Wednesday, April 28, 2010

გაზამთარი, ზამთარი, აქამდე უცნობი ფაქტები და თვით ჯონ მაკლაფინი

ალბათ როდესმე გადაიღებს წვიმა და მე აღარ  გამიჭირდება ასე ძალიან კონცენტრაცია.

ალბათ ყველაზე კარგად ახლა ანა კორძაია-სამადაშვილი გაიგებდა, როგორ მიჭირს ამ დაუმთავრებელ წკაპა-წკუპში ღიმილი და თმების დაწვნა, მგონია რომ ფეხები სულ სველი მაქვს და ხერხემალი დამინესტიანდა.
დღეები უსიამოვნო ემოციური ფონის მიუხედავად მოკლეებია და მე სულ მგონია რომ ხვალ მაინც დავწერ რამე აზრიანს.
ხოოდა, ვერაფერსაც ვერ ვწერ.

მითხრეს, ანა კორძაია-სამადაშვილიც შენსავითაა ბოლო დროს და ძალიან განიცდისო.

წარმომიდგენია.
მეც განვიცდი.
იმას კი არა, ვინმე აქ რომ შემოვა და ძველი პოსტი დახვდება, იმას რომ ვერ.
იმას რომ გაზაფხულზე სულ სხვა ამბები უნდა ხდებოდეს, მე კიდევ სულ სხვა ამბებში ვარ ცხვირგაყოფილი. იმდენად, რომ დღეს შუშის კარებშიც კი მოვინდომე ამ საწყალი ცხვირის გაყოფა. ვერ გავყავი, სამაგიეროდ ახლა მტკივა და მაშინ სისხლი და ცრემლები ერთად წამომივიდა.

ეგრეა, ცუდი რამეა ცხვირის გაყოფა. ზოგს გონია, ვითომც არაფერი.
მეც ეგრე მეგონა, რომ იქ, სადაც ცხვირს ვყოფდი, არაფერი არ იყო.
წინა დღეებშიც, რომ ვერაფერს დავწერდი.
და საერთოდ, სულ ტყუილად გვგონია ხოლმე რამეები. არასოდეს მაინც არაფერი არ არის მართალი.

წელს პირველად ვგრძნობდი ყველა ახალი ხის აყვავებას და მიხაროდა, რომ სამსახურის ეზოში ხეს ყვავილები და მე შარვალი ერთი ფერის გვქონდა და რომ მარტო აჯამეთის კი არა, აქვე, ჩვენი ხეებიც ხასხასა მწვანეა.
ხოოდა, სულ ტყუილად. არ არის ეს გაზაფხული  მართალი.

მართალ გაზაფხულზე ერთხელ მაინც უნდა დალიო მზიურში და იქ კიდე  რაგაც გზებს თხრიან.
მართალ გასაფხულზე ყოველ შაბათ-კვირას  ქალაქს და შენ თავს ერთმანეთისგან უნდა ასვენებდე.
მართალ გაზაფხულზე წვიმის მოსვლა უნდა გიხაროდეს.
მართალ გაზაფხულზე წერა არ უნდა გიჭირდეს.
მართალ გაზაფხულს არ უნდა ეძებდე, იგონებდე და წესებს უდგენდე, უნდა გრძნობდე.


ბოლო პერიოდში ყველაზე კარგად რაც ვიგრძენი,  გუშინ ბაბუა ჯონის სიყვარული იყო.
ზუსტად საჭირო დროს გამოჩნდა. დამამშვიდა და მითხრა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყოს შენში თავმოყრილი და ეს მხოლოდ კარგი იყოს.
მითხრა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის შენი ნაცნობი და ვინ არა, ვინ სადაურია და რამდენი წლის, მთავარია, როგორ იღიმის. ხოოდა, თვითონ ისე იღიმოდა, ყველაფერს დაუჯერებდა კაცი.
მითხრა, რომ ექსპერიმენტების გარეშე ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ და რომ ცხოვრებაში ბევრ ადამიანს გამოიცვლი.
და რომ ადამიანს იმ ენაზე უნდა მიმართო, რომელიც ესმის.



მე არ ვიცი, რა ენაზე მოგმართავთ ხოლმე.
ვიცი, რომ ამ ბოლოს ბევრი მწერს იმას, რაც სულ მინდოდა ვინმეს მოეწერა.
ხოოდა, მადლობა თქვენ.
კიდევ ვიცი, რომ როდესმე გადაიღებს წვიმა, მე აღარ მეგონება რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება წკაპა-წკუპი უნდა ვისმინო და როდესმე აუცილებლად გავიხსენებ ისე წერას, მე რო მინდა.
ორი ფრაგმენტი ძველი ამბებიდან:
  • ძალიან, ძალიან ადრე წელიწადის 4 დრო ასე გამოიყურებოდა: გაზამთარი, ზამთარი, შემოდგომა, ზაფხული.
  • ძალიან ადრე, ვთქვი რომ გავიზრდები კორძაია-სამადაშვილი გამოვალ-თქო.
სამი ფრაგმენტი ახალი ამბებიდან:
  • წვიმა ყველაზე ემოციური რამეა ამინდთა საამქროდან.
  • კარგა ხანია გადავწყვიტე რომ აღარავინ აღარ გამოვალ, ნასტასიაც მშვენიერი არსებაა.უბრალოდ, ჩემს გარდა, სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეგრეა.
  • დღეს დილას ერთი ბიჭი ჩავწერე, 13 საათი აპირებდა დრამზე დაკვრას და რეკორდების წიგნში შესვლას. ეგ წიგნი ეშმაკსაც წაუღია, მაგრამ მთელი დღეა ვფიქრობ, "ახლა  კიდევ უკრავს", "აი, ახლაც  კიდევ უკრავს" და მივხვდი, რომ ძალიან ბევრია 13 საათი. 12-ზე უნდა დაემთავრებინა დაკვრა და რომ არ წვიმდეს, ავუვლიდი. წვიმს.