Friday, February 25, 2011

ყოფითი სისულელეები და უფილტრებო ამბები

როცა ჩემმა ფსიქოლოგმა წვიმიან, უპატრონო დღეს თბილ და დღის ნებისმიერ დროს საღამოიან კაფეში მკითხა, აი, ახლა რა გაწუხებს ყველაზე მეტადო, ლუდს ვსვამდი და ვიფიქრე, რომ ახლა არაფერი, მაგრამ ზოგადად არასტაბილური გარემო მაცოფებს თქო.
ეგრეც ვუთხარი.

ახსნა ისეთი მარტივია, ლაპარაკად არც ღირს.

მე ფილტრებს იშვიათად ვატარებ და კაი გამტარი ვარ. ამიტომაც მაწუხებს  გარემოს არასტაბილურობა მეტად, ვიდრე მაგალითად ის, რომ სახლში და სამსახურში ჯდომა ერთნაირად გამაღიზიანებელია.

უფრო სწორად, ეგეც საშინლად მაწუხებს, უბრალოდ, მაშინ ის გამახსენდა.

ხოოდა, გუშინ ასე, სახლში დავრჩი და გარდა იმისა, რომ 7ის მერე აუტანელი ვიყავი, დღეს მივხდი, რომ ერთი დღე სახლში ჯდომა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შენ ქალაქში მარშუტკები აღარ დადიოდნენ, პლეხანოვზე ტროტუარები გაიფიცონ, გვერდზე ქუჩაზე სახლი ჩამოინგრეს და კიდევ ათასი ისეთი რამე მოხდეს, რაც შეიძლება ვერც დააფიქსირო.

თან ისევ უპატრონო აუტანელი ამინდია, სამსახურში ამბობენ, რომ გაფიცვებს აზრი როდის ქონია, ახლა ქონდეს, თან ტრამვაის რომ მოსპობ ქალაქში კაცი და სასეირნო კვარტალი არ გექნება, ის რა ქალაქიაო.
ტრამვაი ბუდაპეშტს და პრაღას უხდება და სასეირნო კვარტალი კი არადა, სასეირნო სანაპიროები პარიზს აქვს იდეალური, მარა თბილისს რა. თბილისს ბევრი დანგრეული ქუჩა და უწესრიგო მაცხოვრებელი ყავს. ისე გაკვირვებულები დადიოდნენ ქუჩებში, ეს რა დაგვემართა, ფეხით სიარულმა მოგვიწიაო და ღმერთო ჩემო როგორ გავდნენ ანიმაციურ რობოტუნებს.
ორმაგად საცოდავები და სასაცილოები მომეჩვენენ.

ეს ტაქსისტებიც აუტანლად თავხედურად ითხოვდნენ ნებისმიერ თანხას 5 ლარის ზემოთ და მოკლედ, დიდი ვერაფერი სასიამოვნო ამბავი იყო. მე კიდე ვზივარ სამსახურში და ვფიქრობ, რომ სახლში წასასვლელად ჯერ ფეხით უნდა ვიარო, მერე მეტროში ჩავიდე, ის რაღაცა უპატრონო ბარათი შევავსო, მერე ისევ ფეხით ვიარო და სანამ მაგ ყველაფერს ვიზამ, იქნება და კიდევ რამე ახალი მოხდეს.

მოკლედ,  ყოფითი სისულელეებია.

ხვალიდან ჯანმრთელ სხეულზე ზრუნვას უნდა მივყო ხელი. აპრობირებული მეთოდია ეს ტრენაჟორები და აუზები და საუნაში შემოხეტებული გაურკვეველი ტიპები.

არდადეგებსაც ვადა ეწურება და მგონი ზუსტად იმიტომ ვარ გაღიზიანებული, რომ დილის ძილებს უნდა შეველიო.

დილის ძილები კიდე ჯანდაბას. ვერ გავაგებინე შაბათებს და კვირებს რომ სასეირნოდ არიან შექმნილები და ჩემ თავს ის,  რომ იმაზე  ლაპარაკი, რაც უფრო მნიშვნელოვანია და რაზეც არ ვლაპარაკობ იმიტო რო ისედაც ცხადია, სულაც არ არის ჭკვიანური, ვიდრე იმაზე ლაპარაკი გაიფიცენ თუ არა მარშუტკის მძღოლები და ტროტუარები.

Saturday, February 19, 2011

The King of Limbs ანუ კომუნიკაციისა და მუსიკის ამბები

კაი ხნის წინ იყო ეგ ამბები:  მე ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი ახლად ნაყიდი კომპიუტერით და ჯერ ჩამოუყალიბებელი მუსიკალური ( და არა მხოლოდ) გემოვნებით.  მოსაწყენი ზამთარი იყო და მგონი დიდი არაფერი საქმე მქონდა.

ხოოდა, სკაიპში გამოჩენილი ახალი კონტაქტი ზუსტად სულზე მისწრება აღმოჩნდა.
 ზამთარიც აღარ იყო მოსაწყენი, კომპიუტერმაც ფუნქცია შეიძინა და მე კიდევ ამ ჩემი chat lover-ისგან ყოველდღე ახალ-ახალ აუდიო ფაილებს ვიღებდი.

მშვენიერი იყო. იმ მოსაწყენ ზამთარში იმდენი ვინმე შემიყვარდა და იმდენი რამე აღმოვაჩინე, მეგობრებს რომ ვხვდებოდი ხოლმე, მგონი მარტო ჩათის ისტორიებს ვუყვებოდი. ისინიც თავებს უკმაყოფილოდ აკანტურებდნენ  და აღფრთოვანებას არც კი ცდილობდნენ.

ტომიკას გააზრებული სიყვარულიც მაგ ამბების ნაწილია. თან მაშინ  ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოშვებული ისეთი ალბომები,  ნიჰილისტი მელომანები  ცხვირს რომ  აიბზუებდნენ და სამართლიან  უკმაყოფილებას არ დამალავდნენ. მაგრამ მაგას მაშინ სულაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მე ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი.
მელომანები  და ალბომების რეცენზიები   სულ არ მადარდებდა.
უბრალოდ, მუსიკა  და კომუნიკაცია მსიამოვნებდა.

ხოოდა, დღეს გადმოსაწერი ლინკის დანახვაზე თვალები რომ ამიციმციმდა და სახლში მოსვლას არც დაველოდე, სამსახურშივე გადმოვწერე ეს ახალი ალბომი, ფეისბუქზეც დღის ტოპ თემა ეგ არის და ამ ვიდეომაც, ტომიკა ჯასტინ ტიმბერლეიქს რომ მაგონებს და მაინც მიყვარს, სულ რომ არ მინდოდა ისე, ის ზამთარი გამახსენა, მოსაწყენი რომ იყო და მე  ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი.

არადა, სულაც არ მიყვარს ხოლმე ეგეთი ძველი ამბები რომ მახსენდება. არ არის სასიამოვნო იმის ხელახლა გამეორება, როგორ მოხვედი აქამდე. მაგაში გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩაის ბოლო კრიზისის ამბებს რომ ვაყოლებდი. დიდი ვერაფერი სიამოვნებაა.

მაგრამ იმდენმა თქვა, ეს ის არ არის რასაც ველოდიო, აი, პირველი კი კარგია, მაგრამ მთლად ისეთი არ არის, როგორიც ალბომის პირველი ტრეკი უნდა იყოს, სამაგიეროდ, ბოლოზე ტანმა გვიგრძნო, რომ კაი იქნება და საერთოდ, სოლო კარიერას რომ მიხედონ ცალკე ტომიკამ და ცალკე მაგისმა დრამერმა, მეტი მაინც არაფერი ისმის ამ ახალ ალბომშიო, ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქრო ის, რასაც ვფიქრობ თქო.

სულაც არ არის მარტივი, ამდენ ადამიანს  უყვარდე და გელოდებოდეს. შენ კიდევ ყოველთვის იმას სთავაზობდე, რასაც ითხოვენ.


იმასაც რომ სთავაზობდე, რასაც ითხოვენ, მაინც მეტი მოუნდებათ და მაინც იტყვიან, წავიდეს და რამე უკეთესი გააკეთოსო.


თან შენ ერთხელ უკვე გააკეთე რაღაც ისეთი, რის გამოც ამდენ ადამიანს უყვარხარ, გელოდება და შენგან უკეთესს ითხოვს, შეიძლება მეტჯერაც და კაცმა რომ თქვას, ეგ  საკმარისიცაა. უბრალოდ, ძნელია თქვა, საკმარისია და გეყოთ, რაც დაგიწერეთო. თან გელოდებიან. რატომ იტყვი.


ადამიანებმა ის იციან, შენგან რას დაელოდონ, თორემ თვითონ იმის ნახევარსაც   ვერ/არ აკეთებენ, რასაც შენგან სიამოვნებით მოითხოვდნენ/მიიღებდნენ.


ადამიანებს სულ გვავიწყდება, რომ დაუმთავრებელი აღფრთოვანებები არ არსებობს და რომ თავისთავად მნიშვნელოვანი პირველი აღფრთოვანებებია,  მერე დანარჩენები ჩვევის, ინერციის, სიყვარულის და ყურებისარჩამოყრის სურვილის ბრალია. 
უბრალოდ, გინდა რომ  რაღაცეები გრძელვადიანი სიყვარულისთვისაც გრჩებოდეს.


და თუ რამემ როდესმე აღგაფრთოვანა, ის უკვე კარგია, სულაც არ შეუძლია ყველა მეორეს ეგ. 



ხოოდა, ეს ალბომი რომ არ გადმომეწერა და ასე გაბმულად არ მესმინა, სულაც არ დავდგებოდი ძველი  ამბების გახსენების ხასიათზე, არადა, ისეთი მარტივი და კარგი იყო მაშინ რაღაცეები. ეგრეა, როცა მარტო მუსიკა და კომუნიკაცია გსიამოვნებს და ასეა, როცა დეტალებს უჩიჩხინებ.

გზადაგზა სიამოვნების და აღფრთოვანების უნარს კარგავ, მერე წახვალ და ტომიკაზე იტყვი, უკეთესი ალბომი რატომ არ დაწერაო. მერე უცბად დაფიქრდები და სულ ვერ მიხვდები რატომ უძახი ამ კაცს ტომიკას, მაშინ როცა ფამილარული ურთიერთობები საშინლად არ გიყვარს, ეს კაცი კიდე შენი მეგობარი არ არის.

მოკლედ, ეგრე. ბარემ გადმოსაწერი ლინკიც, თუ ვინმეს მოგინდებათ, შორს რომ არ იაროთ . მე კიდევ, სულაც არ მინდოდა ამ ალბომის დაცვა და არც ნიჰილისტებიდან გვერდზე გადგომა. მეც ისე ხშირად ვარ ხოლმე უკმაყოფილო, იმდენს ვითხოვ და ისე მინდა, გარშემო მხოლოდ აღმაფრთოვანებელი რამეები ხდებოდეს, სულ მავიწყდება რომ როდესღაც მხოლოდ მუსიკა და კომუნიკაციაც კი საკმარისი იყო.
მერე კიდე ავდექი და სულ დავკარგე ეს აღფრთოვანებების უნარი და ახლა ინერციები დამატარებენ.

p.s. ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ, ბედნიერი შაბათ-კვირა მე.

Friday, February 11, 2011

Mr. President, ადამიანები ნაწილებად არ იშლებიან

თითქმის ყოველ დილას, სანამ სახლიდან გამოვალ ხოლმე და კედლის მაგივრად არსებულ სარკეში ვიყურები, ვამბობ, რომ უსამართლობაა, მე ასეთი ლამაზი და მშვენიერი სამსახურში მივდიოდე და ვიცოდე, იმ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება.

თითქმის ყოველ საღამოს, როცა მე ასეთი ლამაზი და გენიალური სახლში ვბრუნდები და იმავე კედლის მაგივრად არსებულ სარკეში ვიყურები, ვამბობ, რომ უსამართლობაა, როცა არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება და სულ არ დავწერდი ამ პოსტს, ეს ფოტო ასე უცბად რომ არ მომხვედროდა თვალში.

კი, მე ნამდვილად არ ვარ ქერა ლამაზმანი, რომელიც პრეზიდენტებს უმღერის დაბადების დღეებზე და დედამიწის ზურგზე ათასობით კაცი უპირობოდ აღიარებს მის მიმზიდველობას, მაგრამ თუ რამე დამეჯერება, ისიც დამეჯრება, რომ მართლა ასე პომადა მოშორებული და თვალებდახუჭული ვზივარ ხოლმე საწოლზე და სულ არ აქვს არანაირი აზრი ლამაზი ხარ თუ არა, პრეზიდენტს უმღერი თუ საკუთარ მეგობრებსაც იმდენს არ ელაპარაკები, რამდენიც საჭიროა, მაშინ როცა არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება.

ჩემმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ მე სამყაროსთან ბევრი მოთხოვნები მაქვს და ბედნიერება ხელშესახები და ფიზიკური მგონია, მაშინ, როცა ეგრე სულაც არ არის და სანამ სამყაროსადმი ჩემ მოთხოვნებს არ შევამცირებ, მანამ სულ ასეთი პომადამოშორებული და თვალებდახუჭული ვიჯდები საღამოობით, ჩემ საწოლზე, მნიშვნელოვანი ამბების ტყუილ მოლოდინში.
კიდევ თქვა, რომ მე პარანოია მაქვს და უსაფუძვლოდ აკვიატებული შიშები მაწუხებს. ახალი ამბავი, ისედავ ვიცოდი.

მე ვუთხარი, რომ უბრალოდ არ მინდა ჩემ გულახდილობებსა და აკვიატებულ შიშებზე უარის თქმა, იმიტომ რომ ამასობაში ჩემი შემადგენელი ნაწილები გახდნენ და მერე რა რომ საბოლოოდ ფსიქოლოგთან აღმოვჩნდი, მაინც ჩემები არიან.

გვიან ღამით, მახსოვს ვიღაცას ვეუბნებოდი, რომ ადამიანები ნაწილებად არ იშლებიან. ეტყობა, ჩემი შიშების და გულახდილობების ამბები მქონდა ჩარჩენილი.

ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 000 ჯერ დავდე პირობა, აქ აღარაფერსაც აღარ დავწერ  და ალკოჰოლსაც აღარ მივიღებთქო, როგორ გინდა, ასეთ ფოტოს რომ ნახავ, გულზე ხელები დაიკრიფო და დაიჯერო, რომ სამყაროსადმი მოთხოვნები უნდა შეამცირო.

არა, ჩემო ახალბედა ფსოქოლოგო და ლამის დავიწყებულო ქერა ლამაზმანო, არა მისტერ პრეზიდენტო და თავმომწონე მზეჭაბუკებო ( ერთ ეგეთს კამერა მივყიდე რამდენიმე საათის წინ და ბედნიერი წავიდა), არა კედლის მაგივრად გაჩენილო სარკეებო და სამუშაო საათებში გარეთ მიმზიდველად მანათებელო მზეებო, სამყაროსადმი ნამვილად უნდა გქონდეს დიდი მოთხოვნები და მოლოდინები, თორემ მერე პატარაც არ აგისრულდება და უფრო მეტი ალკოჰოლოს დოზა დაგჭირდება.
მერე მისტერ პრეზიდენტის და მზეჭაბუკების მაგივრად, ოფისში ვიღაცა შემთხვევით შემოხეტებულ ფამილარულ ტიპებს ყურადღებით მოუსმენ და გაუღიმებ როცა გეტყვიან, გენაილური სათვალე გიკეთიაო და დაგავიწყდება, რომ ადამიანები ნაწილებად არ იშლებიან, მით უმეტეს, სათვალეებისა და პომადებიგან არ  შედგებიან და უფრო ხშირად მოგიწევს ფსიქოლოგთან ვიზიტი. ისინი, კიდევ, როგორც თორნიკე ამბობს, მხოლოდ იმას გეტყვიან, რაც შენც შეგიძლია იცოდე, უბრალოდ, შენგან აღებული ფულით კარაქიან პირს შეჭამენ დილას საუზმეზე.

პ.ს.
მე სულაც არ მიყვარს ქერა ლამაზმანები, მისტერ პრეზიდენტები და გაურკვეველი ჯიშის ალკოჰოლური სასმელები. მე წითური ქალები და გაურკვეველი ჩალურჯებები მიყვარს სხეულზე.
გდების თერაპიის პიონერად მივიჩნევი და საერთოდაც, მთავარი უკვე გითხარით:  მნიშვენელოვანი ამბები  სულაც არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთი ლამაზი და გენიალური ყოველ დილას სახლიდან ბედნიერების მოთხოვნილებით გამოვდივარ.

Monday, February 7, 2011

თავის დროზე, როგორც ამბობენ ხოლმე

თავის დროზე კარგი გოგო ვიყავიო, ამბობენ ხოლმე ზამთარში ერთმანეთის ღუმელთან შეყუჟული შუახანსგადაცილებული ქალები  ყველა თბილ  სახლში, სადაც ერთად იკრიბებიან ასეთი,  შუახანსგადაცილებული ქალები.

თავის დროზე კაი ბიჭი ვიყავიო, ამბობენ შუახანსგადაცილებული კაცები სუფრებსა და  ბირჟებზე  ყველგან საქართველოში, სადაც ერთად გაყავთ დღეები ასეთ შუახანსგადაცილებულ კაცებს.

სხვა ალტერნატივა არც აქვთ. ამ ასაკში ქალებთან ურთიერთობა მხოლოდ ძველი ამბების გახსენებით და თვალის გაყოლებით შემოიფარგლება. ქალები კიდევ სხედან ერთად ერთმანეთის სახლებში და უფრო მშვიდად არიან, ვიდრე კაცები, იმიტომ რომ სახლი უფრო მაგათია, ვიდრე კაცების.

შუახანსგადაცილებულ ადამიანებზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობ, როცა ჩემ ან ჩემი მეგობრების მშობლებს ვუყურებ, თორემ ისე ეგოცენტრიკი ვარ ძირითადად საკუთარი თავის პრობლემატიკით ვარ დაკავებული.
უბრალოდ, ცოცხალი თავით არ მინდა თავის დროზე რომ იყო, იმ ამბებში ჩავრჩე. მშვენივრად ვერთობოდი, ჭკვიანი ვიყავი, ლამაზი და გენიალურითქო ვთქვა და კიდევ ერთი ფინჯანი ყავა უდრტვინველად მოვიდუღო.მერე ავდგე, კატას თავზე ხელი გადავუსვა და რომელიმე მეგობრის მოსვლას დაველოდო.

სევდიანი ამბავია მოკლედ.

არადა, სულ შემთხვევით ამეკვიატა ეგ კომბინაცია  შხაპის დროს.
ცხელი წყალი მსიამოვნებდა  და ვფიქრობდი, თავის დროზე, სადღაც მეოთხე თუ მეხუთე კლასში, გვიანი გაზაფხულის ძალიან მზიან დღეს,  მე რომ დასვენებაზე სკოლის უკანა ეზოში ვიჯექი და დახუჭული თვალებით მზეს ვუყურებდი, სხვადასხვა ფერები რომ შემოდიოდა დახუჭულ თვალებში, რა სასიამოვნოდ მწველი დღეები იყო იმ გაზაფხულზე თქო.

ვფიქრობდი, თავის დროზე, რამდენიმე წლის მერე, იმავე სკოლის იმავე უკანა ეზოში, წვიმიან ამინდში დაჭერობანას რომ ვთამაშობდი, რომ წავიქეცი, ჩემი სრულიად ახალი და გენიალური ჟოლოსფერი კაპიუშონი სრულიად ტალახიანი რომ გახდა, მერე ონკანზე რომ გავრეცხე, სახლში წავედი და მე და გვანცა გვიანობამდე ტკბილეულობას ვჭამდით, გარეთ ისევ წვიმდა და ჩემი ჟოლოსფერი ჯემპრი სულ აღარ მადარდებდა, რა უდარდელი წვიმიანი ამინდები იყო იმ გაზაფხულზე თქო.

ვფიქრობდი, თავის დროზე, კიდევ რამდენიმე წლის მერე, რომელღაცა შემოდგომაზე, მე რომ ბედნიერი ვიყავი, წასასვლელად ვემზადებოდი და სამსახურის მერე საღამოებს მეგობრებთან სისულელეების დაუმთავრებელ მოყოლაში რომ ვატარებდი და სულ რომ არ ვფიქრობდი, წასვლის მერე ჩემ სისულელეებს ეგრე გულდასმით აღარავინ მოისმენდა, რა მშვიდი შემოდგომა იყო მაშინ,  მეგობრებიდან მაშინ მარტო მე რომ ვმუშაობდი, სიმპატიური ველოსიპედისტი მომწონდა და ყველაფერი ისე იდეალურად იყო, ხეებიდან ფოთლები რომ ცვიოდა, იმასაც კი ვერ ვამჩნევდი. უბრალოდ, წასვლის წინა დღეს ვიფიქრე, ეს ჩემი სიმპატიური ველოსიპედისტი იქითა შემოდგომაზე სხვა გოგოს სამსახურის დამთავრებას დაელოდება ალბათთქო და მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობის დრო არ მქონდა, დიდად ვერ გამაბედნიერა მაგ იდეამ.

ვფიქრობდი, თავის დროზე, სულ ბოლო ზამთარში, მე რომ სუნთქვა ისე მესმოდა, როგორც  ცივ ამინდებში ქარის ზუზუნი როცა სახლში სითბო და სიმშვიდეა, ისე  კარგი და მარტივი მეგონა ყველაფერი ჩემს გარშემო, რომ არც მიფიქრია მეთქვა, ისეთი კარგია, როცა ცივ ამინდში სუნთქვა ისე გესმის, როგორც ქარის ზუზუნი კედლებს იქიდან, უბრალოდ, არ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს აღარაფერიც აღარ გესმოდეს, შენი საკუთარი ხელით შედგენილი ფლეილისტის გარდა.

თავის დროზე სულ  არ მიფიქრია, რომ კედლების იქით ყოველთვის სხვა რამეებია. არადა, სულ ბოლო ზამთრის დასაწყისაი ისეთი თბილი დღეები იყო, უბრალოდ არ შეიძლებოდა, რეალობა ადეკვატურად  აღგექვა. ახლა  გარეთ ისევ იგივე ზამთარია, მართლა საშინლად ქარიანი ამინდებით, მე სეირნობის მოთხოვნილება მაქვს და როცა ზაფხულამდე დარჩენილ დღეებს ვითვლი, ჯერ ისევ ბევრია.

ვფიქრობდი, თავის დროზე, როცა სიმბოლიკით და მეტაფორული აზროვნებით ვინტერესდებოდი და ყველაფრის გადატანით კონტექსტებს ვეძებდი, უფრო კონკრეტული ამბებით რომ დავინტერესებულიყავი, იქნებ თვითგამოხატვის და საკუთარი თავის ფიქსირების უფრო განვითარებული უნარი მქონოდა.
ამ ამბების მოყოლის მაგივრად მარტივად ვიტყოდი, რომ მე თავის დროზე, არც ერთ ამბავში ვერ ჩავრჩენილვარ, უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა მზე მენატრება, როცა ჩემი და ჩემი მეგობრების საღამოები გულახდილობის დეფიციტს განიცდის და როცა მამრი დგება და უცერემონიოდ მიდის. 

მაგრამ  თავის დროზე სიმბოლიკებით დავინტერესდი და მეტაფორული აზროვნება დამჩემდა, ამიტომაც  ვფიქრობდი, თავის დროზე დედა მურაბიან  ღვეზელებს რომ გვიცხობდა და მამა შაბათობით ძველ აღთქმას მიკითხავდა, ნეტა თუ ფიქრობდნენ, რომ ცოტა ან ბევრ წელიწადში ჩვენი სამყაროები ასე გაითიშებოდნენ ერთმანეთისგან და ორივე შეწყვეტდა ღვეზელების  ცხობას და წიგნების ხმამაღლა კითხვას.

პ.ს. ეგეთი შხაპის მერე მისწრებაა უელბეკის ინტერვიუს წაკითხვა, რომელშიც ამბობს, ვინმესთან ერთად იმიტომ უნდა იცხოვრო, რომ მარტო ცხოვრება უფრო მოსაწყენია, თორემ ოჯახის ტრადიციული გაგება რომ თვალსადახელსშუა ქრება, ეგ ხომ ისედაც ცხადიაო.

ხოოდა, უელბეკის და ჩემი ჭეშმარიტებები იქით და  ეს თავის დროები  რთული ამბავია.

კიდევ ერთი პ.ს.
არდადეგები გენიალური გამოგონებაა.

Thursday, February 3, 2011

ზამთრის არდადეგები, ვერ გადაგდებული სავარცხელი და გაზაფხული, რომელსაც ტანით ვგრძნობ

                                                                                              გადააგდე სავარცხელი _
                                                                                              ტყე გაჩნდება,
                                                                                              ცეცხლი გაჩნდება,
                                                                                              ღველფი გაჩნდება...

ბავშვობაში დიდად არ მიყვარდა ზღაპრები და ახლა, როცა ზღაპრების კითხვის დრო დიდად არ გამაჩნია, სულ ვფიქრობ, რომ რა სამწუხაროა, ბავშვობაში ბევრი ზღაპარი რომ არ  წაგიკითხავს, უფრო მეტი კაი პასაჟი გექნებოდა თავში ჩემო ტკბილო ნასტასია თქო.

რაც გავიზარდე დიდად არ მიყვარდა სავარცხელი, ამიტომ ერთი მაქვს და ისიც ჩემი დისაა.

ვერ გადავაგდე სავარცხელი, არც ცეცხლი გაჩენილა, არც ღველფი.

ტყე გაჩნდა, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ შაბათ საღამოს ვიფიქრე: ცუდი განწყობები არაფერში არ მჭირდება,  თან სამი გამოცდაც უკვე ჩაბარებული მაქვს  და ყველა მნიშვნელოვანი არა მოსმენილი, ამიტომაც ავდგები და გადასარევ ხასიათზე დავდგებითქო.

იმის მერე სულ ასე ვარ.
იმასაც კი აღარ ვაქცევ ყურადღებას, როგორ ვკონცენტრირებთ ადამიანები ჩვენთვის მოსახერხებელ და ხელსაყრელ ფაქტებზე და როგორ ეფექტურად ვიქმნით ზუსტად ისეთ რეალობას, როგორიც კონკრეტულ დროს და კონკრეტულ სივრცეში გვჭირდება.


სემესტრის საბოლოო დასკვნა 98 - 100 -100- 87 - 93 - ია. თქვენთვის დიდი არაფერი ინფორმაციაა, მე მიხარია უბრალოდ.
ეგენიც და ისიც, რომ დღეს 3 საათიდან უკვე ზამთრის არდადეგები მაქვს, მე კიდევ  ისე ველოდები ამ არდადეგებს, როგორც ალბათ მეორე კლასში უნდა დავლოდებოდი, საგუნდაოდ რომ წავიდოდი და დედა არ მომაძახებდა, მალე მოდი, სამეცადინო გაქვსო.


მაშინ არც არდადეგებს ველოდებოდი და არც ზღაპრები მიყვარდა და საერთოდაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კეთილისმსურველები ამბობენ შენ სუსტ მხარეებს სახალხოდ ნუ აცხადებ ხოლმე, უფრო კეთილგონივრული იქნებაო, მე მაინც ვთვლი, რომ რაღაცეების მისახვედრად დრო მჭირდება, ზოგჯერ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად მაქვს.
 (ამიტომ, სანამ მე თვითონ არ გეტყვით ხოლმე, კარგად ვარ და ყველაფერი გენიალურად არისთქო,  ნუ შეეცდებით დამაჯეროთ, მაინც არ დაგიჯერებთ მაშინვე. )

ეგ არაფერი, სამაგიეროდ, რასაც მერე ვხვდები, ის მართალია ხოლმე.
აი, ზუსტად ეგრე მივხვდი, რომ 2 წლიანმა ბლოგზე წერამ ისეთი  წერის სტილი ჩამომიყალიბა, როგორიც სრულიად გამოუსადეგარია რეფერატებისა და სტატიებისთვის.
 ყველაფერი ესსეებს გავს. სამაგიეროდ, კარგად იკითხება, მაშასადამეების გარეშე.

და ალბათ კარგი იქნება, გავითვალისწინო ჩემი კეთილისმსურველების კეთილგონივრული რჩევები, ცოტა ხნით მაინც მოვეშვა აქ პოსტვას და რამე სერიოზულს მივყო ხელი.
ალბათ ეგრეც ვიზამ.

კიდევ იმასაც ზუსტად მივხვდი, რომ წლების განმავლობაში მარტო ცხოვრებამ ყველაზე ხშირ და სასიამოვნო მოსაუბრედ საკუთარი თავი მიქცია, ამიტომაც ბედნიერი არდადეგები ჩემო ტკბილო ნასტასია და შენ სულაც არ იცი, რა კარგია, როცა სახლში ბევრი ახალი წიგნი გაქვს, წინ არდადეგები და სხეული გაზაფხულის მოახლოებას გრძნობს. 

შენ შეიძლებოდა ვინმე ეგვიპტელი გოგო ყოფილიყავი და აქციებზე მდგარიყავი, ან 800ჯერ დევნილი და კარავში გაგეთენებინა უკვე მერამდენე ღამე, ან სულაც აქტიური ფრანგი ან გერმანელი სტუდენტი და სწავლის გადასახადის გაუქმება მოგეთხოვა აბსოლუტურად სამართლიანად, და მიუხედავად იმისა, რომ ეგ ყველაფერი ახლაც გაწუხებს და იდეაში ჩვენ ამ სულელურად პატარა სამყაროში ყველა ერთი ვართ, უბრალოდ, სხვადასხვა დროსა და სივრცეებში გადანაწილებულები, ახლა შენ უბრალოდ, ტკბილი ნასტასია ხარ, კრიზისები და გამოცდები რომ უკან მოიტოვა და ბედნიერებისთვის ბევრი წიგნებით და ზამთრის არდადეგებით რომ დაასაჩუქრეს.