Tuesday, June 29, 2010

მეც გავჭედე მეგობარო




  • თუ სილაზე მოდუღებული ყავის სმისას ქვიშის საათს გაიხსენებ, აუცილებლად მიხვდები, რა პატარაა ყავის ფინჯანი და რა სწრაფად და ვითომც აქ არაფერი, ისე გადის დრო.
  • თუ ზაფხულის ცხელ დღეს  მიტოვებული შენობის ეზოში დაჯექი და ხატვა დაიწყე, აუცილებლად მიხვდები რომ ხაზების ხატვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია, გესმოდეს ბგერები.
  • თუ როდესმე თვალში მოგხვდა შავით თეთრზე ნაწერი, არ თქვა, როგორ არის ნაწერი, უფრო მნიშვნელოვანია თქვა, რა ეწერა. ნაწერები წასაკითხად და იშვიათად დასამახსოვრებლად არსებობენ.
  • თუ როდესმე გითხარით რომ მჭირდებით და მემნიშვნელოვანებით, იცოდეთ რომ მართალი ვარ და არ იფიქროთ სილაზე მოდუღებულ ყავაზე, ხაზებსა და იმაზე, რა წერია შავით თეთრზე. უბრალოდ მოდით, თორემ დრო იმაზე მალე გადის, ვიდრე ქვიშის საათი ამბობს.
  • თუ  ძნელია მაშინ იქ ყოფნა სადაც  შენ ვიღაცას ჭირდები, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ არ გახდეთ მნიშვნელოვანები და საჭიროები, ყველაფერი  თქვენზეა დამოკიდებული, უბრალოდ, მე არ ვიცი, როგორ უფრო მარტივია ცხოვრება, როცა მნიშვნელოვანი არ  ხარ, თუ როცა მნიშვნელოვანი ხარ. რთული ამბავია და ყველაფერი თვითონ უნდა გადაწყვიტო.

პ.ს.
ეს წინა კვირის მონარჩენია, დიდი წიგნაკი მქონდა ამოჩრილი და ისე დავდიოდი მასწავლებლებისთვის ტრეინინგების ჩასატარებლად. შუალედებში რაღაცეებს ვხვდებოდი და იმ დიდ წიგნაკში ვინახავდი.

ამ კვირაში ჯერ არაფერი დამრჩენია, ეს კვირა ჯერ ახლა დაიწყო, და საერთოდ, ვერ ვიტან, როცა დროს ასე მძაფრად აღვიქვამ, როცა ვხვდები რომ  ორშაბათიდან პარასკევამდე დღეების თვლაში უფრო სწრაფად გავა დრო და უფრო მალე გავხდები ნაოჭებიანი  და უნაყოფო, რომ გუშინ თუ გუშინწინ ვნახე ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია არ მინახიან და რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და ყველა ასე ვცხოვრობთ.
ხოოდა, როცა ვამბობ რომ მჭირდებით და მემნიშვნელოვანებით, მოდით ხოლმე და როცა არ ვამბობ, მაშინაც მოდით, მე ხო სულ აქ ვარ და სულ მჭირდებით,  თორე მერე მალე გავა დრო ისე შეგხვდებით რამდენიმე წლის მერე,  როგროც შემთხვევით ნაცნობს და სრულიად ჩვეულებრივი იქნება.
ხო, მეც გავჭედე მეგობარებო, ღამის ორი საათია და ისე ცხელა, თითქოს ლე კლეზიოს "უდაბნოს" ვკითხულობდე.