Friday, October 29, 2010

Tbilisi altervision newcomers 2010

ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. ვიღაცა აუცილებლად უნდა მიმხვდარიყო,. რომ მუზამე მუსიკალური ჟურნალია, თან კარგი და საინფორმაციო მხარდამჭერი რომ იყოს, კარგი იდეაა.

ხოოდა, ალტერვიჟენ ჯგუფი აღმოჩნდა ის, ვინც პირველმა იფიქრა ეგ და მუზამე გახდა პროექტის მხარდამჭერი.
გადასარევი ამბავია.
ინტერნეტჟურნალია და არ ხარ შეზღუდული დროში, სიუჟეტის ქრონომეტრაჟში და სიახლეებისათვის გამოსაყოფ დროში. შესაბამისად, შეგიძლია ისე გააშუქო, როგორც ყველაზე საჭიროდ მიიჩნევ.

აქვე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მეხმარებოდა.

ხოოდა, სულაც არ არის მარტივი ამბავი ყოველდღე რეპეტიციებზე სიარული და ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა მუსიკის მოსმენა, ისიც მუშაობის პროცესში.
თან როცა ამბობ სხვადასხვა მუსიკა და თვითონვე ეჭვი გეპარება, ნამდვილად მრავალფეროვნებასთან გაქვს საქმე თუ პროექტში მონაწილე ბენდთა ერთი ნაწილი უკვე არსებულ-წარმატებულ-გადასარევი ბრიტ-პოპ კოლექტივების კოპირებაა, მეორე კი თავისდაუნებურად ათეული წლებით უკან გაბრუნებს და გახსენებს, რომ ნაითვიში შენი ბავშვობაში დარჩენილი მუსიკა არ არის და ბურზუმი ან სეპულტურა რამდენჯერმე, prosta za interesa მოსმენილი ჯგუფები.

არა, ეს მუსიკა ისევ ცოცხალია, ისევ აქტუალური და ამას აქვე, შენ ქალაქში, შენ ცხვირწინ ისევ აკეთებენ ადამიანები და ეს ყველაფერი შეიძლება სულაც არ იყოს შენთვის ორგანული, მაგრამ ისინი, ვინც ამას აკეთებენ, კარგად აკეთებენ. უნდა აღიარო.უბრალოდ, ნე ტვოი ვკუს და ეგ არავის ბრალი არ არის, არც შენი და არც იმათი.

მერე ფიქრობ რომ დროში აცდენა რეალურად არსებობს და გახსენდება არაერთხელ ნათქვამ-გაგონილი უნიკალური ფრაზა, რომ საქართველო პროგრესულ მსოფლიოს რამდენიმე ათწლეულით მაინც ჩამორჩება და ერთადერთი, რაც შედარებით კარგად და დროულად ავითვისეთ, სოციალური ქსელებია, ისიც წლების დაგვიანებით, მაგრამ მთავარია ათწლეულები არ დაგვჭირვებია.

მერე ყველაფერი თავისით ლაგდება და აღარ გიკვირს, რომ აქ, შენ ცხვირწინ ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მსოფლიოს პროგრესულმა ნაწილმა კაი ხნის წინ გააკეთა, აითვისა და გადახარშა, მერე მოდიან ადამიანები ლეპტოპებით და იმათი მუსიკის გაგონებაზე შენ მეგობარს უჩნდება კითხვა, აღიზიანებთ თუ არა მათ ცარცის ხრაჭუნის ხმა დაფაზე.

მერე აღმოჩნდება რომ ლეპტოპიან მუსიკოსს  ცარცის დაფაზე ფხაჭუნის ხმის არა, საკუთარი ბებოსი ეშინია, უფრო სწორად იმის, რომ ბებოზე ადრე მოკვდება, მანამდე კი, სანამ ორივენი ცოცხლები არიან, თურმე იქვე, შენ უბანში ცხოვრობს, 2 ქუჩის დაშორებით, შენსავით წაუსნობებს და ხაზგასმით აღნიშნავს რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრობს. თან  შენსავით შავჩარჩოიანი სათვლე უკეთია, აი ისეთი, მავანს რომ ინტელექტუალური იმიჯისთვის ჭირდება, შენ კიდე მართლა გჭირდება.
სავარაუდოდ, ლეპტოპიან მუსიკოსსაც.

საერთოდ კი, ეს ყველაფერი სულაც არ არის სტატიის თემა, ეს სხვა, შინაურული ისტორიებია, აი ისეთი, მეგობრებს რომ უყვებიან ხოლმე ადამიანები მეგობრებზე, მაგრამ ეგრეა, როცა თითქმის ყველა რეპეტიციას ესწრები, როცა მთელი ეს ამბები შენ ცხვირწინ ხდება, შინაურდები, ადამიანებს უახლოვდები, უმეგობრდები და ხვდები, რომ შენდაუნებურად, შენც ამბავი ხარ, ზოგისთვის შინაურული, ზოგისთვის ყურით მოთრეული. მაგას უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.

მე არ მიყვარს, როცა რესპოდენტს ვუშინაურდები, მერე მეც სუბიექტური ვხდები და იძულებული ვარ, ვინერვიულო იმაზე, რომ ერთ-ერთი ჯგუფის ვოკალმა თმა არასასურველ ფერად შეიღება, მაშინ, როცა 40 წლამდე, ან ჭაღარამდე მაინც სულაც არ აპირებდა თმის შეღებვას. ახლა კი ზის აქვე, წითელ პუფზე და გონია, რომ ამფერი თმით სულაც არ გამოიყურება ნიუქამერულად.
კიდევ, აფიქსირებ, რომ, აი, ეს ადამიანი, ყველაზე ხმაურიან ჯგუფში რომ უკრავს, შენ უკვე სადღაც გინახავს, უფრო მეტიც, ერთად გიმგზავრიათ, მერე ქუჩაშიც გადაყრიხარ და გაცნობით მხოლოდ აქ გაიცანი.

მოკლედ, უცნაური ამბავია.

ეს უკვე მეორე ფესტივალია, რომელშიც ასე თავიან-ფეხებიანად აღმოვჩნდი ჩართული და სულ მეგონა, რომ ასეთ პირობებში გაცილებით კარგია მუშაობა.
არადა, არც მთლად ეგრეა.

 გარდა იმ პრელესტებისა, რაც ბევრ ინფორმაციას, გარკვეულობას, ხელმისაწვდომობას ახლავს თან, შენ იმასაც იგებ, რისი გაგებაც სულაც არ გჭირდებოდა.
არ გინდა იცოდე, რომ ნებისმიერ ამბავს თან უსიამოვნო ამებებიც ახლავს, რაც როგორც წესი, კამერების, სტატიების და სცენის იქით ხდება, რომ საბოლოოდ სცენაზე რაც ხდება, ის მხოლოდ კარგი და ცუდი ამბების ნაზავი, კარგად შეფუთული ამბებია, რეალობა კი მანამდეა, იქ, სადაც ამჯერად მე 10 დღის განმავლობაში ვიჯექი.

ხვდები იმასაც, რომ იდეალები არ არსებობენ და ადამიანები, რომლებსაც სკოლის, უნივერსტეტის, გაზაფხულის აღმოჩენების პერიოდებში სახეგაბადრული უსმენდი, ზუსტად, ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და მერე ხვდები, რომ შენც აბსოლუტური ჩვეულებრიობა ხარ, რაც და როგორც არ უნდა გააკეთო, რამდენად ახლოსაც არ უნდა იყო ნამდვილ ამბებთან და რამდენად კარგადაც არ უნდა იცოდე მიმდინარე პროცესები.

უბრალოდ, ასე, შუა მუშაობის პროცესში ხვდები, რომ შენ სტატიისთვის საჭირო ამბები კი არა, სულ სხვა ამბები დააგროვე, რაც მართალია უფრო მეტად გჭირდებოდა, მაგრამ არა იმ  საქმისთვის, რომლისთვისაც საერთოდ იქ აღმოჩნდი.
 ხვდები, რომ ინტერვიუები, რომელიც შენ ჩაწერე, საშინლად, საშინლად დასახვეწია და შეიძლება ბევრმა ნახოს და ზოგს მოეწონოს კიდეც, მაგრამ შენ იცი, რომ ეს ის არ ნამდვილად არ არის, რაც ასე ძალიან გინდოდა.

მერე ფიქრობ, რომ შეიძლება ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც ამ დღეების განმავლობაში ხედავდი, რეალურად შეიძლება სულ სხვა რამის გაკეთება უნდათ, უბრალოდ, საბოლოო პროდუქტი ისეთი გამოდის, რასაც ხვალ სპორტის სასახლეში ნახავთ.

პ.ს.
მე მტკიცედ მჯერა იმის, რომ ადამიანები მხოლოდ  საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით განიცდიან პროგრესს და მე ძალიან მიყვარს, როცა რამე ისეთს ვაკეთებ, რასაც გამოცდილება მოაქვს.

ყველა ჩემო რესპოდენტო, მკითხველო და ნაცნობ-მეგობარო, უკაცრავად, რომ მე თქვენთან ურთიერთობებს პროგრესისთვის ვიყენებ.
აქვე შენიშვნა ნომერი ერთი:
 იგივე შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ. ია ვსეგდა ზდეს.
შენიშვნა ნომერი ორი: პროგრესი მხოლოდ გეგმა მინიმუმია, თუ მანდ გავჩერდი, თქვენი ბრალი იქნება, რომ ვერასოდეს გაიგებთ გეგმა მაქსიმუმი.

პ.ს.ს.
მე უკვე სუბიექტური ვარ და ვერ გეტყვით, როგორი კონცერტი იქნება ხვალ სპორტის სასახლეში, ან როგორები არიან ჩვენი თანამედროვე ნიუქამერები, მე უბრალოდ გეტყვით, რომ კარგია, როცა რაღაც ხდება.
ყველა სხვა დანარჩენი ინფოსთვის ბენდების, ანონსის და ა.შ. ამბებისთვის, მუზამეს შეგიძლიათ ესტუმროთ, რომელსაც მე ამ პროექტზე მუშაობისას მივხვდი, რომ ჯერ ძალიან ბევრი აკლია იმისთვის, რომ კარგი მუსიკალური ჟურნალი იყოს.

და საერთოდ, ალბათ კარგია პროცესი, როც რაღაცის კეთბის დროს გარედან უყურებ შენ პროდუქციას და ხვდები რაა კარგი და რა ცუდი და ალბათ მე მაშინ ვიფიქრებ, რომ ამ ყველაფერს, რაც მე, რაც მუსიკოსებმა, რაც სტეპ რეკორდსმა და რაც ყველა სხვა ამ ამბებთან დაკავშირებულმა ადამაინმა გააკეთა, აზრიანი და გამართლებული იყო, თუ მეცოდინება, რომ ჩვენ ყველამ დავინახეთ ჩვენი პლიუსები, მინუსები, გამოსასწორებელი ამბები და ძნელად შესამჩნევი, მაგრამ არსებული რეალური ფაქტორები.

მანამდე კი ერთადერთი, ზუსტად ვიცი, რომ გადასარევ ფოტოებს ვიღებ და  არაჩვეულებრივი ვარ :დ

Friday, October 22, 2010

განსაკუთრებული დღეების ლოდინები

ყოველ დილას და ყოველ საღამოს მე და ჩემი თავი ერთმანეთს ვახსენებთ, რომ:

  • 1 დღეში კიდევ ერთი პარასკევი ჩაფართხალდება.
  • 6 დღეში ჯაზ ფესტივალი დაიწყება.
  • 7 დღეში ხელფასი ჩაირიცხება.
  • 9 დღეში ალტერვიჟენი იქნება.
  • შემდეგი  შაბათ-კვირა შედარებით თავისუფალი იქნება და ალბათ ხევსურეთში წავალ.



მერე ისევ დაიწყება, ერთ დღეში, ხუთ დღეში, 30 დღეში და თვალსადახელშუა, ზუსტად ამ ხუთი, ათი, ოცდაათი დღეების თვლაში, ფესტივალიდან ფესტივალამდე, ხელფასიდან ხელფასამდე, ბედნიერი საღამოებიდან შემდეგ ბედნიერ საღამოებამდე, დილის ტკბილი ძილებიდან სხვა დილის ტკბილ ძილებამდე დათვლილ დღეებში, თავზე დაყრილი 1 200 საქმიდან თავს რომ წამოვწევ ხოლმე, ვფიქრობ რომ ასე, რაღაც განსაკუთრებული დღეების ლოდინში  სულ შეუმჩნევლად და ძალიან მალე დავბერდებით.


ხოოდა, სულაც არ მომწონს ეგ და მგონი ძალიანაც მართლები არიან ადამიანები, რომლებიც არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდებიან, სულ ერთნაირად ცხოვრობენ და ფიქრობენ, რომ ეგ ბუნებრივი მდგომარეობაა.


არადა, ზუსტად ვიცი, ეგეც იდიოტობაა, თანაც უფრო დიდი.


ხო, კარგი რამეებიც ხდება.

ხო, სულ ეგ იყო მგონი. 

ხო, კიდევ, წეღან ვფიქრობდი, გარდატეხის ასაკსა და საშუალო ასაკის კრიზისს შორის რომ ასაკია, იმას რა ქვია თქო და ვერაფრით ვერ მივხვდი. მგონი არც არაფერი.

Friday, October 15, 2010

შემოდგომის წვიმიან დღეებში გადასამეორებელი ფორმულა










პ.ს.
შემოდგომის წვიმიან დღეებში იმიტომ, რომ მერე ზამთარი მოვა, სკამები ცარიელი იქნება და შენ მოწყენილობისგან მკვდარი.

ყოველ შემთხვევაში, მე სულ მგონია შემოდგომის წვიმიან დღეებში, რომ ზამთარში მოწყენილობისგან მოვკვდები, ისინი, კი ვინც მეუბნებიან, რა სისულელეა, ჩვენ აქ ვართო, არასოდეს იხსენებენ  თავიანთ შემოდგომაზე ნათქვამ სიტყვებს ზამთარში.

Wednesday, October 13, 2010

ამბავი, რომელსაც არ გიყვებით

ბოლო პერიოდში ხშირად ვაფიქსირებ, რომ სისავსე მაკლია და სულაც არ მომწონს გამოფიტული, სამსახურებრივი და რუტინული ჩემი თავი.

ბოლო პერიოდში იმაზეც ხშირად ვფიქრობ, აღფრთოვანება ყველა შემთხვევაში გავლადია, უბრალოდ, ზოგი მალე გავლადი, ზოგი გვიან.

და საერთოდ, ზღაპრებიდან მახსოვს ფრაზა, "სადაც შენი ამბავი დაიკვეხნო, იქ ჩემიცა თქვიო" და ბოლო პერიოდში იმასაც ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას გვავიწყდება ის, რომ ადამიანებს სანამ ჩვენ 2 700 სისულელს მოვუყვებით, ვკითხოთ, თვითონ როგორ არის, უნდა თუ არა ჩვენი ამბების მოსმენა და საერთოდ, მგონი სტრესების, სიმშრალეების და ეგეთების მიზეზი ეგოცენტრიზმის გადაჭარბებული დოზაც არის.

ხოოდა, მე ამჯერად არ მოგიყვებით ამბავს, რომელიც შეიძლება სულ არ გაინტერესებდეთ და რომლის მოყოლითაც მე გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მენდომება თქვენ ჩემი გენიალურობა და არაჩვეულებრივობა დაგანახოთ.

მე არ მოგიყვებით ამბავს, რომელიც ჩემი ეგზისტენციალიზმის კიდევ ერთი დაფიქსირება იქნება.

მე არ მოგიყვებით ამბებს დღეების, ადამიანების, ფაქტების, მოვლენების, შიშების და აღფრთოვანებების შესახებ.

და მე არ მოგიყვებით საერთოდ, არანაირ ამბავს.

უბრალოდ გკითხავთ, როგორ ხართ ჩემო ტკბილო ადამიანებო?
როგორია თქვენი შემოდგომა, თქვენი დილები და საღამოები, თქვენი აღფთოვანებები და ყელში ამოსული განცდები და საერთოდ, სადაც ჩვენსას დავიკვეხნით, იქ სხვისიც რომ ვთქვათ, ეგ კარგი იდეა ჩანს?
ეს მადამ ტუსოა





ესეც მადამ ტუსოა, მაშინ როცა მე სამსახურიდან მოვდივარ

აი, ისეთი ჭკვიანი, საყვარელი და გენიალურია,
სულ მაიძულებს ასეთი აღფრთოვანებული ვუყურებდე

Monday, October 11, 2010

დილა მშვიდობისა დე, მიყვარხარ

Frankfurt 2009

კარგი შაბათ-კვირა მქონდა.
შოპინგიც მოვაწყვე, კონცერტზეც ვიყავი, კვირისთვის განკუთვნილი კეთილი საქმეც გავაკეთე და ჩემ თავსაც ვემეგობრე.

გუშინ საღამოს დიტო იდგა და ჩემი დასაწერი პოსტებისთვის სათაურებს არჩევდა.

Wien 2009
მე ვფიქრობდი, რომ კარგი იქნება მარტო სათაურების წერაზე გადავიდე ოღონდ  ყოველდღე წერაზე.

 წლის ბოლოს 365 სათაური იქნება და ვინმეს მუზად თუ ვიქეცი, შეიძლება ჩემ სათაურებზე ამბებიც დაიწეროს როდესმე.

იდეას  ორიგინალობაზე პრეტენზია არ აქვს, ვიღაც კაცის იდეის პატენტია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე თითო ტრეკი წერა და წლის ბოლოს ალბომი, სახელად  "365" გამოუშვა.

ლენტეხი
მანამ, სანამ ორიიგნალური იდეა მომივა,  მე ძველი ფოტოები ამოვქექე. 

ახლა უკვე ორშაბათია და დედას დაბადების დღე.
მე კიდე სულ ეგრე მჭირს ხოლმე, როცა მინდა დედას რამე კარგი და თბილი ვუთხრა, ათას სისულელეს მივედ-მოვედები, კონცერტების, შოპინგების, ბიჭების, სამსახურების და ორიგინალურ-არაორიგინალური იდეების შესახებ. 
მერე  ფასეულობები ეჯახება ერთმანეთს და სულ მავიწყდება რომ რამე კარგი უნდა მეთქვა და სასიამოვნო.
არმაზი
2007
ხოოდა, მერე ვზივარ ხოლმე და სასტიკად განვიცდი, რომ  სისულელეებს ვლაპარაკობ იმის მაგივრად, რაც უნდა მეთქვა.

არადა, მარტივია თქვა, დილა მშვიდობისა დე, მიყვარხარ და მადლობა,ომ მე ჯერ ისევ სქოლიოზიანი ემბრიონი ვარ, რომ სახლში ჩემ მაგივრადაც შენ ფიქრობ იმაზე, რას იფიქრებენ მეზობლები და როდის გვითავდება შაქარი ან კვერცხი.

რომ შენი დაღლილი დღეების შემდეგ ორჯერ კარგად ვიაზრები, ჩემი ცხოვრების წესის წარმოშობის თეორიას და რომ შენ  მთელი ამდენი ხნის განმავლობაში არ გენანებოდა შენი დაღლილი დღეები ჩვენი ქარიზმატული დღეების, ანთებული თვალების და მშვიდი ბედნიერი საღამოებისთვის.


და კიდე, ყველანაირი მიზეზის გარეშეც, ასე, უბრალოდაც მიყვარხარ.

პ.ს.
მოკლედ ეგრე, ხვალ უკვე ორშაბათია.
ორშაბათებო, სამშაბათებო, და ყველა დანარჩენო შაბათებო, თქვენზეა დამოკიდებული ჩემი საათები და წუთები და გაითვალისწინეთ ხოლმე.

Saturday, October 9, 2010

70 წლის ჯონ ლენონი, პარასკევ საღამოები და ვადაგასული პროდუქტები

პარასკევი საღამოები ძალიან მინდა ხოლმე გავდეს პარასკევ საღამოებს. 

ზოგჯერ გავს, ზოგჯერ არა.
დღეს არ გავდა.
მეგობრების ერთი ნაწილი ფეხბურთმა წამართვა, მეორე თეატრალურმა ფესტივალმა და მესამე პარასკევმა საღამოებმა.

მეც ავდექი და ტუსო  წავიყვანე საღამოს ბაღში სასეირნოდ.

ტუსო გიჟივით დარბოდა სველ ბალახებზე და მე ვფიქრობდი, რომ ჯონ ლენონმა კარგი ქნა 70 წლამდე რომ არ იცოცხლა.

რაღაც უცნაური იქნებოდა, დაბერებული და დაჩამიჩებული. ტრანსფორმირებული იდეალიზმით და დროს ფეხ აწყობილი, იოკოსთან ერთად მოდის კვირეულებზე მოსიარულე.

მე სულაც არ მენდომებოდა ეგეთი ჯონი.


ისედაც კომერციულად მომგებიან პროდუქტად აქციეს. ლენონიანი ჩანთები, ლენონიანი მაიკები, ლენონიანი გემოვნება, ლენონიანი მკვლელობა, წელს ადგებიან და 3 ახალი ჯიშის გიტარას დაამზადებენ, იმის მსგავსებს, ჯონი რაზეც უკრავდა თავის დროზე.


იოკო ბედნიერია, იმიტომ რომ დარწმუნებულია, გრანდიოზული ფასის მიუხედავად ყველა გაიყიდება,  ჯერ კიდევ ცოცხალი ფანები საბანკო ანგარიშების ნაშთებს ამოწმებენ და ჟურნალები სტატიებს სტატიებზე წერენ, ვინ ვის დაასწრებს პრინციპით. 


გუგლიც კი დაფაცურდა და ვერ დაუკარგავ, ღრმად საყვარელი მილოცვა მოიფიქრა, მაგრამ მერე რა, ჯონს მაინც არ უნდა ეცოცხლა 70 წლამდე. 




მე არცერთ შემთხვევაში არ ვაქცევდი იმ კაცის დაბადების დღეს დამატებითი ვიზიტორების მოსაზიდ პოსტად, რომელსაც ბაბუასთან ერთად ვუსმენდი ბოლოს ბაბუას  ბოლო ზაფხულის ცხელ დღეებში.

 მე არცერთ შემთხვევაში არ დავწერდი არც ერთ სიტყვას კაცზე, რომლის ცოლიც ერთადერთი ქალია დედამიწის ზურგზე, ვისიც მშურს, პარასკევ საღამო რომ ისეთი ყოფილიყო, როგორ პარასკევ საღამოს შეეფერებოდა.

და საერთოდაც, მე ვერ ვიმახსოვრებ დაბადების დღეებს და არ მიყვარს დღესასწაულები.

მე პარასკევული პარასკევები და კომერციად არ ქცეული იდეალები მიყვარს.

ეგენი  კიდე 70 წლამდე ვერ აღწევენ და სავარაუდოდ ძალაინაც კარგს შვრებიან.

პ.ს. ყოველთვის შეამოწმეთ რაიმე პროდუქტის ყიდვისას შენახვის ვადა.
ხშირად ვადაგასული პროდუქცია იყიდება ხოლმე სანდო სუპერმარკეტებშიც კი.


ერთხელ კვერცხი შემომეყიდა ეგრე, ვადაგასული და არ იყო სასიამოვნო ამბავი.

Wednesday, October 6, 2010

რუტინული ქალები, მენეჯერების გამოსაგზავნი სმს-ები და ყოფითი წვრილმანები

მე მაინც მგონია რომ უფრო მეტი  ახალი შეგრძნებები, ახალი მელოდიები, ახალი აქსესუარები და ახალი  ემოციები მჭირდება.

ახალი ხალხი სავარაუდოდ  აღარ.
იმიტომ არა, რომ ადამიანები აღარ მიყვარს, ან საკმარისზე მეტი მყავს გარშემო, უბრალოდ, მსგავსი ფორმულებით, ისტორიებით, თანმიმდევრობებით და არათანმიმდევრული  მოვლენებით  მომწყინდა.

ჩვენ ყველას ზაფხულში ზამთარში გვინდა, წვიმიან ამინდში სახლში ჯდომა, სამუშაო დღეებში შაბათ-კვირა, შაბათ-კვირას რამე განსაკუთრებული და როცა რამე განსაკუთრებული ხდება, ვითომც აქ არაფერი.


ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ რომ კომპიუტერი გვიწოვს და სუფთა ჰაერი ჯობია ვირტუალურ ილუზიებს, რომ სადმე წასვლა ხშირ შემთხვევაში პროგრესს გულისხმობს და რომ გულწრფელობა დასაფასებელია.

ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთი უნდა მოგვენატროს, გვიყვარდეს, გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს და მაინც, ურთიერთობები ქრონიკულად პრობლემური თემაა.
და კიდევ ათასი მსგავსი რამ.

მე  აღარ მინდა ერთი და იგივე ფორმულები, თანმიმდევრობები და არათანმიმდევრულობები.
და არც ახალი ადამიანები.
ბევრად ჯობია გვერდზე გაიხედგამოიხედო.

 ახალი შეგრძნებები კი მაინც მჭირდება, ახალი ემოციებიც და ახალი მელოდიებიც.

ყველა ჩემ ფოლდერებში ჩალაგებულ სიმღერას თავისი ამბავი აქვს.ყელში ამოსული.

ყველა ქუჩას ორიათასი ნაბიჯი მაინც ახსოვს ჩემი.სხვებისაც.

ყველა აქსესუარმა  როდესღაც
უკვე  გამოხატა თავისი თავი. მოწყინდათ.

მადამ ტუსო საცოდავად წკმუტუნებს, გარეთ ცივა და ჩვენ წვიმიან ამინდებში უფრო ნალკებს ვსეირნობთ, ვიდრე არაწვიმიანში. 


მე მთელი კვირა ვფიქრობდი, არაფერს აღარ დავწერ, სანამ ისევ არ გავივსები თქო.
დღეს გადავიფიქრე.

ჩემი მეზობლები წინა კვირაში სახლის სახურავს ცვლიდნენ და მე ყოველდღე ვწუწუნებდი, რომ კაკუნი მაღვიძებდა. ბოლო ორი დღეა მიხარია, რომ გამოცვლა წვიმების დაწყებამდე მოასწრეს. 


მე ისევ მინდა სიმპატიური ნოე, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ის არც კიდობანს ამიშენებს და არც 40 დღე გაჩერდება შიგნით ჩემთან და თუნდაც მარტო მადამ ტუსოსთან ერთად.  ნოეები მაქსიმუმ ერთ კვირას ცოცხლობენ.


თეატრალური ფესტივალის არც ერთ სპექტაკლზე არ ვყოფილვას. ორშაბათს მივედი არლეკინისთვის, მაგრამ იმდენი ხალხი იდგა თეატრის წინ ზუსტად მაშინ, როცა სპექტაკლი 5 წუთში უნდა დაწყებულიყო, მივხვდი, რომ  +1 სნობი არაფერში არ იყო საჭირო. და საერთოდაც, მგონი დროა გადავწყვიტო, რომ თეატრში გაურკვეველი მიზეზების გამო დავდივარ და რეალურად სულაც არ მიყვარს.


და მივხვდი, რომ  ოქტომბერი ზოგადად კრიზისული თვეა, სექტემბერი კი მალე გავლადი.
შარშან ოქტომბერშიც 5 დღის მკვდრები მელანდებოდნენ.

ეს ბათუმის ჯაზ ფესტი რომ შემომახსენდა იმიტომ და კიდევ, მალე თბილისის რომ დაიწყება და მიხარია, იმიტომაც.

პ.ს. ამ ქალების მხატვარი ქალი კი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ რამეებს ხატავს, მაგრამ მე თუ მკითხავს კაცი, კარგად ესმის, ერთფეროვნებების, სულელური თვითგამოხატვის მეთოდების, რუტინების და კიდევ ეგეთი ამბების.


ხო, სამსახურებს თავში ჭკუა რომ ქონდეთ, აუცილებლად დაიკეტებოდნენ წვიმიან ამინდებში და მენეჯერები აუცილებლად გამოგვიგზავნიდნენ სმსებს, რომლითაც ტკბილ ძილს და სასიამოვნო სიზმრებს გვისურვებდნენ წვიმიან დღეებში.