Thursday, May 27, 2010

ისევ Deep Purple, რამდენიმე მარტივი დასკვნა და კონცერტის ამბები

მოკლედ, ასე.ერევანში წასვლა ნამდვილად ღირდა იმისთვის, რომ გზაში მეფიქრა: ვინმეს ყველა ბედნიერი დღის ბოლოს ჩემ თავზე თითო ნაწნავი რომ გაეკეთებინა,როდესმე მე მივხვდებოდი, რომ აღარ ვარ თმაგაბურძგნილი, შიგადაშიგ მობუზღუნე ქარიზმატული, მოწითურო და თმაგაძეძგილი არსება, რომ ნაწნავების იდეა სისულელეა, არასოდეს არ უნდა დაითვალო ბედნიერება, კმაყოფილება, გადადგმული ნაბიჯი და ზღვაში ქვიშა.

ხო, ერევანში წასვლა იმისთვისაც ღირდა, რომ კიდევ ერთხელ გადამემეორებინა სიბრძნე, რომლის თანახმად ავტორიტეტები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და ზოგჯერ ძალიან, ძალიან სასაცილოდ დაცანცარებენ. მერე ხვდები, რომ ავტორიტეტები სულაც არ გჭირდება, არც იდეალები და საერთოდ, ჩვეულებრივი, შენნაირი ადამიანები გჭირდება, ასაკის მიუხედავად სასაცილოდ რომ იცანცარებს, შენი აზრით ალერგიულ ფონზე ცემინებას  ატეხავენ, მხიარული და ენერგიული ცოლი  ეყოლება სადღაც სცენის კუთხეში და მაინც რომ გეყვარება, ისეთი.
აი, ასე, მარტივად მიდიხარ კომპრომისზე, 2 საათით გიყვარს, რამდენიმე დღე გახსოვს და მერე ისევ სხვა ამბები დაიწყება.


სხვა ამბები იმავე საღამოს დაიწყო.
მე მარტივი დასკვნების კეთების კეთების ხასიათზე ვიყავი და აი, ისინიც:
  •  ბედნიერებაა როცა საერთოდ არ ზრუნავ იმაზე, სად, როდის და რითი მიდიხარ და ვიღაც აგვარებს შენ მაგივრად ყველაფერს. მიუხედავად ამისა:  არ არის რეკომენდირებული ბევრ ქართველთან ერთად სადმე წასვლა, საერთოდ, მასობრივი მსვლელობები ნე მოი ვკუს.
  • რეალურად კონცერტზე ძალიან ბევრი ქართველი იყო, ქუჩებშიც ქართული ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
  • სომხეთი არც ისეთი უსახურია, როგორც წარმომედგინა. პირიქითაც კი ვიტყოდი, სულაც არ არის უსახური და ალაგ-ალაგ ემოციური ადგილებიც გამოერევა.
  • სამაგიეროდ ხალხი არის ჩვენზე მინიმუმ 15 წლით უკან. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჩაკეტილი საზოგადოებაა, რაც კი ჩემი წანწალისას შემხვედრია. სავარაუდოდ, ჩამორჩენილობაც შაკეტილობის ბრალია. ვამბობ მე ღიაობა კარგი თვისებაა განვითარებისთვის და დამიჯერონ თუ უნდათ.
  • ერევანში რამდენიმე დღით დასასველებლად ღრმა სიამოვნებით წავიდოდი, |(ოღონდ არამასობრივად :) იდეალური სასეირნო ქუჩები და ზუსტად ისეთი ღია კაფეები აქვთ, მე რომ მაბედნიერებს. კიდევ, გაცილებით მშვიდია, ვიდრე თბილისი და იმდენად მშვიდი რომ ზღვისპირა ქალაქი მეგონა . შუაღამისას ზღვას ვეძებდი.მერე ჩემი თავი შემეცოდა, როგორ გინდა ზღვისპირა ქალაქი-თქო  და დავიძინე.



მეორე დღეს ზუსტად ჩვენი სასტუმროს წინ ჩვენმა თანამცხოვრებლებმა ქუჩის მუსიკოსობანა ითამაშეს და ძალიანაც კარგი ქნეს. ხალხი ფანჯრებიდან და აივნებიდან ვეღარ აიწიწკნა, მგონი თვითონაც ხვდებოდნენ რომ ჩაკეტილები არიან.
მე მეძინებოდა, სახლში მინდოდა და უკანა გზაზე ყაყაჩოებიან მინდვრებს რომ ვხედავდი, მიხაროდა.
მერე მიხაროდა, რომ სახლში ვბრუნდებოდი და გუშინდელიდან გამოყოლილი ნაწნავი არა, მაგრამ დღევანდელი გვირილა მქონდა თავში, და ერთადერთი, რაც არ მიხაროდა, ის იყო რომ თბილისში ბონი ემ-ი მღეროდა და ერევანში აცანცარებული, მაგრამ მაინც იან გილანი.

პ.ს.ასეა, მარტივად, ორი საათი გიყვარს, რამდენიმე დღე გახსოვს და მერე სულ სხვა ამბები დაიწყება.

Tuesday, May 25, 2010

Deep Purple, ერევანი და წინასამგზავრო ამბები

ისტერიულად ადრე ისტერიულად ავდექი, კარგა ხანს ვიბორიალე იმ მისიით, სადმე წასასვლელად მომზადება  რომ ქვია. ახლა უკვე დილის ყავის მადლს ვიწევ და დაახლოებით 10 წუთში, ერევნისკენ მიმავალ გზას დავადგები.
ერევანში ეჩმიაძინია, სევანის ტბა და ფარფლების კონცერტი. ჩემი მისია სამივეს ნახვას მოიცავს, ეგ კი არა, გიო ამბობდა კონცერტის მერე   სადმე ლაივ ჯაზსს მოვუსმინოთო, ხოოდა, მე დავეთანხმე, საბოლოოდ რას ვიზამთ და როგორ მოვიერევანებთ, ზუსტად 2 დღეში მოგიყვებით.
მანამდე კი გუშინ, ვამბობდი, რომ ერევანი უფრო ახლოა, ვიდრე მაგალითად ბათუმი,, მაგრამ გიომ მითხრა, რომ ერევანში სანამ მივალ, სულ ისე უნდა ვიარო, როგროც ყაზბეგის უღელტეხილზე და იმაზე ბევრად მალე სულაც ვერ ჩავალ, ვიდრე ბათუმში.

არაუშავს.

ისტერიულად  მიხარია, რომ სადმე მივდივარ. ზოგადად ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად წავალ, მთავარია წავიდე, გინდა ლაგოდეხში და გინდა ვენეციაში, მაინც ბათინკები უნდა ჩავიცვა და ის ჩემი ზურგჩანთა ჩავალაგო. ხოოდა, აი, მერე უკვე ყველაფერი დანარჩენი თანმდევი მოვლენები და შემთხვევითობებია. მთავარია, წავედი.

რაც ჩეეხება ფარფლებს, ზუსტად გუშინ ვფიქრობდი, წლებია აღარ მომისმენია და შეგნებულად არ ვუსმენდი არაფერს არც ამ ბოლო დღეებში, მთელი ჩემი ბავშვობა და მსგავსი ამბები ერთად უნდა გავიხსენო. აი, ის ბავშვობა, რომ მეგონა, ეგ და კიდევ ბევრი ჯგუფი მხოლოდ როდესღაცა ძლიან ადრე მღეროდნენ იმას, რასაც მე ვისმენდი და ახლა მათი მოსმენა მხოლოდ ფირფიტებიდან შეიძლებოდა. მაშინ ვერასოდეს  წარმოვიდგენდი, თუ ვინმე იმათგანი ცოცხალი და რეალური იყო და მით უმეტეს, მისი მოსმენა კიდევ შეიძლებოდა.
ხოოდა, ასე, როცა იზრდებიან ხოლმე, ბევრ რამეს ხვდებიან.

მოკლედ, წავედი ჩემი ბათინკებიან-ზურგჩანთიან-დილისყავისმადლიანად :)

Monday, May 24, 2010

დაკარგული ნასტასია, ამოჩემებულებობი და ორიოდე კითხვა

დილა, შუადღე ან საღამო  მშვიდობისა, ადამიანებო :)
როგორ ხართ?

ლბათ ასე მოგმართავდათ ნებისმიერი ნასტასია, რომელსაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავისი თავი ენატრება და ვერაფრით ვერ მოიცალა მისთვის. ნებისმიერი ნასტასია, რომელმაც  არ იცის, რა ხდება მის თავს, სხვისი ამბებით ინტერესდება.
ეს კითხვაც მაგიტომ.
თორე ისე სხვა კითხვა უნდა დამესვა.

გუშინ ინტერვიუზე ვიყავი. რესპოდენტს რომ ვუთანხმდებოდი, სად ჩაგვეწერა, მითხრა, ყოველდღე 4ის მერე მცალია და შაბათობით ლიტერატურულში ვარ ხოლმეო (ნუ, რაღაც კონკრეტულ  საათებში, რა თქმა უნდა ).რესპოდენტი უსაყვარლესი გოგოა და ინტერვიუ  სულ მალე დაიდება მუზამეზე, მანამდე კი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომინდა, როდესმე მსგავს კითხვაზე ეგრე დალაგებულად მეპასუხა.

მერე მივხვდი, რომ არ ვარ მე ის, ვინც დალაგებულად ცხოვრობს, მაგრამ ხომ შეიძლება მქონდეს ადგილი, სადაც ყოველ შაბათს (ან ნებისმიერ სხვა დღეს, რა მნიშვნელობა აქვს), მივალ ხოლმე, რამე ამოჩემებულობას დავლევ და დაველოდები, ვინ მოვა ჩემთან სალაპარაკოდ. მერე რა რომ არ ვარ ვინმე მარგარეტ ტეტჩერი ან  ვირჯინია ვულფი. არც ერთი მარგარეტი ან ვირჯინია თბილისის რომელიმე კაფეში არ დაგელოდებათ.აი, მე კი დაგელოდებოდით.

ამიტომ, სანამ ჩანთას ჩავალაგებ და სომხეთის გზას დავადგები,  სანამ მე ჩემი საყვარელი დილის ძილით მეძინება და თქვენ სამსახურებიდან ჩემ ბლოგს ესტუმრებით, და მერეც,  მომიყევით თქვენ ამოჩმებულ დღეებსა და სასმელებზე,  თქვენ ამოჩემებულ სალაპარაკო თემებსა და  სასურველ თანამოსაუბრეებზე. ხოოდა, ეს კითხვა უნდა დამესვა თავიდანვე, მაგრამ კითხვისებურად არ ჟღერდა.


 პ.ს. ხოო, მე ყველგან ვარ ხოლმე, თითქმის  ყველაფერზე ვლაპარაკობ და ძირითადად ლუდს  და იშვიათად შავ ღვინოს ან კაპუჩინოს ვსვამ. სასურველ თანამოსაუბრებეებთან კან მე მივდივარ, ან თვითონ მოდიან. მარტივი ამბავია.

Monday, May 17, 2010

ალტერ ვიჟენი, მინიმუმ ორი სიახლე და ბედნიერი შაბათ-კვირა

მოკლედ, ასე :
მოვედი თავზესაყრელი პოზიტივებით, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში იმდენი იყო, მეშინოდა, არ მოვმკვდარიყავი.

ამბავი პირველი

ალტერ ვიჟენის კონცერტებმა კარგად იმოქმედა. მიუხედავად 1200 შენიშვნისა, რაც ზოგადად ორგანიზატორების მიმართ მაქვს, მაინც კარგად მოქმედებს ახლადშეღამებულზე რომ იცი სადღაც ცოცხალ მუსიკას მოუსმენ, ბევრ ნაცნობს ნახავ და შუაღამემდე ბევრი ლუდის დალევას  მოასწრებ.
მიუხედავად იმისა, რომ  ადამიანებს მმკ-ს სუნი სცემდათ, მიუხედავად იმისა, რომ სამი კონცერტის ერთსა და იმავე დროს დაწყება კარგი იდეა არ იყო, თბილისი ცოტა უფრო ცოცხალი იყო ვიდრე არის ხოლმე, ცოტა უფრო მუსიკალური და ცოტა უფრო მეგობრული.



პირველი ამბის დასკვნა:
მერე რა რომ მუზამელები იშვიათად ვწერთ და არც იმდენი ადამიანი გვიცნობს, რამდენიც საჭიროა.
სამაგიეროდ,  იდეალური  კომუნა ვყოფილვართ მთელი ჩვენი მეგობრებიანად.
ვოტ.



ამბავი მეორე
რამდენიმე დღის წინ წერილი მივიღე, შენი ბლოგიდან მოგაგენით, კარგად წერ და ჩვენ  ჟურნალთან ხომ არ ითანამშრომლებდიო.
ჯერ ის გამეხარდა, რომ ვინმემ ბლოგიდან მომაგნო, მერე ის, რომ მიხვდა, კარგად ვწერდი და მერე ის, რომ მართალი ვარ, როცა ვამბობ, რომ კეისრებს კეისრისა როდესმე აუცილებლად ერგებათ.
მოკლედ, პირველი სტატია უკვე დაიდო.
ჩემი ძველი პოსტია, ცოტა უფრო გალამაზებული.

მეორე  ამბის დასკვნა:
მე მართლა ჭკვიანი ვარ, მერე რა რომ ზოგს სხვა ვერსია აქვს და ზოგს მაგის დანახვა არ უნდა.
ვოტ.

მესამე ამბავი
ჩემ ბლოგს ცოტა ხანში კიდევ ერთი ავტორი ეყოლება, რომელიც მხოლოდ თემატურ პოსტებს დაწერს.
კიდევ ერთი ავტორი ჩემი მეგობარი და სრულიად ტექნიკური მხარეების უნიკალური მომგვარებელია, რომელიც სხვადასხვა რჩევებს დაწერს ხოლმე ჩემნაირი ბლოგერებისთვის, რომლებიც მხოლოდ ბლოგის შიგთავსზე არიან ორიენტირებულები და არა მის  მოწყობაზე.
მოკლედ, თუ ვინმეს გაქვთ რამე  სუსტი წერტილი  და სიამოვნებით მოისმენდით რჩევებს, მაშინ კომენტარებში დატოვეთ იდეები და გავითვალისწინებთ.

მესამე ამბის დასკვნა:
სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ რჩევები და ტუტორიალები არასაინტერესოა და ჩემ ბლოგზე არასოდეს მსგავსი არაფერი მოხვდებოდა.
მაგრამ ამ ბოლოს მივხვდი, რომ რისი გაკეთებაც შეგიძლია, ყოველთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, არასოდეს იცი, როდის ვის გამოადგება და დააინტერესებს. შესაბამისად, ველოდები თქვენ წინადადებებს, ან თქვენ ელოდებით ახალი ავტორის გამოჩენას.

მეოთხე ამბავი
მზიურს ყველაზე მეტად გაზაფხული უხდება.
ხოოდა, მიყვარს, როცა საგაზაფხულო რიტუალს ერთხელ მაინც ვასრულებთ მე და ჩემი მეგობრები.

ამ ამბავს დასკვნა არ ჭირდება

Saturday, May 15, 2010

ერიკ ტრუფაზი, სნობი პუბლიკა და სეირნობა ვერის პარკში

საქართველოში ჩამოსული ყველა შემსრულებელი რომ ,,ლეგენდარულია'',   ისეთივე ცნობილი ფაქტია, როგორც ერიკ ტრუფაზის  გუშინდელი  კონცერტი ფილარმონიაში.
სამაგიეროდ ნაკლებადცნობილია ის, რომ ,,ლეგენდარული'' შემსრულებელი კონცერტამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე   თავის კვარტეტთან ერთად  ვერის ბაღში დასეირნობდა  ყოვლად არალეგენდარულად: ყველანაირი მიწისქვეშა გადასასვლელების, უსაფრთხოების წესების  და მსგავსი სისულელეების გარეშე.
ალბათ არაფერი ისეთი, მაგრამ გზის აქეთა მხარეს მდგომმა ვერ დავიჯერე რომ  ნამდვილად  ტრუფაზი მიდიოდა ნამდვილად  ვერის პარკში.

ხოოდა, აი, როცა დავიჯერე, როცა ერთდროულად გადავკვეთეთ კოსტავა გზის აქეთა და იქითა მხრიდან, კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ ძალიან კარგ კონცერტზე მივდიოდი.
მართალიც ვიყავი.

თავიდანვე მივხვდი, რატომ არის ტრუფაზი ჩემი შემსულებელი.
მიზეზი მარტივია:  ჩემნაირია, ზარმაცი და თავისი სიზარმაცით არაფერს აშავებს.

იშვიათად უკრავს.
გვერდზე ისეთი კვარტეტი ყავს, სულ რომ არ დაუკრას, მაინც ძალიან მაგარ მუსიკას დაუკრავენ. მერე ეს ბასისტი ისე უღმერთოდ სიმპატიურია, სულ გავიწყდება შენიც და ერიკის სიზარმაცეც.


არადა სიზარმაცე მე ამოვიჩემე თორემ  ადამიანი 7 წლის უკვე შემდგარი მუსიკოსი იყო და დღემდე ყველაზე ხშირად მაილს დევიზს ადარებენ. თვითონ ამბობს რომ მაილსი ზუსტად ის არის მისთვის ჯაზში, რაც  პიკასო მხატვრობაში.
თვითონ  თავს ჯაზმენად არა, უბრალოდ მუსიკოსად მოაზრებს და ამბობს, რომ შვეიცარიაში დაბადებული ფრანგისთვის, რომლის მუსიკასაც მთელი მსოფლიო უსმენს, არ არსებობს ლოკალური ან ჟანრობრივი შეზღუდვები.
სიამოვნებით ატარებს ექსპერიმენტებს ჯაზის, სოულის, ჰიპ-ჰოპისა და ელექტრო მუსიკის  გამოყენებით.  ამას ყველანაირი მუსიკალური ეტიკეტების დაცვის გარეშე აკეთებს და თან ისე,  ევროპული ჯაზ-სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პროგრესული ფიგურის სტატუსმორგებული.

ამბობს, რომ  ნიუ იორკელ მუსიკოსთან ერთად ისე წარმატებულად ვერ დაუკრავს, როგორც ნებისმიერ ევროპელთან. იმიტომ რომ მუსიკა მისთვის ის კი არ არის,
რაც ისმის, ის არის, რაც გაგონილს საფუძვლად უდევს. რაც მხოლოდ ინტუიციით და გრძნობით გაიგება. მას კი არ ჯერა რომ აბსოლუტურად სხვა გარემოს წარმომნადგენელს ინტუიციით და გრძნობით გაუგებს.


სამაგიეროდ, მე ვირწმუნები, რომ ის კვარტეტი, რომელიც ახლა ყავს, იდეალურად უგებს, რომ ბარაბანშიკის იმპროვიზაცია კიდევ დიდხანს მემახსოვრება, და რომ მიუხედავად იდეალური კონცერტისა,  გამაღიზიანებელი პუბლიკა იყრის თავს ჯაზ-კონცერტებზე თბილისში.
ამჯერად ორგანიზატორებმაც ხელი შეუწყვეს. ივენთ ჰოლში მაგიდების დადგმა ცუდი იდეაა, ყველაფერი სკოლის ბანკეტს ემსგავსება, პუბლიკა უფრო ხმამაღლა განიხილავს უახლოეს ჭორებს, სმა-ჭამა ჩაღდება  და მე მიჭირს გავიგო რა საჭიროა პეროების დემონსტრირებისთვის მაინცდამაინც აქ მოიყარონთ ხოლმე  თავი.

მაგრამ ნუ ჯანდაბას, ალბათ ეგ სულ ეგრე იქნება და წუწუნს აზრი აქვს.
კაცმა რო თქვას, რა მაქვს საწუწუნო.
დაახლოებით 10 დღეში ერევანში წავალ ფარფლების კონცერტზე, მერე ბათუმის ჯაზ ფესტივალს დაველოდები.

ჰმმ, რა კარგია წვიმიან და მუსიკალურ დღეებში ცხოვრება :)

Thursday, May 13, 2010

არეული პერიოდი, ღირებულებები,მძიმე ნაბიჯები და პარიზის მეტროს ლაბირინთები

ბოლო პერიოდში იშვიათად ვნახულობდი მეგობრებს, ვამბობდი რომ არეული პერიოდი მქონდა და მართალიც ვიყავი. არა, მეგობრებს რომ არ ვნახულობდი, იმიტომ არა, იმიტომ რომ არეული პერიოდი მქონდა.
ნიკამ თქვა, მშვილდოსნები სულ რაღაცეებს აშენებთ და მერე თქვენივე ხელით ანგრევთ   თქვენ საკუთარ აშენებულსო.
მე სულ მგონია ხოლმე, რომ ჯერ ისეთი არაფერი შემიქმნია, რის დანგრევასაც აზრი აქვს. შესაბამისად, სამსახურიდან რომ წამოვედი, მერე რა. არც ეგ იყო ისეთი არაფერი.
ბათუმმაც არაო.
იმათ ალბათ თავიანთი ვერსიები აქვთ, რატომაც არა.
 ჩემი ვერსიის თანახმად, თბილისში უფრო მეტ ადამიანს ვუყვარვარ, მე კიდე მეტი სიყვარული უფრო მჭირდება, ვიდრე მაღალანაზღაურებადი სამსახური, სადაც პოლიკიტაზე დავწერდი.

ხოო, კატა ზოგჯერ ვერ წვდება ძეხვს და იმ დღეს კატისთვის აუცილებლად პარასკევია, მაგრამ მე  ზუსტად ვიცი რაც მჭირდება ხოლმე.

აი, გუშინაც ეგრე ვიგრძენი, რომ აუცილებლად სადმე უნდა წავსულიყავი, აუცილებლად უნდა ჩამელაგებინა ჩანთა და დილას ადრე ადგომაც კი არ დამეზარა.
ჩემ მეგობართან წამოვედი ჩვენი ბავშვობის ქალაქში. ძველი ნაცნობები ჩემს  მეგობარს  ცნობენ, მე ვერა. შეიცვალეო.
მე ვერასოდეს ვერ ვგრძნობ ხოლმე იმას, რაც ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. ამიტომ ვუსმენ და ვეთანხმები.

მერე გზას ვაგრძელებთ, მერე ისევ ვერ მცნობენ, ან მცნობენ და ამბობენ რომ კარგად გამოვიყურები.  აქ დიდი არაფერი შეცვლილა, არადა, აგვისტოს ომის შემდეგ არ ვყოფილვარ.

უბრალოდ, ის ბიჭები, ადრე რომ ბირჟაზე იდგნენ ხოლმე, ახლა მანქანებით დადიან ზემოთ-ქვემოთ, ზუსტად ისევე უფუნქციოდ, როგორც ადრე ბირჟაზე იდგნენ.
როცა პატარა ვიყავი, ძალიან არ მიყვარდა, სადმე იქ გავლა, სადაც ხალხი იყო შეყრილი.მით უმეტეს იმ ბირჟის წინ, სადაც ბიჭები იდგნენ, უფუნქციოდ, მაგრამ მაინც.
ზუსტად ვგრძნობდი ჩემი ორივე ფეხის წონას, ზომას, ნაბიჯების სიმძიმეს და სიჩქარეს და მეგონა,  ყველა, ვინც მე მხედავდა, ხედავდა იმას, რასაც მე ვგრძნობდი.
ცუდი იყო.
 ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ეგ ყველას ჭირს როდესღაც ბავშვობაში.

როდესღაც ბავშვობაში, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ აქაურობა ჩემზე კარგად იმოქმედებდა, არადა, მზე ისე ანათებდა და ღამე ისე თავდაჯერებულად წვიმს, ლაურაც ისე მღერის, მგონია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ  ბედნიერ სიზმრებს ვნახავ.
ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ლაურა ფრანგულად ლორია, ლაურა კი იმათ  მოიგონეს, ვინც პირდაპირ, ას-ასო წაიკითხა დაწერილი სახელი.
მე მახსენდება, როგორ მომენატრა რამდენიმე კვირის წინ პარიზის მეტროს ლაბირინთები და სენას ნაპირები.
პარიზი შორს არის, ბედნიერი სიზმრების გარანტი არ არსებობს,  სამაგიეროდ  ვიცი რომ პარასკევს ტრუფაზს მოვუსმენ და დიდი იმედი მაქვს, დარიჩინის გოგოს ვნახავ, შაბათს მუსიკის და ფოტოგრაფიის დიდ დოზას მივიღებ და თუ არ გარდავიცვალე, კიდევ უფრო კარგ რამეებს გავაკეთებ უახლოეს მომავალში, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი.
როდესმე  ხომ უნდა  ვიფიქრო, რომ რამე ღირებული შევქმენი.

პ.ს.
ღირებულებები სადაო თემაა.
იმაზე უფრო არეული, ვიდრე ჩემი ბოლო დღეები.
იმაზე უფრო გაურკვეველი, ვიდრე მოსალოდნელი სიზმრები და
იმაზე უფრო სუბიექტური, ვიდრე ადამიანების წარმოდგენები ერთმანეთზე.

პ.ს.ს.
ხოოდა, არეული დღეების შემდეგ ვხვდები ხოლმე რომ ჩემი ქარიზმა, ბლოგი და ადამიანები ჩემი ყველაზე არასადაო ღირებულებებია.

Tuesday, May 11, 2010

დჰარმის მაწანწალა ვარ, ფეხმორთხმული ველოდები გასხივოსნებას - ანუ თვის ინტერვიუ

ტრადიციადქცეული ბლოგერული ინტერვიუ:
ამჯერად Jo Key-სთან ერთად ვარ. მგონი ყველამ იცით,მაგრმ ვინც არ იცის იმათთვის :
Jo Key-ი ვეგეტარიანელია, სიგარეტს ახლახანს დაანება თავი, სამაგიეროდ არქიტექტურის სწავლა დაიწყო და როდესმე შეიძლება ხელნაკეთი ნივთების სალონი და ვეგეტარიანული კაფეც ქონდეს.
თუნდაც ცოტა ხნით კენიაში უნდა წასვლა ან დროში გადასახლება და 60-იან წლებში მოხვედრა. მიზეზი აქვს, თან ორი.

მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბლოგის პატრონი და ძალიან, ძალიან  სიმპატიური Jo Key, რომელსაც დედამიწა უნდა მრგვალი და რომელიც ძალიან, ძალიან კარგად წერს  :)

რატომ მაინცდამაინც წითურთმიანი გოგონა? თან ასე ხშირად და თან შეუცვლელად?
 მწითური გოგო ჩემი ბავშვობაა - ყველაზე ნათელი დრო. იმის მერე მუდმივი გარდატეხის პერიოდია.

სკოლის ტუალეტთან ვხვდებოდით სრულიად შემთხვევით.
ახლა, იდეალურს როცა ვგულისხმობ, ყოველთვის ჟღალი თმები და დაჭორფლილი სახე მიდგას თვალწინ.

,,სიმბოლოები ჩარჩოში სვამენ ქალაქს და ერთ დიდ სტერეოტიპად აქცევენ. ‘’ მერე შენ ამ ქალაქიდან სკანდინავიაში წასვლა გინდა ხოლმე. რა არის თბილისის ჩარჩო, რაც ხელს გიშლის მშვიდად და ბედნიერად აქ ყოფნაში?
მგონია, ეს არის ქალაქი კონცეფციის გარეშე. რასაკვირველია ძველ უბნებს, სადაც ქუჩებს სული აქვთ და ხანდახან ლაპარაკობენ, არ ვგულისმობ.
აბსტრაქტული და უსულო სიმბოლოც არ მეგულება, ხელს რომ მიშლიდეს მშვიდ, ბედნიერ ცხოვრებაში.
უფრო ადამიანები და დამოკიდებულებები მოქმედებენ. არ მესმის, რატომ უნდა დავაგდო სიგარეტის კოლოფი ქუჩაში, როცა თბილისის სადღეგრძელო ფეხზედგომით 15 წუთის წინ მაქვს შესმული.
ძალიან უცნაურია, აქ შეიძლება ერთდროულად გიყვარდეს და გძულდეს, იყოს კარგი და ცუდი, მატყუარა და გულწრფელი... ეს მიშლის მშვიდ ცხოვრებაში ხელს!
,,ზაფხული აღარ მიყვარს. ზამთარი უფრო კარგია, შემოდგომაც, გაზაფხულიც, მაგრამ არა ზაფხული.  რაღაც მოხდება ცუდი და მერე ის სიტუაცია, დღე, დრო, სურნელი, ხმა და გემო აღარ მიყვარს.’’
რატომ მაინცდამაინც ზაფხულში? ზაფხულში ხომ მეგობრებთან ერთად დადიხარ დასასვენებლად, აივანზე საინტერესო თემებზე ლაპარაკობთ და ზღვისკენ ზურგით მჯდომი მარკესს კითხულობ.

ახალი ადამიანი - ახალი ემოციაა, ახალი განცდა, დრო, სურნელი, ფერი, გემო, ადგილი... და როცა ის მიდის ყველაფერი იცვლება.
აი, შვეიცარიის დრო წავიდა. ახლა სკანდინავიაზე ვფიქრობ. მე ნორვეგიაზე, ის შვედეთზე.
ბოლოს შევთანხმდით, რომ სადღაც საზღვარზე დავსახლდებით. საძინებელი და დიდი მისაღები ნორვეგიაში იქნება, ტერასა და ზამთრის ბაღი შვედეთში. მადლობა ევროკავშირს, რომ არ არის სავიზო რეჟიმი. აბაზანაში შესვლისთვის საელჩოში საათობით ყურყუტი გამიჭირდებოდა.
მეხსიერებას რომ კარგავდე, საყვარელი მუსიკის დიდ კატალოგს დაიტოვებდი. არ გგონია, რომ საყვარელ მუსიკასთან საყვარელი ემოციები გაკავშირებს და მეხსიერების დაკარგვის შემდეგ დატოვებული მუსიკა სხვა ჟღერადობის იქნება?
არ მიფიქრია ამაზე. მუსიკალური კატალოგის შექმნის იდეით ისე ვიყავი აღტკინებული (მკლავს ეს სიტყვა, ისევე როგორც სასოწარკვეთა და რუდუნება), ეს მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩა.
დღის განმავლობაში ნებისმიერი თავისუფალი წუთი მუსიკას უჭირავს, საუკეთესო მეგზურია იცი შენ.
ბოლო დროს, პირველი ყოველთვის Manhattan Transfer-ის Chanson D'amour-ია, მერე Shuffle თავისას შვება. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება შემდეგი. ყველა მუსიკალურ თემას ნაცნობი ემოცია მოაქვს.
კატალოგზე აქედანვე უნდა ვიზრუნო. ვინიცობაა მეხსიერება დავკარგო, დარწმუნებული ვარ Chet Baker-ის “I Rememeber You” სილას გამარტყავს და რეალობაში დამაბრუნებს.

შენთან ბევრი უცნაური ადგილია, თუ ხარ ბევრ უცნაურ ადგილას, : ) გვიმეგზურე სადმე, შენ მხარეში..
ჩემი მხარე მეტად უცნაურია.
ხელის გაწვდენაზეა ერთ დროს ნანახი, საყვარელი და ჯერ უნახავი ადგილი.
აქ ვაშლი ხე ყვავის, მზე აცხუნებს, შეყვითლებული ფოთლები ელვარებენ და თან თოვს.
აქ არის ყველა ვინც შემხვედრია როდესმე, ახლა მაქვს ურთიერთობა და მომავალში გავიცნობ.
თენდება და თან საღამოა... არის მთვარე და მზეც...
აქ ვართ ის და მე. ჩვენ, ერთად. ეს არის ჩემი სახლი… დედამიწა...

ბევრჯერ იცხოვრე. ერთ-ერთი რეინკარნაცია ინდოეთში მოხდა, გუპტას პერიოდში, ვატსიაიანა გერქვა. გიცნობდეთ უნდა. მეორეთაც ინდოეთში, გასული საუკუნის 50-იანებში. რავი შანკარის მსმენელი იყავი, ლალიტი. ახლა აქ ცხოვრობ, თბილისში, დროებით.

არ გინდა ხოლმე გამოიცნო, სად და ვინ იქნები შემდეგში?
 
არა, მოსაწყენი იქნება.
ამოუცნობი ლოკაცია აღმაგზნებს.
ვოლტერ სალესის „ბრაზილიის ცენტრალშია,“ მთავარი გმირი, დორა ამბობს ტაქსებზე მეტად ავტობუსები მიყვარს, დანიშნულების ადგილი ყოველთვის ცნობილიაო. მე პირიქით ვარ. დაგეგმილი - უინტერესოა, მითუმეტეს „არავინ იცის რა იქნება ხვალ, ახალი დღე თუ, მომდევნო ცხოვრება.“

გავიწყდება ხოლმე შენებს გამოუტყდე სიყვარულში. ახლა მე გაგახსენებ, რომ ესიამოვნებათ და შეგიძლია რამდენიმეს აქვე შეახსენო რომ გიყვარს. გასხივოსნებამდე
სასწრაფოდ მჭირდება შამპუნის ბოთლი ან კოდაკის თეატრის სცენა. ხელში ოსკარი და გულის ჯიბიდან ამოღებული დაკუჭული ქაღალდი.

„დედა, მამა მიყვარხართ, თქვენ მაქსიმუმი გააკეთეთ, ახლა აქ რომ ვმდგარიყავი.
მიყვარხარ ჩემო, რომ ხარ.
დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს სიყვარულისთვის. მადლობა კინო აკადემიას და ფეფეს, მისი ყველა ფილმი ჩემთვის შთაგონება იყო.“

პ.ს. ამ ინტერვიუს გაკეთებას მას შემდეგ ვგეგმავ, რაც საერთოდ, ბლოგერული ინტერვიუების იდეა გამოჩნდა და რაღაც სულ ვწელავდი, რამე სასიამოვნოს რომ ელოდები და შემდეგისთვის დებ. ხოოდა, მგონი სასიამოვნო გამოვიდა.

მადლობა  Jo Key-ის სტუმრობისთვის  :)

Saturday, May 8, 2010

ყველა ამბავს თავისი საუნდტრეკი აქვს

ყველა ამბავს თავისი საუნტრეკი აქვს. ეს ჩემი არა, ჩემი მეგობრის ამბის საუნდტრეკია, უბრალოდ ძალიან მომწონს, გუშინ ძალიან ბევრჯერ მოვისმინე და მინდოდა აქაც მქონოდა. ისე, როგროც ჩემი ამბები მაქვს ხოლმე.

 ჩემი ბოლოდროინდელი ამბები:

წამოსვლის წინ სანაპიროზე გავედი, პალმის ქვეშ დავჯექი და ლუდს ვსვამდი.იქვე სილაში ნიჟარა იყო. ახლა ჩემ ხელზეა.
წამოსვლისას, როცა შემთხვევითი ნაცნობი დარჩენის აუცილებლობაში მარწმუნებდა, ვუთხარი, რომ ჩემი ნიჟარა უკვე ნაპოვნი მქონდა.
კიდევ ვუთხარი რომ თოლიები ისტერიჩკა ქალებივით კივიან ხოლმე და რომ ადამიანები ორჯერ მაინც ხვდებიან ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გაიგო, გარდა იმისა, რომ უცნაური სახელი მქონდა, ლამაზი გვარი, სახელზე უფრო უცნაური სურვილები და მსუქანი კაცების მეშინოდა.
ყველაფერი ის, რაც ვერ გაიგო, ჩემ ლუდს დააბრალა.
ეგრე იციან ხოლმე.
ლუდი, რა თქმა უნდა არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ,  მოუსვენრად ვარ სანამ დარეკავენ და პასუხს იტყვიან  და დიდად ვერ ვფიქრობ შემთხვევით ნაცნობებზე.
კაცმა რომ თქვას, ვერც სხვა რამეებზე.
ერთადერთი, რაც დავაფიქსირე, ისაა რომ ვიღაცეები ჩათლახურად მოიქცნენ  და ვიღაცეები იმდენად ადამიანურად, რომ ვეღარ გავიგე რა შეიძლება ვიფიქრო ადამიანებზე. ამიტომ არაფერსაც არ  ვფიქრობ, მაინც ყველა მიყვარხართ.

კიდე, რომ მოვიდოდი, მივხვდი, რომ ყველა ხის აივნიანი და ფერადი სახლი მიყვარს, განსაკუთრებით ახლადამწვანებულ გარემოს რომ უხდებიან ისეთები.
მეც მინდა როდესმე ეგეთ ფერად სახლში ვცხოვრობდე და არ მადარდებდეს ჩათლახური ამბები, გაურკვევლობები და დაუმტავრებელი დისკუსიები ლიბერალურ-ფაშისტურ თემატიკაზე.

ხოოდა,წავედი, ახალ ამბებს და ახალ საუნდტრეკებს ვიპოვი.

პ.ს. მაინტერესებს  იპოვა თუ არა  იმ ჩემმა შემთხვევითმა ნაცნობმა თავისი ნიჟარა.

Thursday, May 6, 2010

ფოტოგრაფი ბიჭი, ზღვისპირა ქალაქი და სავარაუდო ახალი სამსახური

გერმანიაში წასვლის ზუსტად წინა დღეს ერთი ბიჭი გავიცანი. ფოტოგრაფი იყო და როგორც ამბობდა,  ჩემით აღფრთოვანებული. მე და ის ბიჭი ერთ-ერთ სკოლაში ვიყავით  მიწვეულები ბავშვებთან ფოტოგრაფიაზე სალაპარაკოდ  და ჩვენი ფოტოების საჩვენებლად.  სკოლა ცენტრალური ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, წასვლის წინა დღეს გაცნობილი ბიჭი ბათუმელი და კალენდარზე 2008 წლის დეკემბერი. მაშინ ვაგზლის შენობის რეაბილიტაცია ახალი დაწყებული იყო და ეწერა რომ 2010 წელს დამთავრდებოდა რეკონსტრუქცია.

ბათუმელი ფოტოგრაფი ამბობდა რომ როცა დავბრუნდებოდი,  ერთად წავიდოდით ბათუმში უკვე განახლებული ვაგზლიდან. მე როდესმე ზამთარში ჩამოვიდოდი, მაგ დროს მაღალმთიან აჭარაში ულამაზესი თოვლი იქნებოდა და სავარაუდოდ იქაც ავიდოდით. ის ბიჭი კიდევ სხვა რამეებსაც ამბობდა, სანამ ჩემი ემიგრანტობის როდესღაც შუაში ცოლი არ მოიყვანა და მანამდე ცოტა ხნით ადრე საეჭვოდ არ გაქრა. საეჭვოდ რა,  ცოლები რომ  მოყავთ და  ბათუმში მატარებლით წასვლის გეგმების დაწყობის მაგივრად რომ იკარგებიან ხოლმე, ისე.
 ახლა შვილი ყავს და მე ბათუმში მარტო წამოვედი.


წამოსვლას ბუნებრივია ამ ამბავთან საერთო არაფერი აქვს. უბრალოდ მატარებელში სასურველზე დიდი ხანი გავატარე და ეს და კიდევ სხვა ამბები ჩემდაუნებურად გამახსენდა.
სხვა ამბები სხვა დროს, ახლა კი ის, რომ  ბოლო
თვეების განმავლობაში ამოვიჩემე რომ ზღვისპირა ქალაქშმინდა ცხოვრება, იმიტომ რომ იქ საინტერესო ამბები ხდება, იმიტომ რომ აუცილებელი არ არის ყველა ისედაც გაძეძგილ თბილისში კვდებოდეს და რომ როცა დაუსრულებლად რამეს ეძებ, ყველაზე მაგარი საქმით ხარ დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ ბათუმში  ჟურნალისტის ვაკანსია მომხვდა თვალში და ჩემ რეაქციას ალბათ  აღწერა არ ჭირდება. არც იმას უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ჩემნაირ სასურველ ადამიანს ყველა ჭკვიანი გამოეხმაურებოდა, ხოოდა წამოვეხეტე გასაუბრებაზე.

კსტატი, ყველას მადლობა ფეისბუკზე დატოვებული პოზიტივებისთვის, მართლა მჭირდებოდა.
და კიდე მადლობა ნანას, უსაყვარლესია :)
აი, ისე, როგორც ზღვის მოსმენა და  მზე.
აქ მთელი დღეა ისეთი მაგარი მზეა, ვერ გაიგებ კაცი რა უფრო გჭირდება, კუპალნიკი თუ სამსახური.
გასაუბრებაზე მკითხეს რატომ გჭირდება ეს სამსახურიო. რა ვიცი, მჭირდება.
 იმიტომ კი არ მჭირდება, რომ იქ,  სადაც ახლა ვმუშაობ, შტო ტა ნე ტაკ, კაკ ნადო, იმიტომ რომ გადმობარგების შემტხვევაში არ ვიფიქრებ მთელი ზაფხული სად დავისვენო, რომელ აუზზე ვიარო და არ გავაყოლებ შურიან მზერას გარუჯულ ხალხს ქუჩაში. იმიტომ რომ ახლოს ვიქნები თურქეთთან და ერთი-ორ კარგ კონცერტზე მოხვედრის შანსი უფრო დიდია.
იმიტომ რომ გარემოს გამოცვლა მჭირდება და ჩემ თავთან დამეგობრება.
მოკლედ, მჭირდება.


ხოოდა, 18 კაციდან ყველაზე ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი, ეგ ყველაფერი რომ დამემსახურებინა.
მეორე ტურში გადავედი და ახლა 4 კაცში უნდა ვიყო ყველაზე ჭკვიანი.
თუ ვერ, მაშინ მეცოდინება რომ რამე უფრო კარგს უნდა დაველოდო.

Tuesday, May 4, 2010

Sigur Ros, ისლანდიის ხავსიანი სახლები, ნიჭიერი და Heima

იქ იმაზე ხშირად წვიმს, ვიდრე ჩვენთან.
იქ იმაზე  მეტად ცივა, ვიდრე ჩვენთან.
იქ იმაზე კარგი მუსიკოსები ყავთ ვიდრე ჩვენთან.
იქ იმაზე ბევრი ხავსიანი სახლია ვიდრე ჩვენთან.
იქ ხავსიან სახლებში ცხოვრობენ და კარგ მუსიკას უსმენენ.
იქ ჩემი საოცნებო სკანდინავიაა, ადრე ვიკინგები ცხოვრობდნენ და ისლანდიური საგები იწერებოდა.
ახლა, სულ  ცოტა ხნის წინ ვულკანი ამოიფრქვა და  ვინმემ რომ თქვას, ისლანდიაო, დარწმუნებული ვარ ყველას ზუსტად ის ვულკანი გაახსენდება. ალბათ ძალიან ცოტას ისლანდიური ხავსისსახურავიანი სახლები ან Sigur Ros-ი.


 დარწმუნებული ვარ ყველა მეორე იოცნებებდა ამ სახლებში ცხოვრებაზე (ცოტა ხნით მაინც), ან  ისეთი ჯგუფის ყოლაზე, როგორიც სიგურ როსია.

სიგურ როსი კარგი ჯგუფი იმიტომ  არ არის, რომ განსაკუთრებული ჟღერადობის მუსიკას ქმნის, ან იმიტომ რომ  დიდი მუსიკალური დიაპაზონი აქვთ, ან იმიტომ რომ სიმპატიური 4 ბიჭისგან შედგება.
ეს სიმპატიური 4 ბიჭი კაი ბენდი იმიტომაა, რომ მსოფლიო ტურნეს მერე სახლში დაბრუნებამდე თქვეს, ახლა მშობლიურ ისლანდიაში ტურნეს ჩატარების დროაო და ყველანაირი აფიშების, ანონსების, ტელევიზიების და აპლოდისმენტების მოლოდინის გარეშე ყველაზე მიკარგულ და მივიწყებულ ადგილებში  ატარეს  კონცერტები 2 კვირის განმავლობაში.

აი, ვინმე რომ ადგეს და არხოტში, უშგულში, ჯავახეთის ტბებთან და კიდევ რა ვიცი, დართლოში გამართოს კონცერტები, დაახლოებით ეგრე.

მერე ეს საკონცერტო ჩანაწერები აიღეს, ფილმად აქციეს და მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის ხსენებაზე ახლა ყველას პირველი ასოციაცია  ვუკლანი იქნება, ამ ფილმის ნახვის შემდეგ ალბათ ყველა მეორე დაიწყებს ოცნებას, ერთხელ მაინც მოხვდეს ისლანდიაში, სადმე მთებში ასეთ კონცერტს დაესწროს და აი იმ ხავსიან სახლებში იცხოვროს, მე რომ საშინლად მომწონს.

ფილმი ბუნებრივია ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა.
ბუნებრივია, ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ მაწანწალათა ტომის წევრობა პატივია, კარგი მუსიკოსობა ბედნიერება, მთები  ყველაზე კარგი ადგილი და შემთხვევითი მსმენელი ყველაზე კარგი მსმენელი.

მე, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე ნაფიქრი მქონდა, როცა ფილმი ვნახე, ვიფიქრე, რომ პოსტს დავწერდი და გეტყოდით, რომ ადამიანებო, ,,ნიჭიერზე'' ლაპარაკს, ,,ჯეოსტარის'' ყურებას და ზოგადად, სუროგატებით ჭყიპვას, ნახეთ, რამდენი მაგარი ამბავი არსებობს. მოდით, კარგ ამბებზე ვილაპარაკოთ.
მოდით, მთებში ვიაროთ.
მოდით, შემთხვევითი ადამიანები უფრო ახლოს მოვუშვათ.
და საერთოდ, წვიმაზე და ვულკანებზე წუწუნს, ერთი  კარგი ამბავი რომ მომიყვეთ, გაცილებით ბედნიერები ვიქნებით მეც და თქვენც.



პ.ს.
ჩემი კარგი ამბავის მორალი ასეთია:
როცა ქვეყანას პრეტენზია აქვს ტურიზმის განვითარებაზე, როცა ერს გონია, რომ ბევრი ნიჭიერი ყავს და როცა ყველა მეორე ადამიანს გონია, რომ ჭკუას თუ კითხავ, აუცილებლად რამე ჭკვიანურს გეტყვის,მათ აუცილებლად უნდა უთხრა, რას ნიშნავს კარგი მაგალითი.
კიდევ ერთი პ.ს.
Heima ფილმს ქვია, ისე, შინ დაბრუნებას ნიშნავს.
მგონი ძველი ისლანდიელები ამბობდნენ, კარგი გზით და კონცერტებით და შინ მშვიდობითო.

ხოოდა, ადამიანებო, მოვაწყოთ, ან მოაწყვეთ, ან მოაწყონ( ან ნუ რა მნიშვნელობა აქვს ზმნის პირებს) რამე კარგი ფესტივალი. მერე შინ მშვიდობით დავბრუნდეთ და ,,შინ'' არსებული ყველა ტელევიზორი სამუდამოდ დავივიწყოთ.

Monday, May 3, 2010

ქუჩაში რომ შემოგვხდეთ...

დარიჩინის გოგომ დამთაგა.
სულ მგონია, რომ აქ შემომსვლელების დიდი ნაწილი კი ისედაც მიცნობს მაგრამ ალბათ არც მთლად ეგრეა და თან იდეაც ძალიან მომეწონა. მგონი პირველად  მოვინდომე ჩემი თავის ვიზუალურად აღქმა.
ხოოდა, მოკლე შესავალით დავიწყებ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ მყავს ადამიანები, რომლებიც ურთიერთობის განმავლობაში რამდენჯერმე  გამიცნია. ამბობენ, რომ ქრონიკულად სხვანაირად გამოვიყურები და ხშირად ვიცვლები.
მე მგონია  რომ არც მთლად ეგრეა.
მაგალითად იკა, სულ არ ვყავდი ნანახი, ისე მიხვდა რომ მე მე ვიყავი, პირველად როცა დამინახა.
მოკლედ, მე თუ მკითხავს კაცი, ქრონიკულად ახლადგაღვიძებულს და დაბნეულს ვგავარ,  ვატარებ სათვალეს, რომელიც  ჩემ კომპიუტერისგან და გენეტიკისგან მომსპარ თვალებს სასიცოცხლოდ ჭირდება და რომელიც გარედან შავია,  შიგნიდან - თეთრი. მაქვს როგორც წესი გაბურძგნილი გაშლილი თმა არც ძალიან გრძელი და არც მოკლე, ზუსტად ისეთი, მე რომ მჭირდება. თმები ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს  შეკრული და თითქმის არასდროს დავარცხნილი.

შეიძლება მეცვას ყველაფერი, გარდა მაღალი ქუსლებისა.
აუცილებლად მექნება ერთი ბეჭედი მაინც  ან მარჯვენა, ან მარცხენა ნეკა  თითზე.
აუცილებლად მეკეთება რაიმე ჯურის კაშნე. სუსტი ყელი მაქვს და სულ მანდედან ვცივდები. ისედაც,  მიყვარს და თავს უფრო დაცულად ვგრძნობ, ყელშეფუთნული.

თუ მსგავსი მონაცემების ადამიანს გადაეყარეთ და ხელში კამერა ან მიკროფონი უჭირავს, ესე იგი მე ვარ, უბრალოდ მუშაობის პროცესში. მაგრამ ეგ არაფერი, დამიკაკუნეთ ზურგზე და გამეხარდებით.

არასოდეს შეგხვდებით სისხამ დილას, სანამ სამსახური ამის საშუალებას მაძლევს, დილის ძილს ისევ საკულტოდ ვიტოვებ.
არასოდეს შეგხვდებით ქუჩაში რაიმე საკვებით,  თუნდაც ფუნთუშით ხელში. ვერ ვიტან გზადაგზა ჭამას.
არასოდეს არ მიფიქრია, რომ მსგავსი აღწერილობის შემდეგ ვინმეს გამოვიცნობდი.
ვნახოთ.

დამატებითი მინიშნება: ძირითადად ფეხით ვმოძრაობ, ძირითადად სწრაფად ვმოძრაობ და ქუჩაში ადამიანებზე  ნაკლებად ვარ  კონცენრტირებული.
კიდევ ერთი დამატება: თუ როდესმე მიცანით და გამოცანით, ძალიან გთხოვთ, მეორედ ნახვისას დაბნეულ სახეს ნუ მიიღებთ და ნუ მეტყვით, რომ სულ სხვადასხვანაირად გამოვიყურები.
არც მთლად ეგრეა საქმეა.

ჩემის მხრივ ვთაგავ ყველაზე იდუმალ როდრიგოს და კლოუნს.
პ.ს. თუ არსებობს კიდევ რაიმე კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩემმა ნაცნობებმა და მეგობრებმა იცით და მე გამომრჩა, შეგიძლიათ შემახსენოთ :)

Saturday, May 1, 2010

შაბათი, სურამელი ებრაელები, ინდური ბაზრობა და 100 ლექსი

კარგი დღეა შაბათი. არსად არ გეჩქარება, დედა და მამა ადრე იღვიძებენ, მამა სამსახურში არ მიდის და მესმის როგროც აკეთებს მამა ყავას, დედა ჩაის და ლაპარაკობენ იმაზე, რომ შაბათ-კვირის სახლში გატარება ცუდია, რომ ამ წვიმაში ყველგან წასვლა ცუდია და რომ მამა  დიდად ვერ აღფრთოვანდა წიგნით, გუშინ რომ მოვიტანე სახლში.

გუშინ სახლში ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსი მოვიტანე, 30 წლამდე. წინასიტყვაობაში ამბობენ, რომ ჩვენ ბავშვობაწართმეული თაობა ვართ, მე არ მიყვარს ეგრე როცა ამბობენ, მგონია, რომ რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ მსგავს ფრაზებს, რაც უფრო ხშირად მოვყვებით, როგორი ცუდი იყო 90-იანები და როგორ გვეცვა სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი, ვირგებდით სხვების გამონაცვალ ოცნებებს და ქრონიკულ ნერვულ აშლილობას ვიკანონებდით, მით უფრო გვიან დავიწყებთ ცხოვრებას. ცხოვრებას მაშინაც ვერ დაიწყებ, როცა ასე წვიმს და როცა შენ ზუსტად ასე იკანონებ წვიმიან ამინდებში ინდიფერენტულ განწყობას.
ავდგები ახლა და წავალ ინდურ ბაზრობაზე, ბევრ ჭრელ რამეებში და შაბათიც რეალიზებულად იგრძნობს თავს.

სანამ ინდურ ბაზრობაზე წასვლის იდეა მომივიდოდა, მესმოდა, როგორ ამბობდა დედა რომ მე საყვარლად  მეძინა, როგორ მოვიდნენ ჩემ მეზობელთან ვიღაც სტუმრები და ჩემ ტელეფონზე სმსი. მე ვიცოდი რომ რამე აღმაფრთოვანებელ სმს-სს არავინ გამომიგზავნიდა  წვიმიან შაბათ დილას, ადგომა მეზარებოდა და თავს ვიმძინარებდი.
დედა ჩემზე ლაპარაკს მოეშვა.
მე სურამი გამახსენდა, სადაც ადრე, როცა მე ვცხოვრობდი, ძალიან ბევრი ებრაელო ცხოვრობდა და ყველა ერთად შაბათობით გრანდიოზულ სეირნობას აწყობდნენ ხოლმე. სურამში აბორიგენები თითქმის არასოდეს არ სეირნობენ. აქ ან დამსვენებლები სეირნობენ ზაფხულობით,ან ებრაელები შაბათობით. ხოო, ებრაელების უმეტესობას აივნებზე ლამაზი სარწეველა საქანელები ქონდათ ხოლმე და როცა არ სეირნობდნენ, აივნებზე იყვნენ გამოფენილები. მერე იმათი უმეტესობა ისრაელში ან სადმე სხვაგან გადასახლდა და მე სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ რომელიმე მაინც დამიტოვებდა თავის საქანელას. არც ერთმა არ დამიტოვა.
ან რატომ უნდა დაეტოვებინათ კაცმა რომ თქვას.

ახლა სურამში აღარც მე ვცხოვრობ, აღარც ებრაელების უმეტესობა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აბორიგენები ისევ არ სეირნობენ კვირის არც ერთ დღეს და უფრო მოწყენილი შაბათები აქვთ, ვიდრე მე მახსოვს ჩემი დაკარგული ბავშვობიდან.

წავედი ჭრელობებში.