Sunday, January 31, 2010

ეპიზოდი შენი წელიწადში რამდენიმე საღამოდან

მე-

ძველი,დახეული ჯინსი
ხან ვადაგასული იდეალების და ხან მოდურობის დეტალი...
შემთხვევითი ლაქებით აბლაბუდებიან კარადაში.

მე, მზიან ამინდში ღრუბლის ნაგლეჯი,
მრავალჯერადი ტრანფორმაციების მიუხედავად
მალე გაქრობის პერსპექტივით.

მე
ეპიზოდი შენი წელიწადში რამდენიმე საღამოდან
შეუკრავი კვანძით, არარსებული სიუჟეტით და ზედმეტი პერსონაჟებით;
სუფლიორი ასეთ საღამოებში ისვენებს ხოლმე და ჩვენც აუცილებლად გვავიწყდება ჩვენი სიტყვები,
რაც გვაიძულებს გაგვახსენდეს ერთმანეთის ძარღვებისკენ მიმავალი გზები.

მე
ექოს გამეორებული ბგერები კლდეებში
ფრაგმენტულად აღქმული.

მე-
წვიმის გუბეს აცდენილი წვეთი
არაფრისთვის დაწყებული ფრენის სულელური და ხასიათს უცნაურად ზუსტად მორგებული ფინალით.

მე-

შენ ფსკერზე დარჩენილი ნალექი,უცნაური წინასწარმეტყველური ნიშნების შემცველობით.
                                                                           მე-
ქრონოლოგიურად არათანმიმდევრული და შინაარსობრივად შეუსაბამო ფაქტების ერთობლიობა.
მე-
საკუთარ თვითშეფასებას ასევე საკუთარ თმებში ცუდად დამალული მუხლებგადატყავებული ჯიუტი ბავშვი.
მე-
შიშის დიდ თვალებს უკან ქუთოთოებჩამოფარებული.
მე-

შენი,თქვენი,მათი ორბიტების მძებნელი ათასგვარ აბსტრაქციაში ჩაბუდებული ადვილად ამოსაცნობი არამფრინავი ობიექტი.


p.s.როცა ბევრი რამე ხდება,როცა ბევრი ლუდი შეიწოვება და როცა სავსე ხარ, როცა გინდა ადამიანები შენთან მოვიდნენ და ისევ გუშინდელი ამბავი არ მოუყვე,იმიტომ რომ სხვა ამბები გაქვს,შენს მაგივრად თვითშეფასება იძინებს და მსგავს გაურკვევლობებს წერ.

Friday, January 29, 2010

მე-სურათი, შენ-ამბავი, ის მზის ამოვლის საყურებლად არის წასული

არადა,სულ რამდენიმე წერტილი გჭირდება და მე ვარ: თვალებთან, ნესტოები არ გინდა, მაინც პირით ვსუნთქავ, რამდენიმე ნალურსმნალი  და თავზე ერთი გვირილა...

რამდენიმე მძიმე გინდა და შენ ხარ, კავშირების წინ და მერე, გაწყვეტილ აზრებთან და დაუმთავრებელ მოქმედებებთან. . .

მე-სურათი, შენ-ამბავი, ის მზის ამოვლის საყურებლად არის წასული სხვა ისებთან ერთად


ძველი სახლიდან, რომლის კრამიტზეც მეზობლის კატა ერთსა და იმავე ამოჩემებულ ადგილზე ეფიცხება მზეს, აივანზე ყვავილები ზამთარ-ზაფხულ ყვავიან და საბუხრიდან არასოდეს ჩამომძვრალა სანტა-კლაუსი ახალი წლის ღამეს, იმიტომ რომ ყველაზე თეთრთმიანი,ყველაზე გამხდარი და ყველაზე სევდიანამბებიანი ბაბუა უკვე საუკუნეებია ცხოვრობს, ვინმე ძველ პატეფონს გადაწმენდს მტვერს და მუსიკას დაუკრავს. . .

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,როგორი სურათი ხარ,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,როგორ მოგყვებიან, ისევე როგორც იმას,რა ფირფიტა დატრიალდება პირველად ძველ პატეფონზე და ნახავენ თუ არა ისინი მზის ამოსვლას, მთავარია გუგული საათიდან გარეთ გაფრინდა და ახლა საათებს კი არა, დილებს ითვლის და დილაობით გვირილას ჩემ თავზე მორწყვა არ ჭირდება.

ხოოდა,სანამ გვირილას მორწყვა არ ჭირდება,სანამ მხოლოდ რამდენიმე წერტილი ვარ და სანამ გუგულები გარეთ არიან,მივხვდი,რომ ზომაზე მეტი მძინავს,ზომაზე უფრო გულგრილი ვარ ჩემი ბუნდოვანი მომავლის მიმართ და მე მგონი,ილუზიებიც კი დაულაგებელი მაქვს...



ასეა ხოლმე,რაღაც ზომამდე ავდივარ,და მერე რამე სხვას ვიწყებ.


დღეს 5 საათამდე პიჯამოებში ბოდიალმა თქვა რომ ვსიო,ნასტასია,კი,გარეთ ცივა და შენ ყველაფერი გეზარება,თან იქ არაფერი არ ხდება,კი,არ არსებობს სამსახური,რომელიც მოგეწონება და ილუზიების დალაგება ადვილი არ არი,მაგრამ მაინც ვსიო...

რამენაირად შევეცდები გავადამიანურდე,არადა,როგორ მიყვარს ჩემი ასეთი თავი,ფული რო არ მელეოდეს,წერაში და გადაღებაში რო მიხდიდნენ,საქმიანი სახეებით რო არ დადიოდნენ,გარეთ თბილოდეს და მწვანე იყოს,პახოდში რო მივდიოდე და მიყვარდეს,ჩაის რო მიდუღებდნენ და უფრო ბევრს მიღიმოდნენ,მე გავხდებოდი ამბავი...

p.s.ახლა არ ვიცი რა გავხდები,ჯერ არ ჩამომხსნათ კედლიდან



Thursday, January 28, 2010

რატომღაც წითელი განწყობით და ძირითადად ლურჯი ფოტოებით


აესე,წავალ ხოლმე,მივხვდები რაღაცეებს,მერე ვცდილობ დავლაგდე და მაგ დროს მიჭირს ხოლმე. თან ზოგჯერ ის,რასაც მიხვდები,რთული დასალაგებელია,ან საერთოდ არ ლაგდება...

მგონია ხოლმე,რომ ჩემი,თქვენი,სხვების თავები,ბევრი ამბები,დატვირთული დღეები, უძილო ღამეები,გათიშული დილები,ინდიფერენტული გამომეტყველება და ამდენი თმა იმათგან დასამალად მჭირდება,რასაც როდესმე აუცილებლად გაიგებ და შეიძლება ისეთი საშინელი იყოს,როგორც შვილმკვდარი დედის დარჩენილი ცხოვრება ...



მოკლედ,რამდენიმე ღამე ზედიზედ ჩემი ძველი ბიჭები მესიზმრებოდნენ,რომლებთანაც კარგად ვიყავი,ვიღიმოდი და მერე,სიზმრის ბოლოს სადღაც შორს უკან მოუხედავად გავრბოდი.

არ ვიცი,რატო,ან ჩემ თავს რას ვერჩოდი,ან საერთოდ,რა მნიშვნელობა აქვს.
 
რამდენიმე დღე ზედიზედ კადრის გადაღება ვერ მოვახერზხე და ბოლოს ჩემი თავთან კონფლიქტის ასარიდებლად გავყევი ორღობეს და ეს რამეები მოვინადირე...


მე მომწონს,უფრო სწორად,ისეთია,სოფელში,ფერად სახლში ყოფნას,ლამაზ აივანზე საუზმეს,სიმყუდროვეს,ბუხრიან ღამეებს და კარკასის სახლად ქცევას რო მოგანდომებს...


მე მჭირდება ხოლმე ეგეთები,მით უმეტეს ახლა. . .
რამდენჯერმე დავაფიქსირე,რომ ყოვლად დაუნდობელი და აუტანელი ვარ საზოგადოების რაღაც ფენის მიმართ,ჩემთვის რომ ძომბები,ერთ ადგილას გაყინულები და განვითარების შანს და სურვილ დაკარგული ადამიანები არიან,საკუთარი ღირსების გამძაფრებული შეგნებით.მამენტ,ალბათ,მაგათ უარესი აუტანლობა ემართებათ ჩემზე,ან სულაც არაფერი და საერთოდ,რა ჩემი საქმეა და ვინ მეკითხება,მაგრამ რა ვქნა,ნაჭუჭიდან თავს რო ვყოფ,ეგრევე მაგათი დანახვა ბოლოს მიღებს...

ხო,რამდენიმე ბევრი არ არის,მაგრამ საკმარისია ხოლმე


საკმარისი ყოველთვის ქვედა ზღვარია და ჩვენ ბევრად მეტიც შეგვიძლია,უბრალოდ,სასურველი არ არის

სასურველი იშვიათად არის ის,რაც ხდება და პირიქით...

პირიქით ან შენ იქნები,ან სხვა...

სხვაც შეიძლება იყო შენ...

როცა შორიდან მოგესმება შენი ხმა,როცა ბევრჯერ მოიკიდებ თავზე ხელს,რო დარწმუნდე,შენია და როცა შენ დილას ჩაებღაუჭები შენი თავის შესანარჩუნებლად და შენ თავს შუადღისას მაგიდაზე დაუდგამ დილის ყავას უკან დასაბრუნებლად...


ისიც მოვა სიზმრიდან გამოქცეული,ხმას მოიტანს და სიახლოვის შეგრძნებას და მერე ერთად დაბრუნდებით ნაჭუჭში...

მივხვდი,რომ სამი წერტილი ყველა წინადადების ბოლოს პუნქტუაციის უცოდინრობის ბრალი კი არა,დასასრულის შიშია

მივხვდი,რომ შიშს რეინკარნაციების ჯერა და საზოგადეობაში გადაცმული დადის

ბასას წიგნი ჩავაბულბულე და დავმშვიდდი დებილებს და კომუნისტებს თავისი რო მიაგო ვიღაცამ და მუსიკასაც,პრონციპში...

კვირას ჩემი მეგობარი ჯვარს იწერს და მეხამუშება.










დანარჩენებს მერე მოგიყვებით..

Thursday, January 21, 2010

ორგანიზებული ,,აბსურდისტანი''


რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე რომ ყველაზე საქმიანი უსაქმური ვარ დედამიწის ზურგზე. და ამავდროულად აღმოვაჩინე ისიც,რომ იდეალური სტატუსი,სოციალური და შინაგანი მდგომარეობა დგას ამის უკან.


აღმოჩენების ხასიათზე სულ არ ვდგები ხოლმე,და ბარემ ისიც აღმოვაჩინე,რომ ცხოვრებას facebook-ი მიგეგმავს და მთელი ცხოვრების განმავლობაში უგეგმებო მეს თვითონაც რო ვერ წარმოიდგენს,ისეთ კარგ საქმეს მიკეთებს.

მოკლედ,დღესაც გეგმას მივყევი და მაგთი კლუბში აღმოვჩნდი ბასა ჯანიკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე.

გამომდინარე იქიდან,რომ თვითონ წიგნი ჯერ არ წამიკითხავს,მარტო ის ვიცი,რომ მუსიკალური რომანია და ძირითად ბასას მეხსიერების ამონაქექს შეადგენს...


სულ ვფიქრობ ხოლმე,რომ არ არი სადმე სხვაგან ყურება აუცილებელი იმისთვის,რომ რამე კარგი შექმნა,მთავარია შენში ყურება არ დაგავიწყდეს,ან მოგბეზრდეს,ან რამე მსგავსი.

კიდე ვფიქრობ ხოლმე,რომ ძალიან ბევრი ამბები და ისტორიები გვეყრება თავზე და მართლა მიხარია,როცა მე,თქვენ ან სხვა ამ ამბებს და ისტორიებს კი არ უბერყავს,კრეფს და ინახავს.

და კიდე მიხარია რომ იდეალურად ორგანიზებული პრეზენტაციები რეალობაა.

როგორც ბასამ თქვა,რეალობაა ისიც,რომ მუსიკა ვერ ასრულებს თავის მისიას,როკის და ბრიტნი სპირსის მოყვარულები ომის დროს ერთად მიდიან საბრძოლველად და ამის გააზრებამ ძალიან ცუდად იმოქმედა აგვისტოს ომის დროს.კიდე არსებობს სხვა რეალობა,სადაც ბასა და მისი თაობა გაიზარდა და რაც ჩვენ აესე,მონაყოლიდან გვეცნობა,როცა მაგნიტოფონის ყიდვა ზეიმი იყო და ახალი კასეტა ზეიმის გაგრძელება.არსებობს რეალობა,როცა ადამიანები აბსურდისტანში ცხოვრობენ და ვერ აცნობიერებენ.




არ ვიცი,წიგნში კიდევ რა რეალობებია,მაგრამ ვიცი რომ არსებობს მუსიკა,რომელიც არ ბერდება და არ აბსურდდება,ზუსტად ასეთი მუსიკით უნდა იყოს გაჯერებული წიგნი ( ჩემს ხელთ არსებული ეჭვების თანახმად,რაღა თქმა უნდა ) და გავჯერდი მეც,იმიტომ რომ ჯერ ,,ვაკის პარკი'' და მერე დათო გაბიძაშვილი და გია ფეიქრიშვილი,ძალიან გემრიელობებს უკრავდნენ,თან ძალიან შიგნიდან და მე ვთქვი,რომ ჩემ ძველ ალბომებს გადაეწმინდებათ მტვერი და ამჯერად ყველანაირი სხვა მიზეზის გარეშე შემოვჯდები ფანჯრის რაფაზე და მოვუსმენ უხვად პინკ ფლოიდს...
მერე წიგნსაც წავიკითხავ და მერე ვინმე რამე ახალ რეალობებს დამანახებს...

ფანჯრის რაფაზე და აბსურდში დიდხანს ვერ ვძლებ,ასე,ერთი საღამოსთვის მიყვარს...

რამდენიმე საღამოთი საბჭოთა კავშირშიც კი იცხოვრებდა ისე კაცი,გახსნილს საზღვრებზე იოცნებებდა და ხაზის რადიოს მოუსმენდა,მერე ცუდ 90იანებს გადაახტებოდა და ამ საგიჟეთის ნაცვლად ნორმალურ ქვეყანაში ამოყოფდა თავს,და იქ ვერ იგრძნობდა რომ არაფერში არ ჭირდება საბჭოური შიშები,მოგონებები და იდეოლოგია,რაც არ უნდა თავარიდებული,მაგრამ მაინც ძალიან შენში ჩამჯდარი...
მაგრამ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვერ ამოვყოფთ თავს და ვერ ცუდ 90იანებს გადავახტებით,ამიტომ ჩვენთვის საჭიროა თავარიდებული,მაგრამ მაინც ჩამჯდარი...

p.s.ვოტ ტაკ


მიხარის მე ასეთი ორგანიზებულობები და კარგი ამბები...

Monday, January 18, 2010

სულ ასე ხდება ხოლმე (ნაწილი 2)

ცხენთან ვირი აღმოჩნდება ხოლმე. . .



დონ კიხოტებს მსუქანა თანამგზავრები ყავთ. . .

ილუზიები და სინამდვილე ერთმანეთში ირევა. . .

და

ბოლოს ყველაფერს მტვერი ედება. . .



მე არ ვიცი როდის არის ბოლოს,ან თავიდან,მე ხო ის ვარ,რომელსაც ათვლის წერტილი არ ახსოვს და უნდა რეინკარნაციების ჯეროდეს,მაგრამ ვიცი,რომ ზოგჯერ ბოლო სიცარიელეა,ზოგჯერ ჩაკეტილი კარები ან გაჩუმებული გარემო, უმისამართო ღიმილი ან მკვდრისებური სიჩუმე...

გამომდინარე იქიდან,რომ რეინკარნაციების ჯერ ბოლომდე არ მჯერა,არ ვიცი,რა იქნება დავიწყების და სიცარიელის შემდეგი ფორმაცია...

მარტო სი ვიცი,რომ აქ ადრე ზალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობდა,თავიდან ჟოლოზე რო დადიოდნენ მთაში,მერე სანადიროდ,მერე მთაში აღარ დადიოდნენ, სხვაგან მიდიოდნენ და მამები და ბიძები ხდებოდნენ,მთაში კი უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი დადიოდა ჟოლოზე...


კიდე ვიცი,რომ უფრო ადრე გამოქვაბულში ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ,შეიძლება სულაც რო არ ცხოვრობდნენ,მაგრამ ხალხს რო ჭირდებოდა მათი არსებობა...



და კიდე ვიცი,რომ ამ ამბებზე შედარებით გვიან,ბაბუას ერთი საწყალი ვირი ყავდა,ასე,უსახელოდ და უსანჩო პანსოდ.

ჭალიდან ტვირთი ამოქონდა ხოლმე. . .

ერთხელ მე შემომსვეს ტვირთიან ვირზე და შუა გზაში კითხვებს რო აღარ ვსვამდი,აღმოჩნდა რომ ვირზე ჩამძინებოდა. . .

ეგ ვირი ჩემი და ჩემი ბიძაშვილის უნუგეშო სიყვარულის ობიექტი იყო. . .

მარტო მაგაზე და ბაბუასთან დაძინებაზე ვჩხუბობდით. . .




იქ,ჩვენთან ზემოთ,ბაბუა მარტო ბაბუა კი არა,კაცის სახელიც არი. . .

აესე,მოდის ვიღაცა ახალგაზრდა და ქვია ბაბუა. .



ბაბუას სახლს სხვენი და ჭერხო ქონდა. . .

ჭერხოში საქანელა ეკიდა და ბევრი თივა იყო. . .

სხვენზე ყველანაირი ძველი ნივთი განისვენებდა და საშინლად მიყვარდა ხოლმე იმეებში ქექიალი და თან მეშინოდა. . .

ხო,კიდე ფანჯრებზე ჭრაქები ეწყო და წიგნის თაროზე ,,როგორ იწრთობოდა ფოლადი’’. . .
ფოლადი რა შუაშია,როცა ათასი სხვა რამეა გამოსაწრთობი. . .

სულ მგონია რომ ის ყველაფერი,რამაც ჩემამდე მოაღწია,რაც ჩემში დაილექა და რასაც ვცდილობ თქვენ მოგიყვეთ,მართლა გამოწრთობილია...


ძალიან ბევრი მარტოობით,ზამთრის გრძელი ღამით, ზაფხულის დიდი,ბევრსაზრუნავიანი დღით,ნისლიანი გაურკვევლობით, პრიმიტივიზმით,გულწრფელობით,სევდით,ბევრი ფერებით,ტაბუებით,ნდობით,სიჩუმეში ჩამარხული დიალოგებით, ახლოს მთვარით,ცხელი მზით, შენი გასაყვანი და გაყვანილი ბილიკებით,მცენარეების ჩაის არომატით და კიდევ იმ ფარული ინგრედიენტებით,ყველა კარგი სპეციალისტი თავისთვის რო იტოვებს საიდუმლოდ...




მე მგონი იქ,სადღაც,რომელღაცა ხევში დარჩა ფარული ინგრედიენტები და მე ჯერ კიდევ ვერ დავიჯერე რეინკარნაციების ისე,როგორც ოდესღაც აქ ჯეროდათ ერთად ქრისტიანული და წარმართული სიწმინდეების...

მე ჯერ ისე არასოდეს დავღლილვარ თბილ ამინდებში,რომ ზამთრის ღამეებში უძილობა არ დამეწყოს...

არასოდეს შევუწუხებივარ სიჩუმეს ისე,რომ ხმამაღლა მეყვირა ექოს მოლოდინში...

არასოდეს დავლოდებივარ ვინმეს ისე,რომ მომავალი მზე მგონებოდა...

არასედეს შევშინებულვარ ისე,რომ ხევებში ჭინკები დამენახა...

არასოდეს გამიხელია თვალები ისე,რომ მეზობელ სოფელში ამვლელ-ჩამვლელი დამენახა...

არასოდეს ავსულვარ მთაზე ისე,რომ მეფიქრა,ჩამოსვლა უფრო ძნელია თქო...

არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ნატურალური,რომ ბუნების ენის სწავლა დამეწყო...






სამაგიეროდ,მე ვიცი,რატომაც კრეფენ და ახმობენ ყვავილებს ზაფხულში...

ვიცი,რატომ შამანდება ბებო

ვიცი,რატომ მივდივარ ხოლმე როდესღაც უსასრულო აღმართზე,მარტო,შეღამებულზე და თუნდაც წვიმაში...
ვიცი,რატომ უნდა მეცვას ჭრელი წინდები...



ვიცი,რატომ ესიზმრება მამას ის ბილიკები ყველაზე ხშირად
ვიცი,რატომ მიყვარს შეუკაზმავი ცხენები
ვიცი,რატომ არის ყველაზე ხშირი იქაური მირაჟი სიკვდილი

და

კიდე ვიცი,რომ მე რომ დაუდგენელი იმპულსები მმართავენ,მარტო ჩემი ბრალი არ არის...
და რომ გაქცევის სურვილი ბუნებრივია,უბრალოდ გაქვევაც მორიგი ილუზიაა



პ.ს. სულ მინდოდა ამომექექა ჩემი თავი,დაახლოებით ისე,ადრე რო ბების სკივრებს ვქექავდი ხოლმე




სულ მეშინია,როცა ჩემში ქექვას ვიწყებ,რაღაცეები დაჭმული მხვდება,რაღაცეები მოპარული და რაღაცეები გახუნებული...


მაგრამ მაშინ,ბავშვობაში ვისწავლე,რომ სკივრში,მიუხედავად უცნაური სუნისა,დაჭმული რამეებისა და ბებოს აკრძალვისა,სკივრში ყოველთვის იპოვი რამე ჭრელს და საინტერესოს...
ახლა ის სკივრებიც ცარიელია და იმ ჭერხოში ყრია,ჩემი საქანელა რო ეკიდა ხოლმე.
სამაგიეროდ,მე აღარ მეშინია სიცარიელის ,ახლა შემ თავში ქექვის მეშინია

Saturday, January 16, 2010

სულ ასე ხდება ხოლმე...


პირველი ნაწილი იმისა,რაც ბოლო დღეებში ჩემი ტვინიდან ამოვქეექე...

 

სულ ასე ხდება ხოლმე. . .

ამოვდივარ, ყველა და ყველაფერი ერთად მხვდება, თავიდან ბევრს ვლაპარაკობ და ბევრს ვუღიმი, მერე ვითიშები და მერე ვხვდები რომ ან არაფერი  ან ძალიან ბევრია და მერე ასე ხდება ხოლმე. . .



არ ვიცი რატო,მაგრამ მგონია რომ რამე სხვა განზომილებაში ამოვყოფ ხოლმე თავს...

 ფაქტია რომ ჩემი სხვა განზომილება აღარ მეორდება. . .

ბებიაჩემი ისევ შამანდება და გაუჩერებელი ხმადაბალი ბუტბუტი აღარ
არსებული სამყაროდან და აუტანელი სიცხე ისევ ქმნის მირაჟებს. . .

გზაზე აუცილებლად შეგხვდება ქალი,რომელიც სულ გხვდებოდა ხოლმე,ძირითადად ზაფხულობით,ძირითადად მთვრალი და ძირითადად ნაკვალევების მაგივრად კითხვის დამტოვებელი უბედურების შესახებ. . .

ვიღაცეები აუცილებლად წაიღებენ სადმე შენ მშვიდ საღამოს და  ისევ დაელოდები ნისლიან დილას,მერე ნისლის გადასვლას და ჭიუხების გამოჩენას. . .



ადრე სხვა ამბები ხდებოდა ხოლმე:

ადრე  ამოდიოდა დედა და მამა, ამოყავდათ პატარა მე,რომელსაც ყველაზე მეტად წითელი მამლის ეშინოდა და ზუსტად ამ წითელმა მამალმა მოპარა სოსკა. . .

კიდე,დედამ ყველაზე მწვანე და გემრიელი ბულიონი მოხარშა ზუსტად მაშინ, როცა სახლის წინა გზაზე მეცხვარეებმა ჩამოიარეს,ცხენებით,ჯორებით და დიდი მეცხვარის ძაღლებით. . .


გოგონას ცხენზე უნდოდა შეჯდომა,მაგრამ ჯორზე შესვეს და ამასობაში ბულიონი მეცხვარის ძაღლებმა შეუჭამეს. . .

მერე,როცა ცოტა უფრო გაიზარდა და  მერეც,როცა კიდე  უფრო გაიზარდა, უკვე ცხენებზე ჯდებოდა ხოლმე, მოუკაზმავზე და სიცხის და ცხენის სუნის ჰიბრდი დაუმთავრებელი სიარულის სურვილს იწვედა. . .
ჯორები კი.. . .
ერთხელ მიწისძვრა მოხდა,სახლები სულ დაინგრა და ერთი ჯორი ნანგრევებში მოყვაო,უთხრეს დედამ და მამამ. . . სულ ეგონა მერე რა,მოყვა და გამოვიდა. ზაფხულში მიხვდა რომ ნანგრევებიდან როგორც წესი,ცოცხლები არ გამოდიან. . .

ახლა იქ, ბავშვობის სოფელში სულ მიტოვებული. სახლები და ნანგრევებია. . .
ვიცოდი ხოლმე რო ასე მოხდებოდა...

ვიცოდი რომ მოხუცები სულ ვერ იქნებოდნენ...
ვიცოდი რომ სოფელი,სადაც მარტო მოხუცები ცხოვრობენ,თვითონაც ბერდება ...
ვიცოდი რომ მარტო დატოვებული მოხუცები კიდევ უფრო სწრაფად ბერდებიან...
არადა,ის,რაც ნანგრევებში მოყვა,მოხუცებზე მეტად ჩვენ გვჭირდებოდა...
იქ ჩემი მეგობრის დედის თეთრი კაბა იდო სკივრში...
ბაბუას თაროზე ჭრაქები ეწყო და
საღამოობით ბალახების ჩაის ვადუღებდი


აბალახებული ბილიკებიდან მარტო ის რჩებოდა ბილიკად,რომელზეც შენ გაივლი...
გაგონილიდან მარტო ის ამბავი რჩება,რაც დავიმახსოვრე. . .
ზღაპრებიდან მარტო იმას ყვებიან საღამოობით,რომელსაც თვითონ ისმენდნენ ხოლმე ძილის წინ და
ნანგრევებიდან იშვიათად გამოდის ვინმე ცოცხალი...
აქ კი სულ ასე ხდება ხოლმე. . .

ამოვდივარ, ყველა და ყველაფერი ერთად მხვდება, თავიდან ბევრს ვლაპარაკობ და ბევრს ვუღიმი,მერე ვითიშები და მერე ვხვდები რომ ან არაფერი ან ძალიან ბევრია და მერე ასე ხდება ხოლმე. .

თან უკვე ვიცი,რომ ნანგრევებიდან ცოცხლები აღარ გამოდიან. . .

ის ბებოც მოკვდა, შელოცვები რომ იცოდა და კიდე ხინჯილ-ბუნჯილა თუ რაღაც მსგავსი თამაში რო მასწავლა ჭრელი ძაფებით. . .


ბებოს ხუცესი ქმარიც  და საფიხვნოდ წოდებული ბანიც, გრძელი საღამოებით, სამფეხაზე ჩამომჯდარი დაღლილი მამ-ბიძებით და პირდაპირ სოფელში დათვლილი ამვლელ-ჩამვლელით. . .

ის წყაროც დაშრა,სოფლის შუაში რო იყო და იქვე მდგარი ადგილის დედაც ისე აბალახდა,ადგილის ჭაღარა ბებოს დაემსგავდა. ალბათ, ჭრელი წინდების ქსოვას დაიწყებდa,ვინმე სულიური რო მოიპოვებოდეს ახლო-მახლო…

ის ჩიტის საფლავიც დამავიწყდა სად იყო, როდესღაცა ნაჭერში გახვეული რო დავმარხე და ის აღმართიც დამიპატარავდა,ადრე გულამომსკდარი რო ავდიოდი და უსასრულო მეჩვენებოდა. . .


აღმართზე მარჯვნივ და მარცხნივ ძალიან ბევრი ჟოლოს ბუჩქები იყო და სოფელში ერთი დიდი,მსუქანი, ღორმუცელა კაცი ცხოვრობდა,რომელიც ჟოლოს ბუჩქებს მუსრს ავლებდა. . .

ერთხელ ისეთ ფრიალო კლდეზე იყო აფორთხებული და ქვემოდან ისეთი მრგვალი ჩანდა, დათვი მეგონა. . . ისე,მაგ გზაზე სულ რაღაცეები მეგონა ხოლმე. . .

ერთხელ,საღამოს მომინდა ასვლა, ბნელდებოდა და წვიმას იწყებდა,მაგრამ ისე სასტიკად მომინდა,ვთქვი წავედი თქო და წავედი. . .

მერე რა თქმა უნდა წვიმამ დაიწყო, მე ჯერ ისევ შუა გზაში ვიყავი და თავშესაფრის ძებნაში ყველაზე დიდი ხის ქვეშ ამოვყავი თავი. . .

მერე ვიღაცამ გამოიარა, მოკაზმული ცხენით და სიმპატიურმა. . .

ხანგრძლივი ლექცია წამიკითხა,რომ მთაში წვიმაში ხის  ქვეშ ყველაზე საშიშია,მეხები ცვივა ციდან და იმ ჩემ უსასრულო აღმართზე ცხენით ამიყვანდა. . .

სიმპატიურობა რა თქმა უნდა,აღმართის ბრალი იყო,დანარჩენი მართალი და მეც იმის მერე კიდე ათასჯერ ავედი აღმართზე წვიმაში. უბრალოდ თავშესაფრებს აღარ ვეძებდი და სიმპატიურებს აღარ ველოდებოდი. . . ისევ შეუკაზმავი ცხენები მერჩივნა. . .

p.s. გაგრძელება იქნება რაც შეიძლება მალე  :)

Friday, January 15, 2010

,,ჯეო მოსახლეობა”, ჯეოსტარი ,,,კომპეტენტური ჟიური’’ და ”ნიჭიერი”

ჯეოსტარზე უნდა დამეწერა


მსგავსი პროექტები არ მიყვარს,იმიტომ რომ სახელშივე ტყუილია ჩადებული. . .

ჩვენთან, როცა უკვე საბოლოოდ დასამარდა შოუ-ბიზნესი და ქართული ესტრადა, არ არსებობს მომთხოვნი მსმენელი და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მუსიკას მარტო სამარშუტო ტაქსებში უსმენს (ისიც იძულების წესით და მძღოლის გემოვნების გათვალისწინებით), არ არსებობს არანაირი ილუზია იმისა,რომ პროექტის არათუ მონაწილეები, გამარჯვებულებიც კი, ,,სტარები’’ გახდებიან.



სამაგიეროდ ქვეყანაში მოსახლების ერთი ნაწილი ხდება ,,ჯეო მოსახლეობა”, კიდევ უფრო მწვავდება ვიწრო ნაციონალიზმი, რომელსაც ისედაც საშინელი და ამაზრზენი სახე აქვს მიღებული, ტურიდან ტურში ადამიანი გადადის არა იმის მიხედვით,როგორ იმღერა, არამედ იმის მიხედვით, რომელ კუთხეს უფრო მეტი გულანთებული ,,ჯეო მოსახლეობა’’ ყავს და მთელი ერი იკვებება ილუზიური,უნიჭო ნაწარმით. . .

თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო,რომ საკვები იმდენად მსუყეა, ცოტა თუ აფიქსირებს ნონსენსებს,რასაც ის მოიცავს. . .

მაგალითად ის, რომ უკვე მეორედ შოუს არსებობის განმავლობაში, იყო მონაწილე ხევსურეთიდან, მაშინ, როცა ჯეოსელს იქ საკუთარი ანძაც კი არ
აქვს. . .

არადა, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის მთავარი ფუნქცია ზუსტად ბაზრის ბოლომდე ათვისება უნდა იყოს და მხოლოდ მას შემდეგ მსგავსი შოუების მოწყობა.. . .

კი,მესმის რომ ჯეოსტარი ბევრად უფრო შემოსავლიანი პროექტია,ვიდრე ანძის დადგმა ორასი კაცისთვის,მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის მთავარი შემოსავალი იყოს,არ შეიძლება 200 კაცს მარტო იმიტომ არ დაუდგა ანძა, რომ ისინი 200-ზე მეტი არ არიან და გყავდეს წარმომაგგენელი კუთხიდან,სადაც აბონენტი პრინციპულად არ გყავს,კიდევ ერთი ტუილია,რომ კონკურსის მონაწილეები თანაბარ პირობებში იმყოფებიან. . .



ისეთივე ტყუილი,როგორც ის,რომ გყავს ჟიური, რომელიც არაფერს არ წყვეტს, სამაგიეროდ ყავს თავისი ღია ფავორიტები და ბოლო წლებში იმდენად ლოიალური და ,,კეთილი’’ გახდა, გეგონება რომ მისი ფუნქცია მარტო ღია ფავორიტების ყოლაა. . .

ეს ხომ ის შოუა,სადაც ადამიანებმა რამე უნდა ისაწვლონ,გაიზარდონ და შენიშვნებიც ისმინონ. . . და ვისგან თუ არა ,,კომპეტენტური ჟიურისგან’’?

არასოდეს დამავიწყდება მსგავსი გერმანული პროექტის ჟიურის ერთ-ერთი მრისხანე წევრის,დიტერ ბოლენის სასტიკი კომენტარები,რომელიც აბსოლუტურად ობიექტური იყო ხოლმე და არა მარტო კონკურსის მონაწილის მუსიკალურ შესრულებას,ჩაცმის სტილს და მოძრაობებსაც კი ეხებოდა,ზოგჯერ არაკორექტულადაც,მაგრამ არასოდეს სუბიქტურად და არასოდეს არასოდეს უსამართლოდ.

ეგრეა,როცა გინდა ,,სტარი” გახდე,ყველაფერი უნდა გაითვალისწინო

როცა გინდა ,,სტარი’’ გახდე,ვიღაცას მართლა ,,სტარი” უნდა ჭირდებოდეს და არა კიდევ ერთი კლუბის ან ბარის მუსიკოს-მომღერალი..

როცა ,,სტარობა’’ გინდა, მხარდამჭერებს შენი ნიჭი უნდა განაპირობებდეს და არა წარმომავლობა და გვარიშვილობა. . .

როცა გინდა ,,სტარი’’ გახდე,მთელი მოსახლეობა უნდა მოიაზრებოდეს შენ აუდიტორიად და არა გაურკვეველი ,, ჯეო მოსახლეობა”…

,,ჯეოსტარი ‘’ მოგვეხსენება უცხოური მსგავსი პროექტის მოდელზეა აგებული,მაგრამ,იქ,სადღაც მართლა ხდებიან სტარები,აქ სტარობა ან ილუზიაა,ან მარაზმი,ან მარაზმში გადასული ილუზია. . .

შესაბამისად, თუ მაინც არავინ გაცდება სტარი, თუ მაინც არ განვითარდება ქართული მუსიკალური სამყარო და არ გაიზრდება მსმენელი, თუ წლიდან წლამდე ერი შესაშური თვინიერებით დაელოდება შოუს,რატომ უნდა იყოს ჟიური უფრო ფუნქციური?

რატომ უნდა ზრუნავდნენ ორგანიზატორები უფრო დახვეწას,თუნდაც ყელში ამოსული წამყვანების შეცვლას?

თუ მაინც კლუბში ან ბარში მთავრდება სტარის გზა,რატომ უნდა მოიკლას თავი კონკურსის მონაწილემ?



ერთი წლის მერე თუ ისევ სრულიად ჯეო მოსახლეობა არნახულ აქტივობას დააფიქსირებს და მისიას ისევ მხოლოდ ჯეოსელი შეასრულებს. . .

მე უბრალოდ იმიტო ვწერ,რომ მინდა რუსთავი 2-ის ახალი პროექტის,ნიჭიერის ბლოგის ავტორი გავხდე…

მისურვეთ წარმატებები :)

Tuesday, January 12, 2010

გაქრობისწინა პოსტი


შობის მერე გამქრალი მე გამოვჩნდი, შემდეგი ერთკვირიანი გაქრობისწინა პოსტის დასაწერად.


დღეს სისხამ დილას ავდექი,რაც პრინციპში პირველი შემთხვევაა გერმანიიდან ჩამოსვლის მერე,მაგრამ ისეთი ბედნიერი მოტივაცია მაქვს, ჩემთვის ყველაზე წმინდა და ტკბილი დილის ძილიც კი უბუზღუნოდ დავთმე.

მოკლედ,სულ რაღაც რამდენიმე საათში ხევსურეთში ვიქნები.

ბევრს ვიბოდიალებ,უფრო დიდ თოვლს დაველოდები, იმ რამეებს მოვუსმენ,რასაც აქამდე ვერ მოვუსმინე, იმ რამეებს წავიკითხავ,რაც აქამდე ვერ წავიკითხე და იმედია იმ რამეებსაც დავწერ, აქამდე რო თავი ვერ მოვაბი. . .

კიდე,ვეთამამაშები ჩემ პაწაწუნა ბიძაშვილს, ბევრ ამბებს მოვაყოლებ

ბებიაჩემს და ვნახავ ბევრ ,,ჩემებს’’. . .

იმედია იქნება ნისლიანი დილები და მერე გამოჩნდება ჭიუხები. . ..

მერე მე გამეხარდება,გავბოდიალდები აივანზე,აივნიდან გარეთ,გარედან სადმე და მერე ვიფიქრებ,რომ ძალიან,ძალიან კარგად ვარ. . .



მერე გამახსენდება ათასი მსგავსი კარგად ყოვნა
 აივანზე, სახლამდე ასავლელ გზაზე, ჭალაში ჩემი
 დღეებით და ღამეებით სავსე სხვა ადგილებში
და მე უბრალოდ ჩავისუნთქავ ბევრ სუფთა ჰაერს. . .



მოკლედ,კვირამდე და ბედნიერად. . .

Friday, January 8, 2010

საშობაო ფოტოკოლაჟი

გილოცავთ შობას. 
დღესასწაულები მიყვარს.
არ მიყვარს სადღესასწაულო მისალოცი ტექსტები, დღესასწაულებზე გახსენებული-შეკრებილ-ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები.

ჩემ დღესასწაულზე, როგორც რიტუალებზე შეყვარებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე, ყველაფერი რიტუალების შესრულებით დაიწყო:
ანუ წავედი ღამისთევაზე, სადაც მაიძულეს აღვშფოთებულიყავი: აღმაშფოთებელი,ბუნებრივია იყო ეს, რისი სურათიც არის და სახელი ჯერ კიდევ  ვერ მოვიფიქრე...

მოკლედ, ეკლესიასთან იდგნენ ძალიან თავაზიანი, ძალიან მეგობრული, კეთილგანწყობილი და ა.შ. ბიჭები და გვილოცავდნენ შობას. თუმცა რეალურად ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიის პიარ კამპანიას აკეთებდნენ ეკლესიის  შესასვლელთან თავაზიანი, მეგობრული და კეთილგანწყობილი სახეებით.

კი, ნამდვილად,  მილოცვა პარტიის სარეკლამო აქცია იყო, რელიგიური დღესასწაული სააგიტაციო ადგილი, ხატი საარჩევნო კამპანიის სარეკლამო პლაკატი  და ჩვენ ხალხი, ვისაც ეგ ყველაფერი უნდა მოწონდეს.

არ არის რა მოკლედ, კარგი ეგეთი ამბები.

გამოძინების, ოჯახური ერთად საუზმის და სხვა მსგავსი დილის პროცედურების მერე, ასე სასტიკად რომ მიყვარს, წავედი ალილოზე.
მიყვარს სიჭრელე.

მსვლელობის დაწყებისთანავე თვალში მომეჩხირა ახალი ობიექტი:
კარგი,მესმის რო არ შეგვიძლია ერს მანქანების გარეშე, ისიც მესმის, რომ წავუდებილებთ და მაინცდამაინც დიდ და გრანდიოზულ მანქანებზე გვაქვს მოთხოვნილება და ისიც რომ უადგილო ადგილებში ამ მანქანების გაჩხერისგან თავს ვერ ვიკავებთ, მაგრამ რა უნდა ალილოზე ამხელა ხრინგალს, მართლა არ ვიცი.

მეზარება იმაზე ქაქანი, რომ ჩემი ერს ეკეტება გადაკეტილ რუსთაველზე, ერს ყავს სასტიკი და შეუპოვარი სტიქაროსნების არმია და რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა,მაინც მიყვარს დღესასწაულები,სიჭრელე და რიტუალები. 
 


 ჩემი დღესასწაული აქ არ დამთავრებულა, სადაც მსვლელობა.
ჭრელი მარტო მასა არ არის და ყავა ბეილისით და ჩემი მეგობრები ჩემი ყველაზე კარგი რიტუალია.

მრავალ შობას

Wednesday, January 6, 2010

გასიზმრება მომხიბლავი იდეაა...

ზღვისპირა ქალაქში პირველად ჩასულს რა უფრო გაკვირვებს,ბევრი სიცხე თუ ბევრი უცხო?

რა ჯობია, ზღვისპირა ქალაქში, ზამთარში კოცონის დანთება და თუ ზაფხულში სანაპიროზე სეირნობა?

როდესმე ზღვისპირა ქალაქში რო ჩამოხვალ,ისევ დამეკარგებიან შენი სიტყვები და შენ ისევ არ მომიყვები ჩემ ამბებს?

მიყვარს,როცა რამე სათქმელი მაქვს…
ვჩუმდები, დღეს მოსმენის ამინდია..

თოლიები ნაპირთან ახლოს დაფრინავენ,წვიმის წვეთები ტალღებზე არწკაპუნებენ და მოხუცებული წყვილი ჩემი ყველაზე ძველი ზღვისპირა ქალაქის მოგონებებიდან ისევ ერთი ქოლგით გამოდის სასეირნოდ საღამოს,8-ის თხუთმეტ წუთზე. . . იმ მიწაზე სასეირნოდ,ყოველთვის ცოტაა როა ზღვისპირა ქალაქებში,მ ე რომ ბევრი მჭირდება და როცა ვპოულობ,ისევ დაცულობის განცდა რომ მეუფლება. . . მიწის გარეშე სისულელეა,კოცონს წყალზე ხო ვერ დაანთებ?
წყლად ხო არ იქცევი? წყლიანი ქალაქიდან ხო ვეღარ მოგინდება ზღვაზე წასვლა?






გუშინაც წვიმდა,მე ზღვისპირა ქალაქში არ ვიყავი,თოლიები ჩემიდან შორს და ნაპირიდან ახლოს დაფრინავდნენ,კაშნე გავიკეთე, თმაში ყვავილი დავიმაგრე და ყველა შემხვედრს მეგობარივით მივესალმე,როდესმე გამახსენდება რომ როდესღაც ლამაზი და ყურადღებიანი ვიყავი და გამეღიმება...
ხოო,ხშირად ვიღიმი,იმიტო რომ ბევრ ამბებს ვაგროვებ,მერე ზოგს ჩემ თავს ვუცვლი ღიმილში,ზოგს სხვებს ყურადღებაში. .. .
ზოგჯერ არ ვიცი,კარგია თუ არა,როცა ამბები გიგროვდება...

ბევრს სიტყვებს ვერ გაუძლებ,კარგი მსმენელი ან გამოივლის,ან არა.. .ამ ზამთარში ყველა თავის ბუხართან ზის,ყველა თავის ზაფხულს ელოდება, და ყველა სიამოვნებით ცვლის ამბებს ყურადღებაში...

იცი ვინ გამახსენდა?
აი,ის გოგონა,ზამთარში ნეკერჩხლის ხეზე შერჩენილ ფოთოლზე ჯიუტი რო იყო, რო ამბობდა არასოდეს ვტირიო და სულ მსმენელი რო უნდოდა ყოფილიყო...

მართლა მეგონა ხოლმე,ნეკერჩხლის ხეზე კიდია და ჩვენ კი არა,ზამთარს უსმენს თქო. . .

თან ვერ ვხვდებოდი,ზამთარს რა უნდა ეთქვა ჩვენზე საინტერესო. . .

მოდის და ქარი ქრის. . .

მაგისნაირ გოგოებს სიცივის ალერგია და ცრემლდენა ემართებათ,მაგისნაირ ნეკერჩხლის ფოთლებს ავიწყდებათ სიჯიუტე და პირველივე ყინვაზე საშინლად იღვლარჭნებიან. . .

ეგ კი ზის და გისმენს,არავინ იცის, შენ თუ ზამთარს... მგონია კოცონთან კი არა,მზესთან ზის, სითბოს და სიტყვებს თავისში ვერ ინახავს და გამტარია ჩვენსა და სიტყვებისა და სითბოს განსასვენებელს შორის. . .


ამ პატარა, წითელ-ყვითელ გოგოზე არაფერი ვიცი და ზომაზე მეტს ვფიქრობ. . .

ზოგჯერ მგონია,აღარ არსებობს,ფოთლებთან ერთად ჩამოვარდა და დროა დავივიწყო. . .
ზოგჯერ მგონია არც არასოდეს უარსებია...
ზოგჯერ ისევ ჩნდება,ისევ მგონია რომ სიტყვებს და სითბოს ვერ ინახავს და გამეხარდება რომ ჩემი სითბო და სიტყვები მასთან ხვდებიან და არა ვინმე სიპ, ემოციების ამსხლეტ არსებასთან. . .



სისულელეა:
ომი ჯავშანჯილეტით

სექსი პრეზერვატივით

წვიმა ქოლგით

ცხენი უნაგირით

ჩეფირი შაქრით

დილის ძილი გვერდზე ჩასაფრებული მაღვიძარით

ზღვისპირა ქალაქი ბევრი მიწით და სიმყარის შეგრძნებით

გოგონა ნეკერჩხლის ფოთლისნაირი სიჯიუტით



მგონია ხოლმე რომ როდესმე თავისი ნებით ჩამოვარდება,უკან გამოიხმობს სადღაც გაგზავნილ სიტყვებს და სითბოს,თავის სიჯიუტეს და სიჩუმეს ზღვისპირა ქალაქში პირველივე კოცონში დაწვავს და მე თვალს აღარ გავაყოლებ. . .


მგონია ხოლმე რომ ზღვისპირა ქალაქში თოლიები ნაპირთან ახლოს იშვიათად დაფრინავენ,მოხუცებული წყვილი ჩემი ყველაზე ძველი ზღვისპირა ქალაქის მოგონებებიდან ისევ ერთი ქოლგით გამოდის სასეირნოდ საღამოს,8-ის თხუთმეტ წუთზე, წითელ-ყვითელი გოგონა ჩვენშია და უბრალოდ ბოლომდე თვალის გაყოლების გვეშინია...

მგონია რომ ხვალ რომ ავდგე და ზღვისპირა ქალაქში წავიდე, არც კოცონს დავანთებ და არც ბევრი უცხო დამაბნევს,უბრალოდ,ყველა სიტყვა დამეკარგება...

მგონია რომ ახირებული ზღვისპირა ქალაქიც,ნაპირზე კოცონიც და წითელ-ყვითელი
გოგონაც დაკარგვას გადარჩენილი სიტყვები არიან...

მგონია რომ სიტყვები სიზმრების ნაკვალევებია...

გასიზმრება მომხიბლავი იდეაა...

Tuesday, January 5, 2010

ყველაზე მოსაყოლი: იმ წელში ვცხოვრობ,რომლის კალენდარიც არ მაქვს. . .

ვთხოვე რამე მომიყევი და არა,შენო. . .
მე იმაზე ფიქრი არ მინდოდა,რაც ყველაზე მოსაყოლი იყო. . .
მაგრამ შენო . . .
გუშინ ვიფიქრე რომ საერთოდ არ მიცნობ თქო. . .
ეგრე შენ ფიქრობ და არასწორიაო
ხო,მე ვფიქრობ და ჩემთვის ეგრეა. . .
არ ვამბობ რომ ცუდი ან კარგია,
უბრალოდ მართლა ეგრეა. . .
ეგრე რომ არ იყოს რამეს მომიყვებოდა და არ გამახსენებდა რომ შარშან უსაყვარლესი კალენდარი უნდა მეჩუქებინა. . .
მერე აღარ ვაჩუქე. . .
მერე მივხვდი,რომ ლოგიკური იყო,რად უნდოდა უჩემო წლის კალენდარი.. .
კიდე მერე ვიფიქრე,მოდი,წელს ვაჩუქებ და ერთად ვიქნებით ერთი წლით უკან, მაგრამ ჩემ ნაჩუქარ დროში თქო. . .
მერე ისევ აღარ ვაჩუქე. . .
ვუთხარი და რატომო. . .
ხო ვამბობ არ მიცნობს თქო. . .
არ ვამბობ რომ ცუდი ან კარგია. . .
უბრალოდ ეგრეა. . .

პ.ს.
ყველაზე მოსაყოლი:
ახლა იმ წელში ვცხოვრობ,რომლის კალენდარიც არ მაქვს. . .
არა იმიტო რომ ვინმეს ვაჩუქე,უბრალოდ არ ვიცი რომელი წელია. . .
იყო უკვე თუ მოვა. . .
ამჯერადაც არაფერს არ ვამბობ,უბრალოდ ეგრეა. . .

Saturday, January 2, 2010

meine piratin,მეც მიყვარხარ :)






ასე,მართალია,მოვიდა,წავა და მაინც არაფერი,მაგრამ რაღაცეები მაინც სულ ხდება,როგორც რაღაცეების წესია...
მე მგონი ცხოვრებაში პირველად მივიღე წერილი,რომელმაც სულ დამავიწყა რომ თოვლის ბაბუა არ მოვიდა,ჩემი მეგობრები მენატრებიან და თოვლი ოცნებებში დარჩა ზღვასთან ერთად...

მე თვითონ ხშირად არ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს იმას,როგორ მიყვარს და რა კარგია და როცა მეუბნებიან,ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა,სულ მეშინია დაჯერების...
ეს წერილი იშვიათი გამონაკლისი იყო,რომელმაც რაღაცნაირად გამახსენა,რომ ჩემი თავი უნდა მიყვარდეს...

ხოო,კიდე,ამ ახალ წელთან დაკავშირებით,ვიფიქრე,ვიფიქრე და მოვიფიქრე,რომ ჩემი თავი კი შემიყვარდა,მაგრამ არსებობს რაღაცეები,რაც სასწრაფოდ გამოსწორებას საჭიროებს:მაგალითად უნდა ვცადო,ცოტა უფრო კონკრეტული გავხდე,თორე ჩემი ჩამოუყალიბებლობის გამო ვერასოდეს ვიპოვი პასუხს ისეთ კითხვებზე,როგორიცაა: რა გეგმები მაქვს,სად მინდა მუშაობა,რატომ არ ვაგრძელებ სწავლას და რას ვაკეთებ ხვალ საღამოს :D
გულწრფელად შემშურდა ხალხის,რომლებმაც ჩამოწერეს პოსტებში კონკრეტული სურვილები ახალი წლისთვის და უკვე გაკეთებული საქმეები წინა წელში....
მაინც მიყვარს ჩემი აბსტრაქტული თავიც და დაულაგებელი წლებიც....
ბოლო პერიოდია სულ სადღაც ვარ და დღეს კატასტროფულად მომინდა სახლი,ამიტომ არ წავედი სიღნაღში,ვკითხულობდი და ვისმენდი თბილ სიმღერებს,მაგრამ,ისევ სადღაც წასვლა გადამიწყვიტეს ჩემმა გადარეულებმა...
არადა,ძალიან მინდოდა ახალი დიზაინი ამერჩია ჩემი ბლოგისთვის,თორე მომწყინდა ეს,თან აღმოვაჩინე,რომ არც ისეთი ფუნქციურია,როგორიც მე მჭირდება და მოკლედ,გამოვუჩინე ჩემ თავს ახალი თავსატეხი...
 წავალ ახლა,მივატოვებ ჩემ თბილ სახლურ დღეს და როდესმე ავარჩევ ახალ დიზაინს,დავწერ უფრო საინტერესო პოსტს და გავიღიმებ ხოლმე,როცა ეს წერილი გამახსენდება...
meine piratin,მეც მიყვარხარ :)