Saturday, June 25, 2011

გამართლებული მოტივატორების ამბავი, ანუ არტ გენი რუსთავში

 რუსთავი თბილისის გვერდზე მყოფი ქალაქია, სულ რამდენიმე წუთის სავალზე, სავსეა ერთმანეთის მსგავსი  კორპუსებით  და არ გამოირჩევა თითქმის არაფრით, სხვა მსგავსი ქალაქებისგან.
ამიტომაც, ჩემი არსებობის ოცდარაღაცა წლის განმავლობაში არასოდეს მიფიქრია, წავსულიყავი და რომ არა  არტ-გენი, ალბათ არც არასოდეს წავიდოდი. ეგრეა, მოტივატორების გარეშე თითქმის ყველა საქმე რთულია. 

ერთი ეგ არის, მოტივატორები ხან ამართლებენ, ხან არა.
ამჯერად, გამართლებული აღმოჩნდა.

იმიტომ კი არა, რომ რამე ჯერთ უნახავი ცეკვა ვნახე ან სიმღერა მოვისმინე, იმიტომ რომ ვნახე ცოცხალი ნამდვილი აშუღი მომღერალი აზერბაიჯანიდან, დავაგემოვნე აზერბაიჯანული ნამცხვარი, ბევრფენებიანი და ხრაშუნ-ხრამუნა, და ვუყურე ჭიდაობას, რომელიც იმაზე მეტად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. 
აშუღი მომღერალი 
ბაბუას ქონდა ადრე სამოვარი, მერე ჩემმა დეიდაშვილმა წაიღო და
ახლაც მახსოვს,
როგორ ვტიროდი, რო მიქონდა. მართალიც ვიყავი, ბაბუას
გარემოსთვის უფრო შესაფერისი ნივთი იყო. 
სამოვარი ბავშვობის მერე არ მინახავს, თუხთუხა და ფუნქციონირებადი,
და მეგონა რომ აღარც აღარავინ იყენებდა.
სულ ტყუილად. ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯენელები
ძალიანაც კარგად იყენებენ თურმე.
ეს ის ხრამუნ-ხრაშუნა ნამცხვარია


ეგეც ჭიდაობა



ხვალ მალთაყვას ტბაზე იქნება მსგავსი და განსხვავებული ამბები, ივლისის ბოლოს კი ეთნოგრაფიულში. გადასარევი გამოსავალია, თუ ჯერ კიდევ არ დაგიგემავს ზაფხული და მოწყენილობისგან და სიცხის სიკვდილის მომხრეც არ ხარ. 
დასტურ იმისა, რომ წითელი თმა გენიალური რამეა 

ხოოდა, შაბათ-კვირას კიდე შეგიძლიათ ლუდის ფესტივალზე წასვლის და მგზავრების მოსმენის მაგივრად, აგერ ამ გადასარევ ფესტივალზე წახვიდეთ, მერე მოხვიდეთ და მითხრათ, რომ  გენიალურ რჩევებს ვიძლევი. 
აი მაგალითად ასეთს, შეიარეთ ჩორვენთან და ნახეთ რას წერს ამავე თემაზე. მერე იპოვეთ ამ პოსტსა და იმ პოსტს შორის  10 განსხვავება და იყავით ბედნიერები.

Tuesday, June 21, 2011

წყაროდან ჭიქა წამოიღეთ

თქვენც ნახეთ ეს ამბები, როგორ მთავრდება მდინარეებში ნაგვის ყრა და ხეების თვალდახუჭულად ჩეხვა? 


არადა, ადრე, როცა მე იქ ვცხოვრობდი, სულ სხვა ამბები ხდებოდა. უფრო სწორად, მე ვხედავდი სხვა ამბებს, თორემ ნაგავს მაშინაც ყრიდნენ და ხეებს მაშინაც ჩეხავდნენ და იმიტომაც არის, ახლა ასეთი ამბები რომ დატრიალდა. 
და მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ სანამ შორიდან უყურებ ამებებს, გგონია ეგ ყველაფერი იქ ხდება და შენამდე არსად მოვა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სადღაც, ვიღაც შენც აღმოჩნდე, უბრალოდ, თუ ღმერთი გაწყრა და ეგრე მოხდა, ის მაინც უნდა იცოდე, რომ შენი საკუთარი დურაკობის ბრალი არ არის.

სრულიადაც არ მიყვარან მორალისტები და არც მწვანეთა მოძრაობის სათავეებთან ვდგავარ. უბრალოდ, ახლა, როცა თბილისში ასე დაცხა და უმეტესობა იმას ფიქრობს, სად დაისვენოს, სისხამ კვირა დილას კი იგებ, რომ ერთი სრულიად მშვენიერი კურორტისგან ტალახის ქუჩები და ბევრი გვამები რჩება, უნდა თქვა ის, რასაც სულ ფიქრობდი.

ხოოდა, წყაროდან ჭიქა წამოიღეთ, მაგით არ დაიქცევა ქვეყანა, უბრალოდ, ადექით და შიგადაშიგ გარემოზეც იზრუნეთ ხოლმე. მართლა არ არის ძალიან ძნელი ადგე და სენი საკუთარი ნაგავი ნაგვის ურნამდე მიიტანო. 

Sunday, June 19, 2011

არტ-გენი

არასოდეს არ მომსვლია აზრად არტ-გენზე თბილისის გარდა სადმე წავსულიყავი.
წელს წავედი მირზაანში და გადასარევადაც მოვიქეცი. 

მანქანიდან გადმოსვლისთანავე სუფთა ჰაერმა,სოფლის არომატებმა, მწვანე ბალახმა, ფუტკრების ყოვლად საშიშმა ბუდეებმა, ჭრიჭინების  და ჩიტების ხმაურმა და ა.შ. "პრელესწებმა" სრულად ბედნიერ ადამიანად მაქცია. 

და საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ არტ-გენი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია შესაშური დაჟინებით ტარდება და აგერ უკვე რამდენი წელია თითქმის ერთსა და იმავე კოლექტივებს და ადამიანებს აერთიანებს, ამდენი ხნის განმავლობაში მუსიკალური ფესტივალიდან, რომელსაც ფოლკლორის აღორძინებისთვის უნდა შეეწყო ხელი და ჩვენი არტი და გენი გაეერთიანებინა,  ერთმანეთთან შეხვედრის, კომუნიკაციის, სიარულის, სხვა ადგილების გაცნობის მიზეზად უფრო გადაიქცა. შეიძლება ეგ არტ-გენის არა და ჩვენი საკუთარი  გენების და არტების ამბავია და მეტი აღარც გვინდა აღარაფერი, ან მეტის რესურსი აღარ გვაქვს და უბრალოდ, კომუნიკაციაც მნიშვნელოვანია.

ხოოდა, როცა ეგრე ხდება, მერე დიდად აღარ ფიქრობ იმაზე, ისევ თვითმყოფადია თუ არა ქართული ფოლკლორი, ვითარდება თუ არა და კარგია თუ არა, რომ ერთსა და იმავე სიმღერას ათი სხვადასხვა შემსრულებელი ასრულებს ერთი დღის განმავლობაში. 
იმიტომ კი არა, რომ მწვანე ბალახმა და სუფთა ჰაერმა გაგაბედნიერა და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა, იმიტომ რომ სხვა შენც არაფერი შეგიძლია.
 ვერავის ეტყვი, წადი ახალი ჩაკრულო შექმენი და მომავალ არტ-გენზე  ისე მოდიო. 

მოკლედ, არტ-გენი გუშინ მირზაანიდან  დაიწყო, 23-ში რუსთავში იქნება, 25-26-ში მალთაყვას ტბის პირას და მერე უკვე ივლისის ბოლოს თბილისში. 
მე განსაკუთრებით მალთაყვას ტბას ველოდები. მგონია რომ ძალიან ლამაზი იქნება და წინასწარ მიხარია. 
ხრიდოლი / ქართული საბრძოლო ხელოვნება



ეს ყოვლად საყვარელი არსება ფოროსმანის ნახატი ყოფილა. რომლის ორიგინალიც კაცს არ აქვს
ნანახი, ნეგატივიდანაა აღდგენილი.
მე სულ მეგონა, რომ ფოროსმანის ნახატები მაინც ვიცოდი, მაგრამ მუზეუმში
შებორიალება-გამობორიალების შედეგად დავადგინე, რომ რაღაცეები სულაც არ ვიცოდი და
ვერც წარმოვიდგენდი, თუ ნიკალას ფუნჯის შედეგი იყო ( მაგ. თამარ მეფე ეტრატით და
ეტრატის გარეშე და სხვ. )
და ნიკალას ტიპებს უფრო კეთილი თვალები ქონიათ, ვიდრე მე ბავშვობაში მეგონა.
აქედან დასკვნა, რაღაცეები კია სიეთი, ბავშვობაში რო გაიგებ და მერე აღარასოდეს აღარ
უბრუნდები( მაგალითად,ლადო ასათიანი, დიდგორის ბრძოლა, ფოროსმანი, ამდერსენი და ა.შ) ,
მაგრამ ზოგჯერ მიბრუნებები კარგი რამეა. 


პოსტი ამავე თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ ჩორვენთანაც , თუ ჯერ კიდევ არ ცაგილაგებიათ ჩანთა და დამგზავრებიხართ არტ-გენს. 

Thursday, June 16, 2011

ყოფითი სისულელეები და უფილტრებო ამბები 2

მაღვიძარას აღარ ვაყენებ, რაც დათბა, დღეები დაგრძელდა და გადავწყვიტე რომ ჩემი ბიოლოგიური საათი გადასარევად მუშაობს.

10 საათზე ლექცია მაქვს. ავტობუსში ამოდის ჩინელი გოგონა და მეკითხება მიიყვანს თუ არა ეს ავტობუსი აზერბაიჯანის საელჩომდე. მეკითხება რა, ქაღალდის ნაგლეჯზე უწერია დანიშნულების ადგილი და იმ ქაღალდის ნაგლეჯს მაჩვენებს. ჯერ ჩინელი რომ ხარ, მერე 2 დოლარით მეტის საშოვნელად  საქართველოში რომ ჩამოხვალ და ცელოფნის წინდებს და პლასტმასის ფეხსაცმელებს გაყიდი და მერე კიდევ აზერბაიჯანში გადასვლის გენიალური იდეა რომ მოგივა სისხამ დილას თავში და მე დამემგზავრები ყვითელ, საზიზღარ, გაძეძგილ ავტობუსში... ლექციაზე 15 წუთი დამაგვიანდა.

1-ს რომ აკლია 15 წუთი, ეპილაციაზე ვარ ჩაწერილი. 3 წუთით ადრე მივედი, 17 წუთით გვიან შევედი. არადა, წესით რესპექტაბელური ადგილია, კლიენტებზე ზრუნავენ და რაღაც ეგეთები. ნუ ჯანდაბას.

2-ის წუთებზე ბანკში კლიენტების მრჩეველის წინ მოვკალათდი.
ვინაიდან მე თავხედმა გავბედე და  გერმანიიდან ისე წამოვედი, რომ საბანკო ანგარიშები არ დავხურე, ბოლო 2 თვეა ინტენსიურად ვიღებ ლანძღვა-გინება-შეჩვენების წერილებს ამ ჩემი ბანკებიდან, რომლებიც იტყობინებიან, რომ თუ მათი მომსახურების საფასურს არ გადავიხდი, კარგი არაფერი დამემართება. მე სადღაც გულის სიღრმეში უკიდურესად პატიოსანი ადამიანი ვარ, ამიტომაც ავდექი და ჩემი ბოლო ჰონორარი სრულიად დამპალ ბიოროკრატიას ჩავჩარე პირში. არასოდეს არ მკითხოთ, რატომ არ მიყვარს გერმანია. აი, ეგეთი რამეების გამო.

3ის წუთებზე ბიბლიოთეკაში შევიარე, დოკუმენტების დასაპრინტერებლად. ბიბლიოთეკარს ჩემი ჩარვალი მოეწონა და ჩამოეკიდა. არც ფამილარობები არ მიყვარს.

3ზე უნივერსტეტში მივბრუნდი, 4მდე ვარკვევდი ათას ხრინგალს. 5მდე საცოდავი სახით ვიჯექი კათედრის კომპიუტერის წინ, რომელსაც დედამიწის ზურგზე არაფერზე რეაქცია არ ქონდა და არაფერს არ მიხსნიდა. 5ზე დანიშნულ ლექციაზე მოვიბოდიშე, რომ მე ვარ ცუდი ადამიანი, რომელმაც ვერ მოამზადა დავალება, რომელიც მთელი დღე რაღაცა ფულებსა და პროგრესის ავ მხარეებზე ფიქრობს და წამოვედი.არ მიყვარს, როცა ლექცია ჩემი მოუმზადებლობის გამო ცდება. მართლა ცუდი ვინმე მგონია თავი.მართლა უკიდურესად კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ.

5ს აკლდა წუთები, სამსახურში რომ მოვედი.
გზაში ვიღაცა ლამაზ კაბებიანი გოგოები მხვდებოდნენ. უკვე ზაფხულია, მთელი ამ ჯანდაბების მიუხედავად.

სემესტრის დამთავრებას აკლია მხოლოდ ერთი დღე, მოსაგვარებელი საქმეების რიცხვმა ყოველგვარ ზედა ნიშნულს მიაღწია.
შაბათს არტ გენი იწყება, რომლის ამბებსაც ჩემი ბლოგიდან მიმდინარეობის დროს პერმანენტულად გაიგებთ.

ხოდა, იცით რა, სისულელეა მთელი ეს ლექციები, საბანკო ანგარიშები, ჰონორარები, ლექციები, ფესტივალები და მერე კიდევ იმათი გამშუქებელი ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა კომპეტენტური ხალხი, სამსახურები და სიფტები სართულებს შორის.
სისულელეა შუქნიშნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გზადაგზა მოხდილი ბოდიშები და ზრდილობის ფორმულა - მადლობები, მაღვიძარები და კალენდარზე მიწერილი შეხვედრების სიები.
სისულელეა ზაფხულები და გაზაფხულები, რომლებსაც არაფერში არ იყენებ.


იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არასოდეს არავისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ისინი როდესღაც ჭკვიანმა ადამიანებმა მოიგონეს მნიშვნელოვანი ამბებიდან უმნიშვნელოებზე ყურადღების გადასატანად და გადასარევადაც გამოუვიდათ. 

ახლა დავდივართ და გვგონია, რომ ჩვენი უძილობა ქუჩის პირზე ცხოვრების ბრალია, დაგვიანებები ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მოძრაობის და ქრონიკული დაღლილობა დატვირთული სამუშაო გრაფიკების.

გამჭვირვალე  ჰაერი მინდა, მწვანე ბალახი და გაწელილი დილის ძილები.

Thursday, June 2, 2011

ჟურნალ-გაზეთების ჯიხურთან მისვლამდე საკითხავი

აი ასე.
სრულიად მალე, რაღაც რამდენიმე დღეში შეგიძლიათ მიხვიდეთ ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებთან და იკითხოთ ჟურნალი ტაბულა არტი.
იქ დაგხვდებათ სავარაუდოდ ბევრი სტატია. იმათი ამბები არ ვიცი, მე ვიცი, რომ იქნება ჩემი ჩაწერილი 2 ცალი ინტერვიუ.
მართალია, ცოტა შელამაზებულ-შემოლამაზებულები, მაგრამ მაინც ჩემები.


და საერთოდაც, სანამ მეც მივადგები ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებს, ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, რომ ინტერვიუების ჩაწერა მიყვარს. აი ასე, მიდიხარ სრულიად უცნობ ან ოდნავ ნაცნობ ადამიანთან და მანამ ელაპარაკები, სანამ იმ დონეზე ნაცნობი არ ხდება, სადამდეც შენ გჭირდება. მერე ივიწყებ ამ შენ ემოციებს და წერ. კიდე მერე სადმე შეგხვდებიან, რამე ამბავს გაიგებ და ისევ გახსენდება ემოციები. მოკლედ, კაი რამეა. ინტერვიუების ჩაწერა კი არა, ადამიანების სიყვარული.

ცოტა უფრო მეტი ადამიანი რომ ფიქრობდეს ეგრე, ნაკლებად შემეშინდებოდა ტელევიზორის ჩართვის, ნაკლებად ავუვლიდი გვერდს მიტინგის და ნამიტინგარ ადგილებს, ნაკლებად შემეპარებოდა ეჭვი დადგმულ საზეიმო განწყობილებებში და საერთოდაც, ჩემს სრულიად ბედნიერ პერიოდს კიდევ უფრო კარგად შევიგრძნობდი.

სხვა ისეთი არაფერი, უბრალოდ, როცა პოსტის სათაურს ვწერდი, მივხვდი, რომ ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებთან მისვლა უკვე ძალიან ძველმოდურად ჟღერს, მგონი ყველა ყველაფერს ონლაინ ვკითხულობთ. ყოველ შემთხვევაში, მე ისეთივე ძველი ამბავი მგონია, როგროც ბავშვობაში მუსიკის გაკვეთილებზე  სრულიად უშედეგო და უმიზნო სიარულები და გაზაფხულზე დათბობის აღსანიშნავად პირველად ჩაცმული მოკლემკლავიანები მაიკების და შორტების ჩაცმის სიხარული.

ხო, ეგრეა, მე სრულიად ბედნიერად ვცხოვრობ და როცა ფანჯრებში მუსიკალურ სკოლაში მისული ბავშვების გაკვეთილების ხმები შემოდის, მგონია, რომ ძალიან, ძალიან ადრე ვიყავი მაგხელა და ახლა უკვე დიდი გოგო ვარ. მერე ჩაიში ლიმონს ვწურავ, რამეს ონლაინ ვკითხულობ და ბედნიერ ზაფხულს ველოდები.