Saturday, April 17, 2010

კოსმიური ჯვაროსანი

დღეს მუსიკალური ჟურნალების დღეა.
ჰიუსტონს სულზე რომ არ მოესწრო კითხვების პასუხები, აუცილებლად დავწერდი იმაზე, რომ კარგი იქნება სიყვარულების, გლოვების და ათასი ახალი წლების გარდა, მსგავს დღეებსაც აღვნიშნავდეთ.


კიდევ კარგი იქნება, ბევრი კარგი ჟურნალი  გვქონდეს და  კარგი და ცოცხალი მუსიკალური გარემო. სტამბულში რომ ფესტივალები ეწყობა და მე და ჩემნაირები სტამბულში ცხოვრებაზე  ვოცნებობთ მაგის გამო, აქ ხდებოდეს ეგ ყველაფერი, ან მაგის ნახევარი მაინც და თურქეთი ოცნების ქვეყნების რიგში არ იყოს.

ან ისეთ მუსიკალურ ჟურნალში ვმუშაობდე, სადაც აღებული ხელფასი უპრობლემოდ მეყოფა ფესტივალებზე საწოწიალოდ.
მოკლედ, მუსიკალურ  ჟურნალებზე მაინც დავწერე და ,,მუზამეზე'' შეგიძლიათ იხილოთ, აქ კი  ტრადიციული ყოველთვიური ინტერვიუ ტრადიციული დაგვიანებით.

ამჯერად ჩემთან ერთად ჰიუსტონი, ანუ მარიამია, კოსმიური ჯვაროსანი.
ჰიუსტონი თავისი ბლოგით გლობალური დათბობის წინააღმდეგ იბრძვის, ცხოვრების საუნდტრეკად ჩემი საყვარელი iron&wine-ის კომპოზიცია აქვს არჩული და კიდევ გამორჩეული ხელწერა აქვს.
მარიამი რომ იყო, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, სულ მეგონა ამ მეომრული ბლოგის იქით მამრი ბლოგერი იმალებოდა. დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე ვერ გადავხარშე ჩემი ინტუიციის სიმწირე.

შენთან ხშირად არის ხოლმე ისტორიული ამბები. მომიყევი რამე ამბავი, გინდა ისტორიული და გინდა არაისტორიული.

ერთ ისტორიას მოვყვები იმაზე, თუ როგორ გახდა თეთრი სახლი თეთრი სახლი. ყველამ იცის, ალბათ, თეთრი სახლი ეს ის ადგილია სადაც ამერიკის პრეზიდენტი ბინადრობს და ბუზსაც კი მასზე ზემოდან გადასაფრენად სპეციალური ინსტანციებისგან ნებართვა სჭირდება. ყოველთვის მეგონა, მისი სახელწოდება გონებამახვილი ამერიკელების ფისიქოლოგიური გათვლა იყო: თეთრი ხომ ყოველივე კეთილის, სპეტაკისა და წმინდის სიმბოლოა. თუმცა, თეთრმა სახლმა თავისი სახელი სულ სხვანაირად მოიპოვა. ამერიკა ბრიტანეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის რომ ბრძოლობდა, პრეზიდენტის რეზიდენცია ბრიტანელების ზარბაზნების წყალობით ძალიან გაბინძურებულა და ნირი უცვლია; მოკლედ, განაცრისფერდა (ან განაცრისფრდა. არ ვიცი, რომელია სწორი). სწორედ, ამ ზიანის დასაფარად იგი თეთრად გადაღებეს და მას მერე რეზიდენციას თეთრი სახლი ეწოდა. ვოტ ტაკ. :დ

კოსმიურო, რა ხდება შენთან კოსმოსში გარდა იმისა, რომ თვითერიდან დაპოსტვა უკვე შესაძლებელია. :)
თუ სწორად მახსოვს, ჩინელები 2030 წელს მთვარეზე წასასვლელად ემზადებიან. ეს რომ გავიგე, მაგრად გამიხარდა, რადგან ვიფიქრე, 60-იან წლებში ამერიკელების მთვარის ოდისეას სიმართლის სხივი მოეფინება-მეთქი (აი, რომ ამბობენ, დადგმული და (როგორც ახლა ამგვარ შემთხვევებს უწოდებენ) მოდელირებულიაო. თუ მართლა დადგმულია, მაშინ დროშაც არ იქნება მთვარეზე და ამას ჩინელები უეჭველად აღმოაჩნენ. კი, ამერიკელებს შეუძლიათ გადაუხადონ მათ, მაგრამ ჩინეთი ოხერია და თან ამერიკა არ ევასება). მაგრამ ჰოჲ, რომ ნაადრევი იყო ჩემი სიხარული, რამეთუ 2020 წელს ამერიკელები გეგმავენ მთვარეზე წასვლას და ვგონებ, ოდისეის ამბავი კვლავ ჩაიფარცხება.

 ცხოვრებაში დაახლოებით 24 წელი რო არ გეძინოს, რისთვის გამოიყენებდი მაგ 24 გამოთავისუფლებულ წელს?
კარგია ეს კითხვა რომ დასვი, რადგანაც ამაზე ფიქრში არაერთი საათი გამიტარებია. ყველაზე დიდი პრობლემა დროის შემეცნება-გართობას შორის განაწილებაა. დღის განმავლობაში, საშუალოდ 3 საათი შევიმეცნებ და 12 საათი ვერთობი. მაგრამ დღეში სრული 24 საათი რომ მქონდეს, გართობის დროს 18 საათამდე გავზრდიდი, რის შედეგადაც შემეცნების დრო 6 საათამდე აიწევდა და ჩემს ინტელექტუალურ დონესაც პოზიტიურად დაეტყობოდა. :დ

 გარდა იმ იზმებისა, რაც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია (რასიზმი, პატრიოტიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი და სხვა ათასი ჯანდაბა), შენთან შენი საკუთარი იზმებია ( კვერხიზმი, ტრაკიზმი, ფროიდიზმი..). რატომ იქმნებიან ხოლმე ახალი მიმდინარეობები შენ ლექსიკურ ბაზისში და ცნობიერებაში?
იზმის დამატება ნებისმიერ სიტყვაზე, ამ სიტყვის მნიშვნელობას უფრო აძლიერებს და მასობრივ ხასიათს სძენს. ისევ სიტყვა კვერცხის მაგალითზე განვიხილავ. დღეისათვის ფრიად დამკვიდრებულია ტერმინი კვერცხობა. ყველაფერ უაზრობას შეიძლება ეწოდოს ეს. რა კვერცხობაა! - ჟღერს, როგორც განყენებული გამოძახილი მხოლობით რიცხვში (კვერცხობა) და მხოლოდ ერთჯერად მოქმედებას აღნიშნავს (ერთი კვერცხობა, ერთი უაზრობა, ერთი შემთხვევა). მაგრამ როდესაც კვერცხობას ემატება იზმი, ყოველივე იცვლება. რა კვერცხიზმია! - ჟღერს როგორც მასობრივი უაზრობის ერთი შემთხვევის ამსახველი გამოძახილი, რომელთა ერთობლიობა კვერცხიზმის სახელის ქვეშაა გაერთიანებული (კვერცხიზმი - ბევრი კვერცხობები ერთად აღებული, მასობრივ-ხასიათ-მიცემული და თითქმის ფილოსოფიის დონეზე აყვანილი). სწორედ ამ მასობრიობისა და ერთობლიობის ხაზგასასმელად წარმოიქმნა ყველა ეს ჩემი იზმი.

არა, ისე მართლა არ ვიცი საიდან მოვიტანე :დ ამდენი ტყუილად ვიბოდიალე. ერთხელ, შემთხვევით წამომცდა ”კვერცხიზმი” და იმდენად მომეწონა, მას მერე თითქმის ყველა სიტყვას იზმს ვამატებ. :დ


 ფროიდის გარდა, ვინ გეხმარება ხოლმე შენი საქციელი, ნალაპარაკების, ნაწერის გაშიფვრაში?
სიმართლე რომ ვთქვა, მეტი არც არავინ. ჩემი ფსიქოლოგიის ცოდნა ამჟამად ფროიდით, რაღაც წითელი წიგნითა და რამდენიმე სხვა ფსიქოლოგის ესეთი შემოიფარგლება. უმეტესად ჩემივე უბედურ ინტუიციას ვეყრდნობი ხოლმე, რომელიც 100-დან 98 შემთხვევაში ცდება (ერთხელ, ვწერდი ტესტს და ისეთ კითხვა იყო, სადაც ოთხი ვარიანტიდან ორი იყო სწორი და ის ორი უნდა მოგეხაზა. არ ვიცოდი პასუხი და გადავწყვიტე ინტუიციისთვის მიმენდო საქმე. მაინცდამაინც ის ორი არასწორი შემოვხაზე. სულ ასე მომდის ხოლმე.)

იესოს გარდა ვისგან მოგიღია წერილი, რომელზეც მომიყვებოდი, ან ვისგან გინდა მიიღო?
წერილები უმეტესობა, რომლებსაც ფოსტით ვღებულობ, ბედკრული სპამერებისგანაა, რომლებიც ჩემთვის ვიაგრასა თუ რაიმე მსგავსი ტიპის წამლის შემოტენვას ლამობენ! ერთხელ, წერილებთან დაკავშირებით მაგარი კურიოზი მომივიდა. მივიღე წერილი, თითქოს ბრიტანულ გათამაშებაში მოვიგე 1,5 მილიონი (მილიონ ნახევარი) ფუნტი სტერლინგი. იმ დროს ინტერნეტ სამყაროში ყეყეჩი ვიყავი და არ მეგონა, ხალხი ასე ფულს თუ ცქნაფავდა ჩემნაირ დოყლაპიებს. დავიჯერე, დავფორიაქდი და ჭკუაზე არ ვიყავი. როგორც წერილში ეწერა, გავაგზავნე სახელი, გვარი, პირადობის ასლი და მსგავსი იდიოტობები (ახლა რომ ვიხსენებ, სიცილად არ მყოფნის). იმათმაც სერიოზულად მომწერეს რაღაცეები, თან ნომერიც იყო მითითებული, რეკვიზიტები და რამე. ყველა ”დოკუმენტაცია” წესრიგში რომ მოვიდა, მეუბნებიან, ახლა 900 ფუნტი სტერლინგი ამა და ამ ანგარიშზე უნდა გადმოგვირიცხოთ, რომ ის მოგებული თანხა გაანაღდოო. სხვანაირად ვერ მოვახერხებთ, გადასახაადებია და რამეო. კიდევ კარგი ამ მომენტში მივხვდი, რომ მაგარს მაბოლებდნენ... პასუხი არ მიმიწერია. სამი დღის მერე მირეკავენ სახლში ის მამაძაღლები! სად ხართ, სად დაიკარგეთო, რატომ არ გვწერთ პასუხსო? მეც ვუთხარი, ფული არ მინდა, გუშინ მკითხავთან ვიყავი და იმან მითხრა, მალე ზღაპრულად გამდიდრდები, მაგრამ რეალურად 900 ფუნტ სტერლინგს დაკარგავო. აი, ასე არ მოვტყუვდი და შევინარჩუნე 900 ფუნტი სტერლინგი (რომელიც არც მქონია).

ქართულ ,,ჭირებზე'' ხშირად წერ ხოლმე.
რა არის შენთვის საქართველოს ყველაზე დიდი ჭირები და რამდენიმე პოზიტივი?
ჭირის დანახვა რომ უფრო ადვილია, ვიდრე პოზიტიურის, ამაზე ხომ ორი აზრიც არ არის. საქართველოში დამკვიდრებული უამრავი ცუდი თვისების ჩამოთვლა შეიძლება და ერთი მეორეზე უარესია. ამაზე უკვე იმდენს საუბრობენ, რომ ერთი დიდი ენციკლოპედიის დაწერა შეიძლება - ”ჭირი ქართლისა”. ამიტომ მხოლოდ დადებით თვისებაზე გავამახვილებ ყურადღებას. სტუმართმოყვარეობა - აი, რაც გვაქვს, გვაქვს! სადაც არ უნდა წახვიდე, ვისთანაც არ უნდა მიხვიდე, არავინ გეტყვის, დორზე უკან გაბრუნდი და აქედან დაახვიეო. ასევე, გადახდის ინსტიტუტსაც თავისი ხიბლი აქვს (რომლის გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთ ჩანაწერში მწარედ ვაძაგე). როცა ნაყინის ფული არ გაქვს, მეგობარი სიამოვნებით გიყიდის მას და არ მოგიწევს სიცოცხლის ბოლომდე მის ვალში ყოფნა.

ერთხელ გეწერა რომ სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან სურათი წაშლის შემდეგაც არ იშლება.რა არის ისეთი ჩვენ გარშემო, რაც წაშლის შემდეგაც არ იშლება, ოღონდ ონლაინ სამყაროში არა, ჩვენში?
მოგონებები. ხო, ეს ისევე ბანალურად ჟღერს, როგორც რას-ვერ-აპატიებდი-შენს-მეგობარს-ღალატს, მაგრამ მოგონებები ვერ იშლება. ინტერნეტი ადამიანის ტვინს კარგად იმეორებს: მასში უამრავრი ინფორმაციაა, თუმცა არავინ იცის ზუსტად რამდენია და რაზე. ერთი ადამიანი თავის ცხოვრებაში ინტერნეტში არსებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების მხოლოდ უმციერს ნაწილს გამოიყენებს. ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 3% იყენებს საშუალო ჰომო საპიენს საპიენსიც. როდესაც ინტერნეტიდან რამეს შლი, ერთი შეხედვით, ყველაფერი მორჩა და ეს ინფორმაციაც დაიკარგა. თუმცა, ამ ინფორმაციის ასლი კიდევ უამრავ ადგილასაა, რომელთა არსებობის შესახებ არც იცი, არც გაგიგია და ვერც ვერასდროს გაიგებ. ასეთი წაშლილი მოგონებებიც ადამიანის ქვეცნობიერში ინახება, რომელიც თითქმის მიუწვდომელია საღი გონებისთვის და იქიდან მოგონების დაბრუნება არც ისე ადვილია. ჰმ, ვგონებ ამაზე პოსტიც უნდა დამეწერა.

ფაქტი, რომელიც არ ვიცით :
ვინ არი ჰიუსტონი და ჩემ გარდა როდესმე ვინმეს გონებიხარ მამრი?
ჰიუსტონი სრულიად შემთხვევითი სახელია. მას არანაირი კავშირი არ აქვს უიტნი ჰიუსტონთან და არც ქალაქ ჰიუსტონთან ამერიკაში. ნუ, ქალაქთან ცოტა აკვშირი მაინც აქვს. ე.ი. თავის დროზე ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი კოსმონავტი (ეს ეტაპი, ვგონებ, თითქმის ყველა ყრმის ცხოვრებაში იყო). სკაიპის სახელიც კი კოსმონავტი მაქვს. ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა მეხუმრა კოსმონავტობაზე: ჰიუსტონ, მიღება, პრობლემა გვაქვსო (ჰიუსტონი ნასას კოსმიურ აპარატებთან დამაკავშირებელ სადგურს ჰქვია) და ეს სახელიც აქედან წამოვიდა. მერე, როდესაც ბლოგისთვის სახელს ვარჩევდი, ჰიუსტონი სახელი მომივიდა აზრად და შედეგად, ახლა ვარ ჰიუსტონი.

მამრი თუ ვგონებივარ? არ ვიცი. შენც რომ გეგონე, გამიკვირდა. თუმცა, ახლა მდედრების ბლოგებს რომ გადავხედე, მშვენივრად აქვთ გაფორმებული - სურათები და რამე; ჩემთან კი მაგ მხრივ სრული ვაკუუმია უცნაური ”ჰედერით’’ :დ პლიუს ”ჩემ შესახებ”-შიც რაღაც დებილობა დამიწერა...