Wednesday, April 28, 2010

გაზამთარი, ზამთარი, აქამდე უცნობი ფაქტები და თვით ჯონ მაკლაფინი

ალბათ როდესმე გადაიღებს წვიმა და მე აღარ  გამიჭირდება ასე ძალიან კონცენტრაცია.

ალბათ ყველაზე კარგად ახლა ანა კორძაია-სამადაშვილი გაიგებდა, როგორ მიჭირს ამ დაუმთავრებელ წკაპა-წკუპში ღიმილი და თმების დაწვნა, მგონია რომ ფეხები სულ სველი მაქვს და ხერხემალი დამინესტიანდა.
დღეები უსიამოვნო ემოციური ფონის მიუხედავად მოკლეებია და მე სულ მგონია რომ ხვალ მაინც დავწერ რამე აზრიანს.
ხოოდა, ვერაფერსაც ვერ ვწერ.

მითხრეს, ანა კორძაია-სამადაშვილიც შენსავითაა ბოლო დროს და ძალიან განიცდისო.

წარმომიდგენია.
მეც განვიცდი.
იმას კი არა, ვინმე აქ რომ შემოვა და ძველი პოსტი დახვდება, იმას რომ ვერ.
იმას რომ გაზაფხულზე სულ სხვა ამბები უნდა ხდებოდეს, მე კიდევ სულ სხვა ამბებში ვარ ცხვირგაყოფილი. იმდენად, რომ დღეს შუშის კარებშიც კი მოვინდომე ამ საწყალი ცხვირის გაყოფა. ვერ გავყავი, სამაგიეროდ ახლა მტკივა და მაშინ სისხლი და ცრემლები ერთად წამომივიდა.

ეგრეა, ცუდი რამეა ცხვირის გაყოფა. ზოგს გონია, ვითომც არაფერი.
მეც ეგრე მეგონა, რომ იქ, სადაც ცხვირს ვყოფდი, არაფერი არ იყო.
წინა დღეებშიც, რომ ვერაფერს დავწერდი.
და საერთოდ, სულ ტყუილად გვგონია ხოლმე რამეები. არასოდეს მაინც არაფერი არ არის მართალი.

წელს პირველად ვგრძნობდი ყველა ახალი ხის აყვავებას და მიხაროდა, რომ სამსახურის ეზოში ხეს ყვავილები და მე შარვალი ერთი ფერის გვქონდა და რომ მარტო აჯამეთის კი არა, აქვე, ჩვენი ხეებიც ხასხასა მწვანეა.
ხოოდა, სულ ტყუილად. არ არის ეს გაზაფხული  მართალი.

მართალ გაზაფხულზე ერთხელ მაინც უნდა დალიო მზიურში და იქ კიდე  რაგაც გზებს თხრიან.
მართალ გასაფხულზე ყოველ შაბათ-კვირას  ქალაქს და შენ თავს ერთმანეთისგან უნდა ასვენებდე.
მართალ გაზაფხულზე წვიმის მოსვლა უნდა გიხაროდეს.
მართალ გაზაფხულზე წერა არ უნდა გიჭირდეს.
მართალ გაზაფხულს არ უნდა ეძებდე, იგონებდე და წესებს უდგენდე, უნდა გრძნობდე.


ბოლო პერიოდში ყველაზე კარგად რაც ვიგრძენი,  გუშინ ბაბუა ჯონის სიყვარული იყო.
ზუსტად საჭირო დროს გამოჩნდა. დამამშვიდა და მითხრა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყოს შენში თავმოყრილი და ეს მხოლოდ კარგი იყოს.
მითხრა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის შენი ნაცნობი და ვინ არა, ვინ სადაურია და რამდენი წლის, მთავარია, როგორ იღიმის. ხოოდა, თვითონ ისე იღიმოდა, ყველაფერს დაუჯერებდა კაცი.
მითხრა, რომ ექსპერიმენტების გარეშე ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ და რომ ცხოვრებაში ბევრ ადამიანს გამოიცვლი.
და რომ ადამიანს იმ ენაზე უნდა მიმართო, რომელიც ესმის.



მე არ ვიცი, რა ენაზე მოგმართავთ ხოლმე.
ვიცი, რომ ამ ბოლოს ბევრი მწერს იმას, რაც სულ მინდოდა ვინმეს მოეწერა.
ხოოდა, მადლობა თქვენ.
კიდევ ვიცი, რომ როდესმე გადაიღებს წვიმა, მე აღარ მეგონება რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება წკაპა-წკუპი უნდა ვისმინო და როდესმე აუცილებლად გავიხსენებ ისე წერას, მე რო მინდა.
ორი ფრაგმენტი ძველი ამბებიდან:
  • ძალიან, ძალიან ადრე წელიწადის 4 დრო ასე გამოიყურებოდა: გაზამთარი, ზამთარი, შემოდგომა, ზაფხული.
  • ძალიან ადრე, ვთქვი რომ გავიზრდები კორძაია-სამადაშვილი გამოვალ-თქო.
სამი ფრაგმენტი ახალი ამბებიდან:
  • წვიმა ყველაზე ემოციური რამეა ამინდთა საამქროდან.
  • კარგა ხანია გადავწყვიტე რომ აღარავინ აღარ გამოვალ, ნასტასიაც მშვენიერი არსებაა.უბრალოდ, ჩემს გარდა, სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეგრეა.
  • დღეს დილას ერთი ბიჭი ჩავწერე, 13 საათი აპირებდა დრამზე დაკვრას და რეკორდების წიგნში შესვლას. ეგ წიგნი ეშმაკსაც წაუღია, მაგრამ მთელი დღეა ვფიქრობ, "ახლა  კიდევ უკრავს", "აი, ახლაც  კიდევ უკრავს" და მივხვდი, რომ ძალიან ბევრია 13 საათი. 12-ზე უნდა დაემთავრებინა დაკვრა და რომ არ წვიმდეს, ავუვლიდი. წვიმს.

Friday, April 23, 2010

ძველი კარადა ჩრჩილისგან დაჭმული ტანსაცმლით

 მარტო ბლოგზე კია რა, ცხოვრებაშიც ასე ხოლმე.
როცა გაურკვეველ ხასიათზე ხარ, როცა ვერ ლაგდები და როცა რაიმე ჯიშის ან სულაც უჯიშო დისკომფორტი გაქვს, სულელურ ამბებს ყვები კონცერტებზე, ფესტივალებზე, დაჯილდოებებზე და პრემიერებზე რა ხდებოდა.
ბოლო პოსტებს რომ გადავხედე, ჯერ ჩემი ბლოგი შემეცოდა და მერე ჩემი თავი.

ვიცი რომ ჩემი საშველი ჩანთის ჩალაგება და ცოტა ხნით სადმე წასვლაა.
სადმე არა ნათესავებთან, არა მეგობრებთან, არა ძველ ნაცნობებთან, უბრალოდ, ასე ადგომა და სადმე წასვლა.
ჯერ რომ არ იცი იქ რა იქნება და ვინ შეგხვდება.
აი ეგრე. ხოოდა, ცოტაც, სულ ცოტაც და ვიზამ მაგას.

რომ მერე რომელიმე ტომის აბორიგენ მოსახლეობაზე ვილაპარაკო, ვინმეს ტრადიციებზე და რაღაცნაირ ნესტიან, ზღვის გემოიან ჰაერზე.
რომ მერე  დილას გაღიზიანებული არ ვიწყებდე და სეირნობის მაგივრად სადმე არ მეჩქარებოდეს.
რომ საკუთარ ოჯახის წევრებს  გულგრილად არ ვეურთიერთობებოდე.
და რომ უბრალოდ, ვცხოვრობდე.
უფრო სწორად უმადურად კი არა, მადლიერად ვცხოვრობდე.

ვინმეებისთვის ალბათ ახლაც ვცხოვრობ.
ჩემი გაკეთებული ინტერვიუ მარტო გუშინ 500-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და საკუთარი რეკორდი  გავიუმჯობესე.
ჩემმა მეგობარმა უკვე მეასიათასედ მითხრა ის, რისი მოსმენაც მინდოდა.
სამეგობროში ორი ახალი  და ცინცხალი ბავშვი გვყვავს და სულ რამდენიმე დღის  წინ ისევ ყველა ერთად მოვგროვდით, ბევრი ლუდი დავლიეთ და მე  მომეჩვენა რომ ძველ კარადაში ჩრჩილით დაჭმულ ტანსაცმელს ვქექავდი, მერე ვიცვამდი და სარკეში ვიყურებოდი.
ჩვენ არავინ არ ვამბობთ ხმამაღლა, რომ გავიზარდეთ, შევიცვალეთ,  სხვადასხვა მიმართულებებით  წავედით და სავარაუდოდ ყველამ ვინანეთ. რა ჩვენი ბრალია, სხვა გზა არ იყო, ბავშვობიდან ეგ გვესმოდა, ,,მარჯვნივ წახვალ, ინანებ, მარჯვნივ წახვალ, მაინც ინანებო''. ხოოდა, ამ ყველაფერზე არ ვლაპარაკობთ, არც გვეტყობა, უბრალოდ  მე მომყვება ხოლმე ის უცნაური, ჩრჩილით შეჭმული ტანსაცმელი და კიდევ უფრო და უფრო გულგრილად ვისმენ იმას, რისი მოსმენაც მინდოდა.

ვერ ვიტან გრილ რამეებს.
ზაფხულის ადამიანი ვარ. დამდე მზეზე და დამწვი.
ხოოდა, თუ მანამდე არა, ზაფხულში მაინც წავალ.

მანამდე  სამედიცინოში წავედი, წიგნის დღეს გილოცავთ. :)

Sunday, April 18, 2010

ელექტრონავტები 2009



წელს მესამედ ჩატარდა.
მე პირველად ვიყავი.
ამბობენ რომ პირველიდან დღემდე ბევრი რამე შეიცვალა, უფრო მეტი აკეთებს უფრო კარგ მუსიკას, ვიდრე ადრე.
მომეჩვენა, რომ  ვინც გაიმარჯვა, არაფერ  შუაში არ იყო. თვითონ თქვა ბევრს ვმუშაობდი ბოლო ერთი წელი და მეკუთვნოდაო.
მეგონა, რომ ნომინაციები უფრო მუსიკოსებზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო, თორემ საუკეთესო მხარდამჭერი კომპანია მარლბოროა თუ რედ ბული, დიდად არავის ადარდებს.
დაჯილდოებები გაკვეთილების ჩაბარებასავით არის.
სულ რამდენიმეს მოაყოლებენ გაკვეთილს და სულ რამდენიმეს დააწერენ შუბლზე წითელ ხუთიანს.
ყველაზე კარგად თვალში ტუსიას ხუთიანი მომხვდა, იმიტომ  კი არა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე კარგი ტრეკის ავტორი უპირობოდ ეგ იყო, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან დახვეწილია, ძალიან საყვარლად დაიცვა დაცვისგან თავისი სცენაზე ამოსული ალკოჰოლით გაბედნიერებული მეგობარი, იმიტომ რომ არ უთქვამს, ბევრი ვიმუშავე და დავიმსახურეო, თქვა ბევრი მადლობა სერგისო.

ხოოდა, ეგ ყველამ თქვა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ყველა ამბობდა, რომ აუცილებელია ტარდებოდეს ელექტრონავტები და როცა ყველამ იცოდა, რომ სერგისთვის მადლობა უნდა ეთქვა.
ხოოდა, ბედნიერებაა, როცა რაიმე სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხარ. როდესმე თუ გავხდი რაიმე სფეროში ეგეთი, მერე აუცილებლად მეც გადავუხდი მადლობას სერგისაც და სხვებსაც.

ისე, რას ვერჩი ჩემ თავს?
ბოლო სამი დღეა ისეთი პროდუქტიული ვარ, თვითონ მიკვირს.
ასე თუ გავაგრძელე, სამი წლის მერე ბევრად პროდუქტიული და სხვა, უფრო განსაკუთრებული ჟღერადობის ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ.
მერე საუკეთესო მხარდამჭერი კომპანია მარლბორო იქნება, და საუკეთესო ელექტრონავტი ვინმე ისეთი, არაფერ შუაში რომ არ იქნება ჩემი აზრით.
თვითონ იტყვის, დავიმსახურეო და დაუკერებენ.
მოკლედ . სულ ერთი და იგივე ამბები ხდება დედამიწაზე.

ხო, გუშინაც არანაკლებ საინტერესო ამბები ხდებოდა, ვიდრე გუშინწინ, მაგრამ ყველაფრის მოყოლა მეზარება.

Saturday, April 17, 2010

კოსმიური ჯვაროსანი

დღეს მუსიკალური ჟურნალების დღეა.
ჰიუსტონს სულზე რომ არ მოესწრო კითხვების პასუხები, აუცილებლად დავწერდი იმაზე, რომ კარგი იქნება სიყვარულების, გლოვების და ათასი ახალი წლების გარდა, მსგავს დღეებსაც აღვნიშნავდეთ.


კიდევ კარგი იქნება, ბევრი კარგი ჟურნალი  გვქონდეს და  კარგი და ცოცხალი მუსიკალური გარემო. სტამბულში რომ ფესტივალები ეწყობა და მე და ჩემნაირები სტამბულში ცხოვრებაზე  ვოცნებობთ მაგის გამო, აქ ხდებოდეს ეგ ყველაფერი, ან მაგის ნახევარი მაინც და თურქეთი ოცნების ქვეყნების რიგში არ იყოს.

ან ისეთ მუსიკალურ ჟურნალში ვმუშაობდე, სადაც აღებული ხელფასი უპრობლემოდ მეყოფა ფესტივალებზე საწოწიალოდ.
მოკლედ, მუსიკალურ  ჟურნალებზე მაინც დავწერე და ,,მუზამეზე'' შეგიძლიათ იხილოთ, აქ კი  ტრადიციული ყოველთვიური ინტერვიუ ტრადიციული დაგვიანებით.

ამჯერად ჩემთან ერთად ჰიუსტონი, ანუ მარიამია, კოსმიური ჯვაროსანი.
ჰიუსტონი თავისი ბლოგით გლობალური დათბობის წინააღმდეგ იბრძვის, ცხოვრების საუნდტრეკად ჩემი საყვარელი iron&wine-ის კომპოზიცია აქვს არჩული და კიდევ გამორჩეული ხელწერა აქვს.
მარიამი რომ იყო, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, სულ მეგონა ამ მეომრული ბლოგის იქით მამრი ბლოგერი იმალებოდა. დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე ვერ გადავხარშე ჩემი ინტუიციის სიმწირე.

შენთან ხშირად არის ხოლმე ისტორიული ამბები. მომიყევი რამე ამბავი, გინდა ისტორიული და გინდა არაისტორიული.

ერთ ისტორიას მოვყვები იმაზე, თუ როგორ გახდა თეთრი სახლი თეთრი სახლი. ყველამ იცის, ალბათ, თეთრი სახლი ეს ის ადგილია სადაც ამერიკის პრეზიდენტი ბინადრობს და ბუზსაც კი მასზე ზემოდან გადასაფრენად სპეციალური ინსტანციებისგან ნებართვა სჭირდება. ყოველთვის მეგონა, მისი სახელწოდება გონებამახვილი ამერიკელების ფისიქოლოგიური გათვლა იყო: თეთრი ხომ ყოველივე კეთილის, სპეტაკისა და წმინდის სიმბოლოა. თუმცა, თეთრმა სახლმა თავისი სახელი სულ სხვანაირად მოიპოვა. ამერიკა ბრიტანეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის რომ ბრძოლობდა, პრეზიდენტის რეზიდენცია ბრიტანელების ზარბაზნების წყალობით ძალიან გაბინძურებულა და ნირი უცვლია; მოკლედ, განაცრისფერდა (ან განაცრისფრდა. არ ვიცი, რომელია სწორი). სწორედ, ამ ზიანის დასაფარად იგი თეთრად გადაღებეს და მას მერე რეზიდენციას თეთრი სახლი ეწოდა. ვოტ ტაკ. :დ

კოსმიურო, რა ხდება შენთან კოსმოსში გარდა იმისა, რომ თვითერიდან დაპოსტვა უკვე შესაძლებელია. :)
თუ სწორად მახსოვს, ჩინელები 2030 წელს მთვარეზე წასასვლელად ემზადებიან. ეს რომ გავიგე, მაგრად გამიხარდა, რადგან ვიფიქრე, 60-იან წლებში ამერიკელების მთვარის ოდისეას სიმართლის სხივი მოეფინება-მეთქი (აი, რომ ამბობენ, დადგმული და (როგორც ახლა ამგვარ შემთხვევებს უწოდებენ) მოდელირებულიაო. თუ მართლა დადგმულია, მაშინ დროშაც არ იქნება მთვარეზე და ამას ჩინელები უეჭველად აღმოაჩნენ. კი, ამერიკელებს შეუძლიათ გადაუხადონ მათ, მაგრამ ჩინეთი ოხერია და თან ამერიკა არ ევასება). მაგრამ ჰოჲ, რომ ნაადრევი იყო ჩემი სიხარული, რამეთუ 2020 წელს ამერიკელები გეგმავენ მთვარეზე წასვლას და ვგონებ, ოდისეის ამბავი კვლავ ჩაიფარცხება.

 ცხოვრებაში დაახლოებით 24 წელი რო არ გეძინოს, რისთვის გამოიყენებდი მაგ 24 გამოთავისუფლებულ წელს?
კარგია ეს კითხვა რომ დასვი, რადგანაც ამაზე ფიქრში არაერთი საათი გამიტარებია. ყველაზე დიდი პრობლემა დროის შემეცნება-გართობას შორის განაწილებაა. დღის განმავლობაში, საშუალოდ 3 საათი შევიმეცნებ და 12 საათი ვერთობი. მაგრამ დღეში სრული 24 საათი რომ მქონდეს, გართობის დროს 18 საათამდე გავზრდიდი, რის შედეგადაც შემეცნების დრო 6 საათამდე აიწევდა და ჩემს ინტელექტუალურ დონესაც პოზიტიურად დაეტყობოდა. :დ

 გარდა იმ იზმებისა, რაც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია (რასიზმი, პატრიოტიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი და სხვა ათასი ჯანდაბა), შენთან შენი საკუთარი იზმებია ( კვერხიზმი, ტრაკიზმი, ფროიდიზმი..). რატომ იქმნებიან ხოლმე ახალი მიმდინარეობები შენ ლექსიკურ ბაზისში და ცნობიერებაში?
იზმის დამატება ნებისმიერ სიტყვაზე, ამ სიტყვის მნიშვნელობას უფრო აძლიერებს და მასობრივ ხასიათს სძენს. ისევ სიტყვა კვერცხის მაგალითზე განვიხილავ. დღეისათვის ფრიად დამკვიდრებულია ტერმინი კვერცხობა. ყველაფერ უაზრობას შეიძლება ეწოდოს ეს. რა კვერცხობაა! - ჟღერს, როგორც განყენებული გამოძახილი მხოლობით რიცხვში (კვერცხობა) და მხოლოდ ერთჯერად მოქმედებას აღნიშნავს (ერთი კვერცხობა, ერთი უაზრობა, ერთი შემთხვევა). მაგრამ როდესაც კვერცხობას ემატება იზმი, ყოველივე იცვლება. რა კვერცხიზმია! - ჟღერს როგორც მასობრივი უაზრობის ერთი შემთხვევის ამსახველი გამოძახილი, რომელთა ერთობლიობა კვერცხიზმის სახელის ქვეშაა გაერთიანებული (კვერცხიზმი - ბევრი კვერცხობები ერთად აღებული, მასობრივ-ხასიათ-მიცემული და თითქმის ფილოსოფიის დონეზე აყვანილი). სწორედ ამ მასობრიობისა და ერთობლიობის ხაზგასასმელად წარმოიქმნა ყველა ეს ჩემი იზმი.

არა, ისე მართლა არ ვიცი საიდან მოვიტანე :დ ამდენი ტყუილად ვიბოდიალე. ერთხელ, შემთხვევით წამომცდა ”კვერცხიზმი” და იმდენად მომეწონა, მას მერე თითქმის ყველა სიტყვას იზმს ვამატებ. :დ


 ფროიდის გარდა, ვინ გეხმარება ხოლმე შენი საქციელი, ნალაპარაკების, ნაწერის გაშიფვრაში?
სიმართლე რომ ვთქვა, მეტი არც არავინ. ჩემი ფსიქოლოგიის ცოდნა ამჟამად ფროიდით, რაღაც წითელი წიგნითა და რამდენიმე სხვა ფსიქოლოგის ესეთი შემოიფარგლება. უმეტესად ჩემივე უბედურ ინტუიციას ვეყრდნობი ხოლმე, რომელიც 100-დან 98 შემთხვევაში ცდება (ერთხელ, ვწერდი ტესტს და ისეთ კითხვა იყო, სადაც ოთხი ვარიანტიდან ორი იყო სწორი და ის ორი უნდა მოგეხაზა. არ ვიცოდი პასუხი და გადავწყვიტე ინტუიციისთვის მიმენდო საქმე. მაინცდამაინც ის ორი არასწორი შემოვხაზე. სულ ასე მომდის ხოლმე.)

იესოს გარდა ვისგან მოგიღია წერილი, რომელზეც მომიყვებოდი, ან ვისგან გინდა მიიღო?
წერილები უმეტესობა, რომლებსაც ფოსტით ვღებულობ, ბედკრული სპამერებისგანაა, რომლებიც ჩემთვის ვიაგრასა თუ რაიმე მსგავსი ტიპის წამლის შემოტენვას ლამობენ! ერთხელ, წერილებთან დაკავშირებით მაგარი კურიოზი მომივიდა. მივიღე წერილი, თითქოს ბრიტანულ გათამაშებაში მოვიგე 1,5 მილიონი (მილიონ ნახევარი) ფუნტი სტერლინგი. იმ დროს ინტერნეტ სამყაროში ყეყეჩი ვიყავი და არ მეგონა, ხალხი ასე ფულს თუ ცქნაფავდა ჩემნაირ დოყლაპიებს. დავიჯერე, დავფორიაქდი და ჭკუაზე არ ვიყავი. როგორც წერილში ეწერა, გავაგზავნე სახელი, გვარი, პირადობის ასლი და მსგავსი იდიოტობები (ახლა რომ ვიხსენებ, სიცილად არ მყოფნის). იმათმაც სერიოზულად მომწერეს რაღაცეები, თან ნომერიც იყო მითითებული, რეკვიზიტები და რამე. ყველა ”დოკუმენტაცია” წესრიგში რომ მოვიდა, მეუბნებიან, ახლა 900 ფუნტი სტერლინგი ამა და ამ ანგარიშზე უნდა გადმოგვირიცხოთ, რომ ის მოგებული თანხა გაანაღდოო. სხვანაირად ვერ მოვახერხებთ, გადასახაადებია და რამეო. კიდევ კარგი ამ მომენტში მივხვდი, რომ მაგარს მაბოლებდნენ... პასუხი არ მიმიწერია. სამი დღის მერე მირეკავენ სახლში ის მამაძაღლები! სად ხართ, სად დაიკარგეთო, რატომ არ გვწერთ პასუხსო? მეც ვუთხარი, ფული არ მინდა, გუშინ მკითხავთან ვიყავი და იმან მითხრა, მალე ზღაპრულად გამდიდრდები, მაგრამ რეალურად 900 ფუნტ სტერლინგს დაკარგავო. აი, ასე არ მოვტყუვდი და შევინარჩუნე 900 ფუნტი სტერლინგი (რომელიც არც მქონია).

ქართულ ,,ჭირებზე'' ხშირად წერ ხოლმე.
რა არის შენთვის საქართველოს ყველაზე დიდი ჭირები და რამდენიმე პოზიტივი?
ჭირის დანახვა რომ უფრო ადვილია, ვიდრე პოზიტიურის, ამაზე ხომ ორი აზრიც არ არის. საქართველოში დამკვიდრებული უამრავი ცუდი თვისების ჩამოთვლა შეიძლება და ერთი მეორეზე უარესია. ამაზე უკვე იმდენს საუბრობენ, რომ ერთი დიდი ენციკლოპედიის დაწერა შეიძლება - ”ჭირი ქართლისა”. ამიტომ მხოლოდ დადებით თვისებაზე გავამახვილებ ყურადღებას. სტუმართმოყვარეობა - აი, რაც გვაქვს, გვაქვს! სადაც არ უნდა წახვიდე, ვისთანაც არ უნდა მიხვიდე, არავინ გეტყვის, დორზე უკან გაბრუნდი და აქედან დაახვიეო. ასევე, გადახდის ინსტიტუტსაც თავისი ხიბლი აქვს (რომლის გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთ ჩანაწერში მწარედ ვაძაგე). როცა ნაყინის ფული არ გაქვს, მეგობარი სიამოვნებით გიყიდის მას და არ მოგიწევს სიცოცხლის ბოლომდე მის ვალში ყოფნა.

ერთხელ გეწერა რომ სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან სურათი წაშლის შემდეგაც არ იშლება.რა არის ისეთი ჩვენ გარშემო, რაც წაშლის შემდეგაც არ იშლება, ოღონდ ონლაინ სამყაროში არა, ჩვენში?
მოგონებები. ხო, ეს ისევე ბანალურად ჟღერს, როგორც რას-ვერ-აპატიებდი-შენს-მეგობარს-ღალატს, მაგრამ მოგონებები ვერ იშლება. ინტერნეტი ადამიანის ტვინს კარგად იმეორებს: მასში უამრავრი ინფორმაციაა, თუმცა არავინ იცის ზუსტად რამდენია და რაზე. ერთი ადამიანი თავის ცხოვრებაში ინტერნეტში არსებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების მხოლოდ უმციერს ნაწილს გამოიყენებს. ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 3% იყენებს საშუალო ჰომო საპიენს საპიენსიც. როდესაც ინტერნეტიდან რამეს შლი, ერთი შეხედვით, ყველაფერი მორჩა და ეს ინფორმაციაც დაიკარგა. თუმცა, ამ ინფორმაციის ასლი კიდევ უამრავ ადგილასაა, რომელთა არსებობის შესახებ არც იცი, არც გაგიგია და ვერც ვერასდროს გაიგებ. ასეთი წაშლილი მოგონებებიც ადამიანის ქვეცნობიერში ინახება, რომელიც თითქმის მიუწვდომელია საღი გონებისთვის და იქიდან მოგონების დაბრუნება არც ისე ადვილია. ჰმ, ვგონებ ამაზე პოსტიც უნდა დამეწერა.

ფაქტი, რომელიც არ ვიცით :
ვინ არი ჰიუსტონი და ჩემ გარდა როდესმე ვინმეს გონებიხარ მამრი?
ჰიუსტონი სრულიად შემთხვევითი სახელია. მას არანაირი კავშირი არ აქვს უიტნი ჰიუსტონთან და არც ქალაქ ჰიუსტონთან ამერიკაში. ნუ, ქალაქთან ცოტა აკვშირი მაინც აქვს. ე.ი. თავის დროზე ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი კოსმონავტი (ეს ეტაპი, ვგონებ, თითქმის ყველა ყრმის ცხოვრებაში იყო). სკაიპის სახელიც კი კოსმონავტი მაქვს. ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა მეხუმრა კოსმონავტობაზე: ჰიუსტონ, მიღება, პრობლემა გვაქვსო (ჰიუსტონი ნასას კოსმიურ აპარატებთან დამაკავშირებელ სადგურს ჰქვია) და ეს სახელიც აქედან წამოვიდა. მერე, როდესაც ბლოგისთვის სახელს ვარჩევდი, ჰიუსტონი სახელი მომივიდა აზრად და შედეგად, ახლა ვარ ჰიუსტონი.

მამრი თუ ვგონებივარ? არ ვიცი. შენც რომ გეგონე, გამიკვირდა. თუმცა, ახლა მდედრების ბლოგებს რომ გადავხედე, მშვენივრად აქვთ გაფორმებული - სურათები და რამე; ჩემთან კი მაგ მხრივ სრული ვაკუუმია უცნაური ”ჰედერით’’ :დ პლიუს ”ჩემ შესახებ”-შიც რაღაც დებილობა დამიწერა...

Friday, April 16, 2010

ოცნების ქალაქი

უკვე ბევრი დაწერეს და ალბათ კიდევ დაწერენ. არ მიყვარს ხოლმე ეგრე,  მაგრამ თბილისი ჩემთვისაც ოცნების ქალაქია, ამიტომ მე ჩემ ოცნების ქალაქზე მოგიყვებით.

აქ, ამ ქალაქში პრემიერებზე ბევრი ხალხი იყრის თავს. ყველა ყველას ნაცნობია, ყველამ ყველაზე იცის მინიმუმ ერთი ახალი ჭორი და ყველას უნდა რამე განსაკუთრებული თქვას ფილმზე.
აქ, ამ ქალაქში, ახალი ფილმები როგორც წესი ან ძალიან მოწონთ, ან ძალიან არ მოწონთ, უფრო, რა თქმა უნდა, მეორე.
აქ, ამ ქალაქში სიყვარულს კიდევ შეიძლება დაემალო, მაგრამ ბევრ ნაცნობებს ვერსად დაემალები.
აქ ამ ქალაქში  მე ვერასოდეს ვერ ვხვდები, როგორ მიყვარს აქაურობა, მაგრამ ფილმ ,,ოცნების ქალაქში'' ამბობენ, რომ რაც გიყვარს, ის ცოტა ხნით უნდა დაკარგო რომ  მერე მიხვდე, რა დაკარგეო.
ხოოდა, მე  ვიცი, როგორია როცა ძალიან  გენატრება ის, რაც არ იცოდი თუ ასე გიყვარდა.
ხოოდა, ახლა ვიცი, რომ უფრო სიამოვნებით კოჯორში ან წყნეთში ვიცხოვრებდი ნაკლებად პაპსა ცხოვრებით, მაგრამ აქაურობა ის არის, რაც ყველაზე მეტ ჩემთვის მნიშვნელოვან ცნებას ერთად შეიცავს.
მოკლედ, მიყვარს საწყალი და უბედური.


მენატრებოდა რამე ქართული ფილმის ნახვა, რომლის დამთავრების მერე არაფერი ცუდის თქმა არ მომინდებოდა. ხოოდა, გუშინ ზუსტად ეგრე წამოვედი პრემიერიდან.
ყველანაირი შემაწუხებელი ემოციის გარეშე, უბრალიდ ვიღიმოდი.

კი, ერთჯერადი მელოდრამაა.
კი,ათას ფილმში შეყვარებია მდიდარი მამიკოს გოგოს ვიღაცა.
კი, შორენას ძუძუები (და არამხოლოდ) აქაც ძალაშია.
კი, მანქანებში ლუკოილის საკიდები კონწიალებენ, წამლებს მარტო პე-ეს-პე-ში ყიდულობენ და ფილმი გაძეძგილია თვალში ადვილად მოსახვედრი რეკლამებით.
კი, მაია ასათიანის და ,, პროფილის'' ადგილი არ არის ზოგადად ფილმში.
 და კიდევ ათასი რამე.
მაგრამ:
  • სცენარი ირაკლი სოლომონაშვილისაა. ირაკლიმ წერა იცის.
  • მუსიკა მგზავრებისაა. ,,მგზავრები'' ჩემი მუსიკა არ არის, მაგრამ აი, ზუსტად ვიცი, რომ 2 კვირაში ეგ სიმღერები ყველა მეორეს ექნება მობილში, ყველა მეორე იღიღინებს  და ყველა მეორე შეიყვარებს. ,,მგზავრებს''   მეტი მე მგონი არც უნდათ.
  • სახელი აქვს  იდეალური: ვის არ უნდა ოცნების ქალაქში ცხოვრება, ვის  არ ქონია ოცნების ქალაქი და საერთოდ, გაცილებით კარგ დამოკიდებულებას მიჩენს, ვიდრე ბოლო პერიოდის  სხვა ქართული ფილმების სახელდებები.
  •  ძლივს ვიღაცა მიხვდა რომ პრემიერაზე ბლოგერების დაპატიჟება სასურველი კი არა, აუცილებელია, და ინტერნეტ მედია ზოგჯერ უფრო კარგი მედია და უნდა ეცადო, გამოიყენო.
  • იუმორი კარგ როლს თამაშობს და ძალიან კარგი, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი პასაჟები კარგად არის ,,გამაიმუნებული''.
  • ნანკა ძალიან, ძალიან ლამაზია.
დარბაზიდან გამოსვლის მერე ქალაქი ისევ ნაცრისფერი, სნობური, ყელში ამოსული ან სოფლელებით გატენილია, ვისთვის როგორ.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ოცნება გეზარება და არ გჯერა, რომ ოცნებები მართლა ახდება.
დარბაზიდან გამოსვლის მერე აუცილებლად დარწმუნდებით რომ მართალი ვარ და ფილმი მართლა ერთჯერადი მელოდრამაა.

პ.ს.
hey, ვარსებობთ ადამიანები, ვისაც შიგადაშიგ სულელური მელოდრამები გვიყვარს, შიგადაშიგ  ჩვენი ქალაქი და შიგადაშიგ ოცნება.
ჩემ ქალაქს სახლში რომ მოვდიოდი უკვე  ღრმად ეძინა.
ახლა მეც დავიძინებ და როდესმე იქნებ კოჯორში ან წყნეთში ნაკლებად პაპსა ცხოვრებისთვისაც გადავსახლდე.

Tuesday, April 13, 2010

ქობულეთის ნაპირზე ქვების გროვება, ახლადგარდაცვლილის ილუზია და ყველაფერი თავიდან, ანუ ნინო ქათამაძის და ნიკო გომელაურის კონცერტი

 მიყვარს,
იმიტომ რომ ბევრი ემოცია აქვს, თავისთვისაც და სხვებისთვისაც.

იმიტომ რომ ხშირად ამბობს მადლობას და კიდევ იმას, რომ მადლობა და მართლა ყველაზე კარგი ქართული სიტყვებია.

იმიტომ, რომ როცა მის სიმღერებს დარბაზი არ ყვება, კახური ანეგდოტის მოყოლას ითხოვს და დარბაზს მაინც ამღერებს.

იმიტომ რომ მგონია თბილი, გულწრფელი და  საყვარელია.

იმიტომ რომ  ჩვენ მეზობლებს თვეში რამდენჯერმე კონცერტზე მაინც უმტკიცებს, რამდენად ნიჭიერები და პატივსაცემები ვართ. იმიტომ რომ შუალედური მდგომარეობისთვის  არ გაგიმეტებს, ან უნდა გიყვარდეს, ან არა.

მე მიყვარს

მაისში ლონდონში გამართავს კონცერტებს,

მერე ლურჯის მაგივრად წითლ ალბომს ჩაწერს და მერე ალბათ რამე უფრო კარგ ჩხარუნობებს  დაკიდებს მიკროფონებზე,
 რამე უფრო საინტერესო ბუდეს დაიდებს თავზე და უფრო ფარფალა კაბას ჩაიცმევს.





 სულ მგონია, რომ ქობულეთში სანაპიროზე დადის და ქვებს ითვლის.

მე ეგრე ათასი სისულელე მგონია.

მაგალითად მეგონა რომ გომელაური ახლადგარდაცვალებული იყო და ყველას უჭირდა მაგაზე ლაპარაკი.
მეგონა, რომ  გაფაქიზებული დამოკიდებულება და სიტყვების შერჩევა ცუდად შერჩეული პოზა იყო. არავის არ გვჭირდებოდა.
მეგონა რომ ნიკოს ძალიან ცალ ფეხზე ეკიდა, მე ახლადგარდაცვლილი მეგონა თუ ხალხს დიდი პოეტი.
ამ დროს ალბათ ყველაზე მეტად ან წერტილი, ან ძალა და ყველაფერი თავიდან გინდა.


ხოოდა, ყველაფერი თავიდან მუსიკაა, სიყვარული და წერტილიც პრინციპში.

ხოო, ახლა ვიფიქრე, რა კარგია, როცა ვიღაცა გკითხულობს როცა შენ დილის ძილით ტკბები, ან როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეკვეტები, ან ახალ რამეს წერ და კიდევ ათას შემთხვევაში და რა ცუდია, როცა გკითხულობენ მაშინ, როცა შენ უბრალოდ არ გამოგდის შენი თავის წაკითხვა.

მაშინ შენ  შენ თავს წერ, მუსიკას  სხვები უკრავენ, წერტილსაც სხვები სვამენ და სხვებს შეიძლება ახლადგარდაცვლილიც ეგონო.

უცნაური ამბავია.

პ.ს. ( შემდგომი ჩამატება )
 ჩემი წინათგრძნობა თურმე არსებობს
აი, რაღაცნაირად არ მინდოდა რომ მომკვდარიყო.
და ახლა სულ მეცოდინება, როგორია სიკვდილის წინა დღეს გამართული პანაშვიდი, მეგობრებით და შენი ლექსებით.

Monday, April 12, 2010

ამინდის პროგნოზი

როცა სალაპარაკო თემა  ქრება ხოლმე, ამინდზე ლაპარაკობენ.


მგონი გარეთ წვიმს და ჩემი ძილის დროა.
მგონი იმიტომ, რომ ჩვენ ეზოში ონკანი ხშირად ფუჭდება ხოლმე, ონკანი ჩემ ფანჯარასთან არის და გადასარევად გამოდის წვიმის ილუზიის შექმნა.

როცა წვიმს, სულ მინდა რო ღამე იყოს და დავიძინო, როცა , თოვს, მინდა ბუხრის წინ სარწეველა სავარძელში ღუნღულა კაშნებს ვქსოვდე და როცა სხვანაირი ამინდია, სულ მინდა რო მზე იყოს და მე ყველას ვეუბნებოდე, რომ მზე მიყვარს.

მე ეკოლოგიური კატასტროფების მეშინია, მაგრამ ისე მინდა რომ ყოველ ღამე წვიმის ხმაში მეძინებოდეს და ყოველ დილას მზის სხივები მაღვიძებდნენ, სულ თბილოდეს და მე ჩემ აზრებს ჩემში ვინახავდე, მზად ვარ,  დავივიწყო ის, რომ სასმელი წყლის გაუფრთხილებლობა ცუდია და ყოველ ღამე ან მეძინება წვიმაში, ან არა.

სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, რომ  ბოლო ერთი კვირაა კონცენტრირების პრობლემა მაქვს. ჩემ თავში ბევრი რამე დაფათურობს და მე მიჭირს რომელიმეზე ხელის ჩაჭიდება. იმიტომ ვერ დავწერე ერთი კვირა ვერაფერი, იმიტომ დავდივარ მუდამ მძინარი სახით და იმიტომ...

ხოო, კიდე დღეს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ არც ისე კარგია, როცა იცი, ვინ დგას შენ ბლოგზე დატოვებული ყველა კომენტარის უკან,  როცა შენი წარმოსახვა მარტო წვიმას იგონებს და შენ რეალურ ადამიანებს ელაპარაკები.
ხოოდა, გამოჩნდნენ რა ვინმეები, ვისაც ჯერ არ ვიცნობ და არ მიყვარს.
ან მე ვისწავლო ჩემთვის, მარტო ჩემთვის წერა.
ან უბრალოდ, წერა ვისწავლო, ყოველ ღამე იწვიმოს და ყოველ დილას მზე იყოს.

პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რომ მერე თავში აღარ მომივა სუროგატებით ცხოვრება არარსებულ ქალაქში.

არარსებულ ქალაქში მგონია, რომ ჩემ ჰაერს მანქანები სუნთქავენ და მე იმიტომ მაქვს არითმია.

მგონია რომ მარტო მე კი არა, ყველაფერი არითმიულია.

მგონია რომ სანამ არამნიშვნელოვანი და უსარგებლო საქმეებით ვარ დაკავებული, ჩემ საკუთარ დროს უსინდისოდ ვართმევ ჩემ თავს და ამ დროს რო არ ვკარგავდე, მაინც არ გამოვიყენებდი.

მიხარია, როცა ადამიანები იშვიათად, მაგრამ მაინც თვითონ ხვდებიან, როდის უნდა გამოჩნდნენ.

მგონია, რომ ზოგჯერ სხვები უკეთ ხედავენ, რა ხდება ჩვენ თავს, ვიდრე თვითონ ჩვენ.
და
მგონია, რომ კომფორტული ურთიერთობები და ღამის წვიმა პანაცეა არა, მაგრამ ყველაზე კარგი რამეა, რაც ახლა ძილის წინა სურვილებად მომდის.

Sunday, April 4, 2010

დღე სასწაული

აი ასე.
მოვიდა.

გუშინ ვიჯექით მე და ,,მამიდა'' და მეგობრებზე ვლაპარაკობდით.
ბაბისა რომანტიულიო, ანუშკა კვერცხებს ღებავსო, რომელღაცა დილას იმიტომ გამეხარდა გაღვიძება, თქვენ გამახსენდითო და საერთოდ, ადამიანები რატომ მიდიან და მოდიან  ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენ ცხოვრებებშიო.

ე და მამიდა ცოტა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.  კიდევ უფრო ცოტა ხანია რაც ასეთ საჭირბოროტო საკითხებზე ვლაპარაკობთ.
მიყვარს მამიდა. მამიდას წერილები უყვარს და სულ სინდისი მქენჯნის რომ ჯერ არ მიმიწერია.
ხოოდა, მოვწერ როდესმე.
ეგ კი არადა, დღეს  ჩაის დასალევად რომ ამოვიდა ჩემთან, ჩაი არ მინდა და ლექსები წამიკითხეო მითხრა, ისეთი არაადეკვატური ლექსი წავუკითხე, მე თვითონ დამება ენა.
 ხდება ხოლმე...
წერილს მაინც დავწერ.
მანამდე...
აღდგომა მოდის.

აღდგომა ჩემი დღესასწაულია. ყველაზე დიდი დღესასწაული და ბოლო ორი წელია ვხვდები, რომ ჩტო ტა, ნი ტო...
არა, ისევ მიხარია, ისევ განვიცდი, ისევ წითლდებიან კვერცხები და ისევ მწვანდება ჯეჯილი, უბრალოდ მე ვარ ასე, ნი ტოდ.

ბავშვობაში ბევრი რამის ზედმეტი დოზა მივიღე, ზოგმა დამიტოვა, ზოგმა უკურეაქციები გამოიწვია.
ერთ-ერთი ეკლესიაში სიარული იყო.
აიი, დღემდე მინდა ის საღამოები, მე-ლაწირაკი, მღვდელი და რამდენიმე ქალი რო ვიყავით მარტო ეკლესიაში და შეუმჩნევლად ღამდებოდა.
ხოოდა, მერე, როცა ეკლესიები გაიტენა და მე გავიზარდე, სულ მეგონა, რომ რიტუალების გარეშეც შეიძლება ღმერთი გყავდეს, რომ შეიძლება დაკანონებულ დროს არა , მაშინ ილოცო, როცა გრძნობ, რომ გჭირდება და რომ რწმენა რაღაც ძალიან შინაგანია.

ხოოდა, მეც არ ველოდებოდი, მაგრამ სულ ტყუილად მეგონა.
ის, რომ დღესასწაულებს რაღაც აკლიათ, ის რომ მე ღმერთი უფრო ახლოს მჭირდება და  რომ ძალიან შინაგანი ხშირად ცარიელია, ჩემი ინიციატივების ბრალია.
უფრო და უფრო იშვიათად მინდება მთაწმინდაზე ასვლა, უფრო და უფრო მიჭირს გულწრფელობა და უფრო იშვიათად ვკითხულობ ბიბლიას და საერთოდ, უფრო და უფრო უნიჭოდ ვარწმუნებ ჩემ თავს იმაში, რომ სწორად მგონია...

არადა, თავში დაბრუნებაც ძნელია.
თავის მერე ისევ ეს მოდის.
ჩვენ წრეზე დავდივართ და
ყველაფერი როდესმე უკვე ათასჯერ  მაინც იყო.

ათასჯერ მაინც იყო ის, რომ ჩემნაირ დაულაგებელ ადამიანებს ეგონათ, დაულაგებლობა გადასარევი არა,მარა სრულიად ბუნებრივია, ხოოდა, რატომ უნდა შევცვალოთ რამე, როცა შეიძლება არაფერიც არ შევცვალოთო. 
როდესმე, ასეთებს შეგვიყვარებენ, ასეთებს დაგვიმეგობრდებიან, ასეთებს მოგვილოცავენ დღესასწაულებს და  ასეთებს გვიმღერებენ შეშლილების იავნანას...

ხოოდა, რა ვიცი, არ მინდა კიდევ ერთხელ რამე არასწორად მგონია.

არ მინდა ვთქვა, რომ კაცებს ჩემნაირი ქალები არ მოწონთ და მე ჯერ ჩემი თავის და მერე ვინმე კაცის სახლის დალაგება დავიწყო.
არ მინდა ჩემ მეგობარს მარტო ზრდილობის და ინერციის გამო ერქვას მეგობარი და
დღესასწაულებს  მარტო  ინტუიციით ვგრძნობდე.

მგონი დროა ახალი ,,მგონია'' ავითვისო, რომლის თანახმადაც თუ  რამე  გინდა და თუ რამე  გიყვარს, იმისთვის რამე უნდა გაიღო.

მარა ეგ კომპლექსური მგონია, ბევრი  ხო, არა და მთლად ეგრეც არ არის პასუხიანი კითხვებით და ჯერ მის მიღებაზე მაინც უარს ვაცხადებ.

ჩემი ასეთობის , შემთხვევითობების, ბედნიერების და გარშემომყოფების მინდა მჯეროდეს.
და კიდე რისიც ჯერ არს.

ქრისტე აღსდგა  : )

Thursday, April 1, 2010

,,მაიტა ნასოსი'', ანუ რას გვიშვრება ძუძუები და პროვინციალიზმი

სავარაუდოდ ყველა ნორმალურს აქვს რაღაც ისეთი, რაც მისთვის ძალიან, ძალიან წმინდაა და ძალიან არ უყვარს როცა ამ ძალიან, ძალიან წმინდას ულახავენ.

აი, ეგრეა ჩემთვის საკვები.
თუ რამე ,, სიწმინდე'' არ მაქვს წინ, ავდგები და მთელი დღე არ შევჭამ არაფერს.
 გამომდინარე იქიდან, კუჭის გარდა, ტვინიც მაქვს გამოსაკვები, უფრო ცუდად ვხდები, თუ ვინმემ ცუდი საკვები ტვინისთვის შემომთავაზა.

ნუ, არსებობს პასუხი, თუ არ გინდა, ნურც იმას მიიღებ და აქვე მორჩი წუწუნსო, მაგრამ, მაგაზე აქვე გიპასუხებთ, რომ წუწუნს არც აქვე და არც მერე არ მოვრჩები, იმიტომ რომ იმ ცუდი ფილმებით, ცუდი კლუბებით, ცუდი ავტორებით და ფსევდო კულტურით ჩემს გარდა ბევრს უმასპინძლდებიან.

შეიძლება ვიღაცისთვის ერთი მარად უკმაყოფილო არსება ვარ, რომელსაც არ მოწონს რესტორნის მერომელღაცა სართულზე გახსნილი ინტელექტუალური კლუბები და სარდაფში ობის სუნიანი კლუბები, მაგრამ ფაქტია, ეგ არ უნდა მოგწონდეს.
ისიც ფაქტია, რომ ამაზე ლაპარაკს არ წამოვიწყებდი, ახალი რისხვის ობიექტი რომ არ მქონდეს.

ჩემი ახალი მსხვერპლი არც მეტი არც ნაკლები,  ქართული კინოს მორიგი კრახი,,მაიტა ნასოსია''.

ვიცოდი, რომ  პროვინციალიზმის ჭირს ვერასოდეს ვერ მოვიხდით.

ვიცოდი, რომ ფილმში ერთ-ერთი მოქმედი პირი შიშველი ძუძუ იქნებოდა. გაგვიმართლა და ყველაზე ყბადაღებული თუ როგროც არი, ის.

ვიცოდი, რომ პუბლიკაზე კარგად მოქმედებს, თუ ვინმე ეკრანიდან ყვირის, ქალი მინდაო და საერთოდ გვიხარია ხოლმე, ხამები რო ვართ.

ვიცოდი ისიც, რომ არავინ არ იტყოდა, 2 კვირაში გადაღებული ფილმი ფილმი არ არის და ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა არ გაწყენდათო.

მაგრამ არ ვიცოდი, თუ ვინმეს აზრად მოუვიდოდა ანეგდოტების მიხედვით აეწყო სცენარი.
ფილმის პრემიერაზე სატვირთო მანქანიდან ყიჟინით გადმომხტარიყო, ასევე ყვირილ, ,,აე-აეს'' ძახილით გაეკვლია გზა რახამდე და  იქ სადღეგრძელოების სმა გაემართა.
რეჟისორს ფილმზე არაფრის თქმა არ მონდომებოდა და მსახიობებს ეთქვათ,  რომ გადაღების პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო, ვერ კი ხვდებოდნენ, რომ მუშაობდნენ.

ხოოდა, ასე, ფილმი უკვე გამოვიდა კინოთეატრებში, ნახავენ ადამიანები და კიდევ ერთხელ არ შერცხვებათ პროვინციალიზმის და სატვირთო მანქანით ხრიგინი პერფორმანსად ჩითვლება.

პოსტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავწერე რომ დაგუგვლის შემდეგ ვერაფერი ვერ ვიპოვე, ინფორმაციული ხასიათის და კიდე, მაია ასათიანმა და გურულ- მეგრულმა ანეკდოტებმა გამახსენეს გუშინდელი.

ხოოდა, ადამიანებო, ან გიყვარდეთ ეს საწყალი ქვეყანა მთლიანად, ან არა.  რა უბედურებაა კუთხეებად დაჩეხვა.

ან გადაიღეთ კარგი კინო, ან ნუ ატენით ადამიანებს საკვებად გამოუსადეგარ საჭმელს.
და საერთოდ გვაცალეთ ისე ცხოვრება, რომ გვიყვარდეს ჩვენი გარემო  და ჩნდებოდეს მსგავსი ფიქრები, : ,, აქ არაფერი კარგი არ ხდება'' , ,,გურჯისტანია'', ,,ჩვენ კაი ხანია კრიზისი გვაქვს და ფასეულს ვერაფერს ვქმნით'' და ა.შ.

პ.ს. არა, მე გუშინ მართლა იდეალური დღე მქონდა,
ახალი ფილმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს  და
ის რახი მეც  გამეხარდა.
იმიტომ რომ მე ვიცი,  ის ფილმი არ არის, როცა მსახიობები ვერ ხვდებიან რომ გადასაღებ მოედანზე არიან და მუშაობენ  და როცა ანეგდოტებით აწყობილ ფილმს  2 კვირაში გადაიღებ.


  თქვენ რას გერჩით, აქ სავარაუდოდ არ შემოდის ის ხალხი, ვისაც ,,მაიტა ნასოსი'' კარგი მოეჩვენება. მაგრამ  ნუ მაინც, არ  შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იკვებები.

საკვები ჯანმრთელი უნდა იყოს და გემრიელი.