Monday, July 25, 2011

საზაფხულო თამაშები 2

არ ვიცი როგორ არის თქვენთვის ეგ ამბავი, მაგრამ მე ვგიჟდები ადამიანებზე და ჩემ ცხვირწინ დატრიალებულ ამბებზე. ზოგჯერ ისე დაჟინებით ვუყურებ ხოლმე ადამიანებს, თითქმის უხერხულია.

მაგრამ ეგ არაფერი, სამაგიეროდ, მე შემიძლია ვიცოდე ისეთი ამბები, რასაც სხვა სულაც ვერ შეამჩნევდა. მე შემიძლია საკუთარი ინტერპრეტაციები ჩავრთო საქმეში და ამბები უფრო საინტერესო გავხადო და მე შემიძლია არ მოვიწყინო მაშინაც კი, როცა დიდი არაფერი ხდება. მთავარია, რამდენიმე ადამიანი შეინიშნებოდეს სადმე ახლომახლო.

 ეს ფოტოებიც არტ-გენზე გადავიღე, სანამ დიდი კონცერტები და ბედნიერებები დაიწყებოდა და მერე, სახლში რომ ვათვალიერებდი, გამახსენდა რომ მსგავსი ამბები შარშანაც გადავიღე.
როგორც ჩანს, საინტერესო ხალხია ეს პატარა ბიჭები, ზაფხულობით თვალშისაცემები რომ ხდებიან, მერე უცბად რომ იზრდებიან და სულ სხვა თამაშებს იწყებენ.





არტ-გენი  დამთავრდა, ეს კი ამ ზაფხულის  ბოლო არტ-გენული ამბავია. დარჩენილი ზაფხულის სრულიად ბედნიერად გატარებას გისურვებთ.

Thursday, July 21, 2011

ახ ტურფავ, ტურფავ...

თავისუფალ დროს ყველა სხვადასხვანაირად იყენებს.
არტ-გენის ერთ-ერთი პლიუსი ჩემი აზრით ზუსტად ეგ არის,
კულტურული მემკვიდრეობების დაცვის და
ტრადიციების დარაჯობის და ფოლკლორის წახალისების და
 სხვა ეგეთი გრანდიოზული მისიების გარდა,
 რომ ზაფხულში, რამდენიმე დღე შეგიძლია არ იფიქრო,
 სად წახვიდე. ადგები და ახვალ ეთნოგრაფიულში.
ხალხი არის, სიგრილეც არის, მუსიკაც არის,
ფერად-ფერადი აქსესუარები და ჰამაკებიც არის,
 და მწვადი და მსგავსიგემრიელობებიც მოიპოვება.
 მშვენიერი ამბავია. კვირამდე ეჯრ კიდევ გაქვთ დრო.
ასეთი ლამაზი გოგონების ნახვა არტ-გეზე წარმოუდგნელი არაა,
 მაგრამ არც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე შეგხდებიან.
მე კიდევ ისე მიყვარს, დიდები და პატარები
ერთად რომ აკეთებენ  რაიმე ერთსა და იმავე საქმეს.
კავშირების გასამყარებელი იდეალური საშუალებაა.
ასეთი გოგონების ნახვა, სხვადასხვა ფერის ყვავილებიან კაბებში
და სხვადასხვა კუთხის წრმომადგენელთა საცეკვაო ნომრების
შესრულება არტ-გენზე ძველი ამბავია.
უბრალოდ, ზოგი უფრო ლამაზია, ზოგი უფრო არგად ცეკვავს,
 ზოგი პირველად გამოდის, ზოგი მერღცამდენედ და კარგია,
 გამოდის, რომ უწყვეტი ციკლი არსებობს,
 ყვავილებიან კაბიანი მოცეკვავე გოგონების.
აი, ასეთი გოგოები კი მართლა იშვიათია. იმდენჯერ დავწერე,
ეს ქალი ძალიან., ძალიან მიყვარს თქო, აღარ განვმეორდები.
 მითუმეტეს, სიყვარულებს სულაც არ უნდა არგუმენტები და ფაქტები.
გიყვარს და ვსო.
უბრალოდ, ძალიან გენიალური და როცა ყოველთვის,
როცა ვუყურებ, რეებს აკეთებს სცენაზე, როგორ იღებს პუბლიკას,
 როგორ ელაპარაკება პუბლიკას, სულ ვფიქრობ ხოლმე,
რომ ნამდვილად ბედნიერი ქალია.
და საერთოდაც, ინდივიდუალიზმი, გულწრფელობა
და მსგავსი ამბები კარგი რამეა.

ამდენი ხალხი არტ-ტენის არცერთ კონცერტზე არ მინახავს.



ეს კიდე სულ სხვა ლაივის ჩანაწერია, მაგრამ კარგია. ამიტომაც იყოს. მაინც  გადარეული სიარულების დრო მაქვს და თემასთანაც ახლოს იქნება.

Sunday, July 17, 2011

განახევრებული ზაფხულები, დაკონსერვებული ამბები და ტრანსფორმირებული იდეალები

არტ-გენმა თბილისში გადმოინაცვლა, რას იმას ნიშნავს, რომ ზაფხული უკვე განახევრდა, ვისაც ბედმა, აგარაკებმა, შვებულებებმა და ბებია-ბაბუებმა გაუღიმეს, ქალაქიდან გასვლა მოახერხა, ვინც არა ადგა და კუს ტბის მისადგომებთან გადაწყვიტა შვება ეპოვა.

აგერ უკვე მერვე წელია, ასე ხდება. ამ ხნის განმავლობაში მე ხან პახოდებში ვიყავი და იმას ვფიქრობდი, ეე, არტ-გენი უჩემოდ ტარდება თქო, ხან არტ-გენზე და ვამბობდი, ეე, ახლა პახოდში რომ ვიყო უკეთესი იქნებათქო.
ეგრეა, როცა ყველაფერი ერთად გინდა ადამიანს. ამასობაში მე სრულიად დამაჯერებელი ბურჟუა გავხდი და ცხელი ზაფხულში საღამოს შედარებით გრილად გასატარებლად  ეთნოგრაფიულში წავედი.

ვიჯექი და  ვფიქრობდი:
პირველი ჯგუფი, რომელსაც  - "ფიცვერცხლი" იყო . ცუდი ჯგუფი არ არის, შეიძლება მეტიც, კარგ ხასიათზე მყოფმა თქვა, რომ კარგია, მაგრამ დინამიკა თუ ქარიზმა თუ ცეცხლი თუ რაღაც მსგავსი აკლიათ და საერთოდაც, არ არის ადვილი, ურბანულ გარემოში ფოლკის კეთება.
და არაურბანული გარემო კიდე ისეთი დეპრესიული და მძიმეა საქართველოში, მით უმეტეს რთულია, იქ რაიმე შეიქმნას. მომკალით და არ მჯერა, რომ ფოცხო-ეწერებში, წეროვანის კოლოფჩიკებში, სამმოხუციან მაღალმთიან სოფლებში და ეროვნული უმცირესობებით გაძეძგილ სამხრეთის ვრცელ ველებში რამე შეიქმნება.

სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კონკრეტული პროდუქტი
 უამრავი ფაქტორის ჰიბრიდით იქმნება და ფოლკლორიც ზუსტად ეგრეა, გარკვეული გარემოს, ფაქტების, ხასიათის, დროის, წესების კარნახით იქმნება და როცა სადმე თბილისში ცხოვრობ, დილას ავტობუსით მიდიხარ უნივერსტეტში, მერე სამარშუტო ტაქსით მეგობართან, საღამოს ერთად უყურებთ ფეხბურთს რაიმე დიდ მონიტორზე, ძილის წინ სოციალურ ქსელებში ყვები მთელი დღის ამბებს, ბუნებრივია, შენთვის სრულიად არაბუნებრივია გურული კრიმანჭული და კახური მრავალჟამიერი, რაც არ უნდა კარგი საშემსრულებლო მანერა და ვოკალური მონაცემები გქონდეს, არ არის ეგ საკმარისი.

და  თუ მაინც გინდა რამეს აკეთებდე, ამის უარყოფას კი არ უნდა შეეცადო, დაკონსერვებაც საქმეაო, კი არ უნდა იძახო, შენი გარემოს ამსახველი და შენი რეალობისთვის ადეკვატური მუსიკა უნდა შექმნა.
ეგ კიდევ რთული ამბავია, განსაკუთრებულ ნიჭს საჭიროებს და ასე, 5 კაცი შევიკრიბეთ, დაკვრა დავიწყეთ,  არ არის საკმარისი. 
მთელი ეს ტექსტი უბრალოდ, ჩემი ფიქრებია ფოლკლორის მომავალთან დაკავშირებით და არაფერ შუაშია კონკრეტული ჯგუფი - "ფიცვერცხლი", რომელიც მხოლოდ ფიქრების საუნდტრეკის ავტორებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.


შემდეგი საუნდრეკის ავტორი - ლეჟავები.

რაც უფრო ვიზრდები, მით მეტს ვფიქრობ თაობებს შორის გაუცხოებაზე. ადამიანებს ისედაც ძალიან ცოტა დრო რჩებათ ურთიერთობებისთვის და ამ ურთიერთობებში მშობლებთან ურთიერთობა თითქმის ყველაზე ბოლო ადგილას გადადის.
 სამსახურიდან რომ მოდიხარ, დედასთან ან მამასთან ერთად ტელევიზორის ყურებას, მეგობრების ნახვა გირჩევნია, ეს ნორმალურიც არის და ალბათ მგრძნობიარე  ადამიანების გარდა, არავინ აპროტესტებს, უბრალოდ, მერე, გზადაგზა, ხვდები, რომ ყველაზე ცოტა დროს მათ უთმობ, ვინც უფრო მეტს იმსხურებს და საერთოდ, დროზეც არ არის ლაპარაკი.

 მშობლებს სულ უნდათ რომ შენზე იზრუნონ, შენი ამბები იცოდნენ, საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ, შენ კიდე უკვე გაიზარდე და მთელი ეს ამბები ან აღარ გჭირდება, ან გეხამუშება. მოკლედ, რთული ამბავია, თითქმის შეუქცევადი და თავისი არსით ალბათ სრულიად კანონზომიერი და იშვიათად თუ ვინმე ახერხებს მსგავს სიტუაციებში თავის არ გაყოფას.

აი, ლეჟავების ორი თაობა ერთად იდგა სცენაზე, და ჩემმა ფიქრებმაც იმიტომ მიიღეს ასეთი მიმართულება, რომ მივხვდი, რა კარგი გამოსავალია, როცა შენ და მამა ერთად აკეთებთ რაიმეს. ავტომატურად უფრო მაგარი ხდება მაკავშირებელი ძაფები.
მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, ინდივიდუალიზმს არ უჩიოდნენ, დიდი ნაწილი ინსტრუმენტალს ეკავა და არტ-გენის სივცრისთვის ცოტა მოუხერხებელი იყო, რამე პატარა და დახურულ სივრცეში სავარაუდოდ უფრო ეფექტური იქნებოდა.
მთელ ამ ოჯახურ ამბებზე და გაუცხოებებზე ერთი გადასარევი გერმანული ფილმი გამახსენდა, თუ არ გაქვთ ნანახი, რეკომენდირებულია ჩემს მიერ.

 და ბოლოს,მისი აღმატებულება რობი
ამ ბოლოს, ხშირად ვფიქრობ, რომ  რობი ნამდვილად ყველაზე კარგი მუსიკოსია საქართველოში და იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ ჩემსავით ბევრმა იფიქროს. ყველაზე სწორი აქცენტებით, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გულწრფელი, ინდივიდუალური, თბილი და კეთილი.

აი, ადრე, იდეალები რომ გვყვავდნენ, 13-14 წლის ასაკებში, უკომპრომისო, რევოლუციონერი, სიმართლეების მოლაპარაკე და საზოგადოების გამოფხიზლების მსურველი ყოვლისშემძლე გმირები, ჩეგეები, ლენონები და ათასი ეგეთი, მერე რომ აღმოვაჩინეთ რომ არც ეგეთი ყოვლისშემძლეები და იდეალისტები იყვნენ.

 იმ იმედგაცრუების საფასურია ჩემთვის რობი, პერფორმანსად ქცეული კონცერტებით, გეხუტუნეებით, უკომპრომისო, მართალი განცხადებებით, სიმღერებს შორის ტექსტებით და უნარით, იუმორით უყუროს თავის თავსაც და ყველაფერ დანარჩენსაც.


აი, სულ თავში რომ ვამბობდი, გარემოსთვის ადეკვატური მუსიკათქო, ეგაა ზუსტად რობი.
მერე რომ ვამბობდი, გაუცხოება თქო, ეგეც რობია, მეგობარივით შეგიძლია ელაპარაკო, რაზეც გინდა, გაუხარდება. კონცერტზე თქვა, 45 წლის კაცი ვარ, დავიღალე, ამდენი კი არ შემიძლიაო, 2 წლის ბავშვივით გვახარა, მალე კბილები მექნებაო. არ არის უცხო, შენიანია.
თან ისეთი შენიანი, რო გიხარია.

Monday, July 11, 2011

არითმეტიკების და პროცენტების ამბავი


ხშირად ხედავთ ხოლმე თოლიებს? - მე არა, შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, ერთსაც კი ვერ მოვკრა თვალი. რა ჩემი ბრალია, ეგეთ ადგილას ვცხოვრობ.

გყავთ ვინმე დიდებული წარმომავლობის წინაპარი, რომელმაც ბევრი ქონება გიანდერძათ და თქვენ მეორე დღესვე უდარდელი ცხოვრება წამოიწყეთ? - მე არა, ჯერ ერთი ახლა ის დრო აღარ არის, დიდებული წარმომავლობები რომ რამეს წყვეტდეს, მეორეც უდარდელი ცხოვრება ცოტა მოსაწყენია: ფუქსავატი ხდები, ყველაფერი გეჩვეულებრივება და საბოლოოდ შეიძლება დაშტერდე კიდეც. 
 ხო, ხერხია ეგეთი, კატა რომ ძეხვს ვერ წვდება, მერე ეგეთი არგუმენტებით იმშვიდებს თავს, ხან პარასკევია, ხან მემკვიდრეობები გაფუქსავატებს და ათასი მსგავსი სისულელე.  პაპიდა მყავდა, ქვიშხეთში აგარაკს გვიტოვებდა, დედამ, იქ როგორ დავისვენებ, ემოციური ამბავია, არ შემიძლია, მაგის ხელში ვარ ნახევად გაზრდილიო და ეგრე დამთავრდა ჩემი ერთადერთი პოტენციური ანდერძის ამბავი.

ხშირად გიფიქრიათ კუნძულზე ცხოვრებაზე ან გიპასუხიათ კითხვისთვის, უკაცრიელ კუნძულზე რას წაიღებდით, ცხოვრების მეორე წელს რას მოიფიქრებდით საკუთარი თავის გასართობად და ასე შემდეგ? - მე არა. ჯერ ეგრე არ გადავრეულვარ, რომ მეგონოს, „იქ სადაც ვცხოვრობ და თოლიებს ვერ ვხედავ, ანდერძებს არ მიტოვებენ და უდარდელ ცხოვრებას ვერ წამოვიწყებ, ვერავინ ვერ მიგებს, ჩემი ადგილი სადმე სხვაგან არის, ამ საზოგადოებაში ვერაფერს ვერ გააკეთებ და რაიმე სხვა უნდა მოძებნო, უნდა გაიქცე, უნდა განმარტოვდე, ჩენი თავი იპოვო, ახალი აღმოჩენები გააკეთო...რა სისულელეა.  ახლა კი არა, კუნძულები რობიზონ კრუზოს რომ ვკითხულობდი მაშინაც არ მაღელვებდა და გარდატეხის ასაკი რომ მქონდა მაშინ არ მიფიქრია გაქცევებზე, რაღა დროს ჩემი ეგეთებია.

იცით რა?

ამ კითხვებს და პასუხებში ჩადებულ ფრაგმენტულ, გადაკრულ ამბებს,  ავდგები და ყველაფერს პირდაპირ მოგიყვებით,ზუსტად ისე, როგორც არის. მით უმეტეს,  დიდი ფანტაზიით არ გამოვირჩევი და თუ როდესმე  ვინმესთვის რამე ნორმალური მომიყოლია, ის მხოლოდ პირდაპირ მოყოლილი რეალური ამბავი ყოფილა. ეს  ყველაზე კარგი და მარტივი გამოსავალია, გამოსავალი კი კარგი და მარტივი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი აზრი არ ექნება მის არსებობას, ვინაიდან თავის თავში უკვე რაღაცისგან გათავისუფლებას გულისხმობს და თუ ამას ყველაფერი შეწირე, რაც გაგაჩნია, მერე სადაც გინდა იქ გამოდი, სულ ერთია.

მოკლედ, მე  23 წლის, მდედრობითი სქესის,  ერთ-ერთი კონკურსის ერთ-ერთი სრულიად ჩვეულებრივი მონაწილე ვარ. კონკურსის თანახმად უნდა დავწერო რაიმე, რომელიც მოიცავს სამ სიტყვას: თოლიას, კუნძულს და ანდერძს. დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტია.
ჯერ კიდევ დილას, სანამ კონკურსის პირობებს გავიგებდი, ყველაფერი მარტივად იყო. ვიჯექი საქანელაში, დილის ყავას მივირთმევდი და ვფიქრობდი, რომ ზღვა წვიმაშიც კი გადასარევია, ეს ზაფხულიც არაფრით არ გავს არც ერთ წინა ზაფხულს, სავარაუდოდ არც შემდეგებს დაემსგავსება , დღეს ზუსტად წერის და კითხვის ამინდია  და ცხოვრება იმიტომაა კარგი, რომ შეგიძლია მრავალფეროვნებებით დატკბე სხვადასხვა დროებსა და სივრცეებში.
 ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რომ კონკურსები ძალიან სასაცილოა.
 ყველას გონია რომ ვიღაცა მეორეზე უკეთესია, ყველა ფიქრობს, რომ აუცილებლად რამე ღირებული უნდა დაწეროს,  საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ყველას თავისი გზა აქვს და ზოგი ალკოჰოლს ეძალება, ზოგი ნომერში განმარტოვდება, ზოგი შეფიქრებულ იერს იღებს ( როგორც შემოქმედებითი წვის გარეგან გამოხატულებას) ,ზოგი იმაზე მეტს ეწევა, ვიდრე ჩვეულებრივ   და ზოგი წვიმის წვეთებს ითვლის რიტმულად (შინაგანი წონასწორობის შესანარჩუნებლად).

სინამდვილეში არავის არ მოგვეთხოვება რაიმე ღირებულის შექმნა, იმიტომ კი არა, რომ რაიმე უფრო მარტივი მოგვეთხოვება და ჩვენ ძალით ვირთულებთ საქმეს, როცა გვგონია, რომ ღირებული რამეები გვაქვს შესაქმნელი, იმიტომ რომ ღირებულებები როგორც ასეთი, არ არსებობენ და გამოდის, შენც არაფერს ქმნი, რასაც არ უნდა ქმნიდე. უბრალოდ, მერე ეს არაფერი, ზოგს შეიძლება რაიმედ მოეჩვენოს, ზოგისთვის არაფრად დარჩეს. ყველაფერი სუბიქტივიზმის შედეგად მიღებულ პროცენტებზე და არითმეტიკაზე დადის საბოოლოოდ. შეგიძლია ბედიც ჩართო საქმეში, მაგრამ მე არ გირჩევდით, ვერც მაგისას გაიგებთ საბოლოოდ ვერაფერს.

იმას გეუბნებოდით, რომ სამი სიტყვა მაქვს, თოლია, ანდერძი და კუნძული, დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებულითქო. სინამდვილეში კი აღმოჩნდა რომ ყველაფერი პროცენტებზე და არითმეტიკაზე ყოფილა დამოკიდებული და ჩემი კეთილგანწყობის პროცენტები ამ სამი სიტყვიდან თოლიებმა დაიკავეს. ძველი ამბავი გამახსენდა, ანუ ის, რომ  თოლიები ისტერიჩკა ქალებივით კივიან.

ერთხელ მომეჩვენა ეგრე და ვიღაც, პირველივე შემხვედრს მოვახსენე ჩემი აღმოჩენა. პირველი შემხვედრი სრულიად შემთხვევითი გამვლელი იყო. გვერდზე ჩამომიჯდა, სანამ მე თოლიებს ვუსმენდი და მკითხა რას შვრებიო. ვერ ვიტან მაგ კითხვას, ხომ ხედავ ვზივართქო, რომ მეთქვა, თავხედი გოგოსავით გამომივიდოდა, მე კიდევ მსგავსი არაფერი. ამიტომაც,  არც არაფერს, აგე, თოლიები კივიან, მე კიდევ ჩემი კუთვნილი ნიჟარა ვიპოვე, ახლა უნდა წავიდე, შენ კი მანამდე ფეხი არ მოიცვალო აქედან, სანამ შენ ნიჟარას არ იპოვი, ნიჟარა დიდი არაფერი, უბრალოდ, პოვნის სიხარულია ძალიან კარგი ტიპითქო, ასე, ანდერძივით დავუტოვე,  ავდექი და წამოვედი. იმას კიდევ ალბათ ეგონა, წავალ, გავიცნობ, რიჟა გოგოა, ნაპირზე მარტო ზის, საღამომდე იქნებ უფრო შორსაც წავიდეო. 

ეგრეა,მოლოდინები ყოველთვის როდი არიან ვალდებულებები, გაგიმართლდნენ.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და მე სრულიად აღარ მახსოვს, ვინ იყო ის შემთხვევითი გამვლელი.  ეგრეა ჩავლილი ამბები, რაც დრო გადის, სრულიად უმნიშვნელოვანი ხდება, ამ კონკურსსაც იგივე ბედი ელის, თქვენ რა გგონიათ, და ის შემთხვევით გამვლელიც ალბათ ტყუილად არ გამხსენებია, ამბების ერთი ნაწილი მელოდინების გამართლება-არგამართლებაზეა აგებული და ამ  კონკურსის და იმ პატიოსანი ადამიანის ამბებიც, ისევე როგორც პაპიდას ანდერძის ამბავი,  სწორედ ამ ნაწილს განეკუთვნება


 პ.ს. პოსტი დაწერილიკონკურსის ფარგლებში. მე ძალიან მომწონს, ამიტომაც განვათავსე აქ.  ზღვისპირეთში არც ისე კარგი ამინდებია, მე ასოციალურობა შემენიშნება და ყველაზე დახვეწილი სტილი. ზღვისპირეთს ვტოვებ ვადაზე ადრე, ვინაიდან მონატრებების დონე სასურველზე მაღლა იწევს. ოფიციალური ვერსია საქმეებია : ) 

Sunday, July 3, 2011

ის აქ არის


ის აქ ჩამოვიდა, ის უკვე ბათუმშია, უკვე ცნობილია, რომ ის ხუთ სიმღერას იმღერებს, ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოხატა სიხარული, რომ მის შესრულებულ ხუთ სიმღერას მოისმენს  და რუსთავი 2-მაც უკვე გვამცნო, რომ ვინც პიაცაზე ვერ მოახერხებს მისი ხუთი სიმღერის მოსმენას,  მათი პირდაპირ ეთერით შეეძლებათ სტინგით ტკბობა.

დილას 9 საათიდან ყოველ საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვებები იწყება და აღარასოდეს აღარ მთავრდება ამ ამბებით.

მე სტინგზე არაფერს, იმ ადამიანებზე ვწერ, რომლებიც ერთნაირი აღფრთოვანებით აშუქებენ კრის ბოტის და კრის დე ბურგის ჩამოსვლას, ნიჭიერს და თბილისის ჯაზ ფესტივალებს,  არტ-გენის კონცერტებს და Tbilisi Open Air-ებსა და Altervision-ებს, კონცერტებზე ძირითადად არ რჩებიან და არც სახლში იკლავენ თავს იმ შემსრულებლების მოსმენით, რომელზეც მთელი დღე შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ ჩამოვიდნენ, აი, ამ სასტიმროში გაჩერდნენ, აი, სოფო ნიჟარაძესთან ერთად ამას იმღერებენ, აი, ნიკა მემანიშვილიც აქ არის, აი, აი, რა მნიშვნელოვანი ამბავია.

იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ საინფორმაციო გამოშვებების უკან დგანან და წყვეტენ, ომ ჟურნალისტმა მარტო მუსიკოსის ჩამოსვლის დეტალები უნდა მოყვეს და მარინა ბერიძის სინქრონი ჩაურთოს აუცილებლად თავის ყველა ჩართვას. ისიც, რა საკვირველია, ისეთივე სახით, როგორც ერთ ვინმე ჯეოსტარელზე, სტინგზეც იტყვის კაი ბიჭია, სცენაზე დგომა იცის და ალბათ სასიამოვნო იქნება მისი მოსმენაო. არადა, ჟურნალისტმა ისიც უნდა მითხას, რატომ უხარია დილიდან ასე ძალიან სტინგის ჩამოსვლა, რითია საერთოდ ეს კაცი მნიშვნელოვანი (გარდა გაყიდული ალბომების რაოდენობისა) და რატომ უნდა გადავიხადო მის ბილეთში ლამის ორჯერ მეტი, ვიდრე მის კონცერტში ვინმე გერმანელი გადაიხდიდა მიუნხენში გასამართ კონცერტზე თუ მოინდომებდა წასვლას?

საერთოდაც, ჟურნალისტი, ინფორმაციის მომწოდედელი ტიპია და რამე პოზიციაც უნდა ქონდეს მშრალ ინფორმაციასთან ერთად. ის მაინც თქვას ბოლო ბოლო, სტინგის რომელი სიმღერის მოსმენას ისურვებდა. მაგრამ არა, ეგ ალბათ სადმე სხვაგან შეიძლება მოხდეს, სადაც ანალიტიკა მითი არ არის და მომასმედიო რაღაცა არსებობს.  სადაც ამ მომასმედიო რაღაცის "მესვეურები" მაინცდამაინც ხალხის დაშტერებაზე არ ფიქრობენ და ხალხიც იმ კონცერტზე წასასვლელად კი არ ირაზმება, სადაც "ელიტა" იკრიბება, ან სადაც "სმის პონტი იქნება", ისეთ კონცერტებზე დადიან, სადაც მათთვის სასურველ მუსიკას შეთავაზებენ. ანუ, დგანან და ფიქრობენ, სად უნდათ წასვლა და სად არა და არა ასე, უი, სტინგი ჩამოდის, წავალ აბა რას ვიზამ.

საერთოდაც, კონცერტებზე წასვლა, საყვარელი  შემსრულებლების ყოლა და ასე შემდეგ ამბები, სულაც არ არის ადვილი რამე, პასუხისმგებლობას მოიცავს, შენი გემოვნება ჩანს, შენი დამოკიდებულება, შენი ინტერესები, ქვეცნობირი, მოკლედ, შიფრირების კარგ საშუალებას იძლევა.

ხოოდა, რა ვიცი, რაღაც ეჭვი მეპარება, ამ სტინგზე გადარეული 3 000 კაცი გვყვავდეს ქვეყანაში ვინც ბილეთს მხოლოდ სიყვარულის გამო იყიდდა და კიდე ერთი 50 000, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი აქ ჩამოსვლა.

აი მე მაგალითად ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერაფრით ვერ გავიხსენე, ბოლოს ჩემი ნებით როდის მოვუსმინე სტინგს, კრის ბოტი გავიხსენე, სადღაც 17 წლის ვიყავი ალბათ, ცხელი ზაფხული იყო და მე სრული მიქსი მქონდა თავში.  ხოოდა, არ არი რა კარგი, როცა მთელი ერი ისეთ აგონიაშია, შენ რო წლების წინ იყავი, ისიც ისიც გარდატეხის ასაკის ეგიდით

პ.ს. ყველაფერი ცხელი კვირა დღეების ბრალია.

პ.ს. 2. თუ თვითონ სტიგზე ამბები მოგინდებათ, ვოტ ლინკი, მშვენიერი ამბებია.