Thursday, May 27, 2010

ისევ Deep Purple, რამდენიმე მარტივი დასკვნა და კონცერტის ამბები

მოკლედ, ასე.ერევანში წასვლა ნამდვილად ღირდა იმისთვის, რომ გზაში მეფიქრა: ვინმეს ყველა ბედნიერი დღის ბოლოს ჩემ თავზე თითო ნაწნავი რომ გაეკეთებინა,როდესმე მე მივხვდებოდი, რომ აღარ ვარ თმაგაბურძგნილი, შიგადაშიგ მობუზღუნე ქარიზმატული, მოწითურო და თმაგაძეძგილი არსება, რომ ნაწნავების იდეა სისულელეა, არასოდეს არ უნდა დაითვალო ბედნიერება, კმაყოფილება, გადადგმული ნაბიჯი და ზღვაში ქვიშა.

ხო, ერევანში წასვლა იმისთვისაც ღირდა, რომ კიდევ ერთხელ გადამემეორებინა სიბრძნე, რომლის თანახმად ავტორიტეტები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და ზოგჯერ ძალიან, ძალიან სასაცილოდ დაცანცარებენ. მერე ხვდები, რომ ავტორიტეტები სულაც არ გჭირდება, არც იდეალები და საერთოდ, ჩვეულებრივი, შენნაირი ადამიანები გჭირდება, ასაკის მიუხედავად სასაცილოდ რომ იცანცარებს, შენი აზრით ალერგიულ ფონზე ცემინებას  ატეხავენ, მხიარული და ენერგიული ცოლი  ეყოლება სადღაც სცენის კუთხეში და მაინც რომ გეყვარება, ისეთი.
აი, ასე, მარტივად მიდიხარ კომპრომისზე, 2 საათით გიყვარს, რამდენიმე დღე გახსოვს და მერე ისევ სხვა ამბები დაიწყება.


სხვა ამბები იმავე საღამოს დაიწყო.
მე მარტივი დასკვნების კეთების კეთების ხასიათზე ვიყავი და აი, ისინიც:
  •  ბედნიერებაა როცა საერთოდ არ ზრუნავ იმაზე, სად, როდის და რითი მიდიხარ და ვიღაც აგვარებს შენ მაგივრად ყველაფერს. მიუხედავად ამისა:  არ არის რეკომენდირებული ბევრ ქართველთან ერთად სადმე წასვლა, საერთოდ, მასობრივი მსვლელობები ნე მოი ვკუს.
  • რეალურად კონცერტზე ძალიან ბევრი ქართველი იყო, ქუჩებშიც ქართული ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
  • სომხეთი არც ისეთი უსახურია, როგორც წარმომედგინა. პირიქითაც კი ვიტყოდი, სულაც არ არის უსახური და ალაგ-ალაგ ემოციური ადგილებიც გამოერევა.
  • სამაგიეროდ ხალხი არის ჩვენზე მინიმუმ 15 წლით უკან. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჩაკეტილი საზოგადოებაა, რაც კი ჩემი წანწალისას შემხვედრია. სავარაუდოდ, ჩამორჩენილობაც შაკეტილობის ბრალია. ვამბობ მე ღიაობა კარგი თვისებაა განვითარებისთვის და დამიჯერონ თუ უნდათ.
  • ერევანში რამდენიმე დღით დასასველებლად ღრმა სიამოვნებით წავიდოდი, |(ოღონდ არამასობრივად :) იდეალური სასეირნო ქუჩები და ზუსტად ისეთი ღია კაფეები აქვთ, მე რომ მაბედნიერებს. კიდევ, გაცილებით მშვიდია, ვიდრე თბილისი და იმდენად მშვიდი რომ ზღვისპირა ქალაქი მეგონა . შუაღამისას ზღვას ვეძებდი.მერე ჩემი თავი შემეცოდა, როგორ გინდა ზღვისპირა ქალაქი-თქო  და დავიძინე.



მეორე დღეს ზუსტად ჩვენი სასტუმროს წინ ჩვენმა თანამცხოვრებლებმა ქუჩის მუსიკოსობანა ითამაშეს და ძალიანაც კარგი ქნეს. ხალხი ფანჯრებიდან და აივნებიდან ვეღარ აიწიწკნა, მგონი თვითონაც ხვდებოდნენ რომ ჩაკეტილები არიან.
მე მეძინებოდა, სახლში მინდოდა და უკანა გზაზე ყაყაჩოებიან მინდვრებს რომ ვხედავდი, მიხაროდა.
მერე მიხაროდა, რომ სახლში ვბრუნდებოდი და გუშინდელიდან გამოყოლილი ნაწნავი არა, მაგრამ დღევანდელი გვირილა მქონდა თავში, და ერთადერთი, რაც არ მიხაროდა, ის იყო რომ თბილისში ბონი ემ-ი მღეროდა და ერევანში აცანცარებული, მაგრამ მაინც იან გილანი.

პ.ს.ასეა, მარტივად, ორი საათი გიყვარს, რამდენიმე დღე გახსოვს და მერე სულ სხვა ამბები დაიწყება.