Saturday, September 24, 2011

ვაკანტური ადგილები, ასეთი ცხოვრებები და სხვა ბედნიერებები

მთელი კვირა  ჩემ სამსახურში ვიღაცეები დადიოდნენ გასაუბრებაზე.

ასე მოდიან, ფიქრობენ, რომ რაღაც კონკრეტული თანამდებობა მაინცდამაინც მაგათთვის არის შექმნილი, ზოგს შეიძლება არც აქვს იმედი, მაგრამ მაინც მოდის, იმიტომ რომ დაურეკეს და იფიქრა, იქნებ რამე იყოს, იქნებ ტყუილად ვარ ნიჰილისტიო.
 ზოგი ალბათ არც არაფერს არ ფიქრობს, უბრალოდ, უსაქმურობა და უფულობა მოწყინდა და სამსახურის ძებნა დაიწყო.

ისე მოდიან, სათითაოდ, მერე  ჯგუფ–ჯგუფად ერთიანდებიან  და სანამ ვინმე გაესაუბრება, დერეფანში კონკურენტებთან იწყებენ კომუნიკაციას. თან ისეთ კომუნიკაციას, აბა ვნახო, ეს ვინ არის, რა გამოცდილება აქვს, რა მოსაზრებები ამ ვაკანსიაზე, რა იცის, სად უსწავლია. მოკლედ, ადამიანური ამბებია.

მე კიდე მთელი კვირაა ყველა ჩემი ძველი სამსახური და იქ მოსახვედრად გავლილი გასაუბრებები გამახსენდა.
აქვე გეტყვით, რომ მე კატეგორიული ტონით არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სამსახურის დასაწყებად ნაცნობ/ახლობელია საჭირო და არც იმას, რომ რაც არ უნდა ჭკვიანი იყო, ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს.
მეტიც, კატასტროფულად ვერ ვიტან, როცა იმას მიმტკიცებენ, რასაც წლებია საკუთარი სამსახურებით ვაბათილებ. დავდივარ ხოლმე გასაუბრებებზე, მჯერა რომ ეს ის არის, რაც მე მინდა და მერე ხარ ვიწყებ მუშაობას, ხან ძველ ადგილზე ვრჩები. ასე, ახლობლების და ამერიკული ოცნებების გარეშე აგერ უკვე რამდენი ხანია.

ხოოდა, მთელი კვირაა მახსენდება, როგორ ვიჯექი 17 წლის მე ზაფხულის არდადეგების მიწურულს სახლში მარტო, როგორ ვნახე რაღაც გაზეთში ვაკანსიების ვრცელი ჩამონათვალი და იმ ჩამონათვალში ერთადერთი დასახელება, რომელიც ჰუმანიტარებისთვის იყო განკუთვნილი. მეორე კურსზე გადავდიოდი და ვიფიქრე, სწავლის დაწყებამდე ვცდი, სახლიდან გარეთ გასვლის მიზეზი მაინც მექნებათქო. დიდხანს დავიდიოდი გასაუბრებებზე, მერე სტაჟიორი ვიყავი, მერე ფრილანსერი, ამასობაში სამი წელი გავიდა და მე  გერმანიაში წავედი.

მერე მახსოვს როგორ ვიყავი 20 წლის მე სრულიად მარტო შემოდგომის ბოლოს ცენტრალურ გერმანიაში, როგორ მეგონა, რომ ყველა უნდა მომსალმებოდა და ეთქვა: რა კარგია, რა გადასარევია, შენ რომ ჩამოხვედი, შენ ხო აქ ჩამოსვლა მეორე კლასიდან გინდოდა და მოსაწყენ გერმანული გრამატიკის სავარჯიშოებსაც გულმოდგინედ ავსებდი. აი, ეგრეა, რასაც მოინდომებ, გექნება. ახლა აქ ხარ და დატკბი აქაურობითო. მაგრამ სულ ტყუილად მეგონა. იმ ცივ გვიან შემოდგომას  1 თვეში 3 სამსახური გამოვიცალე და არავის არ უთქვამს, რა კარგია, აქ რომ ხარო. მე სულ მარტო ვიყავი, 20 წლის და ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონზე ბევრად მეტს ითვლიდა უკვე იმ დროისთვის. სრულიად არამხიარული ამბავი იყო, უბრალოდ, ბევრი ვიმოგზაურე იმ წელს.

მახსოვს გერმანიიდან ჩამოსულს როგორ მინდოდა დასვენება, მერე როგორ წავედი ზა ინწერესა გასაუბრებაზე და დავიწყე ერთ–ერთ წყეულ ტელევიზიაში მუშაობა, სადაც თავიდან მეგონა რომ ტაქსის გარდა არაფერი მიდიოდა და საღამოობით შემოგარენში ტურები კიოდნენ. გულისხმიერი ოპერატორი მყავდა და ზოგჯერ გადაღებების მერე ალკოჰოლს მთავაზობდა რელაქსაციისთვის.
იქიდან მალე წამოვედი, საკმარისად სკანდალური ხმა არ მქონდა. გამოვიდა, არ ვივარგე ჯოჯოხეთისთვის.

მერე კიდე ვიყავი გასაუბრებაზე, მერე კიდევ, მერე კიდევ. ბათუმში არ ამიყვანეს, თბილისში ამიყვანეს, ძველ სამსახურში ვერ დავბრუნდი, სრულიად ახალი ვიპოვე და ასე. შიგადაშიგ კერძო პროექტები ჩნდებოდნენ, სამსახურებზე უფრო საინტერესოები და რამდენიმე დღით სხვა რამეზე გადადიოდა კონცენტრაცია.

ხოოდა, რაღაც სევდიანი სურათია რომ უყურებ ადამიანებს, რომლებსაც შენზე მეტი ან ნაკლები გამოცდილება აქვთ, შენზე მეტი ან ნაკლები უნახავთ, შენზე იმედიანები ან უიმედოები არიან, შენზე თავდაჯერებულები და მიზანთროპები ან სულაც პირიქით და ფიქრობ, რომ ის, რაც ამ წუთას მათთვის მნიშვნელოვანია, რაზეც იმედებს ამყარებენ, რის გამოც ვიღაცა თავისსავე მდგომარეობაში მყოფს სახელდახელო დიალოგში ითრევენ, მნიშვნელოვანი მხოლოდ რამდენიმე დღეა.
გზადაგზა რუტინა ხდება, შენ სისტემის ნაწილი ხარ და თან ისეთი, რომ შენი ქარიზმების ქრობას და უძილო სახეს პროტესტის გარეშე იღებ.

ეგეთია ცხოვრება ჩემო დერეფანში გადაყრილო უცნობებო, თავგამოდებით მომუშავე და შედარებით უსაქმურო მეგობრებო, ყველა ჩემო გადასარევო ადამიანო, რომლებიც ფიქრობთ, რომ სამსახურები ბედნიერებებს მოგიტანთ და იმათაც, რომლებსაც უკვე წლებია ვაკანსიებისთის თვალი არც კი შეგივლიათ, შემთხვევითო გამვლელებო, ერთ დროს რომ მივიჩქარით დილაობით  ოფისებისკენ და საღამოობით სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახეებით რომ მივდივართ სხვადასხვა ადგილებისკენ.



მე კიდე მჯერა, რომ არსებობს სხვა ბედნიერებიც.

და ისიც კარგად ვიცი, რა მაგარია, როცა შენ რაღაცას აკეთებ, როცა შენ ხარ ის, ვიზეც არჩევანს აკეთებენ, როცა შენში ძალას გრძნობ და იცი, რომ რაღაც შეგიძლია და  იცი, რომ სხვა ბედნიერებების არსებობის შემთხვევაში, მათთან მისასვლელად ზოგს დიდი და ზოგს მოკლე გზის გავლა ჭირდება.

p.s. ტექსტში ჩართული სიმღერა, შეიძლება რომ გეგონოს, ტექსტთან არაფერ შუაშიაო, შუაშიაო. აი, მაგ კაცმა იცოდა სხვა  ბედნიერებების ამბები და ეგ ჩანაწერი მგონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლაივის ჩანაწერია/