Tuesday, June 29, 2010

მეც გავჭედე მეგობარო




  • თუ სილაზე მოდუღებული ყავის სმისას ქვიშის საათს გაიხსენებ, აუცილებლად მიხვდები, რა პატარაა ყავის ფინჯანი და რა სწრაფად და ვითომც აქ არაფერი, ისე გადის დრო.
  • თუ ზაფხულის ცხელ დღეს  მიტოვებული შენობის ეზოში დაჯექი და ხატვა დაიწყე, აუცილებლად მიხვდები რომ ხაზების ხატვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია, გესმოდეს ბგერები.
  • თუ როდესმე თვალში მოგხვდა შავით თეთრზე ნაწერი, არ თქვა, როგორ არის ნაწერი, უფრო მნიშვნელოვანია თქვა, რა ეწერა. ნაწერები წასაკითხად და იშვიათად დასამახსოვრებლად არსებობენ.
  • თუ როდესმე გითხარით რომ მჭირდებით და მემნიშვნელოვანებით, იცოდეთ რომ მართალი ვარ და არ იფიქროთ სილაზე მოდუღებულ ყავაზე, ხაზებსა და იმაზე, რა წერია შავით თეთრზე. უბრალოდ მოდით, თორემ დრო იმაზე მალე გადის, ვიდრე ქვიშის საათი ამბობს.
  • თუ  ძნელია მაშინ იქ ყოფნა სადაც  შენ ვიღაცას ჭირდები, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ არ გახდეთ მნიშვნელოვანები და საჭიროები, ყველაფერი  თქვენზეა დამოკიდებული, უბრალოდ, მე არ ვიცი, როგორ უფრო მარტივია ცხოვრება, როცა მნიშვნელოვანი არ  ხარ, თუ როცა მნიშვნელოვანი ხარ. რთული ამბავია და ყველაფერი თვითონ უნდა გადაწყვიტო.

პ.ს.
ეს წინა კვირის მონარჩენია, დიდი წიგნაკი მქონდა ამოჩრილი და ისე დავდიოდი მასწავლებლებისთვის ტრეინინგების ჩასატარებლად. შუალედებში რაღაცეებს ვხვდებოდი და იმ დიდ წიგნაკში ვინახავდი.

ამ კვირაში ჯერ არაფერი დამრჩენია, ეს კვირა ჯერ ახლა დაიწყო, და საერთოდ, ვერ ვიტან, როცა დროს ასე მძაფრად აღვიქვამ, როცა ვხვდები რომ  ორშაბათიდან პარასკევამდე დღეების თვლაში უფრო სწრაფად გავა დრო და უფრო მალე გავხდები ნაოჭებიანი  და უნაყოფო, რომ გუშინ თუ გუშინწინ ვნახე ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია არ მინახიან და რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და ყველა ასე ვცხოვრობთ.
ხოოდა, როცა ვამბობ რომ მჭირდებით და მემნიშვნელოვანებით, მოდით ხოლმე და როცა არ ვამბობ, მაშინაც მოდით, მე ხო სულ აქ ვარ და სულ მჭირდებით,  თორე მერე მალე გავა დრო ისე შეგხვდებით რამდენიმე წლის მერე,  როგროც შემთხვევით ნაცნობს და სრულიად ჩვეულებრივი იქნება.
ხო, მეც გავჭედე მეგობარებო, ღამის ორი საათია და ისე ცხელა, თითქოს ლე კლეზიოს "უდაბნოს" ვკითხულობდე. 

Sunday, June 27, 2010

ჩემი სიყვარულები, სიმპატიური, ჭკვიანი ბიჭი და ხევსურული საღამო

ხო, ვიცი რომ ხშირად ვახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ მართლა მიყვარს.
კარგა ხანია აღმოვაჩინე, რომ რაც მიყვარს, იმაზე ხშირად და ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე, მინდა ყველას მოვუყვე, ყველამ იცოდეს და შეიყვაროს.
არ ვარ ეგოისტი და ჩემი სიყვარულები მარტო ჩემთვის არ მჭირდება. ზოგჯერ იდიოტიზმი გამოდის, ზოგჯერ გადასარევია.

ამ შემთხვევაში გადასარევია, იმიტომ რომ თუ ამ ვიდეოს ნახავთ, გეცოდინებათ რომ აქვე, ჩვენ ყველას გვერდით ძალიან ჩემი და ძალიან საყვარელი არსება ცხოვრობს, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან სიმპატიური, ჩემი და ჭკვიანია, ძალიან ისეთია, რომ უნდა იცნობდე და გიყვარდეს.

ხოოდა, მე მიყვარს.
მე მიყვარს, როცა ადამიანებს იმაზე ვუყვები ხოლმე, რაც მიყვარს.
და ისიც მიყვარს, როცა მე და ადამიანებს ერთად გვიყვარს ხოლმე კარგი რამეები.
ხოოდა, ეს ჩემი სიმპატიური და საყვარელი უფრო კარგ ლექსებსაც წერს ხოლმე, უბრალოდ დღეს ეს წაიკითხა, თან მე ყველაზე მეტად ეს მეემოციურება. საშინლად მენატრებოდა ეგეც და საერთო სიყვარულებიც, გერმანიაში ვიყავი და ვტიროდი.

ხოო, ხანდახან ნასტასია ტირის ხოლმე და ხანდახან ნასტასია ხვდება რა ძნელია იმაზე წერო,  რაც ძალიან გიყვარს და რაც ძალიან შენია.
მოკლედ ეგრე.

Friday, June 25, 2010

საშინელი კვირა, იტალიის წაგება, ბლოგერები კვარიათში და სკულპტურები კორეადან

იდეალურია, როცა ძველი სამსახურიდან გირეკავენ და იცი, იქ როცა არ უნდა ახვიდე, ყველაფერი ისე დაგხვდება, როგორც ადრე იყო, როცა შენ პირველად დაიწყე მუშაობა და როცა შეუმჩნევლად იზრდებოდი სწავლა-მუშაობაში.
იდეალურია, როცა უკვე გრძნობ, რომ გაიზარდე, სხვა რამეებიც იპოვე და ახლა უკვე სხვა სამსახური გაქვს და ძველ სამსახურში მაინც შეგიძლია როცა გინდა ახვიდე და ყველაფერი ისე დაგხვდეს, როგორც  დატოვე.
და იდეალურია, როცა იმდენად დაკავებული ხარ, რომ ვერ იცლი დაფიქრდე, რა გაურკვეველი რამე ყოფილა ქართული ბლოგოსფერო და რა  ცუდია, როცა რაღაც გაურკვეველი ამბები ხდება იმ სფეროში, რომლის ნაწილიც წესით შენც ხარ.
იდეალურია, როცა იმდენად დაკავებული ხარ, რომ არ გადარდებს, როგორ გამოვარდა იტალიის ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატიდან.
იდეალურია,  ხანდახან  პერიოდი, როცა ისე  საშინლად დაკავებული იქნები, რომ  სულ ერთი იქნება, ვინმეს შენთვის მნიშვნელოვანს გაახსენდები თუ არა და ვინმე შენთვის მნიშვნელოვანები გაგახსენდებიან თუ არა.
როცა სულ ერთი იქნება გამოხატავ თუ არა შენ თავს და როცა უცბად დაივიწყებ, როგორ ისტერიულად გიყვარს დილის ძილი და როგორ ისტერიულად გეზიზღებიან აქცენტიანი ფილოლოგები.

მთელი კვირაა ორ სამსახურს ვითავსებ, ლექციებზე პატიოსნად დავიარები, საღამოობით ვხვდები რომ ყველაზე კარგი ადამიანები დედამიწის ზურგზე ჩემს გარშემი ტრიალებენ.


ასეთი რეჟიმში ადრე ხანგრძლივად ვცხოვრობდი, ახლა ვიცოდი რომ სულ რაღაც ერთი კვირა იქნებოდა და მერე ვსიო, გრანდიზულად დაღლილი რამე გრანდიოზულად კარგ საღამოს დავგეგმავდი. ხვალ ჩემი ბოლო პერიოდის ყველაზე დაკავებული კვირა ჩაფართხალდება და საღამო უკვე დაგეგმილია.
მე უბრალოდ მიხარია, რომ ხანგრძლივად არ მიწევს დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება და რომ ცოტა ხნით ყველაფერი კარგია.

მანამდე კი მთელი კვირის განმავლობაში მახსენდებოდა  კორეელი მხატვრისკუპტურები და მეგონა, რომ მეც გამჭვირვალე  და მსხვრევადი ვიყავი, ოდნავ ამაზრზენი,  მეტყველსახიანი და მისტიური.
სინამდვილეში კი, როცა ჯინ იუნგისთვის თავისი სკულპტურები ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრების დიდ ნაწილს სახლში ატარებენ და როცა სოციუმს უერთდებიან, კუთხესა და  ჩრდილში სხედან შეუმჩნევლად და არადოდეს არ უყვებიამ თანამშრომლებს თავის სიზმრებს და ოცნებებს და ოჯახის წევრებთან საუზმე-ვახშმობა მიიჩნევს მნიშვნელოვნად.

მოკლედ, ისეთები, ქუჩაში ძაღლს უემოციოდ რომ ასეირნებენ და თუ შენს გვერდით ირუჯება სადმე ზღვისპირეთში, ცოცხალი თავით რომ არ დალეპარაკება ამინდზეც კი. ჯინი ამბობს, რომ თავის ხასიათთან ახლოს არიან სკულპტურები და რომ თვითონაც კუთხეში  ჩუმად მჯდომი ადამიანია. მე ვამბობ, რომ ძნელია ასე ცხოვრება,  მხოლოდ იმიტომ რომ შენ თუ ჩუმად ზიხარ, შენი სახე ლაპარაკობს, სკუპტურებიდან მაინც.
მეც მგონია ხოლმე, რომ მარტო შუშის და მსხვრევადი კი არა, ჩუმად ჩემთვის მცხოვრებიც ვარ, მაგრამ ვიცი, კაციშვილი არ დამიჯერებს.

პ.ს.ეგრეა, როცა ადამიანი  ლაპარაკისას ხშირად ახსენებს სიტყვას იდეალური, არ ტირის და არ ჩხუბობს, გგონია, რომ იდეალურად  ცხოვრობს. ჩვეულებრივი ამბავია.

Sunday, June 20, 2010

პატრული, "მგზავრები", საბჭოთა კავშირი და ბობ დილანობა, რომელიც რთულია


good bue lenin | Upload Music

ის, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ისეთივე ძველი ამბავია, როგორც თავად სამყარო. და როგორც ასეთ ძველ ამბებს ჩვევია ხოლმე, არასოდეს კარგავს აქტუალობას. ამიტომაც გიყვებით დღეს ამბავს იმის შესახებ, რას ნიშნავს ყოვლისმომცველი ხელისუფლება, ილუზიური თავისუფლება, პარტიული "ელიტა", პატრულისთვის დაწერილი ჰიმნი  და რეალური ბოლშევიზმი. 

აქვე შენიშვნა ყველანაირი ინტერპრეტაციებისგან თავის ასარიდებლად:
მე - აბსოლუტურად აპოლიტიკური და ინდიფერენტული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არასოდეს არ დაწეროს მსგავს თემებზე.

თვითონ ამბავი: სულ რაღაც 20 წლის წინ ჩვენ ყველა ვცხოვრობდით საშინელ იმპერიაში, რომლის ყველაზე ბნელი მხარე ის  იყო, რომ იქ არავის არ შეეძლო თავისუფალი ყოფილიყო, ყველა საერთო   წესებს უნდა დამორჩილებოდა და წესები, როგორც წესი, აბსურდული და სასტიკი იყო. იქ, იმ იმპერიაში არსებობდა მრავალრიცხოვანი ინტელიგენცია, რომლის რიგებშიც ყველა აღმოჩნდებოდა, ვინც თავის კეთილგანწყობას ღიად დააფიქსირებდა ოდნავ მაინც გავლენიანი ხელისუფალის მიმართ.
 შესაბამისად, ყველა მწერალი, ვინც იბეჭდებოდა, აუცილებლად წერდა რამდენიმე ლექსს ან მოთხრობას მაინც ბელადებისათვის მიძღვნილს, ყველა გადაცემა, რაც ტელევიზიაში გადიოდა, აუცილებლად ატარებდა აგიტაციურ შინაარსს და ექვემდებარებოდა ცენზურას და ყველა იმდროინდელი ფილმიდან ბედნიერი და მოკისკისე მშრომელები გაფრქვევდნენ ბედნიერი ცხოვრების ილუზიას (ნუ რამდენიმე გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ გამონაკლისები წესების გასამყარებლად არსებობენ ხოლმე). მოკლედ, ყველამ ვიცით როგორც იყო. ისიც ვიცით რომ მაშინ ამ ყველაფერს სსრკ  ერქვა და რეჟიმს ბოლშევიზმი.

მეორე ამბავი: მას შემდეგ არც ისე ბევრმა დრომ  გაიარა, მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო კარგად რომ საქართველო სხვა ქვეყანაა და მით უმეტეს შეიძლება საკუთარი ენა ან ფასეულობები ქონდეს. ძირითადი ეგზოტიკა, რაც მაგათთვის გვაქვს, პოსტსოციალისტური გარემოა.
 ხოოდა, ძალიანაც მართლები არიან, ცალკე ქვეყანა ალბათ მხოლოდ იდეაში ვართ და ფასეულობებზე არ ვილაპარაკებ, მაინც ვერასოდეს მოვრჩები მაგ აჯაფსანდალის განხილვას.

მბავი მეორე უფრო კონკრეტულად:  ჩვენ ბუნებრივია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ოღონდ უცნაურად დამოუკიდებლები. ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში  ბოლო წლებში  ზუსტად ისეთივე ამბები ხდება, რაც იმ ნეტარხსენებულ იმპერიაში ხდებოდა: აქ პრეზიდენტს უმღერიან რომ მაგარია, აქ ლიდერი ყოველთვის მართალია და პიონერების მაგივრად პატრიოტები გვყვავს, აქ სკოლებში ლინეიკის დამრტყმელის მაგივრად მანდატურები შეყავთ და რაც მთავარია, აქ გვყვანან კარის მუსიკოსები, კარის მწერლები და ალბათ კარის ხუმარებიც. აქ არსებობს სტანდარტი ვინ რა უნდა იცოდეს და თუ ვინმემ რამე არ იცის სტანდარტების შესაბამისი, მაშინ მას აუცილებლად გაატარებენ რომელიმე ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში "სირცხვილის დერეფანში", მას აუცილებლად დაარიგებენ კარის მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და რეჟისორები ჭკუას და აუცილებლად იფიქრებენ, რომ ქვეყანაში ვერავინ ხვდება როგორი იდიოტები და ფარისევლები არიან.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ამბებზე თქვენ ილაპარაკ-იმსჯელ-იფიქრეთ, მე კი კარის მუსიკოსებზე და პარტულის ახალ ჰიმნზე, რომელიც  სხვას ვის, თუ არა,  "მგზავრებს" ეკუთვნით.

ამ ჯგუფზე ცოტა ხნის წინ კარგი ვრცელი რამე დავწერე "მუზამესთვის", რომელიც ალბათ შეიძლებოდა სულ არ დამეწერა, მაგრამ ამ ჯგუფის ყველგან ყოფნა უცბად ძალიან ალოგიკური და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, ამიტომაც  ყველაფერი, რასაც მათზე, როგორც ჯგუფზე, ვფიქრობდი, შეგიძლიათ იხილოთ იქ.


ახლა კი იმაზე, რა ხდება მაშინ, როცა მუსიკალური ჯგუფი წერს ქვეყნის სამართალდამცველებისთვის მუსიკას, მერე ამაზე სარეკლამო რგოლს იღებენ, საიდანაც ბედნიერი ცხოვრების ილუზიას გვატენიან ცხვირ-პირში და ეს რგოლი მერე დღეში რამდენჯერმე ტელევიზიებში ტრიალებს.


მე ვთვლი რომ:

  •  ნებისმიერი მუსიკოსისთვის ბედნიერებაა ფულის თავისი მუსიკით შოვნა. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები იმას, თუ როდესმე ვინმე იმდენად აქტიური, კარგი და თვითგაყიდვადი იქნება, რომ დამატებით მიმტანად ან სესხების ოფიცრად მუშაობა არ მოუწევს.  შესაბამისად, "მგზავრებს" ამ მხრივ გაუმართლათ,  ყველა მეორე დღეს კონცერტი აქვთ და როცა სახელმწიფო ორგანოს "ჰიმნს" უწერ, კარგ ჰონორარსაც აიღებდი.(წესით)
  • ეს პირველი მცდელობა არ ყოფილა იმისათვის, რომ "მგზავრების" გამოყენებით კარგი და ბედნიერი ცხოვრების ილუზია შეექმნათ. "ოცნების ქალაქი", რომელშიც ეს ჯგუფი ფაქტობრივად მოქმედი პირია და რომელსაც მათი მუსიკა ადევს, სხვა არაფერია თუ არა იმის მტკიცება, რომ აქ ყველა ამბავი კარგად მთავრდება, აქ საახალწლოდ ყველაფერი ლამაზი და განათებულია და აქ ვიღაცეები საზღვარგარეთიდან სიხარულით ჩამოდიან საცხოვრებლად.
  • მიუხედავად იმისა, რომ სრულიად "მგზავრები" ჩემი აზრით ცუდი კოლექტივია და ისედაც დაჩლუნგებულ ერს  ახალი სუროგატებით უხვად ამარაგებენ, ვფიქრობ, რომ თავში არასოდეს არ მოუვიდოდათ პატრულისთვის მუსიკის მიძღვნა. ხოოდა, მით უარესი. ანუ, ვიღაცა, ვინც მათ ყველა მეორე დღეს კონცერტებს მხარი დაუჭირა, ვინც ისინი ბიომრავალფეროვნების დღეებისთვის და მერიის ეგიდით მოწყობილი სხვა საღამოებისთვის აარჩია, ახლა ახალ დავალებას იძლევა.
  • წინა "ჰიმნის" ავტორი არც მეტი, არც ნაკლები, თვით გარემოს დამცველი მინისტრი იყო. რომელის "მუსიკოსობაც" ალბათ ჯერ კიდევ ახსოვთ ვიღაცეებს. იმედი მაქვს, ეს სქემა წრე არ აღმოჩნდება: ის მუსიკას არ დაუბრუნდება და ესენი პოლიტიკაში არ წავლენ. :პ
  • ქვეყანაში მართალია არ გვყვავს არც ერთი ბობ დილანი ან ტომ იორკი, მაგრამ მართლა გვყვავს საკმარისი ნიჭიერი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ ერს რამე უკეთესი უმღერონ, ვიდრე მკერდზე მჯიღის დასარტყმელი სიმღერებია. ეს საკმარისად ნიჭიერი ადამიანები ბუნებრივია კარგ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა კაცმა იცის, დანარჩენები მჯიღს ირტყამენ და მერიის ორგანიზებულ უფასო კონცერტებზე ბომი ემს უსმენენ. 
  • არ შეიძლება  სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით მხოლოდ ევროვიზიების მონაწილეები და კარის მუსიკოსები იქმნებოდნენ და ყველა სხვა დანარჩენი ვითომ არც არსებულა. 
  • ზოგადად მუსიკა მასაზე ზემოქმედების მძლავრი იარაღია. ამიტომ, ვინც მისი გამოყენება კარგად იცის, ჭკვიანია და ეს ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ხდება, შემთხვევით არ ხდება
  • მართალია არაერთი კარის მუსიკოსი იყო გენია, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მათი მაგალითის გადმოღებას, აგერ, ბობ დილანი აიღეთ, დღემდე რომ არ უშვენებ "ბნელი" წარსულის გამო მაგალითად ჩინეთში და გაიაზრეთ, რა შეგიძლია შცვალო მაშინ, როცა უკრავ  და გისმენენ.
  • ბობ დილანობა ადვილი არ არის.
პ.ს. მოკლედ, პირადი უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ალბათ ჭკვიანი ადამიანი ამ ყველაფერს სულაც არ აღიქვამდა ასე სასტიკად და არც იმ წყეულ იმპერიას გაიხსენებდა, მაინცდამაინც ამ ამშენებლობის გზაზე, მაგრამ რა ვქნა, როცა ასეა. 
რა ვქნა, როცა ვიცი, რომ თუნდაც 10 კაცისთვის ღირს თქვა ის, რაც შენი აზრით სიმართლეა. 
და რა ვქნა, თუ ცოცხალი თავით არ მინდა ისევ დიქტატურა და ყოვლისმომცველი რეჟიმი. 

პ.ს.2.ჩემ პირად უსაფრთხოებაზე პატრული ზრუნავს ალბათ

Friday, June 18, 2010

იდეალური ცხოვრების ფოტორობოტი, ჭრელი ბალიშები და მეტი სიმშვიდე


ასე, დავდივარ, დავეძებ, მერე ვპოულობ და სხვენში არა, სოციალურ ქსელებში ვაწყობ.მერე თქვენ და სხვები მოდიხართ, აფიქსირებთ, რომ მოგწონთ და ყველაფერი ისევ ისე გრძელდება, ჩვენ-ჩვენთვის და არაიდეალურად. ან არც, რა ვიცი.

უცბად მივხვდი, რომ არ შეიძლება სასურველი ცხოვრების ფოტორობოტი შეადგინო, თანაც  კიბერსივრცეში. მერე ლეპტოპი დაკეცო და მშვიდად დაიძინო.

სისულელეა.

არადა, ისეთი კარგია ეს სასურველი ცხოვრება, ისე მომწონს სრულიად ეს დიდი სივრცე და ბევრი მწვანე, ისე მინდა სახლიდან გასვლა არ მჭირდებოდეს სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ისე მინდა  საღამოობით  გრილოდეს  და მე ჟაკეტს ვიცვამდე, ზამთარს ველოდებოდე და ბუხრიან-წითელღვინოიანი საღამოები მიხაროდეს, რომ  დამავიწყდა იდეალური ცხოვრების ფოტორობოტი რომ არ უნდა შეადგინო, მით უმეტეს კიბერსივრცეში.
და     ისიც დამავიწყდა, რომ იდეალური გარემო იდეალურ შინაარსს არ გულისხმობს და რომ   იდეალურ ცხოვრებას ჩემთვის სულაც არ ჭირდება არც   მაინცდამაინც  ბუხარი და არც  მაგიდაზე  ლარნაკით  ყვავილები. (ლარნაკი კარგი სიტყვაა) და რომ მთავარი ის კი არ არის, რა ტრანსპორტს იყენებ, მთავარი ის არის, გზის ბოლოს რა ხდება.



და  სულ დამავიწყდა ისიც, სიმშვიდის ასოციაციას სულ სადღაც შორს არსებული რამეები რომ  გიქმნის და ის, რაც გაქვს, ქრონიკულად გაშფოთებს, მშვიდ ცხოვრებაში გიშლის ხელს.
გგონია, რომ უფრო მეტი უნდა გქონდეს, უფრო ბევრი, უფრო ლამაზი და უფრო შენი.


აი, მაშინაც, იდეალური ცხოვრების ფოტორობოტი რომ შევადგინე, ალბათ ჩემი ქვეცნობიერი ამბობდა, რომ ასეთ სახლში რომ ვცხოვრობდე და აი,  აქ ვსვამდეთ ხოლმე პარასკევ საღამოობით გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, გაცილებით მშვიდი და გაცილებით მე.
 გაცილებით კარგ რამეებს გავაკეთებდი და შესაძლოა სულ სულ გავცილებოდი ყველაფერს, რითიც ახლა ვცხოვრობ.  აი, ასე, ჭრელი ვაგონით და ბედნიერების ილუზიით.

 მერე მივხვდი, რომ, მანამ, სანამ წასვლის და გაქცევის იდეებს არ შევეშვები, სანამ ჭრელი ამბები ისევე მიზიდავს, როგორც ბავშვებს ფერადი  და ჭყიპინა სათამაშოები, სანამ  არ  მივხვდები, რომ ჩემ სახლში არასაკმარისი სივრცე და სიმწვანე  კი არ არის პრობლემა, პრობლემა არასაკმარისი დიალოგებია და იმის არაღაირება, რომ ჩვენ ყველა ერთი და იმაზე მიზეზების გამო ვიქცევით სხვადასხვანაირად და რომ მთავარი გამოხატის ფორმები კი არა, შინაარსია, მხოლოდ ფოტორობოტები შემრჩება ხელში.
ფოტორობოტი კიდევ არასანდოა, სხვების მონაყოლის მიხედვით დგება და  ხან გავს ორიგინალს, ხან ძალიან არ.


არადა, რა ჩემი ბრალია, რომ ამოვიჩემე ბევრი სივრცე, ბევრი მწვანე, სიმშვიდე  და სიჭრელე.
უფრო საჭირო რამეებიც რომ არსებობს მეც  ვიცი, მაგრამ მაგალითად  იდეალური სიყვარულის   ფოტორობოტიც კი შავთეთრია და ოდნავ არადამაჯერებლად გამოიყურება.

პ.ს. ხოოდა, სულაც არ არის გამდასარევი, მაგრამ მგონი ნამდვილად ეგრეა, ფერადი მარტო ილუზიებია და კიდევ ბალიშებია, მე რომ მიყვარს, ისინი.

Wednesday, June 16, 2010

ჩემო ტკბილო ზურიუს

საშინლად ვერ ვიტან როცა ვინმე ვინმეს ჭკუას ასწავლის და სულ ვამბობ რომ ჯობია ადამიანმა მანამდე იმტვრიოს ცხვირი, სანამ თვითონ არ მიხვდება, რომ აქამდე უჭკუოდ იქცეოდა.
 ასევე საშინლად ვერ ვიტან, როცა ადამიანები არაადეკვატურები ხდებიან. მნიშვნელობა არ აქვს რასთან მიმართებაში, ვერ ვიტან და ვსიო.
და
კიდევ, ყველასთვის უკეთსია ნაკლები ვიფიქროთ იმაზე, რას ვერ ვიტანთ და მეტი იმაზე, რა გვიყვარს. პოზიტივები ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, თუნდაც თავის მოტყუების ხარჯზე. სამაგიეროდ, უფრო გვიან გაჭაღარავდები და უფრო ნაკლები ნაოჭები გექნება. ადამიანებსაც უფრო მეტად ესიამოვნებათ შენთან ურთიერთობა, ვიდრე ვიღაცა მობუზღუნე აუტანლობასთან.

მაგრამ მაინც უნდა გავაუტანელდე, სულ რაღაც პოსტის დამთავრებამდე, მერე გავიღიმებ და გოეთეში წავალ ფილმების ჩვენებაზე.
მაშ ასე:
ჩემო ტკბილო ზურიუს.
რომ ვიცოდე, როგორ უნდა აგიკრძალო სხვების ბლოგებზე არაადეკვატური კომენტარების დატოვება, აუცილებლად ვიზამდი მაგას და ამ ყველაფერს არ დავწერდი.
მაგრამ მაგდენი არ ვიცი.
თან ლიბერალი ვარ და ბლოგი რომ თავისუფალი სივრცეა, ეგეც მომეხსენება.
ამიტომ, დატოვე რამდენიც გინდა იმდენი სულელური კომენტარი, უბრალოდ, გაითვალისწინე, რომ შენი სიტყვები შენ იმიჯს ქმნიან და იმიჯი მნიშვნელოვანია.

იმიჯს მარტო აქტიურობით არ ქმნიან, აზრიანი აქტიურობით ქმნიან.

მესმის რომ ყველა სხვადასხვანაირად იმკვიდრებს თავს, მაგრამ არსებობს უკეთსი და უარესი გზები.

მოკლედ, არავინ არ გაძალებს რომ შეხვიდე ვინმეს ბლოგზე და იკითხო.მით  უმეტეს, ზუსტად ვიცი, რომ არაფერსაც არ კითხულობ და უბრალოდ კომენტარებს ტოვებ, აი, როგორი ყურადღებიანი ვარო. ხოოდა, მთავარი ის კი არ არი, კომენტარებიდან რამდენი ადამიანი გადმოვა შენთან, მთავარი ის არის, ის ადამიანები რა განწყობით გადმოვლენ.

ბლოგი ადამიანების პირადი სფეროა და არავის არ უყვარს, როცა პირად სივრცეს უხეშად ურღვევენ. შეგიძლია გაითვალისწინონაცნობობა არ ნიშნავს "შეჩემათი" და "დედა რა  დებილი ხარ"-ით ურთიერთობას.

საქართველოში უკვე არის იმდენი ბლოგი, რომ შენი ფავორიტები გყავდეს და მერწმუნე, არავის ეწყინება, თუ შენ ფავორიტებში ვერ მოხვდება. ასე რომ, რატომ იწუხებ თავს ისეთ ბლოგებზე სიარულით, სადაც სისულეებს წერენ და რატომ ხარჯავ იმიჯის გაფუჭებაში დროს, რომელიც ზოგადად ფულია.




ზურიუსისადმი მიმართვა საზეიმო ვითარებაში დასრულებულია.


მაგრამ მერე კიდევ რომ არ მომიწიოს ჭკუის მასწავლებელის როლში ყოფნა, ბარემ რამდენიმე კეთილი  გაფრთხილება:

თუ კომენტარის გაკეთება გეზარებათ მარტო :) ან :( ზნაკებისთვისაც არ ღირს თავის შეწუხება.კი, კარგია ემოციების გამოხარვა, მაგრამ ოდნავ მეტი რომ დაწერო, არაფერი მოგივა.

აუცილებლად გაეცით თქვენ ბლოგზე დატოვებულ კომენტარებს პასუხი, ის ადამიანი შენთვის წუხდება და შენ გკითხულობს.მერე დაბრუნდება შენთან და იფიქრებს, რომ სულ ერთი იყო, რას დაგიწერდა.

და საერთოდ, ბლოგი თქვენი იმიჯის ნაწილია, ამიტომ წარმატებები.

Tuesday, June 15, 2010

სახელების მაგია, ბევრი ნასტასია, სარწმუნო ამბები და საკუთარი განმარტებითი ლექსიკონი


dark was the night | Music Codes

ალბათ ათიათასჯერ მაინც მიფიქრია, რომ ძალიან მაგარია, როცა რამის ძალიან გწამს და რომ ისინი, რისიც გწამს, ძალიან ბევრს ყვებიან შენზე.
მაგალითად, საკუთარი თავის მორწმუნენი მკვეთრად განსხვავდებიან ბუდას მორწმუნეთაგან, მაგრამ არსი მაინც  ერთი და იგივეა.
აი, მე მაგალითად, არც ბუდასი მწამს, არც  ადამიანური შესაძლებლობების და არც უცხოპლანეტელების, სამაგიეროდ, კანონზომიერებების, მისტიკის და სახელთა მაგიის მჯერა. ხოოდა, ისინი მერე და სახელთა მაგია ახლა.


ამასწინათ დათოს ვუყვებოდი ნასტასიებზე და ისე გავერთე, ვიფიქრე, სხვებსაც მოვუყვები თქო.
მოკლედ, გადასარევია, როცა თბილისში ხარ და თან ნასტასია.ზუსტად იცი, რომ ერთადერთი ხარ, თუ სტიას არ ჩავთვლით, რომელიც მაგარი მასტია. თანაც მართლა.
გარდა სტიასი, არსებობს, კიდევ ერთი მუსიკასთან ასოცირებული ნასტასია , რომელიც შორეულ ჰოლივუდში გაიზარდა და რაღაც ისეთ მუსიკას წერს, მშვიდი  და საყვარელი ქალები რომ წერენ ხოლმე, ოღონდ ზოგჯერ სიწყნარე წყინდებათ და ცოტა არასაჭირო ტონზე გადადიან, ხან ამლაშებენ, მაგრამ მაინც წყნარები და საყვარლები არიან.

ოლივუდელ ნასტასიას მეორე სახელიც აქვს, ნინა ქვია და ალბათ სულაც არ იცის  ნინა ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი სახელია დედამიწის ზურგზე და რომ  არსებობს ყველა ნასტასიაზე უკეთესი ნასტასია ფილიპოვნა.
 მანამდე არასოდეს არ მიფიქრია, რომ დამნაშავეები და იდიოტები შეიძლება გიყვარდნენ, დანით სიკვდილს მიზანმიმართულად ელოდებოდე და რომ შეიძლება საერთოდ ასეთი საწყალი, თავხედი, მიმზიდველი, ექსცენტრული, ქრონიკულად მოუსვენარი და ასევე ქრონიკულად შეშფოთებული ერთად იყო. მოკლედ, თუ წაკითხვა დაგეზარებათ, შეგიძლიათ ფილმს უყუროთ. ლაპარაკი დოსტოევსკის "იდიოტზეა" და სავალდებულო არც ფილმია, კაცმა რომ თქვას. თან ეკრანიზაციები იშვიათად ამართლებენ.

ხო, კიდევ არსებობს ნასტასია კინსკი, რომელიც მაშინ როცა  15 წლის იყო, თვით რომან პოლანსკის საყვარელი გახლდათ. დიდი პოლანსკი მაშინ 43 წლის იყო და სულ მაინტერესებს, რას ფიქრობს ხოლმე კინსკი მაშინ, როცა რომანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს პედოფილიის ბრალდებით.
ის არ ვიცი და მე მგონია, რომ რომანი კი არ არის პედოფილი, უბრალოდ, იმ მაშინ სულელმა გოგოებმა დაივიწყეს, რომ პოლანსკიზე თვითონაც ოცნებობდნენ.
.ხოოდა, კინსკი არც არაფერს ივიწყებს, არც არაფერს იხსენებს, არის ასე თავისთვის უკვე თვითონაც დაბერებული და მე მაინც სულ მაინტერესებს, რას ფიქრობს პოლანსკის პედოფილიაზე.
კინსკის ყველაზე კარგი კინოროლი იმ ფილმშია, სადაც ის მუსიკა ისმის მთელი ორი საათის განმავლობაში, ზემოთ რომ დატოვეთ.

მოკლედ, ეგრეა იმ ნასტასიების ამბები, დათოს ვიზეც ვუყვებოდი.
ხოოდა, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად სახელები ძალიან მისტიური რამეა და ბევრ რამეს განსაზღვრავს ის, რაც გქვია. მინდა რომ როდესმე შვილი რომ მეყოლება აუცილებლად ალექსანდრე დავარქვა. აი, ასე.

ადრე ხევსურეთში ადამიანებს ორ სახელს არქმევდნენ, ერთს ჩვეულებრივს, რასაც მერე სულ ეძახდნენ და მეორეს სულისას. ავი ძალები ცნობილ სახელს ერჩოდნენ, სინამდვილეში კი იმ ადამიანს სულ სხვა, სულის სახელი ერქვა და რჩებოდნენ ავი სულები ასე, ხახამშრალები.

ამიტომაც მჯერა მისტიკური ამბების და სახელების მაგიის და ამიტომ ვცდილობ ხოლმე ყველაფერს ის სახელი დავარქვა, რაც ყველაზე ადეკვატური კი არა, კომფორტულია.


მაგალითად:
  • ეგოიზმი-ეგზისტენზიალიზმია
  • ცუდი ხასიათი-კრიზისი (რომელსაც ყველა გაგებით უნდა შეხვდეს)
  • ყველა აქამდე არსებული მამრი - მეგობარი
  • სამსახურში არ წასვლა - სახლიდან საქმის გაკეთება
  • ახირება - მონატრება
  • თავხედობა - გულახდილობა
  • უკუღმართობა - განსაკუთრებულობა
 
და კიდევ უსასრულოდ. უბრალოდ ახლა აღარ მახსენდება.

Sunday, June 13, 2010

ლუდის ფესტი, ჩემპიონატი, აფხაზეთი და უმიზეზოდ დაკარგული ლეკვი

ძალიან ადრე ჩვენ ეზოში ერთი პაწაწუნა, უსახური ლეკვი მოვიდა. სულ შავი იყო და დიდი, საწყალი თვალები ქონდა. სასწრაფოდ გადავწყვიტე, რომ ლეკვი ჩემთან შეგნებულად მოვიდა, იმიტომ რომ მე მაშინ ეზოში სულ მარტო ვიჯექი ხოლმე და იმის მოსვლის მერე ერთად ვიქნებოდით. რამდენიმე კვირა სულ ჩემ კალთაში იჯდა.
მერე სადღაც წავედი, მოვედი და  ეზოში ისევ  მარტო ვიჯექი.ლეკვი სადღაც  გაქრა. არადა, ამბობდნენ, რომ ძაღლები სულ იმახსოვრებენ პატრონის სუნს და არ იკარგებიან.იმასაც ამბობდნენ,  რომ ეგეთი "უჯიშო" ძაღლი არავის არაფერში არ ჭირდებოდა და არავინ წაიყვანდა ჩემ იქ არ ყოფნაში.

მოკლედ, დღემდე არ ვიცი სად წავიდა ის სულელუკა და საწყალთვალებიანი ლეკვი, უბრალოდ ვიცი, რომ იმის მერე ძაღლი აღარასოდეს აღარ მყოლია.
უბრალოდ ახლა  ტვინში დანაკარგების თემა გამიაქტიურდა და უცბად გამახსენდა, როგორც ერთ-ერთი პირველი.
ზუსტად არ მახსოვს რა განვიცადე კიდევ ეგრე ძალიან, მაგრამ ვიცი, ბუნებაში რამეები კანონზომიერად ხდება, მაგრამ ეგ ჩემთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია. ვერ ვიტან ამ ოხერ დანაკარგებს, თუნდაც კანონზომიერს და თუნდაც იმის ნაცვლად უკეთესის დაპირებას.

იმიტომ რომ ვიცი, რეალურად  ისედაც იმაზე მეტს ვკარგავთ ხოლმე, ვიდრე ვაფიქსირებთ.
და ვერასოდეს ვერ მიხვდები რა დაკარგე, თუ ის რაღაცა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო. აი, ისე, როგორც ის ჩემი საწყალთვალება ლეკვი.
 მოკლედ, რთული ამბავია.
ვერავინ ვერ გეტყვის, ვისთვის რაა მნიშვნელოვანი და ვის რისი დაფიქსირება შეუძლია.

ეს ყველაფერი არაფერი და რა შუაშია მაშინ, როცა თბილისში ლუდის ფესტივალია, დედამიწაზე მსოფლიო ჩემპიონატი, გარეთ აუტანელი ხვატი და შიგნით კიდე სხვა აუტანლობები, გუშინ სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ გერმანულ საიტზე რომ არ წავწყდომოდი შარშანდელ ფოტო რეპორტაჟს აფხაზეთიდან.
პირველი რეაქცია რაც მქონდა, ის იყო, რომ იქ, სადაც ჩვენ  ცხვირს არავინ შეგვაყოფინებს, სხვები თავისუფლად დაიარებიან და მერე მივხვდი, რომ არასოდეს არ მიფიქრია აფხაზეთზე, როგროც რაიმე ჩემსაზე და საშინლად არ მომეწონა. არადა, არ არის ჩემი ბრალი. არც აფხაზეთის. აი, იმ წესის ბრალია, რასაც არ იცნობ, იმას რომ ვერ დაკარგავ.
 შესაბამისად, ძალიან ძნელია როდესმე ის დაიბრუნო და შენი გახდეს, რაც  თავიან-ფეხებიანად არ გიგრძვნია და რაც ძალიან გაცნობიერებულად არ გიყვარს.

საშინლად არ მიყვარს პოპულისტურ თემებზე წერა და გადარჩენის გზების დასახვა. ჯერ თვითგადარჩენის ინსტინქტებს ვიმუშავებ და უფრო გლობალურად პოპულისტები ფიქრობენ.
უბრალოდ, ძალიან უბრალო ამბავია, როცა ამ სურათებს უყურებ, ხვდები, რომ ეს რომ შენი იყოს, იქ რომ შენ და შენი მეგობრები ჩადიოდეთ, რომ იცოდე, რა ხდება იქ, მაშინ როდესაც შენთან ლუდის ფესტი, დედამიწაზე მსოფლიო  ჩემპიონატი და გარეთ ხვატია, მაშინ ეს ყველაფერი ასე საცოდავი არ იქნება, პლიაჟზე უფრო ბედნიერი სახით დაწვებოდი და ადგილობრივებსაც დიდხანს, დიდხანს, ელაპარაკებოდი ათას ერთი დღის და ღამის ამბებზე. 
  
პ.ს.   ფეხბურთი და ფესტები იქით და დასვენება მინდა.  
  • მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კანონზომიერია, მაინც არ შემიძლია მშვიდად ვუყურო დანაკარგებს.
  • ძაღლი ისევ მინდა, ოღონდ დიდი და გრძელვადიანი.
  •  ადამიანებს ქრონიკულად გონიათ ხოლმე რომ რამის შეცვლა შეუძლიათ.
  • ადამიანებს კიდევ ბევრი სისულელე გონიათ და იმიტომ ვერ ხვდებიან რომ თუ რამე შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, აზრი არ აქვს. 

Monday, June 7, 2010

უსიზმრებო ღამეები, მოულოდნელად კარგი საღამო და კრიზისული სიყვარული

სულ მიკვირდა ხოლმე ადამიანები რომ დიდხანს არ წერდნენ ბლოგზე, ან ამბობდნენ, ჩავარდნა გვაქვსო, როგორ ახერხებდნენ.
მას შემდეგ რაც ბლოგი მაქვს, სულ ვამბობ რომ ყველაზე კარგი, რასაც ვაკეთებ ჩემი ბლოგია და რომ მანამ, სანამ ისეთი სახლი მექნება, როგორიც მინდა, ისე მეყვარება, როგორც მინდა და ისე ვიცხოვრებ, რომ მივხვდები, აქ ვცხოვრობ და ასე მიყვარს აქაურობა.

ხოოდა, უცნაურია, სიყვარულებზე რომ მაშინ იწყებ ლაპარაკს, როცა კრიზისი გაქვს და ვერ წერ, როცა გინდა უთხრა ვიღაცას, რომ კი ვერ, მაგრამ გიყვარს და რომ მიუხედავად ვერ წერისა, მაინც გიკვირს ხოლმე რაღაცეები.

ბოლო პერიოდში ხშირად მიკვირს, რომ სარკეში ჩახედვის მაგივრად სხვებში ვიხედები.


სხვებში რომ ვიხედები ხოლმე, მერე ეს ვიდეო მახსენდება და მერე ის, რომ ჩვენ ყველა ერთად ასე, ძალიან  სასაცილოდ დავბორიალობთ დაუმთავრებლად.
არადა, მიყვარს სარკეები. სულ მინდა, რომ საწოლის პირდაპირ მქონდეს დიიდი, უზარმაზარი სარკე და სულ მახსოვდეს, რომ ასეთი ვარ, აქ, ამ საწოლში მძინავს და ამავე საწოლში ბოლო დროს სიზმრები გაიშვიათდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მინდა  სიზმარი, რომელსაც ყველაზე მალე ვნახავ  სიზმრების ბლოგს მოვუყვე. ხოოდა, სულ ეგრეა, რამე ძალიან რომ გინდა, არაფერი. კარგი რამეები სულ მოულოდნელად ხდება.

გუშინ მოულოდნელად კარგი საღამო იყო.ოღონდ სიზმარი მაინც არ მინახავს და არც სარკე მაქვს ჩემი საწოლის პირდაპირ.

ამიტომაც ვიყურები ხოლმე სარკის მაგივრად სხვებში. 
ამიტომ ვლაპარაკობ სიყვარულზე მაშინ, როცა კრიზისი მაქვს.
რამდენიმე დღის წინ  ზუსტად ასე, კრიზისულად მივხვდი, რომ თუ ძალიან, ძალიან დიდი დრო გავიდოდა და მე კიდევ ვერ ვნახავდი ჩემ მეგობრებს, რომლებიც ავსტრიაში და იტალიაში დავტოვე, ნელ-ნელა აღარ ვიქნებით მეგობრები, მონატრება ინსტიქტური გახდება და მარტო ის რამდენიმე ამბავი დაგვრჩება, რომლების გახსენებაც ისეთივე ინსტიქტური გახდება, როგორც მონატრება.
არადა, ახლა მართლა ძალიან ხშირად ვხვდები, რომ მჭირდებიან და მენატრებიან.
 ჯერ კიდევ შეგვიძლია,  ინსტიქტურები არ გავხდეთ და ჯერ კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ერთმანეთს ვნახავთ.

და თან კარგი რამეები სულ მოულოდნელად ხდება ხოლმე.
აი, როგორც მაშინ, ხისსუნიანი რომ მოვიდა ჩემთან, მარტო რომ ვიჯექი ლიტერატურულში და აზრადაც არ მომდიოდა, ვინმეს თუ ახსოვდა დედამიწის ზურგზე ჩემი არსებობა.

პ.ს.ფსიქოლოგები ამბობენ რომ საწოლის წინ სარკე რეკომენდირებული არ არის.
სხვა ვიღაცეები ამბობენ, რომ უსიზმრებო ძილი არ არსებობს.
ჩემი მეგობრები ამბობენ რომ როდესმე აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს.
მე ვამბობ რომ კარგი რამეები ყოველთვის მოულოდნელად ხდება და რომ გუშინ მოულოდნელად კარგი საღამო იყო.

Tuesday, June 1, 2010

რეინკარნაციები, ხევსურეთი და ათას ერთი ღამე

აი ასე, ბოლო კვირის განმავლობაში კატასტროფულად ბევრი  ვიბორიალ-ვიბოდიალე, კატასტროფულად ცოტა მეძინა და რასაკვირველია კატასტროფულად მომენატრა ჩემი თავი. აი, ვსიო, ხვალიდან რამდენიმე  საღამოს სახლში გავატარებ.

მანამდე  ხევსურეთში ვიყავი.

.

მთელი დღეები და ღამეები ვცდილობდი დამეგეგმა ჩემი შემდგომი რეინკარნირებული ცხოვრება.
კატა ვიქნები, ბევრი მეძინება, მომეფერებიან და ვიკრუტუნებ-მეთქი, არაო, მერე თაგვის მეგობარი ვეღარ იქნები და  ცხოველები სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებენო.
მაშინ  ალპებში გამჭვირვალე და ყინულივით ცივი ტბა ვიქნები, შიგ მოცურავე ღორმუცელა იხვებით და ლეგენდებით-თქო და - დამყაყდებოდიო. ბეტსელერი წიგნი ვიქნები, ყველა წამიკითხავს, ან არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემზე მაინც ილაპარაკებდნენ-თქო. არაფერცი, ბეტსელერობა ისე არ მოდის, ბეტსელერობა ლომთა ხვედრიაო. არადა, ზუსტად ვიცი, ეგ თავისუფლებაა და ლომობა კიდევ ჩემი მეგობრების ვერსია იყო ჩემი შემდეგი რეინკარნაციისთვის. მაგრამ მე არც ლომობა მინდა და არც ეგეთი თავისუფლება.

ჯანდაბა.

კიდევ კარგი ჯერ არც სიკვდილს ვაპირებ და არც რეინკარნირებული ჩემი თავის დაგეგმვას მავალებს ვინმე.თორემ, აშკარად დამერხეოდა.
სანამ დამერხევა, მანამ:

  • განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუგეგმავს ზაფხული, ყურადღებით დაათვალიერონ სურათები და თუ მთა ოდნავ მაინც რამე გრძნობებს აღგიძრავთ, აუცილებლად შემოგეგეგმებათ თქვენი ზაფხული.( ნუ, რჩევებისთვის აქ ვარ) .
  • განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახალი პოსტის გამოჩენისას რამე საინტერესოს ელოდა: ნასტასიაც ელოდება რამე საინტერესოს და მაგის მაგივრად რამე უინტერესო სამსახური შერჩა ხელში. დღე პირველი.
  •  განსაკუთრებით მათთვის, ვინც წინა კატეგორიებში არ ხვდება: ბოლო რამდენიმე ხანია სულ ღამე ვწერ ხოლმე პოსტებს. მგონი თქვენი, ჩემი და კიდევ ამბების ათას ერთი ღამის  მეზღაპრე ვარ,  ჭრელი ბალიშები მიყვარს და შაჰის ცოლობისგან რეინკარნაციების მადლი მიფარავს.

პ.ს.
როცა არ ვწერ ხოლმე, ხალხი ჩემთან ოცნების ქალაქის და მაიტა ნასოსის გუგლვით შემოდიან, მე კიდევ მინდა იცოდნენ, რომ უფრო კარგ რამეებზე ვწერ, ვიდრე ეგ ორი ტუტრუცანა ფილმია, რომ ათას ერთი ღამის მეზღაპრე ვარ და რომელიმე რეინკარნაციისას შეიძლება თბილი და რბილი, კრუტუნა კატა ვიყო,ან ბეტსელერი წიგნი, რომელსაც  არავინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც ყველაზე პოპულარული იქნება.