Sunday, August 28, 2011

მთის სულების და ჩვეულებრივი გოგოების წინასაშემოდგომო ამბები


"ამ მთებში ერთი სული ცხოვრობს, ბაბუა მიყვებოდა მის შესახებ, რაც თავისი ბაბუასგან ქონდა გაგონილი. 
სულს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს. გრძელი შავი თმა კოჭებამდე სწვდება. ძალიან შავი და წვრილი თვალები აქვს. არასოდეს იღიმება. 

ამბობენ, თუ გაიცინა, მის მომაჯადოებელ სილამაზეს მთებიც კი ვერ ვერ გაუძლებენ, ჩამოიშლებიანო. ტანზე ხვიარა მცენარეების კაბა აცვია, ზამთარ-ზაფხულ ყვავილები უფარავს სხეულს. როცა დადის, სურნელოვაბი ნიავი ყვავილების ჭრელ ფურცლებს აფრიალებს. ლეოპარდზე ამხედრებული დასეირნობს ტყეში. ყველგან გარეული ცხოველების გუნდი დაყვება. 

თურმე ერთ დღეს სული მდინარეში ბანაობდა. უცებ შენიშნა, რომ ახალგაზრდა კაცი უთვალთვალებდა. სულმა ლეოპარდს უბრძანა, უცნობი მასთან მიეყვანა. მხეცი კაცს ეცა და ქალბატონს მიგვარა. საბრალოს შიშისა და გაოცებისგან გული წაუვიდა. 

სულს დანახვისთანავე შეუყვარდა თავისი ტყვე. თითები დაისველა და ფრთხილად მოწმინდა ლამაზი სახე.
კაცი გონს მოვიდა. უამბო, რომ ტყეში გზა აებნა, შინ კი ავადმყოფი დედა ელოდებოდა. ვაჟი სულს დაჰპირდა, როგორც კი დედა გამოკეთდება, შენთან დავბრუნდები და ერთად ვიცხოვროთო. 
შეთანხმდნენ, ერთი თვის შემდეგ მთვარის დღესასწაულზე  მთის წვერზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. სულმა ვაჟი გაუშვა და თან ვეფხვი გააყოლა ტყეში გზის გასაგნებად. 

დადგა მთვარის დღესასწაულის დღეც. სავსე მთვარემ ღამე დღესავით გაანათა. სულმა თმაში ულამაზესი ყვავილები ჩაიბნია. მოკაზმვას რომ მორჩა, ველური კატებით გარშემორტმულმა მთის წვერზე საქმროს დაუწყო ლოდინი.
 მზე ამოვიდა, გადაიხარა, ჩავიდა...კაცი კი არ ჩანდა. "რატომ არ მოვიდა? ნუთუ სხვა ქალთან დარჩა?" ფიქრები არ ასვენებდა ქალს. სევდამ მოიცვა. მაშინვე ჭექა-ქუხილი გაისმა, ელვამ ღრუბლები გააპო, ქარიშხალმა ხეები ფესვებიანად დაგლიჯა, ველური 
ცხოველები სულის ირგვლივ გაიშოტნენ და ყმუილი მორთეს. 

ახალგაზრდა კაცი სულთან არასოდეს დაბრუნებულა. იმ დღის შემდეგ, როცა ცუდი ამინდია,როცა ქარი ზმუის და ზღვა ბობოქრობს, ამბობენ, რომ მიტოვებული სული საკუთარ ბედს დასტირის. ხოლო როცა კარგი ამინდია და მზე ანათებს, ამბობენ, სულს ისევ მიეცა იმედი და კვლავ სატრფოსთან შესახვედრად ემზადებაო..." 


უკვე ისე აგრილდა, მშვიდად შემიძლია ჩექმებით და კაშნეებით სიარული, საღამოობით ჩაის დაყენება და შაბათ-კვირას სახლში ჩაბუდებულს ისეთი კრაწუნა წიგნების კითხვა, როგორიც მაგალითად "ციური მშვიდობის კარიბჭეა", ანუ იმ წიგნის, საიდანაც არის  ზემოთმოყვანილი ნაგლეჯი.

წიგნი დიდი არაფერი, უბრალოდ, ამ ნაგლეჯმა მთელი ის ამბები  გამახსენა, ბაბუა რომ მიყვებოდა ხოლმე და იმანაც იმიტომ იცოდა, რომ თავისმა ბაბუამ მოუყვა თავის დროზე და აგერ უკვე რამდენი ხანია, მსგავსი აღარაფერი მსმენია, 
არც დავინტერესებულვარ, არც მიკითხავს და ასე.


სამაგიეროდ, სრულიად მომავალზე ორიენტირებულ პროფესიას დავეუფლე, ახალი ტექნოლოგიები, არატრადიციული მედია, საზოგადოებასთან ვურთიერთობ და ასე. წარმატებული გოგო ვარ, უკვე იმდენი ხანია ხან სად და ხან სად ვმუშაობ, კაცმა არ იცის. აგერ ბოლო რამდენითაცა წელია, არ დამისვენია და ამ ზაფხულსაც მხოლოდ რამდენიმე დღით გავყავი ცხვირი ქალაქიდან, მაგრამ, მერე რა.  კარგი ამბებიც თავზესაყრელია.  

ზაფხულის მიწურულს, ზუსად ისე, როგორც ჩემ თავს კაი ხნის წინ შევპირდი, ახალი სამსახური ვიშოვე, სადაც ამ ჩემ კაი ხნის წინ დაუფლებულ ახალ პროფესიას ვიყენებ,  ბევრი საქმის გამო თავს სრულიად რეალიზებულად ვგრძნობ და დროც ისე მალე გადის, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ. საოცნებო ამბავია. 

მაგრამ არასამუშაო საათებში, ჩაიებიან საღამოობით და გრილ უქმეებზე, მაინც ისე  
ვტირი, მთის სული რომ ვიყო, ჭექა ქუხილი  დაიწყებოდა.

მაგრამ ვინ მე და ვინ მთის სული. ამიტომაც არ წვიმს გრილ უქმეებზე და ჩაიებიან საღამოობით და ამიტომაც ყველას გონია, რომ დედამიწის ზურგზე ყველაფერი გადასარევად არის. 

ბედნიერი შემოდგომა ჩვენ ყველას