Saturday, May 1, 2010

შაბათი, სურამელი ებრაელები, ინდური ბაზრობა და 100 ლექსი

კარგი დღეა შაბათი. არსად არ გეჩქარება, დედა და მამა ადრე იღვიძებენ, მამა სამსახურში არ მიდის და მესმის როგროც აკეთებს მამა ყავას, დედა ჩაის და ლაპარაკობენ იმაზე, რომ შაბათ-კვირის სახლში გატარება ცუდია, რომ ამ წვიმაში ყველგან წასვლა ცუდია და რომ მამა  დიდად ვერ აღფრთოვანდა წიგნით, გუშინ რომ მოვიტანე სახლში.

გუშინ სახლში ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსი მოვიტანე, 30 წლამდე. წინასიტყვაობაში ამბობენ, რომ ჩვენ ბავშვობაწართმეული თაობა ვართ, მე არ მიყვარს ეგრე როცა ამბობენ, მგონია, რომ რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ მსგავს ფრაზებს, რაც უფრო ხშირად მოვყვებით, როგორი ცუდი იყო 90-იანები და როგორ გვეცვა სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი, ვირგებდით სხვების გამონაცვალ ოცნებებს და ქრონიკულ ნერვულ აშლილობას ვიკანონებდით, მით უფრო გვიან დავიწყებთ ცხოვრებას. ცხოვრებას მაშინაც ვერ დაიწყებ, როცა ასე წვიმს და როცა შენ ზუსტად ასე იკანონებ წვიმიან ამინდებში ინდიფერენტულ განწყობას.
ავდგები ახლა და წავალ ინდურ ბაზრობაზე, ბევრ ჭრელ რამეებში და შაბათიც რეალიზებულად იგრძნობს თავს.

სანამ ინდურ ბაზრობაზე წასვლის იდეა მომივიდოდა, მესმოდა, როგორ ამბობდა დედა რომ მე საყვარლად  მეძინა, როგორ მოვიდნენ ჩემ მეზობელთან ვიღაც სტუმრები და ჩემ ტელეფონზე სმსი. მე ვიცოდი რომ რამე აღმაფრთოვანებელ სმს-სს არავინ გამომიგზავნიდა  წვიმიან შაბათ დილას, ადგომა მეზარებოდა და თავს ვიმძინარებდი.
დედა ჩემზე ლაპარაკს მოეშვა.
მე სურამი გამახსენდა, სადაც ადრე, როცა მე ვცხოვრობდი, ძალიან ბევრი ებრაელო ცხოვრობდა და ყველა ერთად შაბათობით გრანდიოზულ სეირნობას აწყობდნენ ხოლმე. სურამში აბორიგენები თითქმის არასოდეს არ სეირნობენ. აქ ან დამსვენებლები სეირნობენ ზაფხულობით,ან ებრაელები შაბათობით. ხოო, ებრაელების უმეტესობას აივნებზე ლამაზი სარწეველა საქანელები ქონდათ ხოლმე და როცა არ სეირნობდნენ, აივნებზე იყვნენ გამოფენილები. მერე იმათი უმეტესობა ისრაელში ან სადმე სხვაგან გადასახლდა და მე სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ რომელიმე მაინც დამიტოვებდა თავის საქანელას. არც ერთმა არ დამიტოვა.
ან რატომ უნდა დაეტოვებინათ კაცმა რომ თქვას.

ახლა სურამში აღარც მე ვცხოვრობ, აღარც ებრაელების უმეტესობა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აბორიგენები ისევ არ სეირნობენ კვირის არც ერთ დღეს და უფრო მოწყენილი შაბათები აქვთ, ვიდრე მე მახსოვს ჩემი დაკარგული ბავშვობიდან.

წავედი ჭრელობებში.