Sunday, January 31, 2010

ეპიზოდი შენი წელიწადში რამდენიმე საღამოდან

მე-

ძველი,დახეული ჯინსი
ხან ვადაგასული იდეალების და ხან მოდურობის დეტალი...
შემთხვევითი ლაქებით აბლაბუდებიან კარადაში.

მე, მზიან ამინდში ღრუბლის ნაგლეჯი,
მრავალჯერადი ტრანფორმაციების მიუხედავად
მალე გაქრობის პერსპექტივით.

მე
ეპიზოდი შენი წელიწადში რამდენიმე საღამოდან
შეუკრავი კვანძით, არარსებული სიუჟეტით და ზედმეტი პერსონაჟებით;
სუფლიორი ასეთ საღამოებში ისვენებს ხოლმე და ჩვენც აუცილებლად გვავიწყდება ჩვენი სიტყვები,
რაც გვაიძულებს გაგვახსენდეს ერთმანეთის ძარღვებისკენ მიმავალი გზები.

მე
ექოს გამეორებული ბგერები კლდეებში
ფრაგმენტულად აღქმული.

მე-
წვიმის გუბეს აცდენილი წვეთი
არაფრისთვის დაწყებული ფრენის სულელური და ხასიათს უცნაურად ზუსტად მორგებული ფინალით.

მე-

შენ ფსკერზე დარჩენილი ნალექი,უცნაური წინასწარმეტყველური ნიშნების შემცველობით.
                                                                           მე-
ქრონოლოგიურად არათანმიმდევრული და შინაარსობრივად შეუსაბამო ფაქტების ერთობლიობა.
მე-
საკუთარ თვითშეფასებას ასევე საკუთარ თმებში ცუდად დამალული მუხლებგადატყავებული ჯიუტი ბავშვი.
მე-
შიშის დიდ თვალებს უკან ქუთოთოებჩამოფარებული.
მე-

შენი,თქვენი,მათი ორბიტების მძებნელი ათასგვარ აბსტრაქციაში ჩაბუდებული ადვილად ამოსაცნობი არამფრინავი ობიექტი.


p.s.როცა ბევრი რამე ხდება,როცა ბევრი ლუდი შეიწოვება და როცა სავსე ხარ, როცა გინდა ადამიანები შენთან მოვიდნენ და ისევ გუშინდელი ამბავი არ მოუყვე,იმიტომ რომ სხვა ამბები გაქვს,შენს მაგივრად თვითშეფასება იძინებს და მსგავს გაურკვევლობებს წერ.