Sunday, December 16, 2012

ისეთი, როგორც ოთახში ჰაერი

გუშინ საღამოს, სანამ დავიძინებდი, ჩემს ოთახში მცხოვრებ  გოგონას ვეუბნებოდი, რომ ბავშვის ყოლა სრულიად არ გავს არაფერს, რაც მანამდე იცოდი. ის ძალიან გავს  ოთახში არსებულ  ჰაერს, რომელიც ბუნებრივად  და ყველგანაა შენს გარშემო და ყველა თავისუფალ სივრცეს იკავებს.
ბავშვი რომ გყავს,  სულ და ყველგან გყავს, არასოდეს არ გავიწყდება და ყველა ფიქრის ლოგიკური დაბოლოებაა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი აღმოჩნდებოდა.
მგონია,  რომ  მეორე ცალის  და ბავშვის ყოლა ბოლო კბილების ამოსვლას გავს. ხვდები, რომ მორჩა, უკვე ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდებოდა. ახლა შეგიძლია სრულიად მშვიდმა და ბედნიერმა იცხოვრო მანამ, სანამ იცხოვრებ.

ზოგჯერ ეს შენი სიმშვიდე და ბედნიერება ბარიერივით არის ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებსაც არ წყინდებათ კეკლუცობა, პრანჭვა, საკუთარი უპირატესობების მტკიცება, კანიდან გამოძვრომა და ათასი სხვადასხვა როლის უნიჭოდ თამაში. უყურებ და ფიქრობ, რომ იქიდან, სადაც შენ დგახარ ეს ყველაფერი სასაცილოც კი არ არის და სულაც არ გინდა იმ ხალხთან კონტაქტი, ვინც გეცოდება.


გუშინ დილას,  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში პირველად გამოვედი თბილისიდან მარტო და რაც ძალიან მახარებდა, ნაჩქარევად ჩალაგებული ჩანთა და ღამე გაღვიძების გარეშე ძილის პერსპექტივა იყო. ასეა, ზოგჯერ სრულიად წვრილმანი მოლოდინები გახარებს.  არადა, აქ, ანუ სუფთა ჰაერიან და წყნარქუჩებიან ბორჯომში, სადაც სამუშაო შეხვედრაზე ვარ, წესით ის უფრო უნდა მიხაროდეს, რომ მე ისევ აქტიური და პროდუქტიული ვარ და ორსულობა/მშობიარობისგან დროებით ჟელედქცეულ ტვინს კაპიტულაცია არ გამოვუცხადე. მე კი იმაზე ვფიქრობ, როგორ კარგად ვისეირნებდით აქ სამივე, როგორ სიამოვნებით შევივლიდით იმ კაფეში, სადაც უგემრიელესი, ბუსუსებიანი ჟოლოს კალათა შეგიძლია ჭამო და როგორ გამახსენდებოდა ბორჯომული დღეები ბავშვობიდან.


 ხოოდა ასე.
როცა ვიღაცები ძალიან გიყვარს, დროს წუთებით და საათობით ითვლი, როცა ისე რა, დღეებით და თვეებით.