Monday, May 3, 2010

ქუჩაში რომ შემოგვხდეთ...

დარიჩინის გოგომ დამთაგა.
სულ მგონია, რომ აქ შემომსვლელების დიდი ნაწილი კი ისედაც მიცნობს მაგრამ ალბათ არც მთლად ეგრეა და თან იდეაც ძალიან მომეწონა. მგონი პირველად  მოვინდომე ჩემი თავის ვიზუალურად აღქმა.
ხოოდა, მოკლე შესავალით დავიწყებ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ მყავს ადამიანები, რომლებიც ურთიერთობის განმავლობაში რამდენჯერმე  გამიცნია. ამბობენ, რომ ქრონიკულად სხვანაირად გამოვიყურები და ხშირად ვიცვლები.
მე მგონია  რომ არც მთლად ეგრეა.
მაგალითად იკა, სულ არ ვყავდი ნანახი, ისე მიხვდა რომ მე მე ვიყავი, პირველად როცა დამინახა.
მოკლედ, მე თუ მკითხავს კაცი, ქრონიკულად ახლადგაღვიძებულს და დაბნეულს ვგავარ,  ვატარებ სათვალეს, რომელიც  ჩემ კომპიუტერისგან და გენეტიკისგან მომსპარ თვალებს სასიცოცხლოდ ჭირდება და რომელიც გარედან შავია,  შიგნიდან - თეთრი. მაქვს როგორც წესი გაბურძგნილი გაშლილი თმა არც ძალიან გრძელი და არც მოკლე, ზუსტად ისეთი, მე რომ მჭირდება. თმები ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს  შეკრული და თითქმის არასდროს დავარცხნილი.

შეიძლება მეცვას ყველაფერი, გარდა მაღალი ქუსლებისა.
აუცილებლად მექნება ერთი ბეჭედი მაინც  ან მარჯვენა, ან მარცხენა ნეკა  თითზე.
აუცილებლად მეკეთება რაიმე ჯურის კაშნე. სუსტი ყელი მაქვს და სულ მანდედან ვცივდები. ისედაც,  მიყვარს და თავს უფრო დაცულად ვგრძნობ, ყელშეფუთნული.

თუ მსგავსი მონაცემების ადამიანს გადაეყარეთ და ხელში კამერა ან მიკროფონი უჭირავს, ესე იგი მე ვარ, უბრალოდ მუშაობის პროცესში. მაგრამ ეგ არაფერი, დამიკაკუნეთ ზურგზე და გამეხარდებით.

არასოდეს შეგხვდებით სისხამ დილას, სანამ სამსახური ამის საშუალებას მაძლევს, დილის ძილს ისევ საკულტოდ ვიტოვებ.
არასოდეს შეგხვდებით ქუჩაში რაიმე საკვებით,  თუნდაც ფუნთუშით ხელში. ვერ ვიტან გზადაგზა ჭამას.
არასოდეს არ მიფიქრია, რომ მსგავსი აღწერილობის შემდეგ ვინმეს გამოვიცნობდი.
ვნახოთ.

დამატებითი მინიშნება: ძირითადად ფეხით ვმოძრაობ, ძირითადად სწრაფად ვმოძრაობ და ქუჩაში ადამიანებზე  ნაკლებად ვარ  კონცენრტირებული.
კიდევ ერთი დამატება: თუ როდესმე მიცანით და გამოცანით, ძალიან გთხოვთ, მეორედ ნახვისას დაბნეულ სახეს ნუ მიიღებთ და ნუ მეტყვით, რომ სულ სხვადასხვანაირად გამოვიყურები.
არც მთლად ეგრეა საქმეა.

ჩემის მხრივ ვთაგავ ყველაზე იდუმალ როდრიგოს და კლოუნს.
პ.ს. თუ არსებობს კიდევ რაიმე კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩემმა ნაცნობებმა და მეგობრებმა იცით და მე გამომრჩა, შეგიძლიათ შემახსენოთ :)