Tuesday, August 31, 2010

საზაფხულო თამაშები

ესე, დღეს სახლში რომ მივედი, სანამ ჩემი და კარებს გამიღებდა, იყვნენ გარეთ და თამაშობდნენ.


სანამ მე სურათებს ვუღებდი, ერთმა იტირა, დანარჩენებმა თამაში არ შეწყვიტეს, მერე მტირალის დედა მოვიდა, რაღაც უთხრა და არშეწყვეტილი თამაში გაგრძელდა.

სანამ მე ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, რომ უბნის ბავშვები ბლოგის ბავშვებად მექცია, უკლებლივ ყველამ დაიძინა. 

და მანამ, სანამ მე ცუდ ხასიათზე ვარ, სანამ კარებების გაღებამდე ფოტოებს ვიღებ, სანამ წელიწადის დროების დასაწყისებს და დასასრულებს ემოციურად აღვიქვამ და ყურადღების კონცენტრირების ჩემთვის უფრო მოსახერხებელ მეთოდებს ვიგონებ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ რომ დრო აუტანლად, აუტანლად სწრაფად გადის სულელურ თამაშებში, ბევრ ერთნაირ კადრში, კარის გაღებამდე ლოდინებში და კიდევ უფრო ემოციურად აღვიქვამ წელიწადის დროების დასაწყისებს და დასასრულებს.


ხოოდა, სისულელეა.

ოღონდ ის არა, რომ ბავშვები თამაშობენ და  მალე იზრდებიან, ან ის, რომ ხვალ ზაფხულის ბოლო დღეა. 

Sunday, August 29, 2010

მზეზე მბრწყინავი გეიშას დღიურები

გუშინწინ ჩემ საწოლში რომ გამეღვიძა, საშინლად გამიკვირდა. როგორც ჩანს, მთელი ძილის პროცესში  თავი ისევ მესტიაში მეგონა.

გუშინ მთელი დღე ვცდილობდი რამენაირად მომეყარა თავი იქაური ამბებისთვის და დამეწერა. მითხრეს, ძალიან სავსე როცა ხარ და ბევრი რამე ხდება, მერე დრო გჭირდება გასაშიფრად და დასალაგებლადო.

დღეს ადრე გავიღვიძე, მივხვდი, რომ უკვე ნამდვილად თბილისში ვიყავი და რომ ბევრი ემოციები კი რთული ამბავია, მაგრამ თუ იმას, რაც გაქვს, დროზე არ გამოიყენებ, მერე ან დაგავიწყდება, ან გაგიხუნდება და აზრს დაკარგავს.

ამიტომაც მოვყვები ამბებს მესამე დღიდან.
ან უბრალოდ ამბებს.დღეების და ნუმერაციების გარეშე.

მოკლედ, ეგრე.
აზრი იმის შესახებ, რომ სვანეთი ერთადერთი მთაა, სადაც მე ვერ ვდუნდები და მთის იმ მთავარ მუღამს ვერ ვგრძნობ, რასაც თავისუფლება და რელაქსაცია ქვია, ძალაშია.
აბორიგენები  იმდენად გადამდებად დაძაბულები და საშიშად დაბღვერილები არიან, რომ უბრალოდ უნდა დაივიწყო, რაა მთის მთავარი მუღამი და სხვა რამეებით დატკბე.

აზრი იმის შესახებაც ძალაშია, რომ ფესტივალი კარგი იქნებოდა. ყველა კონცერტზე  მრავლად ხალხი დაიარებოდა, იმდენად კარგი "ზვუკი" იდგა ( თუ ბოლო კონცერტს არ ჩავთვლით და ისიც გასაგებ-ასახსნელი მიზეზების გამო ) და  იმდენი ბედნიერი სახე მოძრაობდა ხოლმე რომ მზად ვიყავი ნებისმიერი ჯგუფი მომწონებოდა. და საერთოდ, ამ ფესტივალზე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საერთო გარემო  იყო, ვიდრე მუსიკალური პროგრამა.

ხოოდა, ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ასე ახლოს "შიდა სამზარეულოსთან" და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოსახერხებელია ასე მუშაობა, რომ დილას ერთად საუზმობთ შენ და ვინმე, საღამოს კი სცენაზე ერთად ადიხართ და ის უკრავს, შენ იღებ. მერე კონცერტი მთავრდება და თქვენ შეგიძლიათ რამე ითამაშოთ, ილაპარაკოთ, დალიოთ, თავში ქვა იხალოთ, სულ ერთია, მთავარია, რომ ყველა ერთად ხართ და ეგ კარგია.
ამიტომაც, ნებისმიერი ფესტივალის ორგანიზატორს შეუძლია პრესის და მონაწილეების ინტეგრაციაზე ზრუნვა.

პირობა, რომ გზაში აუცილებლად ვიფიქრებდი ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებზე,  შევასრულე. მეტსაც გეტყვით, სულ ახალი კითხვები ამოვქექე და პასუხები ვერაფერზე მოვიფიქრე.

შესაბამისად, ჩემი ცხოვრების რეორგანიზაციის დასაწყები თარიღი კვლავ უცნობია და ჩემს გარშემო ფაქტები, ადამიანები,  დროები და სივრცეები კიდევ უფრო არეული.

სამაგიეროდ, ჩამოსვლიდან მეორე ღამეს, მეთოთხმეტე  სართულზე ვიდექი, თვითმფრინავს  ვუყურებდი და ვიცოდი, რომ სულ მალე დაეშვებოდა. შუაღამე იყო და გამახსენდა, როგორ მიხაროდა, როცა ჩემი თვითმფრინავი თბილისის თავზე ეშვებოდა, როგორ მეგონა რიგიდან თბილისამდე რომ ღამის რომელღაცა საათზე  კავკასიონს დავინახავდი და როგორ გულწრფელად ვთქვი თითქმის სახლში მოსულმა, "ჩემი ქუჩა დაბერებულა" თქო.

მესტიიდან უკანა გზაზე  ჩემს გვერდზე მჯდომს ვუყვებოდი, რომ ყველაზე დეპრესიული ის ერთი წელი იყო, როცა მე მეგონა, რომ შუაღამისას კავკასიონის დავინახავდი.

დრო აუტანლად სწრაფად გადის და ალბათ დაახლოებით 9 თვის შემდეგ რომელიმე ღამეს, რომელიღაცა სართულზე ავალ და  გამახსენდება, როგორ მოვდიოდი მესტიიდან 13 საათი, როგორ მყავდა ყველაზე კარგი თანამგზავრი, როგორი ცუდია გამოფიტულობა და როგორ ვუთხარი მამიდას მეორე ღამეს, რომ თბილისი ყველაზე კარგი ადგილია, სადაც შეიძლება იცხოვრო თქო.

თუ გინდა რომ დროის აღქმა დაკარგო, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდე მთაში. მე უკვე ჩამოვედი, ამიტომ ისღა დამრჩენია, დარჩენილი კვირა დღე გარემოს ადეკვატურად აღქმას მოვანდომო და გავაცნობიერო, რომ რაღაცეები იწყება და მთავრდება, დიდი არაფერი იცვლება და ამიტომაც მე ხვალ, ჩვეული გამოუძინებელი სახით და დილის ყავის მოლოდინით სამსახურში წავალ.

მანამდე კი ფოტოები თქვენ. 

p.s. რაღაცატომ ამოვიჩემე, საღამოობით გეიშა ვხდები ხოლმე თქო და თმები იმიტომ გამოიყურება ასე უცნაურად.
დღის განმავლობაში ჩვეულებისამებრ გაბურძგნილი იყო და მზეზე ბრწყინავდა.

ხოოდა, მგონი მზეზე მბრწყინავი გეიშას დღიურების წერა უნდა დავიწყო.

Tuesday, August 24, 2010

დღეები და ამბები სვანეთიდან

მოკლედ, აი ასე:
დღე პირველი:

 მე და ცალი მაიმუნი ყველაზე ადრე მივედით დანიშნულების ადგილას, მერე მოვიპოვეთ ყოვლად სტრატეგიული ადგილები და ზუსტად 13 საათი ვიმგზავრეთ მანამ, სანამ აღთქმულ მესტიაში ამოვიდოდით.

 ცალი მაიმუნი, ანუ მანქი, ჩემი თანამშრომელია. იმ კომპანიაში, სადაც ახლა ვმუშაობთ, თითქმის ერთდროულად მივედით, მაგრამ ერთმანეთი იქ არა, მაკლაფინის კონცერტზე გავიცანით.



-         ისაა, შენ მგონი ვიცი ვინც ხარ..
-         ხოო, მგონი ერთად ვმუშაობთ
-         ხოო, სულ რამდენიმე დღეა რაც მანდ დავიწყე მუშაობა და ჯერ 2 კაცს ვიცნობ
-     მეც ახალი ვარ
-         ხო, ნუ ჯერ სტაჟიორი ვარ და როგორც წესი მარტო მაშინ მოვდივარ, როცა გადაღებაზე ვარ წასასვლელი
-         ხო, ხო, მეც, ჩართვებისთვის…

მოკლედ, ეგრე.
ვიჯექით ივენთ ჰოლში და ვშინაურდებოდით.
ეგ რამდენიმე თვის წინ იყო, ახლა უკვე დილის ყავის  რიტუალებს ვატარებთ ხოლმე,  მეორე ფესტივალს ვაშუქებთ ერთად და საერთოდ, კარგია, როცა შენ გვერდით ასევე მშვილდოსანია, კითხვების გარეშე ხვდები, როგორ არის, რა უნდა, რამდენი დალია, სად წავა  და ა.შ.

დღე ისევ პირველი, ამბავი მეორე:
სადღაც  უბისასთან, ერთ-ერთ მოსახვევში რამდენიმე წამის წინ ამოყირავებული მაზუთის ტრაილერი (ზუსტად არ ვიცი, ნამდვილად ასე ქვია თუ არა ეგეთ მანქანებს) ეგდო, მაზუთი იქცეოდა, ბორბლები ჯერ კიდევ ტრიალებდა და შიგნით ვინც იყო, იმას ბუნებრივია სასწრაფოდ ჭირდებოდა შველა.

ასევე ბუნებრივია რომ დასახმარებლად გავჩერდით. სანამ ჩვენ მანქანაში არსებული  გულისხმიერი მამრები ტრაილერის კარს ამტვრევდნენ და შიგ მყოფი და ცოცხლად გადარჩენილი მძღოლის აზრზე მოყვანას ცდილობდნენ, პატრულში დავრეკე და ვუთხარი რომ სასწრაფო და სამაშველოც აუცილებლად საჭირო იყო, თანაც სასწრაფოდ.
პატრული შედარებით მალე მოვიდა,მაგრამ სამაშველო სამსახურს კარგის ტრაკი
ვერაფრით ვერ გადაურჩა აბსოლუტურად დამსახურებულ გინებას.
და კიდევ, დრეს კოდის ფარგლებში სასწრაფოს ექიმებს მაღალ ქუსლებზე დგომა რომ აეკრძალოთ, კარგი იქნებოდა.

საბოლოოდ, ერთსაათიანი წვალების შემდეგ მძღოლი გამოიყვანეს, მძღოლის გვერდით მყოფი დაიღუპა.
მთელი ერთი საათი ვფიქრობდი, რომ უბრალოდ კატასტროფაა, როცა ადამიანი შეიძლება შენ თვალწინ მოკვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ვერ გამოგყავს და მაშველები აღგვილები არიან  პირისაგან მიწისა.

დღე პირველი. ამბავი მესამე.
ზუგდიდიდან მესტიამდე 200 კილომეტრზე ნაკლებია და დაახლოებით 5 საათი ჭირდება ჩვეულებრივ სტატისტიკურ მანქანას.
და  მარტო ის კი არ არის კატასტროფა, რომ შეიძლება კაცი შენ თვალწინ მოკვდეს, ისიც კატასტროფაა, 21 საუკუნეში კულტურულ ერს ასეთი გზები რომ აქვს. თანაც მაშინ, როცა ჩვენ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე საოცარი წარსული გვქონდა დედამიწის ზურგზე და როცა ტურიზმი ჩვენი პრიორიტეტია.

ამბავი სამი პოზიტიურ ჭრილში.
მთელ სვანეთში არანორმალურად ბევრი სატვირთო მანქანა მოძრაობს და როგორც ამბობენ, თითქოს ყველა მეორე  აბორიგენი საგზაო სამუშაოებზეა დასაქმებული. გზის რაღაც ნაწილი ფაქტობრივად განახლებულია და იმედია როდესმე გავიგებთ რას ნიშნავს 21 საუკუნე და კულტურული ერი.
ხო, დასაქმება კარგია, მაგრამ აბორიგენებს რეალური პრობლემები აქვთ ქონების პრივატიზაციის და არალოგიკურად იყიდება ვიღაცეების საკუთარი მიწები.

დღე მეორე, ამბავი პირველი.
დედამიწა ძალიან პატარაა, ჩვენ ყველა წრეზე დავდივართ და შესაბამისად ძალიან მარტივია მესტიაში მინიმუმ რამდენიმე  ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს შენთან ერთად, რომლების ნახვაც გიხარია.

მამიდაც გადაღებაზე იყო მესტიაში, ოღონდ სხვა ამბებს იღებდა.
სრულყოფილი გადაღებისთვის მესტიის ზემოთ ერთ-ერთ მთაზე ავედით, საიდანაც ყველაზე დებილიც კი ზუსტად 2 წამში  გააკეთებდა მარტივ, მაგრამ უტყუარ დასკვნას.
თუნდაც სვანური კოშკები ძალიან არაფერია სუფთა ჰაერთან, მთებთან  და ალპურ ზონებში არსებულ ლურჯ ყვავილებთან შედარებით.
ხოოდა, მაგ დროს ვდგავარ ხოლმე და ჩემ თავს ვეუბნები: კი, ნასტასია, შენ  მართალი ხარ, ადამიანური რესურსები, ენერგია და ა.შ კარგია,ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც მოვინდომებთ, მაგრამ რეალურად სხვა უფრო ძლიერი რამეებიც არსებობენ.

და მერე ისევ ისე, აღმართის მერე დაღმართი და დაღმართის მერე მუზეუმი.


დღე მეორე, ამბავი მეორე.
მესტიის მუზეუმი ერთადერთი მუზეუმია დედამიწის ზურგზე, რომელშიც სიამოვნებით შევდივარ.
და ის, რასაც აქ ვნახულობ ხოლმე, ის არის, რაც მართლა, რეალურად ჩვენი, როგორც ერის საგანძურია.
მე არ ვარ ყვირილისგან ხმაჩახლეჩილი პატრიოტი და არც გულჩვილობის ისტერიული შემოტევები მაქვს ხოლმე, მაგრამ აქ, უკვე მესამედ დახორკლილი კანით და გაფართოებული თვალებით ვათვალიერებდი ცხრაასრაღაცა წელს დაწერილ სახარებას, ჩვენ წელთაღრიცხვამდე   რომელღაცა საუკუნის ულამაზეს და უჭრელეს სამკაულებს და კიდევ ხატებს. 1200 ხატში მიხვდები, რომელია სვანური ხატმწერის ხატი.

მოკლედ, სულ საქართველოში ხატწერის სამი  სკოლა იყო. აქედან ერთ-ერთი სვანურია. ამათი უნიკალობის მთელი საიდუმლო ის არის, რომ ყველანაირი წესების გარეშე ხატავდნენ. ხოდა, სვანის დახატული წმინდანები  ძალიან, ძალიან გვანან ქუჩაში მოსიარულე სვანებს.სპეციფიური, წინ წამოწეული ყბებით და დაბღვერილი, მკაცრი სახით. 
 შესაბამისად, სვანი ხატმწერი არა მარტო წესების და ჩარჩოების გარეშე ხატავდა, წმინდანებს ძალიან, ძალიან რეალურად აღიქვამდა, სათნო სახის და თავზე დამდგარი ნათელის გარეშე.აი, ისე, ვინმე შენი ახლობელი რომ დახატო.


დღე მეორე. ამბავი მესამე.
მთელი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი მსოფლიო მუსიკის ფესტივალია, რომელიც რამდენიმე ჯგუფს აერთიანებს რამდენიმე ქვეყნიდან.
ფესტივალის პირველ დღეს კონცერტზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე მე ველოდი.
როგორც მერე მითხრეს, ადამიანები მეზობელი სოფლებიდან მოდიოდნენ ფეხით.
ხოო, პუბლიკა აქტიურია და ერთნაირად ბედნიერები ცეკვავენ საღამოობით აგერ უკვე მესამე დღეა.
ფესტივალის კიდევ ერთი კარგი მხარე ის არის, რომ ნებისმიერ  “უბრალო მოკვდავს” შეუძლია დაკვრა ან სიმღერა.
და საერთოდ, კარგია ასეთი შინაურულ-მეგობრული გარემო.
აი, ადრე, სიგურ როსზე რომ ვწერდი, ახლა, რაც აქ ვარ, სულ მგონია, რომ ვიღაცამ ის წაიკითხა, დამეთანხმა და ეს ფესტივალი დაგეგმა. რასაკვირველია რეალურად ეგ ეგრე არ არის და ჭკვიანური იდეების გენერატორი მარტო მე არ ვარ დედამიწის ზურგზე.

დღე მესამე. საინტერესო ფაქტი ერთი.
რაღაც სოფელში ვიყავით. სოფლის სასაფლაოზე 40 წელს გადაცილებული მამრის საფლავი ვერ ვიპოვე. სულ ერთი გვარის საფლავები იყო და ყველა ძალიან ახალგაზრდა  მომკვდარა.
ეგრეა, სისხლის აღება ცუდი რამეა.

დღე მესამე. უცნაური ფაქტი ერთი.
ამავე სოფელში გზაზე ბავშვები იდგნენ. სანამ სტრატეგიულ ადგილს ვარჩევდი და ფოკუსს ვასწორებდი, მშობლებმა ბავშვები ეზოში გადამიმალეს.

დღე მესამე. ყველაზე  კარგი რამე, რაც შეიძლება მომხდარიყო.
ერთ-ერთ სოფელში, ერთ-ერთი კეთილი აბორიგენის ეზოში  არაფერთან დაკავშირებით  მხიარულ-იმპროვიზაციული კონცერტი გაიმართა.
მე კიდევ ერთხელ გამახსენდა ფილმი სიგურ როსზე და ვიფიქრე, კარგი რამეები ჩვენ თავსაც ხდება.



დღე მესამე. უფრო სწორად ღამე.
დავაფიქსირე რომ სვანეთში ალკოჰოლის უზომო რაოდენობას ვიღებ და ეგ კარგი სულაც არ არის.
დანარჩენი ამბები, ფოტოები და ვიდეოები მას შემდეგ, როცა  ჩამოვალ. მწირი ინტერნეტ რესურსები გამაჩნია აქ და ეს პოსტიც ძლივს მოვაფორთხე აქამდე.

Friday, August 20, 2010

მსოფლიო მუსიკის და კინოს ფესტივალები, საგზაო ფიქრები და წინასამგზავრო ვნებები

თუნდაც 2 წლის წინ ვერაფრით ვერ დავიჯერებდი, რომ აქ, ჩვენ ქვეყანაში სამი თვის განმავლობაში 4 ფესტივალზე ამოვყოფდი თავს.


თუნდაც 2 თვის წინ მეგონა, რომ ეს ზაფხული კიდევ ერთი ჩვეულებრივი ზაფხული იყო, ბევრი შემთხვევითი ნაცნობით, ბევრი დალეული ლუდით, არაპროდუქტიული  დღეებით, არანორმალური სიცხეებით  და ცოტა სიახლეებით.


თუნდაც 2 კვირის წინ ვერაფრით ვერ დავიჯერებდი, რომ სვანეთში ასე მარტივად და ბედნიერად  წავიდოდი.

All tomorrow's parties
ახლა ჩანთა უკვე ჩალაგებულია, ფლეილისტი განახლებული და ეგაა. დილის 8-ზე გავალთ.

სვანეთში მესამედ მივდივარ და ერთადერთი ადგილია, რომლის აბორიგენ მოსახლეობასაც ზომიერი შიშით ვუყურებ.
ასევე ერთადერთი ადგილია, სადაც ალბათ ვერასოდეს ვერ წავალ მარტო და ვერასოდეს ვერ ვიგრძნობ თავს საკუთარ გარემოში.
მაგრამ ეგ არაფერი.
სამაგიეროდ, ვიცი, რომ ამ ჯერზე წინა წასვლებისგან განსხვავებით უფრო მეტს ვნახავ, უფრო ნაკლებს დავლევ   და საერთოდაც, უფრო გააზრებულად მივდივარ.

მოკლედ, სვანეთიდან ბევრ ფოტოს და მარილმოყრილ ამბებს აუცილებლად ჩამოგიტანთ.

მანამდე კი გზაში ვიფიქრებ რატომ ქრება აღფრთოვანების გრძნობა მაშინვე, როცა რაღაც, რაც ძალიან გინდოდა, შენი ხდება და როცა რაღაც, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, რეალობაა.
რატომ არის წასვლა და დაბრუნება ყოველთვის ერთნაირად ემოციური და რატომ გვგონია, რომ ორივე რაღაცას შეცვლის.
რატომ ვერ იგებენ ხოლმე შემთხვევითი ნაცნობები, რომ ისინი, მხოლოდ მანამ არიან კარგები, სანამ გაშინაურებას დააპირებენ.
რატომ გვგონია, რომ მარტო ჩვენ გვწყინდება ადამიანები და საქმეები და გარემოები და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენც ამოწურვადები და მარტივად გადასაგდებები ვართ.
რატომ გვეჩვენება, რომ რაღაც მაინც ზუსტად ვიცით და ვიღაც სადღაც მეორე მხარეს არასწორია.
ან რატომ არის ყველაზე ცხოველი ინტერესი შეცნობის ინტერესი და მერე ყველაფერი სულ ერთი რატომ ხდება.

აუცილებლად მოვიფიქრებ რამე ზუსტ თარიღს, ჩემი ცხოვრების რეორგანიზაციის დასაწყებად.

მერე  თარიღს  და რეორგანიზაციის აუცილებლობას დავივიწყებ  და ისევ სადმე წავალ.მაგალითად ბათუმის კინო ფესტივალზე. ხო, მართლა, იქ წამოსვლა ყველა ბლოგერს შეუძლია და ამისთვის მხოლოდ მეილის მიწერაა საჭირო. ასე რომ,  თუ ვინმეს ფილმები გიყვართ და ყურები ჯერ კიდევ არ შეგიბარტყუნებიათ, დროა გამოცოცხლდეთ.

თან  კარგი ამბები  ხომ ყოველთვის მოულოდნელად ხდება.

აქვე, ჩემს მიერ დაფიქსირებული არც კარგი და არც ცუდი ფაქტი:

სამი წლის წინანდელ ამბებს ვათეთრებ მგონი.

უფრო სწორად, ჩემდაუნებურად  იმავე გზებზე დავდივარ და იმდენად სხვა ემოციებით და განწყობით და მიზეზით და ა.შ, რომ სხვა გზები მგონი.

Monday, August 16, 2010

ჩემი და მარუსიას დასვენების დღეები, წლები და ხევსურეთი

როცა მოვიფიქრე, ავდგები და წავალ თქო, ბევრი ვიყავით და იდეაში ყველა ერთად უნდა წავსულიყავით.
საბოლოოდ მე და მარუსია წავედით. 
მე და მარუსია უკვე მესამედ წავედით ერთად ხევსურეთში.

პირველად 3 წლის წინ ვიყავით, აგვისტოს ბოლო იყო, ჩვენ ჯერ კიდევ ლაწირაკები და სიცხის,  ასაკის და განსაკუთრებით სუფთა ჰაერის  გათვალისწინებით უაზროდ ვფლირტაობდით.

მეორედ 2 წლის წინ ვიყავით, თითქმის უცხო ხალხთან ერთად. არავის არ ვეგონეთ ზრდასრულები და კიდევ უფრო ქართველები.
მერე მე საზღვარზე დავრჩი ხონეში, მარუსია თბილისში წამოყვა იმ უცნაურ და უცხო ხალხს.

წელს მე და მარუსია მივხვდით, რომ თვალშისაცემად გავიზარდეთ ჩვენც და ის ხალხიც, ვისაც ამ წლების განმავლობაში აქ, ან სხვაგან ვხვდებოდით.
რომ ჩვენ ძირითადად ერთმანეთის გარეშე ვიზრდებოდით და ეგ არ ვიცით კარგია თუ ცუდი.
რომ ზოგჯერ ძალიან ბუნებრივად ესალმები ადამიანს წლების შემდეგ ისე, თითქოს გუშინ საღამოს ძილი ნებისა უსურვე, მანამდე კი მთელი საღამო ერთად იყავით.
და რომ მიუხედავად ბუნებრივი მისალმებებისა წლების შემდეგ,  ვერაფრით ვერ ხვდები, რომელი ერთი ამბავი მოუყვე, როცა გეკითხებიან, როგორ ხარო.
რომ ზოგჯერ რამეებს ადრე იწყებ და  შესაბამისად ადრევე ამთავრებ.
და რომ წლების და დღეების შეჯამების მერე საშინლად ცივ მდინარეში უნდა იბანავო, წვიმას დაელოდო და თუნდაც შუაღამემდე წრუპო შავი ღვინო.


ხოო, შავი ღვინის წრუპვამდე ორი წლის უნახავი და ჩინეთიდან ახლად ჩამოსული მეგობარი ვნახე და კიდე, თითქმის 2 საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა.

მე არამხოლოდ წვიმა და მეგობარი, ბათინკები და კაშნეები მენატრებოდა ისტერიულად. და არანორმალურად კარგი იყო, როცა გარეთ წვიმდა, მე კაშნეში მქოდნა ცხვირი ჩაყოფილი და ბათინკების თასმებს ვიკრავდი.

კარგია ზაფხულის მიწურულს ხევსურეთი.


Friday, August 13, 2010

ის, რასაც ბოლო დღეებში ვწერდი და სხვაგან ვაწყობდი

თბილისში თითქმის აღარავინ არის.
არც ბლოგებს კითხულობს არავინ და სამსახურში დაგვიანებისასაც  ვერ იტყვი, საცობში ვიყავი გაჭედილიო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმში ვიყავი, ყოვლად რეზონანსული სტატია დავწერე, სულ რაღაც რამდენიმე საათში ხევსურეთში წავალ და ჩემ გადარეულს ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტები. სამი დღის წინ მივხვდი, რომ არანორმალურად მომენატრა. თან დღეს იუბილარია.
ხო, თითქმის გადაწყვეტილია ისიც, რომ სვანეთში წავალ სამწლიანი პაუზის შემდეგ და რა გასაკვირია რომ მიხარია.

მადლობა სრულიად იმ ადამიანებს, რომლებმაც მითხრეს, მთავარია წამოსვლა გინდოდეს და რამე იქნებაო.

მანამდე კი ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა და რასაც რაღაცატომ აქ არა, სხვაგან ვწერდი. იქ უფრო ინტიმური გარემო მაქვს. მაგრამ ახლა მიმინდა რომ ყველაფერი ერთად აქ დამეწყო. ხოოდა, ასე.

ბლოგებს მაინც არავინ კითხულობს, ამიტომაც თავს  არ შევიწუხებ პოსტის სიდიდის გამო სინდისის ქენჯნით.
ბათუმში წასვლის ღამიდან გუშინდელ უძილო ღამემდე:


  • რა მგონია ჩემი ნავი ვნახო.
    არც ის მგონია, სადმე საერთოდ, არსებობდეს ჩემი ნავი.
    სამაგიეროდ, ვიცი, რომ ჩემი თმები უფრო ჟღალია, ვიდრე იყო და მზეზე იბზინებენ და მე ბედნიერი ვიქნები.
    სამაგიეროდ, ჩანთა უკვე ჩავალაგე და ჩალაგებები ყველაზე მეტად მიყვარს სადმე წასვლის პროცედურებში.
    სამაგიეროდ, არარსებული ბილეთები ვიშოვეთ და სადღაც ერთ საათში მატარებელში ვიქნები და დილამდე იმ სულელურ დგნ-დგნ-ს გავიგონებ, მე რომ მაინც მიყვარს.
    სამაგიეროდ, რამდენიმე დღე ლეპტოპის ეკრანის მაგივრად ცოცხალ რამეებს ვუყურებ.
    და საერთოდ, კარგია რომ ზღვა შემიყვარდა.

  • მატარებელში თავიდან მე, 6 მამრი და ბევრი სასმელი ვიყავით. 
    მერე სასმელი დაილია და დაიქცა და აორთქლდა და 6 მამრი 6 გადარეული, მთვრალი და აუტანელი მამრი გახდა.
    მე მეორე ვაგონში კიდევ ერთი ნაცნობი ვნახე და იმას დიდხანს ველაპარაკებოდი სან ფრანცისკოსა და პარიზზე.
    დილას, როცა ყველაზე ტკბილად ჩამეძინა, მატარებლის გამცილებელმა, გთხოვთ დაცალოთ ვაგონებიო და მე მეგონა რომ მატარებლის ყველა მგზავრის, ყველა მოწეული სიგარეტის და ყველა დაცლილი ბოთლის სუნით ვიყავი გაჟღენთილი და სულ აღარ მახსოვდა ჩემი თმა რომ განსაკუთრებით ჟღალი და ლამაზი იყო და მე ძალიან მინდოდა ზღვაზე შაბათ-კვირის გატარება.
    წყალი კარგი იყო, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ პლიაჟზე მიმოყრილი ყველა ადმაიანი ძალიან ერთნაირია და იქიდან არავინ არ არის ლამაზი ან მახინჯი, და ვერასოდეს ვერ მივხვდები, პლიაჟზე როგორ უნდა მოგეწონოს ვინმე.
    ხოოდა, მერე ტკბილად მეძინა, ახლა ბათუმურ რიტუალებიდან ერთ-ერთს, ლიტერატურულში გრილად ჯდომას ვატარებ და როგორც ყოველთვის, აქ ყოფნისას, ვხვდები, როგორ მიყვარს ზღვისპირა ქალაქები.
    მატარებლებიც მიყვარს, უბრალოდ, 6 მამრი და ბევრი სასმელია ბევრი აღმოჩნდა.



  • საშინლად ნესტიანი ჰაერია, ღამე ვერ ვიძინებ და უკვე სამი დღეა დღეა თვალებდასიებული დავდივარ.

    ზღვასთან ახლოს ცივი ნიავი ქრის, მსიამოვნებს ხოლმე და მეძინება.
  • ბოლო დღეებია დავაფიქსირე რომ მხოლოდ საჭმელებზე, ძილზე და ნესტიან ჰაერზე ვლაპარაკობ და ვფიქრობ. არ არის ეგ კარგი, როცა ზაფხულია, შენ ბევრ ადამიანთან ერთად ფესტივალზე ჩამოხვედი, მაგრამ ყველასთან ყოფნა გეზარება და ამიტომ ძირითადად მარტო დაბორიალობ. მარტო ბორიალს და ზღვას თავისი “პრელესტები” აქვს. (ანუშკას უყვარს ეგ სიტყვა, მე - ანუშკა ). გუშინდელი ბიჭი ცურვას მასწავლიდა და ამბობდა, ბარბს გავხარო. არც ქერა თმა მაქვს და არც მშრალი ვარ, მარტო დიდი ძუძუებით გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო-თქო, უნდა მეთქვა, მაგრამ დამეზარა. ცოტა ვიცურავე, ზრდილობიანად დავემშვიდობე და მწვანე კონცხზე წავედი. იქ ბინძური ძღვა იყო და ისღა დამრჩენოდა, დამეძინა. დავიძინე კიდეც. დღეს დილიდან ლიტერატულში ვზივარ, აქ გრილა და ნეტია. მომტანმა რუსულად მკითხა რაღაც, გვერდზე მჯდომმა გერმანელმა, ინგლისურად. ინგლისური არ ვიცი, გერმანულად ვილაპარაკოთ თქო, და საიდან იცი ასე კარგად გერმანულიო, ლაპარაკის მერამდენიღაცა წუთზე. ასე, ბავშვობიდან მასწავლესთქო. წიგნს წერო? მუზამესთვის ვწერდი ფესტივალის რევიუს. მერე მუსიკაზე, ჩვენ ქვეყნებსა და მოგზაურებებზე ვილაპარაკეთ და შევპირდი, რომ როდესმე, აუცილებლად დავწერდი წიგნს. მაინც ვერ გაიგო, რატომ ახლავე არ ვწერდი, ისე მუშაობ ლეპტოპთან, წიგნს უნდა წერდეო. ეგეც დღევანდელი ბიჭი. ბევრად ჭკვიანი და ასევე მალე აქროლადი. გუშინწინ ახალი არაფერი, ძველი ამბები ხდებოდა, მე დისკომფორტით სიკვდილის კანდიდატი ვიყავი და ძალიან მინდოდა ღამე ზღვაში ბანაოდა. სათანადოდ არ მეცვა და ჩემს გარდა არავის არ უნდოდა.  ერთი დღე დამრჩა.
  • საათები მეუბნებიან მალე ლუდის დალევის დრო მოდისო.
  • საათები მეუბნებიან, შემოდგომა ფოთოლ-ფოთოლ გიახლოვდებაო.
    საათები მეუბნებიან, დროს ყურადღებას ნუ მიაქცევ,თვითონ არასოდეს არ იფიქრებს შენზეო.
    და კიდე საათები მეუბნებიან, ჩვენი ისრები და შენი გული დაახლოებით ერთნაირი სიჩქარით მოძრაობენ ხოლმე, უბრალოდ, შენ ის უნდა მოიფიქრო, რომელზე დაითვლი დროსო.
    პ.ს.
    დედა ამბობს ხოლმე : “უდროო დროსო”
    საათებო იცით რამე ეგეთი?

  • ჩემო უძილო ღამეებო და ჩემი ქალაქის პანიკურო სიცხეებო, რატომ უნდა ვიწყებდე დილას ჩემდაუნებურად მაშინ, როცა სიზმრების დრო მაქვს.
    ჩემი უძილო ღამეებო და ჩემი ქალაქის პანიკურო სიცხეებო, ხომ შეგეძლოთ არ გაგესვათ ხაზი იმისთვის, რომ აუცილებელია ჩემი წასვლა ამ ქალაქიდან. ისედაც  მივდივარ.
    ჯერ ყავას დავლევ, მერე ჩანთას ჩავალაგებ და რამდენიმე ღამით მაინც გრილად დავიძინებ.
    ხოოდა, მერე რაო თქვენ ფიქრობთ  და არც არაფერი.უბრალოდ, მე სიზმრების მერე ყავა მიყვარს.

Sunday, August 8, 2010

დაკარგული სათქმელები და წაგებული ომები

ის, რომ, ამ შაბათ-კვირას თბილისში არ ვარ, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად იმიტომაც მიხარია, რომ ომის გლოვა-ზეიმის ამბებს არ შევესწრები.

ის, რომ ერთი წლის წინ რაც ვთქვი, იმის მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, ცუდია.

სანამ ომებს მოვიგებთ და სათქმელები დაგვიგროვდება, მანამდე ძველი რამეები ვთქვათ კიდევ ერთხელ.

პოსტი ომის ამბებზე. დაკლიკებით მიაგნებთ.

Thursday, August 5, 2010

"ფრანი", "შინი", ირაკლი ჩარკვიანი და ლადო ბურდული


ლადო ბურდულმა თავის მეგობრებს უთხრა, თუ "შინი", "ფრანი" ან "მეფე" გიყვართ, ახლავე ვწყვეტ თქვენთან მეგობრობას, თანაც ზედმეტი ლაპარაკის  გარეშე მოვაგვაროთ ეგ საქმეო.


ლადო ჩემი მეგობარი არ არის. 
შესაბამისად, მისი ეს მოთხოვნა მე არ მეხება.
ამიტომ, სრული უფლება მაქვს მიყვარდეს ის, ვინც მინდა. თუნდაც ფრანი.
არავინ არ მეტყვის მეგობრობაზე უარს.
ნუ ყოველ შემთხვევაში ასე, დემონსტრაციულად და  "მთელი ქვეყნის დასანახად ". 


თუ ლადო ჩემი მეგობარი არ არის და მე სრული უფლება მაქვს, მიყვარდეს ის, ვინც მინდა  და მაინც ვაგრძელებ წერას, ესე იგი, რამე უფრო მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე ფრანის სიყვარულზე უარის თქმა.


ნამდვილად. ფრანი ლადოს გარეშეც არ მიყვარს.
მეტსაც გეტყვით, საყვარელი რამეების ათეულში შინი და ჩარკვიანიც ვერ ხვდებიან.
მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს.


მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანებს უბრალოდ  დროის და სივრცის აღქმა აქვთ დაქვეითებული  და გონიათ, რომ ყველაფერი სულ ისე იქნება, როგორც 10 ან 20 წლის წინ იყო.
გონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს.
გონიათ, რომ მათ გარდა ყველაფერ დანარჩენს ერთი და იგივე ფასი აქვს  და  გონიათ, რომ თუ კაცობრიობის მიერ ათასჯერ ნათქვამ ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ აგრესიული ტონით გაიმეორებენ, მაინცდამაინც თვითონ იქნებიან ამ ჭეშმატირების გამავრცელებლები.


ხოოდა, არ არის ეგრე.
90-იანების მერე დიდი ხანი გავიდა.
მასკულტურაც კულტურაა და მიუხედავად გარკვეული შინაარსობრივი კავშირებისა, არ შეიძლება ფრანი, ირაკლი ჩარკვიანი და შინი ერთ ქვაბში მოხარშო.
და მიუხედავად უკვე ყელში ამოსულობისა, მიუხედავად მაგის ასაკის გავლისა და მიუხედავად მისი ასევე გადამეტებული პოზიორობისა, ჩარკვიანი ბევრად  მეტია, ვიდრე ლადო.


პ.ს.
რამდენიმე დღის წინ თავისუფლების ბლოგებს ვკითხულობდი და კინაღამ  ვიფიქრე, მე მერევა რაღაცეები, ლადო მართლა კარგი ტიპიათქო. 
მალევე  მივხვდი, რომ მე კი არ მერევა რამე და ლადო კი არ არის კარგი ტიპი, უბრალოდ, ბიძინას ნაწერი იყო არანორმალურად კარგი.


ხოოდა, მთელი ეს ამბები იმიტომ, რომ, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ლადო მართალია.


უბრალოდ, ზოგჯერ უნდა გადახედო გარშემო ადამიანებს და აუცილებლად მიხვდები, უნდა იყვნენ თუ არა ისინი შენ გვერდით.
და აქ ფეისბუქის  ან ისე მეგობრები არ იგულისხმება, აქ ზუსტად ლადოები, ფრანები და ეგეთი ხალხი იგულისხმება.
ხალხი, ვისაც პრეტენზია აქვს გახდეს შენი ფასეულობა, დაიმსახუროს შენი ყურადღება, კონცერტებზე მიგიყვანოს, ტელევიზიიდან მოგმართოს, ჟურნალების ყდებიდან სულელურად გაგიცინოს, გითხრას, რომ ის არის, ვინც შენ გჭირდება,  და მერე სხვა სიყვარულებზე აკრალვები დაკიწესოს.


აი, გახსოვთ ის ავადსახსენებელი შოუ, ეკა ხოფერიას "აუდიტორიაში" ფრანის ბიჭი თავის ინტელექტს რომ ამზეურებდა და დოჩანაშვილის სიყვარულს გვაძალებდა?
გახსოვთ, ლადო რომ ავად ჩატარებული კონცერტიდან წამოსულ უკმაყოფილო ხალხს პრიშიკებიან ბავშვებს გვეძახდა? 
და კიდევ რამდენი ვინმე გახსოვთ, ვინც პოპულარობას ადეკვატურად იყენებს, ვინც თავხედობას ურთიერთობის ფორმად არ იკანონებს და ვიზეც სიამოვნებით იტყოდით, რომ აი, ის, შენი იდეალია.


მე თითქმის ვერავიზე.როგორც ჩანს ლადოს ტონით კაი ხნის წინ გადავხედე "ერის გმირებს" და ხელში მხოლოდ იდიოტები, მატყუარები ან ჩემნაირი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები შემრჩნენ.


ლადო ჩემი მეგობარი არ არის და მე წესით სულ არ უნდა მადარდებდეს, რა ულტიმატუმს უყენებს ის სხვებს.
მაგრამ ლადო ხომ უბრალოდ, მთაწმინდელი კაი ბიჭი კი არა, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მუსიკოსია. შესაბამისად, უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი ადამიანი, სახელად ლადო.
 შესაბამისად, მე შემიძლია მასზე თავისუფლად  ვილაპარაკო, ისევე როგროც მაგალითად, ირაკლი ჩარკვიანზე, ან ჯონ ლენონზე.


თქვენი და "დიდი ადამიანების" დამოკიდებულებებზე კი  არ ვიცი.

Tuesday, August 3, 2010

ჭრიჭინები, ნაოჭები, გაყიდული ბილეთები და უაზროდ დაკარგული დროები

ალბათ არასერიოზულია, როცა ამინდზე, თვეებსა და წელიწადის დროებზე წერ, მაშინ როცა სულ რამდენიმე დღეში ერი ომის მოგებიდან ან წაგებიდან 2 წლის გასვლას აღნიშნავსკინოთეატრებში 101 ყველაზე მაგარი ფილმის ნახვა შეგიძლია ,  სიცხისგან ხანძრები ჩნდება და ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ წავალ ბათუმში, მაშინ როცა მატარებლებზე ამ კვირის ყველა ბილეთი გაყიდულია.

ეგ არაფერი.

არც ის არის სერიოზული, როცა 22 წლის ხარ, ზაფხულია, თბილისში ხარ, სამსახურში დადიხარ და დროის დიდ ნაწილს არაფერთან დაკავშირებით  ხარჯავ ბილეთების რიგში, ტრანსპორტის სკამზე, უქმეებამდე სამსახურზე ბუზღუნსა და სიცხეზე წუწუნში. 

რამდენიმე ზაფხულის მერე, როცა 22 წლის აღარ იქნები, როცა სხვანაირი ზაფხული იქნება და შენ  როკ ფესტივალზე წასვლის მაგივრად რამე სხვა გექნება ამოჩემებული, უცბად მიხვდები, რომ ნაოჭები გაგიჩნდა, ფესტივალებზე სიარული გეზარება, არავინ ნერვიულობს, სახლში რომ იგვიანებ და საერთოდ, დრო ძალიან სულელურად გავიდა ამინდებზე, ბილეთებსა და სამსახურებზე ბუზღუნში.

ნაოჭები ლოგიკურია და ალბათ სულაც არ არის ისეთი კატასტროფა, მე რომ ახლა მგონია.

სამაგიეროდ, ის არის კატასტროფა, რომ  ნაოჭებამდე და ნაოჭების შემდეგ ერთნაირად  სულელურად გადის დრო.
ორი დღის წინ მივხვდი, რომ უკვე ხეებს ფოთლები  ცვივათ, ისე, რომ ფერისცვალებას არ დაელოდნენ.
მე კიდევ  ვერ მივხვდი, რომ თითქმის მთელი ზაფხული გავიდა და ფერისცვალებაც  სულ მალე იქნება.

ბავშვობაში ამბობდნენ ხოლმე, ფერისცვალების მერე აგრილდებაო.
ბავშვობაში ზაფხულებს ან იმერეთში, ან ხევსურეთში ვატარებდი და მაშინ, როცა ჭრიჭინები ჭრიჭინს იწყებდნენ, დედა ამბობდა: "ძილინებისა ნასტასია, უკვე გვიანია." ან, "ნასტასია, ადე რა, ნახე  რამდენი ციცინათელები დაფრინავენ".
დღეს მივხვდი, რომ ჭრიჭინების ჭრიჭინი ბავშვობის და სოფელში დასვენების ასოციაცაა და შუა თბილისში მაგათი ხმაური საშინლად უადგილოა.
დაახლოებით ისევე  უადგილო, როგორც პანიკა  რომ უკვე გვიანია, მე სახლში ჯერ კიდევ არ მივსულვარ, დღე-ღამეში  8 საათზე ბევრად ნაკლები მძინავს და ბევრ ლუდს ვსვამ.

დრო კატასტროფულად მალე გადის, მე არც იმერეთში ვარ და არც ხევსურეთში და მიუხედავად  ჭრიჭინებისა, უკვე 22 წლის ვარ და ბოლო რამდენიმე წელია დროს და გზას ყველაზე ემოციურად აღვიქვამ.

ამიტომაც, ყველაზე ზუსტად ვიცი როდის რომელი გზით დავრუნდე სახლში.

ამიტომაც, მოვიდეს ვინმე კეთილი და მითხრას: "ნასტასია, მერე რა რომ მატარებლის ბილეთები გაყიდული იყო, ბათუმში მაინც წავალთ."

ამიტომაც, როცა ნაოჭები გამიჩნდება და სულ სხვანაირი ზაფხულები მექნება, მაინც მითხარით, რომ ლამაზი ვარ.

ამიტომაც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზებზე შემხვდით ხოლმე, თუნდაც ჭრიჭინებზე და ბავშვობებზე სალაპარაკოდ.

პ.ს.
დედა და მამა იმერეთში არიან, ამიტომაც : "ტკბილი ძილი ნასტასია, უკვე გვიანია"