Tuesday, December 7, 2010

შავი კატა რომ შავ-თეთრ კატას მიდევდა ეგ ამბავი

შავი კატა შავ-თეთრ კატას მიდევდა.
ბებიას თხელი ყვითელი პალტო ეცვა წითელ-ლურჯი გადამკვეთი ხაზებით, შესაბამისად უჯრებით. ანუ კუბოკრული. მე ბავშვობაში არ ვიცოდი კუბოკრული რას ნიშნავდა და არასოდეს არ მიკითხავს ახსნა, სულ მეგონა სიკვდილთან დაკავშირებული რამე უსიამოვნო ამბავი იქნებოდა.
კუბოკრულ პალტოიანი ბებო სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა.
ეგ დილის კადრებია.

ახლა საღამოა, მე ერთ-ერთ კაფეში მეგობარს ველოდები. კაფეებში და ვინმე ლოდინებში გადასარევი იდეების გენერატორი მე ამჯერად ვფიქრობ, რომ რომ გადასარევი იდეა იქნება აქვე, გვერდზე მაგიდებთან მჯდომი ადამიანების შესწავლა.


აი, მაგალითად ამ გოგოს, ზუსტად ჩემს გვერდზე რომ ზის, რუსი ბებია ყავს, ისევე როგროც მის მეგობარ კოტეს. კოტე მას რუსულ ფილმებს უთარგმნის ხოლმე კინოში და ეს ”შტერდება”, რატომ ავიწყდება კოტეს, რომ მასაც რუსი ბებია ყავს.

ეს გოგონა ცოტა ხნის წინ ავსტრიაში იყო და იქ ვერც ერთი წიგნი ვერ იყიდა, იმიტომ რომ მის მეგობარს, წიგნებში ფულის გადახდა გადაყრა გონია.
არც ეს ჩანს დიდად წიგნიერი, მხოლოდ ჰარი პოტერი და ”ნირვანას წიგნი” აქვს წაკითხული და კიდევ ფილმი აქვს ნანახი, რომელშიც ბიჭმა გოგოს ოთახისთვის ლურჯი ნათურები მოუტანა, გოგოს ლურჯი არა, ყვითელი უნდოდა.
ბიჭი გავიდა და შემდეგ კადრში  ყვითელი ნათურებით შემოვიდა.
მეგობრის ლოგიკური შეძახილი:  აუუუ. რა საყვარელია, აუ, გოგო, მეც მინდა ჩემთვის ახალი ნათურები, აი ისეთი...
რეალურად ნათურები არა, ყველაფრის შემსრულებელი  და უადგილო პრეტენზიულობებზე იმუნიტეტიანი ბიჭი უნდა. მაგრამ მაგდენი არ იცის.
უფრო სწორად, აქცენტს ნათურებზე სვამს.

ამ გოგოზე ბევრი ვერაფერი გავიგე, თითქმის არ ლაპარაკობს, უფრო სწორად, ის, ჰარი პოტერის მკითხველი და რუსბებიიანი გოგო არ აცდის. დაუმთავრებლად ყვება ამბებს კოტეზე, სამ სანდროზე, მაკოზე და კიდევ ვიღაცეებზე. სულაც აღარ არის საინტერესო.

ალბათ უსინდისობაა, როცა ასე იპარავ ვიღაცეების ამბებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს გოგო ბედნიერიც კი იქნება, რომ იცოდეს, ახლა გვერდზე მჯდომი გოგო ნასტასიაა, რომელიც მისნაირი გოგოებისადმი აბსოლუტურად არგუმენტირებული ნულოვანი ინტერესით ხასიათდება და მაინცდამაინც ახალა, ამ კაფეში გადაწყვიტა მისი პორტრეტის დახატვა.

რამდენიმე დღის წინ მეტროში ჩემი მეგობარი დახატეს. ოღონდ ასე არა, ფანქრებით ფურცელზე, ერთი გაჩერებიდან მეორე გაჩერებამდე.
 პირველად ვნახე მეტროში ქალი, რომელსაც სტაფილოსფერი, ფრჩხილების ლაქის შესაფერისი  პალტო ეცვა და მგზავრებს ხატავდა. ისიც ჩემსავით, დაუკითხავად.
ნახატები ობიექტებს არ გავდნენ, მაგრამ მაგას არავინ აპროტესტებდა, პირიქით, მადლობლები აფრიალებდნენ ფურცლებს საკუთარი თავებით და ქალი მადლიერების ნიშნად გადახდილ ხურდებს ჯიბეში იყრიდა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ ღამეს ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბედნიერი ქალი ვნახე. სამსახურში 9-დან 7-მდე ჯდომის მაგივრად  მიწისქვეშეთში, დეპრესიული გამომეტყველების მქონე ადამიანებსა და მატარებლების ხმაურში სადგურიდან სადგურამდე ადამიანებს თვითონ ირჩევდა და აბედნიერებდა.
ხო, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ბედნიერება ზუსტად ეგ არის, რომ ვიღაცისთვის შესამჩნევი ხდება. იმიტომაც არ აპროტესტებს მერე დაკარგულ მსგავსებას თავის თავსა და ნახატს შორის. რაც მთავარია შეამჩნიეს, ვსიო, დანარჩენი სულ ერთია.

მერე ალბათ სახლში ადამიანების შემჩნევისთვის მოგროვილ ხურდებს  ითვლიდა და ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დახარჯვას გადარჩენილი ფულით, სტაფილოსფერ ფრჩხილების ლაქს და წითელ თმის საღებავს ყიდულობდა.
ხო, მგონი წითელი თმა ქონდა, ზუსტად არ მახსოვს.

შეიძლება შიგადაშიგ ესიზმრებოდა ხოლმე, რომ სამსახურში მიდის, აი ისეთში, მატარებლების ხრიგინი რო არ ისმის  და ყურადღებას მიაქცევ თუ არა ადამიანებს, დიდად მნიშვნელოვანი არ არის. დილის 9იდან 7მდე, ნათელ, თეთრ დერეფნებში დადის და სხვა პალტო აცვია.
მეცოდება კეთილი ადამიანი ეგეთი სიზმრებისთვის.

მე არ ვიცი, ამ გოგოსთვის რომ მეთქვა, ბლოგზე აუცილებლად მოხვდები და ჩემი არც ისე ბევრი, მაგრამ შენი ბედნიერებისთვის საკმარისი მკითხველი შენ ამბებს ნახავსთქო, გადამიხდიდა თუ არა ჟოლოს ტორტის ფულს, ან იფიქრებდა თუ არა, რომ ბედნიერი ნასტასია ვარ.

მაგრამ მაგას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მე ისედაც მაქვს სამსახური, რომლის დერეფნებშიც შემიძლია ვიარო და რომლის ზოგიერთ ოთახში ლურჯი ჭერი ყველანაირ ჩემს განწყობას კლავს. მე ვითხოვ რომ ასეთ სამსახურებში იყვნენ მასაჟისტები, რომლებიც უმკურნალებენ ჩემ მკვდარ ხერხემალს.

მე ვითხოვ რომ ამნაირ სამსახურებში მუშაობის კომპენსაციად ბედნიერი ნასტასია ვიყო. ოღონდ არა სხვების, ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერი. ჩემ სახლში კატები რომ  მყავდეს და კუბოკრული ტანსაცმელი, ჟოლოს ნამცხვრები და საახალწლო განწყობას ოდნავ მაინც რომ ვგრძნობდე.

პ.ს.კი, კი, დამდვილად, ჩემ აბუზღუნებას მარტივი მიზეზები განაპირობებენ ხოლმე. გუშინ დავაფიქსირე, რომ სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში 2 საათსაც კი ვერ ვატარებ, ხოოდა, სულაც არ არის ეგ კაი ამბავი. მით უმეტეს მაშინ, თუ ოფისში მასაჟისტი არ არის და შავი კატა შავ-თეთრ კატას დილას მიდევდა.