Sunday, July 25, 2010

kiketi open air და ჩემი და თქვენი დღეები

შაბათ-კვირა ჩემი დღეებია, არ ვმუშაობ, დილას ბევრი მძინავს და გამუდმებით მაქვს მოთხოვნილება არა სახლში, ფაცხა-ფუცხით საუზმის, არამედ სადმე, არარსებული აგარაკის მანსარდაზე, ან აივანზე, ან ბაღში, ან რა მნიშვნელობა აქვს სად, უბრალოდ  მეგობრებთან ერთად საათობით ყავის, წვენების და კრუასანების თანხლებით  ჩემი  დღის ჩატკბარუნების.

რიტუალები წმინდა და აუცილებელი რამეა, მაგრამ რა რიტუალები, ზუსტად მეექვსე კვირაა, ყოველ ორშაბათს ჩემ თავს ვეუბნები: "აი, ნასტასია, ჩვენ ეს გამოგვივა, ეს კვირა ბევრად უფრო პროდუქტიული, მშვიდი და ბედნიერი იქნება, შენ ძალიან გვიან აღარ დაიძინებ, ძალიან ბევრი საქმე აღარ გექნება და უფრო ყურადღებიანი იქნები, დაღლილ გამომეტყველებას და გაბრუებულ მდგომარეობას მოიშორებ და იქნებ რიტუალებისთვისაც მოიცალო." ასე, ზუსტად ექვსი კვირის განმავლობაში.

მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შაბათობით რამე იცვლება. ყოველ შაბათს გაღვიძებისთანავე ორ ბედნიერ დღეს ველოდები და სასტიკად განვიცდი, თუ უკვე სამი საათი გახდა და მე ჯერ კიდევ არ დამიგეგმავს საღამოები.

გუშინაც ასე,  ვიჯექი,  კრუასანებს ვჭამდი და კიკეთში წამომსვლელთა სავარაუდო სიას ვადგენდი.

საბოლოოდ ჩემი შედგენილი სია იქ არსებული ადამიანების სიას დიდად არ დაემთხვა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ შაბათ საღამოს, ჩვენ მანქანაში ჩავსხედით, უცნაურ და ლამაზ გზაზე ვიარეთ, იქ ბევრი ადამიანები ვნახე, ბევრი ლუდი დავლიე  და კიდევ ერთხელ ჩავიბურდღუნე:  “როდესმე მუზამეს ფესტს რომ გავაკეთებთ, ის ბევრად კარგი იქნება”.
ანუშკა ამბობდა, რომ სულ პირველი ოფენ აირი ძალიან კარგი იყო, ცოტა ხალხი იყო და ნიკაკოი და ტუსია უკრავდნენ.  მე კიდე ის ქურთუკი მეცვა, ანუშკას რომ შარშან ეცვა კიკეთში და ქურთუკის ჩაცმამდე მთელი დღე ვიხსენებდი, რა ეწერა იმ პოსტში, კიკეთის ფესტზე რომ იყო და მე რომ შორიდან ვკითხულობდი.

მოკლედ, ეგრე.
შაბათი და კვირა არა მარტო ჩემი, თქვენი დღეებიცაა, ამიტომ აუცილებლად უნდა ვუთხრათ ხოლმე ერთმანეთს: "გამარჯობა კეთილო ადამიანო, დღეს ჩვენი დღეა." 
მერე უკვე მნიშვნელობა არ აქვს, კიკეთში წახვალ თუ კრუასანებით ისაუზმებ. მთავარია, რომ შენი დღეების ათვისებას ისწავლი.

თორემ როცა ისევ აგრილდება, როცა სხვა განწყობები მოვა და რაღაცეებს შორიდან დავინახავთ, აუცილებლად ვიტყვით, რომ 2010 წლის ზაფხულში ყველანი მოთენთილები და არაპროდუქტიულები ვიყავით, ძალიან ცხელოდა და ყველას ყველაფერი ძალიან გვეზარებოდა, ბევრ ფესტივალებზე დავდიოდით და ძირითადად იქ ვხვდებოდით ერთმანეთს.

ხოოდა, დღეს კვირაა კეთილო ადამიანებო და რას ვაკეთებთ?

Friday, July 23, 2010

ნასვამი მძღოლი და სადღაც, ვიღაც

ადრე ვამბობდი, რომ როდესღაც სადღაც ვიღაც შეიძლება შენ აღმოჩნდე.

დღეს დილას  ღამენათევს თოკო გვიხსნიდა, სავარაუდოდ რატომ სვამენ ადამიანები წასულების სადღეგრძელოს. მე გამახსენდა, რომ ადამიანების დამოკიდებულებები სიკვდილთან მიმართებაში  ძალიან განსხვავდება და განსხვავებებს ასევე ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს.


მე არ მიყვარს სადღეგრძელოები, სიკვდილს, როგორც მოვლენას,  კარგად ვერ ვაცნობიერებ და დღეს დილას ძვლების დამშლელი ამბავი გავიგე.

  • რასაკვირველია ცალსახად ცუდია, ნასვამი მძღოლი და 7 კაცი -  მსხვერპლი, მაგრამ ასევე ცალსახაა, რომ გზა, სადაც ავარია მოხდა, კატასტროფულად ცუდია, საშინელი ნისლი იყო და საერთოდ, .
  • ცალსახაა, რომ ბერდიას ათასორასი პლიუსი ქონდა და ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური პერსონა იყო, ვისაც კი როდესმე გზად გადავყრივარ.
  • უკვე მეორასედ გამახსენდა  ბავშვების თამაშის კადრები. ბავშვები მაშინ   მანქანებით თამაშობდნენ. ახლა წესით ბევრად დიდები იქნებიან, თითქმის ორი წლის წინანდელი ფოტოებია.

ხოოდა, ეგრე.

ვერ ვიტან, როცა ვიცი, რომ სადღაც ვიღაც ნებისმიერ წუთს შეიძლება გახდე.
ნასვამი მძღოლიც და გვამიც.

და რომ მნიშვნელობა არ აქვს შენ თუ  "შენი", მთავარია ძვლები გეშლება და სულ აღარ გადარდებს რატომ სვამენ წასულების სადღეგრძელოებს და როგორ განსხვავდება ადამიანების სიკვდილთან  დამოკიდებულებები ერთმანეთისგან.

მთავარია რომ გიყვარდა, ნასვამი მძღოლი გახდა და ვსიო.

Friday, July 16, 2010

ბათუმის ჯაზ ფესტი - დღე პირველი

უკვე მეორე დღეა აქ ვარ.  რომ ჩამოვედი, სულ რამდენიმე წუთში ისეთმა წვიმამ დაიწყო, მეგონა აღრასოდეს გადაიღებდა, ახლო მახლო ტერიტორიაზე ყველა სიგარეტი დანესტიანდებოდა და მე აუცილებლად მომიწევდა ჭრელი ბოტების ყიდვა პირველსავე მაღაზიაში.

გადავრჩი. 

კატასტროფულმა წვიმამ სულ რამდენიმე წუთშივე გადაიღომ ზღვა არანორმალურად კარგი იყო და მე სულ1მა, ტალღებს გაურკვეველი ცეკვა ვეცეკვე. გადასარევია ცეკვა, როცა მოკვეცაკვეებიდან არც ერთმა არ იცის ილეთები და უბრალოდ გრძნობენ ერთმანეთს. 

ჯაზ  ფესტივალის პირველი დღე არც ისე აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. უფრო სწორად, გენიალური იყო მათთვის, ვისაც ცეკვა უყვარს.მერწმუნეთ, ასეთი ჭრელი აუდიტორია არც ერთ ჯაზ კონცერტზე არსად არ მინახავს და თავს დავდებ რომ მათი უმეტესობისთვის აფსოლუტურად სულ ერთი იყო ვინ დაუკრავდა, მთავარი იყო რამე ენერგიული და მხიარული დაეკრათ. BRAND NEW HEAVIES კი მაგას ნამდვილად ვერ დაუკარგავ. უჭრელესი, უენერგიულესი და უმხიარულესი შემადგენლობა ყავს.

მე ბექა გოჩიაშვილი უფრო მომეწონა, პატარაა, საყვარელი და მუსიკა, რომელსაც უკრავს, არ გავალდებულებს ბედნიერი, მხიარული, მოცეკვავე და პარტნიორიანი იყო.
დანარჩენ ამბებს მერე მოგიყვებით.

კსტატი, უინტერნეტობის და უსაქმურობის დროს რაღაცეების დაფასება-გადაფასებები უკეთ ხდება და უფრო აშკარად ვხვდები ხოლმე, რა და ვინ მიყვარს.
ხოოდა, მიყვართ, კი იცით, ვინც. :)

Monday, July 12, 2010

ჩემპიონატის ფინალი, ემოციები და სხვა მთავარი ამბები

როცა ჩემი მეგობრები ფინალის დიდ ეკრანზე ერთად ყურებას გეგმავდნენ, მე ინდიფერენტული სახით ვიდექი და სულაც არ ვფიქრობდი რომ ეს ორი საათი თუ რაღაც მაგდენი ამდენად ემოციური შეიძლებოდა ყოფილიყო.

შესაბამისად, არსად წასვლას და არაფრის ყურებას არ ვაპირებდი.
მიზეზი მარტივია.
უკვე საუკუნეა ფეხბურთი აღარ მადარდებს და აღარც ვუყურებ. მივხვდი რომ სიმპატიური ბიჭები მხოლოდ რეალის "მადრიდში" არ თამაშობენ და რომ ის, რაზეც ყველა კონცენტრირებულია, ჩემი ვერ იქნება.
მე კიდევ მხოლოდ ძალიან ჩემი რამეები მიყვარს.
ეგეთი ვარ, მჭირდება საკუთარი რესურსები და საკუთრებები.

მერე ვიფიქრე ის, რასაც სულ ვფიქრობ ხოლმე.
 არ შეიძლება, რამეზე უარი თქვა და   იდეალურია, როცა თითქმის მთელ მსოფლიოს თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი და იგივე  რამ აერთიანებს.
ავდექი, წავედი და ჩემი ფავოროტიც მყავდა.
მართალია ჰოლანდია ვერც ამჯერად გახდა ჩემპიონი და მე ხვალიდან ისევ არ დამაინტერესებს ფეხბურთი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ემოციებია.
მარტო ახლა არა, სულ.

მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ყველაფერზე შეიძელება გააკეთოს ადამიანმა, რაც ემოციებს და შეგრძნებებს გაგიჩენს და რასაც გაითავისებ.
 არ მიყვარს ადამიანები, ვისაც უნდა რომ სულ იდეალური  და მართალი იყოს, ვინც სულ წარმატებულობასა და კარგ განწყობაზეა ორიენტირებული. სულ ხარანაული მახსენდება ხოლმე. 
ხოოდა,  დღესაც აუცილებლად ვიღაც იქნებოდა ბედნიერი და მოგებული და ვიღაც ბევრს იტირებდა. მე უბრალოდ  კიდევ ერთხელ გავიხსენე,  რომ რეზულტატის მიუხედავად ემოციები მაინც ძალაშია.
 დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. უფრო სწორად შენზე და შენ გარშემომყოფებზე.
კიდევ გარემოებებზე და ათას სისულელეზე, მაგრამ მთავარია, იცოდე, რომ ემოციები მნიშვნელოვანია.

ხოოდა, როცა ასე ცხელა და როცა მე აფსოლუტურად არაპროდუქტიული და ინდიფერენტული ვარ,  ვხვდები  ხოლმე რომ ასე უშინაარსოდ და უემოციოდ ჩემი საკუთრი დღეები გადის და მე ვეღარასოდეს ვეღარავინ მომიტანს უკან იმ დღეებს, როცა არავინ მიყვარდა, როცა მხოლოდ 50 გრადუს სიცხეზე ვწუწუნებდი, როცა სამსახურში  და ლექციებზე წასვლა მეზარებოდა, გულგრილი  და უყურადღებო ვიყავი და სადმე კლდეზე ცოცვის მაგივრად ჩემპიონატის ფინალს ვუყურებდი.

მოკლედ, რთული ამბავია.
ერთ-ერთმა მაიმუნმა  დამთაგა, იდეაში უნდა დამეწერა, როგორი ვარ მე სხვის თვალში.
ახლა ბევრი ლუდის და ემოციების გავლენას გავითვალისწინებ და კიდევ იმას, რომ სხვებმა უკეთ იციან როგორი ვარ იმათთვის.
თან ეგეთი პოსტები  ნარცისიზმს ამყარებს.
ამიტომ ეგ თქვენ დამიწერეთ კომეტარებში და მე უფრო გემრიელი პოსტით დაგიბრუნდებით.

Wednesday, July 7, 2010

სამაგისტრო გამოცდები, ბათუმის ჯაზ ფესტი და ყურადღების მოთხოვნის მანიფესტი

მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ნებისმიერი რამე დედამიწის ზურგზე ჩვენზეა დამოკიდებული და თუ გვინდა რომ უფრო კარგად ვიცხოვროთ, უფრო მეტ ადამიანს ვუყვარდეთ და უფრო წარმატებულები ვიყოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ საკუთარი თავის განვითარებაზე და  კიდევ სულ ვამბობ რომ ცუდი რამეების თავი და თავი, როგორც წესი, სიბნელე, ჩაკეტილობა და  განათლების დეფიციტია.

ხოოდა, ხო უსინდისობაა ამბობდე რაღაცას, რასაც  შენ თვითონ არ აკეთებ და რისიც შენ თვითონ არ გჯერა.
რასაკვირველია უსინდისობაა და მე რა საკვირველია, უსინდისო არ ვარ.
შესაბამისად, მას შემდეგ რაც უკვე კაი ხანი გავიდა, ჩემი უნივერსტეტის დამთავრებიდან და მე ისევ მომენატრა სწავლა, გადავწყვიტე, ავდგე და ისევ ვისწავლო.
ხოოდა, სულ რაღაც  ერთ საათში გამოცდა მაქვს.
წეღან ჩემი საყვარელი თანამშრომელი მოვიდა და პოზიტიურად იმოქმედა.
გადასარევია.
მაგრამ მაინც მეზარება ორი დღე საკუთარი უნარების გამოვლინება და წუწუნ-ბუზღუნის და სითბოების და ყურადღებების მოთხოვნის ხასიათზე ვარ.

სამაგიეროდ, მერე კარგი იქნება.
მერე იმედია ისევ ვივლი უნივერსტეტში და ბოლოს და ბოლოს ვისწავლი ფსიქოლინგვისტიკას.

მანამდე 15-ში ბათუმის ჯაზ ფესტივალი მიხარია.
მჭირდება დასვენება.
თან მგონი მარტო მივდივარ და მიუხედავად იმისა, რომ იქ მაინც 2 800 ნაცნობი აღმოჩნდება, მაინც კარგია მარტო რო ვიქნები.
ჩემი თავი მენატრება ბოლო სამი კვირაა.

Monday, July 5, 2010

"საბა", ზვიად რატიანი და იდეა, რომელიც იდეაში კარგია

ზოგადად დაჯილდოებების ცერემონიალები დიდად არ მიყვარს, სულ მგონია რომ გაკვეთილის ჩაბარებასავით არის.
ვიღაცა კარგ ნიშანს იღებს, ვიღაც არა.
თან ყველა დაჯილდოების ცერემონიალი იდეაში მაინც წაუპომპეზურებს, წაუსნობებს და როგორც წესი მიკერძოებულია.
მეც ავდექი და გადავწყვიტე რომ არ მიყვარს.

არადა, სულ ტყუილად.
კაბების ფრიალს და სამკაულების კაშკაშს თუ არ მიაქცევ  ყურადღებას, მსგავს ამბებზე დაკვირვებით  გადასარევად მიხვდები, რა გარემოში ცხოვრობ რეალურად. რომელ წელს რა უყვართ და საერთოდ, რა იქმნება შენ გარშემო.

ხოოდა, ზუსტად ისევე, როგორც ელექტრონავტებზე  ტუსიას ტრეკი ვიცოდი რომ გავიდოდა, ისე საბაზე ვფიქრობდი, რომ რატიანს აუცილებლად, აუცილებლად უნდა აეღო საბა.
აიღო და მე ეიფორიულად ბედნიერი ვარ.

იმაზე, როგორ და რატომ მიყვარს ზვიადი, ჯერ კიდევ თებერვალში დავწერე, "ნეგატივის" პრეზენტაციაზე.   ახლა უბრალოდ, იმას დავამატებ, რომ არანორმალურად ხშირად მიბრუნებადია და რომ თუ გინდა ვინმე გიყვარდეს, იდეალური კანდიდატურაა.
მერე რა რომ უცნაურად სევდიანია და როცა უყურებ და კითხულობ, გგონია, შენც შეაწუხე როდესმე რამენაირად.

ხო, ნაირა გელაშვილზე "დედის ოთახი" და "ამბრნი, უმრნი და არაბნი" გამახსენდა, იმ ემოციებითურთ, როგორ მაშინ, როდესღაც ვკითხულობდი. ახლა როცა მახსენდება ხოლმე, სულ მაინტერესებს, ხელახლა რომ წავიკითხო, ისევ ისეთი ემოციური და სავსე იქნება თუ არა.

პ.ს.
ამ ბოლოს ხშირად ვწუხვარ იმაზე, რომ უფრო ცოტას ვკითხულობ, ვიდრე საჭიროა. ჯერჯერობით ვერაფერს ვცვლი.

პ.ს."საბას" ორგანიზატორებმა რომ ბლოგი გააკეთონ, სადაც წლის განმავლობაში დაიდება ახალი წიგნების შეფასებები, რეცენზიები, გაიმართება დისკუსიები და მკითხველს რეალურად შეეძლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ ნახევარი საათის განმავლობაში რეზულტატი კი არ  ნახოს, მანამდეც იყოს  ჩართულო პროცესში, მგონი კარგი იდეა უნდა იყოს.


მოკლედ, ეგრეა.


"მე ყოველთვის ვიყავი შენზე სუსტი,
შენ კი – ჩემზე უბედური...
ეს ასე იყო!

მე ყოველთვის მეშინოდა,
რომ არ შეცვლილიყო ჩვენი როლები.
მეშინოდა იმისაც,
რომ არ ვეძებდი საკუთარ თავში
პატრონიანი ძაღლის სიმშვიდეს.

მე დიდი წვალებით მოვახერხე,
რომ მექცია ჩვენი სიყვარული ისეთ ნივთად,
რომელსაც
თან მხოლოდ მაშინ იქონიებ,
თუ რამეში გამოგადგება,
რომელიც შეგიძლია დატოვო, შეინახო,
გადამალო,
თუნდაც – დროებით ათხოვო ვინმეს..."


ეს რო მიყვარს და აქ მინდა ბარემ მქონდეს :)

Sunday, July 4, 2010

2 სიბილა და 27 დაკარგული კოცნა

გუშინ თუ გუშინწინ ვიპოვე, მომეწონა, შემიყვარდა და გადავწყვიტე რომ ჩემია.
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ძალიან ტკბილია და სიბილა ქვია.

ჯერ ვერ მივხვდი, რატომ მეცნობოდა სახელი, მერე მივხვდი რომ რამდენიმე წლის წინ ზუსტად ეგრე ვიპოვე, მომეწონა და შემიყვარდა არაჩვეულებრივი ფილმი "ოცდაშვიდი დაკარგული კოცნა" და გოგონა, რომელიც ამბობს, რომ უბრალოდ არ შეუძლია ჩვეულებრივი იყოს, რომ მის გენში არის რაღაც არანორმალური. ფილმი მართლაც არაჩვეულებრივია, გოგონა ულამაზესი და მასაც სიბილა ქვია.

მე ხომ სახელების და ჟღერადობის და საერთოდ, ათასი ჯურის მაგიის მჯერა, ხოოდა, იმისიც მჯერა, რომ სიბილას სიმღერები იმიტოა ასე რბილი და ბედნიერი, რომ სიბილა ქვია.

ხო, თამომ დამთაგა თურმე, რა გიყვარს ყველაზე მეტადო. თეგ თამაშის მიხედვით 5 რამე უნდა მიყვარდეს.
ხოოდა, ასე, დილის ძილი და მერე პირველი ფინჯანი ყავა მიყვარს აუცილებლად შავი პურის კარაქიან ტოსტთან ერთად, ადამიანები, ყელში კოცნა, წანწალი (მოგზაურობასაც რომ ეძახიან ხოლმე უფრო ზრდილობიანად, აი ის) და კიდევ 2 000 რამე, რაც იმდენად გათავისებული და ჩემია, რომ ვეღარც ვგრძნობ, ისე მიყვარს.

ხოოდა, უცნაური ამბავია ეს სიყვარულები, დაკარგული კოცნები და რბილი და არარბილი ქალები.
მე სულ მგონია, რომ რაღაცეებს იმიტომ ვკარგავთ, რომ ვაცნობიერებთ, რას ვკარგავთ.
და კარგ რამეებსაც იმიტომ ვერ ვიყვარებთ, რომ ვერ ვხვდებით, ის რაღაცა ნამდვილად კარგია და ჩვენია თუ არა.
და საერთოდაც, მივხვდი, რომ ყველანაირი პროგრესისა და განვითარებისთვის, უფრო, უფრო და ათასჯერ უფრო მეტად ჭკვიანები უნდა ვიყოთ.


პ.ს. ერთი მეგობარი იტალიაში წავიდა, მეორე ჩინეთიდან ჩამოვიდა, მე სულ რაღაც 4 დღეში მაგისტრატურის გამოცდები მაქვს და სულ რაღაც 10 დღეში ბათუმის ჯაზ ფესტივალზე  წავალ.
როცა ღამის რომელღაცა საათია, შენ მეგობართან რჩები და გარეთ ძაღლებიც კი არ ყეფენ, არ გჯერა,  გგონია, რომ ცხოვრება გადასარევია და ბედნიერებას რა უნდა.
მე კიდე დღეს საბოლოოდ  ვაღიარე, რომ კატასტროფულად მეშინია ერთმანეთს აწყობილის კარგი ამბების, სულ მგონია, რომ რაღაც არაბუნებრივი ხდება და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
არადა, არ არის რეკომენდირებული ეგეთი შიშები.

მოკლედ, ეს მიყვარს და მინდოდა აქაც მქონოდა:

უბრალო არითმეტიკის გარეშეც
ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი
არ აკლდება,
რომ ოცდაშვიდი არ იყოფა
ჩვენ ორზე სიბილა!


ჩემი პირველი სიყვარულის
შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან
ერთად მივხვდი,
რომ გაიყიდე სიბილა!


ჩახმახზე მომართული კერტების,
ყველა კუთხეში მიმოფანტული ნაყინის
და სამი წლის დაძველების
მერეც მახსოვსავით, რომ
ტფილი (სივით) ხარ _ მადის აღმძვრელი
სიბილა!


ყველა დაჟანგული კადრის
და გაბზარული ლავიწის
მერეც ვიცი,
დამტოვე სიბილა!


მენატრები, მენატრები, მენატრები
მე_ჯახები, მე_ლანდები, მე_ღამეები
მიტევენ სიბილა!


(მიუწვდომელია გზები შენი უფალო...)


დამანაწევრე, გამაბაზრე და დამალაგე
თავზე შენი ფეხები
გაპარსულ-გალაკული.
(ოღონდ დაბრუნდი)
გამშალე და შემიფარდე
ყველა შენ საყვარელი სიბილია...


შენეულ ცხრილზე
გადამამრავლე და ჩამყევი
ფეხით _ “ტრეტის”
დაცურებულ
საქანელასთან
ან უთუთო თუთებთან
ვერნერის ბაღში


გსუნთქავ სიბილა