Monday, April 12, 2010

ამინდის პროგნოზი

როცა სალაპარაკო თემა  ქრება ხოლმე, ამინდზე ლაპარაკობენ.


მგონი გარეთ წვიმს და ჩემი ძილის დროა.
მგონი იმიტომ, რომ ჩვენ ეზოში ონკანი ხშირად ფუჭდება ხოლმე, ონკანი ჩემ ფანჯარასთან არის და გადასარევად გამოდის წვიმის ილუზიის შექმნა.

როცა წვიმს, სულ მინდა რო ღამე იყოს და დავიძინო, როცა , თოვს, მინდა ბუხრის წინ სარწეველა სავარძელში ღუნღულა კაშნებს ვქსოვდე და როცა სხვანაირი ამინდია, სულ მინდა რო მზე იყოს და მე ყველას ვეუბნებოდე, რომ მზე მიყვარს.

მე ეკოლოგიური კატასტროფების მეშინია, მაგრამ ისე მინდა რომ ყოველ ღამე წვიმის ხმაში მეძინებოდეს და ყოველ დილას მზის სხივები მაღვიძებდნენ, სულ თბილოდეს და მე ჩემ აზრებს ჩემში ვინახავდე, მზად ვარ,  დავივიწყო ის, რომ სასმელი წყლის გაუფრთხილებლობა ცუდია და ყოველ ღამე ან მეძინება წვიმაში, ან არა.

სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, რომ  ბოლო ერთი კვირაა კონცენტრირების პრობლემა მაქვს. ჩემ თავში ბევრი რამე დაფათურობს და მე მიჭირს რომელიმეზე ხელის ჩაჭიდება. იმიტომ ვერ დავწერე ერთი კვირა ვერაფერი, იმიტომ დავდივარ მუდამ მძინარი სახით და იმიტომ...

ხოო, კიდე დღეს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ არც ისე კარგია, როცა იცი, ვინ დგას შენ ბლოგზე დატოვებული ყველა კომენტარის უკან,  როცა შენი წარმოსახვა მარტო წვიმას იგონებს და შენ რეალურ ადამიანებს ელაპარაკები.
ხოოდა, გამოჩნდნენ რა ვინმეები, ვისაც ჯერ არ ვიცნობ და არ მიყვარს.
ან მე ვისწავლო ჩემთვის, მარტო ჩემთვის წერა.
ან უბრალოდ, წერა ვისწავლო, ყოველ ღამე იწვიმოს და ყოველ დილას მზე იყოს.

პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რომ მერე თავში აღარ მომივა სუროგატებით ცხოვრება არარსებულ ქალაქში.

არარსებულ ქალაქში მგონია, რომ ჩემ ჰაერს მანქანები სუნთქავენ და მე იმიტომ მაქვს არითმია.

მგონია რომ მარტო მე კი არა, ყველაფერი არითმიულია.

მგონია რომ სანამ არამნიშვნელოვანი და უსარგებლო საქმეებით ვარ დაკავებული, ჩემ საკუთარ დროს უსინდისოდ ვართმევ ჩემ თავს და ამ დროს რო არ ვკარგავდე, მაინც არ გამოვიყენებდი.

მიხარია, როცა ადამიანები იშვიათად, მაგრამ მაინც თვითონ ხვდებიან, როდის უნდა გამოჩნდნენ.

მგონია, რომ ზოგჯერ სხვები უკეთ ხედავენ, რა ხდება ჩვენ თავს, ვიდრე თვითონ ჩვენ.
და
მგონია, რომ კომფორტული ურთიერთობები და ღამის წვიმა პანაცეა არა, მაგრამ ყველაზე კარგი რამეა, რაც ახლა ძილის წინა სურვილებად მომდის.