Saturday, September 25, 2010

შემოდგომის ბუნიობა, არასტაბილური განწყობა და მადამ ტუსო

მას შემდეგ რაც ბათუმიდან გამოცდის გამო უდროო დროს წამოვედი, სულ მინდა ავდგე და რამე დავწერო.

სულ ტყუილად.
 მივხვდი, რომ მთელი ეს დღეები ან სიმშვიდის და ნეტარების გადაჭარბებული დოზით გამოშტერებული დავდივარ, ან  ძალიან, ძალიან გულაჩქარებული, გაღიზიანებული და აუტანელი ვარ.  ერთმანეთზე უარესია.

ზოგს ფლეგმა გონიხარ, ზოგს უჟმური, ზოგს არაფერიც არ გონიხარ.
ეგეც ერთმანეთზე უარესია.

გუშინ საღამოს საბოლოოდ ვაღიარე, რომ საშინლად სწრაფად ცვალებადი ხასიათი მაქვს და საშინლად დამღლელია, როცა განწყობაც კი არასტაბილურია.

არადა, ბათუმიდან რომ წამოვედი გამოცდის ჩასაბარებლად, იმ გამოცდაში მთელი 82 ქულა ავიღე და თვითშეფასება ავიმაღლე. საკმაოდ რთული ამბები სამსახურის შესვენებებზე და მატარებლის ჯაყჯაყში ვისწავლე. ტყუილად  არ ვამბობ ხოლმე, ჭკვიანი გოგო ვარ-თქო.

მერე ბათუმში ვეღარ მივბრუნდი და ცუდი იყო იმის აღიარება, რომ მე გზებს გულგრილად გადავხედე, ქარიზმა საძებარი გამიხდა და ბათუმში დასათვლელ ვარსკვლავებს, აქვე, წყნეთის ტყიდან ვითვლიდი.

ხო, გამოცდის 82 ქულა ვერაფერში ვერ გამოვიყენე, იმიტომ რომ რექტორმა, დეკანმა, სასწავლო დეპარტამნტმა, ხარისხის მართვის განყოფილებამ, სამეცნიერო საზოგადოებამ და ა.შ. ერთმანეთზე სულელური ფრაზებით ამიხსნეს, რომ თსუს წესები და კანონები ერთმანეთზე აბსურდულია და ვერავინ ვერაფერს ვერ მიშველიდა.


მერე ანუშკასთან ვიყავი. ანუშკამ თქვა ხვალ შემოდგომის ბუნიობააო.

ბუნიობის დღესასწაულის არსებობის შესახებ პირველად ლინდგრენის წიგნებიდან გავიგე და  სულ, მთელი ბავშვობა მინდოდა რომ  აქაც  ყოფილიყო ბუნიობის დღესასწაულები.

გაზაფხულზე გაზაფხულივით ჭკუამხიარულ კაბას ჩავიცვამდი და ფლირტების, მსუბუქი განწყობების, ნაყინების ჭამის და ცხელი დღეების სეზონს გახსნილად გამოვაცხადებდი.


 შემოდგომაზე კი ზუსტად ისეთ კაბას, რომელღაცა დღეს  რომ მეცვა, შემოდგომური ფერებით, გრძელი სახელოებით და ოქროსფერი ღილებით და ყველას ვეტყოდი, რომ მე შემოდგომობით განსაკუთრებით მიმძაფრდება თბილი და მშვიდი რამეების მოთხოვნილება.

შემდეგ ბუნიობამდე დიდი დროა.

ამიტომაც, ხვალ ძალიან ადრე ავდგები და 3 დღით ყაზბეგში წავალ.

იქ სავარაუდოდ ძალიან ეციება და მანამ სანამ თბილი რამეებით შევიფუთნები და აივანზე ჩაის სასმელად მოვკალათდები, ძალიან ბევრს ვივლი.

mike stern - We're With You by nastasia
ხო, წეღან პარასკევ საღამოს აღსანიშნავად ვსეირნობდი და ყოვლად უსაყვარლესი არსება ამეკიდა, აზრიანთვალებიანი, მბრწყინავბეწვიანი, ყურებპარტყუნა და ყურადღების ტკიპა.

 თავიდან ვიფიქრე, გზაზე მარტო გადასვლის ეშინიათქო, მერე ვუთხარი, წამო ერთად ვიაროთ და გზადაგზა რამეებს მოგიყვებითქო, მერე მაღაზიაში შევედით და ღმერთო ჩემო, თქვენ ძაღლს რა ქვია, გოგონაო, მეთქი, ჩემი ახლახანს გახდა და რა ვიცი, მამიდა გოდერძის უძახდათქო.

არადა, გოგოა.ხოოდა, მადამ ტუსოა.
 სახელები იქით და  უცნაური გრძნობაა, ბავშვობიდან რაღაც ძალიან, ძალიან რომ გინდოდა, მერე უცბად რომ ერთი თითის გაწვდნაზე გაქვს და შენია, და შენ რომ  ორიათასი რამე უნდა გაითვალისწონო და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

არადა, აი, მართლა ისტერიულად მინდა ძაღლი, ეზოიანი სახლი, თბილი შემოდგომა და ტკბილი ზამთარი.
ჩემი სახლის ფართობი იდეაშივე გამორიცხავს ძაღლის ყოლის შანსს, ეზოც ვერანაირად გამოებმევა და თბილი შემოდგომის ყოველ დღეს აუტანლად მაწუხებს ჩემი სწრაფად ცვალებადი ხასიათი.

ხოოდა, სავარაუდოდ, ერთად ვიყაზბეგებთ და მერე ისევ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ მე და ტუსო.
არადა, სახლში რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ რა გადასარევია, როცა სეირნობა მომინდება, მარტოს არ დამეზარება და ეს პატივცემული სულ აქ იქნება, თან სისულელებს ველაპარაკები ხოლმე და  საწინააღმდეგო არაფერი ექნება და საერთოდ, რა სასიამოვნოა ცხოვრება თქო.

სულაც არა.
ცხოვრება საშინლად ნერვებისმოსაშლელია მაშინ, როცა შენ ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრება გინდოდა, ერთი ხელის გაწვდენაზე გაქვს და უნდა იდგე და ორიათასი რამე გაითვალისწონო, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ.

პ.ს.
ყაზბეგში 5 წელზე მეტია არ ვყოფილვარ.
ერთადერთხელ ვიყავი, ერთადერთ გოგოსთან ერთად.

10 დღეში ყველა ხეობაში დავდგით ფეხი და იმდენი პოზიტივი წამოვიყოლეთ, სულ მგონია, რომ იქ ორიათასჯერ ვყოფილვარ.
არადა, მეორედ მივდივარ და პირველად ეფექტებს არა, კონტრასტულ შთაბეჭდილებებს ველოდები.