Tuesday, November 30, 2010

Fast Food

მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ ჩვენ ჩვენს თავებს ადამიანებს მზა სახით ვთავაზობთ. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, ადამიანებმა იციან, რომ ნასტასია ტკბილია, მოდიან და ამბობენ, ჩემო ტკბილო ნასტასიაო და არც ფიქრობენ, რომ სიტკბოს გარდა შეიძლება კიდევ რამე სხვა დამახასიათებელი თვისება ამომექექოს.
ერთი ნიშანი უკვე საკმარისია, ხოოდა, მეტს აღარ ვეძებთ.

იციან, რომ  მაწანწალა ვარ და მთავაზობენ აქ, იქ და იმის იქით წასვლას, ისე, რომ არც ფიქრობენ, შეიძლება სახლში ჯდომა და ძილი უნდოდესო.
იციან, რომ მე ცუდ რეჟიმში ვცხოვრობ და ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, შესაბამისად, კვირის განმავლობაში არავინ მაწუხებს, რა გეგმები გაქვს ფრაზით. მე ხომ არ მცალია, მეტიც, თუ გაღიზიანებული ვარ, მეპატიება.

  milla jovovich - dj puppy ink by nastasia
აი, დაახლოებით ისე, როგორც იციან რომ ჩემ ბიძაშვილს ჭამა  უყვარს და კვირაში რამდენჯერმე შესაბამის დაწესებულებებში ეპატიჟებიან, არადა, ვინმემ რომ კინოში დაპატიჟოს, არანაკლები სიამოვნებით წავიდოდა.
ან ჩემი მეგობარი, რომელიც ყველასადმი კეთილგანწყობილია და შესაბამისად, ადამიანები მას მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე უყვებიან და საუკუნეში ერთხელ თუ კითხავენ, შენს თავს ხომ მშვიდობაა, მარტო მე რომ გეწუწუნებიო.

ზუსტად ისეთი ამბავია, ზარმაცი, უინტერესო და ქრონიკულად გაღიზიანებული დიასახლისი სუპერმარკეტში ნახევარფაბრიკატებს რომ ყიდულობს, მომზადების წესს კითხულობს და საჭმელი 10 წუთში მზად არის. უნდა დაამატო ცოტაოდენი მარილი, ცხელი წყალი და ეგაა. ან შედგი აერღუმელში, დაიბრაწება, აშიშხინდება და მიიტანეთ სუფრაზე.

არადა, არ არის ეგრე. ყველაზე სასიამოვნო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაა, რომლებიც ახალ შენ თავებს აღმოგაჩენინებენ, გეტყვიან, რომ საშინელი დღის მერე ძილი ყველას შეუძლია, შენ კი უნდა ადგე და ხიდიდან გადახტე, ან რამე ეგეთი. როცა გასარუჯად წოლის მაგივრად ტალღებში შეგათრევენ, ან რამე უსახურ მინდორში კარვის გაშლის მაგივრად კიდევ რამდენიმე საათს წვიამში გატარებენ, სანამ ყველაზე ლამაზ სოფელში არ აღმოჩნდები და გაკვირვებისგან ყბა არ ჩამოგივარდება, ბედნიერებისგან კი გზაში რომ კვდებოდი, ისიც კი აღარ გაგახსენდება.

ყველაზე მაგარია:
როცა შენ თვითონაც გავიწყდება შენი ყველაზე მკვეთრად ჩამოყალიბებული თვისებები და ისე ირგებ ახალ ემოციებს, ადგილებს, თვისებებს.
როცა მარკეტში ჩასვლის და პლასტმასის ნახევარფაბრიკატის ყიდვის მაგივრად შენ თვითონ ამზადებ გემრიელ საკვებს, ექსპერიმენტებს ატარებ, თეფშებზე ლამაზად ალაგებ, შესაბამის დესერტს ურჩევ და ა.შ.
მაგარია, რომ  უშინაარსო დღეებით სტრესს არ აიკიდებ და არაჯნმრთელი საკვებით კუჭის დაავადებას, მაგრამ ვის აქვს მაგდენი დრო.

დაბადების დღეზეც კი თითქმის ნახევრად მზა ტორტი მქონდა. წელიწადში ერთხელაც კი დამეზარა ავმდგარიყავი და ჩემს საკუთარ თავზე მეზრუნა. არადა, ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარს როცა სამზარეულოში ბევრი პროდუქტები ყრია და მე ჯერ კიდევ არ ვიცი საბოლოოდ საჭმელს რა ერქმევა, ხარშვისას რა სუნი დატრიალდება და ოჯახის რომელ წევრს მოეწონება განსაკუთრებით.

ხო, მე საჭმელების კეთება მიყვარს, უბრალოდ,  იშვიათად ვიცლი ამისთვის.
ხო, მე მიყვარს ექსპერიმენტები.
ხო, მე ექსპერიმენტები მაშინაც კი მიყვარს, როცა ამის თავი კაცმა რომ მკითხოს არ მაქვს.
ხო, თუნდაც თავსმოხვეული და დაძალებული, მერე რომ აღმოჩნდება გადასარევი.

ხო, მე ახალი ენერგიების აღმოჩენა მჭირდება, უბრალოდ, გარშემო ყველა გამოფიტულია და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ნასტასია ტკბილია, ესე იგი, მას მეტი თვისება არ ჭირდება.

ხო, განსხვავება fast food-სა და ჩვენს შორის თითქმის ნულოვანია, ჩვენ ზარმაცი მომხმარებლები ვართ და მნიშვნელობა არ აქვს რა შემთხვევას განვიხილავთ.

უბრალოდ, ზოგ ადამიანს ცხვირზე სხვადასხვა რამეები აწერია:
”ის საშინლად ცხარე და უჟმურია, მასთან ურთიერთობაში უკეთესია, თუ დისტანციას დაიცავთ. მომზდების ვადა: თქვენ მოთმინებაზეა დამოკიდებული.”
ან
”მას გადასარევი ნერვები აქვს, სათნო და კეთილია, ცოტა მოსულელოც, მოსამზადებლად დაგჭირდებათ ცოტაოდენი ღიმილი, გულისმიერება და ილუზიის შექმნა, რომ  ყოველთვის უსმენთ. ვარგისიანობა: გულისრევის შეგრძნების გაჩენამდე.”
ან:
”ის საშინლად პრეტენზიული და ამბიციურია. გამოიჩინეთ სიფრთხილე და კეთილგონიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესალოა მოიწამლოთ:”
”რეკომენდირებულია ფეხმძიმე ქალებისთვის, მოაქვს სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა”
”მას მხოლოდ ზაფხულში მიირთმევენ, ცივად. გაცხელებას არ ექვემდებარება, გემოს კარგავს”.
”18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული, ცუდი მანერები აქვს, ემოციებს ვერ აკონტროლებს, ხშირად ბილწსიტყვაობს და დიდად თავსაც არ უვლის.მალფუჭებადია”.

ხოოდა. ეგრე. 
დაბორიალობ მერე ზარმაცი და უფანტაზიო დიასახლისივით თბილ და სასაიმოვნოდ განათებულ სუპერმარკეტში და კალათში ყრი სწრაფად მოსამზადებელ პლასტმასის ნახევარფაბრიკატებს.

არადა, ღმერთო ჩემო, რა გადასარევია, ჯანმრთელი საკვები და კარგი არომატები.

Saturday, November 27, 2010

A что мне нужна

ამ დროს ტორტზე ჩარჭობილ სანთლებს სულ უბერავენ ხოლმე, მილოცვებს ისმენენ და სადღესასწაულო განწყობას დღის ბოლომდე ხელიდან არ უშვებენ. 
ან არც. 

მე ვფიქრობ რომ წლები არა, განვითარების ეტაპები არსებობს და რომ რაოდენობა არა, მდგომარეობებია მთავარი.
ნებისმიერ შემთხვევაში ამ დღეს სხვა დღეებისგან განსხვებული ემოციები მაქვს ხოლმე და ძირითადად რაღაცეებს ვალაგებ. წელს სურვილები დავალაგე, ფრაგმენტულად და სახელდახელოდ. როგორც ჩემი წესია.

პლიუს ერთო წელო, ყველაფერი თუ არა, რამეები  მაინც გაითვალისწინე.
თავისუფალი დროის დეფიციტი შემიმცირე, ჩემი საკუთარი სახლის პერსპექტივა გამიზარდე, სტაბილურობის შეგრძნება გამაცანი, საყრდენები რომ დროებითი არ არის დამანახე და მითხარი, რომ ერთი წელი ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ თრუსოში კიდევ ერთხელ წავიდე, გოეთეში რაიმე ჯიშის დამაჯერებელი  სერთიფიკატი ავიღო, დაკარგული შეგრძნებები დავიბრუნო, გახიზნული ტუსო უკან ჩამოვხიზნო და ვისწავლო, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამეების ასე მარტივად არდათმობა, გავაკეთო ფოტობლოგი და შევეცადო  ემოციების უფრო თავისუფლად ფიქსირებას.
პლიუს ერთო ახალო წელო, ვერ ვიტან მე ახალ წლებს და მოლოდინებს და კიდევ არც ის მომწონს, ასე ფამილარულად რომ მოგმართავ, მაგრამ ძნელია სკოლაში ნასწავლი კლასიკოსებისგან თავის დახსნა, როდესმე მაინც გახსენდება. ხოოდა, აი, შენ ჩემი ფრაგმენტული სურვილთაგანი.

ახალი ადგილები, ფილტვების ამატკივებლად სუფთა ჰაერი, ადრენალინი და  მომაკვდინებელი სისავსეები.
ზამთრის ბაღი ჩემი ხასხასა ემოციებისთვის, სიმშვიდისთვის და მეგობრების სტუმრობებისთვის მოხერხებული დიდი და ნატურალური სივრცისთვის.

ვინაიდან მე მტკიცედ მჯერა, რომ ხასიათი დეტალებში იცნობა და აქსესუარები თვითგამოახტვის კარგი საშუალებაა, ბევრი, ბევრი აფრო-ეგზოტიკური სამკაულები მე.
კი, თბილისი ველოსიპედისთვის, მით უმეტეს ასეთი მკაცრად გოგოსებურისთვის მოუხერხებელია, მაგრამ ზოგჯერ ისე ძალიან  მინდა, ისე, რომ ნამდვილად გადასარევი იქნებოდა, რო გამაჩნდეს.
სასურველია არ იყვნენ ძალიან, ძალიან სქელტანიანაები
 და შიგ კრაწუნა ამბები ეწეროს.
ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მე მათ არასერიოზულად აღვიქვამ,
უბრალოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როცა კითხულობ ძირითადად, ეგეთები უფრო კომფორტულია .
ახლა ცივა და დიდი და ღუნღულები მინდა,
ისეთი წვრილი და ყურებიდან მალ-მალე რომ ძვრება აღარ, ეგეთები მომწყინდა


ქალაქგარეთ ან ქალაქშიგნით მყუდრო და ბედნიერი ადგილ-სიტუაციები.


это самое важное,кто-та рядам меня. თან ისე, მოსვლა-წასვლების შიშების გარეშე, პერიოდულობის და გაურკვევლობების გემოების გამორიცხვით. 


პ.ს.
ეს ისე, დღესასწაულის ფიქსირებისთვის გაკეთებული ჩანაწერთაგანია, ისე გაცილებით რთული და ემოციურია მთელი ეს  და სხვა ამბებიც, კაცმა რომ თქვას,  რომელსაც აუცილებლად მოვყვები როდესმე მაშინ, როცა სადმე მშვიდ ადგილას გადავსახლდები იმ წიგნის საწერად, მერე ნობელს რომ აიღებს :დ 

ისე, ნობელი რომ დააწესონ სურვილების ამსრულებელი წლების შექმნისთვის არა?

ორი დღეც და ზამთრისპირი ზამთარში გადავა.
ზამთარში სითბოს მოთხოვნილება ერთი ორად იზრდებაო, ამბობენ, მე კიდე ვამბობ, რომ როცა დაბადების დღეზე საინგილოში უნდა წასულიყავი და არსადაც არ მიდიხარ, სულაც არ არის კარგი ამბავი. 
სამაგიეროდ, შემიძლია ბევრი ვიძინო.


ხო, ეს ყველაფერი სულაც არ არის ის ყველაფერი, что мне  нужна.


Tuesday, November 23, 2010

ისლის სახლი

ნინამ დაწერა რამდენიმე დღის წინ, წამყე ბეთანიისკენო.

მე ისლის სახლი გამახსენდა და ეს ადგილი, რომელიც შარშან იტალიიდან ავსტრიაში მიმავალ გზაზე შემხვდა.

მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ საქართველოში  ჩამოსვლის შემდეგ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი და არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ მოწყენილობაზე უარესი გარემოა, რომელიც გაუცნობიერებლად გშტამპავს, გზღუდავს და რაღაც პერიოდის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ და გაცვეთილ თემაზე შეგიძლია ფიქრი, მხოლოდ ყველაზე ხშირად ხმარებადი სიტყვების გამოყენებით და მხოლოდ  დუნე ემოციებით.

რაც მთავარია ამას გვიან ხვდები და მერე თავს იმართლებ, რომ ჩვეულებრივია, როცა აღარ გეწერინება, ჩვეულებრივია, როცა გადაღლილი და გაღიზიანებული ხარ, ჩვეულებრივია, როცა სახლში გამოკეტვები გინდა, ჩვეულებრივია, როცა ისლის სახლები და შორეული მაგისტრალები გახსენდება  ემოციების გარეშე ჩვეულებრივია.

ხო, შეიძლება  ჩვეულებრივია, რა თქმა უნდა უარესებიც არსებობს და საერთოდ, ყველაფერს 2 მხარე აქვს, მაგრამ მე საშინლად არ მომწონს ის, რომ ცხოვრება კვირის დღეებად დაიყო, კარგი რამეები მარტო დასვენების დღეებში ხდება. არაფერიც, დღეს დასვენების დღეცაა და დღესასწაულიც, მაგრამ არაფერიც არ ხდება.

გუშინ გვიან ერთ-ერთ კაფეში მეგობრებს ველოდებოდი და ვფიქრობდი, რომ აბაზანის შემდეგ ყველაზე კარგად კაფეებში ვფიქრობ, როცა ვინმეს ველოდები და ის ვინმე დასაშვებზე მეტად იგვიანებს, მაშინ. მერე ბევრი მეძინა და ახლა აღარ მახსოვს იმ კაფეში რას ვფიქრობდი.

მალე ალბათ კიდევ ერთხელ და ცოტა ხნით გადავკვეთავ საზღვარს და მერე მოგიყვებით როგორია დაბადების დღე აზერბაიჯანში

ბედნიერი დასვენების დღეები და დღესასწაულები ყველას, ვისაც სრულიად დაავიწყდა ის, რომ ყველა დღე სრულუფლებიანია და ისლის და საოცნებო სახლები მხოლოდ შორეულ მაგისტრალებზე არსებობენ, შენ კი შენ სახლში ბედნიერად ცხოვრება უნდა ისწავლო ბოლოს და ბოლოს.


Sunday, November 14, 2010

ტკბილი ნოემბერი

შარშან, ზუსტად 13 ნოემბერს მე და გვანცა პარიზში წავედით.

მე თარიღებს ვერ ვიმახსოვრებ, გვანცამ გამახსენა ბარისახოს ავტობუსში.


ბარისახოს ავტობუსი საშინლად დაფეხვილია და ხრიგინით დადის. ტუსოს ხრიგინის შეეშინდა და მთელი გზა ჩემ კალთაში იჯდა.

რაც ჩამოვედი, მე სულ მგონია რომ ტუსოს ადგილას ერთი დიდი სიცარიელეა და ჯერ ვერაფრით ვერ შევეგუე იმას, რომ ტუსო ახლა სულ იქ იცხოვრებს.

იქ, სადაც ტუსო ახლა სულ იცხოვრებს, გვანცა ანის უყვებოდა, როგორ ვეძებდი მე პარიზისკენ მიმავალ ავტობუსში სიყვარულს, რომელიც პარიზისთვის იქნებოდა განკუთვნილი.
მაშინდელი სიყვარულის ძებნა იმიტირებული და უშედეგო იყო.

ხვალიდან ისევ სამუშაო კვირა იწყება, მე ისევ ველოდები დაკარგული წერის უნარის აღდგენას და მანამდე ტკბილი ნოემბრით ვტკბები, ჩემებს და შემოდგომის ბოლო ფოთლებს ვიგებ და იმედია, ტუსოს სიცარიელე ძალიან დიდხანს არ იქნება ასე შესამჩნევი.

აი, იმიტომ მეშინია ხოლმე, მოსვლების, მერე გარანტირებული წასვლები რომ ახლავს ხოლმე.

ხოოდა, ბევრი ტკბილი თვე მე სიცარიელების ამოსავსებად და არაიმიტირებული სიყვარულებისთვის.

თქვენც კეთილო ადამიანებო.

პ.ს.
ტკბილი ნოემბერი გვანცას ფრაზაა და საავტორო უფლებები დაცულია.






Wednesday, November 10, 2010

ჯართი

ჯართი სანდროს, სანდროს და ბასკის ფილმია, ქართულ მუსიკაზე და და სახელის გარდა, რაც ამ პროექტში მიყვარს, სხვადასხვა აზრების მქონე ადამიანები და ადეკვატური მუსიკაა.


p.s.
ხო, სანდრო ჩემი მეგობარია, ბასკი landmark -ის ვოკალი და გიტარა, და მეორე სანდრო კიდევ ბასკის და სანდროს მეგობარი : ).

Sunday, November 7, 2010

+ 1 სიბილა, ანუ განაპირა ამბები შემოდგომის მზიან დღეს

არაფერი განსაკუთრებული, სიბილა ქვია, გერმანელია და იმაზე დიდი ხანია ფოტოგრაფიითაა დაკავებული, ვიდრე ჩემი და თქვენი ასაკია.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისთვის დამახიასეთებელი შტრიხი: არ აინტერესებს, ეპიცენტრები და მთავარი ამბები,  განაპირა ამბები უყვარს.

თავიდან არნო ფიშერთან მუშაობდა, მერე არნო ფიშერის ცოლი გახდა და ისევ იქ მუშაობდა, უბრალოდ, შიგადაშიგ გერმანიის სოციალისტური რესპუბლიკისთვის არასასურველ-არამოსაწონი ფიგურა ხდებოდა ხოლმე.

სულ რამდენიმე დღეში, ანუ 10 ნოემბერს ფილმი გამოდის, სადაც მთავარი ამბავი სიბილა ბერგემანის ვენეციაში წასვლაა.

 Sibylle Baier - remember the day


არაფერი განსაკუთრებული, მე მიყვარს სახელი სიბილა და ეს უკვე მესამე სიბილაა, რომელიც ასე, განსაკუთრებით გავითავისე.

გარეთ შემოდგომის მზიანი დღეა, ადამიანები ძირითადად კახეთისკენ მიმავალ გზას ადგანან, ყვარელში დიდი ამბებიაო, მე კიდევ ვუყურებ სიბილას გადაღებულ ქალების ფოტოებს და ვერაფრით ვერ ვხვდები, რომელი უფრო ჩემიანია.

დიდი არაფერი, სულაც არ არის აუცილებელი ხოლმე კითხვებზე პასუხები, როცა გარეთ შემოდგომის მზიანი დღეა და შენ შენ და სხვის დამოკიდებულებებს მკურნალობ.

Thursday, November 4, 2010

Tbilisi International Jazz Festival 2010

ალბათ არაკეთილსინდისიერი იქნება ჩემი მხრიდან, რომ ავდგე და გამოვაცხადო, წელიწადში ერთხელ ჯაზ ფესტივალი ცოტაა, უფრო ხშირად რომ იყოს, უკეთესი იქნება თქო.

ამიტომაც არაფერსაც არ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ როცა 200 კატა საქმე გაქვს თავზე დაყრილი, გადასარევია, თუ საღამოს მაინც რამე გემრიელი გელოდება.



ეს სიმღერა ბოლო დღეების საუნდტრეკია და იმიტომ, თორემ მე რომ ფართების გოგო არ ვარ, ცხადია.
ისევე, როგორ ეს მომღერალი გოგონა არ არის ჩინელი ქალი.

ვინაიდან მე ყოვლად კეთილსინდისიერი ვარ დ არ ვითხოვ ჯაზ ფესტივალს წელიწადში რამდენჯერ, ვინაიდან დღეები სულაც არ არიან ვალდებულები, ერთმანეთს გავდნენ და  ვინაიდან შემოდგომა ზამთრისპირში შეუმჩნევლად გადავიდა, მე უფრო და უფრო ხშირად მახსენდება ერთი ძველი ქართული ჯგუფის სახელი, რომელიც სულ შემთხვევით შემომახსენდა როდესღაცა ამასწინათ. ხოოდა, რატომ არასოდეს არ ილევიან ეს კატა საქმეები და კატა ამბები?
არადა, სტაბილურობის განცდა, სიმშვიდე და ძალდაუტანებელი ღიმილები ზუსტად მაშინაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, შემოდგომა რომ ზამთრისპირში გადადის და სხვისი დაგეგმილი შენი საღამოები რომ შენი დასაგეგმი შენი საღამოებით იცვლება.