Saturday, October 27, 2012

შემოდგომის თანხმლები ჭყლოპინები

მარიამი, რომელიც ჩემსავით პარასკევ დღეს და 27 რიცხვში გაჩნდა, 3 თვის გახდა.
მარიამის დედისთვის ეს იყო ყველაზე გრძელი და ემოციური 3 თვე მის ცხოვრებაში.
ეს კი ნაწყვეტია ჩემი და მაროს საღამოს დიალოგებიდან.



წუხელ მესამედ მესიზმრა მოსიარულე მარიამი.
როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეგ მეჩქარება.

კარგი შემოდგომაა, მთელი თავისი ღამეული წვიმებით, დილას შედარებით ჯანსაღი ჰაერით, სასიამოვნო მოლოდინებით და თანმხლები ჭყლოპინებით.
მე ამ შემოდგომაზე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვილზე ლაპარაკი გაცილებით მარტივი ყოფილა, ვიდრე მაგალითად ქმარზე.

მალე ჩემი დაბადების დღეც მოვა, რომელიც მინდა რაღაცნაირად განსხვავებული იყოს, თუმცა ჯერ ვერ მოვიფიქრე, ზუსტად როგორი მინდა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ბოლოს და ბოლოდ 25 წლის ვხდები.

ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ,
ბედნიერი შაბათ-კვირა ჩვენ.

Wednesday, October 24, 2012

სტერეოტიპული სოციალური წნეხები და დილა-საღამოს ლოცვები

ზუსტად ისეთი ამინდია, სახლში რომ უნდა იყო გამაგრებული, კომშის კომპოტს სვამდე, საკუთარი ხელით გამომცხვარ შინდიან პეჩენიებს სიამაყით უყურებდე და შემოდგომური საფიქრალებით გქონდეს თავი დაკავებული.

ამასობაში ჩემ მუცელზე გართხმულ მარიამს ტკბილად ძინავს და ალბათ ზუსტად იმავეს ფიქრობს ამ ამინდზე, რასაც მე. წვიმის დაწყებამდე სეირნობა მოვასწარით. გზაშივე ჩაეძინა და იმის მერე ძინავს. მარიამთან ერთად სეირნობა ახალი საყვარელი საქმიანობაა. ჰაერზე მალევე ეძინება, სახე უფრო ნათელი და ბედნიერი უხდება და გამვლელ-გამომვლელის ყურადღების მიქცევას მარტივად ახერხებს. მეც, როგორც ყველა დედას ჩემთვის, ჩუმად მიხარია ჩემი შვილით აღფრთვანებულების კომენტარები.



მაგალითად წინა კვირას,  "მუზამეს ბავშვების" სანახავად მარიამიც წავიყვანე და ისე ამიჩუყდა გული ყველა სათითაოდ რომ დაინტერესდა/მოიხიბლა, ორი დღე გაღიმებული დავდიოდი. საერთოდ, დედობა ემოციურად არამდგრადი და გულჩვილი ადამიანებისთვის ნამდვილი კატასტროფაა. განსაკუთრებით პირველ კვირებში დღეში რამდენჯერმე ვტიროდი, ასევე რამდენჯერმე თავს ვგრძნობდი ყველაზე ბედნიერ ადამიანად, მერე ხან მარო მეცოდებოდა, ხან ჩემი თავი და ხან ზაზა, ხანაც სრული გაშტერება და დიდხანს გადაბმულად ძილის მძლავრი სურვილი მკლავდა და ასე, დღის ბოლოს ემოციების სწრაფი ცვლილებებისგან უფრო ვიყავი დაღლილი, ვიდრე სხვა საქმეებისგან. ახლაც კაი არამდგრადი ვარ, უბრალოდ, მივეჩვიე და ნაკლებდრამატულად გამოვიყურები.


ისე, თუ მომავალი, დამწყები ან რაიმე ჯიშის დედა ხართ, აუცილებლად შეიყვარეთ სლინგი.ტრანსპორტირება/გადაადგილების ყველაზე კომპაქტური, კომფორტული და პრაქტიკული საშუალებაა. ბავშვი ბუნებრივ მდგომარეობაშია  შენთან მაქსიმალურად ახლოს, შენ კი შეუზღუდავად გადაადგილდები. გადასარევია. ეტლის წარმოდგენაზე  კი ახლავე გული მისკდება. წარმოუდგენელია ამ სრულიად გაუმართავი ტროტუარების, სავალი ნაწილების და ხისტი კიბეების პირობებში ეტლით გადაადგილება. აი, სლინგი სულ სხვა საქმეა, ბავშვიც ბედნიერია და  ბავშვის პატრონიც.

საერთოდ, ეს სოციუმის ინტერესები, მოლოდინები, კითხვები, შენიშვნები და  დამოკიდებულებები ერთი ცალკე ამბავია და ეგეც კაიხელა ნერვებს მოითხოვს. მით უმეტეს ჩემგან, რომელსაც ფამილარობა ბოლოს  მიღებს და პირადი სივრცის დარღვევას კრიმინალად განვიხილავ. რაღაცატომ ყველამ, შინაურმაც და გარეულმაც ყველაფერი იცის, მზადაა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშუროს (ამას ჯერ კიდევ სამშობიაროში მივხვდი, როცა ადამიანები თავიანთი გამოცდილების დეტალურად მოყოლის სანაცვლოდ ჩემგანაც იგივეს ითხოვდნენ და ისეთ კითხვებზე ელოდებოდნენ პასუხს, რასთანაც არანაირი საქმე არ ქონდათ წესით.), ყველანაირად შეეცდება თავის თანამოაზრედ, თავისნაირად გაქციოს და მეტიც, მისებური "კარგის" კრიტერიუმებს მოგარგოს. ასე მაგალითად, "კარგი" დედა აუცილებლად ძუძუთი უნდა კვებავდეს ბავშვს, ძუძუს დაუშტერელობისთვის აუცილებლად უნდა ჭამდეს ურიცხვ და უთვალავ სიმსუყეებს და სულ არ ადარდებდეს თუ ამასობაში ფორმას დაკარგავს, კარგი დედა ბავშვიანად უნდა რჩებოდეს ბებიაბაბუებთან დღეებისა და ღამეების განმავლობაში, ყველას აფრქვევდეს თავისი შვილის ამბებსა და  სურათებს, კითხვის გარეშე იჯერებდეს ყველანაირი ჯიშის რეკომენდაციასა და რჩევას, თავში აზრად არ უნდა მოდიოდეს, რა მძიმეა ზოგჯერ უწყვეტი მზრუნველობის რეჟიმში ცხოვრება და რა ლოგიკურია გამოვიფიტვა თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებისგან და ა.შ. ამას ძირითადად იმ ადამიანებისგან ისმენ, ვისაც უკვე ყავს ბავში და ოჯახი და "თავისი წილი იწვალა"(იმასაც ვერ ვხვდები, რატომ არის ეს წვალება ასეთი აუცილებელი).

მეგობარ/ნაცნობ/ახლობლები კი მოთმინებით ელოდებიან რომ შენ დაიწყებ წუწუნს იმაზე, რომ მთელი დღე სახლში ზიხარ, პამპერსებისა და სათამაშოების გარემოცვაში, რძის სუნი გიდის და ხშირად გამოუძინებელი თვალები გაქვს, თმა გცვივა და რაღაცნაირად გადაეჩვიე საზოგადოებასთან კომუნიკაციას, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ცოტა დაბნეულად გამოიყურები და მთელი ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო შეგიმცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც უპირობოდ გსიამოვნებს და ა.შ.

არადა, ღმერთმანი, ეს პერიოდი მთელი თავისი ვნებათაღელვებით, სახლში ჯდომებით, რძის სუნებით, გამოუძინებელი თვალებით და ყოველდღიური წვრილმანი სიახლეებით იმდენად სენსიტიური და კარგია, იმდენად შენი, პირადია და ინდივიდუალურია, რომ სულ არ ჭირდება დამატებითი ეფექტები.თანაც ყველაფერი მაინც ისეა, როგორც უნდა იყოს, გაკითხვა-გამოკითხვების გარეშეც.

მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი საკონტაქტო პირთა რაოდენობა, როგორღაც მაინც ახერხებს ეს საზოგადოებრივი აზრები ჩემ შეწუხებას. არადა, რატოა ასე ძნელი, რომ ადამიანებმა შევიგნოთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ღირებული მხოლოდ ის გამოცდილებაა, რასაც შენ დააგროვებ. ან იმას რატომ ჭირდება ახსნა, რომ ბავშვს და დედას თავიანთი საკომუნიკაციო ველი აქვთ და თვითონ ბავშვი ყველაზე კარგად გასწავლის როდის რა ჭირდება.

მოკლედ ეგრე. საზოგადოებრივი წნეხების ფარგლებში კინაღამ დამავიწყდა იმის ჩანიშვნა, რისთვისაც შემოვედი:
თითქმის 3 თვის მარიამი გადასარევად არჩევს ერთმანეთისგან ე-სა და ა-ს, რომლებიც ამავდროულად მისი ლექსიკის ძირითადი საყრდენი ერთეულები არიან არიან, განსაკუთრებით ვუყვარვართ მე და მუსიკა (თუმცა იწყებს ოჯახის სხვა წევრებთან გაშინაურებას),  ნელ-ნელა ერკვევა საკუთარი კიდურების ფუნქციებში და ენის სტრუქტურაში, არის კონტაქტური და მხიარული. ამდროინდელი პროგნოზით (რომელსაც შეიძლება სურვილიც დავარქვათ :)  მალე დაიწყებს ლაპარაკს და სიარულს. 



მე კი ყოველ დილას, როცა ნახევრად მძინარე, პირველ დაძახებაზე ვდგები ხოლმე და საწოლიდან მოცინარი არსება მიყურებს, ყოველ საღამოს, როცა თავის სავარძელში მოკალათებული  ჩემთან ერთად ცდილობს მარტივი სიტყვების გამეორებას, პარალელურ რეჟიმში ვლოცულობ ხოლმე, რომ სულ ასეთი ბედნიერები ვიყოთ./ 


Saturday, October 13, 2012

Un heureux événement

უცნაურად დაემთხვა რომ თითქმის ყველა ამოჩემებული ბლოგერი, რომელთა პოსტებსაც ერთგულად ველოდები ხოლმე და ყურადღებით ვკითხულობ, ერთ პერიოდში დადგა ბავშვის გაჩენა/გაზრდის ხასიათზე. უცნაურად მოხდა ისიც, რომ მე თითქმის სულ ავიღე ხელი წერაზე, რის გამოც სულაც არ ვარ კმაყოფილი. პირიქით, ახლა, როგორც არასდროს მინდა ბევრს ვწერდე, ყველა წვრილმანს ვიმახსოვრებდე, შეგრძნებებს ვაკონსერვებდე და ამ ყველაფერს რაც შეიძლება მეტი ადამიანი კითხულობდეს.

საბედნიეროდ  ჩემ თანამცხოვრებთან იმდენად მშვენიერია ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, ეს საწყალი ბლოგი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ, სასიამოვნო და არასასიამოვნო ამბებს შესანახად ვაწყობდი ხოლმე, თითქოს უფუნქციოდ დამრჩა.
ახლა საღამოებს და ძილის წინა ჩაის სმებს ველოდები ხოლმე დიალოგებისა და დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციების თავმოსაყრელად (ჩვენი შვილი კარგი ბავშვი აღმოჩნდა და მიუხედავად ცხოვრების აბსოლუტურად შეცვლილი რიტმისა, ზოგიერთი რიტუალის შენარჩუნება შევძელით). 
ეგეც რომ არ იყოს, რაღაცნაირად მეხამუშება იქ, სადაც წლების განმავლობაში ჩემი აქეთ-იქით წანწალის, შემთხვევითი გამვლელების, ცუდი სამსახურების და მოდეპრესიულო-მოთინეიჯერო-მოგარდატეხისასაკისთვისდამახასიათებელ ამბებს ვწერდი, ახლა ის ვწერო, როგორია მშობიარობის შემდეგი პერიოდის ვნებათაღელვები,როგორ გავს სამშობიარო საგიჟეთს და რა საშინლად სევდიანი ამბების მოსმენა შეიძლება საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალის პირიდან, თუკი ის გულახდილობის ხასიათზე დგება, რა სიხარულია სამშობიაროდან სახლში დაბრუნება და როგორ ორმაგდება სიხარული, თუკი ის შორტი, რომელიც წინა წლებში გეცვა, ისევ გეტევა, როგორია დილას ნახევრადმძინარეს  საწოლიდან პაწაწუნა არსება რომ გიცინის, როგორ ხვდები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდებში რომ ახლა იმაზე მეტად ღელავ, ვიდრე როდესმე,  როგორი მრავალშრიანი გახდა ერთფეროვანი დღეები და როგორ ხვდები, რა სხვა განზომილება იყო შუადღემდე გაწელილი დილის ძილები და საღამომდე გაწელილი საუზმეები დასვენების დღეებში, როგორ მოქმედებენ გარშემომყოფები მაშინ, როცა შენ თვითონაც გიჭირს საკუთარ თავში გარკვევა.


მიჭირს ჯერ ერთი იმის გამო, რომ მგონია ეს ყველაფერი ძალიან ინტიმურია, მხოლოდ მე მეხება და მათი გამოფენა რამდენად საჭიროა, არ ვიცი, მეორეც იმის გამო, რომ მგონია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალები წლების მერე ისევე სასაცილოდ არ მომეჩვენოს, როგორც ახლა წლების წინ დაწერილ პოსტებს ვუყურებ. თან იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ვნებათაღელვები ჩემთვის არის საინტერესო, თორემ სამყაროსთვის სრულიად ბანალურია ახლადგამოჩეკილი დედების ბანალური პრობლემატიკა.
არადა, ძალიან მომწონს, როცა ადამიანები ლაღად და თავისუფლად, ამდენი ფიქრის გარეშე დგანან და თავიანთ დღეებს ყვებიან. აი, როგორც სოფი აკეთებს ამას. თან სხვა თუ არაფერი, გადასარევი რამეა, რაც შეიძლება შენ შვილს დაუტოვო. რა ჯობია, წლების მერე რომ წაიკითხავს, როგორ ცხოვრობდა დედა მაშინ, როცა ის პირდაფჩენილი შოშია იყო.

მოკლედ, იმედია შევაფურთხებ ეშმაკებს და მოვაბამ თავს წერას.

მანამდე კი რომ არ დამავიწყდეს, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი ყველამ, ვისაც ბავშვის გაჩენა ჯერ კიდევ წინ აქვს ან უკვე გააჩინა, სახალისოა მსგავსება-განსხვავებების პოვნა. იმ იავნანებში კი, რასაც მე და მარიამი ერთად ვუსმენთ ხოლმე, ყველაზე მეტად აი ეს მომწონს.




რაც შეეხება შეცვლილ ცხოვრების წესს, უსაშველოდ ფრთხილი ძილი გამიხდა, ძალიან გამიჭირდა ლაქტაციის დადებითი მხარეების შეგნება (როგორც ამბობენ სტატისტიკის მოყვარულები, მშობიარობის შემდეგი ბეიბი ბლუზის მიზეზი ძირითადად ზუსტად ძუძუთი კვება ხდება ), ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელსაც დიდად არ ჭირდება სახლიდან გასვლა უკვე ჩვეულებად მექცა და დიდადაც მომწონს, თუმცა შიგადაშიგ მინდა ხოლმე დილას ავდგე, სწრაფად დავლიო ყავა ნახევრამდე, ჩქარა ჩავირბინო კიბეები და შევისწავლო თანამშრომლები, რომლებსაც შესვენებებზე შეიძლება რაიმე ამბები მოვუყვე კიდეც და დღის ბოლოს მიხაროდეს სახლში მოსვლა, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი სამსახურის ნასახიც კი არ ჩანს და ჩემი ლამაზი და მშვენიერი კაბებიც მშვიდად განისვენებენ კარადაში, მთელ ჩემ დროს კი გადასარევად ითვისებს მარიამი.

ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ.