Monday, August 16, 2010

ჩემი და მარუსიას დასვენების დღეები, წლები და ხევსურეთი

როცა მოვიფიქრე, ავდგები და წავალ თქო, ბევრი ვიყავით და იდეაში ყველა ერთად უნდა წავსულიყავით.
საბოლოოდ მე და მარუსია წავედით. 
მე და მარუსია უკვე მესამედ წავედით ერთად ხევსურეთში.

პირველად 3 წლის წინ ვიყავით, აგვისტოს ბოლო იყო, ჩვენ ჯერ კიდევ ლაწირაკები და სიცხის,  ასაკის და განსაკუთრებით სუფთა ჰაერის  გათვალისწინებით უაზროდ ვფლირტაობდით.

მეორედ 2 წლის წინ ვიყავით, თითქმის უცხო ხალხთან ერთად. არავის არ ვეგონეთ ზრდასრულები და კიდევ უფრო ქართველები.
მერე მე საზღვარზე დავრჩი ხონეში, მარუსია თბილისში წამოყვა იმ უცნაურ და უცხო ხალხს.

წელს მე და მარუსია მივხვდით, რომ თვალშისაცემად გავიზარდეთ ჩვენც და ის ხალხიც, ვისაც ამ წლების განმავლობაში აქ, ან სხვაგან ვხვდებოდით.
რომ ჩვენ ძირითადად ერთმანეთის გარეშე ვიზრდებოდით და ეგ არ ვიცით კარგია თუ ცუდი.
რომ ზოგჯერ ძალიან ბუნებრივად ესალმები ადამიანს წლების შემდეგ ისე, თითქოს გუშინ საღამოს ძილი ნებისა უსურვე, მანამდე კი მთელი საღამო ერთად იყავით.
და რომ მიუხედავად ბუნებრივი მისალმებებისა წლების შემდეგ,  ვერაფრით ვერ ხვდები, რომელი ერთი ამბავი მოუყვე, როცა გეკითხებიან, როგორ ხარო.
რომ ზოგჯერ რამეებს ადრე იწყებ და  შესაბამისად ადრევე ამთავრებ.
და რომ წლების და დღეების შეჯამების მერე საშინლად ცივ მდინარეში უნდა იბანავო, წვიმას დაელოდო და თუნდაც შუაღამემდე წრუპო შავი ღვინო.


ხოო, შავი ღვინის წრუპვამდე ორი წლის უნახავი და ჩინეთიდან ახლად ჩამოსული მეგობარი ვნახე და კიდე, თითქმის 2 საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა.

მე არამხოლოდ წვიმა და მეგობარი, ბათინკები და კაშნეები მენატრებოდა ისტერიულად. და არანორმალურად კარგი იყო, როცა გარეთ წვიმდა, მე კაშნეში მქოდნა ცხვირი ჩაყოფილი და ბათინკების თასმებს ვიკრავდი.

კარგია ზაფხულის მიწურულს ხევსურეთი.