Tuesday, September 28, 2010

მთების კონტურები და სუნთქვის სიხშირეები, ანუ ამბები ყაზბეგიდან

არის ხოლმე რაღაცეები, რაც ზუსტად მაშინ ხდება, როცა მოსახდენია.
ზუსტად ასე, შაბათს გადასარევი დღე იყო, კვირას გულმოდგინედ და სკულპუოზულად წვიმდა, ორშაბათის მზემ ლოყები დამწვა. 
მთელი ეს დღეები მე ყაზბეგში ვიყავი, მთების კონტურებს ვიმახსოვრებდი, მეგონა, რომ ცაში ვინმე ბებო იჯდა და ღრუბლებს წეწავდა და  ძალიან, ძალიან მინდოდა  ჟანგბადის საჭიროზე მეტი    რაოდენობა ამეთვისებინა. 

დიდი არაფერი შეცვლილა, რაც მე იქ არ ვყოფილვარ. 
უბრალოდ, უფრო მეტი ტურისტი დადის, უფრო მეტი გემრიელსაჭმელებიანი საკვები ობიექტია და რამდენიმე ქუჩა ახლადმოკირწყლული.

უბრალოდ, მე მივხვდი, რომ როცა იქ ხარ, სადაც მთების კონტურები უნდა იზეპირო და ვიღაცის გაწეწილ ღრუბლებს უყურო, როცა იმდენად სუფთა ჰაერს სუნთქავ, რომ შეიძლება ფილტვები გეტკინოს, როცა ღამე ვარსკვლავებს ელოდები, რომლებიც არ  ჩანან და შენ მაინც ელოდები, როცა ისეთი სიჩუმეა, შენ გვერდზე მყოფის ყველა ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა გესმის, უნდა მოარჯულო  გარშემო არსებული ურბანული ნაგავი, კაბელების ხლართები და დაფეხვილი ანძები, უნდა დაივიწყო ყველა ხმამაღალი და მყვირალა სიტყვა, უნდა გაიკეთო სიყვარულები თვალებზე და ყველაფერი ბევრად ლამაზი იქნება.
კონტურები






მორჯულებული ურბანული ნაგავი


მომავლის ახსნა:  
თუ ვინმეს როდესმე გითხარით, ყაზბეგში წავიდეთ თქო, ეგ იმას ნიშნავს, რომ კონტურებთან ერთად სუნთქვის სიხშირის დაზეპირებაც მინდა და კიდევ იმას, რომ მინდა, რაც ძალიან, ძალიან მიყვარს, მარტო ჩემი არა და კიდევ  თქვენიც  იყოს.

პ.ს. პოსტთან არაფერ შუაშია, მაგრამ ბევრი ეძებდა წინა დღეებში ალტერვიჟენ 2010-ზე ინფოს. ეგ ამბავი 30 იქტომბერს გაიმართება და უფრო ვრცლად, მუზამეზე

ხო, მანამდე თეატრალური ფესტივალი იწყება 29ში, რომლის ამბებს, გზადაგზა ალბათ მოგიყვებით.

პ.ს.2
ჩამოსვლიდან ზუსტად 10 საათში ისევ იწყება სამსახურები, ფესტივალები და  მანქანების ხრიგინი. საჭირო და არასაჭირო სატელეფონო ზარები და უახლესი დღეების გეგმები.
სულაც არ მომწონს ეგ ამბავი.


Saturday, September 25, 2010

შემოდგომის ბუნიობა, არასტაბილური განწყობა და მადამ ტუსო

მას შემდეგ რაც ბათუმიდან გამოცდის გამო უდროო დროს წამოვედი, სულ მინდა ავდგე და რამე დავწერო.

სულ ტყუილად.
 მივხვდი, რომ მთელი ეს დღეები ან სიმშვიდის და ნეტარების გადაჭარბებული დოზით გამოშტერებული დავდივარ, ან  ძალიან, ძალიან გულაჩქარებული, გაღიზიანებული და აუტანელი ვარ.  ერთმანეთზე უარესია.

ზოგს ფლეგმა გონიხარ, ზოგს უჟმური, ზოგს არაფერიც არ გონიხარ.
ეგეც ერთმანეთზე უარესია.

გუშინ საღამოს საბოლოოდ ვაღიარე, რომ საშინლად სწრაფად ცვალებადი ხასიათი მაქვს და საშინლად დამღლელია, როცა განწყობაც კი არასტაბილურია.

არადა, ბათუმიდან რომ წამოვედი გამოცდის ჩასაბარებლად, იმ გამოცდაში მთელი 82 ქულა ავიღე და თვითშეფასება ავიმაღლე. საკმაოდ რთული ამბები სამსახურის შესვენებებზე და მატარებლის ჯაყჯაყში ვისწავლე. ტყუილად  არ ვამბობ ხოლმე, ჭკვიანი გოგო ვარ-თქო.

მერე ბათუმში ვეღარ მივბრუნდი და ცუდი იყო იმის აღიარება, რომ მე გზებს გულგრილად გადავხედე, ქარიზმა საძებარი გამიხდა და ბათუმში დასათვლელ ვარსკვლავებს, აქვე, წყნეთის ტყიდან ვითვლიდი.

ხო, გამოცდის 82 ქულა ვერაფერში ვერ გამოვიყენე, იმიტომ რომ რექტორმა, დეკანმა, სასწავლო დეპარტამნტმა, ხარისხის მართვის განყოფილებამ, სამეცნიერო საზოგადოებამ და ა.შ. ერთმანეთზე სულელური ფრაზებით ამიხსნეს, რომ თსუს წესები და კანონები ერთმანეთზე აბსურდულია და ვერავინ ვერაფერს ვერ მიშველიდა.


მერე ანუშკასთან ვიყავი. ანუშკამ თქვა ხვალ შემოდგომის ბუნიობააო.

ბუნიობის დღესასწაულის არსებობის შესახებ პირველად ლინდგრენის წიგნებიდან გავიგე და  სულ, მთელი ბავშვობა მინდოდა რომ  აქაც  ყოფილიყო ბუნიობის დღესასწაულები.

გაზაფხულზე გაზაფხულივით ჭკუამხიარულ კაბას ჩავიცვამდი და ფლირტების, მსუბუქი განწყობების, ნაყინების ჭამის და ცხელი დღეების სეზონს გახსნილად გამოვაცხადებდი.


 შემოდგომაზე კი ზუსტად ისეთ კაბას, რომელღაცა დღეს  რომ მეცვა, შემოდგომური ფერებით, გრძელი სახელოებით და ოქროსფერი ღილებით და ყველას ვეტყოდი, რომ მე შემოდგომობით განსაკუთრებით მიმძაფრდება თბილი და მშვიდი რამეების მოთხოვნილება.

შემდეგ ბუნიობამდე დიდი დროა.

ამიტომაც, ხვალ ძალიან ადრე ავდგები და 3 დღით ყაზბეგში წავალ.

იქ სავარაუდოდ ძალიან ეციება და მანამ სანამ თბილი რამეებით შევიფუთნები და აივანზე ჩაის სასმელად მოვკალათდები, ძალიან ბევრს ვივლი.

mike stern - We're With You by nastasia
ხო, წეღან პარასკევ საღამოს აღსანიშნავად ვსეირნობდი და ყოვლად უსაყვარლესი არსება ამეკიდა, აზრიანთვალებიანი, მბრწყინავბეწვიანი, ყურებპარტყუნა და ყურადღების ტკიპა.

 თავიდან ვიფიქრე, გზაზე მარტო გადასვლის ეშინიათქო, მერე ვუთხარი, წამო ერთად ვიაროთ და გზადაგზა რამეებს მოგიყვებითქო, მერე მაღაზიაში შევედით და ღმერთო ჩემო, თქვენ ძაღლს რა ქვია, გოგონაო, მეთქი, ჩემი ახლახანს გახდა და რა ვიცი, მამიდა გოდერძის უძახდათქო.

არადა, გოგოა.ხოოდა, მადამ ტუსოა.
 სახელები იქით და  უცნაური გრძნობაა, ბავშვობიდან რაღაც ძალიან, ძალიან რომ გინდოდა, მერე უცბად რომ ერთი თითის გაწვდნაზე გაქვს და შენია, და შენ რომ  ორიათასი რამე უნდა გაითვალისწონო და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

არადა, აი, მართლა ისტერიულად მინდა ძაღლი, ეზოიანი სახლი, თბილი შემოდგომა და ტკბილი ზამთარი.
ჩემი სახლის ფართობი იდეაშივე გამორიცხავს ძაღლის ყოლის შანსს, ეზოც ვერანაირად გამოებმევა და თბილი შემოდგომის ყოველ დღეს აუტანლად მაწუხებს ჩემი სწრაფად ცვალებადი ხასიათი.

ხოოდა, სავარაუდოდ, ერთად ვიყაზბეგებთ და მერე ისევ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ მე და ტუსო.
არადა, სახლში რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ რა გადასარევია, როცა სეირნობა მომინდება, მარტოს არ დამეზარება და ეს პატივცემული სულ აქ იქნება, თან სისულელებს ველაპარაკები ხოლმე და  საწინააღმდეგო არაფერი ექნება და საერთოდ, რა სასიამოვნოა ცხოვრება თქო.

სულაც არა.
ცხოვრება საშინლად ნერვებისმოსაშლელია მაშინ, როცა შენ ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრება გინდოდა, ერთი ხელის გაწვდენაზე გაქვს და უნდა იდგე და ორიათასი რამე გაითვალისწონო, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ.

პ.ს.
ყაზბეგში 5 წელზე მეტია არ ვყოფილვარ.
ერთადერთხელ ვიყავი, ერთადერთ გოგოსთან ერთად.

10 დღეში ყველა ხეობაში დავდგით ფეხი და იმდენი პოზიტივი წამოვიყოლეთ, სულ მგონია, რომ იქ ორიათასჯერ ვყოფილვარ.
არადა, მეორედ მივდივარ და პირველად ეფექტებს არა, კონტრასტულ შთაბეჭდილებებს ველოდები.

Wednesday, September 15, 2010

ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბანალური ყურადღების მოთხოვნილება და გზები


უცნაური ამბებია ეს ფესტივალები. ელოდები, გიხარია, რომ მიდიხარ, ყველაფერი კარგად არის, მერე იქ ებმევი პროგრამიდან გამომდინარე რეჟიმში და უცბად ხვდები, რომ უკვე მეოთხე დღეა აქ ხარ და ზღვა მხოლოდ ერთხელ ნახე, ისიც მაშინ, სანაპიროზე მდებარე კაფეში საჭმელად რომ შეიარე.

კიდევ ხვდები, რომ, ფილმები, რომლებსაც ქალებსა და კაცებზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, თავისუფლებებსა და სიყვარულებზე, გზებსა და გამოსავლის ძიებებზე უყურებ  გადასარევია, არაჩვეულებრივია, მაგრამ უკვე დღის ბოლოა, შენ შენი საკუთარი მეგობრები, ოჯახის წევრები, სიყვარულები და იმათკენ მიმავალი გზები მოგენატრა, უბრალოდ გინდა თავისუფლად ისუნთქო და საათებზე არ იყოს დამოკიდებული შენი სეანსები.

მერე ხვდები, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, შენ აუცილებლად მოგენატრება მთელი ეს ამბები და ისევ დაიწყებ ახალი ფესტივალის ლოდინს, ისევ სიხარულით დაელოდები მთელ ამ ამბებს და ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ დაღლის, ხმაურის, ბევრი ხალხის ზივზივის და  რაღაცნაირად გაწელილი დღეების ბრალია.

თანაც უკვე სრული 24 საათია ისეტერიულად წვიმს და როცა ასე წვიმს მე სულ მგონია ხოლმე, რომ წვიმა აღარასოდეს გადაიღებს, ჩვენ ნელ-ნელა აგვივა ნესტის და ხავსის სუნი, ჩვენ მოვწევთ ნესტიან სიგარეტებს და  ვიცხოვრებთ დაობებულ სახლებში, ყველა სეზონზე ბოტები გვეცმევა და ვერასოდეს  გავიხსენებთ, როგორია წკაპა-წკუპის გარეშე დაძინება და გაღვიძება.
თან ბათუმში ეს შეგრძნებები ორმაგად მიმძაფრდება და არასოდეს ტრანსფორმირდება. მახსოვს, ჯაზ ფესტივალის გახსნის დღეს რომ იწვიმა, მაშინაც ზუსტად  იგივეს ვფიქრობდი, იგივე თანმიმდევრობით.

ამინდი იქით და კინო ამბებს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე სტრანად ჩემზე ფილმის დამთავრების შემდეგ გამოსული ხალხის ერთიანი მასა მოქმედებს, აზრების გაზიარებების, გადაძახილ-გადმოძახილის რეჟიმში რომ არიან. ეს ამბავი განსაკუთრებით  თვალშისაცემი  მაშინაა, როცა შენ დარბაზში არ იყავი.

მე კაი ხანია ვიცი, რომ  ჩემი საქმე  მყუდრო და მშვიდი ამბებია, უბრალოდ, ასეთი ხალხმრავლობები და მასიური რამეები სასიცოცხლოდ მხოლოდ იმიტომ მჭირდება, რომ მერე ჩემი სიმყუდროვეები უფრო მეტად მიყვარდეს.

ხოოდა, ზოგადად, ფესტივალების დამთავრების შემდეგ, აღარ მინდა ხოლმე იმის გაგონება, რაც იქ ხდებოდა.

ეგრე მჭირდა ჯაზ ფესტივალის შემდეგ,  როცა ჯაზის გაგონებაზე ისედაც ჩამოყალიბებული არითმია მიმწვავდებოდა, ზედმეტი ჯაზის მოხმარებისგან.

ეგრე მჭირდა სვანეთში მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე, ფანდურის-ჩონგურ-ჭიანურის დანახვას დღემდე არ ვისურვებდი მგონი, რეგეის მოსმენას, მით უმეტეს.

და საერთოდ, არა მარტო ფესტივალებზე, ყველაფერზე ეგრეა. ძალიან ბევრ ალკოჰოლს რომ შეიწოვ, მერე ცივი ჩაი გიყვარდება, ზაფხული თუ აუტანლად ცხელია, ცივი შემოდგომა გსიამოვნებს და მოკლედ, პერედოზიროვკა ყველა შემთხვევაში საშიშია.

ახლა კი, ყველა ფილმის შემდეგ, ვფიქრობ ხოლმე, აი, სახლში რომ ჩავალ, საგამოცდო ამბებს რომ დავივიწყებ და ისევ თავისუფლად სუნთქვას დავიწყებ, საღამოობით  იმაზე უფრო მეტ  ბევრ კარგ ფილმს ვნახავ , ვიდრე რომელიმე შემოდგომაზე მინახავს თქო.

მოკლედ, ამ ფესტივალზე პერედოზიროვკით გამოწვეულ მობეზრების გრძნობას გადავურჩი, სამაგიეროდ, მყუდრო ამბები ორმაგად დავაფასე. 
ორივე გადასარევია.

გუშინ საღამოს გარეთ რომ ისტერიულად წვიმდა, ბოლო ფილმი რომ  მთავრდებოდა და მე რომ  დღევანდელ  მასტერკლასზე ვფიქრობდი, მივხვდი, რომ არანორმალურად მინდოდა რამე ისეთი, თუნდაც  ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბანალური ყურადღების ობიექტი ვყოფილიყავი.
 ვინმეს კი არ ეთქვა, შუადღის ფილმი მოგეწონა თუ არა, ან ხვალინდელი პრეს რელიზი  გამზადებულია თუ არა, ან  ბლოგის თემფლეითი როგორ შევცვალოო, უბრალოდ, მოსულიყო და ეთქვა:  ნასტასია, მთელი დღეა არ გაგიღიმია, ხომ ყველაფერი კარგად არის, ან  სულელი კოლას დალევას, საშინლად არ  გიყვარს, რამე ეგზოტიკურ სურნელოვანი ჩაი დაგველია რომელიმე ისეთ მყუდრო კაფეში, წვიმიან ამინდს რომ მოუხდება.
ან მხარზე ხელი მაინც დაედო, აი, ისე, აბას ქიაროსთამის ფილმში გაცოფებულ ჯულიეტ ბინოშს რომ ადებს ქმარი შემთხვევითი გავლელის რჩევით და პანაცეა რომ აღმოჩნდება.

საერთოდ, ეგ ფილმი კარგი ფილმია. დილას ვკითხულობდი და ყველამ, ვინც  ფილმი ნახა და არ დაეზარა,  ბინოშს წაკბინა, ხოოდა, მეც კი წავკბინე მანამდე, მაგრამ  წაკბენაც არის და წაკბენაც. ხოოდა, მე ბონოშზე, არა, ფილმზე მოგიყვებით. 

ფილმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც 70 წლამდე მისულ ადამიანს შეიძლება გადაეღო. აი,  ხომ არსებობს რაღაცეები, რასაც ყველა გააკეთებს და რაღაცეები, რასაც სპეციფიური გამოცდილება, ნიჭი, ასაკი, ენერგია, ხედვა და ა.შ. მრავალი კომპონენტი ჭირდება.
მაგალითად ბლუზი ჩემი აზრით მხოლოდ 40 წლის შემდეგ შეიძლება დაუკრა, ისიც მაშინ, თუ არაფილტრირებული ცხოვრებით ცხოვრობდი და უკვე ბევრი რამე დაიგროვე.
ჯაზი შეიძლება ნებისმიერმა დაუკრას, მაგრამ შავკანიანების ჯაზს ვერავინ გაუწევს კონკურენციას.
გზებსა და მოგზაურობის ამბებზე ვერავინ მოგიყვება ისე, როგორც პროფესიონალი “მაწანწალა” და იმისთვის რომ კარგად წერო, კარგი მკითხველიც უნდა იყო.
მოკლედ, ჯაჭვური ამბებია.

ხოოდა, ეს ფილმი, რომელიც ფესტივალის გახსნაზე აჩვენეს,  აბასის ბოლო ნამუშევარი იყო და ცოლ-ქმრის ურთიერთობას ასახავდა ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ.
ურთიერთობას რა, კაცი მწერალია და თავისი სამუშაოს გარდა არაფერი ადარდებს, ქალი ჯულიეტ ბინოშია, მთელი ფილმის განმავლობაში საშინლად გამაღიზიანებელი ქალურ-ნაზი-ღმერთოჩემორაგადასარევივარ ტონით.

მე მთელი ფილმის განმავლობაში მახსენდებოდა გოგი გვახარია, რომელიც საშინლად ვერ იტანს ბინოშს და რომელიც ფესტივალზე რაღაცატომ არ იმყოფებოდა.

ასევე მთელი ფილმის განმავლობაში მახსენდებოდა ჩემი “ხაზეიკა”, რომელმაც მისტიკის წესების თანახმად, ზუსტად იმ  დილას მითხრა, აღფრთოვანებული სიყვარულები საშიშია, თანაცხოვრებისას ყველაფერი ხუნდებაო.

და კიდევ, ვფიქრობდი, რომ  კი რთულია, მაგრამ უბრალოდ ჯობია ისეთები მივიღოთ ადამიანები, როგორებიც არიან. თუ შენი ქმარი ვერ ხედავს განსხვავებას საყურიან და უსაყურო შენს შორის, ნუ ატეხავ სკანდალს და საყურე ქმრისთვის კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვის გაიკეთე, ყველასთვის ეგრე აჯობებს.
თუ ქმარი უყურადღებოა  და დეტალებს ვერასოდეს ამჩნევდა, თუნდაც ისეთს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, წითელი პომადის წასმით ხასიათს ვერ შეუცვლი და კიდევ უფრო დაგწყდება გული, რომ შენთვის მნიშვნელოვანი დეტალი შეუმჩნეველი დარჩა.

და საერთოდაც, ქალებს და კაცებს ხომ სულ სხვადასხვა პრელესტები  გვაქვს და ძნელია რა, დააჯერო ადამიანი, რომ უსახური ქანდაკება, რომელიც შენ მხოლოდ იმიტომ მოგწონს, რომ ქალს კაცის მხარზე თავი აქვს მიდებული და მშვიდად გამოიყურება, უსახური არ არის.
კაცებს სტოლკა ია ზნაიუ, მხოლოდ თავის მხრებზე დადებებით იშვიათად გააბედნიერებ.  ქალებს კიდევ  ქრონიკულად ჭირდებათ თავების ჩამოდებები, ხელის მოკიდებები, გაღიმებები, თუნდაც ყურით მოთრეული  კომპლიმენტები და წუწუნის მშვიდი მსმენელები.

მოკლედ, რთული ამბებია და სწორედ იმიტომ უნდა 70 წელი ცხოვრება და გამოცდილებების დიდი შეკვრა ეგეთ ამბებზე კარგი ფილმის გადაღებას.
ხო, თითქმის მთელი ფილმი ამ ცოლ-ქმარის კვირა დღეა, რომელიც მათი ქორწინების 15 წლისთავია,ოღონდ ეგ მხოლოდ ქალს ახსოვს, კაცს რასაკვირველია არა.
და ფილმში, სადაც თითქმის საათნახევარი მხოლოდ ორ ადამიანს უყურებ, ძალიან, ძალიან მაგარი ეპიზოდური პერსონაჟები არიან.

და ხვდები, რომ როცა ძალიან დაგღლის ადამიანი, რომელიც შენ ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს, რომელთან ურთიერთობაც რიგი მიზეზების გამო ჩიხში შევა, შეიძლება სრულიად შემთხვევითმა გამვლელმა ან შემხვედრმა, გადასარევად გაგიგოს და ისეთი რჩევაც კი მოგცეს, რომელიც არანორმალურად მარტივია, უბრალოდ, შენ  აზრადაც არ მოგივიდოდა, თუ ეგრე მარტივად იყო საქმე.
მოკლედ, ეგეთი ამბები სულ ხდება ხოლმე, ფილმებშიც და ჩვენს თავსაც.

ხოოდა, ფესტივალს დღეს დროებით ვტოვებ, მოვთბილისობ და იმედია მარტივი გამოსავლების მოსაძებნად შემთხვევითი გამვლელების რჩევები არ დამჭირდება და მარტივი, ბანალური სახის ყურადღებები და ჩემი კიდევ ერთხელ შეყვარებული მყუდროებები საჭირო დროს, საჭირო ადგილებზე დამხვდება.
ხო, აბასის კიდევ ერთი ფილმი ვნახე, გზებზე იყო და ბაბისამ უკვე დაწერა მაგ ამბებზე, ამიტომ მე მარტო იმას ვიტყვი, რომ მე რომ აბასი ვყოფილიყავი, ამ პოსტის მაგივრად იმ ფილმსს გადავიღებდი, და რომ ფილმი ულაზესია და ყველა კომპონენტი (მუსიკა/ვიზუალი/ტექსტები/ა.შ/) ერთნაირად ძლიერად მოქმედებს და მთელი ფილმის განმავლობაში მინდოდა გვერდზე მამიდა მჯდარიყო, იმიტომ რომ ვიცოდი, როგორც მოეწონებოდა.
ხოოდა, ამ პოსტში არსებული ყველა შავთეთრი ფოტო ფილმიდანაა მამიდასთვის. 

Tuesday, September 14, 2010

საქართველოს განათლების სისტემის არგუმენტირებული გინება

ძალიან, ძალიან ბავშვობიდან. დაახლოებით იმ დროიდან, სკოლა რომ ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება მეგონა, ვიცოდი რომ როდესმე აუცილებლად უნივერსტეტში უნდა ჩამებარებინა.
როცა უნივერსტეტში ჩავაბარე, უკვე ვიცოდი, რომ რამდენიმე უნივერსტეტი არსებობდა, სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ იყო  და იმისდა მიუხედავად, რომ  იმ უნივერსტეტის  იმდროეინდელი რექტორი, სადაც მე ვაბარებდი, კორუმპირებული იყო, უნივერსტეტი მაინც უნივერსტეტი იყო და მართლა დღემდე მიყვარს ამჟამად დაკეტილი პირველი კორპუსის ბაღი, რამდენიმე ლექტორი და კიდევ რაღაც-რაღაცეები, რაც მარტო  უნივერსტეტის კუთვნილებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრიატში სწავლის 4 წლის განმავლობაში აუტანლად ბევრჯერ მილანძღია ადმინისტრაცია და შინაბერა, გამოფრუტუნებული რექტორები, აუტანლად ბევრჯერ მიფიქრია, ჯანდაბა, ამასაც უნივერსტეტი უნდა ერქვას თქო, დიპლომის აღებიდან 2 წლის შემდეგ ისევ ვაპირებდი მაგისტრატურის გაკეთებას. 

ამის მიზეზი მხოლოდ თეთრი კედლების სიყვარული არ არის.
და საერთოდ, სიყვარულებზე გაცილებით პრაგმატული მიზეზი მაქვს.
სოციო და ფსიქო ლინგვისტიკას სხვაგან ვერსად ვერ ვისწავლი, მე კიდე ეგ მინდა რომ ვისწავლო. 
ხოოოდა, ეროვნული გაცდების ჩაბარების შემდეგ და შიდა გამოცდებამდე ზუსტად 2 დღით ადრე ვიღაცა უნივერსტეტის სასწავლო დეპარტამენტის წარმომადგენელის სატელეფონო ზარი მატყობინებს, რომ, იმას, რასაც მე მინდა ვერ ვისწავლი, იმიტომ რომ იმ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ერთადერთი მსურველი მე ვარ. ეგრე კი არაფერი გამოვა. ერთადერთი, რაც მე შემიძლია გავაკეთო, რომელიმე მონათესავე სპეციალობაზე გადასვლაა.
დიდი მადლობა.
არაფერში არ მჭირდება მონათესავე სპეციალობები.

მე მჭირდება ჩემი კონსტიტუციით მონიჭებული სწავლის უფლების გამოყენება.
ის, რომ უნივერსტეტი უკვე 5 კაცს ვეღარ აგროვებს ჯგუფების შესაგროვებლად, ჩემი პრობლემა არ შეიძლება გახდეს.
და მაშინ, თუ ჩემი პრობლემა არ გახდება და თუ  მე რომელიმე მონათესავე სპეციალობას ავირჩევ, სადაც ჩემს გარდა კიდევ სხვა ბევრს უნდა სწავლა, გამოვა, რომ ჩვენ  არასოდეს არ გვეყოლებიან კარგი იმ დარგების სპეციალისტები, რაზე სწავლაც 5 კაცზე მეტს არ უნდა.

ხოოდა, გადასარევი ამბავია.

ხომ შეიძლება რომ ფესტივალის დროს ფესტივალზე იყო და საქართველოს განათლების სისტემის კარგის ტრაკი არ გქონდეს საგინებელი.
ხომ შეიძლება, ამ ქვეყანაში თავის ადამიანად გრძნობა ფუფუფნება არ იყოს და შენი უფლებების გამოყენება რეალობა. 
ხომ შეიძლება, ქრონიკულად გულისრევის შეგრძნება სავსებით ადეკვატური რეაქცია არ იყოს და საერთოდ,
არ მიყვარს რა ეს ოხერი გინება და დაძაბული ნერვიული სისტემა.

მე მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების მომხრე ადამიანთა ნაწილს შევადგენ, რომელსაც სიამოვნებს, როცა იღიმება, მადლობებს იხდის და  უცენზურო სიტყვების გამოყენების აუცილებლობას ვერ გრძნობს.

არადა, არ გამოდის ეგრე

Sunday, September 12, 2010

პრეზიდენტი, რუსულ-ქართული სიყვარული, დაგვიანებული თვითმფრინავი და ბოლო დღეების საუნდტრეკი

სათაური ლაშა ბუღაძის გავლენა არ არის, სულ ეგეთებს ვწერ, მოგეხსენებათ.
საუნტრეკი ტომიკას სიყვარულის შედეგია. სიყვარულს რომ ზოგჯერ ტექსტი არ ჭირდება, ის ამბავია.
Radiohead - Hunting Bears by nastasia
წესით კინოფესტზე უნდა ვწერო.
ხოოდა, მაგალითად ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული სოფია კოპოლა გახდა ფილმით, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, მშობლების და შვილების ურთიერთობას ეხება და მასზე მუშაობა იმ დროიდან დაიწყო, რაც ამ ურთიერთობებზე ფიქრი.
ანუ ფეხმძიმობიდან.

როგორც კი ეს ინფო გავიგე, მაშინვე მომინდა ფილმის ნახვა, მაგრამ ჯერ სხვა ფილმები მაქვს სანახავი, რომლებიც ფესტივალის ფარგლებშია გათვალისწინებული.
ყველაზე მეტად  რიბჩინსკის  ფილმების რეტროპერსპექტივას ველოდები და კიდე გია დიასამიძის "ინსაითს". მეორეს მეტნაკლებად სუბიექტური მიზეზების გამო.  გია სვანეთში გავიცანი, იქაც ფილმს იღებდა, ოღონდ სხვას. იმ ფესტივალის შესახებ, რომელზეც გავიცანი. ხოოდა, საღამოობით მაფიოზობანას ვთამაშობდით ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი "მაფიოზია", ვისთან ერთადაც მაფიოზობანა ოდესმე მითაშია. ხოოდა, ახლა ავდგები და ვნახავ, როგორი რეჟისორია. 

მანამდე კი, დილაობით ე.წ. "ხაზეიკასთან" ერთად  ჩავატარე დილის ყავის რიტუალი და მერე ტბის გარშემო მწვანე ბალახებიან პარკში გავატარე მეცადინეობის  საათები. ჩრდილში ციოდა და ფეხები მეყინებოდა, მზეში ცხელოდა და ტვინი მიცხელდებოდა და ისევ სახლში დავბრუნდი, ჩემ კეთილ დიასახლისთან. 

ხოო, ჩვენი დიასახლისი უსაყვარლესი ქალია. 35 წლის წინ ჩამოვედი რუსეთიდან და იმის მერე აქ ვცხოვრობ, რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ "ნიჩევო ნე პანიმაიუ, სადაური ვარ, ნე გრუზინკა, ნე რუსალკაო". ჩემი ქმარი რუსეთშივე გავიცანი,4 თვის მერე მამაჩემმა მითხრა, დედაშენი და მე 4 წელი დავდიოდით ერთად და შენთან რომ დადის იმ კაცს რა უნდა  შენგანო?  მერე 7 თვის მერე ნახეს მამაჩემმა და ჩემმა მომავალმა ქმარმა ერთმანეთი. ქმარი მამამისთან ერთად იყო მოსული და ჩემ ცოლობას ითხოვდაო. ვსიო ეტო ბილა სუდბა, ნი  ჩევო ასებენოვო, და საერთოდაც, დიდი სიყვარულების მეშინია, ძალიან რომ ხარ აღფრთოვანებული, მერე ადვილია იმედგაცრუება,  თან ყოველდღიურობაში ადვილად ვცდება აღფთოვანებებიო. 
ისე კი, ვერასოდეს ვერ გაიგებ, ვინ გიყვარს, თუ იმასთან ერთად არ იცხოვრეო.
ასე, აღფრთოვანების გარეშე გათხოვილი ჩემი დიასახლისი 20 წელი ცხოვრობდა თავის ქმართან ერთად და აპრეხილი ცხვირის წვერზე ეტყობა, რომ ქმარი, რომელიც თანაცხოვრების დროს გაიცნო,  შეუყვარდა.

მერე ქმარი ერთ-ერთი რუსული არდადეგების დროს ავარიაში დაღუპულა 5 წლის შვილთან ერთად და ნატაშა დეიდა ატირდა.

მე ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს საქართველოში მცხოვრები რუსი ქალები, სიკვდილამდე საყვარელი აქცენტით რომ ლაპარაკობენ, სხვანაირად ყურადღებიანები არიან და თვალებიც სიკვილამდე სხვანაირად უციმციმებთ და კიდე, რუსული "ფეჩი" მიყვარს, აუ, რუსი კლასიკოსების წიგნებში როა, კატა და თავადები რომ ერთად თბებიან და ზედ აფორთხება და გამოძინება რომ შეგიძლია. ეგეთ ფეჩს სადმე გადაკარგულ სოფელში თუ ნახავ, მე ჩემ ბავსვობაში ვნახე, ბებიის სახლში ბოლოს და მაშინ უკვე იშვიათობა იყოო. 

მოკლედ ეგრე. კინო მხოლოდ  ის არ არის, რასაც დიდ ეკრანზე გიჩვენებ, მაქსიმუმ სამ საათში მთავრდება და ბოლოს სუბტიტრები ჭირდება მთავარი და არამთავარი სახელებით და გვარებით.

დღეს ფესტივალის გახსნაზე  აბას კიაროსტამის ფილმს აჩვენებენ. აბასის თვითმფრინავმა ერთი საათით დაიგვიანა, სამაგიეროდ სამთავრობო დაცვაა მობილიზებული. ფესტივალზე სხვა სტუმრებთან ერთად პრეზიდენტსაც ელოდებიან.

Saturday, September 11, 2010

ქარიზმატული ლიდერი, ცარიელი ბულვარი და წამოსვლამდელი ამბები

წამოსვლამდე მინდოდა დაწერა, მაგრამ დრო არ მქონდა.
წერისთვის კი არა, ვოგში უსაყვარლესი ფეხსაცმელების ყიდვა მინოდოდა და იქ გასვლისთვისაც ვერ მოვჩხრიკე დრო. ორშაბათიდან ახალი კოლექცია იქნება და სულ კარგად ბრძანდებოდეო.
ხოოდა, დავრჩი ეგრე, საყვარელი ბასანოჩკების გარეშე, მაგრამ დიდი არაფერი. სამაგიეროდ ახლა ბათუმში ვარ, სულ, სულ მალე ბაბისას ვნახავ, და ხვალიდან საფესტივალო ამბებით დავკავდები.
ცხოვრებაში პირველად ვნერვიულობ ამ ფესტივალზე.რაღაცნაირად საპასუხისმგებლო საქმე მგონია და იმიტომ.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

ფესტივალის ამბები ხვალიდან, მანამდე კი წამოსვლამდელი ამბები.

არ ვიცი ეგ კარგია თუ ცუდი, მაგრამ მახსოვს, რომ სიტყვა ქარიზმა პირველად მაშინ შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. იმ დღეებში ყველაა პირზე  "ქარიზმატული ლიდერი"  ეკერა.
მოკლედ, მე არც ლიდერი ვარ, არც პრეზიდენტობას ვაპირებ და ერთადერთი რაც ამ ამბავთან მაკავშირებს, სიტყვა ქარიზმაა. კარგი ჟღერადობა აქვს და როგორც ყველა ეგეთი სიტყვა, მიყვარს.

მე ქარიზმის ჩემი საკუთარი აღქმა და საზომი მაქვს.
მოკლედ, თუ ვიცი, რომ სადმე წასვლაზე უფრო ჭკვიანური არწასვლა იქნება, იმიტომ რომ გარეთ წვიმს, უკვე გვიანია, ან რამდენიმე დღეში გამოცდა მაქვს და მაინც მივდივარ, ესე იგი, მე ჯერ კიდევ ქარიზმატულად ვითვლები.

ხოოდა, ყოლველთვის, როცა მეუბნებიან ხოლმე: "ნასტასია, შენ ახლა დასვენება გჭირდება, მოდი, სახლში დარჩი და დაისვენე", ან "ნასტასია, ყველგან მაინც ვერ იქნები, ყველაფერს მაინც ვერ გააკეთებ და ყველას მაინც ვერ ეყვარები, მოდი, საკუთარ ენერგიას გაუფრთხილდი", და მაშინაც, როცა მეუბნებიან, "ნასტასია, როდემდე უნდა იყო ასე იმპულსებზე დამოკიდებული", სულ მოდის ხოლმე რაღაც პატარა წკაპი ტვინში და მეუბნება:
"ნასტასია, ესენი მართალს გეუბნებიან, და ურიგო სულაც არ იქნება დაუჯერო. მაგრამ შენ გაქვს ქარიზმაც, რომელიც შეგიძლია გამოიყენო  და არც დაუჯერო".


წკაპი კაიტიპია, ვუჯერებ ხოლმე,  ვიყენებ ამ ნეტარხსენებულ  ქარიზმას და ყველაფერი იმაზე კარგად ხდება, ვიდრე  იმპულსებს რომ არ ავყოლოდი, ან სახლში რომ დავრჩენილიყავი  დასასვენებლად. არადა, დასვენება  მართლა იმდენად მჭირდება, რომ წინა კვირაში რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გავედი გამოუცნობი  დაავადების გამო, რომლის ერთადერთი რეალური მიზეზი სტრესი და გადაღლა იყო.

ხოოდა, გუშინ, საჯაროში ერთკვირიანი მეცადინეობის შემდეგ რომ ვუთხარი ბიბლიოთეკარს - ეს წიგნები შეგიძლიათ დააბრუნოთ, აღარ მჭირდება თქო, ღრმად ამოვისუნთქე და გამეხარდა, რომ გამოცდისთვის რეალურად ძალიან ცოტა ხანში კარგად მოვემზადე.
მერე ყველას ნახვა რომ მოვასწარი, ვისი ნახვაც მინდოდა და ჩანთა მართლა ნახევარ საათში ჩავალაგე, როგორც ამას მთელი დღე ვგეგმავდი. მერე  კეთილი მეგობრები წამოსვლის წინ ვაგზალზე რომ გეგმავდნენ, ბათუმის პორტში ყავის დასალევად ჩავიდეთ და უკან წამოვიდეთო, ბედნიერად გავიღიმე.

გზაში მარკესს ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ეგ კაცი არანორმალურად უხდება ჩემ ბათუმურ გზებს.
მანამ სანამ წამოვიდოდი, ვამბობდი, რომ მთელი ათი დღით მივდივარ, ათი დღე ბევრია  და სანამ ჩამოვალ, აღარავის ვემახსოვრებითქო.
კიდევ რაც შემოდგომა მოვიდა, ვამბობ, რომ კარგია, რომ მოვიდა, სიმშვიდე თუ რაღაც ეგეთი მოიტანა და მიხარია.

და ყოველთვის, როცა შემოდგომა მოდის ხოლმე, მგონია, რომ მერე ზამთარში აუცილებლად მოვიწყენ და რამდენიმე დღის წინ ვიფიქრე, მოწყენილობისგან რომ არ მოვკვდე, პლასტელინებს ვიყიდი და რაღაცეებს გამოვძერწავ თქო.სულელური იდეაა, მაგრამ ვიფიქრე და.

მანამდე  კი, ქარიზმატული ნასტასია ცარიელ ბულვარში ზის, იმიტომ რომ  ჯერ ძალიან ადრეა და ელოდება, როდის გაიღვიძებს მინიმუმ ლიტერატურულის სტაფი და მაქსიმუმ ბაბისა.
მერე კიდე, ფესტივალის დაწყებას დაელოდება, მერე გამოცდის წინა ღამეს თბილისში წავა, იმედია კარგად დაწერს საგამოცდო საკითხებს და მერე ისევ უკან დაბრუნდება.

მერე სხვა ამბები დაიწყება, როგორც ამბების წესია.

Saturday, September 4, 2010

ყველას თავისი კინო აქვს

გახსოვთ ეგ ფილმი?
რამდენიმე რეჟისორის ნამუშევარს  აერთიანებს, პაწაწუნა ნოველებია და ყველა კინოს თემატიკაზეა შექმნილი.

გადასარევი ამბავია. გარდა იმისა, რომ  თუ სწორად მახსოვს,  საათნახევარში 34 რეჟისორის ნამუშევარს უყურებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ სამყაროში ყველაფერი სუბიექტურ აღქმაზეა დაფუძნებული და იმას, რასაც შენ განიცდი, და ისე, როგორც შენ ხედავ, სხვა სავარაუდოდ ვერასოდეს ვერ დაინახავს და განიცდის.

კიდევ ხვდები იმასაც, რომ ფილმის ყურებაც  ჩვეულებრივი რიტუალია და ამ რიტუალს ყველა თავისებურად ასრულებს.

და საერთოდ, ფილმი დიდი არაფერი, ოდნავ ნერვებისმომშლელიც კია, უბრალოდ, როცა უყურებ, იმიტომ რომ ნერვები არ მოგეშალოს, ზიხარ და ფიქრობ რაა შენი კინო, რაა შენი ცხოვრების ან დღეების საუნდტრეკი, როდის უყურე ბოლოს  რიტუალურად ფილმს და  კიდევ მსგავს რამეებს.

 გადასარევი ამბავია ისიც, რომ უკვე მეხუთედ ბათუმში კინო ფესტივალი ტარდება, რომლის განმავლობაშიც იქ მყოფი ადამიანები ყველაზე მეტს ფილმებზე იფიქრებენ.

 ფესტივალი 12- 19 სექტემბერს ბათუმში ბათუმის ხელოვანთა სახლ ”არგანის” ორგანიზებით  გაიმართება და ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადი პროგრამის თანახმად დაახლოებით 45 სრულ-  და 30-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყობა.
ასევე გაიმართება ჟიურის წევრების ფილმების, გერმანული  და ბრიტანული ფილმების კოლექციების ჩვენებები. ეს უკანასკნელი ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი და მე ძალიან მომწონს რომ წელს პირველად ღია ცის ქვეშ ვუყურებ ფილმებს.

იგეგმება ასევე  აბას კიაროსტამის  და ზბიგნევ რიბჩნისკის ფილმების რეტროსპქეტივა.

საერთოდაც, აბას კიაროსტამი და ზბიგნევ რიბჩნისკი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებიან კინოფესტივალის და  ფესტივალის ფარგლებში  მასტერკლასებსაც  ჩაატარებენ.

მოკლედ, ეს არის ფესტივალი ყველასთვის, ვისაც  თავისი კინო აქვს. და თუ თქვენ 12-დან 20 სექტემბრამდე ბათუმში აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ, რა ხდება მეხუთე საავტორო კინოფესტივალზე.


რაც  მე ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ:
  •  ფესტივალი არ ტარდება თბილისში და სადმე,  თბილისს გარეთაც შესაძლებელია ადამიანებს ბედნიერი თუნდაც ერთი კვირა ქონდეთ.





  • ამ ფესტივალის ორგანიზატორები იმაზე ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე ზოგადად ფესტივალების ორგანიზატორებს ჩვევიათ ხოლმე. დასკვნა სუბიექტურია და ემყარება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მათ ადეკვატურად აღიქვეს ბლოგერები და გასაშუქებლად მიიწვიეს.
  • გადასარევია, რომ 4 ფესტივალიდან, რომელსაც ბოლო 3 თვეში ვესწრები, 3 ბათუმში ტარდება. მიყვარს ეს ქალაქი.


პ.ს. დანარჩენ ამბებს ფესტივალის და ფილმების შემდეგ უკვე ბათუმიდან მას შემდეგ მოგიყვებით, რაც ჩემ კუთვნილ ბეჯს მოვირგებ და საფესტივალო ცხოვრებაში ჩავებმები.



მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის:


ხოოდა, გადაწიოს რა ვინმემ მაგისტრატურის გამოცდა, მაინცდამაინც 16-ში რომ დამინიშნეს და არც კი იფიქრეს იმაზე, რომ  მე  სულაც არ  ვარ ორი და არ  შემიძლია ერთდროულად  ორ ქალაქში ყოფნა. 

Thursday, September 2, 2010

შემოდგომამშვიდობისა

შარშან შემოდგომის მოსვლას არა, წასვლას ველოდები.
და ლოგიკურად მაშინ ვიპოვე ჩემ ქალაქში შემოდგომა, როცა მიდიოდა.

როცა შემოდგომა მიდიოდა, მკვდარი თევზები ფოთლებში ბანაობდნენ და მე პარიზში მივდიოდი.
წელს, როცა შემოდგომა მოდიოდა, მე სვანეთიდან მოვდიოდი და ჩემ გვედზე მჯდომს პარიზის  და ჩემი და კრუასანის სიყვარულის ამბებს ვუყვებოდი.

წელს, შემოდგომის წასვლას, არა, მოსვლას ველოდებოდი.
იმიტომ რომ წელს არსად არ ვარ შემოდგომის ბოლოს წასასვლელი.
იმიტომ რომ შემოდგომა ჩემი დროა, ფოთლებში ბორიალით, ჟაკეტმოსხმული საღამოობით და მოსაწყენი, ცივი წვიმებით.
იმიტომ რომ შემოდგომის ბოლოდან მესამე დღეს  მეგობრები და ახლობლები გამახსენებენ, ნასტასია, დაიბადე და გვიყვარხარო.

მანამდე კი შემოდგომის ბევრი დღეა, ხოოდა, კარგი შემოდგომის ბევრი დღე მეც  და თქვენც.


შემოდგომამშვიდობისა.

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან

და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.



შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.

ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო,

ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ,



მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,

მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,

მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,



მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,

გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი

ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე



ჩემი შეყვარებულია, მესამე კი

ჩემი შეყვარებულია. შემიძლია

არ შემეძლოს სხვაგვარად წერა,



მე შემიძლია,

შემოდგომამშვიდობისა,

არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.
პ.ს. ეს  იმ კაცის  ლექსია, მე რომ მიყვარს და ყველაზე კარგ ლექსებს რომ წერს