Monday, June 7, 2010

უსიზმრებო ღამეები, მოულოდნელად კარგი საღამო და კრიზისული სიყვარული

სულ მიკვირდა ხოლმე ადამიანები რომ დიდხანს არ წერდნენ ბლოგზე, ან ამბობდნენ, ჩავარდნა გვაქვსო, როგორ ახერხებდნენ.
მას შემდეგ რაც ბლოგი მაქვს, სულ ვამბობ რომ ყველაზე კარგი, რასაც ვაკეთებ ჩემი ბლოგია და რომ მანამ, სანამ ისეთი სახლი მექნება, როგორიც მინდა, ისე მეყვარება, როგორც მინდა და ისე ვიცხოვრებ, რომ მივხვდები, აქ ვცხოვრობ და ასე მიყვარს აქაურობა.

ხოოდა, უცნაურია, სიყვარულებზე რომ მაშინ იწყებ ლაპარაკს, როცა კრიზისი გაქვს და ვერ წერ, როცა გინდა უთხრა ვიღაცას, რომ კი ვერ, მაგრამ გიყვარს და რომ მიუხედავად ვერ წერისა, მაინც გიკვირს ხოლმე რაღაცეები.

ბოლო პერიოდში ხშირად მიკვირს, რომ სარკეში ჩახედვის მაგივრად სხვებში ვიხედები.


სხვებში რომ ვიხედები ხოლმე, მერე ეს ვიდეო მახსენდება და მერე ის, რომ ჩვენ ყველა ერთად ასე, ძალიან  სასაცილოდ დავბორიალობთ დაუმთავრებლად.
არადა, მიყვარს სარკეები. სულ მინდა, რომ საწოლის პირდაპირ მქონდეს დიიდი, უზარმაზარი სარკე და სულ მახსოვდეს, რომ ასეთი ვარ, აქ, ამ საწოლში მძინავს და ამავე საწოლში ბოლო დროს სიზმრები გაიშვიათდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მინდა  სიზმარი, რომელსაც ყველაზე მალე ვნახავ  სიზმრების ბლოგს მოვუყვე. ხოოდა, სულ ეგრეა, რამე ძალიან რომ გინდა, არაფერი. კარგი რამეები სულ მოულოდნელად ხდება.

გუშინ მოულოდნელად კარგი საღამო იყო.ოღონდ სიზმარი მაინც არ მინახავს და არც სარკე მაქვს ჩემი საწოლის პირდაპირ.

ამიტომაც ვიყურები ხოლმე სარკის მაგივრად სხვებში. 
ამიტომ ვლაპარაკობ სიყვარულზე მაშინ, როცა კრიზისი მაქვს.
რამდენიმე დღის წინ  ზუსტად ასე, კრიზისულად მივხვდი, რომ თუ ძალიან, ძალიან დიდი დრო გავიდოდა და მე კიდევ ვერ ვნახავდი ჩემ მეგობრებს, რომლებიც ავსტრიაში და იტალიაში დავტოვე, ნელ-ნელა აღარ ვიქნებით მეგობრები, მონატრება ინსტიქტური გახდება და მარტო ის რამდენიმე ამბავი დაგვრჩება, რომლების გახსენებაც ისეთივე ინსტიქტური გახდება, როგორც მონატრება.
არადა, ახლა მართლა ძალიან ხშირად ვხვდები, რომ მჭირდებიან და მენატრებიან.
 ჯერ კიდევ შეგვიძლია,  ინსტიქტურები არ გავხდეთ და ჯერ კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ერთმანეთს ვნახავთ.

და თან კარგი რამეები სულ მოულოდნელად ხდება ხოლმე.
აი, როგორც მაშინ, ხისსუნიანი რომ მოვიდა ჩემთან, მარტო რომ ვიჯექი ლიტერატურულში და აზრადაც არ მომდიოდა, ვინმეს თუ ახსოვდა დედამიწის ზურგზე ჩემი არსებობა.

პ.ს.ფსიქოლოგები ამბობენ რომ საწოლის წინ სარკე რეკომენდირებული არ არის.
სხვა ვიღაცეები ამბობენ, რომ უსიზმრებო ძილი არ არსებობს.
ჩემი მეგობრები ამბობენ რომ როდესმე აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს.
მე ვამბობ რომ კარგი რამეები ყოველთვის მოულოდნელად ხდება და რომ გუშინ მოულოდნელად კარგი საღამო იყო.