Sunday, March 31, 2013

სტამბული


თურქ ქალებს უყვართ პაპიროსი.
თურქ კაცებს უყვართ ქუჩებში გამოფენა ჩაის ჭიქებით და დილიდან საღამომდე მუსაიფი.
თურქ ბავშვებს უყვართ ტრამვაიზე უკან შეხტომა და ისე მგზავრობა.
თურქულ რესტორნებში მომუშავეებს უყვართ გამვლელ-გამომვლელზე ნადირობა და ყველა ღონის ხმარება მათ დასაწმუნებლად, რომ იქ, სადაც ისინი გეპატიჟებიან, ყველაზე კარგია.
ბოსფორის ყურეში მფრინავ თოლიებს (ისევე როგორც ყველა სხვა თოლიას) უყვართ თევზების ჭამა და ყურისწამღები კივილი.


მე შემიყვარდა ქუჩა, რომელსაც უმანკოების მუზეუმში მიყვარხარ და კიდევ ერთი-ორი მაღაზია. 

სტამბული იმაზე ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედინა. არქიტექტურაც ჩვენზე უკეთესი აქვთ, ბევრად ახალი მანქანებით დადიან, დიდი პარკები აქვთ, მომსახურებითაც გვჯობიან და ქუჩაშიც უფრო საქმიანი, არამჭმუნვარე სახეებით დადიან. ეგ კი არა, ქუჩებში კატებისთვის თავშესაფრებია აშენებული, რომ ცუდ ამინდებში თბილად გაათენონ ღამე. ამის ნახვის მერე ორჯერ მძიმეა შიმშილით მკვდარი ბავშვები, ყოფილი ჩინოვნიკების ცოლების მხრიდან საქმის გარჩევა საპარტიარქოსთვის პასუხისმგებლობაზე და საპარტიარქოს წარმომადგენლების მტკიცებითი ტონი, საკუთარ გულისხმიერებაზე საუბრისას. 



ოკლედ, სტამბულს  ეტყობა ათა თურქის ხელი და ევროპისკენ სწრაფვის სურვილი.  ერთი დღეში მოვასწარით დიდი ვერაფერი: მხოლოდ თევზის რესტორანში სადილი, უმანკოების მუზეუმის ნახვა, აია-სოფიას მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობა, იაპონურ რესტორანში ვახშამი და ჩვენი სახლის გამქირავებელთან საზოგადო თემებზე საუბარი.


ჩვენი სახლის გამქირავებელი

არსებობს გადასარევი საიტი, Airbnb.com- რომელიც აუცილებლად უნდა შეიყვროთ, თუ სადმე გამგზავრებას  გეგმავთ და სასტუმროებში ბევრი ფულის დახარჯვა არ გეხალისებათ. ეს არის საიტი, სადაც დარეგისტრირებულია ათასობით ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლებს ან სახლების ოთახებს აქირავებს,  სხვადასხვა ქალაქებიდან. 

შედიხარ, უთითებ შენთვის სასურველ დროს, ქალაქს, თანხას და რა გინდა სულო და გულო, არ არსებობს, რამე შენთვის შესაფერისი ბინა არ იპოვო.
ასე ვიპოვეთ ქალაქის ცენტრში ჩვენი ბინა, რომელიც თურქეთში 4 წლის წინ ირლანდიიდან შვებულებაში ჩამოსული და დღემდე იქ მცხოვრები ბიჭისგან ვიქირავეთ. კარგი ბიჭი იყო, ამბობდა, არ შემეძლო უფროსების თვალებში ციცინი და დადგენილ საათებში მუშაობით ბედნიერი ყოფნა, მსგავსი დამოკიდებულებები ნერვებს მიშლიდა, ახლა ბევრად კარგად ვცხოვრობ, წარმოდგენა არ მაქვს, აქ როდემდე დავრჩებიო. მიყვარს ეგეთი ხალხი, ადრე მეც ვფიქრობდი, ეგრე მეცხოვრა. როცა შვილი გყავს, მსგავსი სურვილებს სხვა სურვილები ანაცვლებს.



შვილი

რამდენიმე საათში ისე მომენატრა, მთელი 10 დღის მანძილზე, შეკუმშული გულით დავდიოდი.
მესამე თუ მეოთხე დღეს, პარიზში მესიმზრა, რომ მულენ რუჟში მივდიოდით, მარიამიც თან გვყავდა, ოღონდ, სხვა ფორმატის მარიამი. ხალხმრავალ ადგილებში შეგეძლო ქინდლში ჩაგეტვირთა, ისე გეტარებინა და მერე ისევ ამოგეყვანა. ერთი ეგ იყო, ქინდლში რომ ვტვირთავდი, მეშინოდა, რომ ჰაერი არ ეყოფოდა, ცუდად ისუნთქებდა და ყურზე მიდებული ქინლდით დავდიოდი შეშინებული.
რომ გავიღვიძე, ჩემ თავს შევახსენე, რომ ბავშვს დამშვიდებული და ბედნიერ დედა ჭირდებოდა. ამის მიუხედავად მთელი ის დღე საშინლად მტკიოდა თავი.



The National 

სტამბული ისეთი ქალაქია, ერთხელ რო ჩახვალ, კიდე ჩასვლა მოგინდება. 23 ივნისს The National-ის კონცერტია. ვინ იცის, იქნებ კიდევ წავიდეთ. 



პ.ს. რეკომენდირებული საკითხავი: - ფამუქის "სტამბოლი - მოგონებები და ქალაქი"
რეკომენდირებული სანახავი: - უმანკოების მუზეუმი (გული ამიფანცქვალდა, სხვა მრავალ გამოცემასთან ერთად, სტენდზე ქართულიც რო დამხვდა).
რეკომენდირებული მაღაზია: - DOGO 
მეტი ფოტოს სანახავად, Follow instagram-ზე :)