Saturday, March 12, 2011

ნებადართული იმედების ნუსხა და უღიმღამო მოვალეობების უსასრულო რიგი

"თუ იაპონელი ქალი აღტაცების ღირსია, - და იგი უეჭველად ღირსია, - ეს იმიტომ რომ თავს არ იკლავს. იმ ასაკიდანვე, როცა იგი ჯერ კიდევ ერთი ციცქნა ბავშვია, ყველანი მისი იდეალების წინააღმდეგ არიან შეთქმულნი და თავში უჭედავენ, რომ შიგ მაგრად ჩაეკიროს: "თუ ოცდახუთისა გათხოვილი არ იქნები, სამარცხვინოა", "თუ იცინი, გაუზრდელი იქნები," "თუ სახეზე განცდა გახატია,ხეპრე იქნები", თუ შენი სხეულის ბალანს ახსენებ, ბილწი იქნები", "თუ ვაჟმა ხალხის თვალწინ ლოყაზე გაკოცა, კახპა იქნები", "თუ ჭამა გიყვარს, ძროხა ხარ", "თუ ძილი გიყვარს, ღორი ხარ", და ა.შ.
 ეს შეგონებები სასაცილო იქნებოდა, გონებაში რომ არ იბეჭდებოდეს.

რადგან დოგმათა ეს დომხალი, საბოლოო ჯამში, ერთ სულისკვეთებად მთლიანდება,  იაპონელ ქალს წინ სასიხარულო აღარაფერი უნდა ეიმედებოდეს: არ აღგეძრას სიამეთა იმედი, რადგან შენი სიამაყე არარად გაქცევს. არ აღგეძრას სიყვარულის იმედი, რადგან ამად არ ღირხარ. თუ ვინმეს შეუყვარდები, მხოლოდ იმის გამო შეუყვარდები, ზმანებით რაცა ხარ, არასოდეს იმისთვის, რაც მართლა ხარ. ნუ აღიძრავ იმედს, რომ ცხოვრება რამეს მოგიტანს, რადგან ყოველი ჩავლილი წელი რაღაცას წაგართმევს. ისეთი მცირედის იმედსაც ნუ აღიძრავ, როგორიცაა სიმშვიდე, რადგან არავითარი საბაბი არა გაქვს, თავი დაიწყნარო.

აღიძარ შრომის იმედი. მართალია, შენი ქალობის გამო ძალიან მაღლაც ვერ ახვალ, მაგრამ აღიძარ იმედი, საქმეს ემსახურო.შრომით ფულს მოიხვეჭ, რომელიც მართალია ვერანაირ სიხარულს ვერ მოგიტანს, მაგრამ ზოგ რამეს გაგიადვილებს, მაგალითად გათხოვებას, - რადგან ისეთი სულელიც არ იქნები, დაიჯერო, რომ ვინმეს მართლა შენი ღირსებისთვის უნდიხარ.

გარდა ამისა, ნება გაქვს, იქონიო იმის იმედი, რომ სიბერეს მიატან, რაც თავისთავად დიდად საშურიც არ არის, და კიდევ იმის იმედი, რომ პატივაყრილი აღარასოდეს შეიქნები, რაც ასე თუ ისე, მიზანია .
აქ წყდება ნებადართული იმედების ნუსხა.

აქვე იწყება შენი უღიმღამო მოვალეობების უსასრულო რიგი.

შენი სახელი უმწიკვლო უნდა იყოს იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს მცირე რამ არ არის. შენი შეუბრალავი სახელი არაფერს მოგიტანს იმის გარდა, რომ შეუბღალავი სახელი გექნება, რაც სიამაყით ვერ აღგავსებს, მით უმეტეს - სიამით.

მე ვერასოდეს შევძლებ, ჩამოვთვალო ყველა მოვალეობა, რადგან არ არსებობს შენს ცხოვრებაში ისეთი წუთი, რომელიც ერთ-ერთი ამ მოვალოებით არ იქნება ზღვარდადებული. მაშინაც კი, როცა საპირფარეშოში ხარ განმარტოებული, რომ შარდის ბუშტს შვება მისცე, ვალდებული ხარ, ფხიზლად ადევნო თვალყური, ვერავინ გაიგოს შენი რუს რაკრაკი: ამისთვის ვალდებული ხარ, წყალი მალ-მალე ჩამოუშვა.

ეს შემთხვევა მხოლოდ იმისთვის გავიხსენე, მინდა შეგაგნებინო, თუ შენი არსებობის ასეთი ინტიმური და უმნიშვნელო მხარეც კი  აკრძალვებს ექვემდებარება, დროა დაფიქრდე ამ აკრძალვათა ყოვლისმომცველობაზე, მთელ ცხოვრებას რომ  ასე მკაცრად გისაზღვრავს.

გშია? - მხოლოს ცოტა წაციცქნე, რადგან ტანთხელი უნდა იყო. იმ სიამოვნების გამო კი არა, ქუჩაში შენს სილუეტს თვალი გამოაყოლონ, ამას არავინ გააკეთებს, - არამედ იმის გამო, რომ სირცხვილია, დუნდულები გითახთახებდეს.

შენ ლამაზი უნდა იყო. თუ ამას მიაღწევ, სილამაზე არავითარ შვებას არ მოგიტანს, ქათინაურით მხოლოდ დასავლელები  შეგამკობენ. არადა, ჩვენ ხომ ვიცით, როგორ აკლია მათ გემოვნებას დახვეწილობა. თუკი სარკეში საკუთარი სილამაზით მოიხიბლები, დაე, ამან უფრო შიში აღგიძრას, ვიდრე სიამოვნება: რადგან სილამაზემ სხვა რა შეიძლება მოგიტანოს, თუ არა, მისი დაკარგვით გამოწვეული შეძრწუნება?

თუ ყმაწვილი და ლამაზი ქალი ხარ, არ იქნები არაფერი;
თუ ულამაზო ხარ, არაფერზე უფრო არაფერი იქნები;
შენი ვალია, გათხოვდე;
გიჯობს, თუ 25-მდე მოასწრებ, რადგან ეს შენი ჩამოწერის ასაკია. შენი ქმარი სიყვარულს არ მოგანიჭებს, მართლა რეგვენი თუ არ არის. ხოლო რეგვენისაგან მონიჭებული სიყვარული, დიდი ვერაფერი ბედნიერებაა. ასე იქნება თუ ისე იქნება, ეყვარები თუ არ ეყვარები, შენ ვერ დაინახავ. ქანცგამოლეული, ხშირად, სულაც ნასვამი, შინ ღამის 2 საათზე დაბრუნდება და ცოლქმრულ საწოლში ჩაეგდება, რომელსაც დილის 6-ზე სიტყვის უთქმელად დატოვებს.

შენი ვალია, შვილები იყოლიო, რომელთაც 3 წლამდე ისე  მოეპყრობი, როგორც ცით მოვლენილ ღვთაებებს, მერე შენივე ხელით ცივად მოისვრი სამოთხიდან და სამხედრო მწყობრში ჩააყენებ, სადაც ჯერ 3-იდან 18 წლამდე იმსახურებენ, მერე 25 წლიდან სიკვლიდამდე.
შენ ვალდებული ხარ, სიცოცხლე აჩუქო არსებებს, რომლებიც მით უფრო უბედურნი იქნებიან, რაც უფრო მაგრად ჩაუჭედავენ სიცოცხლის პირველ წლებში, რომ ბედნიერება შესაძლებელია.

შენ ეს შემზარავი გგონია?
პირველი არა ხარ, ვინც ამ აზრამდე მივიდა. შენი მსგავსნი ასე ფიქრობენ 1960 წლიდან. მაგრამ ხომ ნახე, აქედან არაფერი გამოდის. ბევრი იმათგანი აჯანყდა და ვინ იცის, იქნებ შენც აჯანყდე, როცა ცხოვრებაში ერთადერთხელ, 18-სა  და 25 წლებს შორის, თავისუფალი დრო შენც გექნება. 25-სა უეცრად აღმოაჩენ, რომ გათხოვილი არა ხარ და შეგრცხვება.

შეეშვები ექსცენტრულ ჩაცმულობას და სადად გამოეწყობი. დაივიწყებ შენს თეთრ, მოტმასნილ წინდებსა და გროტესკულ მაშიებს, შენი სწორი და მშვენიერი თმა, რომელიმე უღიმღამო "ბრაშინგს" დაემორჩილება და იმითაც კმაყოფილი დარჩები, თუკი ვინმეს - ქმარი იქნება თუ თანამშრომელი - შენი სურვილი აღეძვრება.

თუ სიყვარულით გათხოვდები, რაც ნაკლებ მოსალოდნელია, კიდე უფრო უბედური იქნები, რადგან ქმრის ტანჯვას დაინახავ. შენთვისვე ჯობია, თუ ქმარი არ გეყვარება: ეს საშუალებას მოგცემს, გულგრილად უყურო მისი იდეალების მსხვრევას, თუ კიდე შემორჩენია, ვთქვათ, იმედი ჰქონდა, რომ ქალს ეყვარებოდა, არადა, სულ მალე დარწმუნდება, რომ შენ ის არ გიყვარს. როგორ შეგეძლება, შეგიყვარდეს ვინმე, როცა შენი გული გაქვავებულია, შიგ იმდენი რამე ჩაგიკირეს. 

მეტისმეტად ანგარიშიანი ბრძანდები საიმისოდ, რომ ვინმეს შეყვარება შეძლო.
თუ მაინც შეგიყვარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აღზრდა დაუკლიათ. გათხოვების პირველ დღეებში ქმართან სიყვარულობანას გაითამაშებ. ჭეშმარიტად ქალი ვერ შეგედრება თავის მოჩვენების ხელოვნებაში.

შენი ვალია, სხვას შეეწირო.ოღონდ, ნუ წარმოიდგენ, რომ თავის შეწირვით ვინმეს ბედნიერებას მოუტან. ეს მხოლოდ იმის ნებას მისცემს, შენს გამო არ გაწითლდეს; არ არსებობს, არავითარი შესაძლებლობა, ბედნიერი გახდე, ან ვინმე გააბედნიერო.

მაგრამ თუ მოხდება სასწაული და ბედი რომელიმე მაგ აკრძალვას აგარიდებს, არამც და არამც არ დაასკვნა, ვითომ გაიმარჯვე: დაასკვენი, რომ ცდები. თუმცა თვითონაც სულ მალე მიხვდები ამას, რადგან შენი გამარჯვების ილუზია მხოლოდ დროებითი იქნება.

სიხარულის წამი ნუ შეგაცდენს, არ აყვე დასავლელებს, ისინი ანგარიშში ტყუვდებიან. წამი არაფერია.
შენი სიცოცხლე არაფერია.
10 000 წელზე ნაკლები დრო სათვალავში ჩასაგდები არ არის.

 თუ იმის ცოდნა, რომ ჭკუა-გონებით მამაკაცზე ნაკლებად არ ითვლები, რაიმე ნუგეშს მოგიტანს, დაე ეს იცოდე. შენ ბრწყინვალე ხარ. რაც ყველასათვის ნათელია. მათი ჩათვლით, ვინც ასე მდაბლად გეპყრობა. მაგრამ ამაზე დაფიქრებამ, განა შეიძლება ნუგეში მოგიტანოს?

მართლა უფრო უღირს არსებად რომ ითვლებოდე, შენი ჯოჯოხეთი გასაგები იქნებოდა, შეგეძლებოდა, ლოგიკის ყველა წესის დაცვით დაგემტკიცებინა შენი გონებრივი სრულყოფილება და შენს დღევანდელ ადგილს არ დასჯერებოდი.

არადა, მათ იციან, რომ მათი სწორი ხარ. თუ კიდევ უკეთესი არა. შენი ჯოჯოხეთი ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იქიდან გამოსასვლელი ყველა გზა მოჭრილია. 

არა, ერთი გზა მაინც არსებობს, იგი ერთადერთია, მაგრამ შენ ნება გაქვს, მაგ გზაზე შედგომისა, თუ არ გაბრიყვდები და ქრისტიანობას არ ეზიარები, ნება გაქვს თავი მოიკლა. ჩვენ კი ვიცით, რომ იაპონიაში ეს აქტი ყოვლად ღირსეული ქმედებაა. ოღონდ, არ ირწმუნო, რომ იქ, იმ ქვეყნად, სიმპატიური დასავლელებისაგან აღწერილი  მხიარული სამოთხეები გელოდება. არაფერი განსაკუთრებული იქ, იმ ქვეყნად, არ დაგხვდება. სამაგიეროდ, იმაზე შეგიძლია იფიქრო, ამ ნაბიჯის გადადგმა რისთვის გიღირს: სახელზე იფიქრო, შენი სიკდილით რომ დატოვებ. თუ თავს მოიკლავ, შენი სახელი გაბრწყინდება და შენი ახლობლები იამაყებენ შენით. გამორჩეულ ადგილს დაიკავებ საოჯახო აკლდამაში. აი აქ არის ის უზენაესი იმედი, რაზედაც ცოცხალმა არსებამ შეიძლება იოცნებოს.

ცხადია, შეგიძლია ცხოვრება თავის მოკვლით არ დაასრულო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ადრე იქნება თუ გვიან, საცდური დაგძლევს და სახელი რითიმე შეგებრალება: ან საყვარელს გაიჩენ, ან მუცელს გაილაღებ, ან გაზულუქდები, - რას გაიგებ, რა მოხდება?
ყველანი მოწმენი ვართ, რომ ადმიანს, ქალს განსაკუთრებით უჭირს დიდხნობით ისე ცხოვრება, რომელიმე ხორციელ საცდურს არ მინებდეს. ჩვენი უნდოლობა ამ სიამოვნებათა  მიმართ პურიტანიზმით არ არის გამოწყვეული.
შიორს ჩვენგან ამერიკელთა ამგვარი აკვიატება.

ჭეშმარიტად გვიჯობს, ნუ ავყვებით ხორციელ წადილს, თორემ ოფლიანობა იცის. ოფლზე სამარცხვინო კი არაფერია.  როცა ოხშივარადენილ ატრიას შეექცევი დიდ-დიდ ლუკმებად, ანდა გაშმაგებულ სიყვარულს ეძლევი, ან კიდევ ზამთარში თვლემა მორეული ზიხარ გავარვარებულ ღუმელთან, აუცილებლად ოფლი დაგდინდება და აღარავის შეეპარება ეჭვი, რომ ვულგარული ხარ.

თვითმკვლელობა თუ ოფლიანობა?

წამით არ შეგაყოვნის მაგ არჩევანმა. რამდენადაც საკუთარი სისხლის დაღვრაა დიდებული რამ, იმდენად ოფლად გაღვრაა შესაზიზღარი.თუ სიკვდილს არჩევ, ოფლად აღარასოდეს გაიღვრები და შენი ტანჯვა-ვაება სამუდამოდ დასრულდება. 


არც იაპონელი მამაკაცის ხვედრი მგონია ბევრად სახარბიელო.
იქნებ პირიქითაც იყოს. ქალს ის მაინც შეუძლია, გათხოვებისთანავე წავიდეს იაპონური კომპანიიდან, დროზე გაასწროს ამ ჯოჯოხეთს. დროზე წასვლაც, თავისთავად, უვკე  რაღაც მიზანია.
მაგრამ იაპონელ მამაკაცს, სულს არავინ უხუთავს. მასში იდეალის ყოველგვარი კვალი სიყრმეშივე არ წაშლილა. ადამიანის ერთი უმთავრესი უფლება მან შეინარჩუნა. ოცნებისა და იმედისა. და ხშირად იყენებს კიდეცავ ამ უფლებას: ქიმერულ სამყაროებს იგონებს, სადავ თავისუფალია და თვითონვეა მბრძანებელი.

იაპონელ  ქალს, თუ კარგად არის აღზრდილი, ასეთი თავშესაფარი არ გააჩნია. უმრავლესობა კი კარგად არის აღზრდილი.
მას წარკვეთეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს  ერთი ძირითადი უნარი. ამიტომაა, დიდ აღფრთოვანებას რომ ვუცხადებ ყოველ იაპონელ ქალს, რომელსაც თავი არ მოუკლავს. სიცოცხლის შენარჩუნება მისი მხრიდან წინააღმდეგობისა და გაბედულების აქტია, რომელიც ისეთივე უანგაროა, როგორც დიადი."

პ.ს. ეს ნაწყვეტია ამელი ნოტომის წიგნიდან - "კრძალვითა და ცახცახით", რამდენიმე დღის წინ ჩემს სამსახურში ვიღაცამ ვიღაცას მოუტანა.
მერე ირაკლიმ წაიკითხა და იაპონია ცუდი ქვეყანააო. 


მე ამელი ნოტომზე დიდად ვერ ვეფეთები. მგონია რომ ძალიან უნდა აუტანელი გოგო იყოს, ნერვებისმომშლელად რეალისტური დიალოგები კარგად გამოდიოდეს და ამისთვის მსოფლიოს უყვარდეს. 
უფრო სწორად, ლიტერატურის მაგივრად იმ რეალობას გვატენის, რომელსაც გზადაგზა ვაიგნორებთ, ფორმას ვუცვლით და ისე უფრო რომ მარტივია, იმ ცხოვრებით ვცხოვრობთ.


მაგრამ ეგ იქით. 


საინფორმაციოს რომ ვუსმედით და მე ავწუწუნდი, აი, სულ რომ დაუცველობის განცდა მაქვს, ტყუილად კი  არ მაქვს, კაცმა არ იცის, როდის რა მოგკლავს თქო, ირაკლიმ, თან ეს წიგნიც ხომ ახლა წავიკითხე და იაპონია ვლანძღე, ასეთ მოკლე დროში დამთხვევები კარგი არ არისო.


წამოვიღე და დღეს  დილას საწოლშივე წავიკითხე. 
იაპონია იქით და მთელი ეს ამბები მხოლოდ იმიტომაა ცუდი, რომ მარტო იქ არ ხდება, ყველგან ხდება ან შეიძლება მოხდეს. ან რა მნიშვნელობა აქვს, იაპონიაში ვიღაცა იოკოტო მოკვდება თუ თბილისში ნასტასია. ცუნამი ცუნამია და რადიაცია რადიაცია/ 


მერე დავდივარ მე ამ ჩემი დაუცველობის განცდით და მგონია რომ ბედნიერებებსაც, ყურადღებებსაც, შაბათ დილებსაც და პარასკევ საღამოებსაც გემო უკვე გამოაცალა რადიაციამ, სულელურმა საზოგადოებრივმა აზრებმა და ათასმა სხვა ჯანდაბამ.


და სულაც არ ვიცი, გძე ტი დრუგ მოი, რატომ არ გინდა რომ შენც იფიქრო ბენდიერებებზე, მზიან შაბათებსა და სულელურ წესებზე, არაფერთან დაკავშირებით რომ ვიგონებთ ადამიანები.


ა ტი, დრუგ მოი, უნდა იცოდე, რომ ის მაინც უნდა შეცვალო, რისი შეცვლაც შეგიძლია, თორემ გლობალურ კატაკლიზმებზე ლაპარაკიც არ ღირს, მაინც ვერაფერს გახდები.


ა ტი დრუგ მოი, რა საჭიროა იმაზე ლაპარაკი, რაც ისედაც ცხადია და რა ცუდია, რომ საჭიროა შეგახსენო:  მე ჯერ კიდევ  არ ვარ გლობალური და თუ კატაკლიზმებზე ლაპარაკი სისულელეა, მოდი და ჩვენზე მელაპარაკე.