Tuesday, June 1, 2010

რეინკარნაციები, ხევსურეთი და ათას ერთი ღამე

აი ასე, ბოლო კვირის განმავლობაში კატასტროფულად ბევრი  ვიბორიალ-ვიბოდიალე, კატასტროფულად ცოტა მეძინა და რასაკვირველია კატასტროფულად მომენატრა ჩემი თავი. აი, ვსიო, ხვალიდან რამდენიმე  საღამოს სახლში გავატარებ.

მანამდე  ხევსურეთში ვიყავი.

.

მთელი დღეები და ღამეები ვცდილობდი დამეგეგმა ჩემი შემდგომი რეინკარნირებული ცხოვრება.
კატა ვიქნები, ბევრი მეძინება, მომეფერებიან და ვიკრუტუნებ-მეთქი, არაო, მერე თაგვის მეგობარი ვეღარ იქნები და  ცხოველები სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებენო.
მაშინ  ალპებში გამჭვირვალე და ყინულივით ცივი ტბა ვიქნები, შიგ მოცურავე ღორმუცელა იხვებით და ლეგენდებით-თქო და - დამყაყდებოდიო. ბეტსელერი წიგნი ვიქნები, ყველა წამიკითხავს, ან არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემზე მაინც ილაპარაკებდნენ-თქო. არაფერცი, ბეტსელერობა ისე არ მოდის, ბეტსელერობა ლომთა ხვედრიაო. არადა, ზუსტად ვიცი, ეგ თავისუფლებაა და ლომობა კიდევ ჩემი მეგობრების ვერსია იყო ჩემი შემდეგი რეინკარნაციისთვის. მაგრამ მე არც ლომობა მინდა და არც ეგეთი თავისუფლება.

ჯანდაბა.

კიდევ კარგი ჯერ არც სიკვდილს ვაპირებ და არც რეინკარნირებული ჩემი თავის დაგეგმვას მავალებს ვინმე.თორემ, აშკარად დამერხეოდა.
სანამ დამერხევა, მანამ:

  • განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუგეგმავს ზაფხული, ყურადღებით დაათვალიერონ სურათები და თუ მთა ოდნავ მაინც რამე გრძნობებს აღგიძრავთ, აუცილებლად შემოგეგეგმებათ თქვენი ზაფხული.( ნუ, რჩევებისთვის აქ ვარ) .
  • განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახალი პოსტის გამოჩენისას რამე საინტერესოს ელოდა: ნასტასიაც ელოდება რამე საინტერესოს და მაგის მაგივრად რამე უინტერესო სამსახური შერჩა ხელში. დღე პირველი.
  •  განსაკუთრებით მათთვის, ვინც წინა კატეგორიებში არ ხვდება: ბოლო რამდენიმე ხანია სულ ღამე ვწერ ხოლმე პოსტებს. მგონი თქვენი, ჩემი და კიდევ ამბების ათას ერთი ღამის  მეზღაპრე ვარ,  ჭრელი ბალიშები მიყვარს და შაჰის ცოლობისგან რეინკარნაციების მადლი მიფარავს.

პ.ს.
როცა არ ვწერ ხოლმე, ხალხი ჩემთან ოცნების ქალაქის და მაიტა ნასოსის გუგლვით შემოდიან, მე კიდევ მინდა იცოდნენ, რომ უფრო კარგ რამეებზე ვწერ, ვიდრე ეგ ორი ტუტრუცანა ფილმია, რომ ათას ერთი ღამის მეზღაპრე ვარ და რომელიმე რეინკარნაციისას შეიძლება თბილი და რბილი, კრუტუნა კატა ვიყო,ან ბეტსელერი წიგნი, რომელსაც  არავინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც ყველაზე პოპულარული იქნება.