეზარება, თან სოკოს ღეროებს მიირთმევს და თან ძააან მაგრად ღადაობს ელფრუდის ყურებზე:
– აუ, გიხდება ეგ რაღაცები. რქები გაკლია და ვერავინ გაგვარჩევს. შენი სახელი, კაცური კაცი?
–ელფრუდი. ელფი დამიძახე. და ყურებზე ტყუილად მეკაიფები. მაინც არ ავვარდები.
–მოკლედ, ელფ, რას საქმიანობ ბოლო ხანებში?
–...
–ჰოე, ბიჭო, მე შენ გელაპარაკები. ამოიღე ხმა!
ამაოდ ცდილობდა ირემი ელფრუდის მოსულიერებას. საკუთარ თავში ცხოველთამოსაუბრეობის ნიჭის აღმოჩენამ ისე გააოცა, რომ გული წაუვიდა. ირემმა ხან თოვლი მიაპკურა სახეზე, ხან შეაგინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს რქები უთავაზა თავში და ელფრუდიც მოსულიერდა.
–ვაიჰ... რა მაინტერესებს ახლა: ეს მე ვლაპარაკობ შენს ენაზე თუ შენ ლაპარაკობ ჩემსაზე? – ეკითხება ელფრუდი.
–შენ რომელი პასუხი გირჩევნია გული რომ არ წაგივიდეს?
–მიდი, რა.
–დიახ, ელფ, შენ ლაპარაკობ ცხოველთა ენაზე და მე ეს დიდი ხნის წინ შევამჩნიე. როცა ადამიანი კარგავს ერთ რამეს, შურდულურად (უნდა მეხმარა "ავტომატურად", მაგრამ ავტომატის მნიშვნელობა იქ არ იციან. უფრო მშვიდი ხალხია) იძენს მეორეს. აბა, გამოიცანი, როდის შეიძინე ცხოველთა ენაზე მეტყველების ნიჭი? :)
–ჰმ.... როცა სასწავლებელში ყინულის ტორტი დაგვირიგეს და მე რომ დავკარგე?
–არა, ბოთე. ეგ კი არ დაკარგე, შენმა ბეყერა იანჰუსმა შეგიჭამა.
–აბა, როცა ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი გამეხა?
–არა, ელფ. გონება დაძაბე, – ირემი ნელ–ნელა ტრანსში შემყვანი თვალებით ეკითხება, – რაააა მოხდაააა იმმმმმ დღღეეეესსსსს?
–აუ, თუ არც მეტყვი, რააა! – გაბრაზდა ელფრუდი
–კაი, ხო. როცა აღმოაჩინეს, რომ აწი ვეღარ გაიზრდები, მაშინ გაგეხსნა ცხოველების ენაზე მეტყველების ნიჭი. ასე რომ, გილოცავ, ბიჭო! ოღონდ ახლა მეგობრებში ბლატავი არ გამაგონო, თორემ მოგითრევენ ათას ტარაკანას, ვირთხას და მიდი და ელაპარაკე მაგათ. შენთვის გეუბნები, არ გააბაზრო ეგ ამბავი, თორემ დაზარალდები.
–მართალი ხარ. ტყეში დავჯდები და იმით დავკმაყოფილდები, რომ რა ცხოველის ან ფრინველის ხმასაც გავიგონებ, მარტო მე მეცოდინება მისი შინაარსი.
–ეუჰ, ნამეტანი კეთილი ხარ ბიჭო შენ. ელფ, იცი რა? მუშაობ სადმე?
–კი. ტყიდან სოკოები მომაქვს და მეზობლებს ვურიგებ.
–გიხდიან რამეს?
–კი, სამ მადლობას. კვირაში 15 ოჯახს ვემსახურები  ანუ 45 მადლობა მაქვს და მყოფნის, რა.
–ჰმ... –დიდმნიშვნელოვნად ჩაიღმუილა ირემმა, – სამსახურის გამოცვლაზე უნდა ვიფიქროთ.
–რატომ, ეს სამსახური ცუდია?
–პრინციპში, შენნაირებისთვის ზედგამოჭრილია: მთელი დღე სოკოებს კრეფ და მერე კვირაში 45 მადლობით გაგაქვს თავი. მაგრამ მე ვგრძნობ, რომ მეტი შეგიძლია.შენი ძალა და ნიჭი სწორად უნდა გამოიყენო.
–აბა, რა ვქნა სხვა?
–საქმეც ეგ არის, რომ აქ მეტს ვერც ვერაფერს იზამ. მაგრამ... ისე ღირს შენზე დაფიქრება. კარგი ბიჭი ხარ. წესიერი, ზრდილობიანი, რაც მთავარია, კეთილი. ჩემი ორი ჩლიქივით გიცნობ. სხვათა შორის ზამთრეულის ტყეში რომ უცნაურად მრგვალი ტბა არის და არ ათოვს, რატომ ხდება თუ იცი?
–იმიტომ, რომ გარშემო უზარმაზარი ნაძვებია არ ატარებენ თოვლს.
–აუ, ბიჭო, ცოტა ფანტაზია იხმარე, რა! გონება დაძაბე, ელფ. ნუ გადამრევ ახლა...
–აბა, ჯადოსნურია?
–არიქა, მიხვდა.
–მერედა, რა ეტყობა მაგ ტბას ჯადოსნურობის?
–ის, რომ მე იქ ვცხოვრობ...
–შიგ ტბაში? – ჩაეკითხა გაოცებული ელფრუდი.
–შიგ ტბაში, – დამაჯერებლად უპასუხა ირემმა. მოკლედ, რაშია საქმე. ამდენი დროც არა მაქვს. ხვალ საღამოს, სრიალს რომ მორჩებიან, მოხვალ ტბასთან...
–მაგ დროს არ გამომიშვებენ....
–ნუ მაწყვეტინებ. რქაზე ეს ზანზალაკი მომხსენი. სპეციალურად ამ შემთხვევისთვისაა. მომხსენი? კარგი ხარ. ისე კი გამიყრუა თავი... ჰოდა როცა სახლიდან გამოსვლას დააპირებ, მაშინ გაარაკუნე ეგ ზარი და პრობლემა არ შეგექმნება.
–ეს ზარიც ჯადოსნურია? ანუ ახლა რომ გავარაკუნო არაფრით არ შეიძლება, ხო? თვალისჩინივით მოვუფრთხილდები, რომ დანიშნულ მომენტამდე, არც ერთი ბგერა არ გამოსცეს.
–აუ, სად წახვედი შენ? არაკუნე, კაცო, რამდენიც გინდა, მაგრამ ხვალ საღამოს რომ წამოხვალ ტბაზე, მაშინ არ დაგავიწყდეს. მხოლოდ ხვალ საღამოს ეგ ზარი ერთი საათით მოაშთობს შენი მშობლების ყურადღებას და შენს არყოფნას ვერ შეამჩნევენ. აი, ამისთვის გაძლევ მაგას. წადი ახლა, გაიქეცი და საქმეს მიხედე. ხვალ იქ გელოდები.
–აუ, ძალიან დიდი მადლობა! ისა და... უნდა მეშინოდეს?
–რისი, კაცო?
–აი, ხვალ რომ მოვდივარ იქ, ტბაზე. რატომ უნდა მოვიდე?
–იმიტომ, რომ ახალი სამსახური უნდა შემოგთავაზოთ და შენ კარგი კანდიდატი ხარ.
–შემომთავაზოთ? თქვენ, რა, ბევრი ხართ?
–ბევრნი ვართ, ოღონდ ყველა ირემი არ არის იქ. სხვათა შორის, ბევრ შენნაირს ნახავ და ძალიან გაგიხარდება. ისე ბოდიში, რა, ცოტა თუ გევაჟნე. გიჟური დღე მქონდა და გადავიღალე. მოკლედ ასე, ჩემო ელფუნია, წადი ახლა და ხვალ გელოდები.
–კარგი, ირემო. ბარემ შენი სახელიც მითხარი.
–ჩემი? ფეუსი. ფეუს – ფოლკოვნიკ დი კორტეჟე დი პაპა ნოელ.
–ვაჰ, რამხელა სახელი გქონია.
–არა, ფეუსია სახელი, დანარჩენი წოდებაა. ამაზე მერე. წადი ახლა, წადი.
–აბა ჰე, ნახვამდის!...
ელფრუდი ირემს დაემშვიდობა და სოკოების გათრევას შეუდგა. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე კი ჯიბიდან ზანზალაკი წკრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს თავისი ყურებისა არასოდეს რცხვენოდა, იმ დღეს პირველად გამოაჩინა ისინი ქუდს გარეთ და მას შემდეგ აღარასოდეს დაუმალავს.
 to be continued...