Friday, December 31, 2010

ოდნავ ძველმოდური და ოდნავ მოსაწყენი ახალი წელი

ვფიქრობდი, არაფერს არ დავწერ, მით უმეტეს გასული წლის შეჯამებებს, საუკეთესო ემოციიებს, პოსტებს, ალბომებს, ფილმებს და ადამიანებს არ გავიხსენებ და ერთად წინასაახალწლო პოსტში არ შევყრი თქო.

ვფიქრობდი, დღესასწაულის შეგრძნება იმას უნდა გაუჩინო, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება შენი გვერდზე ყოფნა იმ დღეებში, ყველა ერთად და ყველა ყველგან როცაა თქო.

ვფიქრობდი, ეგ წელსაც მოვა, წავა და მერე რა, ჩემი არდადეგები დამთავრდება და  მერე უკვე გამოცდებზე ფიქრი მომიწევს, მერე დასვენებაზე და მერე სხვა ჯანდაბებზე.

და საერთოდაც, ვფიქრობდი, რომ მე ნამდვილად ის ოდნავ ძველმოდური და ოდნავ მოსაწყენი  თავხედი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია თავისი ამბები თავისთვის მშვიდად ინახოს, სამი კვირა არაფერი დაწეროს, მერე მოვიდეს და თქვას, რა ახალი წელი, დრო ისე გადის, თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებ, მაგრამ ჩვენს გარშემო დიდი არაფერი იცვლებაო.

ხოოდა, მოვედი და ეს ყველაფერი გადმოვალაგე.

ახალ წელს ფშავში ვხვდები, მეგობრის ბაბუასთან. მარტო ცხოვრობს, ცისფერი თვალები, დიდი წარბები და დაუსრულებელი ამბები აქვს.
ცოტა არ იყოს და გაციებული ვარ, მაგრამ ეგ არაფერი. იქნება და როდესმე ვისწავლო თბილად ჩაცმის პრელესწები. თან სანამ გაციებული ვარ, ბევრ ჟოლოიან და ლიმნიან ჩაის დავლევ.

 ხოო, ამ ფოტოებს ძალიან დიდი ხანია ვინახავ, დროსთან ჩემი გაფაქიზებული დამოკიდებულებებისთვის სამკურნალოდ კარგი საშუალებაა.ავდგები და ახლა გაგიზიარებთ.
Students at San Francisco State College (1966)


ეს მხოლოდ იმიტომ , რომ  ახლა ალბათ ასეთი აღფრთოვანებით
 ტელევიზორს ან გაზეთებს  ცოტა თუ უყურებს. არადა,
რა ბედნიერი სახეები აქვთ, ღმერთო ჩემო.

სამწუხაროდ, გამოშვების თარიღები არ ვიცი.არადა, გენიალურია :)
Bathing nude, c.1930, Germany

1930 წელი.
Toby Creek

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურრი ფოტოგრაფის Christer Strömholm-ის პატარაობა
 და პარიზის 50იანი წლებია. მერე გაიზარდა და ისეთი ფოტოენბი გადაიღო
სულ ამ გამოხედვის დამსახურება მგონია, ამ ფოტოზე რომ აქვს.

პ.ს.
კიდევ მაქვს რაღაცეები, მაგრამ სხვა დროს

მრავალს და შეეცადეთ ბენდიერები იყოთ.
უკეთესს ვერც ამ და ვერ ვერერთ წელში ვერაფერს გააკეთებთ :)

Saturday, December 11, 2010

ფამუქის ქუჩა პარიზში და ახალი მთვარის ეფექტები თბილისში

ყველა შემდეგო შაბათო დილავ, ძალიან გთხოვ, ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე დღეს იყავი.
სულაც არ მომწონს ინტერნეტპროვაიდერებით დაწყებული დღეები, მით უმეტეს შაბათები.

არადა, სიზმარში პარიზში ვიყავი, სასტუმროში დედაჩემი, ჩემი და და კიდევ ილო აღმოვაჩინე.პარიზში სხვა რომელღაცა ქალაქიდან ჩავედი, მერე გერმანიაში მივდიოდი და მანამდე ფამუქის ქუჩაზე დავდიოდი. მიკვირდა, რომ პარიზში ფამუქის ქუჩა არსებობდა და ვაპროტესტებდი, რომ ის სულაც არ იყო წითელი.

პარიზი სულაც არ გავდა პარიზს, სასტუმროს ნომრებში ბევრი "ყიყლიყოები" იყო და საერთოდ, ჩემი სიზმრები ერთ დიდ გაუკვევლობად იქცა.

წინა ღამეს ვიღაც მეგობართაგანმა რაღაც გაურკვეველ ფართიზე გრძელი და ბევრთვლებიანი ყელსაბამის ძაფი გამიჭრა. თვლები მთელ იატაკზე მიმოიფანტნენ, მე ვამბობდი, რომ რეალურად თვლები კი არა, იატაკზე ჩემი დღეები, ემოციები და რეფლექსები ეყარა.

მამამ 9 საათია, ადექიო, თვალები გავახილე, ვიტირე და ისევ დავიძინე. 10ზე ხელახლა გავიღვიძე.
ლექციაზე დამაგვიანდა.
საღამოს ვფიქრობდი რომ სავარაუდოდ ძალიან სენტიმენტალური მოხუცი ვიქნები და სულაც ვერ აღვფროვანდი.სავარაუდოდ აუტანელი იქნება.

მე დაფაფიქსირე, რომ სავსე  მთვარეზე ვამპირების ეშვების ანალოგიით, ახალ მთვარეზე ძველი ბიჭები გამოდიან. არ ამ აღმოჩენას გავუბედნიერებივარ. მოსაწყენია მთელი ეს წრეები.

რამდენიმე დღის წინ 3 ერთმანეთზე მომხიბვლელი და რეალური სურვილი გამიჩნდა და მივხვდი, რომ ასე ძალიან და მკვეთრად განსაზღვრულად უკვე წლებია არაფერი მნდომებია.
ხოოდა, დავდივარ და ვკითხულობ, რამე ძალიან რომ გინდა ის ხომ აუცილებლად, აუცილებლად გამოვა თქო.
რაც არ უნდა მიპასუხოთ თქვენ ან სიზმრებმა,ახალმა და ძველმა მთვარეებმა ან ახალმა და ძველმა ბიჭებმა, მე მაინც ძალიან, ძალიან მინდა რომ ჩემი მკვეთრი სურვილები ასრულდნენ.

გუშინ საღამოს იმ საშინელი წითელი პომადის წასმა დამავიწყდა სამსახურდან გამოსვლის წინ და მეგონა, მარშუტკები მხოლოდ იმიტომ არ მიჩერებდნენ. მერეც, სადღაც მივედი და თავს საშინლად ვგრძნობდი. მალევე წამოვედი და სწორადაც მოვიქეცი.
საშინელებაა ღამე ტრანსპორტი რომ გჭირდება, ვერაფრით ვერ ვარჩევ მარშუკტების ნომრებს.ამიტომაც საბოლოოდ სახლში ფეხით დავბრუნდი. ჩემი და ირაკლის თეორიის თანახმად აუცილებელია სახლში მისვლამდე ფეხით სიარული, თუ საბოლოოდ დაცომებას და გამოშტერებას არ გეგმავ.
საწინააღმდეგო არგუმენტები არ მიიღება.

მე სულაც ვერ მივხვდი, რომ უკვე ერთი წელი გავიდა.
ადაპტირება სახეზეა, ცვლილებებიც და მარადიული ამბებიც.

თოვლის ბაბუავ, შენ რა გენაღვლება, წელსაც მოზიდავ სულელურ საჩუქრებს და გააცრუებ იმედებს, ისე რომ მე ერთხელაც კი არ გამახსენდები, შაბათმა დილებმა იკითხონ, ყოველ კვირას პრეტენზიებით რომ ვხვდები.

Tuesday, December 7, 2010

შავი კატა რომ შავ-თეთრ კატას მიდევდა ეგ ამბავი

შავი კატა შავ-თეთრ კატას მიდევდა.
ბებიას თხელი ყვითელი პალტო ეცვა წითელ-ლურჯი გადამკვეთი ხაზებით, შესაბამისად უჯრებით. ანუ კუბოკრული. მე ბავშვობაში არ ვიცოდი კუბოკრული რას ნიშნავდა და არასოდეს არ მიკითხავს ახსნა, სულ მეგონა სიკვდილთან დაკავშირებული რამე უსიამოვნო ამბავი იქნებოდა.
კუბოკრულ პალტოიანი ბებო სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა.
ეგ დილის კადრებია.

ახლა საღამოა, მე ერთ-ერთ კაფეში მეგობარს ველოდები. კაფეებში და ვინმე ლოდინებში გადასარევი იდეების გენერატორი მე ამჯერად ვფიქრობ, რომ რომ გადასარევი იდეა იქნება აქვე, გვერდზე მაგიდებთან მჯდომი ადამიანების შესწავლა.


აი, მაგალითად ამ გოგოს, ზუსტად ჩემს გვერდზე რომ ზის, რუსი ბებია ყავს, ისევე როგროც მის მეგობარ კოტეს. კოტე მას რუსულ ფილმებს უთარგმნის ხოლმე კინოში და ეს ”შტერდება”, რატომ ავიწყდება კოტეს, რომ მასაც რუსი ბებია ყავს.

ეს გოგონა ცოტა ხნის წინ ავსტრიაში იყო და იქ ვერც ერთი წიგნი ვერ იყიდა, იმიტომ რომ მის მეგობარს, წიგნებში ფულის გადახდა გადაყრა გონია.
არც ეს ჩანს დიდად წიგნიერი, მხოლოდ ჰარი პოტერი და ”ნირვანას წიგნი” აქვს წაკითხული და კიდევ ფილმი აქვს ნანახი, რომელშიც ბიჭმა გოგოს ოთახისთვის ლურჯი ნათურები მოუტანა, გოგოს ლურჯი არა, ყვითელი უნდოდა.
ბიჭი გავიდა და შემდეგ კადრში  ყვითელი ნათურებით შემოვიდა.
მეგობრის ლოგიკური შეძახილი:  აუუუ. რა საყვარელია, აუ, გოგო, მეც მინდა ჩემთვის ახალი ნათურები, აი ისეთი...
რეალურად ნათურები არა, ყველაფრის შემსრულებელი  და უადგილო პრეტენზიულობებზე იმუნიტეტიანი ბიჭი უნდა. მაგრამ მაგდენი არ იცის.
უფრო სწორად, აქცენტს ნათურებზე სვამს.

ამ გოგოზე ბევრი ვერაფერი გავიგე, თითქმის არ ლაპარაკობს, უფრო სწორად, ის, ჰარი პოტერის მკითხველი და რუსბებიიანი გოგო არ აცდის. დაუმთავრებლად ყვება ამბებს კოტეზე, სამ სანდროზე, მაკოზე და კიდევ ვიღაცეებზე. სულაც აღარ არის საინტერესო.

ალბათ უსინდისობაა, როცა ასე იპარავ ვიღაცეების ამბებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს გოგო ბედნიერიც კი იქნება, რომ იცოდეს, ახლა გვერდზე მჯდომი გოგო ნასტასიაა, რომელიც მისნაირი გოგოებისადმი აბსოლუტურად არგუმენტირებული ნულოვანი ინტერესით ხასიათდება და მაინცდამაინც ახალა, ამ კაფეში გადაწყვიტა მისი პორტრეტის დახატვა.

რამდენიმე დღის წინ მეტროში ჩემი მეგობარი დახატეს. ოღონდ ასე არა, ფანქრებით ფურცელზე, ერთი გაჩერებიდან მეორე გაჩერებამდე.
 პირველად ვნახე მეტროში ქალი, რომელსაც სტაფილოსფერი, ფრჩხილების ლაქის შესაფერისი  პალტო ეცვა და მგზავრებს ხატავდა. ისიც ჩემსავით, დაუკითხავად.
ნახატები ობიექტებს არ გავდნენ, მაგრამ მაგას არავინ აპროტესტებდა, პირიქით, მადლობლები აფრიალებდნენ ფურცლებს საკუთარი თავებით და ქალი მადლიერების ნიშნად გადახდილ ხურდებს ჯიბეში იყრიდა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ ღამეს ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბედნიერი ქალი ვნახე. სამსახურში 9-დან 7-მდე ჯდომის მაგივრად  მიწისქვეშეთში, დეპრესიული გამომეტყველების მქონე ადამიანებსა და მატარებლების ხმაურში სადგურიდან სადგურამდე ადამიანებს თვითონ ირჩევდა და აბედნიერებდა.
ხო, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ბედნიერება ზუსტად ეგ არის, რომ ვიღაცისთვის შესამჩნევი ხდება. იმიტომაც არ აპროტესტებს მერე დაკარგულ მსგავსებას თავის თავსა და ნახატს შორის. რაც მთავარია შეამჩნიეს, ვსიო, დანარჩენი სულ ერთია.

მერე ალბათ სახლში ადამიანების შემჩნევისთვის მოგროვილ ხურდებს  ითვლიდა და ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დახარჯვას გადარჩენილი ფულით, სტაფილოსფერ ფრჩხილების ლაქს და წითელ თმის საღებავს ყიდულობდა.
ხო, მგონი წითელი თმა ქონდა, ზუსტად არ მახსოვს.

შეიძლება შიგადაშიგ ესიზმრებოდა ხოლმე, რომ სამსახურში მიდის, აი ისეთში, მატარებლების ხრიგინი რო არ ისმის  და ყურადღებას მიაქცევ თუ არა ადამიანებს, დიდად მნიშვნელოვანი არ არის. დილის 9იდან 7მდე, ნათელ, თეთრ დერეფნებში დადის და სხვა პალტო აცვია.
მეცოდება კეთილი ადამიანი ეგეთი სიზმრებისთვის.

მე არ ვიცი, ამ გოგოსთვის რომ მეთქვა, ბლოგზე აუცილებლად მოხვდები და ჩემი არც ისე ბევრი, მაგრამ შენი ბედნიერებისთვის საკმარისი მკითხველი შენ ამბებს ნახავსთქო, გადამიხდიდა თუ არა ჟოლოს ტორტის ფულს, ან იფიქრებდა თუ არა, რომ ბედნიერი ნასტასია ვარ.

მაგრამ მაგას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მე ისედაც მაქვს სამსახური, რომლის დერეფნებშიც შემიძლია ვიარო და რომლის ზოგიერთ ოთახში ლურჯი ჭერი ყველანაირ ჩემს განწყობას კლავს. მე ვითხოვ რომ ასეთ სამსახურებში იყვნენ მასაჟისტები, რომლებიც უმკურნალებენ ჩემ მკვდარ ხერხემალს.

მე ვითხოვ რომ ამნაირ სამსახურებში მუშაობის კომპენსაციად ბედნიერი ნასტასია ვიყო. ოღონდ არა სხვების, ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერი. ჩემ სახლში კატები რომ  მყავდეს და კუბოკრული ტანსაცმელი, ჟოლოს ნამცხვრები და საახალწლო განწყობას ოდნავ მაინც რომ ვგრძნობდე.

პ.ს.კი, კი, დამდვილად, ჩემ აბუზღუნებას მარტივი მიზეზები განაპირობებენ ხოლმე. გუშინ დავაფიქსირე, რომ სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში 2 საათსაც კი ვერ ვატარებ, ხოოდა, სულაც არ არის ეგ კაი ამბავი. მით უმეტეს მაშინ, თუ ოფისში მასაჟისტი არ არის და შავი კატა შავ-თეთრ კატას დილას მიდევდა.

Monday, December 6, 2010

ამიტომაც ავიწოწე ნაძვის ხესავით

"მე ვარდივით ლამაზი ვიყავი,
შენ გვერდით წოლით კი ყვითელ ფორთოხალს 
დავემსგავსე"



მნიშვნელობა არ აქვს, ერთ მშვენიერ დღეს აიღებ ხელში ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეს და წაიკითხავ თუ არა სულმოუთქმელად. ის ჩვენთვის ძალიან სხვა ქვეყანაა, ძალიან სხვა კულტურით და ადვილად შესაძლებელია მათზე ფიქრისას საბოლოო დასკვნა უბედურების და განუვითარებელი მუსლიმების კატეგორიის მიკუთვნება იყოს.

მე ისიც კი არ ვიცოდი, იქ თუ მყინვარივით მთები იყო და ჩადრზე უარეს რამეში გახვეული ქალები ასეთ რამეებს წერდნენ.
მაგრამ ეგრეა.
ამ ყველაფერს მტვრიან, ომიან, სისხლიან, მშიერ და ჩვენთვის ველურ ავღანეთში ჩადრიანი ქალები წერენ. ღმერთო ჩემო, როგორ სიამოვნებით მოვხარშავდი მათთან ერთად ბრინჯს, თუ ეს მათთან ლაპარაკის საშუალებად გამოდგებოდა.

"მომეცი ხელი საყვარელო, გადავიმალოთ მწიფე ყანაში, 
რათა ერთმანეთს ვეალერსოთ,
 ან კიდევ ერთად დაგვცენ გულში ლახვარი"


"მე მდინარეში გადავეშვები, 
მაგრამ დინება არ გამოყოლებს.
ჩემს ქმარს რატომღაც ბედი უღიმის,
რადგან მდინარე მე ყოველთვის
ნაპირზე მრიყავს"


"ხვალ დილით ადრე მე შენს გამო ვიცი მომკლავენ, 
და გევედრები ნუ უარყოფ, რომ შენც გიყვარდი."




"ვნება ჩემთვის უცხო იყო 
და ამიტომაც ავიწოწე ნაძვის ხესავით"


"შენი ბაგე  შეახე ჩემსას, 
თავისუფლება მიეცი ენას, რაღა მოგითხროს, 
სიყვარულის უშრეტ ძალაზე"


" შემომხვიე მკლავები, გულში ჩამიკარ!
ჯერ მომეხვიე!
მერ ეკი ჩემი ხავერდოვანი ბარძაყების სინაზით დატკბი!
ჩემი ტუჩები შენ გეკუთვნის, დაეწაფე, ნუ გეშინია!
ბაგე შაქარი კი არ არის, რომ გადნეს და გაქრეს."


"მე შენ მოგიძღვნი ჩემს ბაგეებს...
შენ ეზიდები ჩემს მაღალ სურას, რომლიდანაც
წყალი იღვრება და სულმთლად მასველებს." 


"მე ფერფლად გაქცევ, 
როგორც კი თვალებს წამიერად შემოგანათებ."

ეს 1967 წელს გადაღებული ფოტოა ავღანეთში, Paghman Gardens-ში

ეს ქაბულია.ახლო წარსულიდან.

პ.ს. 
მამამ თქვა, ავღანეთში ქართველებიც ბლომად არიანო და მერე გამახსენდა, რომ ომის დროს იბრძოდნენ იქ, საბჭოთა მოქალაქეობის ეგიდით. ვიფიქრე, საინტერესო იქნება, მათი ნახვა და ენობრივ მასალაზე დაკვირვება თქო, მაგრამ მერე კიდევ ერთხელ კარგად გადავათვალიერე ჩემს ტვინში არსებული ცოდნა ამ ქვეყანაზე და მივხვდი, რომ მნიშვნელობა მართლაც არ აქვს ის გოგონა გეცნობა თუ არა და ეს წიგნი წაგიკითხავს თუ არა, იქ მართლა ძალიან საშიში, იქ ბედნიერებაზე 1000ჯერ მეტი უბედურებაა და ალბათ არც მე არ მოვხარშავდი ამ ქალებთან ერთად ბრინჯს სიამოვნებით.
უბრალოდ, ომი რომ ადგეს და ჯანდაბის იქით წავიდეს დედამიწიდან, ყველაზე კარგი იქნება, რაც მას შეუძლია გააკეთოს.
თქვენთვის კი ეს წიგნი რეკომენდირებულია :)
უკაცრავად, ორშაბათი მძიმე დღეა.

Friday, December 3, 2010

ანგუსი და ჯულია/იულია



მთელი ბავშვობა მინდოდა რომ ჩემზე დიდი ძმა მყოლოდა. თან ისე, ახირებულად, რომ არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ ვიცი მაინც ძალიან რომ მინდოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ რეალურ რამეებზე უნდა იოცნებო და უფროს ძმაზე ოცნება შევწყვიტე. ორი თვის წინ ავსტრალიელი ანგუსისა და იულიას/ჯულიას მეორე ალბომის დეგუსტაციისას მივხვდი, რატომ მინდოდა მთელი ბავშვობა უფროსი ძმა.


როცა იულია/ჯულია ხარ და შენ ძმას ანგუსი ქვია, მაშინ შეგიძლია მუსიკაზე კი არ წერო, მუსიკა წერო. მაშინ შეგიძლია ისე იმღერო, როგორც 9 წლის ნაწნავებიანმა და მოფრიალეკაბიანმა, ჭორფლიანმა გოგონამ, ახლახანს რომ გაიღვიძა და მინდორში გარბის ძაღლთან ერთად. შეგიძლია შენი მუსიკა ისე ჟღერდეს, როგორც ტალღების ხმა ავსტრალიის სანაპიროებზე და ზღვის სუნსაც კი იგრძნობენ შენი მსმენელები. შეგიძლია შენ ძმას დაუმტკიცო, რომ კარგი მუსიკის კეთბა სულაც არ არის ძნელი და რომ ყველაფერი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლით დაიწყო. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში კი შენ ახალ ალბომს ათასობით ადამიანი თავისით დაელოდება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

ეს ადრე დავწერე მუზეზე, როდესაც მათი მეორე ალბომით აღფრთოვანდი, ახლა კი ჩემი ავსტრალიელი და-ძმა პარისში ჩავიდნენ, კონცერტი გამართეს და მთელი ეს ფოტო და ვიდეო მასალა, მაგ ამბებს ასახავს. ხოოდა, გადასარევია, როცა პარიზში კონცერტს ატარებ, როცა შენ თვითონ გიხარია შენი წარმატებულობა და სულაც არ იცი, რომ სადღაც საქართველოში, თბილისში პარასკევ საღამოს ვინმე ნასტასია დგას და ამ ყველაფრით გულაჩუყებული და გახარებულია.


ხოოდა, პარიზში თოვლი მოსულა, ანგუსს სასაცილო, გამხდარი და დიდძუძუებიანი ქალი დაუხატავს, მათ მომავალ გეგმებზე ჯერ ახალი არაფერია ცნობილი, მეც აღარ ვოცნებობ უფროს ძმაზე, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ გადასარევია, როცა შეგიძლია უცხო ადამაინების ამბები ასე გაითავისო.


პ.ს. გუშინ თეკლე-თეომ დაწერა ფეისბუქზე, ესენი ნასტასიამ შემაყვარაო და ვიფიქრე, იქნებ ვინმეს კიდევ უნდოდეს შეყვარება და აი ისინიც, შეიყვაროსთქო.
ეგეთ დროს ვხვდები ხოლმე, რომ მიყვარს, ჩემ სიყვარულებს და სიხარულებს სხვებსაც ვუზიარებ.

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრე, ისაა, ჯულია უფრო ლამაზად ჟღერს თუ იულია.

Thursday, December 2, 2010

სამი ერთმანეთზე სულელური, მაგრამ გენიალური ამბავი

ფეხსაცმელებში ქვებიანი გოგონას ამბავი 

ქსეროასლების გადამღები გოგონა წიგნს ისე ისროდა, მეგონა ბლინებს აცხობდა.

ბლინებს ბებია მაჭკატებს უზახის და როცა დედა პირველად მივიდა მასთან რძლის ამპლუაში, ჰკითხა, მაჭკატების გამოცხობა იცოდა თუ არა. დედამ არაო.
მერე გაირკვა რომ იცოდა, უბრალოდ, მაჭკატების არა, ბლინების გამოცხობა.

მე თვითონ ბლინებზე მეტად სიტყვა მაჭკატები მიყვარს, ბავშვობის, ლინდგრენის წიგნების და საზაფხულო არდადეგების განწყობა მოაქვს.

ის გოგო, წიგნს რომ ასე საშინლად, ბლინებიანი ტაფასავით ისროდა, საშინლად დეპრესიული სანახავი იყო. შეწუხებული სახე, უძილო თვალები და უემოციო გამომეტყველება ქონდა. ეჭვი მაქვს ქსეროასლების გადაღების მაგივრად, მაჭკატების ცხობით ან წიგნების კითხვით რომ დაკავებულიყო, უფრო ბედნიერი იქნებოდა.

არადა, ფეხსაცმელებში კენჭები ეყარა და კლიენტიდან კლიენტამდე მათი გადმოყრით ირთობდა თავს. მუქ  და ერთმანეთთან შეუსაბამო ტონებში ეცვა და დიდი, მრგვალი საყურეები ეკეთა. წამოსვლისას მადლობა თქო და გამოუძინებელ სახეს გაკვირვებულიც დაამატა და ისე იკითხა, მე მითხარი რამეო.

ხო, ნუ, ეგეთი ჩვევა მაქვს, მადლობას მაშინაც კი ვიხდი, როცა არავის ჭირდება.
კიდევ  ერთხელ თუ ამოვჩნდი მასთან და ისევ ისე დაახეთქა წიგნები, აუცილებლად ვეტყვი, რომ ჯობია, მაჭკატები აცხოს. მერე ხელებზე გემრიელი სუნი აუვა და ძილისთვისაც მეტი დრო დარჩება. იქნებ ოდნავ მიმზიდველიც გახდეს.




ნაგვის ურნის მომხმარებლების ამბავი

ჩვეულებრივი დილა იყო და ლექციაზე მივდიოდი. რომელღაცა გაჩერებაზე ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩალაგდნენ მგზავრები. იქვე ნაგვის ურნა იყო. ერთმანეთის მიყოლებით ჩალაგებულებმა ერთმანეთის თანმიმდევრობით გადაყარეს ბილეთები ურნაში და გზა გააგრძელეს.
უცნაური სანახაობა იყო.
უფრო უცნაური ის, რომ ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, 10ზე მეტი ბილეთი მედო, არადა, არასოდეს არ მიფიქრია, რომ მენაგვე ვიყავი.





თავმოხდილი მარკერის და ბისექსუალების ამბავი

თავმოხდილი მარკერი ჩემ ოთხმოცდარაღაცაწლის ლექტორს უჭირავს ხოლმე სამსაათიანი და უშესვენებო ლექციის განმავლობაში.
მე თითქმის ვერასოდეს ვერ ვიგებ რას ლაპარაკობს ჩემი ოთხმოცდარაღაცაწლის ლექტორი მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი სამსაათიანი ლექციის განმავლობაში მარკერს ვუყურებ და ვფიქრობ: ” აი, ის ახლა დაშრება, მერე ამას რამის დაწერა მოუნდება დაფაზე და ვერაფერსაც ვერ დაწერს, იმიტომ რომ არ დააფარა ის ოხერი თავი”.

მერე იმაზე ვფიქრობ, რომ ფსიქოპატი ვარ, დილას ლექციაზე მხოლოდ იმიტომ რომ მივდივარ რომ თავმოხდილ მარკერზე ვიფიქრო და სამი საათი შესვენების გარეშე ვიჯდე.
ფსიქოპატი იმიტომაც ვარ, რომ პანიკური შიში მაქვს, ფიჯნიდან ყავა ან ჩაი არ დაიქცეს და კიდევ ბევრი სხვა სისულელის გამოც.

რაც მთავარია, როცა ლექტორს დაფაზე რამის დაწერა უნდა ხოლმე, მარკერი მართლაც გამშრალია, და მე მშვიდად სუნთქვას ვიწყებ: ”აი, ხო ვფიქრობდი, აი, დაეფარებინა თავი, აი, მე მართალი ვიყავი...”
თქვენ შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მე რეალურად ვწუხდები ყოველ ორშაბათს, პირველიდან ოთხ  საათამდე ჩემი კონცენტრაცია მხოლოდ მარკერს რომ ეკუთვნის.
სულაც არ არის  მხიარული ამბავი,მით უმეტეს,  როცა 23 წლის ხარ და ლექტორი თუ კითხულობს ბი-ზე დაწყებული რომელი სიტყვა გახსენდება, სადაც ბი - ს ორის გაგება აქვს, შენ ბისექსუალს პასუხობ და გაკვირვებულ  სახეს უხსნი, რომ ბილინგვაც კი გაგახსენდა, მაგრამ ეგ სულაც არ არის ისეთი აქტუალური, ამიტომაც არ თქვი.

პ.ს. მოკლედ, ათიათასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ სწავლის პროცესი გადასარევია, მარკერების, დეპრესიული გოგოების და სანაგვე ყუთების მიუხედავადაც, უბრალოდ, სწავლა და მუშაობა ერთად მითია, რომელიმე აუცილებლად ეწირება და თუ ორივე გადაურჩა მსხვერპლობას, ან შენ ეწირები, ან შენი ურთიერთობები.

ჩემი პირველი შესაწირი აღმოჩენილი ფსიქოპატია და უძილო თვალებია.
მიუხედავად ამისა, ყოველ დილას ადგომისას რომ არ ვიტირო ხოლმე, ჩემ თავს ვეუბნები: ”არა უშავს, ჩემო ტკბილო ნასტასია, შენ ხომ დიდი გოგო ხარ უკვე და იცი, რომ უსაქმურობაზე და უცოდინრობაზე საშინელი კატასტროფა მხოლოდ ცუნამია, ამიტომ, ადექი და საღამოს უფრო ჭკვიანი იქნები”.

მოკლედ, ეგრეა ამბები. დღეს სამსახურიდან რომ გამოვედი თბილი და სასიამოვნო ქარი იყო. ირაკლიმ განიავება და გამზეურება არ გაწყენდაო. მართალია.

ხვალ უკვე პარასკევია. ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ :)