Thursday, January 27, 2011

ცუდი ამბების კორექტულად მოყოლის ესთეტიკა

ვერაფრით ვერ დავაფიქსირე, როდის ისწავლეს ჩემმა ნაცნობებმა, მეგობრებმა და შემთხვევითმა გამვლელებმა ცუდი ამბების ისე კორექტულად მოყოლა და შეტყობინება, რომ მათი კორექტულობით გული ამიჩუყდეს და ლამის მადლობაც კი გადავიხადო, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო.

ფაქტია ისწავლეს, მე კიდევ ამ ბოლოს სულ უფრო და უფრო ნაკლებ რამეს ვაფიქსირებ და როდესმე, როცა ბევრი ან ცოტა დრო გავა, ამ პერიოდს აუცილებლად გავიხსენებ, როგორც ყველაზე მუქ ლურჯ პერიოდს, განუწყვეტელი ყავის სმით, ფრანსუა ოზონის ფილმებით, ამოჩემებული ილუსტრატორებით, შავ-თეთრის ფოტოების კოლექციებით და საშინლად დიდი ყურსასმენებით, როცა  სამსახურში მხოლოდ იმიტომ დავდიოდი, რომ ნაკლები დრო დამრჩენოდა სისულელეებისთვის და უფრო გათიშული ვყოფილიყავი. აქ  სრული უფლება მაქვს ყოვლად ინდიფერენტული ვიყო და მინიმუმამდე დავიყვანო კონტაქტები. იდეალური კომპანიაა, იმას კი არ გავს, სადაც ასე მინდოდა გადასვლა. 

მერე ალბათ აღვნიშნავ, რომ მაშინ ყველაზე მეტად მიჭირდა კონცენტრაცია და იმაზე უფრო მგზნებარედ ფრაგმენტული ვიყავი, ვიდრე როდესმე და სულ არ ქონდა მნიშვნელობა, ტკბილი ნოემბერი რომ წინა წელში დარჩა, მოულოდნელად კარგი საღამოები მოულოდნელადვე ამოიწურა, და იმ სამივე სურვილმა, წინა წლის მიწურულში ყველაზე მკვერთად განსაზღვრულად რომ მინდოდა, არსებობის უფლება დაკარგა.  გუშინ გვიან ღამე სულ ბოლოსაც ვადა გაუვიდა.მე სრულიად მოულოდნელად ამტკივდა თავი და დღეს იმაზე გვიანობამდე მეძინა, ვიდრე ჩვეულებრივ.

სამაგიეროდ, გუშინ გვიან ღამით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვისმენდი რომ ყოველგვარ მოლოდინს გადავაჭარბე, დასანანია რომ აქამდე  არ იცოდნენ ჩემი ჯანსაღი დამოკიდებულებების და სწორი ხედვების შესახებ არაფერი, და მეტიც, სრულიად წარმოუდგენელი და უცნაური,  მაგათ ცხვირწინ ვიზრდებოდი და როგორ ვერ შენიშნეს.

მე გული ამიჩუყდა და სულ ვეღარ ვუთხარი, ადამიანებო, აბა მე რა ვიცი, თქვენ მაინც რაღა გჭირთ და რატო ვერ ამჩნევთ იმას, რისი შემჩნევაც შეუმჩნევლობაზე უკეთესი იქნებოდათქო.  სულელური მადლობების წყება გადავიხადე და პირობა დავდე, არასატელეფონო საუბრებისთვისაც აუცილებლად შემოგივლითთქო. ეს ხასიათი თუ რამდენიმე დღეს შემრჩა, შევუვლი კიდეც და სულ არ გამიკვირდება, მერე თუ იტყვიან, ეს ბავშვი ნამდვილი არანორმალურია. სრულიად გაურკვეველი პრინციეპებით ისე ცხოვრობს, ვითომც აქ არაფერიო.

სამი გამოცდა დამრჩა და იმის მოფიქრება, ბაკურიანი ჯობია არდადეგებისთვის თუ ბათუმი. თან მარტო წასვლაც არ მინდა, არადა, ისე არანორმალურად მჭირდება დასვენება, როგორც როგორც წესი ნოემბრის ბოლო დღეებში მჭირდება ხოლმე.
თან მეშინია, სადმე რომ წავალ და უკან დავბრუნდები, ხომ ყველაფერი ისევე დამხვდება, როგორც ახლაა და მერე უფრო ცუდი იქნება მთელი ეს კორექტულად მოყოლილი ცუდი ამბები. მე კიდე სულ მინდა მთელი ეგ სისულელეები, სადმე უგზო-უკვლო წანწალის წამოწყების იდეით ვარ შეპყრობილი. 
გამიზარდე რა ბოს ხელფასი, უფრო სწრაფად რომ ვიყიდო რაიმე ჯიშის ბილეთი

ღმერთო ჩემო, ისეთი უცნაურია მთელი ეს ამბები, გაგიჟება შეიძლება.

p.s.არც კი იფიქროთ, რომ წუწუნის მეტს არაფერს ვაკეთებ და ყოვლად აუტანელი გოგო ვარ. ყველა ჭირი თუ ერთად დაგატყდათ თავს, შესაძლოა თქვენ ჩემზე ბევრად აუტანლები გახდეთ.

Monday, January 24, 2011

გაფუჭებული ტელეფონი

სხვებს ვინ ჩივის, საკუთარ თავებს საკუთარი თავების შესახებ ამბებს ისე არა არასწორად ვუყვებით, გაგიჟება შეიძლება.

ნეტა როგორი იქნები, ჩემო ფსიქოლოგო, ზუსტად 2 კვირაში რომ მოგაკითხავ.

ცუდი თამაშია ეს გაფუჭებული ტელეფონი, მაგას ისევ  ამის პატრონმა რა ქნას ჯობია.

და საერთოდ, ძილი კი სასიამოვნო პროცესია, მაგრამ სულაც არ  არის გამოსავალი, როდესმე აუცილებლად მოგიწევს გაღვიძება და რაიმე თამაშის თამაში.

ხოოდა ასე, არანაირ ამბებსაც აღარ მოგიყვები ჩემო ტკბილო ნასტასია.

Wednesday, January 19, 2011

მზევ შინ შემოდი

ეს სურათი უძველესია. მე კიდევ
ისეთი მსუქანმკლავებიანი,
სინდისი რო მქონდეს, წავშლიდი.
ამ დროს მე მიყვარს.
ტომუშკამ მე ვხედავ მზეს და თქვენც დაინახეთ, თუ კაი ხალხი ხართო.

რატომაც არა თქო, მაგრამ მერე ვიფიქრე, ისედაც  არეული პერიოდი მაქვს, კონცენტრაცია მიჭირს, გაღვიძება მიჭირს, ყურადღების მოკრეფა მიჭირს, რა დროს მზეა, თან ხალხი თოვლს უფრო ნატრობს, ვიდრე მზეს თქო.

მერე ვიფიქრე, ამ ბლოგზე სულაც და სულაც აღარაფერს აღარ დავწერ და თვითგამოხატვის სხვა გზას ვიპოვი, ისედაც საკმარისი ვწერე, როდესმე ხომ ყველაფერი მთავრდება თქო.

მერე არაფერიც აღარ ვიფიქრე, ავდექი და ამ პოსტის წერა დავიწყე.მზის და პოზიტივების ხათრით, შიგადაშიგ პოზიტივებს გამოვთლი და სხვენზე შემოვაწყობ ხოლმე.


პარასკევი:
  • თმა კიდევ ერთხელ შევიღებე და უფრო წითელია. თმების შემღებავმა აზა დეიდამ პავლიაშვილის მოსკოვის ბინის ფოტოები იძულების წესით დამათვალიერებინა, სამაგიეროდ მითხრა, ჯანსაღი თმა გაქვსო. ძალიანაც კარგი.
  • მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ისე ვიჯექით, როგორც რეანიმაციაში სხედან ხოლმე, სანამ ვინმე ძალიან ახლობელი კვდება და მე ჯერ კიდევ ვერ გავიგე, მთელი ეს ამბავი კარგია თუ ცუდი,იმ საღამოს  გემრიელად ვიტირე და ხომ სისულელეა, მაგრამ რაღაცნაირად კარგი იყო.  ემოციების დაბლოკვა ცუდი ამბავია, მე კიდევ  იმდენი ხანი მეგონა, რომ  ნამდვილ ნასტასიას არ უნდა ეტირა. სულაც არ არის ეგრე. თუ რაღაც შენთვის მნიშვნელოვანი სულელურად მთავრდება, ისე რომ ვერ იგებ, მარტო შენთვის იყო მთელი ეს ამბები მნიშვნელოვანი თუ კიდევ ვინმესთვის დედამიწის ზურგზე, როცა ვერ ხვდები რატომ ზიხარ ასე, თითქოს ვინმე რეანიმაციაში გიკვდებოდეს, ზუსტადაც რო უნდა იტირო.
შაბათი: 
რეკომენდირებული საკითხავი
დილას სავარაუდოდ გვიანობამდე მეძინა. მერე ავისხი გუდა ნაბადი კი არადა, ლეპტოპი,  საჯაროს საშვი, თერმოსით ყავა და გემრიელი ზღაპრები ვიკითხე საღამომდე.

ნატამ თქვა, საჯარო ისევ ის მგონია, კატალოგები რომ იყო და გათბობა მხოლოდ ქართველოლოგიის დარბაზში იყოო. მაშინ აბა რომელი ერთი ვიოცნებებდით ინტერნეტსა და ციფრულ კატალოგებზეო. იმის მერე სულ რამდენიმე წელი გავიდა.

მე მაშინ ზღაპრებს არ ვკითხულობდი, ნატას ბავშვი არ ყავდა და ერთმანეთისთვის ბევრად მეტი დრო გვქონდა.
სამაგიეროდ, ასე ზუსტად არ ვიცოდი, რომ ხშირად ნახვების და სხვადასხვა ცხოვრების სტილის მიუხედავად მაინც ასე მიყვარდა.

კვირა:

  • ძველი ტელეფონი უმოკლეს დროში ნორმალურ ფასად გავყიდე ვიღაც ემიგრანტზე. ყავის სანაცვლოდ მომიყვა ოკეანის კუნძულებზე საფრანგეთის ლეგიონის მოღვაწეობის ამბებს, აფრიკაში მსახურობის სირთულეებს და კიდე იმ ემიგრანტულ ამბებს, ყველა ერთმანეთს რომ გავს.მე მაინც გული მიჩუყდება მაგ დებილი ამბების მოსმენისას და ჩემი ყველაზე დეპრესიული წელი მახსენდება ხოლმე.
  • 2 ახალი სათვალე, 2 ახალი ჟაკეტი, დიდი და გრანდიოზული ყურსასმენები  და მაქმანებიანი თეთრეული ვიყიდე. იმდენი ხანია საყიდლებს ვგეგმავდი და სულ მეზარებოდა. ყველაფერი მომწონს. სანდრომ თქვა, მთელი ტელეფონის ფულით ყურსასმენები უნდა გეყიდა და მერე იქნებოდი მაგარიო, მაგრამ სად ესმით კაცებს რომ ქალებს ბევრი გასართობი და სისულელე  ერთად ჭირდებათ. ასე რომ საყიდლები გენიალური იყო.საღამოს კონცერტზე ვიყავით.
  •  პირველად ცხოვრებაში ნამდვილი იაპონელი მუსიკოსების კონცერტზე. კონცერტი ნარმალნო, სამაგიეროდ ჩვენ წინ ვიღაც წყვილი ცეკვავდა ისე, ლოგიკური იყო ადრე რომ წამოვედით. როცა ჩემი საკუთარი ამბები არ მაკმაყოფილებს, სულაც არ არის გადასარევი ვიღაც შემთხვევით გადაყრილების უადგილო ბედნიერებები. ყოველ შემთხვევაში მაშინ ეგრე ვიფიქრე.

ორშაბათი
მეგონა, რომ ლექტორების გულისხმიერების მეტი დიდი არაფერი მექნებოდა აღსანიშნი.
მერე ბაბისა ვნახე და კიდე მერე აღმოჩნდა, რომ პლიუს ერთი ბიძაშვილი მეყოლა.
მამა მთელი საღამო იძახდა, ჩვენ გვარში 5 შვილი მგონი არავის ყოლიაო.

მე კიდევ  სინდისი მქენჯნიდა, რომ ბავშვები რაც მეტია, სიხარული ნაკლებია. და საერთოდ, რაღაცას რომ არ ელოდები და ისე მოდის, ზედმეტი ვნებათაღელვების გარეშე, ჩვეულებრივი მოვლენა გგონია. 
რაღაცეები სულ რომ ხდება, ეჩვევი და აღარ გიხარია და საერთოდ,
ამ პაწაწუნა, 2 კილო და 200 გრამ, 48 სანტიმეტრიან არსენებას სულ არ ადარდებს, მეხუთეა თუ პირველი. მერე კიდე ალბათ ადგება და კაი ტიპი გაიზრდება და ჩვენც ჩვეულებრივად შეგვიყვარდება.ვინ იცის, ჩვენ რო ბებრები ვიქნებით და ეგ ახალგაზრდა, იქნებ აღვფრთოვანდეთ კიდეც. 23 წელი კაი დიდი სხვაობაა.
კი, 23 წლის მერე მე ნამდვილად სოლიდური ასაკი მექნება.
მერე ალბათ ასე მტკიცედ აღარ მექნება გადაწყვეტილი, რომ ან ჩვეულებრივ არ უნდა მოხდე, ან კაი ტიპი უნდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები, იმისთვის რომ გარშემომყოფებს სიყვარულის მეტი გზა არ დაუტოვო. კაია სოლიდური ასაკი, მკვეთრი მიჯნები უნდა იშლებოდეს წესით.
სოლიდურ ასაკში ჩვეულებრივ შეგიძლია მოხდე.ახლა არა. რა წესია.


სამშაბათი
როგორც იქნა დავამთავრე რაღაც მორეფერატო და დავტოვე კათედრაზე. საშინლად უკმაყოფილო ვარ, ბევრად უკეთესი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ ეგრეა, სამსახური და სწავლა და არანაირი თავისუფალი დრო ერთად.

სამსახურში საქმეებს მალე მოვრჩი და "ბავშვები" ვნახე.
ბავშვები ძველი კარგი მეგობრების განსაკუთრებით ალერსიანი სახელია. მე მიყვარს რომ რაც დრო გადის ინდივიდუალიზმის დონე იმატებს და გასაცვლელი ამბებიც უფრო საინტერესო და ნაკლებ სავარაუდოა.
ხოოდა, მერე რა რომ უფრო და უფრო ნაკლები დრო გვაქვს ერთმანეთისთვის, სამაგიეროდ, ერთმანეთი გვყვავს.


შემდეგ პოზიტივებამდე.
მე ვხედავ მზეს კი არადა, მზევ შინ შემოდი რომ ერქვას ამ პროექტს, უფრო მომეწონებოდა.
ხოოდა, ამ პოსტს თუ დაუჯერებ, ყოველდღე სხვადასხვა განწყობები მქონია.

Thursday, January 13, 2011

ხანმოკლეობამდე და ხანმოკლეობების შემდეგ ამბები

Dancers. Ballet Errante ,1933 by Ilse Bing *
ღმერთო ჩემო, წინა პოსტი რომ გამოვაქვეყნე და იმის წინაც, მივხვდი, რომ ძალიან სისულელეა, თოვლებსა და ფრანგ მომღერალ ქალებზე წერა.
ამასობაში შეიძლება რამე ისეთი ხდება, რაც 800ჯერ მნიშვნელოვანია, შენ კიდევ დგახარ და ფრანგ ქალებზე წერ.

ბოლო ფილმის ყურების შემდეგ კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ სისულელეა საათნახევარში ჩატეული დაწურული კადრებით საკუთარი თავის დადოპინგება.

უელბეკის ”პლატფორმის” მეორე ნაწილის  ბოლოს მივხვდი, რომ წიგნებიც მხოლოდ ჩემ დეპრესიულ ფონს ამძაფრებენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიდასტურებენ, კაცები, რომლებიც საკუთარი ან შენი  ბედნიერებისთვის ოდნავ მაინც ხელს გაანძრევენ, უბრალოდ, არ არსებობენ.
ისინი კარგა ხნის წინ გაურკვეველი მიზეზების გამო გაზარმაცდნენ და შენ ამ მთელი ფრანგი მომღერლებით, წაკითხული და წასაკითხი წიგნებით და ნანახი და უნახავი ფილმებით, მხოლოდ საკუთარ თავს თუ დაადოპინგებ, მეტს ვერაფერს შეცვლი. იმიტომ რომ გაზარმაცებულები გაზარმაცებულად და შენც დიდი ვერაფერი შვილი ხარ და შენც არაფრის შეცვლა შეგიძლია.


ვიღაცა პროსტა მარიასავით საზღვარგარეთ გადაცხოვრებაზე ფიქრი შენი საქმე არის, ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება, მით უფრო და დაქალების წრეში ყავის გარშემოც ეგეთი ამბების განხილვა როგორც წესი, სისულელეა.

(სრულიად არასაჭირო ჩანართი: პროსტა მარია მარტო ის არ არის, ბავშვობაში რომ იყო,  გელა ჩქვანავას ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟია. გელა კაი მწერალია, უბრალოდ, ბოლო მომიღო მთელი შაბათ-კვირა. აშკარად არ ვიყავი აფხაზეთის თემატიკაზე დაწერილი დაუმთავრებელი ამბების კითხვის ხასიათზე.)

თამბლერზე იდეალური ცხოვრების ფოტორობოტის შედგენაც სისულელეა.
 უბრალოდ, უკვე ჩვევაში მაქვს გადასული და აი, ბავშვებს რომ უყვებიან ხოლმე ძილის წინ ბედნიერ ამბებს და ისე აძინებენ, ეგ მჭირს მეც. ვდგავარ და საკუთარ თავს ძილის წინ ბედნიერ ილუსტრაციებს ვაჩვენებ.
ისე მინდა უძილობის პერიოდები არ  დამეწყოს და საძილე პრეპარატებზე დამოკიდებული არ გავხდე.

საერთოდ, დამოკიდებულებები კოშმარია.
არადა, მაგათ გარეშე, ასე ფილმებსა და თამბლერის სურათებს შორის ხარ გამოკიდებული  და ეგეც  ისეთი  კატასტროფაა.

Tanz, 1925 by Riebicke
აი, ბაბისა, ამბობს ხოლმე, ღმერთო, რა მარტივია ჩემი სურვილებიო და მართალიც არის.
ჩემი სურვილებიც მარტივია.იმდენად მარტივი, რომ თამბლერის გვერდებზეც კი ეტევა და სულ მგონია თხოვნის გარეშეც კი უნდა მისრულდებოდეს.

რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ მივხვდი, რომ სიზმრები, რომლებსაც ვნახულობ და არ მავიწყდება, როდესმე ახლო მომავალში აუცილებლად მიხდება ხოლმე. სულაც არ შევშინებულვარ, დიდი ამბავი, ისედაც კაი ხნის ამერია, რა მართლა ხდება და რა მე მგონია რომ ხდება.

ახლაც ისე მინდა მთელი ეს ჩემი ”მგონიები” ჩემი ილუზიები იყოს, ან სიზმრები, რომლებიც დამავიწყდა და არასოდეს ამიხდება. 


მერე ისე მინდა ბლოგის მაგივრად დედამიწის ზურგზე ყველაზე გულახდილი წიგნის წერა დავიწყო და ყველაზე ნამდვილი ამბების მოყოლით ბეტსელერის ავტორი გავხდე სავარაუდოდ 26 წლის ასაკში და ყველა იმ წიგნს, ფილმს და ა.შ ამბებს ოდნავ გვერდიდან შევხედო, ამ და სხვა ღამეებზე ასეთ გავლენას რომ ახდენენ.
მერე ცოტა ხანს მაინც მეგონება, რომ ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინდა და ის ვთქვი, რაც სულ უნდა მექნა, წიგნის დაწერის გარეშეც.

გუშინ კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ ბედნიერები და სიმშვიდეები აუტანლად ხანმოკლეა და მთავარი მათი პოვნის ბედნიერებაა. ყველაფერი დანარჩენი, ამ ხანმოკლეობამდე და ხანმოკლეობების შემდეგ იყოფა.
(ხო, უკვე ვთქვი, რომ უელბეკი ახლახანს წავიკითხე და რაღაც პროექტისთვის სხვა ავტორის სევდიანი ლექსებით სავსე  კრებულიც).

სრულიად არასაჭირო ჩამატება:
ურილკაში ჩემი თანამშრომელი დაუმთავრებლად ხუმრობდა და ადეკვატურ რეაქციას ვერ აწყდებოდა. ბოლოს გადაწყვიტა, დღეს მარტივ ხასიათზე ვარო. ბოლოს მიღებს ეგეც და ყველა ისეთი გოგოც, ყველას რომ ემეგობრებიან და დაუმთავრებლად რომ ხუმრობენ.

ხოოდა, ასე. როდესმე ან ცხადი გახდება სიზმარი და ან  სიზმარი ცხადი და იქნებ ისიც დამეჯრებინა, რომ არანაირი აზრი არ აქვს რეალობასა და არარეალობას შორის გამავალ ზღვარს.

სამაგიეროდ ეს ქალები არიან ისეთი გენიალურები, მე კიდე უფრო და უფრო მიყვარდება ძველი შავ-თეთრი ფოტოები.
Gian Paolo BarbieriEva Malstrom, Vogue Italia, 1979
Leni Riefenstahl in The Holy Mountain 
(1926, dir. Arnold Fanck)

პ.ს.
ვამბობდი მე გამოუხატავი ემოციები კაშმართქო.
ხოოდა, მართალიც ვიყავი.
და ანუშკა, დაბადების დღეს გილოცავ :)

Wednesday, January 12, 2011

გენიალური გოგოს და მუსიკის ამბები, ზამთარში ნაბიჯების ტემპს რომ გირეგულირებს

ალბათ გახსოვთ  ლეგენდარული ოჯახი, სერჟ გინგსბურგის და ჟან ბირკინის?

აი, ზუსტად იმათი, სიმღერებში ”ინტიმური ხმები” (:D) რომ ისმოდა და ქალი ძალიან, ძალიან ლამაზი იყო და კაცი თითქმის შეუხედავი და ფაქტობრივად ხელიდან წასული, უბრალოდ,  ჭკვიანი და ქარიზმატული.

ხო, ზუსტად იმ ბირკინის, ზაფხულში ზუგდიდში რომ მღეროდა დევნილების მხარდასაჭერად და ჩემნაირი გულჩვილი ადამიანები ემოციებს რომ ვერ მალავდნენ, როგორ უცნაურად ბერდებიან და იცვლებიან ადამიანებიო.
ალბათ მათი ქალიშვილიც გახსოვთ, შარლოტა, რომელიც საოცრად გავს მამას და რომლის განსაკუთრებით  მესამე სტუდიური ალბომიც ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომელიც ამტკიცებს, ქალის ჭკუაზე არასოდეს გამივლიაო.

ალბომი ზუსტად საწინააღმდეგოში დაგარწმუნებთ.
 პირველივე ორი სიმღერა ისეთ რიტმებზეა აგებული, მოგინდება შენი გზა არასოდეს დამთავრდეს და შენ ნაბიჯებს ეს რითმები არეგულირებდეს, მესამე უკვე ფრანგულია და ისეთი, ოჯახური მემკვიდრეობის სუნი რომ ადის. ვოკალს თბილი ჟღერადობა აქვს, შენ ჩამოჯდომა გინდება და რამე თბილ, ოდნავ  ბნელ კაფეში გულახდილი საუბარი. მე არ ვიცი ფრანგული და არც ის, რაზე მღერის შარლოტა, ამ სიმღერაში, მაგრამ ვიცი, როგორ  შემიძლია გავიგო მისი ტკბილი, ნაკლებდინამიური ტექსტი. თუ თანმდევი ოდნავ პათეთიკური ინსტრუმენტალი ხელს არ შემიშლის, ნა-ნა-ნა-ნა ნა-ნა-ნა-ნა..
ეს გოგო გენიალურია.
მარტო ამ ალბომის გამო არა, ზოგადად არის გენიალური.
როდესღაცა, აწ უკვე წინა წლის მიწურულს, ავდექი და თითქმის ყველა ფილმი ვნახე, სადაც თამაშობდა.
 ქუჩაშიც სულ მაგას ვუსმედი,  აი, განსაკუთრებით რესპუბლიკის მოედანზე, რედისონის გვერდზე რომ ჩამოუხვევ და თაბუკაშვილს ჩამოუყვები, იქიდან  ისე გადის გზა ჩემ სახლამდე, თაბუკაშვილის დანგრეული სახლების ეზოებიდან გამოძურწულ უპატრონო კატებსაც კი ვერ შეამჩნევ.


ბოლოს რომ შევხედე,  last.fm-ზეც ჯერ ისევ  პირველ ადგილას მყავდა, მერე ვფიქრობდი, მუზამეზე დავწერ ოფიციალურ და რაღაც ისეთ რეცენზიას, გულზე რომ მოხვდება კაცს და შეუყვარდება, ბოლოს და ბოლოს ალბომში შესული ყველა სიმღერა მინუს ერთით Beck-ს ეკუთვნის და ამ გადარეულმა შარლოტამ მაშინ ჩაწერა, ავტოკატასტროფის მერე ტვინში სისხლის გაჟონვით სიკვდილს რომ გადაურჩა და საავადმყოფოდან ისევ ჯანმრთელი გამოვიდა, უბრალოდ, მერე ამტკიცებდა, ახლა უკვე სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებასო.
მაგრამ მერე ვიფიქრე, ისე ჩემთვის და ისე არა მხოლოდ ამ ალბომისთვის მიყვარს, ოფიციალური რეზენზია შეუფერებელი იქნებათქო, ახლა სამსახურის საქმეები მომწყინდა და მაინც გადავწყვიტე პრივატულ  გარემოში მომეყოლა ჩემი სიყვარულის ამბები. ისე,რეცენზიების და გასერიოზულების გარეშე.

გუშინ  კიდევ  last.fm-ზე ისეთი წერილი მივიღე, ლამის მართლა სხვანაირად შევხედო ცხოვრებას.
გადასარევია, ეს თუნდაც წელიწადში ერთხელ ისეთი წერილები და შემსრულებლები, მერე სულ რომ გაგახსენდებიან.


ხო, მადლობა შარლოტა რომ გაზაფხულივით ზამთრის მაინც სუსხიან ამინდებში შენს გამო გარეთ გასვლა ყოველთვის სასიამოვნო იყო.

ადამიანებს ისე ჭირდებათ, ვიღაცა რომ ასე ამოჩემებულად უყვარდეთ, გადასარევი ქენი, ეს სიმღერები რომ ჩაწერე და იმ ფილმებში ითამაშე, თორემ კაცმა არ იცის, ვინ განსაზღვერავდა ამ ზამთარში ჩემი ნაბიჯების ტემპს და როგორ დავარწმუნებდი ადამიანებს, რომ ქალის ჭკუაზე როდესღაც ყველას გაუვლია, ზოგჯერ სიამოვნებითაც კი.

პ.ს. სამსახური ზოგჯერ არც ისე აუტანელია, თუ იმ დღეს ლექციები არ გაქვს.
 მე ჯერ კიდევ არ ვიცი ნამდვილად თვალშისაცემია  ჩემი ასოციალურობა და სიმყუდროვე თუ მარტო მე მელანდება ამ გაზაფხულივით ზამთრის სამუშაო დღეების ბოლოს.

ფაქტია რომ აუტანლად მიჭირს დილას საწოლიდან გადმოფორთხება, კონცენტრაცია და ბედნიერების ისეთივე აიტანელი მოთხოვნილება მაქვს, როგორც ყველა ნორმალურ ნასტასიას უნდა გააჩნდეს.


Monday, January 10, 2011

სუფთა ჰაერის და მეგობრული დამოკიდებულებების უპირატესობები

საკმარისია თბილისიდან რამდენიმე საათით გავიდე, ავტომატურად მიჩნდება სადმე პროვინციაში ხის ფერადი, რიკულებიან აივნიანი სახლის ქონის  და გულახდილი საუბრების ყოვლისმომცველი სურვილი.


მეორე შედარებით მარტივია, პირველს როდის დავისაკუთრებ, კაცმა  არ იცის.

შობასაც ეგრე, ავდექი და სულ რაღაც რამდენიმე საათით გავედი თბილისიდან.

ბორჯომში რომ შევედი, უკვე ისე მინდოდა ხის აივნიანი სახლი, ერთი სული მქონდა ბაკურიანში მალე ავსულიყავით, ყურადღება სხვა რამეზე რომ გადამეტანა.
გზაში ეს ნაძვები ისე ლამაზად იყო დათოვლილი, მეღიმებოდა.
ბაკურიანში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ მგონი და ისე ვნერვიულობდი და ისე მაინტერესებდა ინტერნეტში ნაპოვნი და ისე დაჯავშნილი სასტუმრო როგორი იქნებოდა.
რომ არ მომწონებოდა, ალტერნატიულის მოძებნა იმაზე კოშმარი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ აგერ უკვე წლებია უშედეგოდ ვოცნებობ სადმე პროვინციაში ხის სახლზე.

აღმოჩნდა, რომ ჩემი ინტუიცია სანდო ყოფილა.
სასტუმრო იდეალური ადგილას იყო, საკმაოდ ზემოთ ჩურჩხელების და ნაქსოვი წინდების გამყიდველების დახლებიდან. შესაბამისად, აივანზე როცა გახვიდოდი, ნაკლები ადამიანი გეჩხირებოდა თვალებში.
სამაგიეროდ, მთები ჩანდა უფრო ახლოს.
საკვები საკუთარი მეურნება გვაქვს და იმითი მზადდებაო, ანუ სანდო და ნატურალური.
სასტუმროს მეპატრონე კომუნიკაბელური და ყურადღებიანი. შენი და რამდენი წლის არის და საუზმეზე რა უყვარს, სამსახურში სტრესის მერე მთაში უნდა დაისვენოო და ეგეთი ამბები რომ არ ეზარებოდა, ისეთი.
მოკლედ, გადასარევი.

სანამ ჩვენი ქუვეითელი მეგობარი იმას არკვევდა, თოვლი იჭმეოდა თუ არა, ლოლუბის წარმოშობას ადგენდა და ნამდვილი მთების ნახვით გამოწვეულ სიხარულს ფოტოაპარატის მეხსიერებაში ინახავდა, აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ საოჯახო სასტუმროები ზუსტად საჩემოა.
აბა რომელი შერატონის მფლობელი დაინტერესდება ჩემი სამსახურის ამბებით, ჩამოუჯდება კლიენტებს, შთაბეჭდილებებს მოაყოლებს და დაიმახსოვრებს, ვის ტკბილი ყავა უყვარს და ვის უშაქრო ჩაი.

არც ერთი, რა საკვირველია.
არადა, ხო ცხადია, რომ ადამიანებს უყვართ, როცა ვინმე მათით ინტერესდება.

ხოოდა, ქალაქგარეთ რომ გადიხარ, თუ აივნიანი ჭრელი სახლი არ გაგაჩნია, გულახდილი საუბრების დეფიციტი მაინც უნდა მოიშორო და საოჯახო სასტუმროში წახვიდე.
მე მხოლოდ რამდენიმე საათი მქონდა სუფთა ჰაერის საყლაპავად. 

სამაგიეროდ, ახლა ნამდვილად ვიცი, რომ კუბოკრული საროჩკით და წითელი ზამშის ბათინკებით, ყველანაირი საკითხავი მასალის გარეშე წასვლა არ შეიძლება იქ, სადაც რამდენიმე საათით მიდიხარ, რაც არ უნდა გიხდებოდეს, კლეჩატი საროჩკა და წითელი ზამშის ბათინკები, იმიტომ რომ თუ იქ დარჩენა მოგინდა, ეგრე მოუმზადებელი დიდი ხნით ვერ დარჩები.
ეგეც ჩვენ. ნუ ჩრდილი მე, ცხადია.

გუშინ  ჩემმა დამ მომწერა, ლამაზი ფიფქები თოვდა ღამეო.

არადა, სულ მეგონა, რომ არ მიყვარდა სამთო კურორტები.
ახლა ვფიქრობდი, რომ სამთო კურორტების სიყვარულისთვის სულაც არ არის საჭირო თხილამურებზე დგომა, სუფთა ჰაერის სიყვარული და დასვენების გამძაფრებული მოთხოვნილებაც საკმარისია.
ხოოდა, იმედია გამოცდების მერე ისევ ლამაზი ფიფქები მოთოვს რომელიმე შაბათ-კვირას.
.
ისე, საოცარ სამთო კურორტებს რომ გვიხსნიან ქვეყანაში,უფრო სწორად, საოცარ სამთო კურორტებად შეფუთულებს, ეს ვიდეო რომ ენახათ, არა?
პ.ს.
ხვალ საშინელი ორშაბათი მაქვს და თუ ვინმე ჩემთან ურთიერთობას გადაწყვეტს, მხოლოდ სასიამოვნო რამეები მითხარით.

Thursday, January 6, 2011

გამოუხატავი ემოციები

დასვენების დღეების შემდეგ ისე გამიჭირდა სამსახურში  ჯდომა, ხერხემალი ორმაგად ამტკივდა.

აქ ჯერ კიდევ  შემორჩენიათ ეს სადღესასწაულო განწყობა და ორმაგად აუტანლები არიან. 
ისეთი პირი უჩანთ, იმ კვირაშიც სადღესასწაულოები იქნებიან.
მე კიდევ მინდა ვიტირო და ვთქვა, რომ აღარ მინდა აქ სიარული.
მერე აღარასოდეს აღარ მოვიდე

დასვენების დღეების მერე აქციის დარბევის კადრების ყურება იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე  დღეს სამსახურში ჯდომა. 

მინდოდა მეთქვა, რომ უსინდისობაა, როცა გაიძულებენ, ამდენი უკმაყოფილება და ზიზღი გქონდეს. ასე ძალიან არ მოგწონდეს ის, რაც შენ გარშემო ისე ხდება, ვითომც არაფერი განსაკუთრებული.

სინამდვილეში მთელი ეგ ამბავი დაგროვილი აგრესიის, პერედოზიროვკების, უკულტურობის, უპატივცემულობის და იმის ბრალია, რომ იცი, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, დიდიდიდი, ვინმეს ცხოვრება ან ქვეყანა შეაძულო.
  დიდი საქმე.

ორდღიანი ძილის მერე ძალიან გამიჭირდა შევშფოთებულიყავი ბავშვებიან კლიპზე.

მარტო ის ვთქვი, რომ მანდატურებისგან ნუგეშცემული ბავშვების გამოჩენა სამართალდამცავების ფორმაში ლოგიკურია თქო.

ერთმანეთის გაიშვიათებული ნახვების შემდეგ გუშინ  ძალიან გამიჭირდა ჩემი მეგობრების ყურებისას კიდევ ერთხელ დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ მართლა გავიზარდეთ, ყველას ჩვენ-ჩვენი საქმეები, გოგოები, ბიჭები, ახალი მეგობრები, პრობლემები და სიხარულებები გვაქვს და ასე ერთად თუ მოვხვდებით, მხოლოდ ამ ჩვენი საკუთარი ამბების გაზიარებაღა დაგვრჩენია.
ასე, შეხვედრიდან, შეხვედრამდე.

ვერ ვიტან ეგეთ თემებზე რომ ვკონცენტრირებ ხოლმე.

 კუნდერას ვკითხულობდი მერაღაცამდენედ და რაღაცატომ მხოლოდ ახლა მივხვდი, რატომ ვუბრუნდები ხოლმე.
კუნდერა ამბობს, რომ ქალებს ხშირად გონიათ, რომ საკმარისად გადასარევები, გენიალურები და ამომწურავები არ არიან და ხშირად ისე იქცევიან, როგორც თავიანთი ჭკუით გენიალურები, გადასარევები და არაჩვეულებრივები იქნებოდნენ.

ხოოდა, სულელები არიან, იმიტომ რომ მერე სულ საშინელება ემართებათ.

მეც ხშირად მგონია ხოლმე, ომ რრაღაც მაკლია. მოსაწყენი და ძველმოდური ვარ, ან თავხედი და ეგოცენტრიკი, ან რამე სხვა უბედურება, მაგრამ მაგაზე როგორც წესი არ ვლაპარაკობ.

მგონია, რომ ეგეთ რამეებზე როცა ლაპარაკობ, ავტომატურად დამშვიდებას ითხოვ, -  არა, სულაც არ ხარ ეგეთი, ყველაფერი კარგად არისო.
მაგის მოსმენა კიდე სულაც არ მინდა.
 პრობლემის დანახვა და გადაჭრა მინდა.
ეგ რთულია.
ხოოდა, მეც  ვამბობ ხოლმე, ტკბილი ძილი ჩემო ტკბილო ნასტასია, ან გენიალური ნასტასია ასე ფიქრობს და მართალიც არის თქო. 
მართალიც ვარ, უბრალოდ, მთელი ის უბედურება მარტო "კუნდერას ქალებს" არ ჭირთ.

შიგადაშიგ ალბათ მეც ვიქცევი ისე, როგორც კუნდერას სულელი ქალები.

სულაც არ ვტირი მაშინ, როცა უნდა ვტიროდე, არ ვლაპარაკობ იმაზე, რაზეც უნდა ვლაპარაკობდე, მნიშვნელოვანიდან არამნიშვნელოვან ამბებზე თვალისდაუხამხამებლად გადავდივარ და მგონია, რომ გარშემო უბედურებები სამსახურების, სამართალდამცავების, სახელგადარქმეული ბოლშევიზმის და გარეთ არალოგიკურად წვიმიანი ამინდის ბრალია.

სინამდვილეში ზუსტად ვიცი, რომ მთელი ეგ ამბები გამოუხატავი ემოციების, თვითმუხრუჭების, დიალოგის სიმცირის  და ეგეთი რამეების ბრალია.

არადა, ისე მინდა ეს არდადეგები გრძელი იყოს, მე იმ სამსახურში გადავიდე, რომელზეც ასე ხშირად ვფიქრობ, ზამთარში გაზაფხულის სუნი მცემდეს და ხერხემალი არ მტკიოდეს, რომ კინაღამ დამავიწყდეს შობა რომ მოდის.
გილოცავთ.


პ.ს. ჩემო ტკბილო ნასტასია, ეგეც ფოტოა და იმიტომ არიან ეს ადამიანები ბედნიერები, თორემ რეალურად ალბათ ისინიც შენსავით დადიოდნენ სამსახურებში, იღლებოდნენ პასუხისმგებლობა/ვალდებულებებით და ასე ფირფიტებით ან რამე სხვა ეშმაკობებით მხოლოდ  კარგ ხასიათზე ყოფნისას იტყუებდნენ თავს, რომ ყველაფერი კარგად არის.

ეგ როცა გინდა, შენც კარგად გამოგდის.
მთავარია ემოციების უფრო მკვეთრად გამოხატვა ისწავლო. 

Sunday, January 2, 2011

პოსტ ამბები


სარკე გასაწმენდი იყო, სამაგიეროდ კალენდარი იყო სულ ახალი და 2011ის.
თქვენი ღვინო არ მინდა, ჩემი არაყი ჯობიაო. 
გვანცას მგონი ჩემ მეგობრებს შორის ყველაზე მეტად უხდება დღესასწაულები.
თუ თოვლი გინდა. ფშავში უნდა წახვიდეო, მითქვამს მე ^^
პირველში ღამე ისე საკრალურად და გულმოდგინეთ თოვდა, მეორე დღეს ვერც კი იბუზღუნებდი, რატო უფრო დიდი არ დადეო

მეორე დღეს თითქმის სულ მეძინა.
ვიღვიძებდი, ჩაის ვსვამდი, რამე ფილმს ვრთავდი და ზუსტად 10 წუთში მეძინებოდა.
ეგრე "ვნახე" სამი ფილმი,
სიზმარი, სადაც მოვკალი ჩემი ძველი მეგობარი და
 სიზმარი, სადაც არ მახსოვს რა ხდებოდა, მახსოვს რომ ბედნიერების სუნი იდგა.

მთელი დღის ძილმა მიშველა და დღეს დილას შედარებით ადამიანურად გამოვიყურებოდი. ეს მზეც ისე ანათებდა, ადექი, ნასტასია, ისეირნე, ჰაერი და სიმშვიდე ისუნთქეო, იძახდა.
არადა, ისეთი ცუდია, რამე რომ გინდა იყნოსო და ისეთი  მარტივი მიზეზები გიშლის ხელს, როგორიც ეს სულელი გრიპია.
მაინც ვისეირნე.
მთელი სამი დღე თვალს ვერ  ვაშორებდი. ულამაზესებია.
  • ისე მინდა ჩემი ამბები პრივატული იყოს და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არსებობდეს, ვინც პირველად იკითხავს.
  • ისე მინდა ყველა ჩემ ამბავს საკუთარი პატრონი და ადრესატი ყავდეს.
  • ისე მინდოდა დღეს სახლში მალე მოსვლა, ცხელი აბაზანა და მერე თბილად შეფუთნულს ფილმების ყურება, ოღონდ გუშინდელივით არა, თავიდან ბოლომდე.
პ.ს. მე წავედი ფილმების საყურებლად, თქვენ კიდე მოდით და მომიყევით თქვენი პოსტ ამბები. იქნება და რამე კარგს მოიცავს.