Wednesday, July 3, 2013

სისხლის ანალიზი

მივედი და ვეუბნები: 2 კვირაზე მეტია ცუდად ვარ, თვალებში მიბნელდება, დაბალი წნევა მაქვს, აჩქარებული გულისცემა, სულ გაღიზიანებული ვარ, ძირითადად უმიზეზოდ, საჭმელს თითქმის ვერ ვჭამ, გული მერევა თვით ქათმის სენდვიჩზეც კი, ცუდად მძინავს, დამღლელი სიზმრები მესიზმრება და დილას დაქანცული ვიღვიძებ.

 ვიფიქრე საკმარისი იყო.
 აღარ მითქვამს რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში დავდივარ სამსახურში, რომ თვის ბოლოს ის ხელფასი ავიღო, რომელიც მაინც არაფერში არ მყოფნის და მანამდე თავი რეალიზებული ადამიანი მეგონოს ნაცვლად სახლში მჯდომი დედისა, ამ სამსახურის და ხელფასის გამო თითქმის არ მრჩება დრო წიგნებისთვის, ფილმებისთვის, მარიამისთვის, სეირნობისთვის, საკუთარი თავისთვის.
ახლა ძალიან ცხელა, სული მეხუთება და სადმე რაჭაში, ყაზბეგში ან ხევსურეთში მინდა, დღე ბალახებზე დავდიოდე, გამჭვირვალე ჰაერს ვსუნთქავდე, ღამე ვარსკვლავებიან ცას ვუყურებდე.
 ჩემს გარშემო მცხოვრები ღარიბ-ღატაკი ადამიანების მასები სასოწარკვეთილებაში მაგდებს თავიანთი უიმედო და უსიხარულო ცხოვრებით, ჩასაბღაუჭებელი ხავსებით,შეჩვეული რეალობით და პაატა ბურჭულაძის გაპრეზიდენტების მოლოდინით.
ეს ქალაქიც ნერვებს მიშლის, დაჩიჩქნილი ტროტუარებით, გაჩეხილი პარკებით, სასეირნო ადგილების სიმწირით. მეგობრებიც თვალსა და ხელს შუა გაქრნენ. იმ რამდენიმე ადამიანს, რომელთანაც მეტნაკლებად ახლო ურთიერთობა მაკავშირებს, ნომინალურადღა ვემეგობრები. რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლები გვაქვს საერთო და ღამღამობით ვფიქრობ ხოლმე, ისე, ლოცვასავით, ნეტავ მარიამს მაინც ყავდეს ბევრი კარგი მეგობარი, რომლებთან ერთადაც კონცერტებზე ივლის, კლდეებზე იცოცებს, აუზზე წავა და ა.შ.
რომ ჩემი შეყვარებული ძალიან ბევრს მუშაობს, იღლება და დღეში სულ რამდენიმე საათით ვნახულობ, სულ მენატრება და როცა ვხედავ, ტკიპასავით ვეკვრი, სასიცოცხლო ძალების შესავსებად.
ან იმას, როგორ მინდა გავაცნო მარო ოთხმოცდარაღაცა წლის ბებიაჩემს, რომელიც ყველაზე მეტ ემოციებს აღმოძრავს ჩემს ნაცნობ ქალებს შორის და როგორ ვერ ვახერხებ სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო იმას, რაც ვიცი, ყველაზე მაგრად გაახარებს დამჭკნარ და თვალებციმციმა ნათელას.
და სხვა ამბები.
იმან კიდეც, ექიმმა, ზაფხულია, ბევრი სითხე სვი და ანემია რომ გამოვრიცხოთ, სისხლის ანალიზი გაიკეთეო.
იმას რას ვერჩი, ისიც ამავე ქალაქში ცხოვრობს, ალბათ ასევე უნდა დასვენება, უკმაყოფილოა ხელფასით და უკეთეს ქვეყანაში უფრო ბედნიერი იქნებოდა.
მაგრამ მე თუ ვიცი რომ სისხლის ანალიზის გაკეთება დიდს არაფერს მიშველის, იმან ხომ ჩემზე უკეთ იცის.