Friday, April 16, 2010

ოცნების ქალაქი

უკვე ბევრი დაწერეს და ალბათ კიდევ დაწერენ. არ მიყვარს ხოლმე ეგრე,  მაგრამ თბილისი ჩემთვისაც ოცნების ქალაქია, ამიტომ მე ჩემ ოცნების ქალაქზე მოგიყვებით.

აქ, ამ ქალაქში პრემიერებზე ბევრი ხალხი იყრის თავს. ყველა ყველას ნაცნობია, ყველამ ყველაზე იცის მინიმუმ ერთი ახალი ჭორი და ყველას უნდა რამე განსაკუთრებული თქვას ფილმზე.
აქ, ამ ქალაქში, ახალი ფილმები როგორც წესი ან ძალიან მოწონთ, ან ძალიან არ მოწონთ, უფრო, რა თქმა უნდა, მეორე.
აქ, ამ ქალაქში სიყვარულს კიდევ შეიძლება დაემალო, მაგრამ ბევრ ნაცნობებს ვერსად დაემალები.
აქ ამ ქალაქში  მე ვერასოდეს ვერ ვხვდები, როგორ მიყვარს აქაურობა, მაგრამ ფილმ ,,ოცნების ქალაქში'' ამბობენ, რომ რაც გიყვარს, ის ცოტა ხნით უნდა დაკარგო რომ  მერე მიხვდე, რა დაკარგეო.
ხოოდა, მე  ვიცი, როგორია როცა ძალიან  გენატრება ის, რაც არ იცოდი თუ ასე გიყვარდა.
ხოოდა, ახლა ვიცი, რომ უფრო სიამოვნებით კოჯორში ან წყნეთში ვიცხოვრებდი ნაკლებად პაპსა ცხოვრებით, მაგრამ აქაურობა ის არის, რაც ყველაზე მეტ ჩემთვის მნიშვნელოვან ცნებას ერთად შეიცავს.
მოკლედ, მიყვარს საწყალი და უბედური.


მენატრებოდა რამე ქართული ფილმის ნახვა, რომლის დამთავრების მერე არაფერი ცუდის თქმა არ მომინდებოდა. ხოოდა, გუშინ ზუსტად ეგრე წამოვედი პრემიერიდან.
ყველანაირი შემაწუხებელი ემოციის გარეშე, უბრალიდ ვიღიმოდი.

კი, ერთჯერადი მელოდრამაა.
კი,ათას ფილმში შეყვარებია მდიდარი მამიკოს გოგოს ვიღაცა.
კი, შორენას ძუძუები (და არამხოლოდ) აქაც ძალაშია.
კი, მანქანებში ლუკოილის საკიდები კონწიალებენ, წამლებს მარტო პე-ეს-პე-ში ყიდულობენ და ფილმი გაძეძგილია თვალში ადვილად მოსახვედრი რეკლამებით.
კი, მაია ასათიანის და ,, პროფილის'' ადგილი არ არის ზოგადად ფილმში.
 და კიდევ ათასი რამე.
მაგრამ:
  • სცენარი ირაკლი სოლომონაშვილისაა. ირაკლიმ წერა იცის.
  • მუსიკა მგზავრებისაა. ,,მგზავრები'' ჩემი მუსიკა არ არის, მაგრამ აი, ზუსტად ვიცი, რომ 2 კვირაში ეგ სიმღერები ყველა მეორეს ექნება მობილში, ყველა მეორე იღიღინებს  და ყველა მეორე შეიყვარებს. ,,მგზავრებს''   მეტი მე მგონი არც უნდათ.
  • სახელი აქვს  იდეალური: ვის არ უნდა ოცნების ქალაქში ცხოვრება, ვის  არ ქონია ოცნების ქალაქი და საერთოდ, გაცილებით კარგ დამოკიდებულებას მიჩენს, ვიდრე ბოლო პერიოდის  სხვა ქართული ფილმების სახელდებები.
  •  ძლივს ვიღაცა მიხვდა რომ პრემიერაზე ბლოგერების დაპატიჟება სასურველი კი არა, აუცილებელია, და ინტერნეტ მედია ზოგჯერ უფრო კარგი მედია და უნდა ეცადო, გამოიყენო.
  • იუმორი კარგ როლს თამაშობს და ძალიან კარგი, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი პასაჟები კარგად არის ,,გამაიმუნებული''.
  • ნანკა ძალიან, ძალიან ლამაზია.
დარბაზიდან გამოსვლის მერე ქალაქი ისევ ნაცრისფერი, სნობური, ყელში ამოსული ან სოფლელებით გატენილია, ვისთვის როგორ.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ოცნება გეზარება და არ გჯერა, რომ ოცნებები მართლა ახდება.
დარბაზიდან გამოსვლის მერე აუცილებლად დარწმუნდებით რომ მართალი ვარ და ფილმი მართლა ერთჯერადი მელოდრამაა.

პ.ს.
hey, ვარსებობთ ადამიანები, ვისაც შიგადაშიგ სულელური მელოდრამები გვიყვარს, შიგადაშიგ  ჩვენი ქალაქი და შიგადაშიგ ოცნება.
ჩემ ქალაქს სახლში რომ მოვდიოდი უკვე  ღრმად ეძინა.
ახლა მეც დავიძინებ და როდესმე იქნებ კოჯორში ან წყნეთში ნაკლებად პაპსა ცხოვრებისთვისაც გადავსახლდე.