Tuesday, April 2, 2013

რომი


რომი არაჩვეულებრივი ქალაქია და სულ არ მიკვირს, ყველა გზა რო მანდ მიდის. 

პირველი, რამაც ყურადღება მიიქცია, ჩემთვის უჩვეულოდ სუფთა ჰაერი იყო. ამ რამდენიმემილიონიან ქალაქში, სადაც გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი კლიმატია, ზუსტად იმდენი ხე და მწვანე სივრცეა, რამდენიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. აქაც, სტამბულშიც და მერე პარიზშიც, ერთადერთი, რასაც შურის გარეშე ვერ ვუყურებდი, დიდი, სუფთა, ლამაზი პარკებია, სადაც შეგიძლია წახვიდე და ბედნიერი იყო. მივხვდი, რატომ დავწანწალებდი სტუდენტობის დროს ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ. თბილისში  არ არის ადგილი, სადაც წყნარად დაჯდები/დაწვები და გარშემო ხეები იშრიალებენ.


საერთოდ, რომი სამოთხეა.
ხალხი მხიარული და სიცოცხლით სავსეა, ქალაქი ულამაზესი, საჭმელი გემრიელი და იაფი, ამინდი თბილი - რა შეიძლება მოგინდეს კაცს მეტი. ვინმე თუ მკითხავს, როდის ვიყავი ძალიან ბედნიერი, სხვა რამდენიმე დღესთან ერთად, ის ორი საათი გამახსენდება, როცა  მე და ზაზა Piazza del popolo-ზე მზეს ვეფიცხებოდით, ლუდს ვსვამდით და არაფერზე არ ვფიქრობდი გარდა იმისა, რა მაგარი რამეა ცხოვრება.





მითოლოგია

რომში (ისევე, როგორც სხვა ბევრ ქალაქში), არალეგალი  ფერადკანიანები ტურისტებზე ნადირობენ და ცდილობენ, მათ სხვადასხვა რამე აყიდინონ. ასე დადიან საღამოობით ვარდებით. ამბობენ, ეს ვარდები სასაფლაოებიდან მოაქვთ და უბედურების  მეტი არაფერი მოაქვსო. 


ახალი პაპი

ყველას, დიდსაც და პატარასაც, პრესასაც და მოსახლეობასაც მოწონს ახალი პაპი. ჩემი მეგობარი, რომელიც უკვე რამდენიმე ხანია რომში ცხოვრობს, მიყვებოდა, რა ამაღელვებელი იყო მისი პირველი გამოსვლა პეტრეს მოედანზე.  ჩვენი რომაული სახლის გამქირავებელი (რომელიც ასევე წინა პოსტში რეკომენდირებულ Airbnb.com-ზე ვიპოვეთ) გვიყვებოდა, როგორი უბრალოა, როგორ დადის პატარა ტაძრებში, ელაპარაკება  ყველა შემხვედრს და არ ეპუება დაცვას, რომელიც პროტოკოლისა და მის დაცვას ერთად ცდილობს. ამბობდა, ასეთი საოცარი ადამიანი ჯერ არ გვინახავსო. 

პრესაც მაგას წერს, ასეთი კაცი თუ შეძლებს კათოლიკურ სამყაროში არსებული კრიზისის დაძლევას და ვატიკანის შერყეული რეპუტაციის აღდგენასო.
მე არ ვიცი, როგორია ის, მაგრამ თავისთავად ის პრეცედენტი, რომ წინა პაპმა თავისი ნებით თქვა ძალაუფლებაზე სურვილი და ისიც, რომ ეს თავისი ნებასურვილით ამბობს უარს პრივილეგიებსა და ფუფუნებაზე, ჩემს პატივისცემას იწვევს. ვისურვებდი, ორივე შემთხვევა მისაბაძი მაგალითი გახდეს სხვა სასულიერო პირებისთვისაც, თუმცა ეჭვი მეპარება.

ვატიკანში წასვლა ჩვენ ვერ მოვასწარით, შემდეგისთვის დავიტოვეთ. მეორედ აქ ალბათ მერე წავალ, მარიამი ცოტა დიდი რომ იქნება და ამ გრანდიოზულ პარკებში სირბილი და უგემრიელესი ნაყინით პირის ჩატკბარუნება შეეძლება.

რეკომენდირებული სანახავი - ვუდი ალენის ბოლო ფილმი კიდევ ერთხელ.  მანამდე კი ეს, ცხოვრების ბედნიერ მომენტებს უხდება.