Monday, March 1, 2010

ლე კლეზიოს ,,უდაბნო'' და მკითხველთა კლუბი

როგორც იქნა მოდის გაზაფხული და ვინაიდან ეს ავტომატურად გულისხმობს თებერვლის ბოლო წუთებს, მაქსიმალურად  შევეცდები ჩემი მკითხველთა კლუბის წევრისეული მოვალეობა კეთილსინდისიერად შევასრულო და ლე კლეზიოს ,,უდაბნოზე''  საპოსტად შემოგიკრიბოთ.
ხოო,თვითონ კლუბზე, ვინც არ იცით არ იცით რა არსებაა, ლინკი გაგარკვევთ,მე მარტო იმას გეტყვით, რომ საკმაოდ ძნელია წიგნის არჩევა რომელიც შენს გარდა 12 ადამიანმა უნდა წაიკითხოს.
უდაბნოს არჩევის რამდენიმე მიზეზი არსებობდა:
  • ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატია,ჩემი და ნობელის პრემიისადმი ფაქიზი დამოკიდებულება  -  სახალხოდ ცნობილი.
  • ტექსტი მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ზანტად იკითხება და შიგადაშიგ შეიძლება გაგაღიზიანოს კიდეც ნეიტრალურმა თხრობამ, კომფორტულია,შეგიძლია ნებისმიერ დროს გადმოიღო  თაროდან, რამდენიმე გვერდი წაიკითხო და უდაბნოს სიცხე იგრძნო.
  • წიგნის კითხვისას შეგიძლია საკუთარი ფანტაზია ავარჯიშო და უდაბნოს ვიზუალური მოდელი შეიქმნა, ან  პერსონაჟებს  შორის დამატებითი დიალოგები გამართო, მოკლედ, შენი გადასაწყვეტია.
  • ყოველთვის, როცა ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემ თავს ვეღარ ვიტან და სადმე დამალვა მინდა, სულ უდაბნო მახსენდება, ხოოდა, ეს წიგნი დამეხმარა როდესღაც და მიყვარს.
თუმცა არსებობს ადამიანების არც თუ ისე
მცირე რაოდენობა,რომელთაც ლე კლეზიოს უდაბნო  ჩემსავით სულაც არ აჯადოვებთ. არც მიკვირს, იმიტომ რომ მეც მწყინდება ხოლმე სილაში ბორიალი, წრიულ გზებზე მოსიარულე ბედუინები, ქვიშებში ჩაფლული დღეები და სულ ველოდები ხოლმე როდის გამოჩნდება ჩემი საყვარელი პატარა გოგონა ლალა. ლალას მოლოდინში უდაბნოში დრო ბევრად სწრაფად გადის. საერთოდ.წიგნში ლოდინი ლამის პერსონაჟია, გრანდიოზულ მოწყენილობაში ყველა რაღაცას ელოდება, მაგალითად, ლალამ ვითონაც არ იცის კარგად რას ელოდება, მაგრამ ისე ელის რაღაცას, გონია ლოდინის მეტს არც არაფერს აკეთებს. არადა, ლალას უდაბნოში ბევრად  მეტი დრო აქვს საკუთარი თავის და გარესამყაროს აღსაქმელად, ვიდრე მე ჩემ საკუთარ სახლში. და კიდევ,მართალია უდაბნო მოსაწყენია, ჰალუცინაციებს იწვევს და ბევრ რამეს შინაარსისგან ცლის,მაგრამ ჩემთვის მაინც ის ადგილია, სადაც როდესმე ერთხელ ცხოვრებაში,სიამოვნებით დავიკარგებოდი. ზუსტად ისე, როგორც ნობელი  შეიძლება ვინმე ისეთმა აიღოს, ვინც შენი ფავორიტი მწერალი ვერ გახდება, მაგრამ  აუცილებლად ღირს ნობელიანტი მწერლების კითხვა, თუნდაც იმიტომ, რომ დაასკვნა, ბოლო პერიოდში, მას მოსაწყენი თხრობის მანერის მწერლები იღებენ.



პ.ს. ვინც წიგნი ვერ წაიკითხეთ, ვისაც მოგწყინდათ და ვისაც კიდე ერთხელ გინდათ უდაბნოს ამბები, ვოტ თქვენთვის ფილმი, რომელიც არაფერი კავშირში არ არის ლე კლეზიოსთან,რომელსაც მე სიამოვნებით ვუყურე,მიუხედავად იმისა,რომ სრულიად არ ვიცი არაბული და წიგნის მერე უდაბნოებს აღარ ვეძებდი დასაკარგად.მოკლედ,თუ დაგაინტერესებთ, აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ .