სადღაც ვნახე და მომეწონა.
ზუსტად ისეთია, საგაზაფხულო-საბედნიერო.
მარტი ისე გავიდა, ვერაფერი გავიგე, რამდენიმე ლინგვისტური თეორიის გარდა. აპრილიც გული მიგრძნობს ზუსტად ეგრე მოიქცევა და მაისი კიდევ რაღა გაზაფხულია.
ზაფხულის სისულელეების სუნი ადის აქედანვე.
ერთადერთი, რასაც ვაფიქსირებ, ის არის, რომ რაც კი ოდესმე მიფიქრია, ყველაფერი სხვადასხვა დროის ინტერვალით, მაგრამ მაინც სრულდება. თან ახლა კი არა, უკვე რამდენი ხანია.
უყურებ ადამიანს და ფიქრობ, რომ ის 2, 3 , 4 ან მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე კვირაში ამოწურავს თავის თავს, მოსაწყენი გახდება და შენ სულაც აღარ მოგინდება კიდე ნახო.
გადის რამდენიმე კვირა და ჯანდაბასაც წაუღია ყველა მოსაწყენი ადამიანი. ის კი არა, სხვებიც აღარ გინდა ამ ამოწურვადობის მანიით შეპყრობილს.
ფიქრობ, რომ შენი ჯინსი გადასარევი როა და ასე გიყვარს, ზუსტად 2 წლის წინ ზალცბურგში რომ იყიდე და შენს გარდა იშვიათად თუ ვინმეს მოწონს, აგერ შენ მესამე გაზაფხულს უყურებს შენი ფეხებიდან.
2 დღის მერე ზიხარ, მეგობარს ელოდები და ამჩნევ, რომ მუხლზე გადახეულა.
აი, მართლა რომ წავიდე, ჯერ იტალიაში, მერე ბუდაპეშტში, მართლა რომ მქონდეს ახალი სამსახური, მართლა კარგი ტიპები რომ აღმოჩნდნენ ახალი ადამიანები, მართლა რომ დავწერო მთელი ის ამბები, რაც მინდა რომ დავწერო, მართლა ისეთი ზაფხული რომ მქონდეს, კვირაში ლექციებზე გატარებული 21 საათის კომპენსირებას რომ მოახდენს, მართლა ისეთი ჭკვიანი რომ ვიყო, მე როგორც მინდა, მერე ხო კიდევ უფრო შემეშინდება ჩემი აკვიატებების, მერე ალბათ საერთოდ ვეღარ გავიგებ წელიწადის დროების ამბებს და საერთოდაც, მთელ ამ უგაზაფხულობას მარტო იმიტომ ვჯავრობ, რომ რეალურად ერთადერთი ქონება, რაც გაგვაჩნია, ჩვენი დროები და სივრცეებია, ჩვენ კი იმის მიხედვით ვართ კაი ან ცუდი ტიპები, როგორ, რისთვის, ვისთან, სად რამდენ დროს ვატარებთ.
ხოოდა, ეგრე.
მოდით ახლა მომიყევით თქვენი გაზაფხულის ამბები : )
ან თქვენი ლოგიკური თანმიმდევრობები, ან არ ვიცი, რაც გინდათ.