Monday, October 3, 2011

კარგი გოგოა დუდა

უკვე ისეთი ამინდებია, ქუჩის იმ მხარეს რომ  დადიხარ, რომელ მხარესაც მზე ანათებს.
ანუ აგრილდა.

მე ყოველ დილას 10-ს რომ 10 წუთი აკლია სახლიდან გავდივარ და პლეხანოვის მარცხენა ტროტუარს მივუყვები. მაგ დროს მზე მარცხენა მხარეს ათბობს.

3-დან ოთხამდე იგივე პატივცემული მზე სამზარეულოს ფანჯარას ადგება. მე  მაგ დროს ვსვამ ხოლმე ყავას.
სახეს მზეს ვუშვერ, ვიხსენებ ბათუმში გატარებულ ერთადერთ დილას ამ ზაფხულიდან, როცა ძალიან მეზარებოდა ზღვაზე გასვლა და მეგობრის მეგობრის აივანზე ვეფიცხებოდი მზეს.

 ამასობაში სახე მეწვება, ფინჯანში ყავა თავდება და მე ვერც ვასწრებ იმაზე ჯავრის წამოწყებას, რა ცოტა მზე შევაგროვე ამ ზაფხულში, სამუშაო მაგიდას ვუბრუნდები.

საღამოს აზრი არ აქვს პლეხანოვის რომელ მხარეს ივლი, მზე უკვე ჩასულია. 

ხოოდა, როცა ეგრე ცხოვრობ, როცა კვირა დღეა, შენ ისე ტკბილად გძინავს, თითქოს შენ მაგივრად სხვა გრძნობდეს ყოველდღე შემოდგომის სუსხს და კაპიტალიზმის მოკრძალებულ ხიბლს, სხვა აფიქსირებდეს, რომ გაზრდასთან ერთად ყველაფერი საშინლად რთულდება, ათას რამეზე გიწევს ზრუნვა და ამით თითქმის არაფერი არ იცვლება, თითქოს შენ არ იყავი ის, ვინც რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ სამყაროში შენზე თითქმის არაფერი არ არის დამოკიდებული და შენ ჩვეულებრივი ნამცეცი ხარ შენი ვითომ მნიშვნელოვანი არსებობით, ადამიანები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნება არ დაკარგონ.

კვირა დილაა და  მსგავს ამბებზე  არ ფიქრობ,  გძინავს და სიზმარში წინა კვირის ფრაგმენტები გესიზმრება ინტერპრეტირებულად და რა გასაკვირია, რომ  არ იცი, რომ ეს კვირა განსაკუთრებული კვირაა.
კვირა განსაკუთრებული მხოლოდ იმიტომ იყო, რომ პირველად ავდექი და სახლიდან გავედი რომელიმე მეგობრის გამო კი არა, მეგობრის შვილის გამო. ხოოდა, მივხვდი, რომ მთელ იმ ჯანდაბებთან ერთად, რაც გაზრდასთან ერთად მოდის, კარგი რამეებიც არსებობს. 

და ისეთი თბილი და მაგარი შეგრძნება იყო, რომ მთელი ჩემი უმზეო შემოდგომის ჯავრი და კაპიტალიზმის მოკრძალებული ხიბლის დამღა  ჩამომაშორა.ვიჯექი ბედნიერი და ვფიქრობდი, რა კარგი გოგოა დუდა.

უბრალოდ, მერე ისევ ორშაბათია ხოლმე, ცივი ამინდით და ზრდასრულების საზრუნავებით. მე ყოველი კვირის დასაწყისში ვდებ პატიოსან სიტყვას, რომ იმ კვირაში კარგად მოვიქცევი, ავ განწყობებს გავუმკლავდები, კეთილგონიერი და თავაზიანი ვიქნები და ა.შ. შუა კვირამდე ვძლებ ხოლმე, მერე ვეღარ.

ჯერ კვირის დასაწყისია და ყოჩაღად ვარ. უბრალოდ, ამ ოქტომბერს აებნა თავგზა და თავი დეკემბერი გონია. მე კიდე სულაც არ მინდა ცივი შემოდგომა, ტკბილი შემოდგომა მინდა. ჯერ კვირის დასაწყისია და ყოჩაღი გოგო ვარ.