Friday, February 26, 2010

სულ რამდენიმე გრამი ძილი რა,თუ შეიძლება

ახლავე ვიტყვი,რომ პოსტზე ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნი და უძილობას ვაბარებ.უძილობა თანახმაა და ამბობს,უარესი საშინელებები ამიღია ჩემ თავზე,არაფერი ახალიო.


აი,რას ვერ ვიტან და ყველა წესის და რიგის და კანონის და კიდე რა ვიცი,მსგავსი ჯანდაბების თანახმად რო უნდა მეძინოს დო ვერ ვიძინებ...  არ თქვათ მერე,რატომ შეჯდა ფსიქოტროპულებზეო :I
კიდე ვერ ვიტან,როცა იმდენად ვერ ვიტან რამეს,რომ აუტანელი ბებერი ქალივით ბუზღუნს ვიწყებ და სისულელეების ლაპარაკს და ფიქრს.
არადა,ხო გქონიათ დღე,როცა დილას უგემური ყავა დალიეთ და მერე მთელი დღე განწყობა ვეღარ იპოვეთ,ან ქუჩაში რამე უბედურება მოხდა თქვენ ცხვირწინ, ან ტანსაცმელი ვერ მოიხდინე და ახლა ყველა,ვინც გიყურებს,გაღიზიანებს...აი,ზუსტად ეგრე ვიქნები  დილას..დილას კი არა,როცა გამეღვიძება მაშინ..
არადა,გაზაფხულობით სულ ასე ხდება ხოლმე,ჯერ უძილობა იწყება,მერე რამე უაზრო ფლირტი და სანამ კარგი შხაპუნა წვიმები არ დაიწყება და პახოდების დრო არ დადგება,უნდა ვიარო თვალებჩაშავებულმა და გაღიზიანებულმა.
ხოოოდა,სანამ ამ გრანდიოზულ ონლაინ სივრცეში მარტო ვარ და ვერავინ მომიყვება,ცხვრების დათვლის გარდა მალე დაძინების რა ხერხები არსებობს,მე აფთიაქში ჩასვლა მეზარება და პახოდების დრომდე გაღიზიანებული ჩემი თავი სულ არაფერში მჭირდება,მომივიდა გრანდიოზულად კარგი იდეა. რა თქმა უნდა ბლოგთან, ფოტოებთან და ამბებთან დაკავშირებით.
ხოოდა, დაძინების და გაღვიძების მერე ,,უდაბნოზე'' დავწერ, მერე თვის ინტერვიუს და მერე ახალი გემრიელობის დრო მოვა.

პ.ს.
რათ მინდა ვარსკვლავები ცაზე და ჭეშმარიტებები  ჩემში, თუ თავს არაკომფორტულად ვგრძნობ?

Wednesday, February 24, 2010

სტატისტიკურმა კვლევებმა ცხადყო რომ მკვეთრად იმატა შემთხვევითი გამვლელების რიცხვმა

საწოლზე ხე ამოვა ჩემი უნაყოფობის დასამალად?
მერე მეორე ხე ამოვა მარტოობის დასამალად,  ორ ხეს შუა წითელ თოკს გავაბამ და  შემთხვევით გამვლელთან ერთად მეორე დილას წინა საღამოს მოყოლილ ამბებს გავფენ. არა გასაშრობად, არა გამოსააშკარავებლად, არა გასახუნებლად, უბრალოდ იმიტომ რომ ხეებმა დაივიწყონ მარტოობის დასამალად რომ ამოვიდნენ. . .

ხეების მეხსიერება ჯერ გაშიფრული არ არის, სამაგიეროდ სტატისტიკურმა კვლევებმა ცხადყო რომ მკვეთრად შემცირდა ადამიანების რიცხვი, ვინც ხეების,ქარების და გადამფრენი ჩიტების გადაცემებს უყურებდა...

მაყურებლები ჯერ არნახული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: გაურკვეველ განზომილებაში, სადაც ამბები მარტო წარსულ დროში მოიყოლებოდა, ხეებს შუა წითელი თოკები არ შეინიშნებოდა და საყურებელი არაფერი იყო.

ხეების,ქარების და გადამფრენი ჩიტების გადაცემებს ისედაც არავინ უყრებდა, ახლა ხომ მით უმეტეს. სამაგიეროდ,სტატისტიკურმა კვლევებმა ცხადყო რომ მკვეთრად იმატა შემთხვევითი გამვლელების  რიცხვმა. იმდენად,რომ ადამიანები მიხვდნენ, გამვლელი შემთხვევითი არასოდეს არ არის და საერთოდ ბუნებაში შემთხვევითობები  არ არსებობს,ჩვენ ყველანი გრანდიოზული კანონზომიერების ზემოქმედების ქვეშ ვართ.

გრანდიოზული კანონზომიერების საფუძვლები
თავი მეცხრე
თუ ჩემი მარტოობა შენი ზომის აღმოჩნდება,აუცილებლად ამოვა ხე ჩემ საწოლზე მის დასამალად.
თუ წითელ თოკს საკუთარი თმებისგან დაგრეხ,მაშინ ზედ აუცილებლად გაიფინებიან წინა საღამოს მოყოლილი ამბები.
თუ ადამიანებს გაუღიმებ და გემრიელ ჩაის მოუდუღებ,იმის ნაცვლად,რომ კითხო,უყურა თუ არა გუშინ რომელღაცა ყბადაღებულ შოუს,არასოდეს არ იქცევა შემთხვევით გამვლელად.შენთან დარჩება და უფრო საინტერესო ამბებს მოგიყვება,რომელიც საწოლთან ამოსულ ხეებს შუა გაჭიმულ თოკზეც რომ გაფინო,არ გახუნდება.....

კანონზომიერების საფუძვლები სქელტანიანი წიგნი იყო და ბევრი თავებისგან შედგებოდა,რამდენიმე ფურცელი მაშინვე ამოხეული ქონდა და დარჩენილი ფურცლები გაყვითლებული.
მე მოკლეხნიანი მეხსიერება მაქვს( ხეების მეხსიერებისგან განსხვავებით,ჩემი დადგენილია), და მარტო ამ ნაგლეჯის დამახსოვრება მოახერხა და კიდე იმის, რომ გაქცევა არასოდეს არ არის გამოსავალი.
არადა, მაინტერესებს, ხე თუ არ ამოვა საწოლზე და საწოლი ავა ხეზე, რა ხდება, ან თმა თუ სათანადოდ წითელი არ არის, რისგან უნდა დავგრიხო თოკი და თუ საკუთარ სახლში თავს ზოგჯერ არაკომფორტულად ვგრძნობ, სად მოვადუღო ჩაი.
მოკლედ, თუ ვინმე იმ ჩემ წიგნს თვალს მოკრავთ, დამიბრუნეთ.
თუ სხვა თავებს გაიხსენებთ, მომიყევით.
თუ ამბავი გექნებათ, მომიყევით.
თუ შინაგან კომფორტზე მონადირე შემოგეყარათ, გამომიგზავნეთ.

p.s.ხომ  ვამბობ,შემთხვევითი გამვლელები არ არსებობენ თქო,დავაწიოკე სრულიად ინტერნეტი და მსგავსი რამის ფოტო ვერ ვიპოვე :)

Monday, February 22, 2010

სადაბადებისდღეო პოსტი

ტორტებს ხო დაბადების დღეს წინა დღეს აცხობენ ხოლმე?


ხოოდა,მეც დღეს გამოვაცხობ სადაბადებისდღეო პოსტს.

ხვალ ერთი წლის ვხდებით.

მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის,ისევ ემბრიონები ვართ,ისევ სქოლიოზი გვაქვს და დაბადებას ისევ ველოდებით.

ბოლო პერიოდში,რაც მკვეთრად გამოხატული უსაქმური გავხდი,უფრო ხშირად და ბედნიერი სახით აღვნიშნავ რო ბლოგერი ვარ.იმიტომ რომ ბლოგი იმ იშვიათ საქმეთაგანია ჩემ ცხოვრებაში,რომელიც მალე არ მომწყინდა,რომელიც არ მეჩვენება რო სისულელეა და რომელიც ძალიან,ძალიან ჩემია.

თუ გინდა ნასტასიას ბედნიერი სახე დაინახო,აუცილებლად უნდა უთხრა რომ ბლოგს კითხულობ,იმიტო რომ ძალიან ხშირად არსებობსს რაღაცეები,რასაც ჩაიზე და ყავაზე არ მოგიყვებით,რაზე ლაპარაკიც არ გამომდის,რაც ზოგჯერ არც ვიცი თუ ჩემშია და მერე აქ იბუდებს ხოლმე..ვამბობ ხოლმე,აბსოლუტური მე აქ ვარ თქო.

აბსოლუტური აქაც არ ვარ და საერთოდ აბსოლუტურობების არ მჯერა.
სამაგიეროდ მჯერა,რომ ბლოგი ყველაზე კარგი სახლია,რაც ამ წუთას მაქვს.


არადა,ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო.

ნასტასია ძალიან დიდ დროს ატარებდა ნეტში და ძალიან ბევრ ბლოგს კითხულობდა.

ნასტასია ძალიან შორეული ბავშვობიდან თვლიდა,რომ ძალიან კარგი იქნებოდა,ის,რასაც ფიქრობდა და რისი თქმაც უნდოდა,მარტო გვერდზე მყოფს არ გაეგო.

ნასტასია ზუსტად ერთი წლის წინ ძალიან მარტო აღმოჩნდა და იფიქრა,რომ კარგი იქნებოდა,ბლოგი გაეკეთებინა,საიდანაც იმას,რასაც ფიქრობდა და რისი თქმაც უნდოდა,მარტო გვერდზე მყოფები არ გაიგებდნენ.

თავიდან ძველ ნაწერებს და ახალ ფოტოებს ვდებდი,მერე კომენტარები გამოჩნდა და მერე აღმოვაჩინე,რომ ქეთი,რომელიც flickr-ის ყველაზე ყურადღებიანი ფოტოგრაფი იყო,ბლოგერიც ყოფილა,მგონი კარგა ხანს მარტო ქეთი კითხულობდა.მერე ნელ-ნელა ყველა მოხვედით და სულ მახსოვს ვინ როგორ მოდიოდით.
ხოდა,გარდა წმინდა ადამიანური ემოციებისა და ურთიერთობისა,იყო კიდევ რაღაცეები,რისთვისაც ღირდა ბლოგის არსებობა.

  • პირველს დამეწერა სამხატვროს ყვითელლენტიან სტუდენტებზე.
    მადლობა თაზოს და სალომეს რო მერე პრესაშიც გადაიტანეს თემა.

  • მეწერა არტ ამბები,რომელიც ადვილად შესაძლებელია არ გაგოთ.

  • არტ ამბებზე წერით გამეგო,რომ სამყარო ძალიან პატარაა და ადვილად შესაძლებელია,მიიღო მეილი ადამიანისგან,რომელზეც გუშინ დაწერე.
    გამეხარდა მარტინ ოლაფის მეილი.

  • დამეწერა ქალებზე,რომლებიც თვლიან რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

  • ჩემი წანწალის ამბები სადმე მშვიდად რო ინახებოდეს,ისევე როგროც ჩემი მგზნებარე ფრაგმენტულობები.
p.s.ხოო,კიდე დაბადების დღის წინა დღეს მარტო ტორტს ხო არ აცხობენ,საჩუქრებზეც ხო ოცნებობენ ხოლმე,ხოოოდა,ჩვენ ვიფიქრეთ,ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ რომ ყველაზე კარგი საჩუქარი თქვენი რჩევები,კრიტიკა, ბლოგთან დაკავშირებული ასოციაციები და კიდე ის რამეები იქნება,რასაც მარტო იუბილარებს ეუბნებიან ხოლმე...

Tuesday, February 16, 2010

როცა თოვს

როცა თოვს ხოლმე,უფრო კარგად ვხედავ,რომ ბევრი ვართ,ყველანი შავები და ერთნაირები.

როცა თოვლი მოვა,უფრო კარგად ჩანს აივნებიდან,რომ ქალაქს უსინდისოდ ვტოვებთ ღამ-ღამობით მარტო და რომ ქალაქისთვის სულ ერთია,სად ვიქნებით, კედელს გარეთ თუ შიგნით,მთავარი ის არის,რომ ჩვენ ნაკვალევების დატოვების სიამოვნებაზე ვამბობთ უარს.
მე პატარა ფეხები მაქვს,ისედაც პატარა ვარ და თავს ყველაზე კარგად დიდ ბათინკებში ვგრძნობ.როცა თოვს,კედლის აქეთ ვარ და ნაკვალევებს ბათინკებითაც ვერ ვტოვებ.
როცა თოვს ხოლმე, უფრო კარგად ვხვდები, რომ ყველანაირი აღტაცება მალე გადის და საბოლოოდ ყველა ფიფქს და ემოციას ისევ შენი ნაჭუჭისკენ მიყავხარ.
ნაჭუჭი თოვლიდან თოვლამდე გიპატარავდება, ფეხებს გარეთ ტოვებ
და როცა შენი ნაწილი სადღაც სხვაგან არის, მეორე ნაწილი ტკბილ ძილისპირულს მშვიდად ვერ მოისმენს.როცა თოვს ვხვდები,რომ ყველანაირი მოლოდინი სისულელეა,ის არასოდეს არ იქნება,რასაც ელოდები.

როცა თოვს ეჭვი აღარ მეპარება,რომ სიცივეში გადარჩენის შანსი მინულდება.
როცა თოვს,ცხადი ხდება რომ ქარიზმა ადვილად იცვლება პლედში გახვეულ მშვიდ განწყობაში.
როცა თოვს,კადრები ტივტივებენ და კონტრასტი მაღალია თოვლსა და თოვლსა შუა პერიოდებს შორის.
თოვლიდან თოვლამდე ათასი რამე იცვლება,თან ისე ბუნებრივად რომ,შეიძლება სულ არ შეგემჩნია ბოლო გათოვლებისას სიცხიანი პლედიან განწყობაში რო არ გახვეულიყავი.

p.s.როცა თოვლი დნება თოვლზე მაშინ ვფიქრობ ხოლმე...

Sunday, February 14, 2010

გამარჯობა,მე facebook -ზე ვცხოვრობ

მოკლედ,აი ასე,უსასტიკესად გაციებული ვარ,აზროვნების უნარი როგორც ხდება ხოლმე,დაქვეითებული მაქვს და ჩაითრია გარეთ გასვლის და სურვილიც.თან გარეთ ჭყაპი და ვარდიანი შეყვარებულები არიან,მე არც ერთი არ მიყვარსა და გამომდინარე იქიდან,რომ ცოტა დაბურულად ვაზროვნებ,იმას დავწერ,რაც კაი ხანია მინდოდა დამეწერა და საცოდავად სულ დაუწერელი რჩებოდა.
არ გკითხავთ რომელია თქვენი საყვარელი სოციალური ქსელი,იმიტო რო fb-სე ყველანი ერთად ვცხოვრობთ.არც იმას გეტყვით,მითხარით,რომელ ჯგუფში ხარ გაწევრიანებული და გეტყვი ვინ ხარ შენ-თქო,იმიტო რომ ვიცი ვინ სად ხართ.და კიდე,ამასობაში ვისწავლე ის,რომ ადამიანი,სადაც მიდის და სახლდება,ყველგან ცდილობს თავისთვის მაქსიმალურად მოხერხებული გარემო შექმნას.
ადამიანები,რომლებიც დასაბამიდან დღემდე ქალიშვილობის ინსტიტუტს დაცინის,facebook-ზე ყოფნის დროს ტყუილად ხო არ დახარჯავს,ამიტომაც,ირჩევს პრეზიდენტად აპკს.ხალხი,ვინც შეწუხებულია სახლიდან გამოსვლისთანავე ჩაცუცქული და საქმის გამრჩევი ბიჭების სიმრავლით,ქმნის ჯგუფს,საქართველო ძველბიჭობის და ერთმანეთის ჩეხვის გარეშე და ვისაც ჩემსავით უყვარს ჩაის მყუდროდ სმა,სანამ აპკი გაპრეზიდენტდება და ძველი ბიჭები ერთმანეთის ჩეხვას გადაეჩვევიან,წევრიანდება ჯგუფში,მე მიყვარს ჩაი.მაგალითად არსებობს ძალიან საყვარელი ჯგუფი, ,,ყირამალა'',რომელიც იმათთვისაა შექმნილი,ვისაც ბავშვები და ყირაზე გადასვლა უყვარს.მაგრამ fb-ი ძირითადად მსგავს წვრილმანებზე არ ცდება და გაძლევს საშუალებას გაიგო,რომ ქველმოქმედებით სიღარიბეს ვერ დაძლევ,რომ ქართველებს მაილ.რუ-ში და ოდნოკლასნიკებში არაფერი ესაქმებათ და რომ ინტერნეტ პროვაიდერები სასტიაკდ არღვევენ მომხმარებელთა უფლებებს.
თუ ჩემსავით ავად გახდით და აზროვნება გაგიბუნდოვნდათ,არ შეწუხდეთ,მაინც გაიგებ 50 ფილმს ან წიგნს,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდანახო ან წაიკითხო.მერე ან აზროვნება ისევ დაგიბრუნდება,ან ვალმოხდილი მოკვდები.არიან ხალხი,ვინც არ ხმარობს ტერმინს,სუსტი სქესი და არც გულისხმობს,არიან ისეთები,ვინც ბოზებში არ არიან ნამყოფები და სიგარეტს თავს არ დაანებენ,მაშინ როცა სხვები საპირისპიროსკენ მოგიწოდებენ.

არსებობს მოქალაქეობრივი სულით გამსჭვალული ჯგუფი: - მე არ ვაგდებ ქუჩაში ნაგავს,კიდევ უფრო მოქალაქეობრივი სულით გამსჭვალული: საქართველოშო არსებულ შენობებზე კომუნისტური სიმბოლიკის დემონტაჟი და ლიბერალურ პრინციპებზე ამოსული: საქართველოს ლიბერალური საზოგადოება,ან კიდევ უფრო გლობალურ-ლიბერალური:ძირს ეროვნება,მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ.თუმცა,მანამ სანამ ვიღაცა მსოფლიოს ითავისებს,იქმნება გურიის ანარქიული რესპუბლიკა.ძალაშია ჩვენი ცუდი წარსულის დანატოვარი შავი ლაქებიც: 90–ანი წლების ნოსტალგია ანუ შევარდნაძე დაგვიბრუნეთ, ფარჩაკებო! ჯერ კიდევ გვახსოვს,რომ კასეტას პასტით ვახვევდით,რომ ხაჭაპურში ყველი აუცილებელი შეიძლება არ იყოს და რომ ორი უნდა გადაიხადო,ერთი როდესმე მერე ჩამოვა.თუმცა ვერ ვიტყვი,რომ სოციალურ ჯგუფებს მარტო წარსული პრობლემები აქვთ საფუძვლად: ტროტუარი ფეხითმოსიარულეებისთვის და პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს,აშკარად ჩვენი ცუდი რეალობაა.
რა თქმა უნდა ადგილი მოიპოვება შორენასთვის,რუსული ესტრადისთვის,ძუძუებისთვის,ჩაკ ნორისისთვის და მსგავსი ყოველდღიურობებისთვის,მაგრამ უცნაურია ის რომ თავისთავად ეს ჯგუფები მხოლოდ რამდენიმე კომენტარის და ფოტოს დასადებად იქმნება.არა,კაცმა რომ თქვას,უცნაური კი არა,ლოგიკურიც არი,მსგავს თემებზე,რაღა უნდა ილაპარაკო,ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით.

თუ თქვენ იცით რამე ისეთი,რაც მე ჯერ კიდევ არა,შეგიძლიათ გამაგებინოთ.
თუ უფრო საინტერესო ჯგუფებს იპოვით,გამაწევრიანოთ.
თუ პოსტის კითხვისას იფიქრებთ,რა სისულელეაო,რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელება მისურვეთ.
მანამდე კი კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ სოციუმზე დაკვირვება ყველაზე კარგი გასართობია,ყველაზე საინტერესოა და ნებისმიერ სოციუმს ყველანაირ გარემოში ერთნაირი მახასიათებლები აქვს.
და რომ თქვენც პრინციპში,მაგრამ მე fookfaceb-ზე ვცხოვრობ

Wednesday, February 10, 2010

თოვლი,სტატისტიკა და სამი სხვადასხვა დრო

როცა მოთოვა ჩემ მეგობართან ვიყავი,კეტები მეცვა და ფეხების დასველება იმდენად არ მიყვარს,სულ დამავიწყდა როგორ ველოდებოდი თოვლს თბილისში.

მინდოდა მთაწმინდაზე მებოდიალა,აჩხა-ბაჩხა ქუჩები გადამეღო და ცხვირი გამყინვოდა. წელიწადზე დიდხანს ვგეგმავდი. როცა მოთოვა,ვიფიქრე,რომ ზოგჯერ რაღაცეებზე ოცნება უფრო კარგი თავშესაქცევია,ვიდრე ოცნებების გადმორეალურება.
მერე კეტები გამოვიცვალე და რამდენიმე დღე ძირითადად ღამე დავდიოდი,იმიტო რომ განათებაზე ყინულის ლოლუები უფრი თბილად ბზინავდნენ.კიდე,მივხვდი,რომ კორპუსების სიმახინჯის დასამალად ამოსულ ნაძვებს მოწყინათ სხვისი პირბადეობა და თვითონაც დაიმალნენ.
არადა,კორპუსები არც ისე მახინჯია,უბრალოდ საშიშია,იმიტომ რომ უფრო მეტ ცხოვრებას ყლაპავს,ვიდრე სახლი,უფრო მეტი ფანჯარა და კარები და აქვს სხვების ცხოვრების გარეთ გამოსაჟონად და გარედან ყოველთვის მკვეთრად ჩანს,ვის ცხოვრებას ძინავს და ვისას არა.რომელიმე რეინკარნაციის მერე სიამოვნებით ვიქნებოდი მატარებელი ან უსახური კორპუსი,გადაგყლაპავდით და მერე მშვიდად დაველოდებოდი,როდის ჩავიდოდნენ,როდის გამყიდდნენ,სადამდე გამყვებოდნენ,როგორ იგრძნობდნენ ჩემში თავს და სადამდე მივიყვანდი.

იმედია,რეინკარნაციის მერე ნაკლებად სენსორული ვიქნები და კითხვებზე პასუხებს უფრო მშვიდად დაველოდები,ვიდრე ახლა.
ხოო,წინა წლების თოვლები გამახსენდა და სულელური ამბები.

მერე ვიფიქრე,რომ როცა ოცნებების დალაგება უფრო კარგი თავშესაქცევი არ არის,ვიდრე გადმორეალურება,უფრო მეტი წინა თოვლი გექნება გასახსენებელი და საერთოდ,მიხვდები,რას ნიშნავს სამი დროს არსებობა.

პ.ს.ამ ბოლოს შევნიშნე,რომ პირველ დროში ჩემ პოსტებს არც მკითხველები ყავდა და არც კომენტარები ქონდა,მეორე დროში ორივე იშოვა და ახლა მკითხველებმა მოიმატეს და კომენტარებმა იკლეს.ეს სამი დრო ბუნებრივია არ ემთხვევა რეალურ სამ დროს.

Monday, February 8, 2010

რუსული ეკლესია,რწმენა და ისევ გერდ ლუდვიგი


მოვედი ისევ გერდ ლუდვიგზე და ამჯერად რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულ მის პროექტზე სალაპარაკოდ.

მე სულ ვამბობ ხოლმე,რომ რწმენა ბევრად მეტია,ვიდრე რომელიმე რელიგია და რომ რელიგია მარტო რიტუალებამდე არ უნდა დადიოდეს.
კიდე ვამბობ,რომ კაცობრიობა რაც არ უნდა განვითარდეს,რაც არ უნდა ცივილიზებული გახდეს,იდეაში მაინც კერპების თაყვანისცემისკენაა მიდრეკილი და არ მომწონს,როცა რწმენას პირველყოფილური ნიშნები ეტყობა.
და კიდე ვამბობ,რომ რწმენა ის არაა,რაზეც არ უნდა ილაპარაკო,რწმენა ისაა,რაც უნდა გქონდეს და კიდე მაინტერესებს სრულიად რწმენა-ცრურწმენები.და ვთვლი რომ არ არსებობს სწორი და მცდარი,უბრალოდ უნდა იცოდე,რომ შენია.

მე მიჭირს ხოლმე ვიცოდე,რაა ჩემი და კიდე უფრო მეტად მიჭირს რამე ხელმოსაჭიდის გარეშე ცხოვრება.ბებიაჩემი ჯერ ისევ კოპალაზე ლოცულობს,დედას დედის ლოცვა ბავშვობიდან მესმოდა და ზეპირად ვიცოდი,მე ურბნისის ეკლესიის სუნი მახსოვს,დილას,ჯერ ისევ ბნელზე და როცა ეკლესიაში ბევრი ხალხია,სულ დაბნეული ვარ.ლუდვიგის ფოტოებში,ძირითადად ბევრი ხალხი და რიტუალებია.
აქ ინათლებიან მცირეწლოვანი დამნაშავეები და ფიქრობენ სვავტიკა ჯვრით შეცვალონ,ყინულიან ტბაში განიბანებიან მორწმუნეები ნათლისღებას,პრეზიდენტი პარტიარქის პანაშვიდზე დადის და იღუმენი მონაზვნების დაწერილ ხატს განიხილავს,მონაზვნები კი არა მარტო ხატებს,რეზიდენციების კედლების გაფორმებაზეც ზრუნავენ.ქმრები კუპალნიკიანი ცოლების ნათლობას ფირზე იწერენ და მრევლი აღდგომის წინა დღეებში სიმბოლურად ჯვრებით და ხატებით აწყობს მსვლელობას და მღვდლები ეკლესიის ფონზე მაინც მარტო რჩებიან.
რუსეთის ეკლესიას ბოლო წლებში დაახლოებით იგივე ისტორია აქვს,რაც ჩვენასას.

ბოლშევიკური ათეიზმის მერე,საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე,ნათელ მომავალზე ოცნებასთან ერთად რუსულმა ეკლესიამ გადაწყვიტა როდესღაც თავისი როლი დაებრუნება და ერის სულიერ განახლებაზე ეზრუნა.დაიწყო ეკლესიების აღდგენა,ქარხნებად,საწყობებად და ნანგრევებად ქცეული ეკლესიებისთვის ფუნქციის დაბრუნება,ადამიანების განწყობა,რომ ასე უფრო აკრგია,აქედან უფრო გიყვარს შენი ქვეყანა და რომ შენი ლოცვა გადაგარჩენს.

მე მახსოვს როცა სულ რამდენიმე ეკლესია იყო მოქმედი საქართველოში და ვხედავდი,როგორ იცვლებოდა ყველაფერი.
ბიძაჩემმა რატიანის წიგნის პრეზენტაციაზე თქვა,რომ ბევრი ხალხი იყო და არ შეიძლება ამდენს უყვარდეს პოეზიაა,მე ვუთხარი,რო მოდიან,ესე იგი,უყვართ თქო...
ეგრე ეკლესიაში და მიტინგებზე რო ხალხი დადის,ყველას უყვარს და წამსო?
არ ვიცი,კი არადა,ჩემი საქმე არ არი.
უბრალოდ მიჩნდება ხოლმე კითხვები,კიდე ივლიან ეს პაწაწუნა ბავშვები თუნდაც 10 წლის მერეც?
რატომ ცარიელდება და ივსება ეკლესიები ასე სწრაფად?
გაცვლის არასრულწლოვანი დამნაშავე სვასტიკას ჯვარზე?
იცის საერთოდ ან ერთის და ან მეორის არსი და ფუნქცია?
და კიდე ბევრი,მაგრამ მერე ვფიქრობ ხოლმე რო კითხვებით სიმშვიდემდე ვერ მიხვალ.ან პირიქით,კითხვების გარეშე ვერაფერს გაიგებ.მოკლედ არ ვიცი.

ერთადერთი რაც ვიცი,ის არი,რომ მიყვარს მსგავსი ფოტოგრაფები და ვიწყებ ოცნებას,ვიყო პირველი ფოტოგრაფი მთვარეზე.არ ხდება,მაგრამ აპრობირებული მეთოდია წარმატებისთვის

Sunday, February 7, 2010

ანუშკა

წინა თვეში გვიან მოვედი აზრზე რომ ჩვეული ინტერვიუ გასაკეთებელი მქონდა,მერე როგორც ჩემი წესია,სადღაც წავწანწალდი და აი,როგორც იქნა,ვდებ ინტერვიუს.ვინც ჯერ კიდე არ მადევნებთ იმდენად აქტიურად თვალს,რამდენადაც საჭიროა და არ იცით,რა ინტერვიუ,კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ თვეში ერთხელ რომელიმე ბლოგერთან აუცილებლად მოვა ჩემი მეილი და თვეში ერთხელ აუცილებლად რომელიმე თქვენგანთან ერთად ვიქნები ბლოგზე.ამჯერად მე და ანუშკა ვართ

იმ სახლებზე მომიყევი რა,ანუშკა რო ცხოვრობს ხოლმე,ხან წლობით და ხან რამდენიმე გამით და მერე ისე რო ყვები,მე სულიერები მგონიან
ჰო, სადაც არ მივდივარ ხოლმე, თუ ადამიანს და სახლს ჩემიანად ვიგულებ, ერთ დღეში, სტუმრობებით და შორიდან ვერ ვუძლებ. ისე გამოვიდა, რომ 14 წლის მერე რეგულარულად ალბათ სამ სხლში ვცხოვრობდი. ხან სულ მარტო - აბიტურიენტი ვიყავი და მარტოს უნდა მემეცადინა. სახლში სულ რაღაცაზე ვაფრენდი და წამლებს ვყლაპავდი, სანატორიუმივით იყო ის სახლი, ერთოთახიანი და სულ სხვა უბანში. მაშინ პირველად ვიცხოვრე 3 თვის განმავლობაში სულ მარტომ.
ახლა ამ სახლს მივები, აქ ყველაზე დიდი სიყვარულია და იმდენი ჩემი თავია, რომ სახლსაც ჩემსას ვეძახი, ცოტა კი გამიჭირდა თავიდან, მაგრამ გავიხედე გამოვიხედე და დავინახე რომ ავსებული გვაქვს ამ სახლის ოთახები ჩვენი თავით და ტკბილი რაღაცეებით და საბოლოოდ დავნებდი.

 სულ მგონია ხოლმე,რომ თქვენთან, დუდის და შენს გარდა, ტომ ვეითსი და კიდე სხვებიც ცხოვრობენ,ვინც მე არ ვიცი. რა ხდება რეალურად?
რეალურად, დილით გაღვიძებისთანავე აბაზანაში შესვლაზე ვწუწუნებთ, გვეზარება ლოგინიდან გამოძრომა და მერე რომ ავდგებით ერთმანეთს ვასწრებთ, რათქმაუნდა მე ვმარჯვებ და ცოტა ხანში ბევრ პირსახოცში გახვეული დავდივარ ოთახიდან ოთახში, ჩემ ტერფებს დავყურებ და ვშრები.
იქიდან, სადაც მე ვზივარ ხოლმე ძირითადად ჩანს ის, რასაც მე სახლს ვეძახი. ისმის ათასი ხმა (თუ ისმის) ან სრული სიჩუმეა.
იცი, რა დრო მიყვარს ყველაზე მეტად? დღის 2 საათიდან 6 საათამდე. ამ დროს არ მიყვარს გარეთ გასვლა, მარტო ვარ ხოლმე და ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ რასაც მარტო ანუშკა აკეთებს ხოლმე.
ცხოვრებაზე რა გითხრა.. არავინაც არაა. ამ წუთასაც, დუდი სამსახურშია წასული და სახლი ისეთი ცარიელია. ეხლა გავბევრდები და ყველა ოთახში დავჯდები. სველ თმას გავიშრობ, მანიკურს გავიკეთებ და მერე რაღაც მოხდება ალბათ

რაა ის,რაც ახლა არ გაქვს და გინდა როდესმე აუცილებლად გქონდეს?
ძალიან ბევრია ესეთი რამ.ეხლა არ მახსენდება რამე კონკრეტული. ზოგადად როცა ცხოვრები კმაყოფილი ვარ ხოლმე ყველაფრით კარგად ვგრძნობ თავს და ცუდ ხასიათზე რომ ვიყო ჩამოვწერდი ეხლა სიას.. გაგიმართლა და თავს კარგად ვგრძნობ. :)

შენთან განსაკუთრებით მიხარია ხოლმე რომ გოგო ვარ, ვგრძნობ,რომ გოგოები ერთმანეთს სხვა გარემოს თავაზობენ და ვერ ვხვდები ხოლმე,მაინც რა გვჭირს გოგოებს?
მგონი ვერ ვაფორმულირებ,მაგრამ შენთვის რას ნიშნავს გოგოობა?
აბსოლუტურად ყველა ჩემი მოქმედების, ცხოვრებისეული სტილის განმსაზღვრელი ერთადერთი ჰიპოსტასი ისაა, რომ მე ქალი ვარ. არვიცი.. ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ მხოლოდ ეს ერთი ემოცია მმართავს და ეს ძალიან ცუდია, ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ კარგია. ჰოდა, ალბათ შენც გრძნობ ხოლმე ამას. ბევრს უთქვამს :)

სადმე ისეთ ადგილას წავიდეთ,სადაც ჯერ შენც არ ყოფილხარ და სიამოვნებით წახვიდოდი...
სარლა-ლე კანედაში წავიდოდი. დასავლეთ საფრანგეთშია, ცოტა ჩრდილოეთისკენ მგონი. პატარა რკინის მამლები რომ ქარის მიმართულებას გვაჩვენებენ და მოედანზე სამი ბატის ქანდაკება რომაა. დიდი არკებიანი გასასვლელებია სახლებს შორის და მყუდრო კაფეები მსუყე ტირამისუებით და ტომატიანი ლაზანიით. წავიდოდი და ერთი თვე ვიცხოვრებდი. ისე, ჩვეულებრივად, ვითომ დაბადებიდან ამ ქალაქში ვცხოვრობდი. აი, სარლას ჩავუსახლდებოდი. ისე, ბუნებრივად, როგროც აქამდე ათას სახლს ჩავსახლებივარ.
ჰო, ალბათ მაშინ წავალ ფეხმძიმედ რომ ვიქნები და დიდი მუცლით, ჰო, ეხლა მოვიფიქრე და გენიალურია! აუცილებლად მაგ დროს წავალ.

შენი აკვიატებები,ან სისხლში გამჯდარი ჩვევები?
აუკვიატებელი ადამიანი ვარ.. ერთადერთი აკვიატებაც და სისხლში გამჯდარი ჩვევაც დუდია. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვწერდე, ვფიქრობდე, ვსწავლობდე, მაინც აკვიატებული მყავს :)

პ.ს.ხოო,ანუშკა პირველია იმ ბლოგერებიდან,ვისთანაც ინტერვიუ გავაკეთე და რეალურადაც ვიცნობ.და მინდა ვთქვა,ჩემდა გასაკვირად,კითხვების მოფიქრება გამიჭირდა.სამაგიეროდ არასოდეს არ მიჭირს ხოლმე,წარმოვიდგინო,როცა ანუშკას ნაწერს ვკითხულობ,როგორ ყვება იგივეს და სულ მგონია ხოლმე,რომ კი არ ვკითხულობ,ვუსმენ.კიდე,ერთ-ერთი ის ადამიანია,ვინც მიხარია,რო მყავს და კიდე,ვთვლი რომ ჩემი ადამიანებიდან ერთერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანია.

Friday, February 5, 2010

მოულოდნელი სკანდალი,ლადო ბურდული და rock club

აი,ასე:

ძილის წინ მეილს შეავმოწმებ თქო,ვიფიქრე და თვით ლადო ბურდულის კომენტარი გაქვს მუზამეზეო, იაჰუმ..

მაგრამ აღმოჩნდა რომ მეილის შემოწმებას ორსაათიანი გარჩევა მოყვა კომენტარებში ჩემსა და ლადოს მხარდამჭერთა შორის.და ამ გარჩევამ ისე შემაწუხა,სულ დავივიწყე ჩემი პატიოსანი გერმანელი გერდი,რომლის ფოტოებზეც უნდა დამეწერა,ჩემი ბლოგის მოახლოებული დაბადების დღე და კიდე რამდენიმესაათიანი და დილის,მაგრამ მაინც საჭირო ძილი.

მოკლედ,შეგიძლიათ გადახვიდეთ აქ,ნახოთ რატომ ვარ მე გოიმი,ქაჯი და ყოვლად გაუგებარი,მერე მოხვიდეთ და მითხრათ წავიდე იუმორინაზე თუ ვწერო იმაზე,რა ხდება რეალურად ქვეყანაში.
და მართლა ძალიან მემნიშვნელოვანება თქვენი ნებისმიერი შინაარსის აზრი,იმიტომ რომ დავიბენი.


იმიტომ რომ არ შემიძლია არაარგუმენტირებულად ვისმინო შეურაცხყოფა,არ შემიძლია,მარტო იმიტომ რო ლადო უკრავდა,ვთქვა რომ კონცერტი იდეალური იყო,მაშინ,როცა არ მესმოდა და არ შემიძლია ჩემთვის სულ ერთი იყოს საზოგადოების განვითარების დონე.როცა ჩამოვედი და პირველად შევხვდი მუზამეს ხალხს,ვთქვი,რომ ბევრად პრიორიტეტული იქნება ქართულ მუსიკაზე წერა,თუნდაც იმაზე,რომ კრიზისი აქვს,თუნდაც იმაზე,რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად მკვდარია და თუნდაც იმაზე,რომ რამდენიმე ადამიანი,მაინც ცდილობს რამის გაკეთებას.

ახლაც ვფიქრობ რომ ახალ ალბომებს ჩვენ გარეშეც მოუსმენთ და მუსიკალურ სიახლეებსაც გაეცნობით ჩვენ გარეშეც,უბრალოდ,მნიშვნელოვანია ის,რომ არსებობდეს ადგილი,სადაც მუსიკაზე ილაპარაკებენ,სადაც მუსიკოსებს ეცოდინებათ,რომ შეეძლებათ სიახლეების დადება,ნორმალური შეფასების წაკითხვა,სადაც იმის გამო,რომ როკ კლუბი ჩვენი პარტნიორია,არ დაწერენ,რომ ყველა კონცერტი,რაც იქ ტარდება,იდეალურია.ხოო,მუსიიკაზე,მუზამეზე და კიდე სკანდალებზეც,სხვა რამეებსაც ვფიქრობდი,მგონი უფრო მნიშვნელოვანებს და საინტერესოებსაც,მაგრამ ახლა მეძინება,დავიღალე და ყველაფერი დამავიწყდა.მე დავიძინებ და თქვენ დილა მშვიდობის :)

Thursday, February 4, 2010

მოსკოვური ღამეები და გერდ ლუდვიგი

სულ რამდენიმე საათის წინ ვიპოვე,შემთხვევით,ხვალ მუზამეზე დასაწერ მასალას ვქექავდი და საიდანღაც გამოჩნდა.უცნაური კაცია,სახელადაც და გვარადაც სახელი აქვს,ადრე გერმანულ ლიტერატურას,სოციალურ მეცნიერებებს და ფიზიკასაც კი სწავლობდა,მერე სკანდინავიის ქვყნებსა და ჩრდილო ამერიკაში მებაღეობდა,მშენებლობდა,მეზღვაურობდა და მიხვდა რომ ამდენი სიარულისას სუვენირები უნდა შეეგროვებინა სამშობლოში ჩასატანად.ფოტოაპარატი იყიდა და გერმანიაში დაბრუნებულმა არა მარტო უამრავი სუვენირად ქვეული კადრი,არამედ გადაწყვეტილებაც ჩაიტანა,რომ ფოტოგრაფიის სწავლას იწყებდა.


მშობლების აღფრთოვანებას არ დალოდებია,ისე დაამთავრა ესენის ფოტოგრაფიის უნივერსიტეტი,ერთ-ერთი პირველი გერმანული ფოტოსააგენტოს vision-ის  დამაარსებელი გახდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფოტოგრაფად ითვლება.წარმატებულობის,გამორჩეულობის და პოპულარობის ბევრი კრიტერიუმი არსებობს და მე ვერცერთს ვერ ვენდობი ხოლმე სიმყიფის და ცვალებადობის გამო. ამიტომ მე ჩემი არანაკლებ მყიფე,მაგრამ ჩემი კრიტერიუმები მაქვს: გერდის შემთხვევაში,ის რომ ძალიან ადრევე მიხვდა,ფოტოებით იმაზე მეტს მოყვებოდა,ვიდრე რომელიმე მეცნიერების საფუძვლიანი შესწავლით,მერე ის,რომ რომ ახალგაზრდობაში ოცნებობდა,პირველი ფოტოგრაფი ყოფილიყო,ვინც მთვარეზე გაფრინდებოდა,ეგრეა,თუ რამე ძალიან დიდზე არ ოცნებობ,დიდს ვერაფერს მიაღწევ და მთავარი იმიტომ,რომ ძირითადად მუშაობს სოციალური ცვლილებების დაჭერაზე გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
თუმცა ამჯერად უნდა მოგიყვეთ ფოტოებზე,რომელიც გერდმა მოსკოვში გადაიღო.


მოსკოვი ჩემთვის სულ არის საშინელი ქალაქი,რომელიც ასოცირდება წითელ მოედანთან,სკინჰედებთან,საშინელ ყინვასთან,სოციალიზმთან და სულ ვამბობ,რომ მანდ ყველაზე ბოლოს წავიდოდი. სხვებისთვის არის საბჭოთა კავშირის სიმბოლო,უდინამიკო,რიტმის და ინდივიდუალიზმის გარეშე წლების განმავლობაში მცხოვრები დიდი ქვეყნის დიდი დედაქალაქი.

გერდმა კი გვაჩვენა,რომ არ არსებობს ქალაქი,რომელიც ერთი რომელიმე ცხოვრებით ცხოვრობს და რომ გამონაკლისი არც მოსკოვია.აქ ერთდროულად ნახავ დიორის მაღაზიისკენ მიმავალ ლედის და ყინვისგან რკინიგზის სადგურზე გაყინული მათხოვრის დამხმარე ექთანს.ეს ჩვეულებრივი ქალაქია
უელიტარულესი რესტორნით მოცარტით ცენტრში და გოთიკ კლუბი იდეალიზმით შეპყრობილი მოდეპრესიულო ახალგაზრდებით,
ელიტარული ბორდელით და გეი კლუბით,აბანოში თევზის და ლუდისთვის შეკრებილი მეგობრებით და საბჭოთა კავშირის დროს ოპოზოციონერი მხატვრებით,რომლებიც ახალ ბედნიერები ხატავენ იმას,რაც უკვე ტაბუ აღარ არის.აქ,ისევე როგორც ყველგან ბებიები საღამოობით ტელევიზორს არიან მიშტერებულები და შვილიშვილები ვირტუალურ ქსელებშიიყვნენ გახლართულნი,აქ ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და ცხოვრება ზოგისთვის დიორსა და არმანს შორის არჩევანის გაკეთებაა,ზოგისთვის ნათლისღებას გაყინულ წყალში ბანაობა,ზოგისთვის სოციალიზმის ნარჩენებთან ბრძოლა,ან სულაც ნაციზმის მრწამსად ქცევა.
მე სიამოვნებით მოვუყვებოდი გერდის შესახებ ყველა იმ ადამიანს,რომელიც ბავშვობიდან გვეუბნებოდა რომ არსებობს ორი რუსეთი და იმათაც,ვინც გვეუბნებოდა რომ რუსეთში მარტო არყით ცხვირდაწითლებული ივანუშკები და ქართველ კაცებზე მეოცნებე გრძელფეხება ქალები ცხოვრობენ და იმათაც,რომლებისთვისაც პუტინსაც კი დოსტოევსკის მადლი ფარავს,მაგრამ ახლა ეგეთი არავინ მახსენდება,ამიტომ თქვენ მოგიყვებით,თქვენ კი თუ ვინმე მსგავსი მოგეპოვებათ სადმე, ბლოგი დაულინკეთ :)

ხოო,თუ პოსტი აქტუალური აღმოჩნდება,მერე გერდის მეორე პროექტსაც დავდებ,რომელიც ასევე რუსეთში განახორციელა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ასახავს და არანაკლებ საინტერესოა,ვიდრე მოსკოვური უძილო ღამეები

Tuesday, February 2, 2010

ნეგატივი,ანუ კიდე ერთი წიგნის პრეზენტაცია

აღარ მახსოვს როდის გავიგე,რომ არსებობდა კაცი,რომელიც ითხოვდა მისთვის ,,შეშლილების იავნანა'' ემღერათ.

მერე ვიფიქრე,რომ მისგან ბევრ რამეს გავიგებდი და სულ ვეძებდი ხოლმე და ვპოულობდი ისეთ ფრაზებს,ლექსებს და განწყობებს,რომელიც მჭირდებოდა,მსიამოვნებდა,საჩემო იყო და მიხაროდა.

მახსოვს ჩემი ავსტრიული შაბათ საღამოები,ჩემ მეგობრებს რომ ვუკითხავდი ზვიადის ლექსებს ერთი ბოთლი ღვინის მერე.

მახსოვს როგორ მეგონა,რომ ავტორი ძალიან ახალგაზრდა,მოუსვენარი ბიჭი უნდა ყოფილიყო,მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,ეგრე არ იყო.
და მახსოვს,როგორ მინდოდა ინტერნეტში არ დამჭირვებოდა ქექვა ლექსების წასაკითხად და წიგნი მქონოდა.


როგორც დღეს გავარკვიე,მისთვის ლექსების გამოცემა რთული საქმეა,რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიძლება დადგეს მაგის ხასიათზეო და მომეჩვენა,რომ არა მარტო წიგნის გამოცემა,იქიდან ლექსების ამორჩევა და კითხვაც არ უნდა უყვარდეს.

კიდე მომეჩვენა,რომ ზოგჯერ ყველაფერი აწუხებს,ბევრი მიმართული ყური და თვალი, დასაწერი სიტყვები,ღმერთი,ადამიანები,იმდენად,რომ წერს,იმას,რასაც არ დაუჯერებენ.

მე ვიცი,რომ პოეზია ყოვლად არაკომერციული და არადამაჯერებელია,რომ ერთი ერთსაათიანი საღამოსთვის ათასჯერ უნდა შემოაურო შენ თავს და ენას და რომ ზოგჯერ საღამოებზე პოეზიისთვის არ დადიან,მაგრამ ისიც ვიცი,რომ მე,თქვენ და სავარაუდოდ კიდე ბევრი სიამოვნებით დაივიწყებს კომერციას და დამაჯერებელ ამბებს და ნეგატივებს გაამჟღავნებს.

და იქნებ 20 წლის მერე გამჟღავნებული ნეგატივებიდან ისეთი მოულოდნელი ამბები გავიგოთ,როგორც ის,რომ: შავლეგის შავი ჩოხის ბრალია ყველაფერი,მან წააფარა ჩვენ ცას შავი ჩოხის კალთები...


p.s.მოკლედ, კარგია,როცა სადღაც მიდიხარ და ბევრი ადამიანის ნახვა გაგეხარდება,როცა გაქვს წიგნი,რომლის ყველა ლექსსაც ბევრჯერ წაიკითხავ და რომ კიდევ ერთხელ გაახსენებ შენ თავს,როგორები არიან კარგი,უკვე გაზრდილი მწერლები