Sunday, April 4, 2010

დღე სასწაული

აი ასე.
მოვიდა.

გუშინ ვიჯექით მე და ,,მამიდა'' და მეგობრებზე ვლაპარაკობდით.
ბაბისა რომანტიულიო, ანუშკა კვერცხებს ღებავსო, რომელღაცა დილას იმიტომ გამეხარდა გაღვიძება, თქვენ გამახსენდითო და საერთოდ, ადამიანები რატომ მიდიან და მოდიან  ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენ ცხოვრებებშიო.

ე და მამიდა ცოტა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.  კიდევ უფრო ცოტა ხანია რაც ასეთ საჭირბოროტო საკითხებზე ვლაპარაკობთ.
მიყვარს მამიდა. მამიდას წერილები უყვარს და სულ სინდისი მქენჯნის რომ ჯერ არ მიმიწერია.
ხოოდა, მოვწერ როდესმე.
ეგ კი არადა, დღეს  ჩაის დასალევად რომ ამოვიდა ჩემთან, ჩაი არ მინდა და ლექსები წამიკითხეო მითხრა, ისეთი არაადეკვატური ლექსი წავუკითხე, მე თვითონ დამება ენა.
 ხდება ხოლმე...
წერილს მაინც დავწერ.
მანამდე...
აღდგომა მოდის.

აღდგომა ჩემი დღესასწაულია. ყველაზე დიდი დღესასწაული და ბოლო ორი წელია ვხვდები, რომ ჩტო ტა, ნი ტო...
არა, ისევ მიხარია, ისევ განვიცდი, ისევ წითლდებიან კვერცხები და ისევ მწვანდება ჯეჯილი, უბრალოდ მე ვარ ასე, ნი ტოდ.

ბავშვობაში ბევრი რამის ზედმეტი დოზა მივიღე, ზოგმა დამიტოვა, ზოგმა უკურეაქციები გამოიწვია.
ერთ-ერთი ეკლესიაში სიარული იყო.
აიი, დღემდე მინდა ის საღამოები, მე-ლაწირაკი, მღვდელი და რამდენიმე ქალი რო ვიყავით მარტო ეკლესიაში და შეუმჩნევლად ღამდებოდა.
ხოოდა, მერე, როცა ეკლესიები გაიტენა და მე გავიზარდე, სულ მეგონა, რომ რიტუალების გარეშეც შეიძლება ღმერთი გყავდეს, რომ შეიძლება დაკანონებულ დროს არა , მაშინ ილოცო, როცა გრძნობ, რომ გჭირდება და რომ რწმენა რაღაც ძალიან შინაგანია.

ხოოდა, მეც არ ველოდებოდი, მაგრამ სულ ტყუილად მეგონა.
ის, რომ დღესასწაულებს რაღაც აკლიათ, ის რომ მე ღმერთი უფრო ახლოს მჭირდება და  რომ ძალიან შინაგანი ხშირად ცარიელია, ჩემი ინიციატივების ბრალია.
უფრო და უფრო იშვიათად მინდება მთაწმინდაზე ასვლა, უფრო და უფრო მიჭირს გულწრფელობა და უფრო იშვიათად ვკითხულობ ბიბლიას და საერთოდ, უფრო და უფრო უნიჭოდ ვარწმუნებ ჩემ თავს იმაში, რომ სწორად მგონია...

არადა, თავში დაბრუნებაც ძნელია.
თავის მერე ისევ ეს მოდის.
ჩვენ წრეზე დავდივართ და
ყველაფერი როდესმე უკვე ათასჯერ  მაინც იყო.

ათასჯერ მაინც იყო ის, რომ ჩემნაირ დაულაგებელ ადამიანებს ეგონათ, დაულაგებლობა გადასარევი არა,მარა სრულიად ბუნებრივია, ხოოდა, რატომ უნდა შევცვალოთ რამე, როცა შეიძლება არაფერიც არ შევცვალოთო. 
როდესმე, ასეთებს შეგვიყვარებენ, ასეთებს დაგვიმეგობრდებიან, ასეთებს მოგვილოცავენ დღესასწაულებს და  ასეთებს გვიმღერებენ შეშლილების იავნანას...

ხოოდა, რა ვიცი, არ მინდა კიდევ ერთხელ რამე არასწორად მგონია.

არ მინდა ვთქვა, რომ კაცებს ჩემნაირი ქალები არ მოწონთ და მე ჯერ ჩემი თავის და მერე ვინმე კაცის სახლის დალაგება დავიწყო.
არ მინდა ჩემ მეგობარს მარტო ზრდილობის და ინერციის გამო ერქვას მეგობარი და
დღესასწაულებს  მარტო  ინტუიციით ვგრძნობდე.

მგონი დროა ახალი ,,მგონია'' ავითვისო, რომლის თანახმადაც თუ  რამე  გინდა და თუ რამე  გიყვარს, იმისთვის რამე უნდა გაიღო.

მარა ეგ კომპლექსური მგონია, ბევრი  ხო, არა და მთლად ეგრეც არ არის პასუხიანი კითხვებით და ჯერ მის მიღებაზე მაინც უარს ვაცხადებ.

ჩემი ასეთობის , შემთხვევითობების, ბედნიერების და გარშემომყოფების მინდა მჯეროდეს.
და კიდე რისიც ჯერ არს.

ქრისტე აღსდგა  : )