Saturday, March 24, 2012

"პაკაზუხა" ხალხი

ადრეც ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ "პაკაზუხა" ხალხი ვართ.
ასე, ღამე იყო, ნეტში დავძვრებოდი და ამ ვიდეოს წავაწყდი. 



დიდი არაფერი, ერთი ვინმე გერმანელის აქ გადაღებული ფოტოებია, მერე სულ მარტივად აკინძული და ვიდეოდ ქცეული. რამდენიმე აქვს კიდევ სვანეთზე,თუშეთზე, მცხეთაზე, იმაზე, ამაზე... ხოოდა, ამას რომ ვუყურებდი, უცბად მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან იშვიათად ვიღებთ, ვხედავთ, ვაკვირდებით, ვაფიქსირებთ ესეთ ყოფით რამეებს,იმიტომ რომ ძირითადად რამე საოცრებებზე, კულტურულ ძეგლებზე, შედევრებზე, უკიდურესად მნიშვნელოვან ამბებზე ვართ მიჯაჭვულები.

 არადა, ყოველდღიურობა ხომ ზუსტად ეს ბაზრები, ქუჩები,ვირტინები, ნაგვის ურნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანებია, ვიდრე სალი კლდეები და ციხის ქონგურები. კი. მაგრამ ჩვენ უმეტესად მაინც იმეებს ვიღებთ, თბილისს ნარიყალადან ან მთაწმინდიდან, მცხეთას ჯვრიდან, ქუჩებს ძველ თბილისში,ზღვას მზის ჩასვლისას, პორტრეტებს "სელებრითების" და ასე.


სხვებს რას ვერჩი, აგერ მე. 

იმის მაგივრად, რომ შიგადაშიგ ვწერო ხოლმე, როგორ მიხარია მზიანი ამინდები და როგორ ვსეირნობ ხოლმე საათობით, როგორ დავდივარ მარტო კინოებში, კონცერტებსა და კაფეებში მაშინ, როცა სხვები თავიანთ საქმეებში არიან ჩაძირულები, მოვყვე, როგორ ვეძებ აგერ უკვე 2 თვეზე მეტია ერთ-ერთი ოთახისთვის სანათს და როგორ ვიპოვე გუშინწინ 2 მეტნაკლებად მოსაწონი, ახლა კიდევ როგორ ვერ გადამიწყვეტია, რომელი უფრო მინდა, ან ის, რა გადასარევი საჭმელების კეთებას ვსწავლობ გზადაგზა და მათი მომზადების მარტივი წესები გაგიზიაროთ, ან გითხრათ, რა კარგია, როცა ბევრწლიანი მუშაობის მერე ბევრი თავისუფალი დრო აღმოგაჩნდება და რა ცუდი, შენ თუ მაინც სამსახური გინდა და ამ ბევრი დროით ტკბობის მაგივრად ახალ სამსახურზე ფიქრში ხარჯავ თითქმის მთელ გამოთავისუფლებულ დროს, ვზივარ და ველოდები როდის მექნება თქვენთვის რამე უფრო მნიშვნელვანი ამბავი მოსაყოლი და არაფერსაც არ ვყვები ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ესენია ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები და მე სხვა ამბები ვერაფრით ვერ აღმომაჩნდება. ისევ იმ მოსულელო მოსენტიმენტალურო გაურკვევლობებს ხო ვეღარ დავწერ, ბლოგის პორველი პოსტები რო ქვია და შემთხვევით თუ ამომექექა გული მისკდება.
ხოოდა, ეგრე. ამ ყველაფერს ალბათ სულაც არ დავწერდი, წეღან რომ ამ ბლოგის კითხვას არ შევყოლილიყავი.