Sunday, December 16, 2012

ისეთი, როგორც ოთახში ჰაერი

გუშინ საღამოს, სანამ დავიძინებდი, ჩემს ოთახში მცხოვრებ  გოგონას ვეუბნებოდი, რომ ბავშვის ყოლა სრულიად არ გავს არაფერს, რაც მანამდე იცოდი. ის ძალიან გავს  ოთახში არსებულ  ჰაერს, რომელიც ბუნებრივად  და ყველგანაა შენს გარშემო და ყველა თავისუფალ სივრცეს იკავებს.
ბავშვი რომ გყავს,  სულ და ყველგან გყავს, არასოდეს არ გავიწყდება და ყველა ფიქრის ლოგიკური დაბოლოებაა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი აღმოჩნდებოდა.
მგონია,  რომ  მეორე ცალის  და ბავშვის ყოლა ბოლო კბილების ამოსვლას გავს. ხვდები, რომ მორჩა, უკვე ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდებოდა. ახლა შეგიძლია სრულიად მშვიდმა და ბედნიერმა იცხოვრო მანამ, სანამ იცხოვრებ.

ზოგჯერ ეს შენი სიმშვიდე და ბედნიერება ბარიერივით არის ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებსაც არ წყინდებათ კეკლუცობა, პრანჭვა, საკუთარი უპირატესობების მტკიცება, კანიდან გამოძვრომა და ათასი სხვადასხვა როლის უნიჭოდ თამაში. უყურებ და ფიქრობ, რომ იქიდან, სადაც შენ დგახარ ეს ყველაფერი სასაცილოც კი არ არის და სულაც არ გინდა იმ ხალხთან კონტაქტი, ვინც გეცოდება.


გუშინ დილას,  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში პირველად გამოვედი თბილისიდან მარტო და რაც ძალიან მახარებდა, ნაჩქარევად ჩალაგებული ჩანთა და ღამე გაღვიძების გარეშე ძილის პერსპექტივა იყო. ასეა, ზოგჯერ სრულიად წვრილმანი მოლოდინები გახარებს.  არადა, აქ, ანუ სუფთა ჰაერიან და წყნარქუჩებიან ბორჯომში, სადაც სამუშაო შეხვედრაზე ვარ, წესით ის უფრო უნდა მიხაროდეს, რომ მე ისევ აქტიური და პროდუქტიული ვარ და ორსულობა/მშობიარობისგან დროებით ჟელედქცეულ ტვინს კაპიტულაცია არ გამოვუცხადე. მე კი იმაზე ვფიქრობ, როგორ კარგად ვისეირნებდით აქ სამივე, როგორ სიამოვნებით შევივლიდით იმ კაფეში, სადაც უგემრიელესი, ბუსუსებიანი ჟოლოს კალათა შეგიძლია ჭამო და როგორ გამახსენდებოდა ბორჯომული დღეები ბავშვობიდან.


 ხოოდა ასე.
როცა ვიღაცები ძალიან გიყვარს, დროს წუთებით და საათობით ითვლი, როცა ისე რა, დღეებით და თვეებით.

Sunday, November 25, 2012

ურბანული სევდა და შემწვარი ვაშლი დარიჩინით

მოვიდა ღუმელში შემწვარი კარტოფილის, ვაშლის, გოგრის, წაბლის ტკაცატკუცის, პლედებში გახვევის და სუსხისგან გაწითლებული ცხვირების დრო. ანუ ჩემი დრო.

გაჭერით ვაშლი შუაზე, ამოაცალეთ კურკები, ანუ  "ამოღტუტნეთ", ამ ამოღრუტნულში მოაყარეთ ცოტა დარიჩინი, ჩაასხით ასევე ცოტა თაფლი (სასურველია წაბლის), არაჟანი, ლიმონის წვენი და შედგით ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში და თქვენ სახლშიც ისეთივე ბედნიერების გემრიელი სუნი დატრიალდება, როგორც ჩემსაში დგას ბოლო 2 დღეა. 

მიუხედავად იმისა, რომ სეირნობისას  ურბანული სევდა მიპყრობს, ტყეებისგან, მთებისგან და ნისლიანი დილებისგან სიშორით გამოწვეული, შემოდგომა მაინც ჩემი დროა, ნოემბერი ჩემი თვე და კვირა ჩემი დღე.


სამსახური მომწონს, რაც ნამდვილად  იმსახურებს აღნიშვნას.  ასეთი რამ ხშირად არ ხდება ხოლმე.

სამაგიეროდ საშინლად არ მომწონს ჩვენი ქალაქი, რომელიც საშინლად მოუხერხებელია ეტლით სიარულისთვის და საერთოდ, სიარულისთვის. არც პარკებია ისეთი და იმდენი,  ბავშვი სად გავასეირნო კითხვას რომ დაფიქრების გარეშე გაცე პასუხი და საერთოდ, ოცნებების სიაში პირველ ადგილზე აგარაკია, დიდი ეზოთი და ბევრი ხეებით.

ბედნიერი დღეები თქვენ. ჩვენ დანგრეული და უხვმანქანებიანი გზების გავლით ეთნოგრაფიულში მივდივართ.


Sunday, November 11, 2012

ბანალური სიუჟეტები

"- შენი ტოლი მეგობრები არ გყავს?
- არა, დიდი ხანია სკოლაში აღარ დავდივარ. არც იქ მქონია სურვილი ვინმეს დავმეგობრებოდი.
- რატომ?
- ჩემი ასაკის ბიჭები იმდენად უცხონი არიან ჩემთვის, არც კი ვიცი, რაზე შეიძლება მათთან საუბარი.
- თუ აჩვენე მათ შენი ნიჭი და ოსტატობა ჯადოქრობაში?
- კი და ვფიქრობ, ცხოვრებაში უარესი არაფერი ჩამიდენია. ფოკუსზე მხოლოდ ერთი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ: "აბა, საიდან დააძრე ეს ტრიუკი? აგვიხსენი! " როცა გსურს გააგებინო, რომ ეს უბრალოდ ტრიუკი კი არ არის, არამედ ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი, გზა, რომელიც შენ გამოიარე; რომ დიდი ძალისხმევის წლებია; რომ ეს ფიქრისა და აზროვნების შედეგია, ხელოვნებასთან ზიარებაა, მათ სახეზე მხოლოდ იმედგაცრუებას თუ წაიკითხავ. 
- მართალია, ახალგაზრდებს ყველაფერი ორ წამში უნდათ. სულსწრაფები არიან.
- მეც ახალგაზრდა არ ვარ?
- შენ განსაკუთრებული ვინმე ხარ. ეს პრივილეგიაა და ამისთვის  გარკვეული ხარკიც უნდა გაიღო.
- ხარკი გავიღო? ესე იგი ვნახო, როგორი კრეტინები არიან სხვები?
- შენ მხოლოდ მათ სიშტერეს ხედავ. " 


ეს ნაგლეჯია ამელი ნოტომის ახლადგადმოქართულებული წიგნიდან, რომელიც ისეთივე არაფრისმომცემი და მაინც მიმზიდველი და მომნუსხველი საკითხავია, როგორც ამ გოგოს ყველა სხვა  წიგნი, რაც კი როდესმე ჩამვარდნია ხელში. დილას ვკითხულობდი, სანამ ოჯახის დანარჩენ წევრებს მშვიდი ძილით ეძინათ (ჯერ კიდევ თანაცხოვრების საწყის ეტაპზე მივხვდი და მას შემდეგ ამაში ეჭვი არასოდეს, რომ კითხვისთვის ყველაზე კარგი დრო მაშინაა, როცა შენს გვერდზე მყოფის გაღვიძებას ელოდები). როგორც ჩანს, რომ მან  საბოლოოდ მოიფიქრა ფაბულა - ერთი მონსტრი და ორი მისი მსხვერპლი,  ორგანული ნაწილად გაიხადოს და ყველაფერი, რასაც კი დაწერს, ამ ქარგზე იქნება მოჭრილი. მაინც მილიონობით ეგზემპლიარებს ყიდის. რატომაც არა.


მე კიდევ გუშინ საღამოს, ამ წიგნის ხელში აღებამდე კიდევ ერთხელ გამახსენდა, როგორია, როცა არც ისე ბევრი მეგობარი გყავს და იმათთანაც, ვინც შენი მეგობარია, ფრაგმენტული ურთიერთობა  რომ გაქვს. ასე, როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ნაცნობების უმეტესობასთან დისტანციურად ვურთიერთობ, ალბათ დაახლოებით იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ნოტომის მიზანთროპი პერსონაჟი. ან უფრო სწორად, მე და ჩემს იმ ნაცნობებს, რომლებთანაც შემეძლო მემეგობრა, ერთმანეთი დიდად არ გვჭირდებოდა, ისეთებს, კი ვისთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი, არც ისე ბევრს ვიცნობ. სიმართლე რომ ვთქვა, ამის გამო დიდად არც ვწუხვარ. უბრალოდ, ზოგჯერ მწყინს ხოლმე, როცა ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც სრულიად არ ინდომებენ უკეთესები, უფრო საინტერესოები, კეთილები ან კარგები იყვნენ, ბოლოს და ბოლოს წლიდან წლამდე ოდნავ მაინც შეცვალონ რამე, განვითარდნენ.

ხვალიდან ახალი სამსახური მაქვს და სევდა, რომელსაც  სამთვენახევრის მარიამის 8 საათიანი მიტოვება იწვევს. სამაგიეროდ აღარ მექნება შინაური ცხოველის შეგრძნებები და მეც და მარიამიც უფრო ორგანიზებულ ცხოვრებას დავიწყებთ.
იდეაში სწორედ იმ ამბებზე უნდა დამეწერა, ბავშვის ყოლას რომ თან ახლავს და სანამ ბავშვი გეყოლება, წარმოდენაც რომ არ გაქვს, თუ ეგეთი რამეები არსებობს, მაგრამ ამ განმეგობრებებზე იმდენ ხანს ვილაპარაკეთ გუშინ მე და ზაზამ, მერე ეს ნოტომიც და ბარემ აქაც იყოს.

ხო, მარიამს რამდენიმე დღის წინ პირველი წიგნი ვაჩუქე, რომელიც ისე მოწონს, ყველა სხვა სათამაშო ჩამოვუხსენი. ფურცლავს, აჟღარუნებს და უხარია.

რეკომენდაციის სახით შემიძლია გითხრათ, რომ 3 თვემდე ბავშვისთვის სათამაშოს ყიდვას აზრი არ აქვს, სრულიად არ დააინტერესებს, მერე კი აუცილებლად ჭირდება ხმაურიანი, ფერადი და მხიარული რამეები. 

მოკლედ ეგრე.
ნოემბერი ჩემი თვეა. სასიამოვნო ნოემბერს გისურვებთ.


Saturday, October 27, 2012

შემოდგომის თანხმლები ჭყლოპინები

მარიამი, რომელიც ჩემსავით პარასკევ დღეს და 27 რიცხვში გაჩნდა, 3 თვის გახდა.
მარიამის დედისთვის ეს იყო ყველაზე გრძელი და ემოციური 3 თვე მის ცხოვრებაში.
ეს კი ნაწყვეტია ჩემი და მაროს საღამოს დიალოგებიდან.



წუხელ მესამედ მესიზმრა მოსიარულე მარიამი.
როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეგ მეჩქარება.

კარგი შემოდგომაა, მთელი თავისი ღამეული წვიმებით, დილას შედარებით ჯანსაღი ჰაერით, სასიამოვნო მოლოდინებით და თანმხლები ჭყლოპინებით.
მე ამ შემოდგომაზე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვილზე ლაპარაკი გაცილებით მარტივი ყოფილა, ვიდრე მაგალითად ქმარზე.

მალე ჩემი დაბადების დღეც მოვა, რომელიც მინდა რაღაცნაირად განსხვავებული იყოს, თუმცა ჯერ ვერ მოვიფიქრე, ზუსტად როგორი მინდა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ბოლოს და ბოლოდ 25 წლის ვხდები.

ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ,
ბედნიერი შაბათ-კვირა ჩვენ.

Wednesday, October 24, 2012

სტერეოტიპული სოციალური წნეხები და დილა-საღამოს ლოცვები

ზუსტად ისეთი ამინდია, სახლში რომ უნდა იყო გამაგრებული, კომშის კომპოტს სვამდე, საკუთარი ხელით გამომცხვარ შინდიან პეჩენიებს სიამაყით უყურებდე და შემოდგომური საფიქრალებით გქონდეს თავი დაკავებული.

ამასობაში ჩემ მუცელზე გართხმულ მარიამს ტკბილად ძინავს და ალბათ ზუსტად იმავეს ფიქრობს ამ ამინდზე, რასაც მე. წვიმის დაწყებამდე სეირნობა მოვასწარით. გზაშივე ჩაეძინა და იმის მერე ძინავს. მარიამთან ერთად სეირნობა ახალი საყვარელი საქმიანობაა. ჰაერზე მალევე ეძინება, სახე უფრო ნათელი და ბედნიერი უხდება და გამვლელ-გამომვლელის ყურადღების მიქცევას მარტივად ახერხებს. მეც, როგორც ყველა დედას ჩემთვის, ჩუმად მიხარია ჩემი შვილით აღფრთვანებულების კომენტარები.



მაგალითად წინა კვირას,  "მუზამეს ბავშვების" სანახავად მარიამიც წავიყვანე და ისე ამიჩუყდა გული ყველა სათითაოდ რომ დაინტერესდა/მოიხიბლა, ორი დღე გაღიმებული დავდიოდი. საერთოდ, დედობა ემოციურად არამდგრადი და გულჩვილი ადამიანებისთვის ნამდვილი კატასტროფაა. განსაკუთრებით პირველ კვირებში დღეში რამდენჯერმე ვტიროდი, ასევე რამდენჯერმე თავს ვგრძნობდი ყველაზე ბედნიერ ადამიანად, მერე ხან მარო მეცოდებოდა, ხან ჩემი თავი და ხან ზაზა, ხანაც სრული გაშტერება და დიდხანს გადაბმულად ძილის მძლავრი სურვილი მკლავდა და ასე, დღის ბოლოს ემოციების სწრაფი ცვლილებებისგან უფრო ვიყავი დაღლილი, ვიდრე სხვა საქმეებისგან. ახლაც კაი არამდგრადი ვარ, უბრალოდ, მივეჩვიე და ნაკლებდრამატულად გამოვიყურები.


ისე, თუ მომავალი, დამწყები ან რაიმე ჯიშის დედა ხართ, აუცილებლად შეიყვარეთ სლინგი.ტრანსპორტირება/გადაადგილების ყველაზე კომპაქტური, კომფორტული და პრაქტიკული საშუალებაა. ბავშვი ბუნებრივ მდგომარეობაშია  შენთან მაქსიმალურად ახლოს, შენ კი შეუზღუდავად გადაადგილდები. გადასარევია. ეტლის წარმოდგენაზე  კი ახლავე გული მისკდება. წარმოუდგენელია ამ სრულიად გაუმართავი ტროტუარების, სავალი ნაწილების და ხისტი კიბეების პირობებში ეტლით გადაადგილება. აი, სლინგი სულ სხვა საქმეა, ბავშვიც ბედნიერია და  ბავშვის პატრონიც.

საერთოდ, ეს სოციუმის ინტერესები, მოლოდინები, კითხვები, შენიშვნები და  დამოკიდებულებები ერთი ცალკე ამბავია და ეგეც კაიხელა ნერვებს მოითხოვს. მით უმეტეს ჩემგან, რომელსაც ფამილარობა ბოლოს  მიღებს და პირადი სივრცის დარღვევას კრიმინალად განვიხილავ. რაღაცატომ ყველამ, შინაურმაც და გარეულმაც ყველაფერი იცის, მზადაა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშუროს (ამას ჯერ კიდევ სამშობიაროში მივხვდი, როცა ადამიანები თავიანთი გამოცდილების დეტალურად მოყოლის სანაცვლოდ ჩემგანაც იგივეს ითხოვდნენ და ისეთ კითხვებზე ელოდებოდნენ პასუხს, რასთანაც არანაირი საქმე არ ქონდათ წესით.), ყველანაირად შეეცდება თავის თანამოაზრედ, თავისნაირად გაქციოს და მეტიც, მისებური "კარგის" კრიტერიუმებს მოგარგოს. ასე მაგალითად, "კარგი" დედა აუცილებლად ძუძუთი უნდა კვებავდეს ბავშვს, ძუძუს დაუშტერელობისთვის აუცილებლად უნდა ჭამდეს ურიცხვ და უთვალავ სიმსუყეებს და სულ არ ადარდებდეს თუ ამასობაში ფორმას დაკარგავს, კარგი დედა ბავშვიანად უნდა რჩებოდეს ბებიაბაბუებთან დღეებისა და ღამეების განმავლობაში, ყველას აფრქვევდეს თავისი შვილის ამბებსა და  სურათებს, კითხვის გარეშე იჯერებდეს ყველანაირი ჯიშის რეკომენდაციასა და რჩევას, თავში აზრად არ უნდა მოდიოდეს, რა მძიმეა ზოგჯერ უწყვეტი მზრუნველობის რეჟიმში ცხოვრება და რა ლოგიკურია გამოვიფიტვა თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებისგან და ა.შ. ამას ძირითადად იმ ადამიანებისგან ისმენ, ვისაც უკვე ყავს ბავში და ოჯახი და "თავისი წილი იწვალა"(იმასაც ვერ ვხვდები, რატომ არის ეს წვალება ასეთი აუცილებელი).

მეგობარ/ნაცნობ/ახლობლები კი მოთმინებით ელოდებიან რომ შენ დაიწყებ წუწუნს იმაზე, რომ მთელი დღე სახლში ზიხარ, პამპერსებისა და სათამაშოების გარემოცვაში, რძის სუნი გიდის და ხშირად გამოუძინებელი თვალები გაქვს, თმა გცვივა და რაღაცნაირად გადაეჩვიე საზოგადოებასთან კომუნიკაციას, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ცოტა დაბნეულად გამოიყურები და მთელი ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო შეგიმცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც უპირობოდ გსიამოვნებს და ა.შ.

არადა, ღმერთმანი, ეს პერიოდი მთელი თავისი ვნებათაღელვებით, სახლში ჯდომებით, რძის სუნებით, გამოუძინებელი თვალებით და ყოველდღიური წვრილმანი სიახლეებით იმდენად სენსიტიური და კარგია, იმდენად შენი, პირადია და ინდივიდუალურია, რომ სულ არ ჭირდება დამატებითი ეფექტები.თანაც ყველაფერი მაინც ისეა, როგორც უნდა იყოს, გაკითხვა-გამოკითხვების გარეშეც.

მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი საკონტაქტო პირთა რაოდენობა, როგორღაც მაინც ახერხებს ეს საზოგადოებრივი აზრები ჩემ შეწუხებას. არადა, რატოა ასე ძნელი, რომ ადამიანებმა შევიგნოთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ღირებული მხოლოდ ის გამოცდილებაა, რასაც შენ დააგროვებ. ან იმას რატომ ჭირდება ახსნა, რომ ბავშვს და დედას თავიანთი საკომუნიკაციო ველი აქვთ და თვითონ ბავშვი ყველაზე კარგად გასწავლის როდის რა ჭირდება.

მოკლედ ეგრე. საზოგადოებრივი წნეხების ფარგლებში კინაღამ დამავიწყდა იმის ჩანიშვნა, რისთვისაც შემოვედი:
თითქმის 3 თვის მარიამი გადასარევად არჩევს ერთმანეთისგან ე-სა და ა-ს, რომლებიც ამავდროულად მისი ლექსიკის ძირითადი საყრდენი ერთეულები არიან არიან, განსაკუთრებით ვუყვარვართ მე და მუსიკა (თუმცა იწყებს ოჯახის სხვა წევრებთან გაშინაურებას),  ნელ-ნელა ერკვევა საკუთარი კიდურების ფუნქციებში და ენის სტრუქტურაში, არის კონტაქტური და მხიარული. ამდროინდელი პროგნოზით (რომელსაც შეიძლება სურვილიც დავარქვათ :)  მალე დაიწყებს ლაპარაკს და სიარულს. 



მე კი ყოველ დილას, როცა ნახევრად მძინარე, პირველ დაძახებაზე ვდგები ხოლმე და საწოლიდან მოცინარი არსება მიყურებს, ყოველ საღამოს, როცა თავის სავარძელში მოკალათებული  ჩემთან ერთად ცდილობს მარტივი სიტყვების გამეორებას, პარალელურ რეჟიმში ვლოცულობ ხოლმე, რომ სულ ასეთი ბედნიერები ვიყოთ./ 


Saturday, October 13, 2012

Un heureux événement

უცნაურად დაემთხვა რომ თითქმის ყველა ამოჩემებული ბლოგერი, რომელთა პოსტებსაც ერთგულად ველოდები ხოლმე და ყურადღებით ვკითხულობ, ერთ პერიოდში დადგა ბავშვის გაჩენა/გაზრდის ხასიათზე. უცნაურად მოხდა ისიც, რომ მე თითქმის სულ ავიღე ხელი წერაზე, რის გამოც სულაც არ ვარ კმაყოფილი. პირიქით, ახლა, როგორც არასდროს მინდა ბევრს ვწერდე, ყველა წვრილმანს ვიმახსოვრებდე, შეგრძნებებს ვაკონსერვებდე და ამ ყველაფერს რაც შეიძლება მეტი ადამიანი კითხულობდეს.

საბედნიეროდ  ჩემ თანამცხოვრებთან იმდენად მშვენიერია ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, ეს საწყალი ბლოგი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ, სასიამოვნო და არასასიამოვნო ამბებს შესანახად ვაწყობდი ხოლმე, თითქოს უფუნქციოდ დამრჩა.
ახლა საღამოებს და ძილის წინა ჩაის სმებს ველოდები ხოლმე დიალოგებისა და დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციების თავმოსაყრელად (ჩვენი შვილი კარგი ბავშვი აღმოჩნდა და მიუხედავად ცხოვრების აბსოლუტურად შეცვლილი რიტმისა, ზოგიერთი რიტუალის შენარჩუნება შევძელით). 
ეგეც რომ არ იყოს, რაღაცნაირად მეხამუშება იქ, სადაც წლების განმავლობაში ჩემი აქეთ-იქით წანწალის, შემთხვევითი გამვლელების, ცუდი სამსახურების და მოდეპრესიულო-მოთინეიჯერო-მოგარდატეხისასაკისთვისდამახასიათებელ ამბებს ვწერდი, ახლა ის ვწერო, როგორია მშობიარობის შემდეგი პერიოდის ვნებათაღელვები,როგორ გავს სამშობიარო საგიჟეთს და რა საშინლად სევდიანი ამბების მოსმენა შეიძლება საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალის პირიდან, თუკი ის გულახდილობის ხასიათზე დგება, რა სიხარულია სამშობიაროდან სახლში დაბრუნება და როგორ ორმაგდება სიხარული, თუკი ის შორტი, რომელიც წინა წლებში გეცვა, ისევ გეტევა, როგორია დილას ნახევრადმძინარეს  საწოლიდან პაწაწუნა არსება რომ გიცინის, როგორ ხვდები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდებში რომ ახლა იმაზე მეტად ღელავ, ვიდრე როდესმე,  როგორი მრავალშრიანი გახდა ერთფეროვანი დღეები და როგორ ხვდები, რა სხვა განზომილება იყო შუადღემდე გაწელილი დილის ძილები და საღამომდე გაწელილი საუზმეები დასვენების დღეებში, როგორ მოქმედებენ გარშემომყოფები მაშინ, როცა შენ თვითონაც გიჭირს საკუთარ თავში გარკვევა.


მიჭირს ჯერ ერთი იმის გამო, რომ მგონია ეს ყველაფერი ძალიან ინტიმურია, მხოლოდ მე მეხება და მათი გამოფენა რამდენად საჭიროა, არ ვიცი, მეორეც იმის გამო, რომ მგონია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალები წლების მერე ისევე სასაცილოდ არ მომეჩვენოს, როგორც ახლა წლების წინ დაწერილ პოსტებს ვუყურებ. თან იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ვნებათაღელვები ჩემთვის არის საინტერესო, თორემ სამყაროსთვის სრულიად ბანალურია ახლადგამოჩეკილი დედების ბანალური პრობლემატიკა.
არადა, ძალიან მომწონს, როცა ადამიანები ლაღად და თავისუფლად, ამდენი ფიქრის გარეშე დგანან და თავიანთ დღეებს ყვებიან. აი, როგორც სოფი აკეთებს ამას. თან სხვა თუ არაფერი, გადასარევი რამეა, რაც შეიძლება შენ შვილს დაუტოვო. რა ჯობია, წლების მერე რომ წაიკითხავს, როგორ ცხოვრობდა დედა მაშინ, როცა ის პირდაფჩენილი შოშია იყო.

მოკლედ, იმედია შევაფურთხებ ეშმაკებს და მოვაბამ თავს წერას.

მანამდე კი რომ არ დამავიწყდეს, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი ყველამ, ვისაც ბავშვის გაჩენა ჯერ კიდევ წინ აქვს ან უკვე გააჩინა, სახალისოა მსგავსება-განსხვავებების პოვნა. იმ იავნანებში კი, რასაც მე და მარიამი ერთად ვუსმენთ ხოლმე, ყველაზე მეტად აი ეს მომწონს.




რაც შეეხება შეცვლილ ცხოვრების წესს, უსაშველოდ ფრთხილი ძილი გამიხდა, ძალიან გამიჭირდა ლაქტაციის დადებითი მხარეების შეგნება (როგორც ამბობენ სტატისტიკის მოყვარულები, მშობიარობის შემდეგი ბეიბი ბლუზის მიზეზი ძირითადად ზუსტად ძუძუთი კვება ხდება ), ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელსაც დიდად არ ჭირდება სახლიდან გასვლა უკვე ჩვეულებად მექცა და დიდადაც მომწონს, თუმცა შიგადაშიგ მინდა ხოლმე დილას ავდგე, სწრაფად დავლიო ყავა ნახევრამდე, ჩქარა ჩავირბინო კიბეები და შევისწავლო თანამშრომლები, რომლებსაც შესვენებებზე შეიძლება რაიმე ამბები მოვუყვე კიდეც და დღის ბოლოს მიხაროდეს სახლში მოსვლა, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი სამსახურის ნასახიც კი არ ჩანს და ჩემი ლამაზი და მშვენიერი კაბებიც მშვიდად განისვენებენ კარადაში, მთელ ჩემ დროს კი გადასარევად ითვისებს მარიამი.

ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ.

Saturday, June 16, 2012

child of flowers and the rain

გუშინ გვიან საღამოს პიტნის ჩაის ვაყენებდი და კაცმა არ იცის რატომ, ის დღე გამახსენდა, ბურგჰაუზენში რომ ვიყავი. უფრო სწორად, ის საღამო, ბურგჰაუზენის ნახვის მერე უკან რომ უნდა დავბრუნებულიყავი სახლში, საშინლად რომ ციოდა, რკინიგზის ბაქანზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ღამდებოდა და მე მეგონა, რომ ჩემი მატარებელი აღარ მოვიდოდა.

ადრე გაზაფხული იყო, დღე რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად გაზრდილი და ადრე რომ ბნელდება და იმ უკაცურ სადგურზე  ჩემს გარდა არავინ არ იყო, ვინც თავის მატარებელს დაელოდებოდა. სადგური  ისეთი იყო, ევროპაში რომ იშვიათია.  უბრალოდ ბაქანი, ყველანაირი სტაფის, კეთილგანწყობილი ინფორმაციის გამცემების და კაფეტერიის გარეშე.დასაჯდომიც კი არ ქონდა. რომ მახსენდება, ვფიქრობ ხო არ დამესიზმრა თქო. ეგეთი სადგური სულ ორი მაქვს გერმანიაში ნანახი. ერთი სადღაც კიოლნის ზემოთ და ერთი ეს. აი, ხაშურიდან ბორჯომისკენ რო მიდიხარ, გზად რო გხვდება, ეგეთი სადგური.

სადგურის უკაცრიელობა ჩემთვის იმის ნიშანი იყო,  რომ მე მატარებლების გრაფიკი ამერია  და ვინაიდან ეს ბურგჰაუზენი დედამიწის კაი მიკარგული სოფელი იყო და სულ რამდენიმე კინკილა ტრანსპორტი უდგებოდა,  ამ ბაქანზე ღამის გათევის პერსპექტივა მემუქრებოდა.
 უკვე იმ გეგმებს ვსახავდი, როგორ დავაკაკუნებდი ყველაზე ახლო მდებარე სახლის კარებზე და ვითხოვდი ღამის გასათევს და ვინაიდან გერმანელების სიკეთის დიდი იმედი არ მქონდა, მერე შემდეგ კარზე როგორ დავაკაკუნებდი, მერე იმის შემდეგზე და ასე, ამ ფიქრებში ვიყავი  და საშინელ, უსაშინლეს, მუყაოს სიგარეტის მორიგ ღერს ვეწეოდი, მატარებელი რომ მოვიდა. ეგ სიგარეტი იმ ერთადერთხელ ვიყიდე, ხელფასამდე დარჩენილი ბოლო ცენტებს ვითვლიდი და ვინაიდან საგრძნობლად იაფი ღირდა, ვიფიქრე, გავწირავ თავს თქო.

ხოდა გუშინ გვიან ღამით ეგ სიხარული გამახსენდა, ძალიან გაყინულს და იმედგადაწურულს უცბად რაღაც ძალიან რო გაგეხარდება, რა მაგარია.

კაცმა არ იცის რატო გამახსენდა ეგ ამბავი. ალბათ იმიტომ, რომ ახლა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად გამოიყურება: ძირითად დროს სახლში ვატარებ და  მიხარია რომ გამიჩნდა დრო კითხვისთვის, ძილისთვის, ჩემი საკუთარი სიმშვიდეებისთვის.
მაწუხებს სიცხე და ადამიანების სიშტერე.
კვირაში რამდენიმე სტატიას ვწერ, მუცლის ბინადრის მოძრაობებს ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ მე ძალიან ჭკვიანი ადამიანი ვარ, რომელმაც ზუსტად იცის რაზე უნდა იოცნებოს და ვინაიდან იმაზე, რაზეც უნდა ვიოცნებო ხოლმე დაჟინებით ვოცნებობ, მერე აუცილებლად სიტყვა-სიტყვით მიხდება. შედეგად  უფრო  ბედნიერი ვხდები და ეს და სხვა მსგავსი ამბები მგონია ხოლმე რო მე არა, ვიღაც სხვას გადახდა თავს.


საღამოობით როცა ჩაის ვსვამთ ხოლმე, ან აივანზე ვგრილდებით, ერთმანეთს ჩვენი ბავშვობის ამბებს ვუყვებით და იმის გამოცნობას ვცდილობთ მუცლის ბინადარი როგორი იქნება, ვხვდები, რომ სულ ცოტაც და ჩვენი ბავშვობის ამბები სამუდამოდ გადაიწევს უკანა პლანზე და მთავარ თემად  ახალი ადამიანის ცხოვრება გვექნება.

ეგ სრულიად ბუნებრივი კანონზომიერება  რაღაცნაირად მასევდიანებს ხოლმე. იმიტომ რომ ხვდები როგორ უცბად ხდიან მშობლების ამბებს ბავშვები უმნიშვნელოებს, შენც როგორ იშვიათად ინტერესდები იმით, როგორ ცხოვრობდნენ მშობლები, როგორ უკითხავად იქმნი მათზე არასრულ წარმოდგენას მხოლოდ იმ ამბებით, რის გაგებასაც დაინტერესების გარეშე ახერხებ და ხვდები, რომ ცოტაც, სულ ცოტაც და შენ ამბებსაც იგივე მოელის.და ამბებს ვინ ჩივის,  შენ თვითონაც  რაღაცნაირად უფრო დიდივით და ჭკვიანივით უნდა მოიქცე, იმიტო რო შენი წილი პასუხისმგებლობა გაქვს და მარტო საკუთარი თავი კი არა, წერტილაკის ადამიანად ქცევა გაბარია.

მოკლედ, რთული ამბავია და სავარაუდოდ ყველაფერი ისევე ჩვეულებრივ მოხდება გზადაგზა, როგორც აქამდე, უბრალოდ, როცა ეგ ყველაფერი შენ თავს ხდება, გგონია რომ რაიმე განსაკუთრებულში გაყავი თავი და ამ წინასწარი სენტიმენტებით შენ თავს მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენ, თუ რაღაც ეგეთი. ზუსტად არ ვიცი, რა ქვია ასეთ საქციელს.

მუცლის ბინადარი კიდე, უსახელო და  დაახლოებით 2 კილო თავისთვის დატივტივებს და სულ არ იცის, როგორ გვაინტერესებს გარეთ მყოფებს როგორი იქნება. 

Sunday, April 15, 2012

არაკონცენტრირებული ბედნიერებები

კვერცხები არ შემიღებია.
არც რამე განსაკუთრებული სადღესასწაულო გამიკეთებია კონკრეტულად ამ დღისთვის.

ვცდილობ, ჩემი სიხარულები, ბედნიერებები და სიმშვიდეები არაკონცენტრირებულად ერთ დღეს, არამედ ყოველ დღე პატარ-პატარა დოზებით მივიღო.

ხოოდა, ასე მაგალითად ვისწავლე ხაჭოს პასკის გაკეთება. უგემრიელესია, ნაკლებ კალორიულია, ვიდრე ნებისმიერი ცომიანი პასკა და ძალიან, ძალიან სასარგებლოა. ინტერნეტში ბევრი რეცეპტი დევს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. ჩემი საკუთარი რეცეპტი მათი კომპინაციაა და შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე/


სახლში ყვავილები მოვაშენე და დიდად ბედნიერი ვარ. თავიდან ისე მოვიტანე, არც მეგონა თუ გაიხარებდნენ, მეთქი, სანამ იცოცხლებენ, იყვნენ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემ ხელში ყვავილები მშვენივრად ხარობენ. ხოოდა, ძალიანაც კარგი. 
ისე, ადამიანებმა რომ არ იციან ხოლმე ერთმანეთს რა აჩუქონ და ჭიქებს, საფერფლეებს, თითო ჭრაჭუნა ქაღალდში გამოხვეულ ვარდებს  და მსგავს ბანალურ რამეებს რო ჩუქნიან ხოლმე, აი, რატომ არ ჩუქნიან მაგალითად ქოთნიან ყვავილებს? მოუვლის ის ვიღაცა, გაახარებს, გაეხარდება. რა ვიცი. მე გვანცამ მაჩუქა ორი ცალი მაგალითად. დიდად ბედნიერი ვიყავი. 
ეგეც ბოტანიკური. სადაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დაზივზივებს, სასეირნო ბილიკებს აკეთებენ და გადათხრილობის რეჟიმში არიან და ბევრი ნაგავი ყრია, მაინც ღირს გასეირნება. ყველაფერი ყვავის, კარგი სუნია და გრილა. 

 ხოოდა, ასე. ვინარჩუნებ აღდგომისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დამსაქმებლების უმეტესობისადმი უნდობლობას და კიდე ოდნავ უარეს შეგრძნებას, ბედნიერების მყარ შეგრძნებას და მადლიერების გრძნობას საკუთარი ფეხებისადმი, რომლებიც ერთგულად დამატარებენ. 



შიგადაშიგ ქალაქის ქუჩებში გაბნეულ მსგავს მაიმუნობებს ვიღებ. ისე, საკუთარი არქივისთვის. 


და სულაც არ მეხამუშება ის, რომ დროის დიდ ნაწილს საჭმელებზე, სახლის ამბებზე და მსგავს რამეებზე ფიქრში ვატარებ. პირიქით, ძალიანაც მომწონს. 

Saturday, March 24, 2012

"პაკაზუხა" ხალხი

ადრეც ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ "პაკაზუხა" ხალხი ვართ.
ასე, ღამე იყო, ნეტში დავძვრებოდი და ამ ვიდეოს წავაწყდი. 



დიდი არაფერი, ერთი ვინმე გერმანელის აქ გადაღებული ფოტოებია, მერე სულ მარტივად აკინძული და ვიდეოდ ქცეული. რამდენიმე აქვს კიდევ სვანეთზე,თუშეთზე, მცხეთაზე, იმაზე, ამაზე... ხოოდა, ამას რომ ვუყურებდი, უცბად მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან იშვიათად ვიღებთ, ვხედავთ, ვაკვირდებით, ვაფიქსირებთ ესეთ ყოფით რამეებს,იმიტომ რომ ძირითადად რამე საოცრებებზე, კულტურულ ძეგლებზე, შედევრებზე, უკიდურესად მნიშვნელოვან ამბებზე ვართ მიჯაჭვულები.

 არადა, ყოველდღიურობა ხომ ზუსტად ეს ბაზრები, ქუჩები,ვირტინები, ნაგვის ურნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანებია, ვიდრე სალი კლდეები და ციხის ქონგურები. კი. მაგრამ ჩვენ უმეტესად მაინც იმეებს ვიღებთ, თბილისს ნარიყალადან ან მთაწმინდიდან, მცხეთას ჯვრიდან, ქუჩებს ძველ თბილისში,ზღვას მზის ჩასვლისას, პორტრეტებს "სელებრითების" და ასე.


სხვებს რას ვერჩი, აგერ მე. 

იმის მაგივრად, რომ შიგადაშიგ ვწერო ხოლმე, როგორ მიხარია მზიანი ამინდები და როგორ ვსეირნობ ხოლმე საათობით, როგორ დავდივარ მარტო კინოებში, კონცერტებსა და კაფეებში მაშინ, როცა სხვები თავიანთ საქმეებში არიან ჩაძირულები, მოვყვე, როგორ ვეძებ აგერ უკვე 2 თვეზე მეტია ერთ-ერთი ოთახისთვის სანათს და როგორ ვიპოვე გუშინწინ 2 მეტნაკლებად მოსაწონი, ახლა კიდევ როგორ ვერ გადამიწყვეტია, რომელი უფრო მინდა, ან ის, რა გადასარევი საჭმელების კეთებას ვსწავლობ გზადაგზა და მათი მომზადების მარტივი წესები გაგიზიაროთ, ან გითხრათ, რა კარგია, როცა ბევრწლიანი მუშაობის მერე ბევრი თავისუფალი დრო აღმოგაჩნდება და რა ცუდი, შენ თუ მაინც სამსახური გინდა და ამ ბევრი დროით ტკბობის მაგივრად ახალ სამსახურზე ფიქრში ხარჯავ თითქმის მთელ გამოთავისუფლებულ დროს, ვზივარ და ველოდები როდის მექნება თქვენთვის რამე უფრო მნიშვნელვანი ამბავი მოსაყოლი და არაფერსაც არ ვყვები ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ესენია ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები და მე სხვა ამბები ვერაფრით ვერ აღმომაჩნდება. ისევ იმ მოსულელო მოსენტიმენტალურო გაურკვევლობებს ხო ვეღარ დავწერ, ბლოგის პორველი პოსტები რო ქვია და შემთხვევით თუ ამომექექა გული მისკდება.
ხოოდა, ეგრე. ამ ყველაფერს ალბათ სულაც არ დავწერდი, წეღან რომ ამ ბლოგის კითხვას არ შევყოლილიყავი.

Sunday, March 18, 2012

მე გენიალურ ფოტოებს ვიღებ


მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გაზაფხულის იდეალურობას ხელს უსამსახუროდ დარჩენა უშლის, რომელსაც სავარაუდოდ ასე მალე ვერ გადავიტან და კიდევ დიდხანს მომიწევს ვლანძღო საშინელი შრომითი კოდექსი, აუტანელი უფროსები, უწესო გადაწყვეტილებები, პროტექციები, რეკომენდაციები და სამსახურებრივი ჩახლართული ამბები, ეს ქარიც ისევე დაქრის, როგორც ზამთარში დაქროდა და მე ჯერ კიდევ ვერ გამოვალაგე ჩემი ფერაფერადი კაბები და ვერ მოვაწყვე ხანგრძლივი სეირნობები, როგორც ამას ოფისში გამოკეტილობის და ათასი საქმის დროს ვგეგმავდი,  მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი იმაზე კარგად არის, ვიდრე რომელიმე გაზაფხულზე.

რაც მთავარია, მე სრულიად გენიალური ვარ, გენიალურ ფოტოებს ვიღებ და ამას ბოლო დღეებში უფრო და უფრო ხშირად ვიმეორებ. 
ძლივს დრო გამომიჩნდა ყველა იმ საქმისთვის, რისთვისაც დრო არასოდეს მყოფნიდა. 

და ვინაიდან ბევრი დრო და სულ სხვადასხვანაირი ჩაიები მაქვს, შეგიძლიათ მესტუმროთ კიდეც. 

Sunday, February 26, 2012

ზამთრისპირის ამბები ბედნიერი გაზაფხულისთვის

ყოველ დღე უფრო და უფრო საგრძნობია გაზაფხულის სუნი.

ზამთრის მიწურულს, 2000-მდე სხვადასხვა თემაზე შემიძლია ვილაპარაკო, რაც მაწუხებს ხოლმე და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაზეც ვფიქრობ, ყველას თავის პოზიცია უნდა ქონდეს და რაზე ლაპარაკსაც რაღცატომ მგონია,  აზრი არ აქვს  ხოლმე. ამიტომაც  ვჩუმდები, ფანჯარას ვაღებ და გაზაფხულის სუნით ვტკბები.

არადა, ეს გაზაფხულიც ალბათ ჩვეულებრივი გაზაფხული იქნება, როცა შუშის შენობებისთვის და არა მხოლოდ ამისთვის, ხეებს გაჩეხავენ, როცა ბლოგერები კარდაკარ ჩამოივლიან მინისტრების კარებზე და კმაყოფილები და ბედნიერები იფიქრებენ, რომ სოციალური მედიის წარმომადგენელბი როგორც იქნა დააფასეს და ეჭვს აღარ შეიტანენ საკუთარ მნიშვნელოვნებაში, როცა გადაუღებელი წვიმებისას მე სადმე მშვიდ და ოდნავ ბნელ კაფეში მეგობრებს მოვუყვები, რა საშინელი ურთიერთობებია ნორმად მიღებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და რა მძიმეა, როცა შენი ცხოვრებიდან ცოტა ხნით უნდა გააქრო ლაზერული ეპილაცია.ისინიც თავიანთ პრობლემატურ თემებს ამოალაგებენ და ასე. ხო, ადმიანები ძირითადად იმაზე ლაპარაკობენ და წერენ, რაც აწუხებთ. კარგ ამბებს იშვიათად იმეტებენ. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე გამომდის და ზოგს შეიძლება წარმოდგენაც არ ქონდეს, რა ბედნიერი ვარ.

ამასობაში რამდენიმე გემრიელი საჭმლის გაკეთებას ვისწავლი და საღამოობით სიამოვნებით გავწელავ  ვახშმებს, შაბათ-კვირას საუზმეებს და აუცილებლად  შევეცდები ნაკლებად ვიფიქრო იმაზე, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ძირითადად გამომყენებლური ურთიერთობები გვაკავშირებს,  დედამიწას კიდეც ან ეკოლოგიური კატასტროფები მოუღებს ბოლოს, ან გულგრილობა.

მოკლედ, სულ სამი რამის თქმა მინდოდა და არა ამ ყველაფრის, რაც აქამდე ვწერე.

პირველი: 
არტ-ტაბულას ახალ ნომერში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გამოვიდა, ჩემი ინტერვიუა სერგი გვარჯალაძესთან. სერგი ერთ-ერთი  გადასარევი ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.

მეორე: 
ჩემს მაგივრად ჩემი და ცდილობს ჩემი ოცნების ასრულებას და "ბუწიკი" გახსნა. მართალია ჯერ მხოლოდ ონლაინ და ჯერ არც ისე ბევრი მყიდველები გვყავს, როგორც მოვედით, მარა მართლა ლამაზ რამეებს ყიდის ამ თავის "ბუწიკში".



 შეგიძლიათ შეიაროთ, თვალი გაახაროთ, რამე ლამაზი იყიდოთ აგერ საგაზაფხულოდ. 

მესამე: 
ბედნიერი გაზაფხული თქვენ, ბედნიერი გაზაფხული მე. 

Wednesday, January 25, 2012

just a slow day




სულ, სულ ცოტა ხანში ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ. იმედია დიდხანს და ბედნიერად.

მანამდე კი, სანამ ღამღამობით ძალიან ძალიან ლამაზად თოვს, სანამ ისე მეზარება მეცადინეობა, რომ  ადამიანური ენით ამას ვერ გადმოცემ,  იმაზე ვფიქრობდი, როგორი უნდა იყოს სახლი, სადაც დიდხანს და ბედნიერად უნდა იცხოვრო, ორიათასრვაასზე მეტი რესურსი გამოვიწერე.
სულ  ლამაზი სახლების ლამაზი სურათებით გაძეძგილი და იმდენი ლამაზი ნივთი ვნახე, სულ ამებნა თავგზა.

ხოოდა, მინდა ეს ჩემი ლამაზი და თავგზააბნეული პერიოდი ბლოგზეც დარჩეს.

მერე როდესმე მოვბრუნდები, გამეხარდება, გამახსენდება, რა იცი, რა ხდება
















პ.ს. ესეც დღევანდელი სიმღერა