Friday, December 2, 2011

მე რომ კეთილგონიერი ადამიანი ვყოფილიყავი

ერთ მშვენიერ დღესაც ავდგები და ვიტყვი, რომ ვერ ვიტან ამ დასვენების დღეებს, იმიტომ კი არა, რომ დასვენება აღარ მიყვარს, იმიტომ რომ ისინი იმედგაცრუების მეტს არაფერს აკეთებენ.

რომ იცი, რომ როდესღაცა კვირის ბოლოს დასვენების დღე გაქვს, ყველა სასიამოვნო და არასასიამოვნო საქმეებს ამ დღისთვის ინახავ, ეს საწყალი დღე კიდე ისევე 24 საათიანია როგროც ყველა დანარჩენი, ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, ყველა ხრინგალს  რომ ვერ იტევს და სრულიად უდრტვინველად, რას მელოდებოდი, რო მელოდებოდი, შენ თუ კეთილგონიერი ადამიანი ხარ - სახით გიცრუებს იმედებს.

ხოოდა, ასე:  ვერ ვიტან დასვენების დღეებს. ცაიტნოტში რომ რაიმე სასიამოვნოს გამოგლეჯ ხელიდან რომელიმე დაკავებულ და გაძეძგილ დღეს აშკარად ის უფრო სასიამოვნოდ მახსენდება, ახლა, ამ დასვენების დღეს, სრულიად იმედგაცრუებულს დასვენების დღეების არსებობით.

და საერთოდ, ბოლო 2 თვეა მხოლოდ იმიტომ არ დამიწერია, რომ დღითი დღე უფრო და უფრო ხვდები, როგორ მეშინია  სიტყვების, ნათქვამისაც  და მით უმეტეს დაწერილისაც.
ისინი აუტანელი სისწრაფით სრულდებიან, ბუმერანგებივით უკან ბრუნდებიან, ვარაუდების გამოთქმის საშუალებასაც კი არ მაცლიან  და  ბოლოს მთელ პასუხისმგებლობას მე მჩრიან ხელში.

სულაც არ არის სასიამოვნო ამბავი.
ისედაც 28000 ფობია მაქვს და როგორც ბოლო პერიოდში ვხვდები, უბრალოდ, არ გამომდის მშვიდად ვიყო ბედნიერი.

პ.ს. ბედნიერი დასვენების დღეები და მშვიდი ბედნიერებები თქვენ, ვისაც ჯერ კიდევ მყარი ნერვული სისტემა გაქვთ.

Monday, November 28, 2011

24

მიუხედავად მთელი ჩემი საოცარი და შეგრძნებებისა, ისტერიკების და რამდენიმედღიანი გაჩუმებებისა, მე ალბათ მაინც ბედნიერი ადამიანი ვარ და ეს აუცილებლად,აუცილებლად უნდა ვუთხრა ჩემ თავს, რომელსაც გზადაგზა ეჭვი  ეპარება ხოლმე მთელ ამ ამბავში.


და ბარემ : მადლობა მას, ვინც ხვდება, რა სურვილის ასრულებაა შენთვის მნიშვნელოვანი და მადლობა მას, ვინც ყველაზე მნიშვნელოვან სურვილებს ასრულებს.


ხვალ ორშაბათია და გარანტირებულად დავკარგავ წონასწორობას, ბედნიერების შეგრძნებებს და სიმშვიდეებს,მაგრამ ნი ჩევო,მე ოდნავ უფრო დიდი გოგო ვარ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავი, ჩემი უკიდურესად მნიშვნელოვანი პროგრესებით და ბედნიერებებით :) 

Saturday, November 26, 2011

Sind meistens gar nicht wahr















































































ეს კაცი, ჯონად წოდებული, ბედნიერი დასვენების დღეების იდეალური ილუსტრატორი იქნებოდა.
მე კი, რომელიც ხვალამდე არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, ხვალ კი ვფიქრობდი, მეთქვა რა კარგია, რომ შარშან ამ დროს ჩამოწერილი სურვილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შემისრულდა, რის გამოც აგერ უკვე რამდენი თვეა ბედნიერად გამოვიყურებითქო, მაგრამ ვერ აღმოვჩნდი ეგეთი გადასარევი და ვერ გაგწირეთ მხოლოდ პოზიტივების მიმღებებად.
ხვალ წესით "დღესასწაულია" და ადამაინები დღესასწაულებზე ცდილობენ მხოლოდ კარგ რამეებზე აქცენტირდნენ, მე კიდე არ მიყვარს დღესასწაულები და მეშინია განსაკუთრებული დღეების, მე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ნეტარებები მიყვარს, ჩვეულებრივად ქცეული.
მაგრამ ვინაიდან ყოველთვის არ მოდიან ჩვენთან კეთილი ელფები და იმით არ გვასაჩუქრებენ, რაც ძალიან, ძალიან გვინდა, მე სრულიად ლოგიკური   წინასადღესასწაულო კრიზისი მაქვს, რომელსაც არანაირი ხვალ, ზეგ და შემდეგი დღეები არ უშველის, მანამ, სანამ ჩემი ცხოვრება ცოტა უფრო სიმპატიური არ მომეჩვენება.

 ბედნიერი შაბათი კვირა, ნამდვილი დღესასწაულები და სიმპატიური ცხოვრებები თქვენ :)


Sunday, October 23, 2011

ღმერთივით შაბათი
























მე უკვე ცხოვრება აღარ მინდოდა. დილას სწრაფ-სწრაფად ვიღვიძებდი და სამსახურში მივდიოდი, ტირილისთვის საღაამობით თუ ვიცლიდი, ისიც ყოველთვის ვერა. ანუ, თუ ძალიან გადავიღალე, ვეღარც ვტირი და ვეღარც ვიძინებ.

ღმერთივით შაბათს სრულიად მოულოდნელად ხევსურეთში წავედი, ასევე  მოულოდნელად ჩვენ ახლა უკვე მიტოვებულ სოფელში ავედი, სადაც როგორც გავიხსენე ბოლოს ალბათ 6 წლის ვიყავი და პირველად გადავიღე ამ კამერით ამ რეჟიმში ფოტოები.

მე იმდენად მომწონს, თქვენ შეგიძლიათ აღარ გადაირიოთ, მაინც ვერავინ დამარწმუნებს, რომ ისინი გადასარევები არ არიან, ისე როგორც აქამდე ვერც ერთმა სამსახურმა ვერ დამარწმუნა, რომ სუფთა ჰაერს, მზეს და ბალახს რამე ჯობია.

ხოოდა ეგრე. ჯერ ისევ კვირაა.  ეს ყველაფერი ძალიან გავს ადგილობრივ ანესთეზიას. ოპერაციისას  ვერაფერს გრძნობ, არაფერი  გტკივა, რამდენიმე საათი და ყველაფერი ისევ ისეა. + ჭრილობა. მაგიტომაც აღარ დავდივარ ბოლო პერიოდში იმდენს, რამდენსაც ადრე დავდიოდი.
1 დღიანი არა, ბევრდღიანი ბედნიერებები მინდა.

ტკბილ ნოემბერს გისურვებთ.

Monday, October 3, 2011

კარგი გოგოა დუდა

უკვე ისეთი ამინდებია, ქუჩის იმ მხარეს რომ  დადიხარ, რომელ მხარესაც მზე ანათებს.
ანუ აგრილდა.

მე ყოველ დილას 10-ს რომ 10 წუთი აკლია სახლიდან გავდივარ და პლეხანოვის მარცხენა ტროტუარს მივუყვები. მაგ დროს მზე მარცხენა მხარეს ათბობს.

3-დან ოთხამდე იგივე პატივცემული მზე სამზარეულოს ფანჯარას ადგება. მე  მაგ დროს ვსვამ ხოლმე ყავას.
სახეს მზეს ვუშვერ, ვიხსენებ ბათუმში გატარებულ ერთადერთ დილას ამ ზაფხულიდან, როცა ძალიან მეზარებოდა ზღვაზე გასვლა და მეგობრის მეგობრის აივანზე ვეფიცხებოდი მზეს.

 ამასობაში სახე მეწვება, ფინჯანში ყავა თავდება და მე ვერც ვასწრებ იმაზე ჯავრის წამოწყებას, რა ცოტა მზე შევაგროვე ამ ზაფხულში, სამუშაო მაგიდას ვუბრუნდები.

საღამოს აზრი არ აქვს პლეხანოვის რომელ მხარეს ივლი, მზე უკვე ჩასულია. 

ხოოდა, როცა ეგრე ცხოვრობ, როცა კვირა დღეა, შენ ისე ტკბილად გძინავს, თითქოს შენ მაგივრად სხვა გრძნობდეს ყოველდღე შემოდგომის სუსხს და კაპიტალიზმის მოკრძალებულ ხიბლს, სხვა აფიქსირებდეს, რომ გაზრდასთან ერთად ყველაფერი საშინლად რთულდება, ათას რამეზე გიწევს ზრუნვა და ამით თითქმის არაფერი არ იცვლება, თითქოს შენ არ იყავი ის, ვინც რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ სამყაროში შენზე თითქმის არაფერი არ არის დამოკიდებული და შენ ჩვეულებრივი ნამცეცი ხარ შენი ვითომ მნიშვნელოვანი არსებობით, ადამიანები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნება არ დაკარგონ.

კვირა დილაა და  მსგავს ამბებზე  არ ფიქრობ,  გძინავს და სიზმარში წინა კვირის ფრაგმენტები გესიზმრება ინტერპრეტირებულად და რა გასაკვირია, რომ  არ იცი, რომ ეს კვირა განსაკუთრებული კვირაა.
კვირა განსაკუთრებული მხოლოდ იმიტომ იყო, რომ პირველად ავდექი და სახლიდან გავედი რომელიმე მეგობრის გამო კი არა, მეგობრის შვილის გამო. ხოოდა, მივხვდი, რომ მთელ იმ ჯანდაბებთან ერთად, რაც გაზრდასთან ერთად მოდის, კარგი რამეებიც არსებობს. 

და ისეთი თბილი და მაგარი შეგრძნება იყო, რომ მთელი ჩემი უმზეო შემოდგომის ჯავრი და კაპიტალიზმის მოკრძალებული ხიბლის დამღა  ჩამომაშორა.ვიჯექი ბედნიერი და ვფიქრობდი, რა კარგი გოგოა დუდა.

უბრალოდ, მერე ისევ ორშაბათია ხოლმე, ცივი ამინდით და ზრდასრულების საზრუნავებით. მე ყოველი კვირის დასაწყისში ვდებ პატიოსან სიტყვას, რომ იმ კვირაში კარგად მოვიქცევი, ავ განწყობებს გავუმკლავდები, კეთილგონიერი და თავაზიანი ვიქნები და ა.შ. შუა კვირამდე ვძლებ ხოლმე, მერე ვეღარ.

ჯერ კვირის დასაწყისია და ყოჩაღად ვარ. უბრალოდ, ამ ოქტომბერს აებნა თავგზა და თავი დეკემბერი გონია. მე კიდე სულაც არ მინდა ცივი შემოდგომა, ტკბილი შემოდგომა მინდა. ჯერ კვირის დასაწყისია და ყოჩაღი გოგო ვარ.

Saturday, September 24, 2011

ვაკანტური ადგილები, ასეთი ცხოვრებები და სხვა ბედნიერებები

მთელი კვირა  ჩემ სამსახურში ვიღაცეები დადიოდნენ გასაუბრებაზე.

ასე მოდიან, ფიქრობენ, რომ რაღაც კონკრეტული თანამდებობა მაინცდამაინც მაგათთვის არის შექმნილი, ზოგს შეიძლება არც აქვს იმედი, მაგრამ მაინც მოდის, იმიტომ რომ დაურეკეს და იფიქრა, იქნებ რამე იყოს, იქნებ ტყუილად ვარ ნიჰილისტიო.
 ზოგი ალბათ არც არაფერს არ ფიქრობს, უბრალოდ, უსაქმურობა და უფულობა მოწყინდა და სამსახურის ძებნა დაიწყო.

ისე მოდიან, სათითაოდ, მერე  ჯგუფ–ჯგუფად ერთიანდებიან  და სანამ ვინმე გაესაუბრება, დერეფანში კონკურენტებთან იწყებენ კომუნიკაციას. თან ისეთ კომუნიკაციას, აბა ვნახო, ეს ვინ არის, რა გამოცდილება აქვს, რა მოსაზრებები ამ ვაკანსიაზე, რა იცის, სად უსწავლია. მოკლედ, ადამიანური ამბებია.

მე კიდე მთელი კვირაა ყველა ჩემი ძველი სამსახური და იქ მოსახვედრად გავლილი გასაუბრებები გამახსენდა.
აქვე გეტყვით, რომ მე კატეგორიული ტონით არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სამსახურის დასაწყებად ნაცნობ/ახლობელია საჭირო და არც იმას, რომ რაც არ უნდა ჭკვიანი იყო, ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს.
მეტიც, კატასტროფულად ვერ ვიტან, როცა იმას მიმტკიცებენ, რასაც წლებია საკუთარი სამსახურებით ვაბათილებ. დავდივარ ხოლმე გასაუბრებებზე, მჯერა რომ ეს ის არის, რაც მე მინდა და მერე ხარ ვიწყებ მუშაობას, ხან ძველ ადგილზე ვრჩები. ასე, ახლობლების და ამერიკული ოცნებების გარეშე აგერ უკვე რამდენი ხანია.

ხოოდა, მთელი კვირაა მახსენდება, როგორ ვიჯექი 17 წლის მე ზაფხულის არდადეგების მიწურულს სახლში მარტო, როგორ ვნახე რაღაც გაზეთში ვაკანსიების ვრცელი ჩამონათვალი და იმ ჩამონათვალში ერთადერთი დასახელება, რომელიც ჰუმანიტარებისთვის იყო განკუთვნილი. მეორე კურსზე გადავდიოდი და ვიფიქრე, სწავლის დაწყებამდე ვცდი, სახლიდან გარეთ გასვლის მიზეზი მაინც მექნებათქო. დიდხანს დავიდიოდი გასაუბრებებზე, მერე სტაჟიორი ვიყავი, მერე ფრილანსერი, ამასობაში სამი წელი გავიდა და მე  გერმანიაში წავედი.

მერე მახსოვს როგორ ვიყავი 20 წლის მე სრულიად მარტო შემოდგომის ბოლოს ცენტრალურ გერმანიაში, როგორ მეგონა, რომ ყველა უნდა მომსალმებოდა და ეთქვა: რა კარგია, რა გადასარევია, შენ რომ ჩამოხვედი, შენ ხო აქ ჩამოსვლა მეორე კლასიდან გინდოდა და მოსაწყენ გერმანული გრამატიკის სავარჯიშოებსაც გულმოდგინედ ავსებდი. აი, ეგრეა, რასაც მოინდომებ, გექნება. ახლა აქ ხარ და დატკბი აქაურობითო. მაგრამ სულ ტყუილად მეგონა. იმ ცივ გვიან შემოდგომას  1 თვეში 3 სამსახური გამოვიცალე და არავის არ უთქვამს, რა კარგია, აქ რომ ხარო. მე სულ მარტო ვიყავი, 20 წლის და ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონზე ბევრად მეტს ითვლიდა უკვე იმ დროისთვის. სრულიად არამხიარული ამბავი იყო, უბრალოდ, ბევრი ვიმოგზაურე იმ წელს.

მახსოვს გერმანიიდან ჩამოსულს როგორ მინდოდა დასვენება, მერე როგორ წავედი ზა ინწერესა გასაუბრებაზე და დავიწყე ერთ–ერთ წყეულ ტელევიზიაში მუშაობა, სადაც თავიდან მეგონა რომ ტაქსის გარდა არაფერი მიდიოდა და საღამოობით შემოგარენში ტურები კიოდნენ. გულისხმიერი ოპერატორი მყავდა და ზოგჯერ გადაღებების მერე ალკოჰოლს მთავაზობდა რელაქსაციისთვის.
იქიდან მალე წამოვედი, საკმარისად სკანდალური ხმა არ მქონდა. გამოვიდა, არ ვივარგე ჯოჯოხეთისთვის.

მერე კიდე ვიყავი გასაუბრებაზე, მერე კიდევ, მერე კიდევ. ბათუმში არ ამიყვანეს, თბილისში ამიყვანეს, ძველ სამსახურში ვერ დავბრუნდი, სრულიად ახალი ვიპოვე და ასე. შიგადაშიგ კერძო პროექტები ჩნდებოდნენ, სამსახურებზე უფრო საინტერესოები და რამდენიმე დღით სხვა რამეზე გადადიოდა კონცენტრაცია.

ხოოდა, რაღაც სევდიანი სურათია რომ უყურებ ადამიანებს, რომლებსაც შენზე მეტი ან ნაკლები გამოცდილება აქვთ, შენზე მეტი ან ნაკლები უნახავთ, შენზე იმედიანები ან უიმედოები არიან, შენზე თავდაჯერებულები და მიზანთროპები ან სულაც პირიქით და ფიქრობ, რომ ის, რაც ამ წუთას მათთვის მნიშვნელოვანია, რაზეც იმედებს ამყარებენ, რის გამოც ვიღაცა თავისსავე მდგომარეობაში მყოფს სახელდახელო დიალოგში ითრევენ, მნიშვნელოვანი მხოლოდ რამდენიმე დღეა.
გზადაგზა რუტინა ხდება, შენ სისტემის ნაწილი ხარ და თან ისეთი, რომ შენი ქარიზმების ქრობას და უძილო სახეს პროტესტის გარეშე იღებ.

ეგეთია ცხოვრება ჩემო დერეფანში გადაყრილო უცნობებო, თავგამოდებით მომუშავე და შედარებით უსაქმურო მეგობრებო, ყველა ჩემო გადასარევო ადამიანო, რომლებიც ფიქრობთ, რომ სამსახურები ბედნიერებებს მოგიტანთ და იმათაც, რომლებსაც უკვე წლებია ვაკანსიებისთის თვალი არც კი შეგივლიათ, შემთხვევითო გამვლელებო, ერთ დროს რომ მივიჩქარით დილაობით  ოფისებისკენ და საღამოობით სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახეებით რომ მივდივართ სხვადასხვა ადგილებისკენ.



მე კიდე მჯერა, რომ არსებობს სხვა ბედნიერებიც.

და ისიც კარგად ვიცი, რა მაგარია, როცა შენ რაღაცას აკეთებ, როცა შენ ხარ ის, ვიზეც არჩევანს აკეთებენ, როცა შენში ძალას გრძნობ და იცი, რომ რაღაც შეგიძლია და  იცი, რომ სხვა ბედნიერებების არსებობის შემთხვევაში, მათთან მისასვლელად ზოგს დიდი და ზოგს მოკლე გზის გავლა ჭირდება.

p.s. ტექსტში ჩართული სიმღერა, შეიძლება რომ გეგონოს, ტექსტთან არაფერ შუაშიაო, შუაშიაო. აი, მაგ კაცმა იცოდა სხვა  ბედნიერებების ამბები და ეგ ჩანაწერი მგონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლაივის ჩანაწერია/

Friday, September 16, 2011

ბავშვობის მოწყენილი დღეების ნახატები და ბროკ პოდუჩეკი

ბავშვობაში, როცა მოწყენილ დღეებში სახლში ვიჯექი, სკოლის ამბები არ მადარდებდა და გარშემო ჩემხელა არავინ დაიარებოდა, ჩემი არაკომუნიკაბელურობა რომ მომეშორებინა და ბავშვებთან თამაში მესწავლა, სასაცილო რამეებს ვხატავდი და მაგიდის უჯრაში ვაწყობდი მანამ, სანამ ძალიან ბევრი არ დაგროვდებოდა და მერე ერთიანად არ გადავყრიდი.

ცოტა მერე, როცა სკოლის ამბები მადარდებდა და დღეები ისევ მოწყენილები იყვნენ, მაინც არაკომუნიკაბელური ვიყავი და მოწყენილ დღეებში დახატულ რამეებს კედლებზე ვაკრავდი, სანამ იმდენი არ დაგროვდებოდა, რომ ყველას ერთად ჩამოვკრეფდი და სადღაც გადავყრიდი.

კიდევ უფრო ცოტა მერე, როცა ჩემი და გაიზარდა და კედლებზე უკვე მის ნახატებს ვაკრავდით.

მაშინ რომ გვეფიქრა, რომ ეს ნახატები მოწყენილ დღეებში დახატული სულელური ბავშვური რაღაცეები კი არა, მშვენიერი რამეები იყო და იმის მნიშვნელობის შეგრძნება გვქონოდა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, შეიძლება ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო.

შეიძლება ჩვენ ახლა ვინმე ბროკ პოდუჩეკები ვყოფილიყავით, ხატვა გაგვეგრძელებინა და სულ სხვა ამბებში ვყოფილიყავით გახვეულები.

მართალია, სულაც არ ვიცი, ვინაა ვინმე ბროკი და როგორ ცხოვრობს, თვლის თუ არა, რომ რასაც აკეთებს, მნიშვნელოვანია და საერთოდ, აქვს თუ არა ბედნიერების ისეთი  მძლავრი მოთხოვნილება, როგორიც მე მგონია, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ქონდეს.

ან ფიქრობს თუ არა საერთოდ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც აკეთებს.

ან რას იფიქრებდა, რომ გაეგო, რომ ერთმა ტკბილმა და გენიალურმა ნასტასიამ სადღაც შორს მაგისი ბლოგი იპოვა და იმის მერე ფიქრობს, რის მიხედვით ანიჭებენ ადამიანები ამ თუ იმ რამეს მნიშვნელობას, სახელს, სტატუსს.
მაგრამ მე სრულიად არაფერი არ ვიცი ვინმე ბროკზე გარდა იმისა, რომ  ამერიკელი უნდა იყოს, ხატავს და მუსიკას წერს, გამოფენების მოწყობაც მოუსწრია აქამდე და არის ასე.
სიმართლე რომ ვთქვა, არც არაფერში მაინტერესებს ვინაა ეს ბიჭი, ბავშვური ნახატებით და ისეთი მუსიკით, ახლა თითქმის ყველა მეორე რომ წერს.

და საერთოდ, ეს ბიჭი არაფერ შუაშია.
უბრალოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ, რატომ ხდება ის, რაც ხდება.
როგორ უნდა ისწავლო ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება და როგორ უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და საერთოდ, რის მიხედვით ირჩევ საქმეს, რომლის კეთებასაც იწყებ.

წესით ბოლო პერიოდში ბედნიერების და კმაყოფილების უფრო მეტი მიზეზი მაქვს, ვიდრე აქამდე მქონია.
 მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვზივარ ხოლმე დილიდან საღამომდე და ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ მოხდა, რომ მე ახლა სადმე სუფთა ჰაერზე კი არა, აქ ვზივარ; მე სადმე კი არ დავდივარ, აქ ვზივარ. მე რამე საოცრებას კი არ ვაკეთებ, აქ ვზივარ. დაღამებამდე აქ ვზივარ. გარეთ უფრო საინტერესო რამეები ხდება და სადმე სხვაგან უფრო სიამოვნებით ვიქნებოდი, მაინც აქ ვზივარ.

ნელნელა სრულიად გაცნობიერებულად და გეგმაზომიერად უარს ვამბობ რაღაცეებზე, რაც როდესღაც მნიშვნელოვანი იყო.

სურვილები და ოცნებებიც შეიცვალა ამასობაში და თავისუფალ დროსაც ძირითადად ძილში ვატარებ.
ხანდახან მახსენდება  რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია. ჩვენ გზადაგზა ვიზრდებით და დიდი გოგოები და ბიჭები კიდე სხვანაირად ცხოვრობენ, ყველა ბროკისნაირი კი არ არის, მერეც ბავშვივით რო აგრძელებს ცხოვრებას .

არაბუნებრივი ის არის,  ყოველ დილას ჩემი თავის რომ ვუხსნი,  ყველაფერი თავის ადგილზეა, ასე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო კარგავენ აღფრთოვანების უნარს და არაფერი ამაში საოცარი არ არისთქო.




















პ.ს. შემოდგომა სრულიად შემოდგომური და ისეთია, როგორსაც ველოდებოდი.
ამ შაბათ კვირას ბევრს ვიძინებ და მიუხედავად იმისა, რომ კვირა საღამოს უკვე დასვენებული სახე მექნება, მაინც არ მეცოდინება, რა მოხდებოდა, როდესღაცა ხატვა მოსაწყენი საქმე რომ არ მომჩვენებოდა/

Sunday, August 28, 2011

მთის სულების და ჩვეულებრივი გოგოების წინასაშემოდგომო ამბები


"ამ მთებში ერთი სული ცხოვრობს, ბაბუა მიყვებოდა მის შესახებ, რაც თავისი ბაბუასგან ქონდა გაგონილი. 
სულს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს. გრძელი შავი თმა კოჭებამდე სწვდება. ძალიან შავი და წვრილი თვალები აქვს. არასოდეს იღიმება. 

ამბობენ, თუ გაიცინა, მის მომაჯადოებელ სილამაზეს მთებიც კი ვერ ვერ გაუძლებენ, ჩამოიშლებიანო. ტანზე ხვიარა მცენარეების კაბა აცვია, ზამთარ-ზაფხულ ყვავილები უფარავს სხეულს. როცა დადის, სურნელოვაბი ნიავი ყვავილების ჭრელ ფურცლებს აფრიალებს. ლეოპარდზე ამხედრებული დასეირნობს ტყეში. ყველგან გარეული ცხოველების გუნდი დაყვება. 

თურმე ერთ დღეს სული მდინარეში ბანაობდა. უცებ შენიშნა, რომ ახალგაზრდა კაცი უთვალთვალებდა. სულმა ლეოპარდს უბრძანა, უცნობი მასთან მიეყვანა. მხეცი კაცს ეცა და ქალბატონს მიგვარა. საბრალოს შიშისა და გაოცებისგან გული წაუვიდა. 

სულს დანახვისთანავე შეუყვარდა თავისი ტყვე. თითები დაისველა და ფრთხილად მოწმინდა ლამაზი სახე.
კაცი გონს მოვიდა. უამბო, რომ ტყეში გზა აებნა, შინ კი ავადმყოფი დედა ელოდებოდა. ვაჟი სულს დაჰპირდა, როგორც კი დედა გამოკეთდება, შენთან დავბრუნდები და ერთად ვიცხოვროთო. 
შეთანხმდნენ, ერთი თვის შემდეგ მთვარის დღესასწაულზე  მთის წვერზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. სულმა ვაჟი გაუშვა და თან ვეფხვი გააყოლა ტყეში გზის გასაგნებად. 

დადგა მთვარის დღესასწაულის დღეც. სავსე მთვარემ ღამე დღესავით გაანათა. სულმა თმაში ულამაზესი ყვავილები ჩაიბნია. მოკაზმვას რომ მორჩა, ველური კატებით გარშემორტმულმა მთის წვერზე საქმროს დაუწყო ლოდინი.
 მზე ამოვიდა, გადაიხარა, ჩავიდა...კაცი კი არ ჩანდა. "რატომ არ მოვიდა? ნუთუ სხვა ქალთან დარჩა?" ფიქრები არ ასვენებდა ქალს. სევდამ მოიცვა. მაშინვე ჭექა-ქუხილი გაისმა, ელვამ ღრუბლები გააპო, ქარიშხალმა ხეები ფესვებიანად დაგლიჯა, ველური 
ცხოველები სულის ირგვლივ გაიშოტნენ და ყმუილი მორთეს. 

ახალგაზრდა კაცი სულთან არასოდეს დაბრუნებულა. იმ დღის შემდეგ, როცა ცუდი ამინდია,როცა ქარი ზმუის და ზღვა ბობოქრობს, ამბობენ, რომ მიტოვებული სული საკუთარ ბედს დასტირის. ხოლო როცა კარგი ამინდია და მზე ანათებს, ამბობენ, სულს ისევ მიეცა იმედი და კვლავ სატრფოსთან შესახვედრად ემზადებაო..." 


უკვე ისე აგრილდა, მშვიდად შემიძლია ჩექმებით და კაშნეებით სიარული, საღამოობით ჩაის დაყენება და შაბათ-კვირას სახლში ჩაბუდებულს ისეთი კრაწუნა წიგნების კითხვა, როგორიც მაგალითად "ციური მშვიდობის კარიბჭეა", ანუ იმ წიგნის, საიდანაც არის  ზემოთმოყვანილი ნაგლეჯი.

წიგნი დიდი არაფერი, უბრალოდ, ამ ნაგლეჯმა მთელი ის ამბები  გამახსენა, ბაბუა რომ მიყვებოდა ხოლმე და იმანაც იმიტომ იცოდა, რომ თავისმა ბაბუამ მოუყვა თავის დროზე და აგერ უკვე რამდენი ხანია, მსგავსი აღარაფერი მსმენია, 
არც დავინტერესებულვარ, არც მიკითხავს და ასე.


სამაგიეროდ, სრულიად მომავალზე ორიენტირებულ პროფესიას დავეუფლე, ახალი ტექნოლოგიები, არატრადიციული მედია, საზოგადოებასთან ვურთიერთობ და ასე. წარმატებული გოგო ვარ, უკვე იმდენი ხანია ხან სად და ხან სად ვმუშაობ, კაცმა არ იცის. აგერ ბოლო რამდენითაცა წელია, არ დამისვენია და ამ ზაფხულსაც მხოლოდ რამდენიმე დღით გავყავი ცხვირი ქალაქიდან, მაგრამ, მერე რა.  კარგი ამბებიც თავზესაყრელია.  

ზაფხულის მიწურულს, ზუსად ისე, როგორც ჩემ თავს კაი ხნის წინ შევპირდი, ახალი სამსახური ვიშოვე, სადაც ამ ჩემ კაი ხნის წინ დაუფლებულ ახალ პროფესიას ვიყენებ,  ბევრი საქმის გამო თავს სრულიად რეალიზებულად ვგრძნობ და დროც ისე მალე გადის, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ. საოცნებო ამბავია. 

მაგრამ არასამუშაო საათებში, ჩაიებიან საღამოობით და გრილ უქმეებზე, მაინც ისე  
ვტირი, მთის სული რომ ვიყო, ჭექა ქუხილი  დაიწყებოდა.

მაგრამ ვინ მე და ვინ მთის სული. ამიტომაც არ წვიმს გრილ უქმეებზე და ჩაიებიან საღამოობით და ამიტომაც ყველას გონია, რომ დედამიწის ზურგზე ყველაფერი გადასარევად არის. 

ბედნიერი შემოდგომა ჩვენ ყველას

Monday, July 25, 2011

საზაფხულო თამაშები 2

არ ვიცი როგორ არის თქვენთვის ეგ ამბავი, მაგრამ მე ვგიჟდები ადამიანებზე და ჩემ ცხვირწინ დატრიალებულ ამბებზე. ზოგჯერ ისე დაჟინებით ვუყურებ ხოლმე ადამიანებს, თითქმის უხერხულია.

მაგრამ ეგ არაფერი, სამაგიეროდ, მე შემიძლია ვიცოდე ისეთი ამბები, რასაც სხვა სულაც ვერ შეამჩნევდა. მე შემიძლია საკუთარი ინტერპრეტაციები ჩავრთო საქმეში და ამბები უფრო საინტერესო გავხადო და მე შემიძლია არ მოვიწყინო მაშინაც კი, როცა დიდი არაფერი ხდება. მთავარია, რამდენიმე ადამიანი შეინიშნებოდეს სადმე ახლომახლო.

 ეს ფოტოებიც არტ-გენზე გადავიღე, სანამ დიდი კონცერტები და ბედნიერებები დაიწყებოდა და მერე, სახლში რომ ვათვალიერებდი, გამახსენდა რომ მსგავსი ამბები შარშანაც გადავიღე.
როგორც ჩანს, საინტერესო ხალხია ეს პატარა ბიჭები, ზაფხულობით თვალშისაცემები რომ ხდებიან, მერე უცბად რომ იზრდებიან და სულ სხვა თამაშებს იწყებენ.





არტ-გენი  დამთავრდა, ეს კი ამ ზაფხულის  ბოლო არტ-გენული ამბავია. დარჩენილი ზაფხულის სრულიად ბედნიერად გატარებას გისურვებთ.

Thursday, July 21, 2011

ახ ტურფავ, ტურფავ...

თავისუფალ დროს ყველა სხვადასხვანაირად იყენებს.
არტ-გენის ერთ-ერთი პლიუსი ჩემი აზრით ზუსტად ეგ არის,
კულტურული მემკვიდრეობების დაცვის და
ტრადიციების დარაჯობის და ფოლკლორის წახალისების და
 სხვა ეგეთი გრანდიოზული მისიების გარდა,
 რომ ზაფხულში, რამდენიმე დღე შეგიძლია არ იფიქრო,
 სად წახვიდე. ადგები და ახვალ ეთნოგრაფიულში.
ხალხი არის, სიგრილეც არის, მუსიკაც არის,
ფერად-ფერადი აქსესუარები და ჰამაკებიც არის,
 და მწვადი და მსგავსიგემრიელობებიც მოიპოვება.
 მშვენიერი ამბავია. კვირამდე ეჯრ კიდევ გაქვთ დრო.
ასეთი ლამაზი გოგონების ნახვა არტ-გეზე წარმოუდგნელი არაა,
 მაგრამ არც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე შეგხდებიან.
მე კიდევ ისე მიყვარს, დიდები და პატარები
ერთად რომ აკეთებენ  რაიმე ერთსა და იმავე საქმეს.
კავშირების გასამყარებელი იდეალური საშუალებაა.
ასეთი გოგონების ნახვა, სხვადასხვა ფერის ყვავილებიან კაბებში
და სხვადასხვა კუთხის წრმომადგენელთა საცეკვაო ნომრების
შესრულება არტ-გენზე ძველი ამბავია.
უბრალოდ, ზოგი უფრო ლამაზია, ზოგი უფრო არგად ცეკვავს,
 ზოგი პირველად გამოდის, ზოგი მერღცამდენედ და კარგია,
 გამოდის, რომ უწყვეტი ციკლი არსებობს,
 ყვავილებიან კაბიანი მოცეკვავე გოგონების.
აი, ასეთი გოგოები კი მართლა იშვიათია. იმდენჯერ დავწერე,
ეს ქალი ძალიან., ძალიან მიყვარს თქო, აღარ განვმეორდები.
 მითუმეტეს, სიყვარულებს სულაც არ უნდა არგუმენტები და ფაქტები.
გიყვარს და ვსო.
უბრალოდ, ძალიან გენიალური და როცა ყოველთვის,
როცა ვუყურებ, რეებს აკეთებს სცენაზე, როგორ იღებს პუბლიკას,
 როგორ ელაპარაკება პუბლიკას, სულ ვფიქრობ ხოლმე,
რომ ნამდვილად ბედნიერი ქალია.
და საერთოდაც, ინდივიდუალიზმი, გულწრფელობა
და მსგავსი ამბები კარგი რამეა.

ამდენი ხალხი არტ-ტენის არცერთ კონცერტზე არ მინახავს.



ეს კიდე სულ სხვა ლაივის ჩანაწერია, მაგრამ კარგია. ამიტომაც იყოს. მაინც  გადარეული სიარულების დრო მაქვს და თემასთანაც ახლოს იქნება.