Sunday, June 20, 2010

პატრული, "მგზავრები", საბჭოთა კავშირი და ბობ დილანობა, რომელიც რთულია


good bue lenin | Upload Music

ის, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ისეთივე ძველი ამბავია, როგორც თავად სამყარო. და როგორც ასეთ ძველ ამბებს ჩვევია ხოლმე, არასოდეს კარგავს აქტუალობას. ამიტომაც გიყვებით დღეს ამბავს იმის შესახებ, რას ნიშნავს ყოვლისმომცველი ხელისუფლება, ილუზიური თავისუფლება, პარტიული "ელიტა", პატრულისთვის დაწერილი ჰიმნი  და რეალური ბოლშევიზმი. 

აქვე შენიშვნა ყველანაირი ინტერპრეტაციებისგან თავის ასარიდებლად:
მე - აბსოლუტურად აპოლიტიკური და ინდიფერენტული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არასოდეს არ დაწეროს მსგავს თემებზე.

თვითონ ამბავი: სულ რაღაც 20 წლის წინ ჩვენ ყველა ვცხოვრობდით საშინელ იმპერიაში, რომლის ყველაზე ბნელი მხარე ის  იყო, რომ იქ არავის არ შეეძლო თავისუფალი ყოფილიყო, ყველა საერთო   წესებს უნდა დამორჩილებოდა და წესები, როგორც წესი, აბსურდული და სასტიკი იყო. იქ, იმ იმპერიაში არსებობდა მრავალრიცხოვანი ინტელიგენცია, რომლის რიგებშიც ყველა აღმოჩნდებოდა, ვინც თავის კეთილგანწყობას ღიად დააფიქსირებდა ოდნავ მაინც გავლენიანი ხელისუფალის მიმართ.
 შესაბამისად, ყველა მწერალი, ვინც იბეჭდებოდა, აუცილებლად წერდა რამდენიმე ლექსს ან მოთხრობას მაინც ბელადებისათვის მიძღვნილს, ყველა გადაცემა, რაც ტელევიზიაში გადიოდა, აუცილებლად ატარებდა აგიტაციურ შინაარსს და ექვემდებარებოდა ცენზურას და ყველა იმდროინდელი ფილმიდან ბედნიერი და მოკისკისე მშრომელები გაფრქვევდნენ ბედნიერი ცხოვრების ილუზიას (ნუ რამდენიმე გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ გამონაკლისები წესების გასამყარებლად არსებობენ ხოლმე). მოკლედ, ყველამ ვიცით როგორც იყო. ისიც ვიცით რომ მაშინ ამ ყველაფერს სსრკ  ერქვა და რეჟიმს ბოლშევიზმი.

მეორე ამბავი: მას შემდეგ არც ისე ბევრმა დრომ  გაიარა, მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო კარგად რომ საქართველო სხვა ქვეყანაა და მით უმეტეს შეიძლება საკუთარი ენა ან ფასეულობები ქონდეს. ძირითადი ეგზოტიკა, რაც მაგათთვის გვაქვს, პოსტსოციალისტური გარემოა.
 ხოოდა, ძალიანაც მართლები არიან, ცალკე ქვეყანა ალბათ მხოლოდ იდეაში ვართ და ფასეულობებზე არ ვილაპარაკებ, მაინც ვერასოდეს მოვრჩები მაგ აჯაფსანდალის განხილვას.

მბავი მეორე უფრო კონკრეტულად:  ჩვენ ბუნებრივია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ოღონდ უცნაურად დამოუკიდებლები. ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში  ბოლო წლებში  ზუსტად ისეთივე ამბები ხდება, რაც იმ ნეტარხსენებულ იმპერიაში ხდებოდა: აქ პრეზიდენტს უმღერიან რომ მაგარია, აქ ლიდერი ყოველთვის მართალია და პიონერების მაგივრად პატრიოტები გვყვავს, აქ სკოლებში ლინეიკის დამრტყმელის მაგივრად მანდატურები შეყავთ და რაც მთავარია, აქ გვყვანან კარის მუსიკოსები, კარის მწერლები და ალბათ კარის ხუმარებიც. აქ არსებობს სტანდარტი ვინ რა უნდა იცოდეს და თუ ვინმემ რამე არ იცის სტანდარტების შესაბამისი, მაშინ მას აუცილებლად გაატარებენ რომელიმე ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში "სირცხვილის დერეფანში", მას აუცილებლად დაარიგებენ კარის მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და რეჟისორები ჭკუას და აუცილებლად იფიქრებენ, რომ ქვეყანაში ვერავინ ხვდება როგორი იდიოტები და ფარისევლები არიან.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ამბებზე თქვენ ილაპარაკ-იმსჯელ-იფიქრეთ, მე კი კარის მუსიკოსებზე და პარტულის ახალ ჰიმნზე, რომელიც  სხვას ვის, თუ არა,  "მგზავრებს" ეკუთვნით.

ამ ჯგუფზე ცოტა ხნის წინ კარგი ვრცელი რამე დავწერე "მუზამესთვის", რომელიც ალბათ შეიძლებოდა სულ არ დამეწერა, მაგრამ ამ ჯგუფის ყველგან ყოფნა უცბად ძალიან ალოგიკური და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, ამიტომაც  ყველაფერი, რასაც მათზე, როგორც ჯგუფზე, ვფიქრობდი, შეგიძლიათ იხილოთ იქ.


ახლა კი იმაზე, რა ხდება მაშინ, როცა მუსიკალური ჯგუფი წერს ქვეყნის სამართალდამცველებისთვის მუსიკას, მერე ამაზე სარეკლამო რგოლს იღებენ, საიდანაც ბედნიერი ცხოვრების ილუზიას გვატენიან ცხვირ-პირში და ეს რგოლი მერე დღეში რამდენჯერმე ტელევიზიებში ტრიალებს.


მე ვთვლი რომ:

  •  ნებისმიერი მუსიკოსისთვის ბედნიერებაა ფულის თავისი მუსიკით შოვნა. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები იმას, თუ როდესმე ვინმე იმდენად აქტიური, კარგი და თვითგაყიდვადი იქნება, რომ დამატებით მიმტანად ან სესხების ოფიცრად მუშაობა არ მოუწევს.  შესაბამისად, "მგზავრებს" ამ მხრივ გაუმართლათ,  ყველა მეორე დღეს კონცერტი აქვთ და როცა სახელმწიფო ორგანოს "ჰიმნს" უწერ, კარგ ჰონორარსაც აიღებდი.(წესით)
  • ეს პირველი მცდელობა არ ყოფილა იმისათვის, რომ "მგზავრების" გამოყენებით კარგი და ბედნიერი ცხოვრების ილუზია შეექმნათ. "ოცნების ქალაქი", რომელშიც ეს ჯგუფი ფაქტობრივად მოქმედი პირია და რომელსაც მათი მუსიკა ადევს, სხვა არაფერია თუ არა იმის მტკიცება, რომ აქ ყველა ამბავი კარგად მთავრდება, აქ საახალწლოდ ყველაფერი ლამაზი და განათებულია და აქ ვიღაცეები საზღვარგარეთიდან სიხარულით ჩამოდიან საცხოვრებლად.
  • მიუხედავად იმისა, რომ სრულიად "მგზავრები" ჩემი აზრით ცუდი კოლექტივია და ისედაც დაჩლუნგებულ ერს  ახალი სუროგატებით უხვად ამარაგებენ, ვფიქრობ, რომ თავში არასოდეს არ მოუვიდოდათ პატრულისთვის მუსიკის მიძღვნა. ხოოდა, მით უარესი. ანუ, ვიღაცა, ვინც მათ ყველა მეორე დღეს კონცერტებს მხარი დაუჭირა, ვინც ისინი ბიომრავალფეროვნების დღეებისთვის და მერიის ეგიდით მოწყობილი სხვა საღამოებისთვის აარჩია, ახლა ახალ დავალებას იძლევა.
  • წინა "ჰიმნის" ავტორი არც მეტი, არც ნაკლები, თვით გარემოს დამცველი მინისტრი იყო. რომელის "მუსიკოსობაც" ალბათ ჯერ კიდევ ახსოვთ ვიღაცეებს. იმედი მაქვს, ეს სქემა წრე არ აღმოჩნდება: ის მუსიკას არ დაუბრუნდება და ესენი პოლიტიკაში არ წავლენ. :პ
  • ქვეყანაში მართალია არ გვყვავს არც ერთი ბობ დილანი ან ტომ იორკი, მაგრამ მართლა გვყვავს საკმარისი ნიჭიერი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ ერს რამე უკეთესი უმღერონ, ვიდრე მკერდზე მჯიღის დასარტყმელი სიმღერებია. ეს საკმარისად ნიჭიერი ადამიანები ბუნებრივია კარგ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა კაცმა იცის, დანარჩენები მჯიღს ირტყამენ და მერიის ორგანიზებულ უფასო კონცერტებზე ბომი ემს უსმენენ. 
  • არ შეიძლება  სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით მხოლოდ ევროვიზიების მონაწილეები და კარის მუსიკოსები იქმნებოდნენ და ყველა სხვა დანარჩენი ვითომ არც არსებულა. 
  • ზოგადად მუსიკა მასაზე ზემოქმედების მძლავრი იარაღია. ამიტომ, ვინც მისი გამოყენება კარგად იცის, ჭკვიანია და ეს ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ხდება, შემთხვევით არ ხდება
  • მართალია არაერთი კარის მუსიკოსი იყო გენია, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მათი მაგალითის გადმოღებას, აგერ, ბობ დილანი აიღეთ, დღემდე რომ არ უშვენებ "ბნელი" წარსულის გამო მაგალითად ჩინეთში და გაიაზრეთ, რა შეგიძლია შცვალო მაშინ, როცა უკრავ  და გისმენენ.
  • ბობ დილანობა ადვილი არ არის.
პ.ს. მოკლედ, პირადი უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ალბათ ჭკვიანი ადამიანი ამ ყველაფერს სულაც არ აღიქვამდა ასე სასტიკად და არც იმ წყეულ იმპერიას გაიხსენებდა, მაინცდამაინც ამ ამშენებლობის გზაზე, მაგრამ რა ვქნა, როცა ასეა. 
რა ვქნა, როცა ვიცი, რომ თუნდაც 10 კაცისთვის ღირს თქვა ის, რაც შენი აზრით სიმართლეა. 
და რა ვქნა, თუ ცოცხალი თავით არ მინდა ისევ დიქტატურა და ყოვლისმომცველი რეჟიმი. 

პ.ს.2.ჩემ პირად უსაფრთხოებაზე პატრული ზრუნავს ალბათ